მიწავ...
მიწავ, მშურს შენი... შურით კეთილით, (განა ეს ჩემი სულის მარცხია?) ზეციერებას ხარ მოკვეთილი, მაგრამ ღვთიური მადლი გაცხია. სად ცა, სად მიწა?! _ იტყვის მავანი და ირონიით ჩაიქირქილებს... ვისთვის ხატი ხარ, ვისთვის სავანე, ხელში სკიპტრა და თავზე გვირგვინი. შენ სისადავეს სცნობ, არც ღალატობ, სარჩო ურიცხვი გიღირს აბაზად, ათანასწორებ ბრძენს თუ კალატოზს, თუმც სათანადოდ ვერვინ გაფასებს. შენ დუმხარ... არად გიღირს სათქმელი, რადგან თავად ხარ თავის უფალი, ამ პრიორიტეტს მიწყივ გართმევდნენ ჭკუა-გონებით ,,თავისუფალნი’’... შენ არაერთხელ იხილე ომით გადაბუგული ვაზი... სახლები... გახსოვს კრწანისი, გახსოვს დიდგორი... გახსოვს დაცემა და ამაღლება... საუკუნეებს, ათასწლეულებს, თუნდაც ყოველ წამს _ ბწკარედს წუთისას, შენ იმეორებ და ასხეულებ ახალ ვარძიად, ახალ უბისად. კდემამოსილი ლაღად წევხარ (და დრო გუნდრუკს გაკმევს _ დამღა მდებელი) მტვერად მქცეველი გარდატეხათა, მაგრამ ხელახლა დამბადებელი! ღმერთმაც ხომ შენგნით შექმნა სვიანი სახე ადამის _ ხატად თავისად, შეგასისხლხორცა ადამიანთან და მის მემკვიდრედ გაგითავისა. ბევრმა გაგყიდა _ უფლის ბარაქა, მრავალ შენს ქომაგს მოსჭრეს მარჯვენა, ბევრმა სიცოცხლე გიძღვნა ზვარაკად, კაცობრიობის გადასარჩენად. მეხთა რაზმები მიწყივ გჭექავდნენ, არ შეუმკიხართ თაიგულებით, სისხლს გხვრეპდნენ, გულ_ღვიძლს გლეჯდნენ, გჯეგავდნენ ნერონები, თუ კალიგულები... და თუ სხეული შემოგეფლითა, გული მარადჟამს გიდუღს ზვიადად, კვლავ ფენიქსივით დგები ფერფლიდან, დაცემის შემდგომ უფრო დიადი! კაცთა მოდგმათა ჭრელი ნიღბებით წლებს მიუძღვები დუნედ, ვით ხარი, ამდენ ტვირთისგან რომ არ იღლები მიწავ, როგორ არ მშურდეს მითხარი?! ... აღარსადაა ჩინგიზ ხანი და არც ქუფრიანი შაჰ-აბასები, ხორცს რომ გჯიჯგნიდნენ, გგლეჯდნენ ტანიდან და სისხლს რომ ხვრეპდნენ შენსას თასებით... არც შოპენია, არც ბეთჰოვენი, ფალიაშვილი... გაქრა ვაგნერიც... შოთაც წავიდა... მოსე ხონელიც... ყველა დამარცხდა... ყველა დაგნებდა... თითქოს სარკმელი ნისლმა მოჩრდილა, მშობლებს წარსტაცა ძენი უკლებლივ და წელთა რისხვას შერთო მორჩილად, ვით გაყიდული მამელუკები... შენ კი მარად ხარ _ ქართლში... ირანში... მთელს დუნიაზედ შენ ფლობ სარბიელს... მტვერად აქციე მზე, თუ ტირანი და ერთ სივრცეში მიმოაბნიე. შენს წიაღს ვერვინ ვერ განერიდა, ყველას თავისი ეზღო ავ-კარგი, ბედისწერა ხარ ბედისწერიდან ბედისწერაში გადანაქარგი. მიწავ, როდესაც წასულთ ვიხსენებ, ჩემში იშლები სხვა დედაენად, მაშინ ეს ჩემი შურიც მყის ქრება და მებრალები, როგორც კაენი... ... მხოლოდ იესო _ ,,მწყემსი უბრალო’’ ვერ დააჩოქე... კრახი იწვნიე... მხოლოდ ჯვარცმული ქრისტე, უფალი, შენს მარწუხებში ვერ მოიმწყვდიე! ვერ გამოსცადე მასზედ ძირძველი, ესდენ მსახვრალი შენი სიმყარე, ის ერთადერთი ვერ მოინელე! ის ერთადერთი ვერ დაიპყარი! რადგან ერთია მხოლოდ ღმერთი და შენი არსებაც ქვეყნად ერთია, თქვენ ძალას იკრებთ ერთმანეთიდან და წარმოადგენთ არსით ერთ მთლიანს. ერთ სივრცეში ხართ, ერთ სათვალავში, ერთი რიტმით ჟღერს თქვენი კლარნეტი, ღმერთი იესო _ ზეცის ბადახში, შენ კი დესპანი მთელი პლანეტის. და მიწავ, როს ,,ის დღეც’’ ჩათავდება _ ჩემი ცხოვრების მკაცრი ფინალი, ერთს გთხოვ, დამიდექ ღმერთთან თავდებად, რომ თქვენს სამსჯავროს შევხვდე მცინარი. რომ თქვენს წინ წარვსდგე, როგორც ზვარაკი, ვით სიცოცხლისთვის სწრაფვა უკმარი, მძაფრი ცხოვრების იგავ-არაკი _ გზებს თაობებს რომ გადაუკვალავს. და როს გავხდებით შენაერთები, როცა შენს სხეულს ვიგრძნობ ლოდებად, სული ტანჯული, ჩემო ღმერთებო თქვენს მკაცრ განაჩენს დაელოდება... ვიგრძნობ, როდესაც დავძლევ ამ ზღუდეს, თქვენს მჩქეფარე სისხლს მკლავში ვეჟურად... ... და მერე მიწავ, დე სხვებს შეშურდეთ, რაც სიცოცხლეში შენი მე მშურდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი