ნეტავ მანახა!..


ნეტავ მანახა, ათი წლის შემდეგ - ორმოცდაათის რომ მოვიყრები,
საფეთქლები რომ შემითეთრდება, ცოტა ბეჭებშიც რომ მოვიხრები,
ახალგაზრდობას ხელს რომ დავუქნევ, სიბერისაკენ გადავიხრები,
თვალებში ცეცხლი რომ მინელდება, ღვთის მადლით, ალბათ, პაპაც ვიქნები...
ნეტა მანახა ათი წლის შემდეგ რამდენი რამე დამავიწყდება,
გაქრება, წავა, ჩაიფერფლება ჩემი გიჟური თავდავიწყება
თუ უფრო მეტად აგიზგიზდება, არ დაჭირდება მეტჯერ ანთება, 
მარადიული იქნება, როგორც ოლიმპიური ცეცხლის ნათება!..
დავჯდები, კვლავაც გამახსენდება გარდასულ დღეთა შლეგი ფიქრები,
შენ ისევ ისე ანგელოზივით გასაოცარი ქალი იქნები,
მე კვლავაც შენზე შეყვარებული ორმოცდაათი წლისა ვიქნები!
ნეტავ მანახა, ათი წლის შემდეგ... ნეტავ მანახა, როგორ ვიქნებით!..

ზ. ლეშკაშელი 
2008წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი