წერე!


წერე! ... ყველაფერს დაესმევა ბოლოს წერტილი...
ყველა ტკივილი (უმძაფრესიც!) დროსთან მარცხდება...
მწარეს სადამდის მოგაგებდეს ბედი, ჯერ ტკბილი,
სცადე შეიგრძნო აღზევება და დანარცხება...

ზოგჯერ სიქველეს უმეცრების დაჰკრავს იერი,
ზოგჯერ უფლის გზაც წარიტაცებს ანგარებიანს...
წერე, თითქოსდა შენს თავს ჟგეთმა გადაიარა: _
თითქოს გიყვარდა... ან საერთოდ, არც გყვარებია...

წერე, თვალებით რაც ვერ ითქმის, ვერ იკითხების: _
უიმედობით ნაოცნებარს სცხე აიაზმა,
ახსენ მუღამი აუხსნელი ჯერაც კითხვების,
თუ შენში მჭახედ აიჯაგრა და აირაზმა...

მთელი არსებით სიზმარეთის იხმე სხვა მხარე,
რადგან სიცხადით ბროლის კოშკი როდი იგება, 
წერე, როგორაც გსურს, რომ იქცეს შენთვის სამყარო,
სად ფრთების გაშლა და გაფრენა გეჭაშნიკება.

მეხად დაეცი მოლიზღართა, შუბი აღმართე
და ჰქმენ საქმენი საკვირველნი, თუნდაც აუგი,
გააცამტვერე შენში ყველა კერპი, წარმართი,
იჭვის დემონებს შემბოჭველი ზღუდე აუგე.

წერე, სადამდის გული ფეთქავს, თვალი ფაფხურობს,
სანამ სიკეთე სიავეზე ლესავს ჯავარდენს,
სანამ წარსულმა წარიტაცა ესე ზაფხულიც,
სანამ იმედსაც იუმედოდ ჯანი გავარდა...

წერე! აღჭურვე საჭურველით სიტყვის ხარიხა,
ზეცას გაეგე ფიანდაზად, ნათელ ჩრდილებად,
წერე, სადამდის ღვთიურ წერას აუტანიხარ,
სადამდის გრძნობა და გონება გემორჩილება...

წერე! მიჰყევი იდუმალ ხმებს, ღრუბელთა რონინს,
ვიდრე საწუთრო მიწას შეგრთავს _ არსით გრძნეული,
ვიდრე ჩაგისვამს თანამყოლად ნავში ქარონი,
ვიდრე სიკვდილი ჯოჯოხეთად გადაქცეულა...

... თორემ ყველაფერს დაესმევა ბოლოს წერტილი...
ბოლოს ყველაფერს მოეღება ბოლო, სრულიად...
და მაშინ იგი: _ აწ შექმნილიც, არდაწერილიც,
ნაოცნებარიც... გამქრალი და დაკარგულია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი