ქალი? - ცოლი!
„კაცის გული ისეთია“... - ჩემამდე თქვეს, მე არ მითქვამს, მეც ცოდვილი მოკვდავი ვარ, ვაგლახ, ყველა ქალი მიყვარს! მიყვარს ქალის ცხელი სუნთქვა, სავსე მკერდის თრთოლვა მიყვარს, თეძოს რხევით მონარნარეს მეც მივუალერსო, მინდა! სადაც თავის შხვართ ფეხს დადგამს, ოხშივარი ასდის მიწას, შვენის მისი ნატერფალი ცოდვით სავსე დედამიწას! შენ დაგვწვავს და ფერფლად გაქცევს, თვითონ ვნებას გულში იკლავს, თავის დამდაგველი მზერით ჯიქურ გტყორცნის გულში ისარს, წელზე შავი დალალები ჩამოშლილი, - ესეც მიყვარს, ქარიც როგორ ნება-ნება აფრიალებს კაბას მისას, როგორ ძარცვავს სამოსისგან, წელს და თეძოს როგორ სრისავს, როგორ დააკვდება ბაგეს, ქალის მწველი კოცნა - მტრისას! უძირო, უკიდეგანოა, როგორც ჰორიზონტი ცისა, მშფოთვარეა, ვით ჩანჩქერი ბობოქარი მდინარისა! როგორც ლადოს, მეც მაგიჟებს ქალის გამოხედვა შვლისა, თუმცა, არც კი დავფიქრდები, ვიტყვი მაინც, რაც არ მითქვამს: როგორც უნდა ბობოქრობდეს ეს მორევი შავი ზღვისა, - ქალი?! ყველა ქალზე მეტად მაინც ჩემი ცოლი მიყვარს! ზურაბ ლეშკაშელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი