რატომ ვწერ ლექსებს


მე პოეტების მამულში ვცხოვრობ,
სადაც ყოველი მეფეა ლექსის,
სად ყოველ ქვაში ლექსის რითმაა, 
ქარის ქროლვაშიც ლექსები მესმის!
„მე ლექსს არა ვწერ, ლექსი თვითონ მწერს,“
ეს მიწა-წყალი მუზაა ლექსის, 
აგაღებინებს ხელში კალამს და
დაწერ „ბალადას მოყმის და ვეფხვის.“
მეც მოვახტები მერანს და ჰერიიი, 
ტატოსთან ერთად მეც გავაჭენებ,
 შევეწირები ზვარაკად მამულს,
სურამის ციხეს მეც ავაშენებ.
ავენთები და საქართველოსთვის
ისე ვიმღერებ, როგორც ილია,
როგორც მურმანის უყვარს მამული,
ჩემთვისაც იგი ისე ტკბილია!
როგორც აკაკი, შევყვები აღმართს, 
და ლადოსავით ვუმღერ ფიროსმანს,
და როგორც მირზა, ომში წასვლის წინ
 დაბრუნებისას მოგცემთ პირობას!
მე ვაჟასავით ვუმღერებ არაგვს, 
ვუმღერ მტკვარსაც და ვუმღერ რიონსაც, 
ბესიკისავით ვუმღერ სიყვარულს,
გავეჯიბრები გალაქტიონსაც!
და როცა გული ლექსის წერს მთხოვს 
და სული დაქრის სადღაც, ღრუბლებთან,
ამქვეყნიური სათქმელი ჩემი
ლექსად გამოვთქვა, მეც მაქვს უფლება!..
                    ზურაბ ლეშკაშელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი