დუშეთის ბატალიონი


სოხუმში ტყვია გავარდა... სოხუმში ომი დაიწყო...
კვლავ გაიხლიჩა სამშობლო, კვლავ ორ ნაწილად გაიყო...
აფხაზეთს გვეცილებიან - ეს რო დუშეთში გაიგეს, 
გულანთებულმა ბიჭებმა სამხედრო ფორმა ჩაიცვეს,
ხელთ იარაღი აიღეს, ტანზე აბჯარი აისხეს,
სამშობლოს ფარად დაუდგნენ, როგორც შეჰფერით „კაი ყმებს!“
როცა ალყაში მოექცნენ, თავს წამოადგათ სიკვდილი,
წარბიც კი არ შეუხრიათ, არ უჭამიათ სირცხვილი,
არ უფიქრიათ წამითაც უკან დახევა, გაქცევა,
არც გაუვლიათ გულებში ლაჩრულად ხელის აწევა!
მტერზე ხელდახელ მისულან, მჯიღი ატაკეს გულ-მკერდზე,
ვისაც კი მისწვდნენ, დაყარეს, გადაიმტვრიეს მუხლებზე!
სამასი გმირის სახელზე ისე იომეს კაცებმა,
ისეთი ცეცხლი დაანთეს, ზეცას წვდებოდა ნათება!
ცამ პირი მოხსნა, ეპკურა მიწას მდუღარე ცრემლებად,
ზღვა აიქოჩრა ტალღებად, ცას მიაწვდინა ვედრება...
ნაძვებმა თავი დახარეს, შედრკნენ მხცოვანი ფიჭვები,
შეერწყნენ მარადისობას გმირი დუშელი ბიჭები!
ორმოცდაათმა დევგმირმა თავი შესწირა ზვარაკად...
მათი გმირობის ამბავი მამულს დარჩება არაკად!
ზ. ლეშკაშელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი