ვერის ხიდზე...
ვერის ხიდზე მივდიოდი კენტად, თმებს იგლეჯდა შემოდგომის ქარი, მომეტებულ შთაგონების ლენტად, მეხვეოდა ოცნებათა ჯარი. ვერის ხიდი მონატრებას ჰგავდა, მონატრებას გაუხუნარ დროსა, როცა ნაღდი სიყვარულის მწამდა და ზურმუხტიც არ მიმაჩნდა გროშად... შენც ამ ხიდზედ ჩამიარე მაშინ, (ის შეხვედრა თვალწინ მიდგას ჯერაც) და თვალების იმ უსიტყვო ხმაში მე შეგიგრძენ ჩემი გულის ძგერად. ოჰ, ქმნილებავ! _ საკადრისო ღმერთთა! ხელდასხმულო მურილიოს ყალმით! მზერა მსტყორცნე _ ბაგე გამითეთრდა და შეპყრობილს დავედარე წამით... შენ კი... მშვიდად გადიარე ხიდზე... თეთრი ქარი გაწყდებოდა თმაში... თუკი ჩემს წინ ჩემი სული იდექ, მშვენიერო, რა ვიცოდი მაშინ! ოჰ, იმ დღიდან შენ დაგეძებ მხოლოდ: _ სულს გაფრენილს, ჩემს გაფრენილ წერას... და მოლოდინს აღარ უჩანს ბოლო… ვერსად გპოვე... ვერსად გპოვე... ვერა... ... ვერის ხიდზ კენტად დავალ ჯერაც და მეყრება ოცნებათა ჯარი... სულდაკარგულ ჯოჯოხეთის მხევალს წყევლა-კრულვით მეგებება ქარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი