ვერ ვბედავ გითხრა
ვერ ვბედავ გითხრა: „მიყვარხარ გულით“ (რა უსასრულოდ გაიწელა დრო) უცხო ხიბლით და მშვენებით სრულით ისევ მატყვევებ, ისევ კელაპტრობ... ოხვრით მივყვები გზას ნარ-ეკლიანს, ვუძლებ მოლიზღარ ხამთა ყბედობას, ტანჯვის ცრემლების ანარეკლია სულში ჩაღვრილი უიმედობა... ტალღა აწყდება შეშლილ ნაპირებს_ აზავთებული ცეცხლის ეშვებით, ალბათ სიცოცხლე გამინაპირებს სადმე უფრსკლულში გადავეშვები... მაშინ ძვირფასო მიხვდები, მჯერა, რა უსაშველო მჭირდა იარა, ვისთვის ვიქეცი ჭაბუკი ხელად ჟამმა ასე რად გამატიალა... ვიცი მიხვდები...( ბოლოს ყოველი წამი იბრუნებს სახეს პირვანდელს), რომ უშენობა მწვავდა ცხოველი, უიმედობა_მით უპირატეს... რომ უშენობამ მეც გამიმეტა და დამადინა სისხლი ღვარებად, რომ სიკვდილის გზა მექცა იმედად და აგონიად სხვა ნეტარება... ...ვიცი ფიქრები შენი მეტყვიან სიტყვებს იდუმალს, გრძნეულს, ზმანებურს, ცრემლს მიმოაფრქვევ საფლავს ეკლიანს, მაგრამ აწ უკვე დაგვიანებულს... ...და მაშინ გეტყვი ლალის ფიქალო: როგორ გეტრფოდნენ ჩემი თვალები, რომ შენ იყავი სწორედ ის ქალი_ დღეს დაცემული რომ გებრალები... გავბედავ გითხრა: ვრჩები ტრფიალად:_ ჩემს ოცნებებში ისევ ბინადრობ, გულს მოსდებიხარ ცეცხლის ბრიალად, შენზე უტკბესი სხვა ვინ ვინატრო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი