ეკლარის თაღებს...


ეკლარის თაღებს მზე სხივს ჰფენს ხოროდ
და ორი ქვრივის სამყოფელს ათბობს: _
ქალის, რომელიც წარსულში ცხოვრობს...
ქალის, რომელმაც წარსული დათმო...

... მან სინარნარე სიკვდილთან დაფლა
და უსხეულო, ძაძებად იქცა...
დღე_ღამ დასტირის მიჯნურის საფლავს
რწმენით, რომ შეჰყრის განგება იქ... ცად...

რომ მასთან ერთად მოისრა ძალი
ბედნიერების... 
დაედო დირე...
რომ ის დარჩება მარადჟამს ქალის
გულის მოსაგრედ და მონადირედ...

... ხოლო მეორემ გაჰკვეთა თალხი: _
მინავლებული ამაო ბრძოლით,
დაუსხლტდა ძაძებს და ვნების ალხით
მოაშთო მრწამსი ერთგული ცოლის...

... არც ძალზედ შორს... 
არც ძალიან ახლო...
დაღადრულ კედლებს სურნელი ათრობს: _
ქალის, რომელიც წარსულში სახლობს...
ქალის, რომელმაც წარსული დათმო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი