აფხაზეთი - „ნაღდი შოუ“
ავტორისაგან ძვირფასო მკითხველო! მინდა მოკრძალებით წარმოგიდგინოთ ის ტკივილი და სევდა, რაც ჩემში აფხაზეთის დაკარგვიდან დღემდე ბობოქრობს. ეს არის მეომრის თვალით დანახული სიმართლე აფხაზეთის შესახებ. მე იმის პრეტენზია არ მაქვს, მთელი სიღრმით გავშალო ის პროცესები, რამაც ამ დიდ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. უბრალოდ, აქ მოთხრობილი ამბები, ფაქტები და მოვლენები დოკუმენტური სიზუსტითაა გადმოცემული, რაც უშუალოდ მე და ჩემს თანამებრძოლებს გადაგვხდა თავს. ეს არის მცდელობა, გაიცნოს მკითხველმა ის უბრალო ბიჭები, რომელთა გმირობა და თავდადება დღემდე ჩრდილშია მოქცეული, რომელთა სახელები საგულდაგულოდ მიჩქმალა არა მარტო მაშინდელმა ხელისუფალებამ, არამედ მისმა შემდგომმა მმართველებმაც! მეტიც, ყოველნაირად ეცადნენ, ხალხის თვალში მძარცველებად, „მოროდიორებად“ წარმოესახათ და შეეჯავრებინათ მათთვის ისინი. ბევრმა იცის, ვინ იყო გმირად დაბადებული თამაზი შეროზია, სოხუმელი ვაჟკაცი, ან ვინ იყო გიორგი მიროტაძე, აფხაზი და ქართველი ხალხის გმირი შვილი?! ან ბევრი იცნობს „პატარა გორის“ დიდ გმირ ვაჟკაცს, ვასილ კილაძეს, რომელმაც მთელი ამ მუხანათი ომის სიმძიმე თავისი მხრებით ატარა, უამრავი დაჭრილი გამოიყვანა ტყვიების ქარცეცხლიდან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და „ივლისის დესანტის“ დროს ლაბრაში უგზო-უკვლოდ დაიკარგა?! დღეს მის დედას, ომში გმირულად დაღუპული სამაგალითო ვაჟკაცის დედას, შვილის საფლავიც არ აქვს დასატირებლად და მდუღარე ცრემლებს შვილის სურათებზე აფრქვევს გულდათუთქული და სიბერეგამწარებული! და სხვანი და სხვანი მრავალნი?! ყავს საქართველოს ისე დასაკარგი შვილები, რომ მომავალმა თაობებმა მათი სახელებიც კი არ იცოდნენ?! არადა, ღვთის წინაშე, ისინი ჩვეულებრივი, პატიოსანი ბიჭები იყვნენ, რომელთაც ჩვეულებრივად უყვარდათ, ჩვეულებრივად სტკიოდათ, ჩვეულებრივად ეშინოდათ და უჩვეულოდ სწყუროდათ სიცოცხლე! მათ უყვარდათ საქართველო! მე მინდა მთელ ქართველ ერს ვუთხრა: გაიცანით, შეიყვარეთ და დააფასეთ ეს ბიჭები, საქართველოსთვის თავდადებული ჯარისკაცები, გმირები დაკარგული თაობიდან! თავი I ამას გვეცილებიან?! ზაფხულის ხვატია. რომ იტყვიან, მიწა დუღს, ასფალტს ნამდვილი ოხშივარი ასდის, ნიავიც კი არსაიდან იძვრის. სუნთქვაც ჭირს. მაინც, რა ცხელი ზაფხული დაიჭირა, თან ამ დალოცვილ ხაშურშიც თავს ვერსად შეაფარებ. არა, სასწაულია პირდაპირ: ზაფხულია და, სულს ვერ მოითქვამ, ზამთარს ხომ საერთოდ ნუღარ იტყვით, საქართველოს ბარში არსად ისე არ ყინავს, როგორც ხაშურში. გასულ წელს ოცდახუთი გრადუსიც კი იყო ნულს ქვემოთ. ამიტომაც ეძახიან ხაშურს პატარა ციმბირს. ამიტომაც არის, რომ მამაჩემი ბოლომდე ვერ ეგუება აქაურობას, თვალი სულ ლეჩხუმისაკენ უჭირავს და ამბობს, ქუთაისიდან თბილისამდე არც ერთი ჩვენი გვარის კაცი არ ცხოვრობს, მე რაღა მომარბენინებდაო აქ. თუმცა, ამას მამა ამბობს, მე კი აქ ვარ დაბადებული და ყველა კუთხეს მირჩევნია ჩემი ხაშური, ცხელიც და ცივიც, რადგან აქ ვისწავლე სიყვარული ქვეყნისადმი, ცხოვრებისადმი, ადამიანობისადმი... აქ ყველა კენჭი ნაცნობია, ყველა ქუჩა მშობლიური, ყველაფერი გემრიელი, ყველაფერი მშვენიერი... ...ვსხედვართ ალიკა ბეროზაშვილის სახლის აივანზე და ორთქმავლებივით ვქშინავთ. წყალიც არ გვაქვს მაცივარში, რომ ცივი წყლით მაინც გავიგრილოთ ყელი. მაღაზიაში წამსვლელი არც მე ვარ და არც ალიკა, მარიტასათვის თხოვნას აზრიც არა აქვს. კიდეც რომ გაგვეგზავნოს, ჩვენ ბავშვებს უნდა მივხედოთ, ბიჭებს კიდევ არა უშავთ, თამაშობენ თავისთვის, მაგრამ ნინია სულ პატარაა და ტირილი რომ დაიწყოს, ხელში რა აიყვანს! - ზურა, რა გადაწყვიტე, გაჰყვები გინეკოლოგიას? - შემეკითხა ალიკა. - ალე, ამ სიცხეში სხვა საფიქრალი არაფერი გაქვს? ცოტა ხანს მაინც დამასვენე ამ მედიცინისაგან! - კარგი, მაშინ ის მითხარი, პელე უფრო მაგარია თუ მარადონა? - გარინჩა. - შენ რა, ხომ არ დაისიცხე, მე რას გეკითხები, რა შუაშია გარინჩა? - იმ შუაშია, რომ პატრონი არ ჰყავდა, თორემ მაგ კითხვას არ დამისვამდი. თანაც, არ დაგავიწყდეს, ცალი ფეხი მოკლე ჰქონდა. - მოკლე კი არა, მეორე ფეხი ჰქონდა გრძელი, - გაიცინა, - მაინც, რას ფიქრობ? - მარადონა! - რატომ? - იმიტომ, რომ პელე 58 წელს ღლაპი იყო და რაღაცა ითამაშა, 62-ში უფრო ნაკლები, 1966 წელს ტრავმა მიიღო, ხოლო 1970 წელს ისეთ თანავარსკვლავედში თამაშობდა, შენც კი ითამაშებდი მეფესავით! მარადონამ კი მარტომ გახადა არგენტინა ჩემპიონი და ფინალამდეც მარტომ ათრია 90-ში! გაიგე? ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გორება არაა, ეს უდიდესი ხელოვნებაა! - „ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...“ შემოგვეშველა საიდანღაც შეუმჩნევლად შემოსული თამაზი. - შენ რაღას დაეხეტები ამ სიცხეში, ან მაგ პარკით რას დაათრევ? - ვკითხე. - რა ვიცი, ვიფიქრე, ბიჭებს ვასიამოვნებ-თქო და თუ არ გინდათ, უკანვე წავიღებ! -თითქოს წასასვლელად მოემზადა თამაზი, თან პარკიდან ლუდის ქილას ამოაყოფინა თავი. - აი, შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილში, ასე არასოდეს გამხარებია შენი დანახვა! - შესძახა ალიკამ აღტაცებით, პარკიდან სასწრაფოდ ამოიღო ქილა, რგოლი მოხსნა და სულმოუთქმელად გადაუშვა ყელში. - ნეტავ თქვენს ცოლ-შვილს მომასწრო და რაღა მომკლავს მაშინ! - სამზარეულოდან გამოგვძახა მარიტამ და თან თეფშზე დაწყობილი ღვეზელები გამოგვიტანა. - მიაყოლეთ, გესიამოვნებათ! - გვითხრა და დაამატა: - მოიფიქრეთ რამე, თორემ ხომ ხედავთ, ბერდებით, თქვენმა შვილებმა ჩემებს ბიძია ხომ არ უნდა დაუძახონ! მართალი იყო მარიტა. არა, სიბერემდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ალიკას და მარიტას ფონზე ჩვენ მაგრად ჩამოვრჩით. მარიტა ჩვენი კლასისა და ჩვენი სამეგობროს პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი რძალია. სკოლა დავამთავრეთ თუ არა, გაიპარნენ. დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი. მარიტა სხვა სკოლაში სწავლობდა, ალიკამ კი იმდენი იარა მარიტას სკოლაში, რომ თავის სკოლაში სასიარულოდ დრო აღარ დარჩა, რისთვისაც სკოლის დირექციამ დიდსულოვნად გამოუყო დამატებითი პერიოდი ცოდნის გასაღრმავებლად და მეცნიერების მწვერვალების დასაპყრობად, მისთვის განკუთვნილი ატესტატი კი დროებით სკოლის არქივში შეინახა. მე და თამაზიმაც ამოვიღეთ ჩვენი კუთვნილი ლუდი, ჩავარაკრაკეთ სიცხისაგან გამომშრალ ყელში, თან სიგარეტს მოვუკიდეთ და ნეტარებით გავაბოლეთ. ლელა გამახსენდა. არა, დავამთავრებ თუ არა ინსტიტუტს, ცოლად შევირთავ, - გავიფიქრე. მის გარეშე ვეღარ ვძლებ, ყველგან მას დავეძებ, მგონია, რომ აგერ ახლა შემოფრთხიალდება და ხალისიან ღიმილს შემომაფრქვევს. მთელმა ინსტიტუტმა იცის ჩვენი სიყვარულის ამბავი. ერთად ვართ ლექციებზე, ერთად ვართ კინოში, ერთად ვართ სტადიონზე, ერთად ვართ თბილისში და მთელ საქართველოში. ასე მგონია, ჩვენ ერთნი ვართ, ერთმანეთს ვავსებთ, ერთნაირად გვტკივა, ერთნაირად გვიხარია... მახსოვს, შარშან საინგილოში დაგვპატიჟა ჯგუფელმა. მე გადაუდებელი საქმე მქონდა და ლელა ჯგუფელებთან ერთად გავაცილე ავტობუსზე. წასვლა აღარც მას უნდოდა, მაგრამ მეგობრებმა არ დატოვეს, ლელას გარეშე ყველაფერს ეშხი და ლაზათი აკლდებაო. საბედნიეროდ, საქმეებს მალევე მოვრჩი, ტაქსი ავიყვანე და კი არ წავედი, გავფრინდი. საინგილოში წასვლა ყოველთვის მინდოდა, ჩემი ტკივილი და სევდა იყო ძირძველი ქართული მიწა, ჩვენივე გულგრილობით და უნიათობთ დაკარგული სამუდამოდ. „სამუდამოდ?“ - ვეკითხები საკუთარ თავს და გულის სიღრმეში იმედი ბჟუტავს, იმედი იმისა, რომ ეს გასხვისებული მიწა და წალკოტი როდისმე დაუბრუნდება დედასამშობლოს, რომ კიდევ გაბრწყინდება საქართველოს ვარსკვლავი და ჩვენი სამშობლო კვლავ ერთიანი, ძლიერი და ბედნიერი იქნება! კახში გვიან ჩავედი, უკვე კარგად ბნელოდა. კითხვა-კითხვით მივაგენი სასურველ ოჯახს. მოქეიფეთა სიცილ-ხარხარი მეორე სართულიდან ისმოდა. საჩქაროდ ავირბინე კიბეები, კარი კი არ შევაღე, შევგლიჯე. გაოცებისაგან ყველამ პირი დააღო, ლელას თვალები აუციმციმდა, სახე გაებადრა და კისერზე ჩამომეკიდა. - ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩამოხვიდოდი! - ჩამჩურჩულა. მე ფიალას დავწვდი, ვიღაცამ ღვინით შემივსო... ქვეყანა შევძარ, ხანაც ღმერთებს შევთხოვდი შველას, ერთხელ ვნახე და, გეფიცებით, ლოცვად ვიწამე, თურმე მე დიდხანს, ზევით-ზევით, ცად რომ ვეძებდი, ის ანგელოზი აქ ყოფილა, დედამიწაზე! წარმოვთქვი და სულმოუთქმელად გამოვცალე საერთო ჟივილ-ხივილისა და ტაშის ფონზე, ლელას ტუჩის კუთხეში ვაკოცე, გულში ჩავიხუტე და სუფრას მოვუტრიალდი: - გამარჯობათ, ხალხნო! მოგონებებიდან თამაზის სიტყვებმა გამომიყვანა: - ცოლ-შვილი არ მიგყავს ზღვაზე? - ჰკითხა ალიკას. - რა დროს ზღვაა ამ სიცხეში, ვერ ხედავ, ქვეყანა რომ იწვის? თანაც, ამბობენ, ნამეტანი რადიაციააო წელს. არ შემიძლია ხალხმრავლობა და ხმაური, მე, ძმაო, დასვენება მინდა, დასვენება! - დაიწუწუნა ალიკამ. - თუ დასვენება გინდა, მოჰკიდე ცოლ-შვილს ხელი და ლეჩხუმში წავიდეთ, ისე დაგასვენო, არ დაგავიწყდეს ცხოვრებაში. ისეთ ადგილს, ჩემი სოფელი რომაა, ვერსად ნახავ! - ხუმრობ თუ მართლა ამბობ? იქ ხომ აღარავინ გყავს? - ჯერ ერთი, ბებია-ბაბუას საფლავები იქა მაქვს, მეორეც, სახლია და კარი, წავიღოთ ცოტაოდენი პროდუქტი და ვიყოთ მანამ, სანამ არ მოგვწყინდება. აქ ტვინის ადუღებას მაინც გადავურჩებით. შენ მაინც არაფერი გეშველება, მაგრამ შენი შვილები მეცოდებიან! - მამაშენი რას იტყვის? - რა უნდა თქვას, გაუხარდება კიდეც, სახლსა და საფლავებს მაინც მივხედავ! - მაშ, წავიდეთ? - წავიდეთ, წავიდეთ, რა! შემომეხვია მარიტა. გადაწყდა, მივდივართ! მარჯვენა ხელი შევმართე და მივარტყი ალიკას შემართულ მარჯვენას. *** ორპირის ხეობაში, დათვის წყაროსთან შევჩერდით, რომელსაც ლეჩხუმლები ბებრუშელას წყაროს ეძახიან. პირდაპირ სულზე მოგვისწრო მთის ცივმა, კამკამა წყარომ. - ლექსო, ფრთხილად, გზაზე არ გადახვიდე! - გააფრთხილა ბავშვი მარიტამ. - ნუ გეშინია, მარი, აქ მანქანა საათში ერთხელ თუ გამოივლის, სოფელში რომ ავალთ, იქ შეიძლება ვერც ნახო წამოსვლამდე. -ვუთხარი მე. - მალე მივალთ? - მკითხა ალიკამ, - ზუსტად ასეთ ადგილზე ვოცნებობდი. - აი, იმ აღმართს ხედავ? იმ აღმართსაც ავივლით და მისულები ვართ. - დროზე წავიდეთ, თორემ მეტი აღარ შემიძლია. - მოიცა, რა, ყველგან კი ვერ დალევ ასეთ წყალს, - ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავეწაფე უგემრიელეს წყაროს. - რატომ ჰქვია დათვის წყარო? - მკითხა ალიკამ. - ამ ადგილას თურმე დათვი დასხმია მგზავრებს, იმათში ერთი ვინმე დევგმირი ყოფილა, სტაცა ხელი დათვს, მოაგლიჯა თავი და ამ კლდეს შემოსტყორცნა თურმე. პირდაღებული დათვის თავიდან წყაროს ამოუჩქეფია, -შევახედე კლდეში გამოქანდაკებულ დათვის თავზე, რომლის პირიდანაც წყარო მოჩქეფდა, თუმცა სიძველისაგან ყურები მომტვრეოდა და გამოსახულება თვალს მაშინვე არ ხვდებოდა. - ყოჩაღ, ლეჩხუმლებო! სულ მიკვირდა, საიდან აქვს ამ კაცს ასეთი ძალა?! - შემომხედა დამცინავად. - ვაი, შენს პატრონს, მე თუ შენი დასაცინი ვარ, შენ და შენს ხაშურლებს ძლივს გაგაგებინეთ, რომ ლეჩხუმლები ლეჩხუმლები ვართ და არა, ვთქვათ, სვანები ან რაჭველები. ლეჩხუმი პატარა და ლამაზი კუთხეა საქართველოსი თავისი განუმეორებელი ხიბლითა და ლაზათით, თავისი ბეჟოლია ლეჩხუმლებით და ძალიან დიდი სიყვარულით! შეუშვი მაგ ხუჭუჭა თავში. სხვა თუ არა, ლადო მაინც არ გაგიგია? - ვუთხარი ალიკას. - კი იჩემებ ლეჩხუმელობას, მაგრამ გავიწყდება, რომ მთელი ბავშვობა დიდი პათოსით გაჰკიოდი: „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“ ხოდა, ვინაიდან ხაშურში ხარ დაბადებული და გაზრდილი, შენც ხაშურელი ხარ და ხაშურია შენი სამშობლო! - შე ოროსანო, თუ მაგდენი იცი, ის ვეღარ ისწავლე, რომ იგივე პოეტი ამბობს: „სად მამა-პაპა მეგულვისო?“ ჩემი წინაპრები აქ მარხიან, ესე იგი, სწორედ ლეჩხუმია ჩემი სამშობლო! - მისმინეთ! - მბრძანებლურად მოგვიბრუნდა მარიტა, - ჯუკა, შვილო, უთხარი მამაშენს და ნათლიას, რომელია შენი სამშობლო! - „ჰქვია რწმენა და ჰქვია იმედი, თუმც ერთი პეშვი მთა და მდელოა, ლაღად ვარ, მინდა ყველამ იცოდეს, ჩემი სამშობლო - საქართველოა!“ ჩააარაკრაკა ჯუკამ. - გესმით? - ნიშნისმოგებით გადმოგვხედა მარიტამ. - კარგი, ეხლა, ხომ იცი, რომ ვხუმრობთ! „ჩემი სამშობლო საქართველოა!“ - გავიმეორე გულში და სიამყით მოვავლე თვალი გარემოს. ცოტა ხანში შემოვუარეთ ნახევარწრეზე ფართოდ გადაჭიმულ ლაჯანურჰესს, ჭილეშიდან ნელა შევუყევით აღმართს, რომელიც მაღლა-მაღლა მიიკლაკნებოდა, თითქოს ღრუბლებში ჩაიკარგებაო. როგორც იქნა, მივაღწიეთ ლაილაშს, გავცდით ებრაელების საუკუნოვან, ხავსსა და ბალახში ჩაკარგულ სასაფლაოს, გადავიარეთ მეწყრისაგან დახეთქილი მიწაც და მივადექით ღუს, იგივე ღუღუნეთს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს. *** - დროზე ადექით, ძილისგუდებო, თორემ დაგრჩათ სავენახე გადასაბრუნებელი, შეშა დაჩეხეთ და წყალი მოიტანეთ, თორემ დარჩებით მშივრები! - ჩამესმა მარიტას ქაქანი. რადგან სახლი დაკეტილია, არც გაზი გვაქვს და არც სინათლე, ამიტომ საჭმელს ღუმელზე ვაკეთებთ. ზეწარი თავზე წავიფარე, გვერდი ვიცვალე და თავი მოვიმძინარე, იქნებ ალიკა ადგეს და დილის ძილი ერთხელ კიდევ გამოვაცხო. თუმცა, რაღა დროს დილაა, მზე ლამის შუბისტარზეა წამოსული. - ზური, ო, ზური! - მომესმა ნაცნობი ხმა. ეს ლერი ბიცოლაა, მამას ბიძაშვილის ცოლი. ისინი პატრონობენ ჩვენს სახლს და თუ აქამომდე არ ჩამოქცეულა, სწორედ მათი დამსახურებაა. - მობრძანდით, ლერი ბიცო, იქნებ თქვენ მაინც გაგიგონონ ამ ძილისგუდებმა, თორემ აღარ შემიძლია ყოველდღე ერთი და იგივე, - შეეგება ბიცოლას მარიტა. - აბა, გაიღვიძეთ, თონეში დაცხობილი ლობიანები მოგართვით, ნუ გააცივებთ, ცოდოა! - თქვა და გობი მაგიდაზე შემოდგა ბიცოლამ. კისრისტეხით წამოვცვივდით, თუმცა ლობიანის ნაცვლად მარიტამ ვედროები მოგვაჩეჩა ხელში, - მიბრძანდით და , თუ შეიძლება, ჯერ წყალი მოიტანეთ, მე კი მანამ სალათას მოგიმზადებთ. დაბრძანდით, ბიცო, ერთად ვისაუზმოთ! - არა, შვილო, არა მცალია, ღორები გადასულან ჩემს სიმწრით გამოზრდილ ყანაში, ამოწყდა მაგათი პატრონი! გადოუქცევიათ სიმინდი, უნდა ჩავიდე ქვერე და მივხედო. თქვენ ისიამოვნეთ და ჩამოდით მერე ჩვენსკენ, მჟავე წყალი მოიტანა ლაშიჭალადან ჩემმა ქმარმა და თქვენც გასინჯეთ. დიდი ვედრო ალიკას მივაჩეჩე, მე მომცრო ავიღე და გავეშურეთ ლეშკაშელების წყაროსკენ. არ ვიცი, რატომ ჰქვია ასე, ლეშკაშელმა აღმოაჩინა ვინმემ თუ ჩვენს უბანში რომაა, იმიტომ. ერთი კია, სოფელში ყველაზე ცივი და გემრიელია. ვედროები ავასეთ, სახეზეც შევიშხაპუნეთ ზრდილობის გულისთვის და დავბრუნდით. მარიტას უკვე სუფრა გაეწყო, ბავშვები შემოესხა და ჩვენ გველოდებოდა. მაგიდაზე ბოთლი იწონებდა თავს. - ბიცოლაშენმა დატოვა, - მიხვდა მარიტა ჩემს გაკვირვებას, - მარიამობისთვის ვინახავდიო და თქვენც გასინჯეთ, ჩვენებური ოჯალეშიაო. - ოო, მართლაც მშვენიერია, ასეთ ღვინოს ვერსად დალევ, ნამდვილი ცხონებაა, ძმაო! - ვთქვი და ჩამოვასხი. - გაუმარჯოს მომყვანს, დამწურავს, მომტანს და დამლევს! და გადავკარი. - ამ მიწა-წყალს გაუმარჯოს, მის ხვავსა და ბარაქას, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! - შემომეშველა ალიკა და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით შესვა. მართლაც მშვენიერია, ტყუილად არ აქებდი. - თქვა, ლობიანს დაწვდა და ხარბად ჩაკბიჩა. ისეთ გემრიელ ლობიანს, ლეჩხუმში რომ იციან, მთელს საქართველოში ვერსად შეჭამ. - მეც დამისხით, - გვთხოვა მარიტამ, -სადღეგრძელო მაქვს! - აბა, გისმენთ! - ამ გემრიელ ხალხს გაუმარჯოს,ბიჭებო, მართლაც ტკბილი და ალალი ხალხია, არსად შემხვედრია ასეთი წყნარი და უბოროტო ხალხი, რას ეძახი, ზურა? ხო, ბეჟოლიები. მრავალი ლადო ეშვას და მშვიდობიანი ზეცა ჰქონოდეს! - მოსვა მარიტამ, - სულ მიკვირდა, საიდან აგვირისტებდა ამისთანა რითმებს და წყობას, სად პოულობდა ამდენ ჰარმონიას ლადო. ახლა აღარ მიკვირს. ჩვენც გაგვიმარჯოს! - დაამთავრა და მომიბრუნდა, - წავალთ დღეს ეკლესიაში? - აუცილებლად, შენ ოღონდ მითხარი, როდის იქნებით მზად. საუზმის შემდეგ გავემზადეთ და გავეშურეთ ეკლესიისაკენ. მეწყრიგორასთან ბავშვები თამაშობდნენ. მეწყრიგორა ერთი დიდი ლოდია, რომელიც, თურმე, მეწყერს ჩამოუტანია მთიდან, მერე მის ძირზე ერთი დიდი კაკლის ხე ამოსულა და სოფლელების საუკეთესო თავშეყრის ადგილი გამხდარა. მალე კალოსაც გავცდით, სადაც საღამოობით ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე უცოლოები ცოლიანების წინააღმდეგ, შემდეგ წაგებულ-მოგებულს პურ-მარილი გამოგვაქვს და შუაღამემდე თავს ვიქცევთ მეწყრიგორაზე სუფთა ოჯალეშის სმითა და ამ მთის და ბარის ამბების მოყოლით. ამ დროს მთელი ჩემი ბავშვობა გაირბენს-ხოლმე თვალწინ, ვიხსენებ, როგორ დავრბოდი ამ ლოდის გარშემო, ხანაც ზედ გადავაჯდებოდი ცხენივით და ლეჩხუმის ულამაზესი ხედებით ვტკბებოდი. ეკლესიასთანაც მივედით, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეზოშია. ეკლესია ჰქვია, თორემ დრომ და კომუნისტების მონდომებამ ნანგრევებად აქცია. გუმბათი აღარ აქვს, ცალი გვერდი ჩამონგრეულა, თუმცა სოფელს უკვე გადაუწყვეტია მისი აღდგენა, ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა. ბებია-ბაბუას საფლავთან შევჩერდით. საგულდაგულოდ მოასუფთავეს წინა დღეებში მარიტამ და ბიცოლამ, ჩვენ კი მიწა მოვასწორეთ, ხაშურიდან წამოღებული საღებავით საგულდაგულოდ გადავღებეთ და ცოტა მაინც დავამგვანეთ პატრონიან საფლავს. გულზე თითქოს დარდი მომეშვა - მე ხომ მთელი სამი წელია, აქ არ ვყოფილვარ და არ მოვფერებივარ წინაპართა საძვალეს. მახსოვს, ბაბუა სულ იმას გვთხოვდა შვილიშვილებს, რომ აქაურობა არ მიგვეტოვებინა, არ გადავკარგულიყავით და არ მოვწყვეტოდით ჩვენს ფესვებს! შევყურებდი საფლავს და ვამაყობდი, რომ მართლაცღირსეული წინაპრები მყავდა - მოსიყვარულე და თავის მიწაზე უზომოდ შეყვარებული ბაბუა; ჭაღარა, სათნო და ზღაპრის გმირივით ტკბილი ბებია... „ეკატერინე ბაკურაძე“, - გვამცნობს საფლავის ქვა, მის მიღმა კი ჩადებულია ის უდიდესი შრომა და წვალება, რასაც ეს ფუტკარივით მშრომელი ადამიანი სწევდა მთელი კუთხის სამედიცინო დახმარებისათვის უკიდურესი გაჭირვების პირობებში, ამიტომაც იყო მთელს საქართველოში ერთადერთი ლენინის ორდენით დაჯილდოებულიმედდა. - არ გეუბნებოდა ბებია, ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო? რა იცოდა, რა უვარგისი გაიზრდებოდი, თორემ შენი გაჩენისთანავე მოიკლავდა თავს! - ქილიკობს ალიკა. - შე საწყალო, კინოდ რომ არ გადაეღოთ, ვერასოდეს გაიგებდი, ვინ იყო ზურიკელა და ოლღა ბებია, რაღას იტყოდი მერე! -დავუბრუნე სიამოვნებით. - მომკლა თქვენმა კინკლაობამ, უცხომ რომ მოგისმინოთ, იფიქრებს, ამათზე მეტი მოქიშპეები არავინ იქნებიანო, - ტუჩაბზეკით გვისაყვედურა მარიტამ. - ბავშვები რას იფიქრებენ, რა გჭირთ?! - ნუ გეშინია, მარი, საბედნიეროდ, ჩემი ნათლულები მამამისზე ჭკვიანები არიან. ასე არ არის, ბიჭებო? - მოვხვიე ხელი ორივეს და გულში ჩავიკარი. - თვითონაც ხედავენ, რომ უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. ახლა წავიდეთ, სანთლები ავანთოთ! - ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! - შევთხოვე, სანთელი ავანთე. - ეს ჩვენი წინაპრების ხსოვნისა იყოს, მიუტევე ცოდვები, დაე, ილოცონ ჩვენზე! - ვთხოვე უფალს. -ღმერთო, ყველა ახლობელი ჯანზე მიმყოფე და დიდხანს მიცოცხლე! ერთხელაც გადავიწერე პირჯვარი და გარეთ გამოვედი. მარიტას თან წამოღებული ადიალა გაეშალა ბებერი მუხის ქვეშ და ბავშვებთან ერთად ზედ მოკალათებულიყო.. მალე ალიკაც შემოგვიერთდა და ჩვენც ჩამოვსხედით. მე პოეტების მამულში ვცხოვრობ, სადაც ყოველი მეფეა ლექსის, სად ყოველ ქვაში ლექსის რითმაა, ქარის ქროლვაშიც ლექსები მესმის! წამოვიწყე ჩემთვის, თვალი სევდიანად მოვავლე გარემოს და გავაგრძელე: „მე ლექსს არა ვწერ, ლექსი თვითონ მწერს,“ ეს მიწა-წყალი მუზაა ლექსის, აგაღებინებს ხელში კალამს და დაწერ „ბალადას მოყმის და ვეფხვის.“ მეც მოვახტები მერანს და ჰერიიი, ტატოსთან ერთად მეც გავაჭენებ, შევეწირები ზვარაკად მამულს, სურამის ციხეს მეც ავაშენებ. ავენთები და საქართველოსთვის ისე ვიმღერებ, როგორც ილია, როგორც მურმანის უყვარს მამული, ჩემთვისაც იგი ისე ტკბილია! როგორც აკაკი, შევყვები აღმართს, და ლადოსავით ვუმღერ ფიროსმანს, და როგორც მირზა, ომში წასვლის წინ დაბრუნებისას მოგცემთ პირობას! მეც ვაჟასავით ვუმღერებ არაგვს, ვუმღერ მტკვარსაც და ვუმღერ რიონსაც, ბესიკისავით ვუმღერ სიყვარულს, გავეჯიბრები გალაქტიონსაც! და როცა გული ლექსის წერს მთხოვს და სული დაქრის სადღაც, ღრუბლებთან, ამქვეყნიური სათქმელი ჩემი ლექსად გამოვთქვა, მეც მაქვს უფლება!.. დავამთავრე და გავჩუმდი. ალიკა ფეხზე წამომდგარიყო და მდუმარედ მისჩერებოდა გარემოს. საოცარი ჰარმონია სუფევდა ირგვლივ: დაბლა, შორს გადაჭიმული ლაჯანურჰესი ზღვასავიტ ბორგავს; ცოტა ზემოტ, გაღმა მთაზე, ხეებში ჩამალულა უსახელო; მარჯვნივ ორბელი და ლეშკაშის ციხის ნანგრევებია, უფრო ზემოთ ალპური მდელო და ბექობებია, შემდეგ რუხად მომზირალი სალი კლდეები; მთელ ამ ჰარმონიას თავს დაჰყურებს მდუმარე, ცივი და პირქუში, ერთთავდ ფაფუკ თოვლში გახვეული კავკასიონი, თითქოს ის იყოს აქაურობის ბატონ-პატრონი და აკვირდებოდეს, რაიმე არ დაირღვეს დედაბუნებისაგან ნაქარგ ამ იდილიაში... ალიკამ ერთხელ კიდევ მოავლო გარემოს თვალი, უცებ აენთო, სახეზე სისხლი მოაწვა, საფეთქლები დაებერა, ჰაერში ხელით წრე შემოხაზა და შესძახა: - ამას გვეცილებიან?! ამ მიწა-წყალს, ამ მთას და მდელოს, ამ წყალს და ტყეებს, ამ თოვლს და მწვერვალებს?! უნდა წავიდეთ! - შესძახა და შემომხედა. - რაა, რა თქვი?! იკივლა მარიტამ. ალიკამ შემომხედა, პასუხი ჩემს თვალებში ამოიკთხა, მარჯვენა შემართა და ძალუმად დაჰკრა ჩემს აწეულ მარჯვენას. მარიტამ ჯერ მე შემომხედა მუდარით სავსე თვალებით, შედეგ ალიკას. მიხვდა, რომ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებაში ვეღარაფერს შეცვლიდა, ჩაეხვია ჯუკას და ლექსოს და ღაპაღუპით წასკდა ცრემლები. იდგა 1992 წლის 14 აგვისტო. თავი II ბიჭები ომში არიან ...სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრი, რეანიმაციული განყოფილება... ახალი ამბების მოლოდინში ვსხედვართ საორდინატოროში, ტელევიზორთან. „სტუდენტი ექთნების ბრიგადა“ - ასე ეძახიან ჩვენს ცვლას, რადგან მართლა ექთანი მხოლოდ ერთი გვყავს, დანარჩენები კი ყველანი სტუდენტები ვართ. ეს პირველი კლინიკაა, ასე ფართოდ რომ გაუღო სტუდენტებს კარი. პირველი კურსიდან ჯერ სანიტრად მოვეწყვე, შემდეგ ექთნის შტატში ჩამსვეს. „არც ერთ მსურველს არ უთხრათ უარი! - იყო ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის მითითება, - რაც უფრო ადრე დაიწყებენ ავადმყოფთან ურთიერთობას, მით მეტად შეიყვარებენ თავიანთ საქმეს და პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბდებიან“ - ამბობდა იგი და მართლაც, მე და ჩემმა თაობამ, ვინც „სეფსისი სკოლა“ გავიარეთ, სწორედ აქ ვისწავლეთ ავადმყოფის სიყვარული, ავადმყოფის მოვლა. „თუ ექიმმა ავადმყოფის მოვლა არ იცის, ის ვერც მის მკურნალობას შეძლებს!“ - უყვარს თქმა ბოჭორიშვილს. სწორედ აქ ვისწავლე პრაქტიკული მედიცინის ანბანი და ის პროფესიული ჩვევები, რომლებიც აგრერიგად გამომადგა შემდგომში ჩემს მოღვაწეობაში, უპირველესად კი, რა თქმა უნდა, ომში. ვსხედვართ და ველოდებით უაზრო რეკლამების დამთავრებას, იქნებ რაიმე საიმედო თქვან მეომარ ბიჭებზე. პალატაში კი ნინო გვყავს დატოვებული ავადმყოფებთან. „გეპატიჟებით დუბაიში... გიწვევთ სტამბულში...“ - განაგრძობს დიქტორი. ამ დროს საორდინატოროში შემოდის ნინო, შემოდის ნაზად, აუჩქარებლად და ამბობს: „ავადმყოფმა გული გააჩერა.“ მოულოდნელობისაგან ენა ჩაგვივარდა. ათიოდე წუთის წინ პაციენტი ნორმალურად იყო, ყველა სასიცოცხლო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებდა, ჰემოდინამიკა სტაბილური, დიურეზი ნორმალური... საშიშროებამ თითქოს ჩაიარა, შემოვლაზე პროფესორმა საკითხიც კი დასვა ავადმყოფის პალატაში გადაყვანის შესახებ და უცებ!... წამიერი გაოგნებისაგან გამოვერკვიეთ, ადგილიდან წამოვიჭერით და კისრისტეხით გავცვივდით პალატაში. ავადმყოფს თვალები დაეხუჭა, მონიტორზე კი მიემართებოდა უწყვეტი სწორი ხაზი... დაყოვნება აღარ შეიძლებოდა - სოსო საწოლის თავს ეცა, მოაძრო და ხელოვნური სუნთქვა დაუწყო, გიგა მუხლებით შედგა საწოლზე და თავისი დათვივით ტორებით ძალუმად დაუწყო გულის გარეგანი მასაჟის კეთება, მე დეფიბრილატორს ვეცი, ექიმიც იმწამსვე შემოვარდა... გაჩერდით ერთი წუთით! - მკაცრად ბრძანა დათო ექიმმა. ყველანი გავშეშდით. ავადმყოფს თვალები ფართედ გაეხილა და ორი ორმეტრიანი ვაჟკაცის „ტყვეობაში“ მომწყვდეული საცოდავად მიშტერებოდა დათო ექიმს. - ექიმო, წყალი დამალევინეთ, ისე ნუ მომკლავთ! - საცოდავად ამოიკნავლა. დათომ მაიკის ქვეშ მოქცეული მონიტორის სადენები შეამოწმა, ორი მათგანი მკერდიდან მომძვრალიყო და ესეც შენი უწყვეტი ხაზი. სადენები დაამაგრა და კარდიოგრამამაც კლასიკური სახე მიიღო. - ნინო, წნევა გაუზომე და წყალი დაალევინე, თქვენ კი წამობრძანდით! -მოგვიბრუნდა მკაცრად დათო ექიმი და საორდინატოროში შეგვიძღვა. - აბა, რას იტყვით, რეანიმატოლოგებო, თქვენი იმედი უნდა მქონდეს?! რა უნდა გვეთქვა, ვიდექით თავჩაღუნულები, ექიმს თვალს ვერ ვუსწორებდით. - აი, თქვე ლენჩებო! - შემოგვხედა და თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდა. ავხარხარდით ჩვენც, რაღაი ავადმყოფი ცოცხალია, გულზე მოგვეშვა. მეორე დღეს ჩვენი ავადმყოფის „გულის გაჩერების“ ამბავს მთელი „სეფსისი“ ყვებოდა, ავადმყოფს კი ეს ყველაფერი ორი ნეკნის მოტეხილობად და სამი დღე დამატებით რეანიმაციაში ყოფნად დაუჯდა. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა შავი შრიფტით ნაწერი - „ხსოვნა.“ დიქტორმა გვამცნო ამბავი ერთი მეომრის დაღუპვის, მეორის... უცებ ნაცნობი ფოტო გამოჩნდა. „გაგრაში დაიღუპა მფრინავი გიორგი კვესაძე“... სადღაც შორიდან ჩამესმა. თითქოს ხელ-ფეხი წამერთვა, მთლიანად მოვწყდი, ყურები მიშუის, აღარაფერი მესმის... „ხსოვნის“ გადაცემა მორჩა, სახელმწიფომ ამით ამოწურა თავისი ვალდებულება გმირი ბიჭების წინაშე. დაიწყო ისევ - „გეპატიჟებით დუბაიში, გეპატიჟებით სტამბულში, მოგზაურობა ქაიროში...“ მე გიორგის სახე მიდგას თვალწინ, ვცდილობ, აზრი და ძალა მოვიკრიბო. ამ დროს კადრში რუსთაველის პროსპექტია, აგერ ორი ლამაზი გოგონა, აგერ ქალბატონი, აგერ ისევ გოგონები... - ბიჭები სადღა არიან? - იკითხა ვიღაცამ. - ბიჭები ომში არიან! - აუღელვებლად თქვა ნინომ და კვლავ პალატაში დაბრუნდა. „ბიჭები ომში არიან!“ - დატრიალდა კარუსელივით ტვინში, „ბიჭები ომში არიან!“ ამ დროს ჩემი და ალიკას პირობაც წამოტივტივდა გონებაში, შემდეგ ისევ გიორგის სახე და ერთად გატარებული ბავშვობის წლები... - რას ეტყვი, ზურა, შენს მომავალს, სად იყავი, როცა საქართველოსთვის სისხლი იღვრებოდა? - შევეკითხე ჩემს თავს. - აქ სხვები დარჩნენ, მე კი მივდივარ! - ღრმად ჩავესვენე სავარძელში. ტელევიზორში კი „ნაღდი შოუ“ დაწყებულიყო: მოთამაშე დიდი აღფრთოვანებით ესროდა ისრებს მბრუნავ ბორბალს, წამყვანი კი დიდი პათოსით აცხადებდა: „თქვენ მოიგეთ...“ ნეტავ ის ბიჭები სხვა ქვეყნის ომში ხომ არ იბრძვიან? - მწარედ გამეღიმა და მივხვდი: ეს არის ომი მეგობრებისთვის, საძმოსთვის, ერთმანეთისთვის!.. ეს ომი მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის და იმ ოჯახებისთვისაა, ვისი შვილებიც იქ იბრძვიან, სხვებისათვის კი ომი იწყება და მთავრდება იმ ორწუთიან გადაცემებში, შავ ჩარჩოში ჩასმულ ტაქსტს რომ ახმოვანებს დიქტორი: „დაიღუპა გიორგი კვესაძე... დაიღუპა...“ თავი III გირგისათვის, ხაშურისათვის, ლეჩხუმისათვის, სამშობლოსათვის! თვითმფრინავი მოწყდა ასაფრენ ბილიკს და ზეცაში აიჭრა. ორივე სალონი სავსეა სამხედროფორმიანი ბიჭებით, გასასვლელშიც კი დგანან, ვითომ ტროლეიბუსით მგზავრობდნენ. ზოგს იარაღი აქვს ასხმული, ალბათ, ძველი მეომრები არიან, სახე გარუჯვიათ, ეტყობათ, უცხო არაა მათთვის დენთის სუნი. ჩემსავით ახალბედებიც ბლომად არიან, სახეზევე ეტყობათ დაძაბული მოლოდინი იმისა, თუ რა იქნება ხვალ... მე პირველ სალონში ვზივარ ფანჯარასთან და ღრუბლებს გავყურებ. როგორ არ მეგონა, გაგრას თუ დავთმობდით, ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ, რა მოხდა, როგორ მოხდა... არადა, სარდლობა და მთავრობა სულ აცხადებდა, რომ გაგრაში სიტუაცია სტაბილურია და საშიშროება არ არსებობს. ღმერთო, რა ხდება ამ ომში, ნუთუ ყველაფერი ბლეფია, ნუთუ ყველაფერი გაყიდულია, ნუთუ ეს სამშობლოს სიყვარულით გულანთებული და სისხლადუღებული ბიჭები დასაღუპად არიან განწირულნი? ღმერთო, შენ დაგვიფარე, ღვთისმშობელო მარიამ, ნუ გასწირავ შენს წილხვედრ საქართველოს! - გადავიწერე პირჯვარი. ჩემი წამოსვლის შესახებ მშობლებმა და ნათესავებმა არაფერი იციან. აეროპორტში ლელამ და მეგობრებმა გამომაცილეს. - ზურა, სად მიდიხარ, რომ მიდიხარ, შთამომავლობას მაინც ტოვებდე, რამე რომ დაგემართოს, გვარის გამგრძელებელიც არ გრჩება! - კიდევ ერთხელ სცადა დათომ ჩემთვის აზრი შეეცვლევინებინა. - იცი, რა, დავით, მოდი ასე ვიზამ, ხუთ სხვადასხვა ქალს ვნახავ, ხუთივესთან დავწვები, მერე იქნებ ერთი მაინც დაფეხმძიმდეს და თუ დავიღუპე, მემკვიდრეც დამრჩება. - ასე რომ მოხდეს, - ჩაერია საუბარში მერაბი, - ხუთივე რომ დაფეხმძიმდეს, ხუთივემ ბავშვი გააჩინოს, შენ კი ამ დროს ცოცხალი დაბრუნდე, რას უპირებ მერე ხუთ შვილს და მათ დედებს? - ო, მაგაზე არ მიფიქრია! -ყველას გულიანად გაგვეცინა. სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფასი დავარტყი.. - ხომ იცი, რომ არ გიხდება, იქნებ ნაკლები მოსწიო! - მთხოვა ლელამ. მის თვალებში სევდა ჩამგარიყო და ცრემლი კიაფობდა. - აუცილებლად დავანებებ, როგორც კი დავბრუნდები! - მპირდები? ნამდვილად მპირდები? - მივხვდი, რომ ეს კითხვა უპირველესად ჩემს დაბრუნებას ეხებოდა. - გპირდები! - ვუპასუხე ისეთი დარწმუნებით, თითქოს მივლინებით მივდიოდი ზღვაზე და გულში ჩავიკარი. ლელას უკვე ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები. - აბა, არ გინდა ეხლა, ხომ გთხოვე, ცრემლი არ დამანახო-მეთქი! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! - კიდევ ერთხელ მივეცი პირობა უფრო ჩემს თავს, ვიდრე ლელას, ცრემლიანი თვალები დავუკოცნე, ბიჭებს გადავეხვიე და საჩქაროდ გავეშურე გასასვლელისკენ, ზურგსუკან კი ლელას თვალების სათნო და სიყვარულით სავსე მზერა ვიგრძენი და ვირწმუნე, რომ ეს სიყვარული აუცილებლად დამაბრუნებდა! თვითმფრინავი უკვე შავი ზღვის თავზე ტრიალებს, დაჯდომა ზღვის მხრიდან ხდება, ალბათ, რომ არ ჩამოაგდონ. „ღმერთო, ნუთუ ეს შესაძლებელია?“ - გამაჟრჟოლა. აღარ მეჩვენება ზღვა მოსიყვარულედ, როგორც მაშინ, ლელასთან ერთად ლესელიძეში რომ გავყურებდი მის სილაჟვარდეს და ვფიქრობდი, რომ ტალღების ტლაშუნი ჩვენს სიყვარულს უმღერდა. პირიქით, ახლა საშიშად და მრისხანედ მეჩვენება, თითქოს ის იყოს დამნაშავე, გიორგი კვესაძის ვერტმფრენი რომ სწორედ ზღვაში ჩაიკარგა. გამახსენდა, რა ამბით გააცილა მშობლიურმა სკოლამ გიორგი სარატოვის უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში; როგორ მეამაყებოდა, რომ მე, როგორც მისი მეზობელი, ჩემს ტოლებზე ახლოს ვიცნობდი და შემეძლო, ძმაკაცურად ხელიც კი გადამეხვია; უკვე სკოლას ვამთავრებდი, გიორგი რომ სამხედრო მფრინავად დაბრუნდა სამშობლოში. კვლავ გულთბილი შეხვედრა მოვუწყვეთ სკოლაში, გვიყვებოდა თავისი სწავლის შესახებ, თუ როგორ ასრულებდა სასწავლო გაფრენებს, როგორ უჭირდა სახლიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ვაჟკაცს, როგორი ოცნებით ელოდა უკან დაბრუნებას, როგორ დაიჩოქა დიდი ხნის განშორების შემდეგ უკან დაბრუნებულმა და როგორ ეამბორა ქართულ მიწას! მაშინ ვინ იცოდა, რომ თავის მიწაზე უზომოდ შეყვარებულ გმირს მიწაც კი არ ეღირსებოდა და შავი ზღვის აზვირთებულ ტალღებში ჩაიკარგებოდა სამუდამოდ! ვინ იცოდა, რომ მისი გმირული დაღუპვა ჩემთვის და მრავალი ხაშურელი ახალგაზრდისათვის ის ბოლო წვეთი იქნებოდა, ხელში რომ იარაღს აგვაღებინებდა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩაგვწერდა. თვითმფრინავი უკვე დასაფრენ ზოლზე ეშვება. - სიგარეტს მოვწევ, - გავიფიქრე და მეორე სალონის ბოლოსაკენ გავეშურე. ძლივს მივიკვლევ გზას გასასვლელში გახიდულ ზურგჩანთებს შორის. ნაცნობი ხმა შემომესმა, იქით გავიხედე. – „ღმერთო ჩემო, ეს ხომ ალიკაა ბეროზაშვილი!“ - აღმომხდა. - ზურა! -იღრიალა ალიკამაც, წამოიჭრა და ძალუმად ჩამიკრა გულში. ამ დროს ბორბლები მიწას შეეხო და ასე ჩახვეულები გავგორდით გასავლელში. ძლივს წამოგვაყენეს, თვალებს არ ვუჯერებდი! - ჩვენ ვეღარ გვცნობ? - შემომძახეს აქეთ-იქედან. ეს ხომ ბესოა ზენაშვილი, ეს გია კაპანაზე - როხროხაა, ტრიკიჩა - მურმან ტაბატაძე, ვასიკო ლომიძე, - მთელი ხაშური აქ ყოფილა! ყველას გადავეხვიე, გული ამიჩქროლდა, სხვანაირი სიყვარული და სითბო ვიგრძენი თითოეულის მიმართ. - გაგიჟდი?! - ვეცი ალიკას, - რას შვები, ვის უტოვებ სამ-სამ შვილს? - მე შვილებს მაინც ვტოვებ გვარის გამგრძელებლებად, შენ, შენ თვითონ გაგიჟდი? შენ ვის ტოვებ? მგონია „გოროდში“ გავუშვი სასწავლებლად, - მიუბრუნდა ბიჭებს, - კაცად ვაქცევ-მეთქი, ვიფიქრე, ამას კი ხედავთ, რა უქნია, სად წამოსულა? - ჩვენ ხომ შევთანხმდით იქ, ლეჩხუმში? - კი, ძმაო, შევთანხმდით, მაგრამ არ მომწონს მე ეს ყველაფერი, რაღაც ისე არ უნდა იყოს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ნახე გაგრის ამბავი? კაცმა არ იცის, რა მოხდება, შენს მშობლებს კი პატრონი უნდათ! - პატრონი შენს შვილებს უფრო უნდათ, ამიტომაც არ შეგეხმიანე წამოსვლის წინ, რას ვიფიქრებდი, აქ თუ გნახავდი! - ავიჩეჩე მხრები. - რაც შეეხება შენს ეჭვებს, გეთანხმები, - გავაგრძელე, - მაგრამ რაც უნდა ხდებოდეს, ერთი ვიცი: ჩვენ ვიბრძოლებთ გიორგისათვის, ხაშურისათვის, ლეჩხუმისათვის, სამშობლოსათვის! - ორივემ ზეაწეული მარჯვენები მივარტყით ძალუმად და კვლავ გადავეხვიეთ. თვითმფრინავისთვის უკვე ტრაპი მოედგათ და მეომრები ნელ-ნელა იწყებდნენ ჩასვლას. თავი IV ჩვენ დავბრუნდებით! ტრაპზე გამოვედი, ღრმად ჩავისუნთქე და წამით შევყოვნდი. გონებაში ამოტივტივდა ლესელიძეში გატარებული შარშანდელი ზაფხული. ...მოსაღამოვდა. ზღვაში ჩამავალი სხივები თანდათან ძალას კარგავს. მზე ერთ დიდ ცეცხლოვან დისკოდ გადაქცეულა და თითქოს ანდამატი იზიდავს, ჰორიზონტზე ნელ-ნელა უახლოვდება ზღვის კიდეს. ხალხი თანდათან ტოვებს პლაჟს. მე და ლელა გვერდიგვერდ ვსხედვართ, თავი ჩემს მხარზე უდევს და ისე გავცქერით ცეცხლოვან ბურთს. ლელა ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი. პირველი დღეები „ჩამოსულების“ და დამხვდურების ურთიერთდაკვირვებაში გაილია. – „ნეტავ როგორი ჯგუფი შეგვხვდება?“ - ვფიქრობდით „ჩამოსულები;“ „ნეტავ, როგორი ბიჭები არიან?“ - გვაკვირდებიან ისინიც. თუმცა, საერთო ენა მალე გამოინახა, ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ ერთად უნდა გავატაროთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები! მახსოვს, ჰისტოლოგიის პრაქტიკულზე უჯრედები და ათასი სისულელე გვქონდა დასახატი. ყოველივე ეს საშინლად არ მხიბლავდა. ხან რომელ გოგონას ვთხოვე დახმარება, ხან - რომელს. ამჯერად ყველამ უარი მითხრა. ვზივარ ჩემთვის ყურებჩამოყრილი და ვფიქრობ. უცებ აუდიტორიაში ლელა ქრისტესიაშვილი შემოცქრიალდა. ამ გოგონას დანახვა ყოველთვის სიცოცხლის ხალისით მავსებს, ისეთი მომხიბვლელი ღიმილი აქვს, ყველა ტკივილს დაგავიწებს, თანაბრადაა მასში შეხამებული ბავშვური სიხალისე და ქალური სიკეკლუცე. - აი, ვინ მიშველის! - გავიფიქრე და დახმარებისთვის ლელას მივმართე. - ააარა! -მომიჭრა მოკლედ. - გაფიცებ ჩვენს სიყვარულს, დამიხატე! -ვთხოვე. - მერედა, ვინ გითხრა, რო მიყვარხარ? - შემომღიმა. - არ გიყვარვარ? - მივაშტერდი და საშინლად მომინდა ეთქვა, დიახო. - არა! - მითხრა მტკიცედ. - მაშინ, თავს შეგაყვარებ და მერე ვნახოთ! - დავემუქრე. - ვნახოთ! - გადაიკისკისა გულიანად. ამ დღიდან მოსვენება დავკარგე. საოცარი გრძნობა დამეუფლა, რომელიც ჩემიბავშვური და ყმაწვილკაცური გატაცებებისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. დაღამება შემჯავრდა, ადრიანადვე გავრბოდი ინსტიტუტში, ეზოში ვიდექი, ნერვიულად ვაბოლებდი სიგარეტს და სულმოუთქმელად ველოდებოდი ლელას გამოჩენას. - რა გჭირს? - უკითხავთ ნაცნობ-მეგობრებს, როცა სალამზე არ ვპასუხობდი, მე კი ვერ ვუხსნიდი, რა მჭირდა. მთელი უბედურება ისაა, რომ ლელასთან ენა მებმის, სათქმელს თავს ვერ ვუყრი, მთელი ღამე ვამზადებ სიყვარულის ახსნის ტექსტს და შემდეგ ფეტვის მარცვალივით ვიბნევი. ...ჯგუფელის დაბადების დღეა... სიყვარულის სადღეგრძელო... სიტყვები დავაწყვე, რიხიანად წამოვდექი, განსხვავებული ავიტაცე... უცებ სუფთა ხელსახოცი ავიღე, საიდანღაც მოფრენილი სიტყვები დავწერე, ლელას გადავაწოდე და სასმისი სულმოუთქმელად დავცალე. - ეს რას ჰგავს, ასე არ შეიძლება, ყველამ უნდა წავიკითხოთ! - ახმაურდა სუფრა. ლელამ გაბუტული თვალებით შემომხედა, ტუჩები აიბზუა, ნაწერი დამიბრუნა და აივანზე გავიდა. ნაწერი მაგიდაზე დავაგდე და საჩქაროდ უკან გავყევი, სუფრიდან კი მესმოდა, როგორ კითხულობდა დათო: ლ ექსში ჩაკარგულო, მზეში ჩაქარგულო, ე რთი სურვილი მაქვს, ოქროს ღიმილმჩენო, - ლ ამაზ ყვავილებად ფეხქვეშ დაგეფინო, ა სგზის წმინდანო და ასგზის ღმერთო ჩემო! ოთახიდან ნაზი მუსიკის ჰანგები გამოიჭრა, ყველანი საცეკვაოდ წამოიშალნენ. ჩვენ მდუმარედ ვდგავართ აივანზე, მე ხელებში ლელას ნაზი და სათუთი ხელები მაქვს მომწყვდეული და გული საოცარი სითბოთი მევსება. - ზურა! - დაარღვია სიჩუმე ლელამ, - გახსოვს მაშინ, ჰისტოლოგიაზე რომ მითხარი? - თვალები დახარა და მცირე პაუზის შემდეგ მძიმედ გააგრძელა, - ჩათვალე, რომ შენსას მიაღწიე, ოღონდ, გეხვეწები, ნუ ითამაშებ, აქ დავამთავროთ ყველაფერი!- ამოისუნთქა და თვალები ცრემლებით აევსო. მე კი უკვე აღარაფერი მესმის, ეს ხომ სიყვარულია! ვუყვარვარ, ვუყვარვარ! - მთელი ძალით ჩავიხუტე გულში. - ჩემო ერთავ, - ჩავჩურჩულებ და ცრემლიან თვალებს ვუკოცნი. - მიყვარხარ, მიყვარხარ! ...მზე უკვე მთლიანად ჩაკარგულიყო ზღვაში. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. ღმერთო, რა მშვენიერია, რა ლამაზია ზღვაც, ცაც, მზეც, ვარსკვლავებიც, ღამეც, რა ლამაზია მთელი სამყარო! ნელა წამოვდექით. კიდევ ცოტა ხანს ვუყურეთ ჰორიზონტს. ამაღამ თბილისში ვბრუნდებით, თუმცა არ გვეთმობა აქაურობა. ლელამ ხელი დაიქნია, თითქოს დაემშვიდობა ზღვის ტალღებს და მიაძახა: - ჩვენ დავბრუნდებით! ხომ დავბრუნდებით? - მომიბრუნდა. - აუცილებლად, - ვუპასუხე მე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ დავბრუნდებოდი აფხაზეთის მიწაზე, ოღონდ ლელას გარეშე, სამხედრო ფორმით და იარაღით. ამ ფიქრებით ჩავამთავრე ტრაპი და მძიმედ შევდგი ფეხი ძირძველ ქართულ მიწაზე. სოხუმში წვრილად ცრიდა. თავიV საბრძოლო ნათლობა სოხუმში ჩამოსვლისთანავე ყველანი ცენტრალურ შტაბში წაგვიყვანეს, სადაც დაიწყო განაწილება პოზიციების მიხედვით. სანამ „თეთრი არწივის“ სამედიცინო ასეულის ბიჭებს ვნახავ, მანამდე ხაშურის ბატალიონთან ვიქნები, - გავიფიქრე. ხაშურის ბატალიონი მაშინ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას ამაგრებდა და ახლადჩამოსული ხაშურელი ბიჭებიც, რა თქმა უნდა, იქ გაანაწილეს. ამ დროს შტაბის წინ სამხედრო „უაზი“ გაჩერდა სამედიცინო ემბლემით და, ჰოი, საოცრებავ, გადმოვიდნენ კობა კიკნაველიძე, ზაზა აწყვერელი, მამუკა იოსელიანი და ლაშა ქოიავა. ესენი ჩემზე ადრე ჩამოვიდნენ, ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობთ, „მედქალაქშიც“ თითქმის სულ ერთად ვართ და აქაც მათ უნდა შევერთებოდი. - ბიჭებო, ბიჭებო, აქა ვარ, ჩამოვედი! - მივვარდი მათთან. - ვა, ზურა, დღეს უკვე აღარ გელოდით, - შემომეგებნენ და გულში ჩამიკრეს. - აქ რას აკეთებ, რატომ პირდაპირ ბაზაზე არ მოხვედი? - არ ვიცოდი ზუსტად, სად იყო „თეთრიარწივის“ ბაზა. - ვუპასუხე, - თუმცა, თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა და აჰა, აქა ვარ! თქვენ ხომ ხართ ჯანმრთელად, როგორაა ომის საქმე, მალე მოვუღებთ მტერს ბოლოს? - ყველაფერი კარგად იქნება, რაღაი შენც აქ ხარ, უცებ მოვაყომარებთ ყველაფერს, - გამეხუმრა ზაზა. ამ დროს მოგვიახლოვდა ბრგე, ათლეტური, შემელოტებული ვაჟკაცი. - მინისტრს ველაპარაკე, მედიკამენტებს ხვალ გამოგზავნის ბაზაზე. - უთხრა სოხუმური აქცენტით ბიჭებს. - ეს ზურაა, ჩვენი მეგობარი, ახლა ჩამოფრინდა თბილისიდან, - წარმადგინეს ბიჭებმა. - ეს კიდევ თამაზი შეროზიაა, სოხუმელი ექიმი, მებრძოლი და რა ვივი, მოკლედ, - გამაცნო ლაშამ. - წავედით, არა? თამაზიმ თავისი დაკუნთული მარჯვენა გამომიწოდა და შინაურულად გადამეხვია. - ერთი წუთით დამიცადეთ, - მივმართე ბიჭებს, გავიქეცი ხაშურლებისაკენ, ყველას გადავეხვიე, - მაგრად, ძმებო, თავებს გაუფრთხილდით! - იჩქარე, ზურა, მაგათ კიდევ ბევრჯერ ნახავ, წავედით! -გამომძახა ლაშამ. ჩავსხედით მანქანაში და გავეშურეთ აგუძერასკენ, სადაც ჩვენი ბაზა მდებარეობდა. ბიჭებმა პირდაპირ საწყობში შემიყვანეს, ფორმა და იარაღი ამირჩიეს, ნამდვილ „ბოევიკს“ დამამსგავსეს. მერე მედიკამენტების ჩანთაც მომცეს და ყარყარაშვილთნ წარმადგინეს, ახლა ნამდვილი ჩვენიანი ხარო, მითხრეს. მეორე დილით სოხუმიდან მოგვადგა მედიკამენტებით დატვირთული მანქანა, თან ორი ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონა ახლდა - ნონა ღვინჯილია და რუსუდან ეზუხბაია. ნონა ჯანდაცვის მედიკამენტების საწყობების უფროსი ყოფილა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსიკო კი ომამდე სოხუმის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, ახლა კი ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე დედას ეხმარებოდა. - ბიჭებო, ფაქტურები აქ არის, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროთ და ჩვენ წავალთ. - მოგვმართა ნონამ. - იცით, ჩვენ უცხო ქალებს ასე იოლად არ ვუწერთ ხელს, - სერიოზული სახით უთხრა კობამ. კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და ხელსაც მერე მოგიწერთ. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. - კარგით, მაშინ მითხარით, კარგად გაცნობაში რას გულისხმობთ? - ჰკითხა ნონამ. - აი, მაგალითად, სახლში რომ დაგვპატიჟებთ, თითო ბოკალ შამპანურს დავლევთ, გადღეგრძელებთ, ჭიქებს მივაჭახუნებთ... - იცით, ჩვენ უცხო კაცებს სახლში საერთოდ არ ვპატიჟეთ და არც ბოკალს ვუჭახუნებთ, ასე, რომ ჯერ ხელი მოაწერეთ, მიპატიჟებაზე და შამპანურზე კი შემდეგში ვილაპარაკოთ! - გაუწოდა ნონამ ფაქტურები. - ხა, ხა, ხა! გადავიხარხარეთ ერთხმად, თამაზიმ კი ნონას ზემოთ აწეული ცერი უჩვენა. - გეგონა, ზესტაფონელი აზნაური სოხუმელ გრაფინიას მოუგებდი ლაპარაკში, არა, ჩემო კობა? - მიმართა, - მაგრები ვართ სოხუმლები, მაშ, რა გეგონა? მედიკამენტები დავახარისხეთ, დავაბინავეთ, გოგონები თავიანთ მანქანასთან მივაცილეთ და ის იყო, უნდა გამოვმშვიდობებოდით, რომ განგაშის სიგნალიც გაისმა. ორ წუთში მთელი შენაერთი „პლაცზე“ იყო სრული საბრძოლო მზადყოფნით. მეთაურიც მალე გამოჩნდა. - მებრძოლებო! - მოგვმართა ყარყარაშვილმა, - ტამიშზე შემოტევაა, დახმარებაა საჭირო! სასწრაფოდ დანაწილდით მანქანებში და მომყევით! ლაშა, - მიმართა ქოიავას, - მიაქციე ყურადღება, რომ შენი ბიჭები ყველა ბატალიონში გადანაწილდნენ! დავიძარით სამხედრო თუ სამოქალაქო მანქანებისაკენ. ჩვენ იკარუსში მოვთავსდით. უცებ მანქანაში ნონა და რუსიკო ამოვიდნენ. - ჩვენც მოვდივართ, დაჭრილებს დავეხმარებით, - გვითხრა რუსიკომ. - არავითარ შემთხვევაში! - მკაცრად უთხრა თამაზიმ, - თქვენ დაბრუნდით სოხუმში და ქალბატონ მერის დიდი მადლობა გადაეცით. აბა, ჩქარა, ჩაბრძანდით და კარგად ბრძანდებოდეთ! - თითქმის ძალით ჩაიყვანა თამაზიმ ორივენი ავტობუსიდან. - წავედით, წავედით! - მიმართა მძოლს. მალე ტამიშის ხიდს მივადექით, ტრანსპორტიდან ჩამოვედით. - წინ ტანკი წავა, ჩვენ უკან მივყვებით, ტყვიამფრქვევი ჩემთან ივლის, ყუმბართმტყორცნები დანაწილდით, მედიკებიც დანაწილდით, ხიდის გადასვლის შემდეგ ჩემს ბრძანებას დაელოდეთ! - მოგვმართა ყარყარაშვილმა. უცებ თვალი ნონას და რუსიკოს მოვკარი. - ესენი საიდანღა გაჩნდნენ! - მივვარდით. თურმე, უკანა კარიდან ამოსულან უკვე დაძრულ ავტობუსში. - ბიჭებო, არ გვეჩხუბოთ, ჩვენ აქ დავრჩებით და დაჭრილებს დავეხმარებით, თქვენ კი ფრთხილად იყავით, გეხვეწებით! - ისეთი სითბო და სიყვარული ჰქონდათ თვალებში, ჩხუბი აზრად არავის მოგვსვლია, შიში კი გვქონდა, რაიმე არ მოსვლოდათ. მანქანების უკან გაჩერდით და ხიდთან მოახლოება არც იფიქროთ! - სთხოვა თამაზიმ. - წავედით, შენ კი, - მომიბრუნდა, ეგ ავტომატი მხრიდან მკერდზე გადმოიტანე, წამლების ჩანთა მარცხნივ და ოდნავ უკან გქონდეს, „ლიფჩიკი“ (მკერდზე გაკრული ტყვიებით დატვირთული „რაჟოკების“ შესანახი) ისე გაისწორე, მთელ გულმკერდს ფარავდეს. დამცველის მოხსნა არ დაგავიწყდეს და კიდევ: ჩემს უკან ივლი და ერთი ნაბიჯიდაც არ ჩამომრჩე! ხიდი სწრაფად გადავიარეთ, ბრძოლა იქვე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ჩვენს შენაერთს ძველი კიდღის მხრიდან აფხაზები თავს დასხმიან, იქვე იყვნენ ახალი კინდღის ადგილობრივი მებრძოლებიც. ჩვენი შენაერთი მაშინვე ჩაება ბრძოლაში. ამუშავდა ტყვიამფრქვევი და ყუმბართმტყორცნები. მტრის ცეცხლი თანდათან კლებულობდა. „მტრის ცეცხლის მიმართულებით ისროლე. რამდენიმე ჯერი გაუშვი, შემდეგ სწრაფად ჩაწექი და ადგილი გამოიცვალე, ერთი ადგილიდან ზედიზედ ორჯერ არ ისროლო!“ - მასწავლიდა თამაზი. ნელ-ნელა წინ მივიწევდით, რამდენიმე მოკლულ მოწინააღმდეგეს გავცდით, ერთი მათი დაჭრილი გამოვიყვანეთ და ზურგში გავგზავნეთ. მტრის რიგები იმდენად შეთხელდა, ამათი გაყვანა ვეღარ მოასწრეს. თითქმის მთელი ტერიტორია გაიწმინდა, მხოლოდ ერთი დანგრეული სახლის მხრიდან ისმოდა სროლა. - ორმა კაცმა უკნიდან მოუაროს, წინიდან ცეცხლი გაძლიერდეს, რომ ვერ შენიშნონ, ვეცადოთ, ცოცხლად ავიყვანოთ! - ბრძანა მეთაურმა. ორი მებრძოლი შემოვლით გაეშურა მტრის საცეცხლე წერტილისაკენ, შეროზიაც მათ შეუერთდა. მათ ნიშანზე ცეცხლი შევწყვიტეთ. სიჩუმემ დაისადგურა. უცებ კვლავ აკაკანდა ავტომატი, ხელყუმბარის აფეთქების ხმაც გაისმა. კვლავ სიჩუმე... - აქეთ, აქეთ, დაჭრილი გვყავს! - გაისმა შეროზიას ყვირილი. თურმე ჩვენი ბიჭები სამ აფხაზ მეომარს თავზე უკნიდან წამოადგნენ და დანებება უბრძანეს. მათ დაყარეს იარაღი, ვითომ ჩაბარდნენ, ამ დროს კი ერთმა ხელყუმბარა გახსნა. - დაწექით! - შეჰყვირა შეროზიამ და ავტომატის ცეცხლი გახსნა. შედეგად, სამივე აფხაზი თავისმავე ხელყუმბარამ იმსხვერპლა, ჩვენი ერთი მებრძოლი კი მსუბუქად დაიჭრა. ოპერაცია თითქმის დასრულდა. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალა განადგურდა, ნაწილმა კი მოასწრო ტყისკენ დახევა. უცებ აფეთქების საშინელი ხმა და განწირული ყვირილი გაისმა - მინაზე ჩვენი მებრძოლები აფეთქდნენ! - საჩქაროდ ხუთი ავღანელი, ბიჭები არიან გამოსაყვანი დამინული მინდვრიდან! - იქუხა ყარყარაშვილმა. უმალ წამოიმართა ოთხი ვაჟკაცი. - მეც ავღანელი ვარ, წავედით! - გაჩნდა მეხუთე მებრძოლიც. როგორც აღმოჩნდა, ეს მებრძოლი ახალდაბელი ბადრი ჩაკვეტაძე ყოფილა, აგუძერას დასასვენებელი სახლის დირექტორი, რომელმაც ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩაიცვა ფორმა, აიღო ხელში იარაღი და სოხუმის ჩაბარებამდე ხელიდან აღარ გაუშვია, უშიშრად ეკვეთა სამშობლოს მტრებს და ასე უშიშრად განვლო მთელი ომი, თან ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სოხუმს და საქართველოს, მრავალი დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და მრავალ გმირს დაუხუჭა სამშობლოს სიყვარულით ანთებული თვალები! ახლაც, ოღონდ თვითონ ყოფილიყო პირველი თანამოძმეების საშველად წამსვლელთა შორის და „ავღანელობაც“ კი დაიბრალა! აფეთქებულები ახალი კინდღის მეომრები აღმოჩნდნენ, ერთს ცალი ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი, მეორეს - ორივე! მოიხსნა ტოლიკა ფარცვანიამ ნაბადი, რომელიც ორი-სამი საათის წინ, ძველ კინდღში დაზვერვითი ოპერაციის დროს ნახა ბადრი ჩაკვეტაძემ ერთ-ერთ სახლში, ბუხართან მიყუდებული და მას აჩუქა; მან და ბადრიმ ორივე განახევრებული დაჭრილი ამ ერთ ნაბადზე მოათავსეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს დამინული მინდვრიდან, არადა ყოველ წუთს შეიძლებოდა, თვითონაც ისევე აფეთქებულიყვნენ იქვე სადმე ბოროტად გაფანტულ მინებზე! სხვათა შორის, ეს ის ტოლიკა ფარცვანიაა, სოხუმის დაცემის შემდეგ ლეგენდად რომ დადიოდა მისი გმირობის ამბავი: მარჯვენა ხელში ტყვიით დაჭრილს, მძიმე რეკონსტრუქციული ოპერაცია თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში გაუკეთდა, წინამხარზე „ილიზაროვის“ აპარატი დაადეს და მთელი წინამხარი, თითების ჩართვით, თაბაშირში ჩაუსვეს; ამ დროს დაიწყო გადამწყვეტი შემოტევა სოხუმზე, ტოლიკამ მიატოვა მკურნალობა, გაფრინდა სოხუმში, „ილიზაროვის“ აპარატზე დაიმაგრა რკინის კაუჭი თითივით, რითაც ტენიდა „ზატვორს,“ კრავდა ჩახმახს და ასე იბრძოლა ბოლომდე, სოხუმის დაცემამდე! ორივე დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში ჰოსპიტალში გადავაგზავნეთ. როგორც შემდეგ ამბავი მოვიდა, ცალფეხმოგლეჯილის - ჯამბული პაპავას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მეორე კი, რომელსაც ორივე ფეხი ჰქონდა დაკარგული, სასწაულით გადარჩა. „საწყალი ბიჭი, ნახევარი კაცი დარჩა, რაღაა მისი სიცოცხლე? - მომესმა საუბარი, - არადა ლეშკაშელებში მაგისთანა მაგარი არავინაა!“ „რაო, მომესმა თუ მართლა ლეშკაშელი ახსენეს! - მივვარდი მოსაუბრეებს, - ვინაა ლეშკაშელი?“ აღმოჩნდა, რომ ახალი კინდღი, ბერიას დროიდან, მთლიანად ლეჩხუმლებით ყოფილა დასახლებული, მათ შორის რამდენომე ოჯახი ლეშკაშელიც ყოფილა და ის, მინაზე აფეთქებული ემზარ ლეშკაშელი აღმოჩნდა. ემზარი და მისი ძმა ელგუჯა, სხვა ადგილობრივ ბიჭებთან ერთად, ომის პირველივე დღიდან იბრძვიან საქართველოს გადასარჩენად. „აუცილებლად ვნახავ და გამოვეცნაურები“ - გავიფიქრე, თან გამიხარდა, რომ აფხაზეთში მოგვარეები და ვინ იცის, ნათესავებიც მყოლია. ცოტა ხანში ჩვენი შენაერთი საწყის პოზიციას დაუბრუნდა. „ცოცხლები ხართ, დიდება უფალს! - შემოგვეგებნენ ნონა და რუსიკო, თან დიდი ხნის მეგობრებივით გულში ჩაგვიკრეს, - ხომ საკადრისად გაეცით პასუხი?!“ - ისეთი სიამაყით, ისეთი პათოსით, ისეთი შემართებით წარმოთქვეს, რომ აღარ მიკვირს, რატომ არ დატოვეს აფხაზეთი და რატომ დარჩნენ სოხუმში სიცოცხლის რისკის ფასად. ამასობაში დაბნელდა. ჩვენთან მეთაურის დავალებით კაცი მოვიდა და გვამცნო, რომ ჯანდაცვის მინისტრს ამ გოგონებზე საკავშირო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და სასწრაფოდ სოხუმში გაგვემგზავრებინა ორივე. - ზურა, შენ გაჰყვები და პირადად ჩააბარებ ორივეს მინისტრს! - მიბრძანა ლაშამ. სწორედ მაშინ გავიცანი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი მერი ჯანგველაძე. თავიVI პირველი საავადმყოფო აგუძერაში ვართ, საბაზო ბანაკში. ხვალ „თეთრი არწივი“ თბილისში მიემგზავრება. რადგან მე დაბრუნებაზე უარი განვაცხადე, ცოტა ხნით მათ გარეშე მომიწევს ყოფნა. ამ დროს სამედიცინო ასეულის უფროსმა, ლაშა ქოიავამ დამიძახა და მითხრა, რომ ერთ საათში მზად ვიყო, სოხუმში მივემგზავრებით ვინმე ნუგზარ გადელიასთან შესახვედრად, რომელიც ცენტრალურ შტაბში ჯანდაცვის სისტემას კურირებს და გადაწყვეტილია, რომ მე ერთ-ერთი საავადმყოფოს უფროსი ვიქნები. - ეს რას ნიშნავს, საავადმყოფოში რა მინდა? ვკითხე. - ეს ნიშნავს, რომ ასეთია ბრძანება! იქნები საავადმყოფოში, გეყოლება სასწრაფო დახმარების მანქანა, გექნება რაცია, მიიღებ შეტყობინებას და გამოიყვან წინა ხაზიდან დაჭრილებს, მალე ჩვენც ჩამოვალთ და ისევ ჩვენთან გადმოხვალ! - გასაგებია. - ვუპასუხე და წავედი ჩემი ნივთების მოსაკრეფად. ავტომატი დავშალე, გავწმინდე, ისევ ავაწყვე და იქვე ზურგჩანთასთან მივაყუდე, შემდეგ კი წყლის გადასავლებად აბაზანაში შევედი. ვიბან და ჩემთვის ვღიღინებ რამიშვილის სიმღერას - „თბილისელი ვარ, თბილისში გავჩნდი...“ კართან ხმაური მომესმა. - ვინ არის? - დავიძახე. სიჩუმეა. - ეტყობა მომეჩვენა! - გავიფიქრე და უკვე ხმამაღლა გავაგრძელე ჩემებური ინტერპრეტაციით: „ხაშურელი ვარ, ხაშურში გავჩნდი, მეამაყება, ვარ ბედნიერი“... -ხა-ხა-ხა-ხა! - მომესმა ხარხარი. პირსახოცი მოვიხვიე და გარეთ გამოვვარდი. ვხედავ, თამაზი, მამუკა და კობა იატაკზე გორავენ და ბჟირდებიან. -კარგია, კარგია, მაგარი ვოკალი გქონია! - იცინის თამაზი, თან ცრემლებს იწმენდს. -ლეშკაშელო, ბოლო-ბოლო სადაური ხარ, ხაშურელი, თბილისელი თუ ლეჩხუმელი? - იცინის გოსაც (ეს მამუკა იოსელიანის მეტსახელია). -იცით რა, ძმაო, ხაშურელიც ვარ, თბილისელიც ვარ, ლეჩხუმელიც ვარ, ლეშკაშელიც ვარ! -გავჩუმდი, - მაგრამ პირველად ქრისტიანი ვარ, უპირველესად კი ქართველი ვარ! - გავრითმე უცებ და სერიოზული სახით გავაგრძელე გამშრალება. -ზესტაფონელი არ ხარ, ძმაო? - გამომაჯავრა კობამ. -ზესტაფონელი არა, მაგრამ ბებია მყავს შორაპნელი, საღვინიდან, მშვენიერაძის ქალი! - ვუპასუხე ამაყად და მეც გამეცინა. ცოტა ხანში გამოვეწყვე და სოხუმისაკენ გავეშურე ლაშასთან ერთად. შტაბში მისვლამდე ფოსტაში შევიარეთ. როგორც ყოველთვის, ახლაც პირდაპირ ოპერატორთან ავედით, ხაშურში დავრეკე. ყურმილი დედაჩემმა აიღო. -შემოგევლოს დედა, როგორ ხარ, რას მოგვანატრე თავი! - გულში სითბო ჩამეღვარა, - როდის ჩამოხვალ? -დედა, ხომ იცი, დიფ-ჩათვლები, სესიები (რა დროს სესიებია ჯერ!), თან ნაშრომზეც ვმუშაობ, ვერ მოვიცალე. ამ შაბათ-კვირას კი ჯგუფელს მივყვებით კახეთში რთველზე და არ მელოდოთ. თქვენც არ ჩამოხვიდეთ, უთხარი მამას, სულ აქეთ-იქეთ დავრბივარ და მაინც ვერ მნახავთ! - დავიზღვიე თავი. -მამა მომიკითხე, ყოჩაღად იყავით, აბა, თქვენ იცით! -ყურმილი დავკიდე. - არაფერი გაუგიათ! -დავმშვიდდი. წავედით გადელიასთან შესახვედრად. გადელიამ ბარათაშვილზე, პირველ საავადმყოფოში წაგვიყვანა და მთავარ ექიმთან წარმადგინა. მთავარმა ექიმმა ჩამაბარა სეიფი ნარკოტიკებით, საწყობი, გასაღებების დიდი აცმა. - ნეტავ, ეს ყველაფერი რისთვის მჭირდება? - ვფიქრობ. -ეს შენი მძღოლი იქნება, იგორი! - გამაცნო გადელიამ სასწრაფოს მძღოლი, - აბა, შენ იცი, ჩემთან მუდმივი კონტაქტი იქონიე! -მითხრა და ხელი გამომიწოდა დასამშვიდობებლად. ლაშას გადავეხვიე, კიდევ ერთხელ ვთხოვე, მალე ჩამოსულიყვნენ, მათ წასვლას დაველოდე და შენობაში შევედი. პირველი შეტყობინება რაციაზე გამთენიისას მივიღეთ. იტყობინებოდნენ, რომ იაშტუხადან დაჭრილი იყო გამოსაყვანი. მანქანაში ჩავსხედით და გავცვივდით. იგორი ძალიან კარგი ბიჭია, სოხუმელი რუსია, ქართული კარგად ესმის, თუმცა ლაპარაკი უჭირს. ცოტა სიტყვაძუნწია, მაგრამ თავისი საქმე ხუთიანზე იცის. ადგილზე მივედით. დაჭრილს ტყვია ბარძაყში ჰქონდა მოხვედრილი. პირველი დახმარება აღმოვუჩინე, საკაცეზე დავაწვინე და ბიჭების დახმარებით მანქანაში მოვათავსეთ. საავადმყოფოში უკვე გველოდებოდნენ, საოპერაციო მზად იყო და პირდაპირ შევიყვანეთ. ამასობაში მეორე შეტყობინებაც მოვიდა უკვე გუმისთადან, ახლა იქეთ გავეშურეთ. პოზიციამდე კარგა დიდი მანძილი იყო დარჩენილი, როცა ბიჭებმა გაგვაჩერეს. ერთ-ერთი მანქანასთან მოვიდა. -„დალშე“ ფეხით უნდა წამოხვიდეთ, - გვითხრა სოხუმური აქცენტით, - საკმაოდ ღია ადგილია და სასწრაფოს თეთრი მანქანა საუკეთესო სამიზნეა. მე და იგორმა საკაცეები ჩამოვიღეთ და ბიჭებს უკან მივყევით. დაჭრილი ორი იყო, ერთი ფეხში, მეორე კი, რომელიც ამის გამოყვანას შეეცადა, - თავში. -შეძლებ? -მომაპყრო მზერა ისევ იმან, პირველად რომ შემოგვხვდა. -უნდა ვცადო! -კარგი, ჩვენ „პადმოგას“ გაგიკეთებთ! ბიჭებო, ცეცხლს ჩემს ნიშანზე გახსნით, ყველა „სტვოლი“ მზად იყოს, „პულემიოტი“ და „გრანატამიოტი“ მოემზადოს! -გასძახა დანარჩენებს, ეტყობა, უფროსია. ნელ-ნელა გავხოხდი. 5-6 მეტრზე რომ მივუახლოვდი, ჩვენმა ბიჭებმა მტრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ტყვიების ისეთი წვიმა წამოვიდა, ქვას დაადუღებდა. თავში დაჭრილს ვწვდი მხრებში და ნელ-ნელა გამოვათრიე, ფეხში დაჭრილიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც გამოხოხდა. პატარა ბექობს ამოვეფარეთ, საჩქაროდ გამაყუჩებლები გავუკეთე ორივეს, შოკი რომ არ განვითარებულიყო და ჭრილობების შეხვევა დავიწყე. სხვებიც მოგვეშველნენ, ორივე დაჭრილი გავათრიეთ, საკაცეზე დავაწვინეთ და სირბილით გავემართეთ მანქანისაკენ. -იგორ, მე აქ დავრჩები, ახლა აქ უფრო საჭირო ვარ, შენ ეგენი მიიყვანე და მალე მოდი! -ვუთხარი და ბიჭებს შევუერთდი. -კარგი იყო! - გამომიწოდა ხელი იმან, ბრძანებებს რომ იძლეოდა, - ლადო დაშნიანი, სოხუმი! - გამეცნო. -ზურაბ ლეშკაშელი, ხაშური! - გავუწოდე მეც ხელი და მაგრად ჩამოვართვი. - აქეთ წამოდი! - მიმიპატიჟა ლადომ სანგარში. ორმხრივი სროლები გრძელდებოდა. -დაჭრილია! - გაისმა ყვირილი. დაჭრილი ჩვენგან საკმაოდ წინ, პირდაპირ მოშიშვლებულ ადგილას იწვა. -ერთად გავხოხდეთ! - მეუბნება ლადო. - ჯობია, შენ წეღანდელივით უხელმძღვანელო, უფრო გამოგვივა! ამ დროს სხვა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა, პირდაპირ მოაჭრა და ჯავსნოსანის უკან დააყენა, იქედან კი ერთი სუსტი, მელოტი ბიჭი გადმოხტა და ჩვენთან ჩამოძვრა სანგარში. -შეტყობინება მივიღე, რა ხდება? - იკითხა. -ორი დაჭრილი ბარათაშვილზე გადავაგზავნეთ, მესამე კი ჯერ კიდევ აქ არის! - დაანახა ლადომ. მოსული ერთი წუთით დაფიქრდა, მერე სასწრაფოსთან მიირბინა, საიდანღაც დაჭმუჭნული თეთრი ხალათი გამოაძრო, ჩაიცვა, „ბიჭები მზად გყავდესო,“ -ესროლა ლადოს და ჯიქურ გაემართა დაჭრილისაკენ. -გაგიჟდა, რას შვება! -ერთხმად აღმოგვხდა. ცეცხლი წამით შეწყდა, ეტყობა, მოწინააღმდეგე მხარეც გააოგნა მომხდარმა. ამასობაში თეთრხალათიანი დაჭრილთან მივიდა, უცებ ჩაწვა, ხელები და ფეხები შემოხვია და კოტრიალით გამოემართა შემაღლებული ბექობისაკენ. ახლა კი გამოერკვნენ აფხაზები და ატეხეს სროლა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ისეთი პასუხი მიიღეს, მიზანში მორტყმა ვეღარ შეძლეს. დაჭრილი საწრაფოს მანქანაში გავაქანეთ, „მეორეში მიმყავსო!“ - მოგვაძახა და გაუჩინარდა. -ღმერთო ჩემო, ვინ იყო?! -ვიკითხე გაოგნებულმა. -ეგ „ტიკ-ტაკაა,“ თუ დააკვირდი, ისე ქანაობს სიარულის დროს, როგორც საათის ქანქარა. ამიტომ ასე ეძახიან, ისე კი პაატა ჰქვია, ყუფარაძე, თბილისელი ექიმია და მეორე საავადმყოფოშია მიმაგრებნული, - მითხრა ლადომ. -ექიმი კი არა, ჯადოქარი ყოფილა, ძმაო! -გავშალე ხელები. ცოტა ხანში იგორიც მოვიდა. ბრძოლა მიწყნარდა, ამიტომ ლადოს ბიჭებს დავემშვიდობე და გავწიეთ ბარათაშვილზე. საავადმყოფოს მედ-პერსონალს მალე შევეჩვიე. ძალიან კარგი კოლექტივი აღმოჩნდა, საქმისა და პროფესიის მოყვარული და კარგად მცოდნე. ისე მიიღებდნენ ათ დაჭრილს ერთად, ერთ ზედმეტ მოძრაობას, ერთ ზედმეტ ხმას ვერ გაიგონებ. ყველას სათანადოდ უვლიან. იმის თქმა საჭიროც არაა, რომ თავიანთი კუთხე და სამშობლო უზომოდ უყვართ, სხვა შემთხვევაში სხვებივით დატოვებდნენ აფხაზეთს. იმ ხნის მანძილზე, რაც პირველ საავადმყოფოში დავყავი, იმდენი სითბო და სიყვარული გამომყვა, მთელი ცხოვრება მეყოფა. ერთი მინდა მათ ხმამაღლა ვუთხრა: თქვენ, უკლებლივ ყველანი, გმირები ხართ, ნაღდი სოხუმელები ხართ, ძალიან დიდი პატრიოტი ქართველები ხართ და ძალიან მიყვარხართ! ჩემი მოღვაწეობა საავადმყოფოში თანდათან დაემგვანა რადისტისა და გადამყვანის როლის შემსრულებელს. მივიღებდით გამოძახებას, გავიდოდით წინა ხაზზე, ბიჭები დაგვახვედრებდნენ ბრძოლის ველიდან გამოყვანილ დაჭრილს, ჩვენ მოგვყავდა საავადმყოფოში. -ამას იგორი უჩემოდაც შეძლებს! - გადავწყვიტე. ჩავაბარე გასაღებები მთავარ ექიმს, ყველას დავემშვიდობე; განსაკუთრებით დიდხანს და თბილად ნანას ვემშვიდობებოდი, რომელიც ძალიან მომწონდა და სულ ვეხუმრებოდი, ჩემი უნდა გახდე-მეთქი. -არ მომყვები? - ვკითხე. -ხომ გითხარი, „Толко через ЗАКС!“ - ეშმაკურად გამიღიმა და ხელი დამიქნია. იგორს ბეჭებზე ხელი დავკარი, აბა, შენ იცი-თქო, ვუთხარი და ისე, რომ არავისთვის არაფერი მიკითხავს, გავემართე წინა ხაზზე, ცუგუროვკაში, სადაც უკვე ხაშურის ბატალიონი იდგა. რადიოდან კი ისმოდა რუსი დიქტორის ხმა: „გრუზინსკიე ბოევიკი ოგრაბილი სუხუმსკიე პიტომნიკი!..“ თავი VII ცუგუროვკა საღამოს უკვე ცუგუროვკაში ვიყავი და ბიჭების აღტაცებულ შეძახილებს ვისმენდი. ერთმანეთი მოვიკითხეთ, მოვისიყვარულეთ. მერე როხროხამ (გია კაპანაძე, რაღაცნაირი როხროხა ხმა ჰქონდა და ამიტომაც ეძახდნენ ასე), რომელიც ბატალიონს ხელმძღვანელობდა, პოზიციები გამაცნო. ნახევარი ბატალიონი პოსტებზე იდგა, ყურადღებით აკვირდებოდნენ მდინარის გაღმა მხარეს, სადაც უკვე ტყვიის მისაწვდენ მანძილზე მოწინააღმდეგის პოზიციები იყო განლაგებული. - ეს რა არის, ხესთან? - ვიკითხე. - ეს, ძმაო, ცხვარია, ხვალ როხროხას ვნათლავთ და უნდა დავკლათ. - მიპასუხა მურმან ტაბატაძემ, რომელსაც ყველა უფრო „ტრიკიჩას“ მეტსახელით იცნობდა. - ეს ის ჭედილა ხომ არ არის, თბილისის აეროპორტიდან რომ გადმოსცეს ტელევიზიით, ხაშურლებმა ფსოუზე უნდა დაკლანო? - ისაა, ისაა, ძმაო, მაგრამ ფსოუმდე რაღაც ძალიან შორს ჩანს... მიპასუხა თამაზი ესიკოვმა. - აბა, ახლა დავიძინოთ! - ბრძანა როხროხამ, - ორ საათში ცვლა მზად იყოს, ექიმს მორიგეობა არ შეეხება, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი „დოხტური“ გვყავს! - გამიცინა. მე სლავა ლაბაძეს მივუწექი გვერდით, რადგან სხვა ადგილიაღარ იყო და, პირველად მთელი ამხნის მანძილზე, ღრმად ჩამეძინა. ღამემ მშვიდად ჩაიარა. მეორე დილით ბიჭები დილიდანვე აფუსფუსდნენ, ცეცხლზე წყალი შემოდგეს და ჭედილა დაკლეს. ამასობაში მანქანით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე დანიელი გვეწვია. მეუფემ თავისი ახალგაზრდული გარეგნობით, სულში ჩამწვდომი საუბრით და სათნოებით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მან ყველანი დაგვლოცა, აღსარება ჩაიბარა და გვაზიარა. შემდეგ როხროხას ნათლობის ცერემონია დაიწყო. ბოლოს კიდევ დაგვლოცა, გადარჩენა და მტერზე გამარჯვება გვისურვა, ტრაპეზზე თავაზიანი უარი გვითხრა, შრომაში მეჩქარებაო, ბრძანა და გაემგზავრა. -გია მალე ჩამოვა? - მკითხეს ბიჭებმა. აქაც და მთელს აფხაზეთის ფრონტზე ყარყარაშვილის ჩამოსვლას ისე ელოდებიან, როგორც მხსნელის და გადამრჩენის. ყველა დარწმუნებულია, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყება ფართომასშტაბიანი შეტევა როგორც გუდაუთის, ასევე ტყვარჩელის მიმართულებით და სულ მალე აფხაზეთი თავისუფალი და საქართველოს განუყოფელი ნაწილი იქნება. -არ ვიცი, ამბობენ, ძმის ორმოცის შემდეგო, ზუსტად არ ვიცი, - ვუპასუხე. ცოტა ხანში თავისი თეთრი „ნივით“ კაკო ძია ამოვიდა. შემდეგაც ყოველდღე მოდიოდა და პროდუქტით და ტყვია-წამლით გვამარაგებდა. -ბიჭებო, ძალიან ყურადღებით იყავით, მოწინააღმდეგის მხარეს საეჭვო მოძრაობაა, ხმები დადის, ცუგუროვკის ან შრომის მხრიდან შემოჭრას შეეცდებიანო! - გაგვაფრთხილა. -ამაღამ მორიგეობა არ გვექნება, ყველანი პოსტებზე ვიქნებით! - ბრძანა როხროხამ. ორმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მესამე ღამეს კი, პირველი ნოემბრის გამთენიისას, მტერმა მართლაც დაიწყო დიდი შემოტევა შრომის მხრიდან, მდინარეც თითქმის გადმოლახეს, თუმცა ჩვენი შენაერთები მზად იყვნენ და თავდადებული ბრძოლით მტრის უკუქცევაც შევძელით. ხაშურელი ბიჭები როხროხას ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებებში და მნიშვნელოვანი როლიც შეიტანეს მოწინააღმდეგის მოგერიებაში. მტერმა დიდძალი დანაკარგი ნახა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის მხრივ. მდინარე და გაღმა ნაპირი მოფენილი იყო მათი გვამებით. საბედნიეროდ, ჩვენი დანაკარგი უმნიშვნელო იყო. ნოემბრის ბოლოს მივიღეთ ბრძანება, დაგვეტოვებინა ცუგუროვკა და გადავსულიყავით ე.წ. „მეშველიანის“ ტურბაზაში. ის-ის იყო, ტურბაზაში დავბინავდით, გარეთ საშინელი სროლა ატყდა. ყველანი იარაღასხმულნი გამოვცვივდით. ტურბაზის წინ, შუა ქუჩაში, ერთი ჩვენი მეომარი ყველა მიმართულებით აკაკანებდა ავტომატს, იქვე, მის ფეხებთან კი ორი ბიჭი სისხლში ცურავდა. უცებ მსროლელისაკენ ერთი მეომარი გაემართა. -ძმაო, დაწყნარდი, მე ექიმი ვარ, დასახმარებლად მოვედი, დაუშვი იარაღი! -ეუბნება. ეს ხომ ზაზაა აწყვერელი, ნეტავ როდის ჩამოვიდნენ?! მსროლელი არაადამიანური ხმით ყვირის: -არ მომეკაროთ, ყველას დაგხოცავთ!.. უცებ უკან მოტრიალდა და ავტომატი ჩვენსკენ მოიშვირა. ტანში გამცრა, ასე ახლოდან სიკვდილი არასოდეს მინახავს! სასხლეტს თითი რომ გამოკრას, განძრევასაც ვერ მოვასწრებთ!... -მე... მეც ექიმი ვარ, არ ისროლო! - ძლივს ამოვღერღე და წითელჯვრიანი ჩანთა დავანახვე. მსროლელი წამით შედრკა, რითაც ბიჭებმა ისარგებლეს, უკნიდან ეცნენ და განაიარაღეს. მე ზაზას მივვარდი: - ხომ მთელი ხარ, ბიჭო, როგორ ხარ, როდის ჩამოხვედით, დამაწყდა ნერვები! - მივაყარე. -დილით ჩამოვფრინდით, საავადმყოფოში უშედეგოდ გეძებდით, ხვალ ჩვენი სტუდენტები ჩამოვლენ, გიაც აქაა და დავიწყოთ შტურმი, ძმაო! - ჩამეხვია ზაზა. დაჭრილები საჩქაროდ საავადმყოფოში გავაქანეთ და ბაზაზე დავბრუნდით. თავი VIII დედიკოს ბიჭები შემოდგომის მოღრუბლული ამინდია, ისეთი, სადაცაა წვიმა რომ უნდა წამოვიდეს. მზიური აფხაზეთის ზეცა შავ ღრუბლებს დაუფარავს. ცოტა ხნის წინ მზე შიგადაშიგ მაინც იჭყიტებოდა ღრუბლებიდან, ახლა საბოლოოდ დამალულა და ამოფარებია საწვიმარი ღრუბლების სქელ ფარდას. სამხედრო „გაზიკი“ უსიამოვნოდ მირახრახებს ვიწრო გზაზე და ავადმყოფივით ღმუის. ყველანი ძარაზე ვართ ჩაფრენილები, რათა რომელიმე მოსახვევში არ გადმოვვარდეთ და მიწაზე არ აღმოვჩნდეთ. როგორ არ ჰგავს ეს აფხაზეთი იმ აფხაზეთს, ბავშვობიდან და სტუდენტობიდან რომ მახსოვს, - აყვავებული, თბილი, მშობლიური, მოსიყვარულე, მზის სხივებით და ზღვის სილაჟვარდით გაჯერებული, დედასავით სათნო და ტკბილი. ახლაც იგივე ზღვა, იგივე ბუნება, იგივე მიწა-წყალი, მაგრამ მაინც სხვანაირი, იდუმალი... მე თითქოს მივეჩვიე ამ ყველაფერს, მაგრამ აგერ, ჩემს გვერდით რომ უწვერული ბიჭები სხედან, საცრისოდენა თვალებით მისჩერებიან გარემოს, თითქოს ყოველი ბუჩქიდან, ყოველი გორაკიდან მტრის ტყვიის გამოვარდნას ელიან. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს ჩამოფრინდნენ თბილისიდან, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობენ მეორე ან მესამე კურსზე და მეც მარტო აღარ ვიქნები, აღარ მომიწევს წინა ხაზის ძიებაში ხან გაგრის, ხან ხაშურის ბატალიონთან მიკედლება, ანაც პირველ საავადმყოფოში ჯდომა და ლოდინი, როდის გადმოსცემენ რაციაზე, დაჭრილია გამოსაყვანი წინა ხაზიდანო. იქნება ასე, ოცდახუთი-ოცდაათი კაცი, ყველას ნახვა ვერ მოვასწარი, ზოგი სხვა მანქანებით წამოიყვანეს აეროპორტიდან. ნეტავ, როგორ გამოუშვეს მშობლებმა, ანდა, შეიძლება, არც მათ უთხრეს არაფერი და ჩემსავით „დიფ-ჩათვლები“ ან „სესიები“ აქვთ, ან „ძმაკაცთან არიან კახეთში რთველზე.“ თუმცა, კიდეში რომ გამხდარი ბიჭი ზის უმანკო სახით და ბავშვური ღიმილით, ნამდვილად ვიცი, არ გამოპარულა. მშობლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიატოვა ყველაფერი და წამოვიდა, თან, თურმე, იძახის, ქართველები და აფხაზები უნდა შევარიგოო! თვითონ თუ სჯერავს ნეტავ თავისი სიტყვების? ერთი სული მაქვს, ბაზაზე მივიდეთ და ვნახო მომენტი, დაველაპარაკო. გიორგი რქმევია, მიროტაძე და თავისი სიმაღლით კალათბურთელს უფრო ჰგავს, თან სულ იღიმება. სხვები მდუმარე სახით სხედან, ალბათ იმაზე თუ ფიქრობენ, რომ დამთავრდა უზრუნველი ცხოვრება და გართობა, კინო, თეატრი და ლამაზი გოგონები. ახლა სხვა ცხოვრება იწყება, ცხოვრება კაცის, მამულიშვილის, ერთობის, ცხოვრება გატანის თუ გაუტანლობის, ერთგულების თუ ღალატის. ქვეყანაში ომია, ომში კი ქვეყნის ათი პროცენტი მაინც უნდა იბრძოდეს, დანარჩენი ოთხმოცდაათი კი ფრონტისთვის უნდა მუშაობდეს! აქ, ალბათ, ერთი პროცენტიც არ იბრძვის, დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს კი ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, „ნაღდი შოუთი“ ერთობა და დუბაიში მოგზაურობს. ამ ბიჭებმა ეს გზა აირჩიეს, მეც მუდამ მათ გვერდით ვიქნები, დაგროვილ გამოცდილებას გავუზიარებ და მხარს შევაშველებ! ... მახსოვს, ამ ორი თვის უკან მეც ამ ბიჭებივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ყველას და ყველაფერს, არც მე ვიცოდი, სად მთავრდებოდა სიყვარული და იწყებოდა მტრობა და შუღლი... მახსოვს, როგორ მოვიდა ჩემთან სამი ბიჭი, როგორ მითხრა ერთმა: „ვა, რა მაგარი „შტიკნოჟია“, მაჩვენე ერთი!“ როგორ გავუწოდე და ჩამოიკიდა ქამარზე, როგორ მომაწვა ბოღმა და უმწეობისგან ამევსო თვალები ცრემლებით, რადგან იქ, სადაც ყველა უტეხ ფარად ერთი მიზნისთვის მეგონა თავგანწირული, არ ვიცოდი, პასუხი როგორ გამეცა, მუშტით? სისულელეა, იარაღით? განა ამისთვის ვარ აქ, რომ ქართველს, ჩემს თანამებრძოლს იარაღი მოვუღერო, ეს ხომ სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის, ჩემი ოცნებების მსხვრევაა, ჩემი კაცობის დასამარებაა! ო, როგორ მინდოდა, მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე! „ტირილი არ დაიწყო, დედიკოს ბიჭო!“ - გადაიხარხარეს, ხელისკვრით გვერდზე გამწიეს და ამაზრზენი სიფათებით ჩამიარეს. -მოითმინეთ, ყმაწვილებო! -გაისმა ჩემს ზურგსუკან რიხიანი შეძახილი, - თქვენ რა, - გააგრძელა მკვეთრი სოხუმური აქცენტით, - აქ საბლატაოდ ჩამოხვედით?! თუ ძველბიჭობა გინდოდათ, დარჩენილიყავით თბილისში და გეგრიალათ აქედან წაყვანილი მანქანებით! აქ, ძმაო, სხვა კანონებია, აქ ომია, აქ სამშობლოა და ზუსტად რომ „დედიკოს ბიჭები“ იბრძვიან აქ, თქვენ კი, წადით, ძმაო, გირჩევნიათ, უკან, სანამ რაიმე შარს არ გადაყრიხართ! - ეს ხომ თამაზი შეროზიაა, გამოცდილი მებრძოლი, ყარყარაშვილის მარჯვენა ხელი, უსაყვარლესი სოხუმელი და ქართველი, ჩემთვის კი აქ ჩამოსვლის დღიდან უპირველესი მფარველი და გულშემატკივარი! მიუახლოვდა მოძალადეებს, ჩემი „შტიკნოჟი“ გამოგლიჯა, ღიმილით დამიბრუნა და ზიზღით გადააპურჭყა სამივეს მხარეს. - წაეთრიეთ, თქვე ნაბიჭვრებო! - მიაძახა სიბრაზისაგან აჭარხლებულ ძველ ბიჭებს, მხარზე წამომარტყა, მერე ხელი მომხვია და ნელი ნაბიჯით გავეცალეთ იქაურობას ისე, რომ უკან არც მოგვიხედავს. ახლა ვუყურებ ამ ბიჭებს, მახსენდება ეს ყველაფერი და ვფიქრობ: „ ესენიც ჩემსავით „დედიკოს ბიჭები“ არიან, ჩვენ, ყველანი დედიკოს და საქართველოს ბიჭები ვართ და თუ ჩემი მიწის სიყვარული, თუ ანთებული თვალები, სიკვდილის შიში და სიცოცხლის სიყვარული დედიკოს ბიჭობაა, დაე, ვიყოთ ჩვენ „დედიკოს ბიჭები!“ თავი IX შეტევა ტყვარჩელზე შეტევა ღამით დავიწყეთ. პირველი დარტყმა ძველი კინდღის მიმართულებით განხორციელდა. ძველი კინდღი სომხურ-აფხაზური სოფელია და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს, რადგან იქედან მუდმივად ხორციელდება შეტევები ტამიშის მიმართულებით და ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ოპერაციაში მონაწილეობდა ბრიგადის ყველა შენაერთი - ქვეითები, არტილერია, მძიმე ტექნიკა. შეტევა გაშლილი ფრონტით მიმდინარეობდა. დილისათვის სოფელი უკვე გაწმენდილი იყო მოწინააღმდეგისაგან და მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. აფხაზებს იმისთანა სანგრები ჰქონდათ გათხრილი, შიგ ტანკი ჩაეტეოდა. აბა, ჩვენი სანგრები იმათთან მოშიშვლებულ ხელისგულს ჰგავდა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, სანგარში გაწოლილ მებრძოლს წინიდან გამოსროლილი ტყვია უკან, ფეხებში მოხვედრია! დღის განმავლობაში წინ ვეღარ წავიწიეთ, მხოლოდ აღებული პოზიციები გავამაგრეთ. ამ დროს გადმოგვცეს მეთაურის გამოძახება, მე და გიორგი მიროტაძეს მოგვიწია გასვლა. გიორგი უროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, სოკრატე არშბას შვილიშვილი ყოფილა და როგორც ქართველი და აფხაზი ხალხის შვილს, იმედი აქვს, რომ ერთმანეთს შეგვარიგებს. ადგილობრივი მებრძოლები აფეთქებულან „კამაზით“ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე. დაჭრილები პირდაპირ ბალახზე დავაწვინეთ, წამლებიც იქვე გავშალეთ. გიორგი ცოტა დაბნეულია და ღელავს, ესენი მისი პირველი დაჭრილები არიან, თუმცა ჩემს მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. პირველი დახმარების აღმოჩენას მოვრჩით. -ჩემი მანქანით მიიყვანთ ტრასამდე, იქ სასწრაფო დაგხვდებათ! - გვეუბნება ყარყარაშვილი და „უაზიდან“ გადმოდის. დღის მეორე ნახევარში ბრძოლა გამწვავდა. შეტევა ახალი ძალით განვაახლეთ. „დეშებეს“ ბატალიონმა მტრის დამცავი ზღუდე გაარღვია და სოლისებურად შეიჭრა მათ რიგებში. განსაკუთრებით ერთი ყუმბართმტყორცნი გამოირჩეოდა, მისი ყოველი ჭურვი მტერს რისხვად ატყდებოდა თავზე -ეს სპილოა! - ამბობენ ბიჭები. სპილო? - ვფიქრობ, - ეს ხომ მამუკა შალიბაშვილია, ჩემი ხაშურელი მეგობარი, მთელი „ДШВ“-ს და ბრიგადის სული და გული, შეუპოვარი და უტეხი მებრძოლი. ასეთებზე ამბობენ, თავზეხელაღებული მეომარიაო. შეტევაში ჩვენი ვერტმფრენი ჩაერთო. ეს ჯიმი მაისურაძეა, გვარდიის ავიაციის შვეულმფრენთა პოლკის მეთაური. ჯიმი ჰაერში სასწაულებს აკეთებს, ჯიმი თუ აფრინდა, შიში აღარაფრისა უნდა გქონდეს! საღამოს პირზე ჩვენმა შენაერთმა ფლანგებზეც გაარღვია მტრის დამცავი ჯებირები, მათ უკან დახევა დაიწყეს. -დაჭრილია „ДШВ“ -ში! - გადმოსცეს რაციით. „ВМП“ ათუხთუხდა. მე და ზაზა აწყვერელი ხუთ წუთში დაჭრილთან ვიყავით. იგი უგონოდაა, უკნიდან თავის ქალა ახდილი აქვს, სახე მთლიანად სისხლით აქვს მოსვრილი. ნახვევი დავადეთ და ანტიშოკური მკურნალობა პირდაპირ მანქანაში ჩავუტარეთ. მთელი ომის მანძილზე ასზე მეტი დაჭრილი მყავს გამოყვანილი, მაგრამ ასეთი ტრავმის შემდეგ გადარჩენილი არ მინახავს, თუმცა ვინ იცის... დაჭრილი სასწრაფოში გადავიყვანეთ, სისტემა დავუყენეთ, ზაზა ჰოსპიტალში გაჰყვა, მე კი პოზიციას დავუბრუნდი. მალე, სამწუხაროდ, ამ დაჭრილის დაღუპვის ამბავი შეგვატყობინეს და მაშინღა გავიგე, იგი სწორედ მამუკა შალიბაშვილი, „სპილო“ ყოფილა. მთელი ბრიგადა ცხარე ცრემლით ტიროდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეომრის დაღუპვას და მერეც ხშირად იხსენებდნენ „სპილოს“ ჩასმულ „სნარიადებს“ პირდაპირ ათიანში! ძველი კინდღის აღების შემდეგ კიდევ ორი სოფელი ავიღეთ, თუმცა ორ დღეში რატომღაც ეს სოფლები დავტოვეთ და ისევ ძველ კინდღში გავმაგრდით. ისევ გაგრძელდა პოზიციური ბრძოლები, რომელიც ღამის განმავლობაში მძაფრდება და დილამდე ისმის ქვემეხების გრუხუნი და ავტომატების კაკანი. ბიჭებმა სოფელში უპატრონოდ გაბნეული საქონელი და ღორები სატვირთო მანქანით გულრიფშსა და აგუძერაში ჩაიყვანეს და მოსახლეობას დაურიგეს. ერთი დეკეული ჩვენს სამედიცინო ბატალიონსაც შეხვდა. -თქვენ შეშას მიხედეთ, - გვითხრეს ვასიკო კილაძემ და ტატო ქაჯაიამ, - დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. მეომრები ხომ მაგრები არიან, არც მზარეულებად ყოფილან ნაკლებნი, ისეთი გემრიელი კერძები მოამზადეს, თითებს ჩაიკვნეტდი. სუფრა ეზოში გავშალეთ. საიდანღაც ვიღაც რუსი შემოეხეტა. იმდენი ჭამა, ძლივს სუნთქავდა. ბოლოს სიგარეტი მოითხოვა. - ბოლის ადგილი დაგრჩა, ძმაო? - ჰკითხა კობამ. - Чего,Чего? - ვერ გაიგო რუსმა. - Ничего, кури наздоровие! - გაუწოდა „მზის“ კოლოფი კობამ. ჩვენს თავზე რუსული „სუები“ გამოჩნდნენ. შტაბიდან თამაზ შეროზია გადმოვიდა, - ყურადღებით იყავთ, პოზიციები დაიკავეთ და ბრძანებას დაელოდეთ, - გვითხრა. თვითმფრინავებმა რამდენიმე წრე დაარტყეს, ნახევარი საათი იტრიალეს და როგორც გამოჩნდნენ, ისევე უცბად გაუჩინარდნენ. მოსაღამოვდა. შტაბიდან შეგვატყობინეს, ხევს გაღმიდან დაჭრილია გამოსაყვანიო. ბიჭები წამოიშალნენ, ერთმანეთს ასწრებენ, ყველას უნდა წასვლა. -თქვენ აქ დარჩებით. მე და ნუგზარ გოგორიშვილი წავალთ! - გამოუცხადა ტატო ქაჯაიამ. საერთოდ, ტატო, ნუგზარი, კობა, ზაზა, გოსა, ლაშა ცდილობენ, ეს პატარა ბიჭები შეძლებისდაგვარად მოარიდონ საფრთხეს. -იცით, ძმებო, რას გეტყვით, - წამოდგა ლადო კეპულაძე, ასე, 20-22 წლის ყმაწვილი, თუმცა, ასაკის მიუხედავად, უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლი და საქართველოსთვის გულანთებული ვაჟკაცი, - მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, საფრთხეს თავი ავარიდო და სადაც სამშობლოს და თუნდაც ერთ მებრძოლს ვჭირდები, მე ვინმეს ზურგსუკან დავიმალო! მეც მოვდივარ! - თქვა მტკიცედ და ეკიპირების მოწესრიგებას შეუდგა. ამ დროს კარი იღება და, ჰოი, საოცრებავ! - შემოდის მიხეილ გიგინეიშვილი, ცნობილი გინეკოლოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და საყვარელი პედაგოგი. გადაეხვია მიშიკოს, თავის ოცი წლის ვაჟკაცს, შემდეგ ყველანი სათითაოდ მოგვიკითხა. -ვეღარ გავძელი, შვილო, მეშინია, შენს გვერდით უფრო იმედიანად ვიქნები! - მიმართა შვილს და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გულში. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, გული ამიჩუყდა, გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. ძველ კინდღში კიდევ ერთი კვირა გავჩერდით, შემდეგ სხვა შენაერთი ჩაგვენაცვლა, ჩვენ ბაზაზაე დავბრუნდით აგუძერაში. ტყვარჩელზე შეტევა და საერთოდ, შეტევაზე ლაპარაკიც კი ამით დამთავრდა. სამწუხაროდ! თავი X რეზიკო ასათიანი მთელი ნოემბერ-დეკემბერი უშეღავათო ბრძოლებში გაილია. აფხაზურ-რუსული მხარე მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა ომის ორგანიზაციის და დისციპლინის საკითხებში, თუნდაც მათი გათხრილი სანგრები და მიწისქვეშა თხრილები რად ღირდა და რა მოსატანი იყო ჩვენს სანგრებთან, მარტო ცხვირ-პირს რომ უფარავდა ჩვენს მეომრებს. თუმცა, თავგანწირვის და ვაჟკაცობის მხრივ აშკარა უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, რამაც, ჩემის ღრმა რწმენით, გამოიწვია ის, რომ ომი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და არა ორი-სამი თვე, როგორც, ალბათ, ვარაუდობდნენ ამ ომის სცენარისტები. ბრძოლა წარმოებდა საომარი ტექნიკის ყველა სახეობის გამოყენებით, თვით „გრადების“ და ავიაციის ჩათვლით, თუმცა რეალური ცვლილებები ფრონტის ხაზზე, ფაქტიურად, არ ხდებოდა. პროდუქტით და ტყვია-წამლით მომარაგება, ასევე მეომრების გადაყვან-გადმოყვანა კვლავ თვითმფრინავებით წარმოებდა. რკინიგზის გახსნა კი არა და არ მოხეხდა, რაც, ალბათ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომ სისხლით და მახვილით მოსულ, ყაჩაღებითა და მოღალატეებით სავსე ხელისუფლებას შეექმნა „მტრის ხატი“ ზვიად გამსახურდიას სახით, რათა გამოერიცხა უმცირესი შანსიც კი მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მისი უკვე დაგეგმილი მუხანათური მკვლელობა კი არ გამხდარიყო ქართველი ხალხის სამართლიანი აღშფოთებისა და მასობრივი გამოსვლების დაწყების საბაბი. ...სასწრაფო დახმარების მანქანა ტყვიასავით მიქრის ტამიშისაკენ. საჭეს გოსა უზის. ყველანი გაყინული სახეებით ვითვლით კილომეტრებს. ტამიშთან დიდი შეტაკებაა, ბლომად დაჭრილები არიან, მედიკამენტებიც აღარ იქნება საკმარისი. დრანდის ბლოკ-პოსტთან სატვირთო მანქანა შემოგვხვდა, რომელმაც სიჩქარე დროზე არ შეანელა, გოსამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ვეღარ შეძლო გამძვრალიყო მიხვეულ-მოხვეულ ბეტონებს შორის, ხიდის ჯებირს დაეჯახა და წინა ბორბლები ჰაერში გადაეკიდა. ფრთხილად გადმოვედით მანქანიდან, რათა წონასწორობა არ დაგვერღვია და მანქანა მდინარეში არ აღმოჩენილიყო. შემდეგ ნელ-ნელა ამოვათრიეთ და გზაზე დავაყენეთ. საბედნიეროდ, მანქანა არ დაზიანებულა. საჭესთან გია კრიალაშვილი დაჯდა, „თეთრი არწივის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და უპატრიოტესი ქართველი. ჩვენს ბიჭებს დაჭრილები უკვე გამოეყვანათ ბრძოლის ველიდან. გზის პირას მინაზე აფეთქებული „თეთრი გიორგის“ მებრძოლი, დათო კიკნაძე, იგივე „მამიკა“ ტკივილისაგან იკლაკნებოდა, მისთვის მინას წვივი მთლიანად მოეგლიჯა, თავს გიორგი მიროტაძე დასტრიალებდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ტყვიების წვიმაში შეძლო მისი სამშვიდობოს გამოყვანა და პირველი დახმარებაც უკვე აღმოეჩინა. იქვე იყვნენ სამედიცინო ბატალიონის ბიჭები - ზაზა კომლაძე, თენგო წულაძე, ლადო წიქარიშვილი და სხვები, რომლებიც პირდაპირ მიწაზე უკეთებდნენ სხვა დაჭრილებს შეხვევებს. მედიკამენტები და შესახვევი მასალა საჩქაროდ გადმოვტვირთეთ და ჩვენც დაჭრილებს მივცვივდით. ორი დაჭრილი ჩვენი სასწრაფოთი საავადმყოფოში მოგვყავს. ერთი, ლაზარაშვილი, გულმკერდშია დაჭრილი, ძალიან მძიმედაა, პრაქტიკულად უგონოდ. ხსნარები ვენაში ნაკადად მიდის, თუმცა წნევა მაინც ეცემა. კობას სისტემიანი ხელი უჭირავს, თან პულსს აკონტროლებს. მე მეორე ხელზე წნევას ვზომავ, ზაზა „ამბუთი“ შეიარაღებულა. მეორეს, რეზიკო ასათიანს, თითქოს უკეთესი მდგომარეობა აქვს, გონზეა, ჰემოდინამიკაც სტაბილურია, წამოჯდომაც შეუძლია, ტყვია ყბაში აქვს მოხვედრილი, თუმცა, თითქოს უკეთესი მდგომარეობის მიუხედავად, გული მაინც არ მისვენებს, - გამომავალი ხვრელი არ ჩანს! არადა, ეს „АКС“-ის ტყვიები რა მუხანათია! მალიმალ ვეხმაურები, ვამშვიდებ, ვეკითხები, ხომ არაფერი უჭირს, ტკივილმა ხომ არ მოუმატა, წნევას და პულსს ვუსინჯავ... -გული გააჩერა! - იძახის კობა. მანქანა გავაჩერეთ, ნერვიულობისაგან ერთმანეთს ხელს ვუშლით, ვეღარ ვმოძრაობთ. - ჩქარა ძირს! - მოვედი აზრზე და ლაზარაშვილი საკაცით პირდაპირ ასფალტზე დავდეთ, ზაზა „ამბუთი“ ასუნთქებს, მე და გოსამ მეორე სისტემაც დავუყენეთ, თან ბარძაყზე მორფი დავარჭვეთ. კობა გულის გარეგან მასაჟს აკეთებს. პულსი არც საძილე არტერიაზე ჩანს, წნევა კვლავ არ ისინჯება. -დეფიბრილატორი! - ღრიალებს კობა. ერთი ძლიერი განმუხტვა, მეორე... -არის! - იძახის კობა, - არის პულსი! წნევაც ნელა, მაგრამ მაინც ზევით იწევს. - მანქანაში! -იქუხა გოსამ. კვლავ თავბრუდამხვევი სისწრაფით და სირენების გამაყრუებელი გნიასით მივფრინავთ. აი, უკვე ქალაქში ვართ, მანქანები და ქვეითები გზას გვითმობენ. ბარათშვილს მივუახლოვდით, ჰაერში სამი მოკლე ჯერი გავუშვი ავტომატით, ეს პირობითი ნიშანია, რომ მძიმედ დაჭრილი მოგვყავს. მედპერსონალი კიბეზე გველოდება, საკაცე პირდაპირ საოპერაციოსკენ გავაქანეთ. ასათიანი თავისით გადმოდის, სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევს, საკაცეზე დაწოლა არ უნდა, თუმცა ძალით ვაწვენთ და ისე შეგვყავს საავადმყოფოში. თვალებიდან ცეცხლს აკვესებს, მაგათ სისხლს დავლევო, ემუქრება მტერს, თან ექიმებს სთხოვს, უშველონ მის მეგობარს. ამ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მედპერსონალის თავდადების და პროფესიონალიზმის წყალობით და ღმერთის შეწევნით, ლაზარაშვილის გადარჩენა მართლაც მოხერხდება, მაგრამ მუხანათი სიკვდილი იქვე გვერდითაა ჩასაფრებული... -ზურა, შენ უნდა დარჩე დღეს, - მეუბნებიან ბიჭები, - აქაურობის ავან-ჩავანი კარგად იცი, ამ ბიჭებს ღვიძლი ძმასავით უნდა მიხედო! რამე თუ იქნება საჭირო, უნდა გააჩინო, აქაც, შტაბშიც და ჯანდაცვაშიც ყველას იცნობ! ჩვენ გავიქცევით, ახლა იქ უფრო საჭირონი ვართ, - მითხრეს და გადამეხვივნენ, მეც სათითაოდ გულში ჩავიკარი, თავს გაუფრთხილდით-მეთქი, მივაძახე და თვალი გავაყოლე მიმავალ სასწრაფოს. ამსობაში საოპერაციოში ასათიანიც შეიყვანეს. - მიშიკო, შენ იცი! - ვეუბნები ქირურგს, - ჩათავლე, მე მშველი. მიშიკო გადამეხვია და მხარზე ხელი რბილად დამარტყა, თითქოს მსაყვედურობდა, რად მინდა შენი თხოვნაო. - გვიხარია, ცოცხალს რომ გხედავთ! - მეუბნება ღვინჯილია, ქირურგი-ტრავმატოლოგი. ყველანი სათითაოდ მესალმებიან და მეხვევიან. - რაკი შენს სიკვდილზე არაფერი გვსმენია, გვეგონა, წახვედი და მიგვატოვე - მეუბნება ნონა. - რას ამბობ, უშენოდ სად წავალ! - ვცადე გამეღიმა, თუმცა გული იდუმალი საშინელების მოლოდინში თითქოს მოიჭმუჭნა და ჩამიჩივით გამოიწურა. ლაზარაშვილის ოპერაცია ოთხ საათამდე გაგრძელდა. პაციენტი მძიმედ რჩება, თუმცა, მდგომარეობა სტაბილურია და გადარჩენის იმედს იძლევა. ჯანდაცვის სამინისტროდან ქალბატონმა მერი ჯანგველაძემ, ჩემი თხოვნით, დამატებით გამოგვიგზავნა ხსნარები, მედიკამენტები, შესახვევი მასალა. სიგარეტს მოვუკიდე. „ნეტავ, სადაური ასათიანია? სად ცხოვრობს უკვდავი პოეტის მოგვარე და, ვინ იცის, ნათესავიც? ლადო და მისი კრწანისის ყაყაჩოები გამახსენდა: „ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთნ მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!“... ნეტავ, ჩვენი დროის გმირებს, ამ შეუპოვარ ახალგაზდებს თუ როდისმე ვინმე ასეთი სიყვარულთ შეასხამს ხოტბას, ნეტავ ვინმე თუ გაიხსენებს მათი გმირობის ამბავს და იტყვის, მაშინ, როცას მავანი დამავანი დუბაიდან და სტამბულიდან ჭინჭებს დაათრევდა, ან რუსთაველზე აქ ნაქურდალი მანქანებით დასეირნობდა, კაიფისგან დამძიმებულ თვალებს ვეღარ ახელდა, ან ტელევიზორს უჯდა, „ნაღდი შოუთი“ ერთობოდა, ან ოკეანის გაღმა მასონურ სიმაღლეებს იპყრობდა, -ასათიანები, ბენდელიანები, მიროტაძეები, კვესაძეები, შეროზიები და სხვანი და სხვანი ზვარაკად ეწირებოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ დედა-სამშობლოს! „ თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა, ეს ბებრი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!“ -კვლავ წამოტივტივდა გონებაში, - ნეტავ, თვითონ ლადო ასათიანს თუ ეღირსება ჭეშმარიტი დაფასება და აღიარება და, ბოლოსდაბოლოს, ქართველი ხალხი მიხვდება, რომ მისი წმინდა ნეშტის ადგილი ქართველ მწერალთა უპირველეს სავანეში - მთაწმინდაზეა! დაღამდა. საოპერაციოდან მისავათებული მიშიკო გამოდის, თვალს ვერ მისწორებს, ხმას ვერ იღებს... სიგარეტს ვიღებ და აკანკალებული ხელით ვუკიდებ. მიშიკოსაც ვაწვდი. - ვერა, მიშა?! - ყრუდ ვეკითხები. - ვერა, ზურა, ვერა! - მპასუხობს მძიმედ, საკმაო პაუძის შემდეგ, - ტყვია ყბაში აქვს მოხვედრილი, შემდეგ ყელში წასულა, შემდეგ - გულ-მკერდში, სულ მიუნგრევია იქაურობა, სისხლდენას მხოლოდ სისხლისავე კოლტები აჩერებდა დროებით, ათი პროფესორი ერთად ვერ უშველიდა! - ამოიოხრა. ყბა ამიკანკალდა, ნიაღვარივით წამსკდა ცრემლები. მიმღები განყოფილების გოგონები შემომეხვივნენ, მაწყნარებდნენ. მე კი კვლავ ვტირი და სულ არ მრცხვენია, - ჩემი ცრემლებით ჩემთვის დღემდე უცნობ, მაგრამ უკვე სისხლხორცეულად შეყვარებულ კიდევ ერთ ქართველ გმირს ვემშვიდობები! თავი XI გიორგი მიროტაძე ლოგინზე ვარ წამოწოლილი, ფეხები ლოგინის ბოლოზე მაქვს შემოდებული და სიგარეტს ვაბოლებ. ბიჭები სოხუმიდან დაბრუნდნენ. ფოსტაში იყვნენ და ოჯახებში დარეკეს, ახლობლები მოიკითხეს. ყველა მძიმე ხასიათზეა, ეტყობათ, რომ მოენატრათ მშობლები, მეგობრები, ნათესავები... ომი ძალიან გაიწელა, თუმცა თავიდან მთავრობა აცხადებდა, რომ ყველაფერი მალე ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა. გულის სიღრმეში თბილისში დაბრუნება ყველას უნდა, მაგრამ ერთმანეთის დატოვება გვიმძიმს, გვგონია, რომ მძიმე წუთებში სწორედ თითოეული ჩვენთაგანი იქნება საჭირო გვერდზე მდგომისთვის. ამვე დროს, ერთი წუთითაც არ ვუშვებთ, რომ შეიძლება მტრის მიერ გამოსროლილი მუხანათი ტყვია ჩვენც მოგვეწიოს სადმე. ჩვენი საქმის ორგანიზაცია თანდათან მივუახლოვეთ სასურველს: „ თეთრი არწივის“ ყოველ შენაერთს ორი-სამი სამედიცინო ბატალიონის მებრძოლი ახლავს ყველა მცირე თუ დიდ შეტაკებაში, დატვირთული მედიკამენტებით, შესახვევი მასალით, ნარკოტიკული და არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლებით, რა თქმა უნდა, იარაღთან ერთად. პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ბრძოლის ველზევე ხდება, რაც შემდგომში მდგომარეობს: დაჭრილის გამოყვანა ასე თუ ისე მოფარებულ, შედარებით უსაფრთხო ადგილას, გაუტკივარება, სისხლდენის შეჩერება შესაბამისად ლახტებით და დამწოლი ნახვევებით, შემდეგ „ВМП“ -თი ან სხვა საბრძოლო მანქანით გამოყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამდე და გადაყვანა ჰოსპიტალში ან უახლოეს საავადმყოფოში. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე დაჭრილი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაგვღუპვოდეს. ბედის სიმუხთლით კი ისე მოხდა, რომ ჩვენივე რიგებიდან დავკარგეთ სიცოცხლესა და სიყვარულს მოწყურებული ვაჟკაცი იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა მისი დროული ჰოსპიტალიზაცია! თუმცა, ამაზე ქვემოთ. ჩემს ფიქრებში ვარ და თან ჭერისაკენ მიმართულ სიგარეტის ბოლს მივშტერებივარ. მახსენდება, ორი დღით თბილისში ჩამოსულს რა განწყობით შემხვდნენ თანატოლები - იარაღი ჩამოიტანე? უკან როდის მიდიხარ? - იმის მაგივრად, გაუხარდეთ, ცოცხალი რომ ვარ, ან სხვა ნაცნობი ბიჭების ბედი მომკითხონ, თითქოს იმიტომ წავედით, იარაღი და ქონება ჩამოვიტანოთ, ან მხოლოდ ჩვენი ვალია სამშობლოს დაცვა! -კარგად მუშაობს ქვეყნის მმართველების პოლიტიკა, - გავიფიქრე მწარედ, - ყველა მეომარს ყაჩაღად რომ უხატავს მოსახლეობას, თან ისე, რომ გულთან არავინ მიიტანოს ამ ომის რეალური მნიშვნელობა. აი, მთელი იდეოლოგია. -ზურა, შემოგვიერთდი, რას გაშტერებულხარ, ლექსებს ხომ არ წერ, ან შეყვარებულზე ხომ არ ფიქრობ? - გამომძახა გია ნეფარიძემ. ახლაღა მივაპყარი ყური მათ საუბარს, რომელიც შევარდნაძის აფხაზეთში ჩამოსვლას ეხებოდა. -შევარდნაძე და ტყვია შუბლში მაგ თეთრ მელას! - ცხარობს თამაზი შეროზია. -რას ერჩი, ავადმყოფი მოხუცია, გაუშვი, მოკვდეს თავისი სიკვდილით, - ეუბნება ტატო ღიმილით. -მაგის და კიდევ რამდენიმე კაცის კისერზეა ჩვენი და ჩვენი ძმების სისხლი. გეტყვით მე, რაც მოხდება, - აგრძელებს თამაზი, - აფხაზეთი, ოჩამჩირის ჩათვლით, აფხაზებს და რუსებს ჩაბარდებათ. საზღვარი მდინარე ღალიძგაზე გავა, ეს უკვე ბავშვმაც იცის! ჩვენ კი, ვინც აქ გადავრჩებით ცოცხლები, ომის შემდეგ ყველაზე საძულველ ადამიანებად გვაქცევენ, ნაწილს დაგვხოცავენ, ნაწილს გაგვაღაჩაღებენ და დაგვიჭერენ და რა ვიცი, კიდევ რა უბედურებას მოგვწევენ! გაყიდული და ჩაწყობილია ყველა კარტი, დამიჯერეთ! -ღმერთმა არ ქნას! - ვთქვი. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა, - მაშინ რაღას ვუზივართ და ვიხოცავთ თავებს, ავდგეთ და გავბრუნდეთ უკან! - შევძახე. ალიკა ბეროზაშვილი გამახსენდა - გამიხარდა, რომ ორიოდე დღის წინ, როგორც იქნა, გადავაწყვეტინეთ, გარიდებოდა ამ განუკითხაობას და დაბრუნებოდა თავის ცოლ-შვილს. -ვერ წავალთ, ზურა, და იცი, რატომ? მეგობარი მოგვიკლეს, ჩვენს თვალწინ ჩვენი ძმების სისხლი დაღვარეს; ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ფასად სრულიად უცხო დაჭრილები გადავარჩინეთ და შევიყვარეთ, ჩვენ უკვე, რომ იტყვიან, დენთის სუნი ვიყნოსეთ და ხელები სისხლში გავისვარეთ, ყელამდე ვართ ამ ჭაობში და კიდეც რომ წავიდეთ, მაინც აქ დავბრუნდებით, რადგან „იქ“ მეტი ჭაობი და განუკითხაობა, სიცივე და სიძულვილი დაგვხვდება! ვერ ვიჯდებით თბილად სახლებში, როცა აქ ჩვენი ძმების სისხლი იღვრება და თუ მეორე დღესვე არა, პირველი ნაცნობის დაღუპვისთანავე აქ გავჩნდებით! - დაამთავრა თამაზიმ. ამ დროს ვიღაცამ წიხლისკვრით კარი შემოგლიჯა და ოთახში გაღიმებული გიორგი მიროტაძე შემოიჭრა ქოშინით, ორივე ხელით ერთმანეთზე აკოკოლავებული წიგნები ეჭირა და რომ არ გადმოცვენოდა, ზემოდან ნიკაპით აფიქსირებდა. საწოლთან მივიდა, წიგნები გადმოყარა და ღრმად ამოისუნთქა, - ძლივს არ მოვიტანე! - შესძახა. - რა არის, გიორგი, ეს? - შემოეხვივნენ ბიჭები. - ეს, ძმაო, უმაღლესი სამედიცინო ლიტერატურაა, იაფად წავაწყდი, თბილისში ხუთმაგი ღირს! - გაიღიმა. - მერედა, სად აპირებ ამის კითხვას და დამუშავებას, - ეკითხება ნიკა ქარცივაძე, - სნაიპერის სამიზნის ქვეშ თუ დამინულ მინდორზე? - სად და, სულ მალე ჩვენ და აფხაზები შევრიგდებით, ყველა მიხვდება, რომ არაფერი გვაქვს გასაყოფი, ომიც დამთავრდება და ე, მერე იკითხე, სადაც გინდა და რამდენიც გინდა! - დღემდე გულწრფელად სჯერა ამ სიკეთითა და სათნოებით აღსავსე ვაჟკაცს, რომ ეს დიდი შერიგება სულ მალე მოხდება და თვითონაც ამ საქმეში არც თუ უკანასკნელ როლს შეასრულებს. სწორედ ამაზე საუბრობდა იგი იმ შეხვედრაზეც, გიორგის ბებიის ოჯახში რომ შედგა „თეთრი არწივის“ ხელმძღვანელობასთან ამ რამდენინე დღის წინ. - თუ როგორმე მოხერხდა წარმომადგენლობითი დელეგაციების შეხვედრა ყოველგვარი მესამე ძალის გარეშე, აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას, - არწმუნებდა იგი ყარყარაშვილს, - მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და ვიცი, რომ ქართველებს და აფხაზებს შეგვწევს უნარი, ერთად ვიცხოვროთ ამ ხვავრიელ მიწაზე ბედნიერად და უზრუნველად, ყველანი დავეტევით! ამ საუბარს გიორგის ბებია თვალცრემლიანი უსმენდა. ალბათ, გულში ამაყობდა, გიორგის სახით მიროტაძეების და არშბების გვარს ღირსეული შვილი რომ გაზრდოდათ, თან ჩუმად ლაშას ეხვეწებოდა, იქნებ როგორმე დაითანხმოთ გიორგი, თბილისში დაბრუნდესო! ეტყობა, მოხუცის სათუთი გული გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას! დეკემბრის ბოლოს ძლიერი სიცივეები დაიჭირა, სველი ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა. ღამით ხომ პოსტზე დგომა ყოვლად გაუსაძლისი გახდა, თხუთმეტ წუთში ხელ-ფეხს ვეღარ იგრძნობდი. აღარც ტატო ქაჯაიას მიერ აპრობირებული სპირტი შველოდა საქმეს. ატარა აფხაზსკაიასთან მტრის შემოტევა მოულოდნელად დაიწყო, თუმცა საპასუხო ცეცხლმა მათ შემდგომი წინსვლის საშუალება მოუსპო. სასტიკი ორმხრივი სროლები საათზე მეტხანს გაგრძელდა. მტერი ნელ-ნელა უკან იხევდა. გიორგი თენგო წულაძესთან და ლადო კეპულაძესთან ერთად დაჭრილებს ეხმარებოდა, რომლებიც ცდილობდნენ, გვერდიდან არ მოეშორებინათ იგი და საფრთხე აეცილებინათ. ამ დროს 15-20 მეტრში კიდევ ერთი ჩვენიანი დაიჭრა. გიორგი არც დაფიქრებულა, ისე გავარდა მისკენ. - დაწექი, დაწექი! - უყვირეს ბიჭებმა, მაგრამ უკვე უკვე გვიანი იყო, - გიორგი დარტყმის ძალამ ჰაერში შეაგდო და მოწყვეტით დაეცა. - მგონი დამჭრეს! - გაახილა თვალები გიორგიმ და სცადა, გაეღიმა ბიჭებისთვის, საფენებს რომ ადებდნენ და ნემსებს უკეთებდნენ. მუცლის ჭრილობიდან სისხლი მოჟონავდა, ნახვევი სწრაფად სველდებოდა. - ნუ გეშინია, გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი! - სცადეს გამხნევება თამაზი შეროზიამ და ლადო კეპულაძემ და საკაცეზე გადააწვინეს. - რაცია, მანქანა! - იქუხა თამაზიმ. ესეც გიორგის ბედი ყოფილა - რაციაზე დაკავშირება ვერ ხერხდება, ახლომახლო არანაირი მოძრავი საშუალება არაა, ტრასამდე კი უმოკლესი გზით ექვსი კილომეტრია. დაყოვნება შეუძლებელია. - რაციასთან იჯექით და როგორმე დაუკავშირდით ჩვენებს, იქნებ გზაში შემოგვხვდნენ! - გასცა განკარგულება თამაზიმ, - აბა, ბიჭებო, წინ! - საკაცე აიტაცეს და თითქმის სირბილით ტყე-ტყე გასწიეს. გზა უსაშველოდ გაიწელა. ბოლოს ტრასაზეც გამოაღწიეს, პირველივე შემხვედრი მანქანით გულრიფშისაკენ გააქანეს. აი, საავადმყოფოც, კიბეებიც, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან გვიანია, გიორგიმ ერთიც ამოიკვნესა, ვაი დედაო, წაიჩურჩულა და თავი გვერდზე გადააგდო. მარჯვენა ღაწვზე ერთი კურცხალი მიყინვოდა და სამუდამოდ დაეხუჭა სამშობლოზე შეყვარებული თვალები. აფხაზეთის ველ-მინდვრები კი ნელ-ნელა თეთრად იმოსებოდა და საახალწლოდ მორთულ ფიფქიას ემსგასებოდა. ხვავრიელად თოვდა. თავი XII დაბადების დღე პოზიციიდან დაბრუნებულს ბაზაზე ამბავი დამახვედრეს, სოხუმიდან რეკავენ, ჯანდაცვის სამინისტროში მოვიდეს გამოჩენისთანავეო. ვერ მივხვდი, ვის ან რატომ უნდა დაერეკა. -გამარჯობათ, ქალბატონი მერი, როგორ ბრძანდებით? - გადავეხვიე სამინისტროში შესვლისთანავე მერი ჯანგველაძეს. - ბიჭები როგორ არიან? - მოიკითხა ყველანი სათითაოდ, - საწყალი გიორგი! - თვალზე ცრემლმომდგარმა გაიხსენა მიროტაძე. - მოხვედი, შილი? - შემომეგებნენ ნონა და რუსიკო, - რატომ ამბავს არ გვაგებინებ, ვითომ არ იცოდე, როგორ ვნერვიულობთ! - მისაყვედურეს. დეიდა ზინაც გამოჩნდა, რუსუდანის დედა, გულში ჩამიკრა, - ღმერთმა გაგაძლიეროთ, შვილებო, ღმერთმა გადაგარჩინოთ! - დამლოცა. - მაგარი იყო! ინტერვიუზე გეუბნები! - ასწია ცერა თითი რუსიკომ. იმ ინტერვიუს გულისხმობდა, ორი კვირის წინ რომ ჩაწერა პირველი არხის ჟურნალისტმა და რამდენჯერმე გავიდა ეთერში. მაგარი ქალბატონია, მთელი აფხაზეთი ფეხდაფეხ აქვს მოვლილი, მისი ვაჟიც აფხაზეთში იბრძვის. არ მინდოდა ინტერვიუს მიცემა, მაგრამ არაფრით არ მომეშვა. „თქვენც ხედავთ, აქ რა სიტუაციაა, - ვამბობდი, - ხედავთ, როგორი თავდადებით იბრძვიან ბიჭები, არ უშინდებიან დარსა და ავდარს, ტყვიას და სიკვდილს! მთავრობა კი ამ დროს რას შვება? ყველაფერს აკეთებს, რომ დანარჩენმა საქართველომ ეს ომი ვერ შეიგრძნოს, გულთან არ მიიტანოს, მეომარი ბიჭები შეიჯავროს! ბრძოლით აღებულ ტერიტორიებს უბრძოლველად ვაბრუნებთ, ერთ ადგილს ვტკეპნით, ამიტომ ბრძოლა აღარავის უნდა! - გამახსენდა, ახალ წლამდე როგორ იჯდა ორი გენერალი - ყარყარაშვილი და დათუნაშვილი და თავს იმტვრევდნენ, როგორ ჩაენაცვლებინათ ლაბრაში ორი კვირის მანძილზე პოზიციებზე გადამწვარი ორმოცი მებრძოლი სხვა მებრძოლებით, ეს ორმოცი შემცვლელი კი მთელს აფხაზეთის ფრონტზე აღარავინ მოიძებნა! - ისტორია არ აპატიებს არავის აფხაზეთის და მებრძოლი ბიჭების ასე ფეხებზე დაკიდებას! - ვამთავრებდი ინტერვიუს.“ -ჰო, ცოტა მგონი ზედმეტიც მომივიდა! - ვუპასუხე რუსიკოს, - გოგონებო, თქვენ ხომ არ იცით, ვინ მეძებდა ბაზაზე? - ვიცით! - ეშმაკურად გაიცინეს, - დღეს ჩვენთან დარჩები, დღეს ზეიმია, დღეს ხომ ზურას დაბადების დღეა! - მომიმღერეს და გადამეხვივნენ. ვერც წარმოვიდგენდი, ეს თუ ახსოვდათ. გამეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა. - აგერ, ჩემი საქმროც მოვიდა, თქვენ წადით, სასმელი მოიტანეთ, ჩვენ მანამდე სუფრას გავამზადებთ, - გააგრძელა ნონამ და დააპირა თავისი საქმროს გაცნობა. - ლადო! - შევძახე. ეს ხომ ის ლადოა, დაშნიანი, გუმისთაზე რომ გავიცანი. - ზურა! - გადამეხვია ლადოც. - შეხედე შენ, ამათ ერთმანეთი ცნობიათ კიდეც! - გაკვირვებით შემოგვხედეს გოგონებმა და დაწვრილებით მოგვაყოლეს ჩვენი გაცნობის ამბავი. ლადოს უზარმაზარი სახლი ჰქონია, აქაურობას ჩიტის რძეც არ აკლია. საერთოდ აქ, აფხაზეთში საშუალო მოსახლე არ არსებობს, თუ მთლად წყალწაღებული არ ხარ და და ცოტა ხელს გაანძრევ, ბედნიერად იცხოვრებ. ორი მანქანა ცელოფნებში ჰყავს შეფუთული გაუხსნელად, ავეჯს და ძვირფას ნივთებს ხომ ნუღარ იკითხავთ! ამხელა ქონების პატრონი სოხუმის დაცემის შემდეგ, დაჭრილი და გაუბედურებული, ცარიელ-ტარიელი ჩამოიყვანეს თბილისში! ღვინო ავიღეთ და ნონასთან გავემართეთ სახლში. ნონა და რუსიკო მეზობლები არიან, ერთ კორპუსში ცხოვრობენ. სანამ ნონასთან შევიდოდით, ზინა დეიდამ შემიყვანა სახლში, ფორმა და „პარტიანკები“ ძალით გამხადა, თავისი ბიჭის, ლევანის ტანსაცმელი ჩამაცვა. -ამათ გავრეცხავ, ღუმელთან მივაფენ და დილისთვის მზად იქნება, შვილო. - მითხრა. საერთოდ, სოხუმელები ჩამოსულებს ისე გვექცევიან, როგორც შვილს, ძმას, უახლოეს ადამიანს. ამასობაში ნუკრი ჭეიშვილი - პოლკოვნიკი, „თეთრი არწივის“ კონტრდაზვერვის უფროსი, ყარყარაშვილის მარჯვენა ხელი და ბადრი ჩაკვეტაძე მოვიდნენ. ეს ის ბადრია, მინაზე აფეთქებული ლეშკაშელი რომ გამოიყვანა დამინული ველიდან. ბადრი ნონას მამიდაშვილი ყოფილა. ერთმანეთი ახლოს გაგვაცნეს. ბადრი მთელი ომის მანძილზე გმირულად იბრძოდა და სოხუმის დაცემის ბოლო დღეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა მოსახლეობას, როგორმე გემებზე და ბარჟაზე აეღწიათ და ზღვით გამოეღწიათ უკვე დაცემული სოხუმიდან. ომის მერე კარგა ხნის შემდეგ აქვს ბადრის სიმწრით ნათქვამი: „ყოველ ღამით მესიზმრება ომი, სროლა, აფეთქება... პირისპირ შემოყრილი მტერი... გადავტენი ავტომატს, მივიშვერ მოწინააღმდეგისაკენ და... არ ისვრის, ეს დედააფეთქებული! მეღვიძება სიმწრის ოფლში გახვეულს და მომდის უმწეობის ცრემლები!“ - დღეს, ყველაფრის მიუხედავად, იქნება ზეიმი, მხიარულება, ცეკვა, თამაში! - გამოგვიცხადა ნონამ. ჩემი სადღეგრძელო განსხვავებულით დაილია. ერთმანეთი ვადღეგრძელეთ, წასული მეგობრები მოვიგონეთ... ტიკ-ტაკა და მისი დაღუპვის ამბავი გავიხსენეთ. მეორე საავადმყოფოში მძიმედ დაჭრილს ოპერაციას უკეთებდნენ. ამ დროს რამდენიმე ადგილობრივმა სვანმა, თავიანთი სვანობის, ქართველობის, კაცობის შემარცხვენელებმა, დაჭრილი მიიყვანეს და მოითხოვეს, მიმდინარე ოპერაცია შეეწყვიტათ და თავიანთ მიყვანილ დაჭრილს დახმარებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. მათ ცეცხლი გახსნეს და სანამ ვინმე აზრზე მოვიდა, ერთი ქირურგი სასიკვდილოდ დაჭრეს, საოპერაციოს მედდას მოკვლით დაემუქრნენ და მიიმალნენ. საღამოს პაატა ყუფარაძე ამ მედდას აცილებდა სახლში, მარტო არ გაუშვა. ის არაკაცები კი მართლა დახვდნენ გზაზე და ორივე ჩაცხრილეს! არავინ დაიჯეროს, თითქოს ომი ყველაფერს „ჩამოწერს!“ ომი ამისთანა ცოდვას არავის არასოდეს ჩამოაწერს და მის ჩამდენს ყოველთვის მოეკითხება ღვთისა და ერის წინაშე! გავიხსენეთ „ჰაერის რისხვა“ - ჯიმი მაისურაძე, რომელიც მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ მაინც ჩამოაგდო მტერმა და საყრდენი რომ გამოეცლება ადამიანს, ისე დაგვტოვეს მეომრები - ჩვენ ხომ უდიდეს რწმენას, ძალას და იმედს გვმატებდა ჰაერში მისი გამოჩენაც კი!... „ზამთრის თბილი დღე იდგა, დეკემბრის სამი ან ოთხი რიცხვი იქნებოდა, - იხსენებს ასმეთაური ბადრი ჩაკვეტაძე, - 23-ე ბრიგადის V ბატალიონის ახალდაბის II ასეული კოდური სახელწოდებით „სალხინო 1“ მთელი შემადგენლობით შტაბის წინ „პლატცზე“ იყო მოწყობილი... „თეთრი არწივის“ შენაერთთან ერთად იწყებოდა დაგეგმილი შეტევა აფხაზური ატარას („ატარა აფხაზსკაიას“) მიმართულებით. ამ დროს ჩიტის სიმაღლეზე მრისხანე იერით „კროკოდილი“ აიჭრა. მეომრებმა იცოდნენ - შტურვალთან ჩვენი ბიჭების იმედი, ჯიმი მაისაურაძე იჯდა! „კროკოდილმა“ კამარა შეკრა და საპატიო წრე დაარტყა ქართველი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ. ბიჭები მიხვდნენ: ჯიმი ესალმებოდათ და ამხნევებდათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეტაკების წინ, მაგრამ, ვაი რომ ეს უკანასკნელი მხედრული სალამი და დამშვიდობება გამოდგა ჯიმი მაისურაძისგან! ასორმოცდაათამდე მებრძოლის თვალწინ ჯიმიმ გეზი აფხაზური ატარასაკენ აიღო, მათსავე თვალწინ გასტყორცნა ერთი რაკეტა და ხეების კენწეროებს მიეფარა... იმავე წუთში მეორე რაკეტის აფეთქების ხმაც გაისმა... რაციით ხაზზე გამოდის ასეულის ოცმეთაური ჯოვანი ჯოხაძე და შემზარავი ხმით გვამცნობს: ჯიმი ჩამოაგდეს! ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა, ვერც მოვასწარით შემზარავი რეალობის აღქმა! ახალდაბის მე-2 ასეულმა დაწყებული შეტევა განაგრძო, მეორე ფლანგიდან „თეთრი არწივი“ არღვევდა მოწინააღმდეგის დამცავ ჯებირს... მალე ის საცეცხლე წერტიც განვაიარაღეთ, საიდანც ჯიმის ესროლეს. ვაი, რომ ეს გააფხაზებული რაჭველების, ენუქიძეების კარ-მიდამო აღმოჩნდა, რომლებიც სხვა გააფხაზებულ ქართველებთან ერთად ქართველებისავე წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა ეს კიდევ სხვა საუბრის თემაა! - გულისტკივილით ამოიგმინა ბადრიმ და დაამატა - ის ჰაერსაწინააღმდეგო რუსული წარმოების „სტრელას“ კონტეინერი, რომლიდანაც ჯიმის ესროლეს, ამოვიღეთ და სხვა საბრძოლო რელიქვიებთან ერთად ახალდაბის ასეულის შტაბში დარჩა რელიქვიად, რაც შეეხება შეტაკებას, ჯიმის ჩამოგდებით გამწარებულები, კიდევ მეტი ენერგიით ვეკვეთეთ მტერს და ოპერაცია მოწინააღმდეგის სრული განადგურებით დამთავრდა!“ გავიხსენეთ გიორგი მიროტაძე, რომელმაც ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების დიადი ოცნება საფლავში ჩაიტანა... ყველანი გავიხსენეთ, მერე ცოცხალი ბიჭების სადღეგრძელო დავლიეთ, გადარჩენა და გამარჯვება ვუსურვეთ მათ და მთელ საქართველოს! მერე ამ მთისა და იმ ბარისა ვთქვით. ამსობაში ირიჟრაჟა კიდეც. დილით ყველას დიდი სიყვარულით დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე და ბაზაზე დავბრუნდი. თავი XIII ლაბრა გაზაფხულისთვის ჩვენი ბრიგადის საბაზო ბანაკი ახალ კინდღში გადავიდა. მომენტი ვნახე თუ არა, ლეშკაშელები მოვძებნე. ის, მინაზე აფეთქებული ლეშკაშელი ხომ ამ სოფლიდან იყო. ერთი ოჯახის განაყოფები აღმოჩნდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადმოსახლებულან ჩემი სოფლიდან. ჩვენი დიდი ბაბუები ძმები ყოფილან. მოკლედ, ერთმანეთის ბიძაშვილები აღმოვჩნდით. ძალიან თბილად მიმიღეს და მზრუნველობა არ მოუკლიათ ჩემთვის, განსაკუთრებით ინგა და ზვიად ლეშკაშელებს და მათ მშობლებს. რაც შეეხება ემზარს, ის ორივე ფეხის დაკარგვის შემდეგ კვლავ აგრძელებს მკურნალობას თბილისში, მისი ძმა, ელგუჯა კი გმირულად დაიღუპა დესანტის შემოტევის დროს. სამწუხაროდ! პოლკოვნიკ რეზო ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო-სანიტარული სამმართველოს უფროსი გახლდათ, ახალ კინდღში ჩამოყალიბდა და გაიშალა სამედიცინო პუნქტი თავისი საოპერაციოთი, სადაც დაჭრილთა ნაწილს მცირე ოპერაციები უტარდებოდათ. ფრონტზე ბევრი არაფერი შეცვლილა - ოჩამჩირე, სოხუმი ჩვენია, ტყვარჩელი და მიმდებარე სოფლები იმათია, გუმისთას იქით აფხაზეთიც მათია, ტამიში ისევ რჩება უცხელეს წერტილად და ბევრი ჩვენი ვაჟკაცის საბედისწერო წერტილად, ლაბრა კი კვლავ ხელიდან ხელში გადადის, ვერ გაიგებ, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი და მტრის პოზიციები, სად ჩვენი ტყვია და ჭურვი მოფრინავს და სად მათი გამოსროლილი. „ВМП“-თი დაჭრილი მომყავს ლაბრიდან, ამბროლაურის ბატალიონის მებრძოლია, სნაიპერის ტყვია პირდაპირ თავში აქვს მოხვედრილი. ზედ შუა შარაგზაზე მოდიოდა, ბევრი უძახეს ბიჭებმა, გადადი გზიდანო, მაგრამ ყური არ ათხოვა საწყალმა. ტყვია მოხვდა თუ არა, მოწყვეტით დაეცა. მის წინ მაშინვე „ВМП“ ჩააყენეს ბიჭებმა. ასეთ ადგილას სხვანაირად დაჭრილთან მიახლოება სიკვდილის ტოლფასია, მოუთმენლად ელოდება სნაიპერი, ვინ მივა დაჭრილის საშველად! ტრასაზე გამოსვლის შემდეგ დაჭრილი მსუბუქ მანქანაში გადავაწვინეთ. მდგომარეობა უმძიმესი რჩებოდა, პულსი - ძაფისებრი, სუნთქვა - ჩეინ-სტოქსის, ტვინის ქსოვილი ნახვევიდანაც გამოდის. დაჭრილი ჰოსპიტალში დავტოვედა დამძიმებული დავბრუნდი ახალ კინდღში. ბატონი რეზო ჯიჯეიშვილი და ნუგზარ გოგორიშვილი ის-ის იყო მორჩნენ ოპერაციას, ტყვია ამოუღეს წვივიდან მეომარს. ნუგზარის მძიმე კონტუზია აქვს, რამდენიმე დღის წინ სოხუმის ბაზარში დაბომბვისას დაჭრილები გამოჰყავდა და ჭურვი სულ ახლოს აუფეთქდა. ასეთი რამ მანამდე არ ყოფილა - მთელი ღამე ქალაქის თავზე „გირლანდები“ ეკიდა და ქალაქი იბომბებოდა. ყურში ახლაც ძლივს ესმის ნუგზარს, მაგრამ მაგის გაჩერება და მოსვენება არაა, სანამ ფეხზე დგომა შეუძლია, ალბათ, არც გაჩერდება. ბატონმა რეზომ სპირტი გამოატანინა, გასკდა ეს ოხერი გულიო, თქვა და ისე გადაჰკრა, თვალიც არ დაუხამხამებია. -ღმერთო, შენ გვიშველე! - გადაიწერა პირჯვარი ირაკლი დარბაიძემ და იმანაც გადაჰკრა. ირაკლი ომის დწყების დღიდან ფრონტზეა და რამდენი ჭრილობა და კონტუზია აქვს, თვითონაც ვეღარ ითვლის. - ხვალისთვის მანქანა გაამზადეთ, მედიკამენტები და საკაცეები უნდა წავიღოთ ლაბრაში! - ბრძანა ჯიჯეიშვილმა. ჩვენ საწყობში შევედით და სამზადისი დავიწყეთ. მეორე დილით, რიჟრაჟისთანავე, ლაბრისაკენ დავიძარით. მე, დათო, ვასიკო კილაძე და აჩიკო ნავდარაშვილი ძარაზე ავძვერით, ორნიც კაბინაში არიან. ნელი სვლით მივდივართ, გზა რაღაც უსაშველოდ გაიჭიმა... -დაბრუნდით, დაბრუნდით, სად მიდიხართ, დაბრუნდით! - ატყდა ჩვენს უკან ყვირილი, ჩვენს პოზიცას გავცდენილვართ თურმე! ამ დროს წინიდან სეტყვასავით წამოვიდა ტყვია. ყველანი მანქანიდან გადმოვხტით და გზისპირა თხრილებით უკან დავიხიეთ. ჩვენ იოლად გავალთ, მაგრამ მანქანა... უცებ, აჩიკო ნავდარაშვილი, პატარა მცხეთელი ბიჭი, წამოხტა, ზიგზაგებით გაიქცა მანქანისაკენ, მძღოლის კარი გამოხსნა და შიგ ჩახტა. მტრის ტყვიას ჩვენი ტყვია შეეგება, ტყვიამფრქვევიც ამუშავდა. მეტყვიამფრქვევე ტარიელ ძოწენიძეა, სამედიცინოს სტუდენტი, მაგისთანა გაბედული მებრძოლი თითო-ოროლა თუ იქნება. წინა შეტაკების დროს, როცა მტრის ტყვიამფრქვევს ვერაფერს ვუხერხებდით, პირდაპირ წამოიმართა ფეხზე და დამიზნებაც არ დაჭირვებია, ისე გადაჭრა შუაზე „კოლეგა!“ ...მანქანა თუხთუხებს, თუმცა დრო გადის და ადგილიდან კი არ იძვრის. საუკუნედ გაიწელა წამები... უცებ „გაზიკი“ ადგილს მოწყდა და უკუსვლით გამოვარდა ჩვენსკენ. -ცოცხალი ხარ?! - მივვარდით აჩიკოს, როცა მანქანა სამშვიდობოს დავაყენეთ. აჩიკო ერთიანად ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. გაეღიმა, ძლივს არ ჩავაგდე „ზადნიში“? - თურმე სატვირთო ცხობრებაში არ უტარებია! მედიკამენტები და საკაცეები დავაბინავეთ, ჩვენ კი შტაბის ეზოში პირდაპირ ბალახზე მივწექით. ლევან ოდიშარიამ „მზის“ კოლოფი ამოიღო და ჩამოგვირიგა, გია ნეფარიძემ ცეცხლიც მოგვაშველა და გემრიელად გავაბოლეთ, თან აჩიკოს გმირულ საქციელზე ვსაუბრობდით და დამსახურებულ ხოტბას ვასხამდით. მზერა მოვავლე ბიჭების გარუჯულ სახეებს. თითქოს ამ რამდენიმე თვეში გაზრდილიყვნენ, დავაჟკაცებულიყვნენ, დაღვინებულიყვნენ. საოცარია თითოეული მათგანის უკიდეგანო სიყვარული სამშობლოსადმი, მათი ვაჟკაცობა, მათი გმირობა... არადა, ისინი ხომ პირდაპირ აუდიტორიებიდან მოხვდნენ ბრძოლის ველზე ყოველგვარი სამხედრო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ეტყობა, ჩვენი წინაპრების საუკუნოვანი მზადყოფნა სამშობლოსათვის თავდადებისა სისხლით და გენებით გადმოიღვარა მათში და სასწაულებს აკეთებინებს! განა აჩიკოს ქმედება, განა ირაკლი წურწუმიას, გიორგი მიროტაძის, მამუკა შალიბაშვილის, ტიკ-ტაკას, თამაზი შეროზიას გმირობანი სასწაული არ არის?! ეს ხომ ყველას არ შეუძლია, ეს რჩეულთა ხვედრია მხოლოდ და როდისმე მთელი საქართველო გაიგებს და დააფასებს მათს გმირობას! ფიქრებიდან ტირილის ხმამ გამომიყვანა. ვიღაც მოხუცი დედაბერი მოთქვამდა და ლევან ოდიშარიას რაღაცას ემუდარებოდა. -რაშია, ლევან საქმე? - ვკითხე და მივუახლოვდი. -არ ვიცი, ზურა, ტირის და იხვეწება, მეზობელ სახლში ავადმყოფი ქმარი მყავს და გამომაყვანინეთო! - მიპასუხა, - თან რაღაცას სომხურად ჩიფჩიფებს, ნახევარი არ მესმის! - დაამატა. -შეეშვი, მაგისთვის არ გვცალია, მანქანა უკვე მზადაა და ბაზაზე ვბრუნდებით, თანაც, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი! - ვუთხარი და ხელკავით მანქანისაკენ წამოვიყვანე. -კარგი, რა, ზურა, ვნახოთ, ან წამოვიყვანოთ, ან წამლებს მაინც დავუტოვებთ, ცოდოა, ბევრი დროც არ დაგვეკარგება, აქვე ყოფილა! -შენ იცი! - ვუთხარი და უკან გავყევი. ქალი ტირილ-ტირილით შუა გზაზე მიფრატუნებს, მე და ლევანი გზის პირას, შორიახლოს მივყვებით. უცებ ყურთან ნაცნობი შხული გაისმა. -სნაიპერი! - უკვე ყველა იარაღის სპეციფიურ ხმას ვცნობ, - ვიყვირე და თხრილში განვერთხე, - დაწექი, დაწექი! - ვუყვირი ლევანს. ლევანი გზისპირა ბოძის წინ ოდნავ მოხრილი დგას და აქეთ-იქრთ იყურება, ვერ გაურკვევია, რა ხდება, ან მე რატომ ვყვირი. დრო აღარაა, წამოვიმართე, ლევანისკენ გადავხტი, ხელები ჰაერშივე მოვხვიე და ორივენი მიწაზე გავგორდით. იმავე წამს ბოძს, რომლის წინაც ლევანი იდგა, ზუზუნით შეეხეთქა ტყვია! -ჩქარა, თხრილში! - ვუყვირე, - მომყევი! - ხოხვით წამოვედი უკან, ლევანიც მომყვება, თან იგინება, მოვკლავ, მე მაგის! - თუმცა ვის მოკლავს, ვითომ საცოდავი მოხუცი სომეხი სადღაც გაუჩინარებულიყო. სამშვიდობოს გამოვაღწიეთ. ბიჭები გველოდებოდნენ. მანქანის ძარაზე ავძვერით და ბაზაზე გამოვემართეთ, რათა შემდგომი ბრძოლებისთვის მოვმზადებულიყავით. თუცა ის იყო, ომის ბედის სასწორი კვლავ ჩვენკენ უნდა გადმოხრილიყო, 20 მაისის „სამშვიდობო“ ხელშეკრულებამაც მოგვისწრო. თავი XIV ივლისის დესანტი ომის მსვლელობისას მოწინააღმდეგის მხრიდან იყო რამდენიმე დიდი თუ მცირე შემოტევა, მაგრამ ისეთი მასშტაბური ოპერაცია, როგორიც „ივლისის დესანტი“ იყო, მტერს მანამდე არ განუხორციელებია და არც ასეთი დიდი მსხვერპლი ყოფილა ჩვენს რიგებში. ...როგორც ყოველთვის, მე და ვასიკო კილაძე პოსტზე ერთად გავდივართ სამორიგეოდ. ახლა ორი საათის ნაცვლად სამი საათი გვიწევს ცვლაში ყოფნა, რადგან ჩვენი რიგები საკმაოდ შეთხელებულია - ნაწილი დაიჭრა ან დაიღუპა, ნაწილი საბაზო ბანაკშია, ზოგი სოხუმშია, ბევრიც თბილისში დაბრუნდა. მოწყინდათ ბიჭებს ეს უაზრობა, ერთი ადგილის ტკეპნა, მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნა. ჯერ ისედაც არანაირი ორგანიზებულობა არ არსებობდა, მაისის „სამშვიდობო“ ხელშეკრულების შემდეგ კი სულ აირია მონასტერი და ვისაც სად მოესურვება, იქ მიდის. მოკლედ, ჩვენ ვართ ერთმანეთის და ჩვენი თავის უფროსებიც, ხელქვეითებიც და პატრონებიც. - ნეტავ მაცოდინა, რა ხდება ან რა მოხდება! - ამბობს ვასილი. - არ ვიცი, რა ვთქვა, - ვპასუხობ, - ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, სულ არ გამიკვირდება, თუ მალე აფხაზეთის დატოვების ბრძანებას მივიღებთ! - რას ამბობ, ასეთ სიბინძურეზე მთავრობა არ წავა! - იცი, რა, ვასილ, ეს ე.წ. მთავრობა და ქვეყნის რეალური მმართველი ძალა სიბინძურეზე და ღალატზე უკვე წავიდა, როცა ზვიად გამსახურდია სისხლით და მახვილით დაამხო, მერე ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დაგვატაკეს, მავანნი კი ჩვენს გაჩაღებულ ხანძარზე ხელებს ითბობენ! გაიხსენე, რამდენჯერ ბრძოლით და მსხვრპლით აღებული პოზიცია გაურკვევლი ბრძანებით დავტოვეთ, რამდენჯერ ჩვენი შეტევები ასევე ვიღაცის ბრძანებით გაჩერებულა! კარგად დააკვირდი, სადაა ჩვენი არმია, სადაა სარდლობა, სადაა დისციპლინა, ვინაა ჩვენი პატრონი? ან ბოლო თვენახევარი რას ვაკეთებთ? შეტევის უფლება უკვე ოფიციალურად არ გვაქვს, ერთ ადგილს ვტკეპნით, ვერ გაიგებ, ვინ მიფრინავს, ვინ მოფრინავს, ზოგი საერთოდ პოზიციაზე აღარ გამოდის! ან ეს ამდენი „მოსაწევი“ საიდან გაჩნდა? წუხელ ხომ ნახე, რა მოხდა ბაზაზე? „პლანის კაიფში“ ვიღაცას წამოუარა და მთელი შენობა დაცხრილა, ძლივს მოასწრეს ბიჭებმა იატაკზე დაწოლა, სანამ ფეხებში არ დაჭრეს, ვერაფრით გააგდებინეს ავტომატი ხელიდან ჰალუცინაციებით გაგიჟებულ ბიჭს! ლაბრაში მთელი კასრი საძილე წამლებით გაჟღენთილი ღვინო იპოვნეს - საიდან? მანამდე სად იყო? - დავიცალე, ამოვისუნთქე, ავტომატი იქვე ხეზე მივაყუდე, მიწაზე ჩამოვჯექი, მეც იმავე ხეს მივეყუდე და სიგარეტს ხარბად მოვუკიდე. უკვე აღარ ვფიქრობ, რომ სადმე ძველებურად მტრის სნაიპერი იქნება ჩასაფრებული. საკინძეს ვიხსნი და მკერდს ვუშვერ ზღვიდან მონაბერ თბილ ნიავს. -და საერთოდ, - გავაგრძელე პაუზის შემდეგ, - ვის უნდა ეს ომი? ჩვენ არ გვინდა, აფხაზებს უნდათ? არ უნდათ! გაიხსენე გია ნემსაძის მონაყოლი, დაღუპული მეომრის ცხედრის გაცვლაზე რომ შეხვდნენ აფხაზურ მხარეს! - გავიხსენეთ, როგორ გადავიდა წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენი დელეგაცია აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორი სითბოთი მიიღეს აფხაზმა უხუცესებმა, როგორ გამოთქვეს სინანული, რომ ამდენი ხნის ძმური თანაცხოვრების შემდეგ ასე უმოწყალოდ ვხოცავთ ერთმანეთს! ნათლად გამოსჭვიოდა მათს საუბარში, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს და შეგვიძლია, კვლავ მშვიდობიანი ურთიერთმეზობლობა. - ეჰ, არაფერი აღარ ვიცი, ამდენმა ფიქრმა ლამის არის გამაგიჟოს! - მოუკიდა სიგარეტს ვასიკომაც და გვერდით მომიჯდა, - ცოტასაც ვუყურებ და მეც მოვიტრიალებ ქუდს უკუღმა, მორჩა! ინსტიტუტში მაინც მოვაგვარებ საქმეს, თორემ ყველაფერი უკან დამრჩება! შენ როდის მიდიხარ? - აქედან ბაზაში წავალ, იარაღს ჩავაბარებ და ხვალვე გავფრინდები. ვგონებ, შენც წამოხვიდე, ჯობია! - არა, ხვალ ლაბრაში მინდა წასვლა, დუშეთის ბატალიონში მეგობარი მყავს, ვნახავ და ორ დღეში მეც წამოვალ, მომენატრა თბილისი, გორი, მშობლები, ჯგუფელები! - გამეცინა, ჯგუფელები კი არა, ჯგუფელი - ნონა მოენატრა, საგარეჯოელი გოგონა, უიმედოდ რომაა შეყვარებული და თავი ვერაფრით მოაწონა, ახლა კი იმედი აქვს, ბოლოსდაბოლოს, გაალღობს მის გულს! რიჟრაჟიც შემოიპარა და ჩვენი მორიგეობაც დამთავრდა. ერთმანეთს გულთბილად დავემშვიდობეთ, მე ბაზისაკენ წამოვედი, ვასიკო კი ლაბრისაკენ გაემართა, სადაც დუშეთის ბატალიონი იდგა. იმ დღეს ვერ გამოვფრინდა, მომდევნო ღამეს კი ის ავადსახსენებელი დესანტიც შემოგვესია და სხვა უამრავ მებრძოლთან ერთად, თითქმის მთელი დუშეთის ბატალიონი ამოჟლიტეს. ვასიკო კილაძე კი, არც მკვდარი და აღარც ცოცხალი აღარავის უნახავს! ყველაფერი კი ისე დაიწყო, როგორც ყველაზე საშინელ სიზმარში. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის გასხვისების გეგმა ძალიან გაჯანჯლდა, ამიტომ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა. კბილებამდე შეიარაღებული, კარგად ნაწრთობი რუსი „ბოევიკებით“ დაიტვირთა ოთხი თუ ხუთი სადესანტო ხომალდი. მშვიდად, ყველას თვალწინ გადმოსერეს ლამის მთელი შავი ზღვის აკვატორია გუდაუთიდან ოჩამჩირემდე, აუღელვებლად მოადგნენ ნაპირს, თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ყველა სტრატეგიული პუნქტი და რამდენიმეკილომეტრიანი ზოლი ზღვის სანაპიროდან მთებისაკენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართულ შენაერთებს (ასევე აფხაზურსაც) 20 მაისის „სამშვიდობო“ ხელშეკრულებით ეკრძალებოდათ ყოველგვარი შეტევითი ოპერაციის წარმოება. მიმდინარეობდა დამღლელი პოზიციური ბრძოლები, ერთი ადგილის ტკეპნა და, ბუნებრივია, ორთვიანმა უქმობამ მეომრებშიც თანდათან მოდუნება გამოიწვია, დესანტის გადმოსხმის წინა დღეებში კი ქართულ შენაერთებში დაიწყო არნახული შემოტევა ნარკოტიკებისა - დაიყარა „წამალი“, „მოსაწევი“, საიდანღაც განდა მოწამლული ღვინით სავსე კასრებიც, რომლებიც მანამდე არავის უნახავს და საძილე საშუალებებით ყოფილა გაჯერებული! ამიტომაც იყო, ბიჭების უმეტესობა ისე ამოხოცეს, ტყვიის გასროლაც კი ვერ მოასწრეს! სადესანტო გემების ვოიაჟის შესახებ კი ყველამ ყველაფერი იცოდა „ზემოთ,“ თუმცა მეომარ ბიჭებამდე ეს ინფორმაცია არავის მიუტანია! პირველი დარტყმის შემდეგ მტერს აღარ ეგონა, თუ კიდევ რაიმე წინააღმდეგობას წააწყდებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ მოხდა სასწაული: თითქოს დაღუპული მეგობრების ძალა და ენერგია ჩვენში გადმოვიდა, მტერს თავდაუზოგავად ვეკვეთეთ, შიში თითქოს საერთოდ არ არსებულიყოს, ძველი დროის გმირების მსგავსად, სიკვდილი და ნეტარება ერთ მცნებად იქცა! თითქმის ყოველ საათში ჯდებოდა სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავი, ბრუნდებოდნენ ძველი მეომრები, ბევრიც სწორედ ამ დღეებში ჩამოვიდა პირველად. იარაღი ბიჭებს აეროპორტშივე ურიგდებოდათ, რაც მანამდე არ მომხდარა და პირდაპირ ბრძოლის ველზე მოჰყავდათ. ...დაახლოებით ხუთასკაციანი შენაერთი ნელი სვლით გადის ახალი კინდღიდან. ბაზაზე სულ ორი საათი დავყავით, საბრძოლო მასალა და ტყვია-წამალი შევივსეთ, სული მოვითქვით და ახალი შეტევისათვის მოვემზადეთ. ოპერაციას დავით თევზაძე ხელმძღვანელობს. დესანტის ძირითადი ნაწილი განადგურებულია, შეტევაზე გადმოსვლის რესურსი მათ აღარ აქვთ, რაც ბოლო დღის შეტაკებებმაც დაადასტურა, თუმცა სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის მცირე ნაწილს კვლავ აკონტროლებენ, ნაწილი კი მთის ძირებში იმალება. სადაცაა, ირიჟრაჟებს, შენაერთის ერთი თავი ტამიშის აფეთქებულ ხიდს უპრობლემოდ მიუახლოვდა. წინ ტანკები და მძიმე ტაქნიკა მიგვიძღვის, მე მეთაურს ფეხდაფეხ მივყვები, ავტომატი შემართული მაქვს, თან მედიკამენტებით სავსე ჩანთას მივათრევ. - ტანკები და ტექნიკა მდინარის ფონით უნდა გავიყვანოთ! - ბრძანა მეთაურმა. წინა ტანკი ნელ-ნელა დაეშვა მდინარის ფონისაკენ, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ჩამონგრეულ ჯებირსა და ხიდის დარჩენილ ბურჯს შორის გაიჭედა, ვეღარც წინ მიდის და ვეღარც უკან წამოსულა. თანაც, დანარჩენი ტანკების გასასვლელი გზაც ჩაიხერგა! - გზა უნდა გავაგრძელოთ, მაგათ საკმარისი ტყვია-წამალი აღარ აქვთ, არც ტექნიკა ჰყავთ, ამიტომ შუაზე უნდა გავიყოთ, გზის ორივე მხარეს გავუყვეთ და დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გავანადგუროთ! - ბრძანა თევზაძემ. ცოტა უცნაურად მეჩვენა, გზის გაყოლებით ხომ მტრისათვის კარგი სამიზნე ვიქნებით! თუმცა, ვინ იცის, იქნებ პირიქით, ხეები საფარად გამოგვადგნენ! მეთაურის ბრძანება უკან მომავლებსაც გადავეცით. ნელი სვლით გავიარეთ ორი კილომეტრი ისე, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია, თუმცა ყოველი ფოთლის თუ ბალახის გაფაჩუნებისთანავე ხმის მიმართულებით ორი-სამი ავტომატით ხდებოდა „წმენდა.“ ასე გავიდა ალბათ 30-40 წუთი, თითქმის მთელი შენაერთი აფეთქებულ ხიდს გასცდა, როცა ატყდა საშინელი სროლა თითქმის ყველა მხრიდან. ნათელი გახდა - მტერმა გამოგვატარა დერეფანში, კარგად ამოგვიღო მიზანში და მოგვაქცია ცეცხლქვეშ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან საპასუხო ცეცხლმა არ დააყოვნა, თუმცა მოწინააღმდეგეს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა: ჩვენ ვისროდით ცეცხლის მიმართულებით, ისინი კი შეფენილიყვნენ გზისპირა სიმაღლეებს და გვესროდნენ დამიზნებულად, თან, ჭარბობდა ე.წ. „გრანატამიოტის“ რაკეტები. როგორც დავაკვირდით, რაკეტებს უმიზნებდნენ ხეებს, აფეთქებას კი ხის ირგვლივ ჩაწოლილი ბიჭები მთლიანად გამოჰყავდა მწყობრიდან. ათი წუთის მანძილზე ალბათ 5-6-ჯერ მაინც მომიწია ტრასის გადაჭრა იქეთ-აქეთ დაჭრილთა დასახმარებლად, ბევრი უკვე დაღუპულიც იყო. შესახვევი მასალა ელვის სისწრაფით ქრებოდა. დაჭრილები და დაღუპულები ხელით გაგვყავდა ხიდამდე. ხიდთან ჩვენი ტექნიკა და ტრანსპორტი დგას. ღმერთო, ვინმემ უკან დახევის ბრძანება გასცეს, თორემ სულ მალე დაჭრილის და მკვდრის გამყვანიც აღარ იქნება! - გავიფიქრე. ჩვენი პოზიცია ძალიან წამგებიანია და თავისი ტყვია-წამალი რომც არც ეყოთ, ჩვენივე იარაღით ამოგვხოცავენ! აგერ, გაგრის ბატალიონის მებრძოლს ვუკეთებ შეხვევას, თავშია მძიმედ დაჭრილი, უგონოდაა, თუმცა ჯერ ცოცხალია. - გადარჩება? გადარჩება?! - ცრემლმორეული ყვირის ერთი, ალბათ, ახლო მეგობარია. ამ დროს ხდება სასწაული - ჩვენს გვერდით, ასფალტზე დაეცა რაკეტა, აისხლიტა და სადღაც 50 მეტრში აფეთქდა! ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება, უმცირესი წინაღობაც, კი, მაგალითად ფოთოლი, საკმარისია რაკეტის ასაფეთქებლად! - არ ვიცი, დამეხმარე, რომ გავათრიოთ ცოტა უკან, - ვპასუხობ, - ჩვენ კი ამჯერად ნამდვილად გადავრჩით! გზის მეორე მხრიდანაც დაჭრილს მოათრევენ, თითქმის ერთდროულად მივხოხდით აფეთქებულ ხიდამდე. დაჭრილს შევხედე, ვიცანი - ეს კახა სისვაძეა, „თეთრი არწივიდან,“ ორივე ფეხიდან სისხლი სდის. როგორც იქნა, ორივენი ხიდის მეორე მხარეს გადავიყვანეთ. ამ დროს ავტომატის ჯერი გაისმა. თავი წამოვწიე და ჰოი, საშინელებავ: იმას, კახა რომ გამოჰყავდა, პირიდან და გულ-მკერდიდან სისხლი მოსჩქეფდა! დაჭრილები ტრანსპორტში მოვათავსეთ და უკან დავბრუნდი. ავტომატის ლულა გაცხელდა, ვაზნები მითავდება, მედიკამენტების ჩნთა თითქმის დაიცალა... -თევზაძე დაიჭრა! - გადაიფრინა უცებ სიტყვებმა, ყველანი უკან ვიხევთ! - ბრძანება აღარც იყო საჭირო, სხვა ისედაც არაფერი დაგვრჩენოდა. ის იყო, მეთაურისაკენ უნდა დავძრულიყავი დასახმარებლად, რომ უცებ თვალთ დამიბნელდა, რაღაც ძალამ ზევით შემისროლა და გონება დავკარგე. გონს რომ მოვეგე, თავს ბიჭები დამტრიალებდნენ, ხელ-ფეხი დაებინტათ, ერთი მკერდის ჭრილობებს მისუფთავებდა... ტანკის კორპუსზე ამათრიეს, სადაც კიდევ ორი დაჭრილი იწვა. ტანკი მუხლუხების ღრჭიალით დაიძრა, მე კი თანდათან კვლავ დამიბნელდა თვალთ და გონზე აგუძერაში, ჰოსპიტლის ეზოში მოვედი. რაც შეეხება დესანტს, ოპერაცია კვლავ გაგრძელდა, შეტევა წარიმართა გაშლილი ფრონტით და არა ტრასის გასწვრივ და ორ დღეში ჩვენი ბიჭების სრული გამარჯვებით დამთავრდა! თავი XV აფხაზეთი ჩემი ჰოსპიტლის მიმღებთან რიგია. დაჭრილები ნაკადად მოჰყავთ. მიცვალებულებს პირდაპირ ეზოში ასვენებენ. ორი საკაცე შენობიდან უკან გამოიტანეს ზეწარგადაფარებული. თავს ვერ ვწევ, შევხედო, ვიცნობ თუ არა, მაშინვე გულისრევა მეწყება. ყურები მიშუის, თვალებში რაღაც მაწვება, საცაა, თავი გასკდება. ოთხივე კიდურიდან და მკერდიდან სისხლი მდის, მარცხენა ხელს ვერ ვამოძრავებ, საშინელ ტკივილსა და ძვლების ხრაშახრუშს ვგრძნობ, თუმცა, ვხვდები, ჭრილობები საშიში არ უნდა იყოს. როგორც ეტყობა, დარტყმის ძალამ ჰაერში ამაგდო, ჭრილობები კი ყუმბართმტყორცნის რაკეტის ნამსხვრევების შედეგია, შემავალი არც ერთი არ ჩანს. საოპერაციოში შევყავართ, გვერდით მაგიდაზე თევზაძე წევს, ისიც ნამსხვრევებითაა დაჭრილი, სახეზე ბოღმა და მრისხანება ეტყობა, თუმცა შემართება და იმედი მაინც გამოსჭვივის. მახსენდება ლაბრის და ძველი კინდღის ოპერაციები, სადაც მისმა თავდადებულმა ბრძოლამ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. მისი უშიშრობა და თავგანწირვა წიგნებში წაკითხულ ძველ გმირებს მაგონებს, თუმცა დღევანდელი ოპერაცია მის აქტივში ნამდვილად არ ჩაითვლება. ეს ხომ საერთოდ ქართული ჯარის ტკივილია - ჩვენ გვყავს თავდადებული მეომრები, გმირები, ომის სტრატეგი კი ჯერ არ ჩანს! - ექიმო, - მივმართე თეთრხალათიანს, - შეროზია როგორ არის, თამაზი? - შეროზია ამ დილით მოკვდა! - მიპასუხა და ჭრილობების დამუშავება განაგრძო. - მოკვდა, თამაზი მოკვდა?! ღმერთო! - შევყვირე, ამოვიკვნესე და ყელში დიდი ბურთულა გამეჩხირა, ნესტოები დამებერა, გული სადღაც ქვევით ჩავარდა! კაცმა მთელი ომის სიმძიმე თავის მხრებით ზიდა, ყველგან წინა ხაზზე იყო, ყველასათვის ვაჟკაცობისა და თავდადების ეტალონად წარმოჩინდებოდა, ყველას მაგივრად თვითონ უშვერდა ტყვიას მკერდს და ყველა შეტაკებიდან საღსალამათი გამოდიოდა, რამდენიმე დღის წინ კი დრანდაში, არაფრის გამო, სრულიად უმიზეზოდ, ადგილობრივმა ქართველებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ოთხი დღე იცოცხლა ჰოსპიტალში ოპერაციის შემდეგ და როცა თბილისიდან დედა ჩამოუყვანეს, სწორედ იმ დილას, დედის თვალწინ დალია სული! ახლა აღარ მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს იმ ნაძირალა ვაიქართველების გვარები (თუმცა, ცნობილნი არიან!), სადაც უნდა იყვნონ, სადაც უნდა დაიმალნონ, ცოდვა არ მოასვენებს მათს მხდალ სულებს, ღმერთი იყოს მათი მსაჯული და განმკითხველი! კანკალმა ამიტანა. ელვის სისწრაფით წარმომიდგა თვალწინ მთელი ომი სოხუმში ჩამოსვლიდან ამ წუთამდე და თითქოს ახლაღა გაცოცხლდა ჩემში ის ადამიანური სისუსტე, შიში რომ ჰქვია! თითქოს ის ძალა, მთელი ომის მანძილზე უშიშარს რომ მხდიდა და სამშობლოსათვის თავგანწირვას მიადვილებდა, გამომეცალა და ახლაღა აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე მინდა! რამდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, რამდენჯერ გადავრჩი წარმოუდგენელ სიტუაციაში, შიში კი არ მიგვრძნია! ახლა კი ვგრძნობ, რომ მეც ყვალა სხვასავით ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ და ეს კანკალი და დაძაბულობა, შიშისა და გაურკვევლობის შეგრძნებაც ისეთივე ადამიანური გრძნობაა, როგორც სხვა დანარჩენი. საღამომდე დრო უსაშველოდ გაიწელა. საღამოს ყველა, დაჭრილიც და მიცვალებულიც აეროპორტში გადაგვიყვანეს და თვითმფრინავში მოგვათავსეს. თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა და უსაშველო მოლოდინის შემდეგ თბილისში დაეშვა. ფრენისას ხმა არავის ამოგვიღია. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ როდის დავბრუნდებით მზიურ აფხაზეთში? ან დავბრუნდებით კი? სხვა ბიჭების დაძაბულ მზერაშიც იგივე კითხვას წავაწყდი და მივხვდი, ყველას ერთი სატკივარი გვტკიოდა. ამ ტკივილს აფხაზეთი ერქვა! გონებაში პოეტის სტრიქონები ამოტივტივდა; „ამ კაცს თვალი აფხაზეთზე უჭირავს, ეს კაცია ალბათ თურქის ტომის, და მე ვყვირი: ჩემს სისხლს დალევს უწინამც, და მე ვყვირი: აფხაზეთი ჩემი!“ თავი XVI დასასრულის დასაწყისი ღამის თბილისი პირქუშად გვეგებება. აეროპორტში უამრავი ხალხია. ყველა თავის დაჭრილს და მკვდარს ეძებს. აქეთ სიხარულის შეძახილები ისმის, იქით გლოვის ზარია. ვინ საერთოდ ვერ ნახულობს თავისას და ხან ვის ეკითხება და ხან ვის, ხომ არაფერი იციან მავანისა და მავანის შესახებ. ავტობუსები, საიდანაც სკამებია ამოღებული, პირდაპირ ტრაპტთან მოჰყავთ და ჩვენს საკაცეებს ორ სართულად ათავსებენ. უკვე აღარ მეჩქარება, აღარ მაკანკალებს, დავმშვიდდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, სადმე ლელას მზერას გადავაწყდე, გულში ჩავიკრა და მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, ცოცხლად რომ რომ დამაბრუნა ამ ჯოჯოხეთიდან. ჩვენი კოლონა საავადმყოფოს ეზოში შედის. ავტობუსში თეთრხალათიანები ამოდიან, დაიწყეს დაჭრილების გადაყვანა. - ბიჭებო! - მოგვამრთა საშუალო სიმაღლის, სიმპატიური გარეგნობის მამაკაცმა, - თქვენ იმყოფებით მეხუთე საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, ხალხში 31-ე ქარხნის საავადმყოფოს ეძახიან, მე მისი მთავარი ექიმი გახლავართ, თამაზ შარაშიძე. აქ თქვენ გექნებათ საუკეთესო გარემო, გიმკურნალებენ საუკეთესო ექიმები და ყველა პირობა გექნებათ დროული გამოჯანმრთელებისათვის. გისურვებთ წარმატაბას! - ექიმო, მე სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში ვმუშაობ, არ შეიძლება, იქ გადამიყვანონ? - მივმართე, თან ვფიქრობ, ამ სიშორეს სად წამოვუყვანივართ, აქ ვინ მოვა სანახავად! - ჩემი თავი დავიჭირე იმის სურვილში, რომ მინდა, რაც შეიძლება მეტი ნათესავი, მეგობარი, ახლობელი მოვიდეს და ყველას მივახარო, რომ ცოცხალი ვარ! - არ ვიცი, შვილო, მაგას მე არ ვწყვეტ. ისე კი, გირჩევ, დარჩე, არაფერი მოგაკლდება, მით უფრო, რომ ჩვენიანი ყოფილხარ, - მითხრა და ავტობუსიდან ჩავიდა. პალატაში ექვსნი ვწევართ. თავზე დათო ნიკოლაიშვილი მადგას, ჩემი ნათესავი და „თეთრი არწივის“ გამოცდილი მებრძოლი, უშიშარი ვაჟკაცი და ნაღდი ქართველი, რომელიც ჩამოყვანის პირველივე წუთებიდან არ მშორდება და საკუთარი ძმასავით მივლის. ჩემს გვერდით კახა სისვაძე წევს. ყოველ დღე ახალ-ახალი მნახველები მოდიან. გუშინ რომელიღაც საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო, ნამცხვარი, ტკბილეული და კუპონები მოგვცეს საჩუქრად. ფრონტიდან კიდევ მოჰყავთ დაჭრილები, რომლებსაც მაშინვე ჩვენი დაკარგული მეგობრების ამბავს ვეკითხებით. ვასიკო კილაძის არაფერი ისმის. გულის სიღრმეში იმედი მაქვს, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედ ჩავარდა, იქნებ... ყურადღებას არც მედპერსონალი გვაკლებს, არც ჩვენი ახლობლები. მთელი დღე იმდენი ხალხი ტრიალებს, საფიქრალად ვერ მოიცლი, თუმცა ღამით, როცა მარტონი ვრჩებით, თვალწინ მთელი საომარი ბატალიები იშლება და ცოცხლდება თითოეული სცენა, თითოეული მებრძოლის სახე, თითოეული ჩვენი ნაბიჯი... გუშინ ერთ-ერთმა მნახველმა პატარა ოთახის ძაღლი მოიყვანა, მთელი ღამე ჩვენი მხსნელი ფინია მახსენდებოდა. ... იანვრის სუსხიანი ღამეა. წვრილი თოვლჭყაპი მოდის. ყველაფერი თეთრადაა გადაპენტილი... აჩადარადან ვბრუნდებით მორიგი შეტაკების შემდეგ. მალე ტრასაზე გავალთ, სადაც ტრანსპორტი გველოდება. უცებ საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და წინ მიმავალი მებრძოლი ჰაერში აფრინდა, შემდეგ მეორე, მესამე აფეთქების ხმა უკვე უკან გაისმა. - არ გაინძრეთ, დამინული მინდორია! - დაიყვირა ვიღაცამ. თქმაც არ იყო საჭირო, ვინც ოდნავ ჩახედულია, იცის, რასაც ნიშნავს დამინული მინდორი! ბევრჯერ ყოფილა, ტყვიას და ცეცხლს არ შევპუებივართ, მაგრამ მინების წინაშე ყველა უძლურია, ერთ ადგილზე გაგაშეშებს და გაგყინავს! - როგორც დგახართ, ეგრევე ჩაწექით, იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში გქონდეთ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბით, შევეცდები, რაციით ჩვენებს დავუკავშირდე! - ბრძანა ზვიად სამხარაულმა, ოპერაციის ხელმძღვანელმა. - გია, ერთი, უკან რომ აფეთქდა, მგონი ცოცხალია, იქნებ გადავარჩინოთ! ჩვენსავე ნაკვალევს გავყვები, - ვეუბნები გია ნემსაძეს. გია ექიმია და ისიც მოხალისედ წამოვიდა აფხაზეთში. - ძალიან ფრთხილად! - მაფრთხილებს და უკან მომყვება. - მოემზადეთ, თუ რაიმეს შენიშნავთ, ცეცხლის გასახსნელად მზად იყავით, ხმა არავინ ამოიღოს! - ბრძანა მეთაურმა. სამარისრბური სიჩუმე ჩამოვარდა, რათა ის უმნიშვნელო ხმა, მინაზე დაბიჯება რომ გამოსცემს, არ გამოგვპარვოდა. თითო ნაბიჯის გადადგმას თითო საათი ვუნდებით, მთელი სხეული მიცახცახებს... როგორც იქნა, მივაღწიეთ. დაჭრილი სუნთქავს, გონზეა, თუმცა ტკივილისგან ყრუდ კვნესის, მარცხენა ფეხი, სხეული, სახე დაფლეთილი და ნამსხვრევებით მოფენილი აქვს, ქსოვილები გაშავებულ-დამწვარია. მარჯვენა კიდური მუხლს ქვემოთ აღარ აქვს, დიდი წვივის ძვალი გარეთაა გამოჩრილი და პერიოდულად სისხლს ასხამს. საჩქაროდ ჩანთა გავხსენი, მორფი გავუკეთე, ლახტი დავადე, გიამ ფართედ გადაუხვია დამწოლი ნახვევით. - ნუ გეშინია, გადარჩები, იცოცხლებ, ძმაო! - ვეუბნები. ცოტა განზე გავათრიეთ, მთლად ღია ადგილზე რომ არ ყოფილიყო, ჩვენც გვერდზე მივუწექით. რაციით ჩვენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, უკუნი სიბნელე ჩამოწვა, ძვლებში სიცივე და ნესტი გაგვიჯდა, განძრევას ვერ ვახერხებთ, ყველგან მინა გველანდება. ბიჭები ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ოდნავ გვერდზე გადაბრუნებით იკმაყოფილებენ, ზოგს ეშინია, გვერდითაც მინა არ იყოს და პირდაპირ შარვალში შარდავს. - სიგარეტისა და ასანთის ანთება არავინ გაბედოს! - ჩურჩულით ბრძანა ზვიადიმ და კიდევ ერთხელ სცადა რაციის ამუშავება. გიამ თვვალები დახუჭა და მარჯვენა მტევნის საჩვენებელი თითი გაშვერილი დატოვა, ეს მედიტაციაა და კონცენტრირებაში მეხმარებაო. ირაკლი წურწუმია გამახსენდა. ჩვენ ისეთ დღეში ჩაგვაგდო დამინულმა მინდორმა, ჩვენი თავის საშველადაც ფეხი ვერ გაგვენძრია, ირაკლიმ კი რაც გააკეთა, მთელ ფრონტზე ლეგენდად დადის - როცა ვაჟკაცობით და შემართებით განთქმული ზაზა ბენდელიანი ტამიშ-კინდღის ოპერაციის დროს მინაზე აფეთქდა, ირაკლი არც დაფიქრებულა, ისე შევარდა მის გადასარჩენად! აფეთქების ძალას ქართველი გმირის სხეული სამ ნაწილად დაეფლითა, თუმცა ოჯახს რომ შვილის ცხედარი დაუბრუნდა დასატირებლად და გასაპატიოსნებლად, მხოლოდ და მხოლოდ ირაკლის დამსახურებაა. ცას რიჟრაჟი შეეპარა, თანდათან ხსნის იმედს ვკარგავდით. გადავწყვიტეთ, თუ მტერი უფრო ადრე აღმოგვაჩენს, ვიდრე ჩვენები, არ დავნებდეთ ცოცხლად და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ავტომატებთნ ერთად ხელყუმბარებიც მზად გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში გავხსნათ და მტერთან ერთად თავიც ავიფეთქოთ! უცებ ხელზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. ნეტავ ეს რაღაა, გავიფიქრე. ავხედე და ვხედავ, პატარა ფინიაა, ხელზე მსუნავს და თან ალოკვას მიპირებს. - გადი, ძაღლო, იქეთ, შენღა მაკლდი! - ავუქნიე ხელი. - რაო, ძაღლი?! სადაა, დაიჭირე! - წამოიყვირა გიამ, - ეგ ხომ ჩვენი გადარჩენის შანსია! უცებ ყველაფერს მივხვდი, ძაღლს ხელი ვტაცე, მოვეფერე და დავუყვავე. ვისაც რა ჰქონდა - ზონარი, ქამარი, თოკი, ერთმანეთზე გადავაბით და ფინიას კისერზე ჩავაბით. - თოკი გრძელი უნდა იყოს, ვინცობაა, ძაღლმა მინაზე დააბიჯოს, აფეთქების ტალღამ ჩვენ არ უნდა დაგვაზარალოს! - ამბობს გია. – წადი, წადი! ვაგდებთ ფინიას, ის კი არ მიდის, ბოლოს წკმუტუნით წამოხტა და ხეებს შორის გაიქცა. თოკის ბოლოს მაგრად ჩავავლეთ ხელი და ძაღლს უკან მივყევით. რამდენჯერაც გაჩერდა, იმდენჯერ შევუყვირეთ და ძაღლმა უვნებლად გამოგვიყვანა ტრასამდე! - ბიჭებო, ახალი ამბავია! - შემოდის პალატაში ექთანი, - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და იქნებ ეს ომიც მალე დამთავრდეს! აი, ნახეთ! - აფრიალებს გაზეთს. - ღმერთო, დავიღუპეთ, ეს ხომ დასასრულის დასაწყისია! - წამოვიძახე მე. კახა შუბლშეკრული თავს მიქნევს, სხვები კი გაკვირვებით შემომყურებენ. მართლაც, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ყველაფერი ასეც მოხდა: ქართული მძიმე ტექნიკა, ბოლო ერთეულამდე, აფხაზეთიდან გემებით გადმოზიდეს ფოთში, მაშინ, როცა აფხაზური ტაქნიკა ადგილიდან არ დაძრულა. შევარდნაძის აქტიური მოწოდებით მოსახლეობა, სტუდენტები, სკოლის ბავშვები, პატარები - სოხუმში დაბრუნდნენ და პირველ სექტემბერს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც დაიწყო. ეს მაშინ, როცა იმ წელს, აფხაზეთის გარდა სწავლა პირველ სექტემბერს არსად არ დაწყებულა! თექვსმეტ სექტემბერს კი აფხაზურ-რუსული შტურმის დაწყებას მშვიდობიანი მოსახლეობა და იქ დარჩენილი საბრძოლო შენაერთები ცარიელი ხელებით შეხვდნენ! „ღმერთო, რატომ გაწირა საკუთარმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა, რისთვის აომა და გაწირა ამდენი ახალგაზრდა სიცოცხლე, ერის ნაღები ბიჭები, იქ ხომ მთელი საქართველოს საუკეთესო გენოფონდი იღუპებოდა! იღუპებოდნენ ის ბიჭები, ვისაც შემდგომში ქვეყანა უნდა ეშენებინა, ვინც თავისი სიძლიერით და შეუპოვრობით ქვეყნის გადარჩენას უნდა ჩასდგომოდა სათავეში. იქნებ, არ სჭირდება საქართველოს ვაჟკაცი, ერსა და რწმენაზე შეყვარებული თაობა, იქნებ ურჩევნიათ, ქვეყანა მათ დარჩეთ საჯიჯგნად, ვინც ამ ომს საქართველოს ფარგლებს გარეთ ემალებოდა, შემდეგ კი ჩამოჰქონდათ საქართველოში ათასგვარი გარყვნილობა, სქესობრივი თუ რელიგიური უმცირესობების (ვითომ, უმცირესობების?) თავისუფლების იდეები, მსოფლიოს გლობალური მასონური გაერთიანების, ეროვნებისა და მართლმადიდებლური რწმენის უარყოფის ფარული თუ ხმამაღალი ლოზუნგები?! ვინ იცის! სოხუმი-თბილისი 1993 -1999წ გვახსოვდეს აფხაზეთი (ეპილოგის მაგიერ) აფხაზეთის ომი წარსულს ჩაბარდა. ისტორია იტყვის, რა და როგორ მოხდა სინამდვილეში. თუმცა, ერთი რამ იმთავითვე ნათელი იყო - ეს იყო ხელისუფლებისა და გარეშე ალების მიერ ხელოვნურად ინსპირირებული სასტიკი ძმათამკვლელი ომი. ომის მსვლელობის მანძილზე ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია, ტაქტიკა, გეგმა არ გააჩნდა. საზელმწიფო მანქანა იდეოლიგიურ ომს აწარმოებდა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ამიტომაც რამდენჯერმე ჩაშალეს მოლაპარაკებები და არ დაუშვეს ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები. დევნილების ჭუბერის გზით ტარებაც ამ გეგმის ნაწილი იყო. ხელისუფლება ყველანაირად ეცადა, რაც შეიძლებოდა ნაკლები ინფორმაცია ჰქონოდა მოსახლეობას ომის მიმდინარეობის შესახებ. ამიტომაც ვერ იქცა ეს ომი სამამულო ომად. ასევე, მიმდინარეობდა მუშაობა მეომარი ბიჭების დისკრედიტაციის მიზნით. ყველა ღონეს ხმარობდნენ, მათთვის სახელი გაეტეხათ, ხალხისთვის შეეჯავრებინათ. თამაზ შეროზია ამბობდა: „ვინც გადავრჩებით, ომის შემდეგ ან დაგვხოცავენ, ან სხვადასხვა მიზეზებით ციხეებში ჩაგვყრიან!“ზუსტად ახდა ყოველივე. დღეს კი არც დახოცილები და არც გადარჩენილები არავის ახსოვს. ეს ომი იმთავითვე მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობას და ომში წასული ბიჭების ოჯახებს შეეხო, სხვებისთვის კი სახელმწიფომ ომი „ნაღდ შოუდ“ აქცია და თვითონაც ტკბებოდა მისი ყურებით! ომის ბედი კი სადღაც, კულისებში დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი. ის სიმწარე და უმწეობის შეგრძნება ჯარაც არ განელებულა დევნილი მოსახლეობისა და მებრძოლი ბიჭების გულებში. მბჟუტავი იმედიც აფხაზეთის დაბრუნებისა თანდათან ქრება და სულში სიცარიელე ისადგურებს... ასეთია უახლესი ისტორია საქართველოს ულამაზესი კუთხისა. ასეთია ისტორია „დაკარგული თაობის“ გმირებისა, რომელთა დანაკლისს საქართველო მთელი სიმძაფრით წლების შემდეგ შეიგრძნობს... დღეს კი ისღა დაგვრჩენია, ვისულდგმულოთ წინა ხელისუფლების ირონიამდე ასული მოწოდებებით, საჩვენებლად რომ გამოუკრავთ მაგისტრალებზე: „გვახსოვდეს აფხაზეთი!“ თვითონ კი ახსოვთ?! თბილისი 2005წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი