სიმღერა სოხუმზე


სოხუმი ისევ მტრის ხელში გმინავს,
„სეფას ბიჭები“ ისევ მღერიან,
ბერიკაშვილი ცრემლებით გვიმზერს,
გზა სოხუმამდე ძალზედ გრძელია...
ღალატის ფასად დაგვაკარგვინეს,
 ვიბრძოლეთ, სისხლი დავღვარეთ როცა, 
უაფხაზეთოდ შევხვდით ახალ წელს, 
უაფხაზეთოდ მოვიდა შობაც.
მიროტაძე და ბენდელიანი, 
ჟიულ შარტავა, ვასო კილაძე,
შეროზია და შალიბაშვილი
მიტომ წავდნენ ჯიქურ ტყვიაზე, 
რომ შემდეგ ყველას დავიწყებოდა
მათი სახელი, მათი გმირობა?!
ფუჭია ფიცი მეფის საფლავზე, 
ფუჭია მათი ყველა პირობა!
არ გვაპატიებს შთამომავლობა-
მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ:
 გაყიდულია სატანის ხელით, 
გაყიდულია უკვე მეორედ!
ვიდრე ბოლომდე გავიწირებით, 
ვიდრე სიმღერას იმღერებს გედი, 
იქნებ შევძლოთ და აფხაზთან ერთად
თვით გადავწყვიტოთ ჩვენივე ბედი!
ჯერ კი...სოხუმი ოცნებად რჩება,
და აფხაზეთზე მხოლოდ მღერიან,
ცრემლად იღვრება დედა-სამშობლო-
გზა სოხუმამდე ისევ გრძელია...
                                              ზურაბ ლეშკაშელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი