*** (ისევ უაზროდ ვხლართავ სტრიქონებს)
ისევ უაზროდ ვხლართავ სტრიქონებს, რომ შენი ხოტბით ფურცელს დავფინო, ისევ ოცნება ჩამოუქროლებს წამს შეჩერებულს და უნაპიროს... შენს სისადავეს ნათელი ადგას და სხივით მმოსავს სულით მგლოვიარს, მე ვერ მოგიძღვნი სიყვარულს, რადგან მე სიყვარული არ მითხოვია... მე ვერ მოგიძღვნი ვარდებს კონებად და ვერ დაგიფენ იებს პარმაღზე, მაგრამ ძვირფასო, ნუ გეგონება, რომ ვერ ვაფასებ მე სილამაზეს... ოჰ, სიყვარული ბეწვის ხიდია, შეუცნობელის შემოფეთება, როს უხილავი ხუნდი გკიდია, და უხილავი ცეცხლი გედება... და სისპეტაკის გავსებს აურა, როს არსაით სჩანს შორი ნაპირი, როცა შენს თვალში ფასობს შაურად ლალი, ალმასი, ბროლი, საფირი... ოჰ, სილამაზევ: _ ხუნდო მეფეთა, მრავლის ამრევო, მოწამევ მრავლის, ვის შენი სხივი შემოეფეთა, სუყველამ შენგნით დაჰკარგა თავი... ... და განა ამ ჩემს ღატაკ სულისთვის უცხოა შენზედ ლოცვა ვედრება?! უბრალოდ ჩემი თავი უღირსი, სიყვარულისთვის არ მემეტება....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი