დედა - სამშობლო გეძახით!
(ყველა ქართველ ემიგრანტს -ყ ვ ე ლ ა ს!)
ძნელი ყოფილა ქართველად ყოფნა: ქართველს სხვაგვარად უნდა გიყვარდეს,
და როს დასჭირდეს, მამულისათვის გოლგოთის გზასაც უნდა იტანდე;
ქართულად პირჯვარს უნდა იწერდე და „ქართლის დედაც“ გწამდეს ქართულად,
მტერს მტრობდე, მოყვასს გულში იკრავდე, ვაზიც გიყვარდეს მამა-პაპურად;
„იავნანას“ და „მამაო ჩვენოს“ დედა ქართულად უნდა გიმღერდეს,
ღმერთი ქართულად უნდა გწამდეს და გულიც ქართულად უნდა გიძგერდეს;
მაშინ შეიგრძნობ, - საქართველოში მიწას სხვაგვარი ოხშივარი სდის,
სულ სხვაგვარად თოვს საქართველოში, წვიმაც, როგორღაც, სხვანაირად ცრის;
ცისარტყელასაც სხვა ფერები აქვს, ქარიც სხვაგვარად, - სიყვარულით ქრის,
მთვარე გვინათებს სხვაგვარად ბილიკს, მზეც სხვაა, თვალსაც სხვანაირად ჭრის;
სხვანაირად ჩქეფს მთაში ჩანჩქერი, ზღვაც ბორგავს თითქოს რაღაცნაირად,
მორთულა ჭრელა-ჭრულა ფერებით მინდორ-ველები ნაირნაირად;
უთქვენოდ ყოფნა გაძნელებია და დასწოლია გულზე ლოდებად,
დედა-სამშობლო გეძახით ყველას, ეს საქართველო თქვენ გელოდებათ!
ზურაბ ლეშკაშელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი