ზღვა


ზღვის კიდეს არწევს შროშანივით ქარის ამბორი,
ქაფმორეული მჭევლი ქარაფს ეალერსება,
როგორ იქნება გერქვას კაცი: _ შვილი ამ გორის,
თუ პოეზიის ამ პარნასზედ არ გელექსება.

აქ ხომ სიცოცხლე ზღვას აღელვებს ეშხით ფარულით
და მეოცნებეც ზღვის ნაპირებს ეტრფის ვნებიანს,
აქ ვარსკვლავეთის საუნჯეა გადამალული: _
მწუხრის ცაზედ რომ ცოცხლდებიან და ინთებიან.

აქ, პოეზიის ლირიკული სივრცის საზღვართან
პორცელანივით გაწყობილი ქვები მტიერი,
გითრევს მორევში ცეცხლისაში,
ჰყვები,
ჰკარგავ თავს,
შენ სიმწყაზარით შეპყრობილი, არ კადნიერი...

... მაგრამ სიცოცხლეც პაიკია ამ დიდ სამყაროს,
ყოველ ახალ გზას ანათემის თან სდევს ღრუბლები...
შენ ზღვის ტალღები სისხლის ფასად უნდა გაჰკვალო, 
თორემ შლეგ ზღვაში უცილობლად დაიღუპები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი