*** (გამომეთხოვე...)


გამომეთხოვე... 
არაფრის მთქმელი
და აწეწილი შენის ვნებებით...
თვალს  მოსხლეტილი ცრემლების ღელე
შენს  განშორებას არ მანებებენ...
გაფრინდი... როსმე მისწვდები ლურჯ ცას,
სათაყვანებელს ჰპოვებ იმედებს...
მეზიზღებოდე, როგორ მწადს, თუმცა
ამ სასჯელისთვის ვერ გაგიმეტე...
...ახლა მწუხრის ცეცხლს გულში ვანელებ, 
ძილარეული ვეძებ სინათლეს...
ვიცი გატეხილს ვერ გაამრთელებს
დღეს -- მოგონილი, ყალბი სიმართლე...
ამაოდ ვხლართავ მდარე სტრიქონებს,
დავვიწყებივარ თავად უფალსაც...
მხოლოდ დემონთა სპანი მიგონებს
უამოდ დამშვრალ ჭირისუფალსა...
...ახლა წამით რომ გაიდარებდეს,
გაიშლებოდეს გულში იები,
გაპატიებდი მწარე დაცინვას,
ჩემს მკვლელობასაც გაპატიებდი...
... ღამე სიზმრებში მოცოცავს მრუში
და წკრიალებენ მწუხრის ზარები...
და დღესაც ისევ მე, როგორც გუშინ:--
მძულხარ... 
მიყვარხარ... 
და მეკრძალები....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი