მიყვარხარ... მაგრამ არ ვიცი რატომ...
...მიყვარხარ... მაგრამ არ ვიცი რატომ... ვერ დავეხსენი მდაგველ მარწუხებს... მეწამულ წამთა ფიფქებად მათოვ და უშენობა ძლიერ მაწუხებს... შენსკენ ოცნებით ლაღად მოვქროდი: (თუმცა ოცნებამ ბევრგზის დამტორა...) პატივმოყვარე, როგორც მორჰოლტი, ცნობისმოყვარე, როგორც პანდორა. თუმც ვერ შემიცან სხივი ცისმარე, დამგმე და რისხვა გამომიცხადე: შენა ხარ ჩემი მწუხრის სიზმარი, შენა ხარ ჩემი ცისკრის სიცხადე! ოჰ! როგორ მინდა ჩავწვდე შეუცნობს: კვანძს, სადაც სული სულთან ტიკტიკობს, ერთმანეთს გულის ძგერა შევუწყოთ და საათივით ავაწიკწიკოთ. სულ რომ დავეცე, დავიქცე, ვინძლო ოღონდ მიწამო ჩემო მერცხალო, თავს მარტოსულად სულაც არ ვიგრძნობ, თუნდ ფეხქვეშ მიწა გამომეცალოს! ...მძაგს უშენობა --- ეს ღრმა იარა... ვერ მიხეირა ცხოვრების ჩარხმა... მე ვერტერივით ვმართავ იარაღს და ზოგჯერ მზად ვარ გამოვკრა ჩახმახს... მაწვალებ, როგორც სუმბულს გრიგალი და მაინც შენი უგონოდ მჯერა... ვიცი: ყოველთვის დამთმობ... მიგანებ... მიყვარხარ... რისთვის???? არ ვიცი ჯერაც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი