გიორგი მიროტაძე
ერთად ავიდეთ სონეხის მთაზე *** ცოტა ხნის წინ, საბურთალოზე მიმავალს, თვალში მომხვდა - „გიორგი მიროტაძის ქუჩა.“ არ ვიცი როდის, მაგრამ სპორტის სასახლესა და „ მორკინალს“ შორის პატარა ქუჩისთვის გორგის სახელი უწოდებიათ. მანქანა გავაჩერე და ჩამოვედი, კარგა ხანს ვიდექი უძრავად ფიქრებში ჩაფლული... უცებ, იქვე ჯიხურში გამყიდველს მივუბრუნდი და ვკითხე, ვინ იყო-მეთქი გიორგი მიროტაძე. რას გაიგებ, ვის სახელს რომელ ქუჩას არქმევენო, მიპასუხა არხეინად. შემდეგ გამვლელს ვკითხე, მეორეს, მესამეს... ტაქსისტების ბირჟაზეც ვიკითხე, „მორკინალშიც,“ ვკითხე ყველას, ვინც ამ ქუჩაზე დღედაღამ ტრიალებს. როდის-როდის მიპასუხა ერთმა ქალბატონმა, მგონი, აფხაზეთში დაიღუპაო... აი, ეს არის მწარე რეალობა - საქართველომ არ იცის თავისი გმირი შვილების სახელებიც კი! საქართველო არ იცნობს ქართველი და აფხაზი ხალხის ღირსეულ შვილს, რომელმაც ქართველთა და აფხაზთა შერიგების წართმეული ოცნება საფლავში ჩაიტანა! არადა, გიორგი მიროტაძეს სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი; სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაწესებულია გიორგი მიროტაძის სახელობის სტიპენდია; აქვე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა გიორგი მიროტაძის სახელობის თასი და როგორც აღმოჩნდა, ოჟიოს ქუჩას გიორგი მიროტაძის სახელი ეწოდა. მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, შევბრძოლებოდი ამ უსამართლობას და უფრო ახლოს გამეცნო საქართველოსთვის მისი გმირი შვილი: წარმოგიდგენთ ისტორიას ოცდაორი წლის გმირი ბიჭისას - თქვენს წინაშეა გიორგი მიროტაძე! გიორგი მიროტაძე დაიბადა 1970 წლის 16 ნოემბერს თბილისში. 1976 წელს შევიდა და 1987 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1987-1988 წლებში მუშაობდა თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნეფროლოგიის ს/კ ინსტიტუტში. 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1992 წლის 20 ნოემბერს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში „თეთრი არწივის“ სამედიცინო სამსახურის სან-ინსტრუქტორად, IVკურსის სტუდენტი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, თავისი პროფესილი ვალის მოსახდელად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ატარა აფხაზსკაიასთან. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1993 წელს, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორატის გადაწყვეტილებით, დაარსდა გიორგი მიროტაძის სახელობის სტიპენდია. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის ბრძანებულებით, გიორგი მიროტაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. თბილისის მერიის 1994 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში ოჟიოს ქუჩას ეწოდა გიორგი მიროტაძის სახელი. ყოველწლიურად ტარდება მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ღია ჩემპიონატი გიორგი მიროტაძის სახელობის თასზე. თავი I „სანამდის იყო ცოცხალი, ვერავინ შეაშინაო, სიცოცხლე ძვირად გაყიდა, მერე კი დაიძინაო.“ შენაქოში ხმა გვარდა, მოლაშქრეები ჩამოსულან თბილისიდან სონეხის მთის დასალაშქრავადო. ადგილობრივები ამ მთას სამეხის მთასაც უწოდებენ და სამართლიანად ითვლება თუშეთის სილამაზის ეტალონად. ამ მთაზე ასული მოგზაურის თვალწინ მთელი თუშეთის მშვენიერება ისე იშლება, როგორც ხელისგულზე. დარში მთის წვერიდან ოცდაცამეტი თუშური სოფელი მოჩანს. თვალწინ გადაჭიმულია ჭანჭახოვანის ხეობა, პირიქითa ალაზნის ხეობა - ჩაღმები თუშების სამკვიდრო და გომეწარის ხეობა - წოვა თუშების ალაგი. ცოტა ხანში ომალოდან ერთი მკვირცხლი ბიჭუკელა გადმოვიდა, დააზუსტა, ესენი უბრალო მოლაშქრეები არ არიან, ესენი ის ბიჭები ყოფილან, ამ რვა წლის წინ რომ სონეხის მთაზე აფხაზეთში დაღუპული მეგობრის, გიორგი მიროტაძის პატივსაცემად ქვა აიტანეს და იქ აღმართესო. შენაქოს ეკლესიის ეზოში ხალხი თანდათანობით მატულობს და ცხოველი ინტერესით გაჰყურებს რამდენიმე მოძრავ წერტილს, რომლებიც, აგერ უკვე ცხრა საათია უნდებიან მწვერვალის დალაშქვრას და საცაა, მთის ძირსაც ჩამოაღწევენ. მათი სვლა გაართულა და გაახანგრძლივა გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც მთელი ამ ლაშქრობის განმავლობაში სულ რაღაც ათი-თხუთმეტი წუთით თუ შეწყდა და ისევ კოკისპირულად დაუშვა. მთის ძირას მოლაშქრეებს მამა დავითის წარგზავნილი ბიჭები ელოდებიან, ეკლესიის ეზოში კი დიდი გრძელი სუფრა იშლება და დიდი სამზადისი მიდის სტუმრების დასახვედრად. საკლავი დაუკლავთ, ქვაბები თუხთუხებს, ხინკალსაც მალე ჩაყრიან, თუშური არაყიც ჩამოსხმულია... როგორც იქნა, მოლაშქრეებმაც ჩამოაღწიეს მთიდან და ერთიანად გაწუწულ-გალუმპულები ეკლესიის ეზოში შემოლაგდნენ. ერთი კი შეცბნენ ამდენი ხალხის დანახვაზე - მთელი ორი სოფელი შეკრებილიყო, - თუმცა, ემოციების გამოხატვის თავი არც ჰქონდათ, საჩქაროდ ცეცხლის გარშემო შემოიკრიბნენ და მიაფიცხეს ძვლებამდე დასველებული სხეულები. - მაშ, თქვენ ხართ ის ვაჟკაცები, დაღუპული მეგობრის უკვდავსაყოფად ამხელა ქვა რომ აგიტანიათ ამ ძნელ გზაზე? - მიმართა ბიჭებს მამაომ, - მე შენაქოს ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი გახლავართ, ალავერდშიც ვმოღვაწეობ. აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას, შვილებო! ცოტა შეთბით და სუფრასთან გადმოინაცვლეთ, ეს ამოდენა ხალხი სულ თქვენ გელოდებათ ამდენი ხანია, ჩვენში ლეგენდად დადის ამ ქვის ისტორია და თქვენი ამბავი! ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ ქვაზე, თუ ნახეთ, ამოკვეთილია ხალხური ლექსი, ლეკიანობის დროიდან შემორჩენილი: „ვინა სთქო თუშთა გატეხვა, ნაპირმოტეხა ცისია!“ ჩვენს შვილებს ამ სიტყვებით ვზრდით, თუმცა, მას შემდეგ, რაც თქვენ მთაზე ეს ქვა აღმართეთ, თუ რაიმე არასაკდრისი ჩაიდინეს თავიანთი გულუბრყვილობით და სიანცით, ჩვენს ყმაწვილებს გიორგი მიროტაძის სახელს ვახსენებთ და მთაზე ვაგზავნით, რათა კიდევ ერთხელ იგრძნონ თქვენი კაცობის ძალაც, გიორგი მიროტაძის დიდკაცობაც და ქვაზე ამოტვიფრული ლექსის კიდევ ერთხელ წაკითხვის შემდეგ, ისე იცხოვრონ, როგორც ძველი და ახალი თაობის ქართველი გმირები ცხოვრობდნენ: „სანამდის იყო ცოცხალი, ვერავინ შეაშინაო, სიცოცხლე ძვირად გაყიდა, მერე კი დაიძინაო.“ თავი II ლხინი თანდათან გახურდა. ჩამოსულები აღფრთოვანებულნი არიან დამხვდურთა მასპინძლობით და აღარ იციან, როგორ გამოხატონ მადლიერება. თუშები იქეთ უხდიან მადლობას კარგი ქართველობისთვის, დაღუპული მეგობრის დაფასების და მისი ხსოვნის უკვდავყოფისთვის. სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლის, მოგონებას - მოგონება. მაღლა მთაზე კი პატარა ბიჭის, ქართველი და აფხაზი ხალხის საამაყო შვილის, გიორგი მიროტაძის სახელობის ქვა აღმართულა. გიორგის სულიც სადღაც ახლოს ტრიალებს... *** სტადიონზე გახურებული ჟივილ-ხივილია. პირველკლასელი გიორგი და მისი მეგობრები ერთი წლით უფროსებს ხვდებიან. წვიმა ახალი გადაღებულია და მოედანი ტალახის ერთ დიდ გუნდას დამსგავსებია, პატარები კი თავს არ ზოგავენ, ნამდვილი ოსტატების შემართებითა და თავგანწირვით დასდევენ ბურთს და მთელი თავ-პირი მიწით აქვთ მოთხვრილი. ეს გიორგის თანაკლასელების პირველი „ოფიციალური“ მატჩია, მანამდე კი მხოლოდ ერთმანეთში თამაშობდნენ. პირველსავე ფიზკულტურის გაკვეთილზე ბიჭები ორად გაიყვნენ. ერთ გუნდს, რომელსაც სათავეში ალექსი ჩაუდგა, „ავაზა“ დაარქვეს, მეორეს კი, რომლის კაპიტნობაც გიორგის ანდვეს, „მერცხალი.“ მას მერე „მერცხალსა“ და „ავაზას“ შორის დაუნდობელი ბრძოლაა, კაპიტნებიც თავს არ ზოგავენ უძლიერესი ფეხბურთელის სახელის მოსაპოვებლად, თუმცა, დღეს ისინი ერთიანი გუნდით, ნაცნობ-მეგობრების გულშემატკივრობის ფონზე, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მოარული ხმები მათი კარგი ფეხბურთელობის შესახებ მოგონილი სულაც არაა. მეტოქედ უფროსკლასელების არჩევაც ამის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა. იმის შიში, ვაითუ დაგვჯაბნონ და მოგვერიონო, პირველი ხუთი წუთი ეტყობოდა გიორგისა და მისი გუნდის თამაშს. თუმცა, გაუძლეს, დაუდგნენ, მოიგერიეს მეტოქის მოწოლა და დაიწყო და რა დაიწყო! ალექსი თავისი საჯარიმოს მისადგომებთან შლის მეტოქის შეტევას, იქვე ორ კაცს ოსტატურად უვლის გვერდს და ცენრტში გიორგის აწვდის, გიორგი ბურთს მარცხენა ფლანგზე გაჭრილ თანაგუნდელს უგზავნის და თვითონ საჯარიმოს მისადგომებთან, ცენტრფორვარდის პოზიციისაკენ მიიჩქარის, ჩაწოდება პენალტის ნიშნულთნ არ აგვიანებს, გიორგი მთელი ტანით ჰაერში იჭიმება, მეტოქის მცველებთან ჭიდილში ნახტომშივე წვდება ბურთს თავით და არის! ბურთი მარჯვენა დაბალ კუთხეში მიფრინავს, გიორგიც უკან მიჰყვება და ორივენი კარებში ერთდროულად შეცურდნენ. მეკარე კი დგას და გაოგნებული შეჰყურებს ყოველივეს. ამის შემდეგ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი, გიორგი და მისი გუნდი თამაშობდა, მეტოქე კი, რომელიც თამაშამდე ბობოქრობდა, ამ თითისტოლებმა როგორ გაგვიბედეს გაჯიბრებაო, გაოგნებულნი დასრიალებდნენ ტალახში. მათი მეკარე, კარში გასული ბურთების დევნაში გასავათებული, ფეხზე ძლივს დგას. მეათე ბურთი ალექსიმგიორგის პასით გაიტანა და თამაშიც აქ დამთავრდა. გახარებული ბავშვები ერთმანეთს ეხვევიან, ულოცავენ, ზეიმობენ. მას მერე ბევრი გამარჯვება, ბევრი ემოცია და ვნებათაღელვა ყოფილა, მაგრამ ასეთი დასამახსოვრებელი და ტკბილი მოგონება - არც ერთი. ორმაგად ბედნიერი გიორგი კი საჩქაროდ სახლისაკენ გაიქცა, სადაც საავადმყოფოდან ახლადგამოწერილი დედა მოუთმენლად ელოდა. თავი III პატარა გიორგი ფანჯარას უზის და შემოდგომის თბილისს გაჰყურებს. ხელში ჭადრის ხის შეყვითლებული ფოთოლი უჭირავს და ყუნწით ატრიალებს, ხან ნაზად ყნოსავს, ხანაც ტუჩებთან მიიტანს და უფრო ნაზად ეამბორება. სიყვარულით იხსენებს ამ ფოთლის ისტორიას. ამას წინათ მამამ და ბებომ საავადმყოფოში წაიყვანეს დედის მოსანახულებლად - დედა რამდენიმე კვირაა საავადმყოფოშია და რატომღაც სახლში არ მოდის. პატარა მოსიყვარულე ბიჭი ყველაფერს ვერ ხვდება, თუმცა ასკვნის, რომ მდგომარეობა უკვე სანუგეშოა, ეს უფროსების სახეზეც ამოიკითხა და იქედანავ მიხვდა, რომ თუ აქამდე დედას არც ანახვებდნენ, ეხლა თავისი ფეხით ეზოშიც ჩამოვიდა. თვალები ჩაცვენოდა, გამხდარიყო, სახეზე გადატანილი მძიმე ავადმყოფობის კვალი აღბეჭვდოდა, ღიმილი კი ისევე თბილი და ალერსიანი ჰქონდა. შემოდგომის ქარი ხეებს არხევს, მტვერს და გამხმარ ფოთლებს ერთურთს ახეთქებს, ბორბალივით ატრიალებს. ამ დროს ქარმა ერთიც მძლავრად დაუბერა, ჭადრის ხის წვეროდან ფოთლები მოგლიჯა და უცებ გაყუჩდა, სადღაც მიიმალა, თითქოს მიაყურადა, აბა რა ბედი ეწევათო მის მიერ მშობლიური ხეებიდან მოგლეჯილ ფოთლებს... ერთი დიდი, ლამაზი ფოთოლი მაღლა ფარფატებს, ერთ ადგილას ტრიალებს, თან ძალიან, ძალიან ნელა ეშვება დაბლა. „ნეტავ ეს ფოთოლი დამაჭერინა, თუ ხელი შევავლე, დედა აუცილებლად კარგად გახდება!“ - მოუფრინდა საიდანღაც ნიავივით მოფრენილი სიტყვები გიორგის. ამასობაში ფოთოლი კიდევ უფრო დაბლა დაეშვა, თუმცა იმ სკამს, სადაც დედა ზის, უფრო და უფრო შორდება. უცებ ნიავმა ერთი კიდევ დაუბერა ძალუმად, ფოთოლი აქეთ-იქეთ შეათამაშა და პირდაპირ დედას მიაგდო ჩამოშლილ თმებზე, საიდანაც ძალიან ნაზად, ტაატ-ტაატით ჩამოცურდა დედის კალთაში. - დედიკო, შენ მალე მორჩები, მე ვიცი, რომ ძალიან მალე მორჩები! - ხალასი ხმით შესძახა გიორგიმ და დედის კალთას ეცა, თან ფოთოლი აიტაცა. - ხო, შვილო, გენაცვალოს დედაშენი, მალე გამოვალ და ისევ ყველანი ერთად ვიქნებით! - ნაზად გადაუსვა თავზე ხელი გიორგის და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, თუმცა გიორგის აღფრთოვანების მიზეზს ვერავინ მიმხვდარიყო. თითქოს ღმერთმაც ისმინა პატარას ვედრება, - ერთი კვირის შემდეგ დასუსტებული, ღონეგამოცლილი, მაგრამ იმედიანი და თვალებგაბრწყინებული დედა უკვე სახლში იყო, გიორგის და ნინიკოს გულში იკრავდა და ნაზად ეფერებოდა, გიორგიმ კი ფოთოლი ბაბუას ერთ-ერთ ნაშრომში ჩადო და სასოებით შეინახა. თავი IV „ასაკის ბრალია თუ რა, რაც დრო გადის, გული სულ უფრო მიმიწევს ჩემი ახაზეთისაკენ, ჩემი ბავშვობის ადგილებისაკენ, გასულ წელს თითქმის მთელი აფხაზეთი შემოვიარე!“ - იგონებდა სოკრატე არშბა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ ფურცლებზე. ეხლაც მშობლიურ აგარაკზეა გულრიფშში თავის ათი წლის გიორგისთან ერთად და მოუთმენლად ელის სტუმრებს, რომლებთანაც შეხვედრას მისთვის და არა მარტო მისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ერთ ადგილს ვერ ისვენებს, ეზოში გადი-გამოდის და ხანდახან იქვე მოთამაშე შვილიშვილს ეხმიანება: - გიორგი, ბაბუა, მზეზე ნუ გაჩერდები, ჩრდილში ითამაშე, საღამოზე კი პლაჟზე წაგიყვან და ერთად ვიბანაოთ, შემოგევლოს ბაბუამ! - ეტყვის უდიდესი სიყვარულით და ისევ გზას გაჰყურებს დაძაბული მზერით. არც დასასვენებლად ჩამოსვლისას ჰქონდა-ხოლმე მას მოცლა, უამრავი ჰყავდა მომკითხავ-შემწუხებელი - თუ პაციენტები საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალი რეგიონიდან, თუ ექიმ-კოლეგები მრავალი პრობლემატური საკითხის გადასაწყვეტად, რჩევა-დარიგების მისღებად, გამოცდილების გასაზიარებლად, თუ უბრალოდ გულშემატკივარი და მოსიყვარულე ადამიანები... თუმცა ეს ყველაფერი მისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმია, ეხლა კი... ეხლა სულ სხვა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, ეხლა აფხაზთა და ქართველთა ძმური თანაცხოვრების ბზარშეპარული საკითხი წყდება. ვიღაცას ორი ხალხის სიყვარულში მურმანის ეკლად ჩაჩხირვა მოუნდომებია, ვიღაცას აფხაზეთის ნოყიერ ნიადაგზე ბოროტების თესლი მიმოუბნევია, ვიღაცას საქართველოს კეთილდღეობა და ქართველთა და აფხაზთა ურთიერთპატივისცემა ყელში გაჩხერვია... გაახსენდა ერთი ქართველი ბოლშევიკის წერილი ლენინისადმი, საქართველოში წითელი ტირანიის დამყარების შემდეგ რომ სწერდა კრემლში: „ვლადიმერ ილიჩ! საქართველოს შიში ნურასოდეს გექნება, ქართველების თავნებობა ნუ შეგაშინებთ, საქართველოში ისეთი შენელებული მოქმედების ნაღმები ჩაიდო აჭარის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სახით, რუსეთთან ჭიდაობისათვის და საკუთარი თვითმყოფადობის დამკვიდრებისთვის ქართველებს აღარასოდეს ეცლებათ!“ - ისინი არიან! - გაიფიქრა სოკრატემ, როცა ჭიშკართან „ნივა“ გაჩერდა და ორი ხნოვანი აფხაზი ფაფახებში და ერთიც ასე, ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის ყმაწვილი გადმოვიდა. მასპინძელმა ისინი ჩრდილში წინასწარ გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა, თუმცა მათ თავაზიანი უარით სახლში შესვლა არჩიეს, ეტყობოდათ, მაინცდამაინც არ ეჭაშნიკებოდათ გამვლელ-გამომვლელთა თვალში მოხვედრა. საუბარი ერთ-ერთმა ჭარმაგმა მძიმედ დაიწყო, თუმცა ახალგაზრდამ მოუთმენლად შეაწყვეტინა და მოკლედ გადმოალაგა: - უნდა მოვითხოვოთ აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფა და სრული დამოუკიდებლობა! სოკრატე ღრმად ჩაფიქრდა. საქართველოში დაწყებული იყო დისიდენტური მოძრაობა და იატაკქვეშეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამაც გაიჟღერა. და აი, საპასუხოდ ზემოთ ნახსენები შენელებული მოქმედების ნაღმიც ვიღაცის უხილავმა ხელმა მოქმედებაში მოიყვანა!.. წამოდგა სოკრატე, მძიმედ გაიარ-გამოიარა. - თუ შენ კარგად არ იცი, ამ მხცოვანმა ხალხმა იცის ამ მიწის ისტორია, - მიმართა ახალგაზრდას, - და თუ რამე შემეშალა, შემისწორებენ. ჩემს ძარღვებში სჩქეფს არშბების სისხლი, ერთ-ერთი უძლიერესი აფხაზური გვარის სისხლი და ჩიქოვანების სისხლი, დიდი ქართველი თავადების გვარის სისხლი, - შეჩერდა, ეტყობოდა, რომ საუბარი უმძიმდა, - ასე, რომ ჩემთვის როგორც ეს ორი ერია ძვირფასი, ასევე ძვირფასია მათი ბედნიერი და ძმური თანაცხოვრება... ეს მიწა ოდითგანვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და აფხაზებიც, აგერ უკვე ხუთი-ექვსი საუკუნეა, ბედნიერად ვცხოვრობთ აქ, ეს მიწა ეკუთვნის ქართველებთან ერთად აფხაზებსაც, რადგან არც ერთ ჩვენგანს სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. მაშინ რა ვქნათ, გავყაროთ აქ მცხოვრები ქართველები, თუ მათთან ერთად ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის?! ხომ არ გავიწყდებათ, რომ აქ, სულ ცოტა, ოთხჯერ მეტი ქართველი ცხოვრობს?! ხომ არ გავიწყდებათ, რომ უამრავი ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახი გვაქვს და ყველა მათგანი ბედნიერია ამ დალოცვილ მიწაზე?! მაშინ, როცა აქ ყველა პირობა გვაქვს აფხაზებს განვითარების, წინსვლის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თვითგამორკვევისათვის, უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ვიქცეთ?! წარმოგიდგენიათ, რამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ქართველთა და აფხაზთა უმანკო სისხლი შეიძლება დაიღვაროს ამ დანაშაულებრივ გზაზე?! ეს უტოპიაა, ბატონებო, და კიდეც რომ ასე მოხდეს, როგორც ვიღაცა უგუნურნი ჩაგვაგონებენ, ძალიან ცოტა ხანში დავკარგავთ ენას, კულტურას, ტრადიციებს, ეროვნულობას და რუსეთის რუსულენოვან უერო ადამიანებად ვიქცევით! ჩვენ მხოლოდ ქართველებთან ერთად ყოფნით ვინარჩუნებთ ჩვენს თვითმყოფადობას, „ველიკორუსული დერჟავა“ კი ისე შეგვყლაპავს და შეგვისრუტავს, წყნარი ოკეანის ვეშაპები რომ ისრუტავენ თევზების ქარავანს! ამაზე გიფიქრიათ, ბატონებო? სიჩუმე ჩამოვარდა. მოსმენილი არგუმენტების საწინააღმდეგოდ მოსულებს არაფრის თქმა არ შეეძლოთ. „ჩვენ არ უნდა ვცხოვრობდეთ მხოლოდ დღევანდელი დღით, - დასძინა სოკრატე არშბამ, - ამიტომ, არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რასაც ღმერთი, შთამომავლობა, თვით ჩვენივე ხალხი, აფხაზი ხალხი არ გვაპატიებს!“ - დაამთავრა და შუბლი მოიწმინდა. საუბარმა კიდევ ნახევარ საათს გასტანა. სტუმრები სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდნენ და სწრაფადვე დატოვეს იქაურობა. ბატონი სოკრატე დიდხანს იდგა ჭიშკართან, ნაოჭებით დაღარული შუბლი ოფლის მსხვილ წვეთებს დაეფარა, თვალები კი შორს, ჰორიზონტის კიდეს მისჩერებოდა. ბოლოს პირჯვარი გადაიწერა, მზერა ზეცას მიაპყრო და წაიჩურჩულა: „ღმერთო, შენ გვიშველე და გაუნათე გონება ყველა გზააბნეულს, შენ დაგვიფარე და დაგვანახე ჭეშმარიტება!“ თავი V საავადმყოფოს უტყვი კედლები, თეთრი ჭერი და დროდადრო ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივი... ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი მობუზული ბეღურა; ფოთლებშემოძარცვული, ურცხვად გაშიშვლებული ხეები და თეთრად გადაპენტილი მთაწმინდა... ქუჩებში აზელილი თოვლ-ჭყაპი და ზამთრის ბორკილებქვეშ გარინდული და დამუნჯებული მტკვარი თავისი დაკლაკნილი კალაპოტით... თვალწინ გაფრენილი მრავალი ათეული წელი, დიდი წვალების, ტიტანური შრომისა და უძილო ღამეების მრავალი გრძელი წელიწადი... წევს პალატაში ბუმბერაზი ერისკაცი და სიკვდილს ებრძვის. თუმცა არა, ექიმები, მისივე კოლეგები ებრძვიან მის სიკვდილს, თვითონ კი, უდიდესი ექიმი, მეცნიერი, მოღვაწე, უძრავად წევს და მშვიდად ელოდება სამუდამო სასუფეველში გადასახლებას, თვითონვე ხვდება, რომ ეს უკვე დასასრულია, იმ გრძელი, რთული, მაგრამ მართალი გზის დასასრული, რომლითაც იარა ამ დიდმა მოჭირნახულემ, იმ გზისა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს და ღმერთს მიგვაახლოვებს... ვაჟა და მისი „ხმელი წიფელი“ გაახსენდა მომაკვდავს: აღარა აქვს ხმელ წიფელს სიცოცხლის ნიშან-წყალი, მარტოდმარტო დგას ერთი კლდის თავზედ, ზედა ტანი მოტეხვია, ტოტებიც აღარ შერჩენია, ვეღარც სხვა ხეებივით იფოთლება და ვეღარ ამშვენებს ძველებურად დაბურულ ტყესა, თუმცა, ხმელი წიფელისა არ იყოს, მოსაგონარი ძალიან ბევრი აქვს სოკრატე არშბას. მისი მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა ერთ დიდ კელაპტარს ჰგავს, სხვათა კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის რომ იწვის და იღვენთება, გზას უნათებს და ჭეშმარიტებას აახლოვებს. თვითონ არასოდს ლაპარაკობდა საკუთარ მიღწევებზე პრაქტიკულ მედიცინასა თუ მეცნიერულ მოღვაწეობაში, თუმცა ეს ორი მცნება მისთვის ყოველთვის ერთად მოიაზრებოდა. „მეცნიერება და პრაქტიკა განუყოფელია და ისინი ორივე ერთ ძირითად მიზანს, ადამიანის სიცოცხლისათვის ბრძოლას ემსახურება,“ - ამბობდა ხოლმე ხშირად. ისიც იბრძოდა, იბრძოდა უანგაროდ, თავდაუზოგავად, სულით და ხორცით, მთელი არსებით... უამრავი სამთავრობო ჯილდო და ორდენი, უამრავი მადლობა და მედალი ირიცხება მის კოლექციაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს მისთვის იმასთან შედარებით, რასაც ერთი უბრალო მადლობა და თბილი მზერა ანიჭებს მის მოსიყვარულე გულს. თუნდაც დიდი საჭადრაკო ჩემპიონის, მიხეილ ტალის მაგალითი რად ღირდა, რომელსაც მის მიერ თირკმელზე გაკეთებულმა ოპერაციამ არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნდა, არამედ საჭადრაკო სამყაროსაც ხელახლა აჩუქა მისი თავი, ოპერაციიდან ორ კვირაში კი ტალმა თბილისის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა წარმატებით და შემდეგაც მრავალი ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა, არადა, საბჭოთა კავშირის ვერც ერთ კლინიკაში მისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ გარისკეს. მიხეილ ტალის მადლობა იყო დიდი დასტაქარისთვის მისი შრომის საზღაური, მისი სულის საზრდო და ნეტარება. ანდა, რად ღირდა მსახიობ ელენე საყვარელიძის ცრემლიანი თვალები, როცა იგი მოკრძალებით ეამბორებოდა თავის გადამრჩენელს. სოხუმში ჩასული თეატრის მსახიობი მოულოდნელად საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. ოპერაცია იმჟამად სოხუმში მყოფმა სოკრატე არშბამ გაუკეთა, ერთ კვირაში კი ქალბატონი ელენე სოხუმის სცენაზე თამაშობდა, დარბაზის პირველ რიგში მოუსვენრად იჯდა მისი დასტაქარი, ნერვიულობისგან სახე გაფითრებოდა და ისე ღელავდა, თითქოს ის იყო პასუხისმგებელი სპაქტაკლის წარმატება-წარუმატებლობაზე. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბატონი სოკრატე საგრიმიოროში შეიჭრა, პაციენტის ჭრილობა და ზოგადი მდგომარეობა შეამოწმა და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერს გართულების გარეშე ჩაევლო, მერეღა ამოისუნთქა მშვიდად და შვებით! ...ასე ფურცელ-ფურცელ გადაიშალა მთელი წიგნი განვლილი ცხოვრებისა მომაკვდავის თვალწინ, უკან კი დარჩა „კვალი განათებული,“ მრავალი მადლიერი ადამიანი, მეცნიერების ახალი მწვერვალები... ხინჯი გულში, ხინჯი იმისა, რომ აფხაზთა და ქართველთა შორის წყლის ამმღვრევებს და შუღლის ჩამომგდებებს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა... მხოლოდ ეს ერთი ოცნება მიჰყვება საფლავში - ქართველნი და აფხაზნი კვლავ ერთად, უშურველად და მოსიყვარულედ დარჩნენ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში... „ჩემი გიორგი, - გაიფიქრა, - ჩემი გიორგი განაგრძობს ჩემს გზას და იტვირთავს იმ ტვირთს, მე რომ ვეზიდებოდი!“ - გიორგის იმედი ყოველთვის ჰქონდა და განსაკუთრებულად უყვარდა. ისევ ხმელი წიფელი გაახსენდა, ხანდახან რომ გადმოაცქერდებოდა მის ერთს ფესვის ბოლოზე ამოსულ პატარა დასახულ ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს... ბაბუაც ისეთის ნუგეშით შეჰყურებს თავის თხუთმეტი წლის შვილიშვილს, როგორც ხმელი წიფელი მის ფესვზე ამოსულ ყლორტს... ...პალატაში სიწყნარეა, სიწყნარე და დაძაბული მოლოდინი სიკვდილისა, მხოლოდ სოკრატე არშბაა მშვიდად და გასცქერის ფანჯრის ზედა კუთხეში ღრუბლების ტყვეობიდან თავდახსნილ ცის ნაგლეჯს და იქედან გამოჭრილ მზის სხივს, რომელიც მის მშობლიურ თბილისს და სოხუმს ერთნაირად ეფერება და სითბოს და სიყვარულს უგზავნის... თავი VI გიორგი საწერ მაგიდასთან მიმჯდარა და სტუდენტურ სურათებს ათვალიერებს. აი, ეს კოჯორშია გადაღებული, ქოროღლის ციხეზე ლაშქრობისას, ეს ზედაზენია, ესეც კახეთში რთველზე ყოფნისას…თითოეული მათგანი ძვირფასია მისთვის და სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. ნათია თითქმის ყველა სურათშია, ყველგან სასიამოვნოდ იღიმება და ირგვლივ სითბოს აფრქვევს... ჯგუფში გიორგის ბევრი მეგობარი გოგონა ჰყავს, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ყველას დიდ პატივს სცემს, ისინიც უდიდესი სიყვარულით და მოკრძალებით არიან მის მიმართ, სხვაგვარად წარმოუდგენელიც კია,რადგან ამ დროში ძნელია ისეთი მეგობარი ვაჟის პოვნა, რომელიც ასე ბოლომდე გაგიგებს ყველაფერში, ასე დაეყრდნობი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასე კედელივით აღიმართება შენს წინ საჭიროების შემთხვევაში. არ არსებობდა პრობლემა, რომელსაც გიორგის ვერ გაუზიარებდნენ და ისიც ბოლომდე იხარჯებოდა თავისი მეგობრებისათვის. თუმცა ნათია მაინც სხვაა, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ, მის მიმართ რაღაც სხვანაირი სითბო აქვს, მის გვერდით რაღაც უხილავ, ენით უთქმელ ნეტარებას გრძნობს, გულიც რაღაც სხვანაირად უცემს... სურათები კიდევ ერთხელ გადაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ ყველა სურათში ნათიას გვერდზე დგას! ნუთუ ეს ყველაფერი რაღაც უფრო მეგობრობაზე მეტია?! ცდილობს, გაიხსენოს ნათიასთან ურთიერთობის ყოველი წუთი პირველი კურსიდან დღემდე, ყოველი ნიუანსი. აზრები აეხლართა, ძაფის გორგალივით აებურდა და თავს და ბოლოს ვეღარ პოულობს! ერთმანეთს და-ძმობა შეჰფიცეს, ძველი ტრადიციისამებრ, თითებიც კი გადაიჭრეს, - განა ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ მეგობრული სიყვარულის სიწრფელეში ეჭვი არ შეეპაროს? მაგრამ მაშინ სხვა მეგობარ გოგონებთან რატომ არ უჩნდება იმის სურვილი, სულ მუდამ მათ გვერდზე იყოს და ამით უდიდესი სულიერი სიმშვიდე იპოვნოს? მაშინ რატომ განიცდის ყოველდღე ნათიას განშორებას ასე მტკივნეულად და რატომ ელოდება ასეთი გულისფანცქალით ყოველ ცისმარე დღეს მის შემოფრცქიალებას აუდიტორიაში? რა ემართება ეხლა, როცა ნათია მოსკოვში მიფრინავს სამკურნალოდ და არ იცის, რამდენ ხანში დაბრუნდება უკან? ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს სიყვარულის დამათრობელი გრძნობაა, ბავშვობიდან რომ ელოდებოდა? მაგრამ როგორ, განა თვითონ არ იყო შუამავალი ნათიას და ნიკას შორის, როცა მის საუკეთესო მეგობარს ნათია შეუყვარდა და როცა მისგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, გიორგის მიმართა დახმარებისთვის?! - რას უწუნებ, - ეუბნებოდა იგი ნათიას, - მშვენიერი თვალტანადი ბიჭია, კარგი გვარიშვილი და ოჯახიშვილი, განათლებული, ინტელიგენტი და პატიოსანი! ამ დროში მასეთები სანთლითაა საძებარი! - შენ ეხლა ამას ვერ გაიგებ, გიორგი! - თავი მხარზე მიადო და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა; ნუთუ ნათიასაც ვუყვარვარ? - შეიშმუშნა სკამზე გიორგი. - არა, არა, დაუშვებელია, ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ, ჩვენ ხომ ამდენი წელია და-ძმასავით მოვდივართ, ნიკაც ჩემი უახლოესი ძმაკაცია და ყველაფერში მენდობა! არ ვიცი, რა დამემართა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვართ და ბოლომდე ასევე დავრჩებით! - გადაწყვიტა მტკიცედ. საათს შეხედა, შუაღამე გადასულიყო, დილით ადრე ნათია უნდა გააცილოს აეროპორტში, დაძინებას აზრი არ აქვს. წამოდგა, გაიარ-გამოიარა. ლადო ასათიანი გადმოიღო თაროდან. „ხომ ლამზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა...“ თვითონაც ვერ შენიშნა, როდის ჩამოდო წიგნზე თავი... სიზმრად ლამაზი, ძალიან ლამაზი ყვავილნარი ნახა. ირგვლივ ათასგვარი ყვავილები გაფურჩქნულიყვნენ, იქვე ცივი და ანკარა წყარო მორაკრაკებდა. ორნი იყვნენ, ის და ნათია, ტკბებოდნენ ყვავილების დამათრობელი სურნელით და ძალიან, ძალიან ბედნიერები იყვნენ! მოულოდნელად გამოეღვიძა, მაღვიძარას შეხედა, შვიდი დაწყებულიყო. საჩქაროდ წამოხტა, აბაზანაში შევარდა, წყალი გადაივლო, სარკეში ჩაიხედა, თმა გადაისწორა. მარჯვენა ლოყა მაგიდაზე დებისგან სასაცილოდ გაწითლებოდა… გამოვარდა, სპორტის სასახლესთან ტაქსი დაიჭირა, აეროპორტში, ჩქარაო, მიაძახა და ღრმად გადაესვენა სავარძელში. უნდა მიუსწროს, ნათია ელოდება, აუცილებლად უნდა ნახოს, თორემ შეიძლება გაგიჟდეს! ნათია ფიოდოროვის კლინიკაში მიდის საკონსულტაციოდ, შესაძლოა, ოპერაციაც გადაწყდეს, - თვალი პატარაობისას დაუზიანდა, ჭიქით ხელში წაბარბაცდა და დაეცა, ჭიქა დაიმსხვარა და პატარა ნატეხი თვალში მოხვდა. ნატეხი მაშინვე უპრობლემოდ ამოუღეს მშობლებმა, ბავშვი არ წუხდა, ნორმალურად ხედავდა, თუმცა, ახლობლების რჩევით, მაინც წაიყვანეს საკონსულტაციოდ ოფთალმოლოგთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თვალი ოპერაციას საჭიროებდა, ოპერაციის შემდეგ კი ნათიამ მხედველობა დაკარგა! აეროპორტში შესვლისას ტაქსს გაჩერებაც არ აცალა, ფული დაუგდო, გადმოხტა და კისრისტეხით შევარდა შენობაში. რეგისტრაცია უკვე დამთავრებულიყო, მგზავრები თვითმფრინავში სხდებოდნენ. გული ჩაწყდა, სიცარიელე დაეუფლა, ნეტავ რამ დააძინა ასე! უცებ გასასვლელისკენ მიმავალი სტიუარდესები დაინახა, მივარდა ერთ-ერთს, ყელი გამოუწია, წერილს გაგატან ერთ-ერთ მგზავრთან, პატივს გცემ, უარი არ მითხრაო! საჩქაროდ ფურცელი ამოხია ბლოკნოტიდან. „ჩემო ნათია!...“ „მაპატიე, რომ დავიგვიანე... - კითხულობდა ნათია. წერილი მაშინ გადასცეს, თვითმფრინავი რომ ბღუილით იწყებდა შემოტრიალებას ასაფრანი ბილიკისკენ, - მეც არ ვიცი, რა ჯანდაბამ დამაძინა ასე! იცოდე, რომ შენს გვერდზე ვარ, არაფერზე იდარდო, ყოველ დღე დაგირეკავ, თუ ოპერაცია გადაწყდა, იმ დღესვე მოსკოვში გავჩნდები! შენი სიყოჩაღის იმედი მაქვს, თუ ოპერაციაზე უარი გითხრეს, არც ეგ მიიტანო გულთან, შენ ისედაც ყველაზე კარგი გოგო ხარ და ისედაც ყველას უყვარხარ! გკოცნი და გეხვევი, მიყვარხარ სიგიჟემდე!“ ნათიამ წერილი გულში ჩაიკრა, ილუმინატორიდან კიდევ გახედა აეროპორტს, სადაც გიორგი, მისი გამოუთქმელი სიყვარული ეგულებოდა და თვალები ცრემლით დაენამა. რას არ მისცემდა სანაცვლოდ, ეს სიტყვები რომ კაცის ქალისადმი ამოთქმული გრძნობა ყოფილიყო და არა მეგობრის სითბო მეგობრისადმი!... თავი VII ჯგუფელები სალობიეში ჟივილ-ხივილით შეცვივდნენ და მაგიდები დაიკავეს. მგლებივით არიან მოშიებულნი, ხუმრობა ხომ არ არის, მთელი დღე თაკარა მზის ქვეშ დაჰყვეს, მცხეთიდან ჯვარზე ფეხით ავიდნენ და ჩამოვიდნენ. მანქანებით ასვლა არ ისურვეს, ასე უფრო რომანტიულიაო, დაასკვნეს. ძალიან უყვარს გიორგის ჯვარი, რამდენჯერაც უნდა მოინახულოს ეს წმინდა ადგილი, ყოველთვის ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს... გადმოჰყურებს ულამაზეს ხედებს და ვერ ძღება იქედან გადაშლილი სილამაზის ყურებით, შუძლია საათობით იდგეს გაშეშებული და უყუროს მტკვრის დაკლაკნილ კალაპოტს, მდორედ რომ მოედინება, მცხეთასთან არაგვს იერთებს და ისე ყლაპავს, თითქოს ეს ის არაგვი არ იყოს, ზემოთ მთებში რომ ყველაფერს მოანგრევს და ღმუილით გაჰყვირის, მოვდივარ და, თუ ბიჭები ხართ, დამხვდითო! შემდეგ თბილისისაკენ მოიზლაზნება, რათა საქართველოს დედაქალაქს ჩამოუტანოს ქვეყნიერებაზე შეკრებილი ათასგვარი ჭორ-მართალი და გზა განაგრძოს კასპიის ზღვაში ჩასაკარგავად; გაჰყურებს გოროზ სვეტიცხოველს და იხსენებს კონსტანტინეს მარჯვენას, შთამომავლობას რომ დაუტოვა უკვდავი ქმნილება სალოცავად და ღმერთთან დასაახლოვებლად... თვალს აყოლებს მზეზე მოლაპლაპე სამხედრო გზაზე ასანთის კოლოფისხელა ჭრელა-ჭრულა მანქანებს... ეკლესიაში შევიდა, სანთლები აანთო, ნათიას გახედა, ღვთისმშობლის ხატთან მდგარს, ჩურჩულით რომ ევედრებოდა რაღაცას ღვთის დედას... მზერა მალევე მოაშორა, ცდილობს, არავინ დაიჭიროს შეყვარებული თვალები, არავინ არაფერი შეიტყოს! ყველამ იცის, რომ ნიკა ნათიაზეა შეყვარებული და მალე ცოლ-ქმარიც გახდებიან. ნათია ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა თანდათან მოტყდა, ახლობლები უჩიჩინებდნენ, რომ არ შეიძლებოდა ნიკას სიყვარულის ვერდანახვა, რომ მას ნაკლი არა აქვს და მისი მომავალი ცოლი ბედნიერი იქნება, რომ თუ ეხლა თვითინ არ უყვარს, თანაცხოვრების დროს აუცილებლად შეიყვარებს... გიორგიმ ერთხელ კიდევ გახედა ნათიას, რომელიც ანთებული სანთლით ხელში იდგა ხატის წინ ქანდაკებასავით და თვითონაც ხატს დამსგავსებული, გულმხურვალედ ლოცულობდა. „ღმერთო, ოღონდაც ნათიას თავი მანახვე ბედნიერი და სამჯერ მუხლიჩოქა შემოვუვლი ტაძარს!“ - ერთხელაც გადაიწერა პირჯვარი გიორგიმ და ეკლესიიდან გამოვიდა. ...სუფრაზე ცხელი ხინკალი შემოიტანეს, ქეიფი თანდათან ეშხში შედიოდა. გიორგი იასა და ლიკას შორის ჩამჯდარიყო, გოგონებს ხან რას მიაწოდებდა, ხან - რას, მხიარულად იხსენებდნენ „КВН“-ის კონცერტებს, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გიორგი იყო, თან ღვინოს აძალებდა, დალიეთ გოგონებო, სულ ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყუროს ამ ცხოვრებასო, ოხუნჯობდა, შიგადაშიგ თვალს ნიკასა და ნათიასკენ აპარებდა, სუფრის თავში ნეფე-პატარძალივით რომ დაესვათ ჯგუფელებს და აღარ იცოდა, ნიკას ბედნიერი ღიმილი და განათებული სახე ახარებდა თუ გულს უკლავდა. თამდამ დედის სადღეგრძელო წარმოთქვა, ჯერი გიორგიზე მიდგა. მსუბუქად შეზარხოზებული გიორგი ფეხზე წამოდგა, განსხვავებული მოითხოვა, თამადას ბოდიში მოუხადა, მე ასე ვსვამო ამ სადღეგრძელოს. „ქართველ დედას გაუმარჯოს, ხალხნო! - გრძნობით ამბობდა, - ქართლის დედას გაუმარჯოს! მრავალი ჩვენზე დიდი და ძლიერი ერი გადაშენდა და აღიგავა პირისაგან მიწისა, საქართველომ კი დღემდე, ავად თუ კარგად, მოაღწია და, დამიჯერეთ, ეს ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენასთან ერთად, ქართველი დედის, საქართველოსთვის შვილის გამზრდელი დედის დამსახურებაა! დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა, ჩვენს სიტყვას ჩვენი ქვეყანაც იტყვის და ჩვენს კუთვნილ ადგილს დავიკავებთ სამყაროში და ესეც საქართველოს დედის, ჩვენი დედების დამსახურება იქნება! მე კი პირადად, თუ დღეს რაიმეს წარმოვადგენ, თუ ვინმე პატივს მცემს და მაფასებს, თუ რაიმე კარგს და ქვეყნისათვის, სამშობლოსათვის სიკეთის მომტანს გავაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურება იქნება! გაუმარჯოს ჩვენს ლამაზ, კეთილ და სათნო დედიკოებს!“ - გამოცალა ტაშისკვრის ფონზე სასმისი გიორგიმ. ქეიფი დაღამებამდე გაგრძელდა. ბოლოს წამოიშალნენ ახალგაზრდები და სიმღერითა და ცეკვა-თამაშით გამოუყვნენ გზას. გიორგის ლიკასა და იასთვის ხელი გადაეხვია, გოგონებთან ერთად ტაატით მოდიოდა და ოდესღაც მოსმენილ სიმღერას ღიღინებდა თავისთვის: როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგრძვნია, ისევ შენზე ვფიქრობ, ისევ შენზე ვდარდობ, რა ვქნა, უშენობა რომ არ შემიძლია!.. ეხლაც ვერ ვივიწყებ იმ შენს პირველ კოცნას, იმ შემს პირველ ღიმილს ეხლაც ველოდები, ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავცქერი, მაინც გელოდები... გული ვერ გელევა, ფიქრი ვერ გშორდება, ცხადშიც შენ გხედავ და ძილშიც მელანდები, ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები!.. თავი VIII ღამის თბილისი განსაკუთრებით უყვარდა გიორგის. რამდენჯერ უვლია ფეხით მეგობრებთან ერთად, მარტოც ბევრი უხეტიალია ხან რუსთაველზე, ხან აღმაშენებელზე, ხან აბანოთუბანში, თუმცა მთწმინდიდან დანახულ ღამის იდუმალ თბილისზე საერთოდ ჭკუას კარგავდა. ეს მამამ, ბატონმა ლევანმაც იცოდა, ამიტომ არ უკითხავს, ისე მიმართა მანქანა შეღმართისაკენ და შეუყვა მთაწმინდის მიხვეულ-მოხვეულს. ყოველთვის ასე იყო, რაც გიორგი წამოიზარდა, თუ რამე სალაპარაკო ჰქონდა მამა-შვილს, განმარტოვდებოდნენ და მთელ ქალაქს გარს უვლიდნენ. პირველად ასეთი ვოიაჟი გიორგის მეოთხე კლასში სწავლისას ჰქონდათ, მაშინ გიორგი ათი წლის იყო. საერთოდ, ცოცხალი და მოუსვენარი ბავშვი იყო მუდამ, თუმცა იმ დღეს იმდენი ქნა, მასწავლებელს თავი გააგდებინა კლასიდან. მამას არ უყვარდა ყვირილი, მით უმეტეს, ფიზიკური დასჯა, აბა, ბავშვს ხელი როგორ დავარტყა, მერე მისგან რა მორალით მოვითხოვო პატივისცემა და სიყვარულიო, ამბობდა. ჰოდა, ჩაისვა მანქანაში და შემოუარეს დედაქალაქს საუბარ-საუბრით, თანაც ისე, რომ ამ საუბარს არა დატუქსვის, არამედ ტოლ-სწორად სჯა-ბაასის მიმართულება მისცემოდა. მას შემდეგ ასეთი საუბრები მამა-შვილს მოთხოვნილებად ექცა და ისე დაახლოვა ერთურთს, თანატოლებივით უზიარებდნენ თავიანთ პრობლემებს, გასაჭირს, არჩევდნენ პირად თუ საზოგადო საკითხებს, დაობდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ, უმტკიცებდნენ... ...მთაწმინდიდანაც იგრძნობოდა გაჭირვებისა და სიდუხჭირის შემოჭრა დედაქალაქის ცხოვრებაში - განათებული და ჩაბნელებული უბნები ჭადრაკის დაფის უჯრებივით მონაცვლეობდნენ, თუმცა, თავისი ხიბლი მაინც შემორჩენოდა თბილის-ქალაქს... ლევანს უჭირდა საუბრის დაწყება, საჭირო სიტყვებს ეძებდა, მომენტს არჩევდა... - მამა, - წარმოთქვა გიორგიმ საკმაო პაუზის შემდეგ, - მე აბსოლუტურად მესმის შენიც და დედასიც, ბებიებისაც და ყველა ახლობლის, ალბათ, თქვენს ადგილზე მეც ეგრევე მოვიქცეოდი, მეც წინ აღვუდგებოდი შვილის წასვლას ომსა და ქარ-ცეცხლში! - შეისვენა, სული მოითქვა, - მაგრამ არ შემიძლია, შორიდან ვუყურო, როგორ იხოცებიან საუკეთესო ქართველი და აფხაზი ბიჭები, არ შემიძლია, ვიძინო მშვიდი სინდისით მაშინ, როცა ვიცი, რომ ვიღაცას სჭირდება ჩემი თავი, ვიღაც ერთ ადამიანს მაინც ვუშველი და გადავარჩენ, ბოლოსდაბოლოს! - შვილო! - შეაწყვეტინა მამამ, - მეც მესმის შენი, მაგრამ ერთი რამე გავიწყდება, ეს ის არ არის, რაც შენ და შენს თანატოლებს გგონიათ! აქედან სულ სხვაგვარად ჩანს ყოველივე! დამიჯერე, იქ ჩასვლისთანავე მიხვდები, რომ ჭაობი და განუკითხაობაა ამ ომში, ეს ხომ სამამულო ომი არაა, ეს ხელოვნურად, გარე ძალებისა და შინაური ფარსადანების მიერ გაჩაღებული ხანძარია, რათა ვიღაცამ ხელები მოითბოს, ქართველებისა და აფხაზების სისხლით მორწყულ მიწაზე კი თავისი ბნელი ზრახვები ფურჩქნოს და ახაროს! ეს ომი ორივე მხარისთვის დასაწყისშივე წაგებულია, მოგებული აქ არც ქართველი იქნება და არც აფხაზი, მაგრამ დღეს ამის მიხვედრა არ უნდათ, ხვალ კი, ვინ იცის, ძალიან გვიანი იყოს! სხვა შემთხვევაში არც მე და არც დედა შენი წასვლის წინააღმდეგნი არ ვიქნებოდით. ქართველი ხალხი, ჩვენი სასახელო წინაპრები მუდამ იბრძოდნენ და იგერიებდნენ აურაცხელ გარეშეს და გადამთიელს, ჩვენც სამშობლოს სიყვარულით გზრდიდით ყოველთვის და არც არასოდეს გვიფიქრია, რომ ჩვენი შვილი სადმე უნდა იმალებოდეს, როცა ქვეყანას უჭირს, როცა ერი და ბერი განსაცდელშია, საქართველოს ინტერესები, ქვეყნის სიყვარული ყოველთვის უპირველესი და უმთავრესი იყო ჩვენთვის! - გეთანხმები! - უპასუხა გიორგიმ, - მაგრამ მე ხომ იქ საომრად და ტყვიის სასროლად არ მივდივარ! მე აფხაზს ტყვიას ვერ ვესვრი, ისეთივე თანამოძმეა, როგორც ქართველი, მაგრამ მე ჩემი პროფესიული ვალი მაქვს, რომელიც უნდა მოვიხადო და დაჭრილს და გაჭირვებულს დახმარების ხელი გავუწოდო. მე სხვა მისიაც მაქვს, როგორც ქართველი და აფხაზი ხალხის შვილმა, შერიგებისაკენ უნდა მოვუწოდო ორივე მხარეს, მე თვალები უნდა ავუხილო ქართველებსაც და აფხაზებსაც და შერიგების საშვილიშვილო საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო! ბაბუა სოკრატეც ყოველთვის იყო შუამავალი ქართველთა და აფხაზთა შორის და მე, როგორც მისმა შვილიშვილმა, მისი საქმე არა მარტო მედიცინაში, ამ ასპარეზზეც უნდა გავაგრძელო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოიწონებდა ჩემს ნაბიჯს, არ მეთანხმები? - მიაპყრო მამას მზერა პასუხის მოლოდინში. - ბევრს ხომ არ იღებ შენს თავზე, შვილო, - სცადა ლევანმა სხვა მხრიდან მოევლო, - სოკრატე არშბა ბუმბერაზი ადამიანი იყო და ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რასაც ორივე მხარე იჩენდა მის მიმართ, მან თავისი ცოდნით, განათლებით, ღვაწლით, გამოცდილებით, ბოლოსდაბოლოს, თავისი საქმეებით დაიმსახურა. მისდამი სიყვარულსა და პატივისცემას მრავალი ათწლეულის შრომა, თავდადება და ბრძოლა უმაგრებდა ზურგს, შენ კი ჯერ ოცდაორი წლის ხარ მხოლოდ და თუ ვინმე გიცნობს, მხოლოდ იმით, რომ სოკრატე არშბას შვილიშვილი ხარ! შენი კარგი ბიჭობა, სიკეთე, ზრდილობა, დაფასება ნაცნობ-მეგობრებში, ის დიდი სიყვარული, რომლითაც სარგებლობ გარშემომყოფთა შორის - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორ ფიქრობ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თავი უკვე გმირად წარმოიდგინო და ისეთი ტვირთი იტვირთო, რომელიც, ვინძლო, ვერ ზიდო? - მე ვფიქრობ, - დაიწყო გიორგიმ, - გმირები ჩვენს ცხოვრაბაშიც არიან, ჩვენს გვერდით ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრობენ, ჩვეულებრივად სწავლობენ, მუშაობენ, თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი... მერე უცებ დადგება წამი, ის ისტორიული წამი, რომელმაც ჩვეულებრივი ადამიანი გმირად უნდა აქციოს და აღასრულოს ის მისია ერისა და ქვეყნის წინაშე, რომელიც მას მამაზეციერმა დააკისრა და რომელზეც თვითონაც არაფერი იცოდა იმ წამის დადგომამდე! ასეთმა წამმა აქცია გმირებად მღვდელი თევდორე, ცოტნე დადიანი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი, სხავანი და სხვანი შორეული წარსულიდან დღემდე... გია აბესაძე ავიღოთ, განა ის გმირი არაა?! მან ხომ საქართველოს გადასარჩენად გაწირა თავი და მისთვის რომ გვესმინა, იქნებ დღევანდელ უბედურებამდე არც მივსულიყავით, მაგრამ მისი საქციელი რომ დაფასდეს, როგორც გმირის ქმედება, ამისთვის წლები და იქნებ საუკუნეებიცაა საჭირო, რადგან ვერ დაგვიჯერებია, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით, ჩვენს ეპოქაში მოღვაწეობს, შეიძლება გმირი იყოს! ეგეც არ იყოს, მე რომ ეხლა არ წავიდე, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს უმოქმედობას და ვერასოდეს გავზრდი შვილებს ისეთი სიყვარულით ოჯახისადმი, ერისადმი, ქვეყნისადმი, როგორც თქვენ გვზრდიდით, მამა! კიდევ ვიმეორებ, მე საომრად არ მივდივარ, მე მხოლოდ პროფესიულ ვალს მოვიხდი და ქართველთა და აფხაზთა შერიგებას ვეცდები, ვფიცავ! ლევანი ღრმად ჩაფიქრდა, გიორგის შეხედა, გულში სითბო ჩაეღვარა... „რა სწრაფად გაფრინდა წლები, როგორ თვალსა და ხელს შუა დაღვინებულა და დავაჟკაცებულა ჩემი ბიჭი!“ - თბილისის ომი გაახსენდა: ერთ ღამეს გიორგი სახლში არ დაბრუნდა. ჯერ იფიქრა, მეგობრებთან იქნებაო, ყველასთან გადარეკა, - გიორგი არაა. შემდეგ - ალბათ, მორიგეობაზე დარჩა რომელიმე კლინიკაშიო, - შემოიარა კლინიკები, სადაც შეიძლებოდა პრაქტიკაზე ყოფილიყო მორიგედ, - რესპუბლიკური, მეცხრე, მიხაილოვი - გიორგი არაა! გულმა რუსთაველზე გაუწია. „ივერიამდე“ მიაღწია, შემდეგ არ გაუშვეს, მთელი ღამე ქუჩაში გაათენა, ძალიან მძიმე და მტანჯველი ღამე, ალბათ, ყველაზე გრძელი ღამე მთელ ცხოვრებაში... ირიჟრაჟა, ოპერამდე მიაღწია, პოლიკლინიკის წინ თეთრხალათიანი ბიჭი დაინახა, მივარდა, ასეთი და ასეთი ბიჭი ხომ არ გინახავთო, - როგორ არა, ძია, წუხელ აქ იყო, მთელი ღამე დაჭრილები გამოგვყავდა, მუხლჩაუხრელად ტრიალებდა, მგონი, უკვე სახლში წავიდაო... სახლში გამოვარდა, გიორგი არ ხვდება. ორ წუთში ისიც შემოვარდა - მთელი ღამის ნათევს პოლიკლინიკის ოთახში სკამზე ჩაძინებოდა, ბიჭებმა გააღვიძეს, მამა გეძებსო. ნერვები ვეღარ მოთოკა ლევანმა, პირველად თავის სიცოცხლეში უყვირა ვაჟკაცს, რას გვიშვები, ცოცხლად გვმარხავო?! გიორგიმ მამის ყვირილი არ იუკადრისა, აცადა, ემოციები დამცხრალიყო, მივიდა, მოეხვია, გულში ჩაიკრა, - არა ხარ, მამა, მართალი, მე ხომ არც ზვიადისტი ვარ, არც პუტჩისტი, მე მხოლოდ დაჭრილებს ვეხმარებოდი, ჩემს ვალს ვიხდიდიო. - ეს შარვალ-კოსტუმი რაღად ჩაგიცვამს, სახლში რომ არ ეფიქრათ, რომ რუსთაველზე მიდიოდი, არა? -შეარბილა ტონი ლევანმა. - შემთხვევით ტყვია რომ მომხვედროდა და მოვეკალი, ხომ უნდა ეთქვათ, ეს რა ინტელიგენტი ბიჭი მოგვიკლავსო! - გაეცინა გიორგის. ...მთაწმინდიდან უტყვად გამოემართნენ, თავიანთ ფიქრებში ჩაფლულიყვნენ. სახლშიც მდუმარედ შევიდნენ... - ლევან, - მიაწოდა შესვლისთანავე ყურმილი მეუღლეს ქალბატონმა მარინამ, - დათო რეკავს, თევზაძე, ელაპარაკე! ლევანმა ყურმილი აიღო, შუბლშეჭმუხნული უსმენდა. თევზაძე ატყობინებდა, რომ გიორგი „თეთრი არწივის“ შტაბში მისულა, ზღვაზე, აფხაზეთში წამსვლელთა რიგებში ჩაეწერა, პირადად მასაც ესაუბრა და აინტერესებდა, იყვნენ თუ არა მშობლები საქმის კურსში. - მადლობელი ვარ, ბატონო დავით, ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, - უპასუხა მცირე პაუზის შემდეგ, - გიორგი ისეა მოწადინებული, ვეღარ ვაკავებთ, სჯობს, თქვენს გვერდზე იყოს თქვენი მფარველობის ქვეშ, ვიდრე ჩვენი ნების წინააღმდეგ, ჩუმად წავიდეს. ვინ იცის, უცხოდ წასული სად და ვის გვერდით მოხვდება! საუბარმა მცირე ხანს გასტანა. ლევანმა ყურმილი დაკიდა და იქვე, სავარძლის კიდეზე მძიმედ ჩამოჯდა. - ეჰ, სამედიცინოზე კი არა, სასულიერო აკადემიაში უნდა ჩაებარებინა ჩვენს ბიჭს, იქ უფრო დაფასდებოდა მისი გულმოწყალება! - ჩაილაპარაკა ხმამაღლა. - არა უშავს, მამა, - გამოსძახა ოთახიდან გიორგიმ, - დავამთავრებ სამედიცინოს, შემდეგ სასულიერო აკადემიასაც დავამთავრებ და ვიქნები ექიმებში პირველი მღვდელი და მღვდლებში - პირველი ექიმი! - გაეცინა, - ნუ იჯავრებთ, ყველაფერი კარგად იქნება, - დაამშვიდა მშობლები, გონებაში კი ლადოს სიტყვები ამოტივტივდა: „თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს, ერთი იმედით - სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს!“ დედამ და მამამ ის ღამე თეთრად გაათენეს, გიორგი კი, ბედნიერი იმით, რომ მშობლებთან წასვლის საკითხი მოაგვარა, მთელი ღამე ფერად სიზმრებს ხედავდა და ძილშიც კი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე... თავი IX „თეთრი არწივი“ საბაზო ბანაკში, აგუძერაში დაბრუნდა. მძიმედ ჩაიარა ორკვირიანმა ბრძოლებმა. არიან დაჭრილები, იყო მსხვერპლიც... ახლა ცოტა სულის მოთქმის საშუალება ექნებათ, ტყვია-წამლის და მედიკამენტების მარაგსაც შეივსებენ. სპირტი და შესახვევი მასალა ძალიან ცოტაა, საჭიროა, კიდევ ერთხელ მიაკითხონ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც მინისტრი, ქალბატონიმერი ჯანგველაძე ყოველთვის გულღიად ღებულობს და დახმარების ხელს უწვდის. სამედიცინო ასეულის ბიჭები თავიანთ ოთახში ისვენებენ, თან ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ, უყვებიან სხვადასხვა პოზიციაზე მომხდარი შეტაკებების ამბებს, იხსენებენ დაჭრილთა და დაღუპულთა გამოყვანის მომენტებს. ამ დროს ოთახში გიორგი შემოიჭრა, მრისხანებისგან კრიჭა შეკვრია, სახე მიტკალივით გაფითრებია, ერთიანად კანკალებს, ერთ ადგილს ვერ პოულობს... - ხედავთ, რა ხდება?! - მიმართა გარსშემოხვეულ მეგობრებს, - ვითომ ცარიელი და უპატრონო სახლები დაილია, ჩემს სახლში, ბაბუაჩემის სახლში შესულან ვიღაცეები და ბინა იქ დაუდევთ, მე აქ ვარ და არ მომერიდნენ, წარმომიდგენია, რას იზამდნენ, მე რომ აქ არ ვიყო, ალბათ, სულ ნაწილ-ნაწილ გაიტანდნენ ყველაფერს! - ასეთი განრისხებული გიორგი ბიჭებს არასოდეს უნახავთ, მუდამ წყნარი და გაწონასწორებული, ახლა წყობიდანაა გამოსული. - ეხლავე მივდივარ და თავებს დავუტეხავ მაგ უნამუსოებს! - გააგრძელა მან. - რაო, შენს სახლში ვინმე შევიდა?! - აფეთქდა კობა კიკნაველიძე, ზესტაფონელი ვაჟკაცი, სამედიცინო ბატალიონის წამყვანი ექიმი და მებრძოლი, - ჩვენც აქ ვართ, წავიდეთ, გიორგი, მაგათ ვაჩვენებ სეირს, სულ კინწისკვრით გამოვყრი იქიდან! ბიჭები წამოიშალნენ, ნუ გეშინია, გიორგი, შენს ჯავრს არავის შევარჩენთო, შესძახეს და ჩქარი ნაბიჯით გაეშურნენ სოკრატესეული სახლისკენ. ... გირგის სახლის ეზოში ფორმიანი ბიჭები დაბორიალობდნენ. ერთს ძველებური სკამები გამოეტანა და დამტვრევას უპირებდა, ალბათ, ცეცხლისთვის, მეორე ქვბს მოარახუნებდა... ბიჭები ეზოში ჯიქურ შეიჭრნენ. - ვინ ხართ და სად მიდიხართ? - უხაშად მიმართეს და წინ გადაუდგნენ იარაღიანი დამხვდურები, - ვერა ხედავთ, რომ სახლი დაკავებულია?! სხვაგან ეძებეთ თავშესაფარი! - რაო, რაო, მომესმა თუ მართლა გყოფნით თავხედობა, ეგრე გველაპარაკოთ?! აფეთქდა თამაზ შეროზია, - ხუთ წუთში სახლი დაცალეთ, თორემ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ! - ოცამდე ავტომატი ერთდროულად გაჩხაკუნდა და გადაიტენა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დამხვდურები ნაკლებნი არიან, თუმცა დათმობას არ აპირებენ, სახლის დაცლას არ ფიქრობენ... მტანჯველმა მოლოდინმა დაისადგურა... - ფრთხილად, ფრთხილად, - მიმართა ერთ-ერთს შეროზიამ, რომელიც საეჭვოდ იშმუშნებოდა, - მოიხსენით იარაღი და ფრთხილად დააწყვეთ ბალახზე, სწრაფად და უხმაუროდ, ყოველგვარი ფოკუსების გარეშე, თორემ შუაზე გადაგჭრით! - გასცა ბრძანება, - უნამუსო ხალხი ყოფილხართ, ირგვლივ ამდენი ცარიელი სახლია და მაინცდამაინც ჩვენი ბიჭის სახლში მოგინდათ პარპაში! - მოიცათ, მოიცათ! - გამოეყო ერთი მეომარი დამხვდურებს, - აქ რაღაც გაუგებრობაა, ესენი ხომ ჩვენი მედიკები არიან, - იცნო მოსულები, - რაშია საქმე, ბიჭებო, დავილაპარაკოთ, გავარკვიოთ, ჩვენ გენერალ ჭუმბურიძის დაცვა ვართ. გენერალმა ამ სახლში გაჩერება ინება და ჩვენც ამიტომ ვართ აქ. თქვენი პრეტენზიებისა კი არაფერი გვესმის. რაშია საქმე? - კარგი, კარგი! - მიაუხლოვდა ტატო ქაჯაია, სამედიცინო ასეულის ექიმი, რომელიც ჯერ კიდევ სამაჩაბლოდან ომის შუაგულ ქარცეცხლში ტრიალებს და თავის ცოდნასა და გამოცდილებას დაჭრილებს ახმარს, - დაუშვით, ბიჭებო, იარაღი, საჭირო არაა! - მიმართა მეგობრებს, - ეს სახლი ამ ჩვენი პატარა ბიჭის, გიორგი მიროტაძის სახლია, ჯერ კიდევ ბაბუისდროინდელი. ხოდა, რა გამოდის, ეს პატარა ბიჭები წინა ხაზზე ტყვიას შუბლს უშვერენ, რათა თქვენ და ჩვენი სხვა მებრძოლები ბრძოლის ველზე დაჭრილები არ მიატოვონ, როგორმე გადაარჩინონ საკუთარი სისცოცხლის რისკის ფასად, ამ დროს კი ჩვენი ბიჭის სახლში ჩვენიანი იჭრება! როგორ მოგწონთ?! ჰოდა, დაუძახეთ იმ თქვენს გენერალს, ავუხსნით ყველაფერს და დაცალოს სახლი, ამ ბიჭის გულის ტკენას გენერალს კი არა, ვინც გინდა იყოს, არავის შევარჩენთ, იცოდეს ყველამ! აღმოჩნდა, რომ გენერალი ადგილზე არ გახლდათ, მხოლოდ საღამოსთვის დაბრუნდებოდა. გიორგიმ და მისმა მეგობრებმა ითათბირეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. - კარგით! - წარმოთქვა ტატომ, - საღამომდე დავიცადოთ, გენერალს ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით. მანამდე კი ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც კარგად გაითვალისწინეთ: ამ სახლში ზედმეტად თითი არაფერს დააკაროთ, ერთი ზედმეტი ნაკაწრი და ნაჩხაპნიც არ იყოს, ყველაფერს ისე გაუფრთხილდით, როგორც საკუთარს, თორემ მერე ჩვენ პასუხს არაფერზე არ ვაგებთ, იცოდეთ! - მკაცრად გააფრთხილა, გიორგის ხელი გადახვია და ეზოდან გამოვიდნენ. *** ოთახში ზაზა აწყვერელი და ლაშა ქოიავა შემოვიდნენ. - ყარყარაშვილს ველაპარეკეთ და ყველაფერი ავუხსენით, - მიმართეს გიორგის, - საღამოს ჭუმბურიძეს შევხვდებით და ბინას დავაცლევინებთ, ცხვირი ნუ ჩამოუშვი და ნუღარ ნერვიულობ, სახლს იოტისოდენა არაფერი დაუშავდება, სარდალმა პირადად გააფრთხილა დაცვის ბიჭები. ეხლა გაემზადე, სოხუმში მივდივართ ჯანდაცვაში და შენც წამოხვალ! - მიდი, მიდი, ფეხს ნუ ითრევ, წამოდი, გულს გადააყოლებ, თანაც, რამდენი ხანია, მინისტრს შენი გაცნობა უნდა! - მოხვია ზაზამ ხელი გიორგის. სოხუმში ჩასვლისას ბიჭებმა ჯერ ფოსტაში შეიარეს, ოჯახებში დარეკეს, ახლობლები მოიკითხეს. ზოგის მშობლებმა არც იციან, შვილები რომ აფხაზეთში არიან, ისე ესაუბრებიან, ვითომ თბილისიდან რეკავენ და ათას მიზეზს იგონებენ, რატომ არ ჩადიან რაიონებში. ჯანდაცვის სამინისტროში ბიჭებს თბილად ხვდებიან, ჩამოსული ბიჭებიდან „თეთრი არწივის“ მედიკები აქ ყველაზე მეტი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ. - ჩვენი ექიმები მოსულან! - შეეგება ბიჭებს მინისტრი, ქალბატონი მერი ჯანგველაძე, - როგორ ხართ, ხომ ხართ საღად და ჯანმრთელად, ხომ არაფერი დაგშავებიათ?! იცოდეთ, თქვენ ისეთ საქმეებს აკეთებთ, თქვენი მწყობრიდან გამოსვლა არაფრით არ შეიძლება, სიკვდილი არც გაბედოთ, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე! - გაეხუმრა, სათითაოდ გულში ჩაიკრა. - ესაა გიორგი? - ვერ დაფარა აღფრთოვანება ქალბატონმა მერიმ გიორგის წარდგენისას, - რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, შვილო, შენ ისეთი ბაბუის შვილიშვილი ხარ, არც შეიძლება სხვანაირად! - მიეფერა დედაშვილურად და დიდი სითბოთი გაიხსენა ის დრო, ბატონი სოკრატე არშბას სახელი სოხუმსა და მთელს საქართველოში რომ ქუხდა, - მე მუდამ ვესწრებოდი მის ლექციებს, დახმარებისთვისაც არაერთხელ მიმიმართავს! დიდი ექიმი და პიროვნება იყო შენი ბაბუა, შვილო, გაანათლოს ღმერთმა მისი სული, შემც კარგი ბიჭი ხარ და თავს გაუფრთხილდი, დედიკო! - კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში. - ეს ბიჭები რასაც მოითხოვენ, ყველაფერი გაეცით! - გასცა განკარგულება. - ჩვენი გმირი გოგონებიც აქ ყოფილან! - შემოეხვივნენ ბიჭები ოთახში შემოსულ ნონას და რუსიკოს. რუსიკო ეზუხბაია სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორია, ნონა ღვინჯილია კი ჯანდაცვის სისტემის საწყობებს კურირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი პატრიოტობა და კარგი ქართველობა ბიჭებს ერთი წუთითაც არ ავიწყდებათ და დღემდე სალაპარაკოდ აქვთ, თუ როგორ ეხმარებოდნენ ტამიშის ოპერაციის დროს დაჭრილებს მათთან ერთად შუაღამემდე და სანამ ოპერაცია არ დამთავრდა, ფეხი ვერ მოაცვლევინეს წინა ხაზიდან! ბევრი გაექცა ომის ქარცეცხლს აფხაზეთიდან, თუმცა, ამ მართლაც გმირი გოგონებივით რომ გერჩოდეს გული, ამისთვის, ალბათ, მართლა მათებრი სიყვარულია საჭირო მშობლიური მიწისადმი! გიორგიმ გოგონებშიც უდიდესი მოწონება და პატივისცემა დაიმსახურა, აწი შეგიძლია, ამათ გარეშეც მოხვიდე, ჩვენი თანადგომის იმედი გქონდესო, აღუქვეს ნონამ და რუსიკომ დიდი სიყვარულით. ბიჭებმა დატვირთეს მანქანა მედიკამენტებით, შესახვევი მასალით, სპირტით და გულთბილი გამომშვიდობების შემდეგ საბაზო ბანაკისკენ გამოემართნენ. *** - სარდალი გვეძახის! - შემოვიდა ლაშა ოთახში, -ჭუმბურიძე მოსულა და შტაბში უნდა შევხვდეთ! გიორგი წამოდგა, ბიჭებიც წამოიშალნენ - არა, არა, - მიმართა ლაშამ, - ამდენი ხალხი საჭირო არაა! - მე, გიორგი, ტატო ქაჯაია და თამაზ შეროზია წავალთ! თქვენ კი აქ დაგველოდეთ და ჩვენც მალე მოვალთ! ყარყარაშვილმა ბიჭები თბილად მიიღო, გიორგის ხელი გადახვია, თბილად მოიკითხა. ყელზე გიორგის ნაჩუქარი ყელსაბამი ეკეთა, აი ისეთი, ზემო კიდურის დაზიანებისას საიმობილიზაციოდ რომ იყენებენ ექიმები. სამედიცინო ბატალიონის ბიჭებმა ეს ხილაბანდები მთელ „თეთრ არწივს“ დაურიგეს, ზოგი ყელზე იკეთებს, ზოგიც ბენდენად ხმარობს. ყარყარაშვილსაც მოწონებია, თუმცა მეტი აღარ აღმოჩნდა. გიორგი მიროტაძემ მოიხსნა თავისი „ყელსახვევი,“ რომელსაც კუთხეში მისივე ინიციალები ეწერა ინგლისურად, - G.M. და მეთაურს უსახსოვრა. სწორედ ეს ხილაბანდი ეკეთა სარდალს. - მოდი, აქ, გიორგი, დაჯექი, გაუგებრობას აქვს ადგილი. საქმე ისაა, რომ ბატონი ჯემალ ჭუმბურიძე ადგილობრივებმა შეიყვანეს შეცდომაში, ხომ იცი, ბოროტი ხალხი არ დაილევა ქვეყანაზე, უთხრეს, რომ ის აფხაზების მიერ მიტოვებული სახლია, თუმცა, უკვე ყველაფერი გავარკვიეთ, თვითონ დაგელაპარაკება ბატონი გენერალი, - მიმართა ყარყარაშვილმა, - თუმცა, ერთი თხოვნა მაქვს, იმ ბოროტი მეზობლის ძებნას ნუ დაიწყებ, მე თვითონ მოვთხოვ პასუხს ამ სიცრუისათვის და საკადრისადაც ვაზღვევინებ, შენ კი იყავი მშვიდად და შენი საქმე აკეთე შენს მეგობრებთან ერთად! - შვილო, - მიმართა ჯემალ ჭუმბურიძემ გიორგის და მის მეგობრებს, - ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისათვის და მადლობელი ვარ თქვენი ყველასი, რომ ჩემს გამოჩენას დაელოდეთ და ამ უნებლიე შეცდომას რაიმე გართულება არ მოჰყოლია! ერთი-ორი დღე მჭირდება, სხვა სახლს ვნახავ და ყველაფერს გადავიტანთ, მანამდე კი შენს სახლს არაფერი დაუშავდება, ენდე ჩემს კაცურ და ჯარისკაცურ სიტყვას! - ბატონო გენერალო! - წარმოთქვა მორიდებით გიორგიმ, - თქვენც გამიგეთ ჩემი აღელვება და გაღიზიანება, როგორია, როცა პოზიციიდან დაბრუნებულს საკუთარ სახლში ასეთი სიტუაცია დამხვდა! მე მჯერავს თქვენი სიტყვის, უბრალოდ, დაცვის ბიჭებსაც ვთხოვოთ, რომ სახლს გაუფრთხილდნენ! სხვა მხრივ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბრძანდებოდეთ, სანამ ამას საქმე და საერთო ინტერესები მოითხოვს! გენერალი ჭუმბურიძე წამოდგა, მაგიდას შემოუარა, გიორგის კაცურად გადაეხვია. - ვიცოდი შენი კარგი ბიჭობის და ინტელიგენტობის შესახებ, მაგრამ ბევრადუფრო უკეთესი ვაჟკაცი ყოფილხარ, ვიდრე მსმენია! დაილოცოს შენი ასე კარგად გამზრდელი, ძმაო! ჩვენც შენს გვერზე გვიგულე ყოველთვის, ჩემო გიორგი! - კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში. მეორე დღეს გიორგის ინიციატივით გიორგის სახლში სუფრა გაიშალა, სადაც სამედიცინო ასეულის ბიჭები და „თეთრი არწივის“ ხელმძღვანელობა ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით კიდევ ერთხელ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და მომხდარი გაუგებრობის გამო გაჩენილ ბზარს ამთელებდნენ, გიორგის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული გენერლები კი კიდევ ერთხელ უბოდიშებდნენ გიორგის და სიყვარულით უხდიდნენ მადლობას. თავი X ბიჭები საბაზო ბანაკში ისვენებენ და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობენ. გიორგიმ, როგორც იქნა, მიაღწია ტურბაზამდე, ერთმანეთზე დაწყობილი წიგნები ძლივს შეიტანა ოთახში. წინასწარ იცოდა, ბიჭები შაყირს დაუწყებდნენ, რად გინდა ამ გაგანია ომში ეს წიგნებიო, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მათი წაკითხვის დრო ძალიან მალე დადგება! - ეს შენი წერილია! - გადასცა თამაზ შეროზიამ სამკუთხედი ბარათი, აი ისეთი, სამამულო ომში რომ უგზავნიდნენ მეომრებს. გიორგი ლოგინზე ჩამოჯდა, საჩქაროდ გაშალა ფურცელი. „გილოცავთ შობას! - ეცა თვალში ბავშვური ხელით ნაწერი ასოები და ეხლაღა გაახსენდა, რომ დღეს ოცდახუთი დეკემბერია. მართალია, ჩვენი შობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური შობა იანვრის შვიდშია, თუმცა, ძველიდან მაინც შემორჩა ხალხში ამ დღის აღნიშვნაც. - აფხაზეთში ჩემთვის უცნობ მეომარს! - ეტიკტიკებოდა წერილიდან პატარა გოგონა, - გილოცავთ ოცდახუთ დეკემბერს, შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და გამარჯვებით დაბრუნებულიყავით თბილისში! გისურვებთ ყველა სურვილის ასრულებას და განუსაზღვრელ სიხარულს! მინდა დადგეს ისეთი ჟამი, როდესაც ყველას სახეზე ღიმილი იქნება აღბეჭდილი და როგორც ადრე იყო, საქართველოს ყველა კუთხე შეერთდება! ქალაქ თბილისის 55-ე სკოლის მე-51 კლასის მოსწავლე ნათია ადამია.“ გიორგიმ ბარათი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ასეთი მისალოცი მეორედ მიიღო. პირველად იმ წელს, ინსტიტუტში რომ ჩააბარა. კესო დეიდა, მეზობლის თბილი ქალბატონი, დაბადების დღეს ულოცავდა, ის კესო დეიდა, მისაღებ გამოცდებზე მიმავალს ყოველ დილით წინ რომ ხვდებოდა და გზას ულოცავდა, წარმატებებს უსურვებდა. ის ბარათი ეხლაც სახლში აქვს შენახული და ყოველ დაბადების დღეზე რუდუნებით კითხულობს. საერთოდ, სამეზობლოს და სანაცნობოს გიორგი ძალიან უყვართ, ყველა პატივისცემით ეპყრობა. ეს პატივისცემა და სიყვარული კი თავისი სიწმინდით, სიალალით, ერთგულებით და გარშემომყოფდამი თანადგომით დაიმსახურა. ყოველთვის მიამიტი იყო, სუფთა, ბავშვური. ამვე დროს დახვეწილი, შინაგანად ინტელიგენტი, სამართლიანი და ვაჟკაცური! სული და გული არ ენანებოდა გაჭირვებულისათვის. ერთხელ ყური მოკრა, დიაბეტიანი თანაკლასელისათვის ხუთ-ხუთ მანეთს აგროვებენო, გაიქცა, ზინა ბებოს მიადგა, ორმოცდაათი დოლარი მომეცი, მეც უნდა დავეხმაროო. - სხვები თუ ხუთ მანეთს დებენ, შენ რატომ დებ ამდენსო, - ჰკითხა. - გეხვეწები, მომეცი, ასეა საჭირო, მე ასე უნდა გავაკეთოო! - სოკრატე გაახსენდა მაშინ ზინა ბებოს, სულმნათი მეუღლე, ასეთი უშურველი იყო ისიც. მისმა მძღოლმა, პატარა კავთისხეველმა ბიჭმა ცოლი შეირთო. მაგას საშუალება არ აქვსო, უბრძანებია ბატონ სოკრატეს, მამაპაპური ქორწილი გადაუხადა. - ბაბუის ალი-კვალია ჩემი გიორგი! - გაიფიქრა ბებომ და გულში ჩაიკრა. ...გიორგიმ ბიჭებს გახედა. ყველა თავის მისალოცს კითხულობდა. სახეზე ყველას ნაღველი და სევდა აღბეჭვდოდა, ეტყობოდათ, რომ მოენატრათ თბილისი და თბილი ოჯახები, თუმცა უძლებენ, უძლებენ ამ დიდ გაჭირვებას, სიცივეს, შიმშილს, წვიმას და თოვლს, ტკივილს, თვით სიკვდილსაც უძლებენ ერთმანეთის სიყვარულით, მეგობრების სიყვარულით, დაღუპული ბიჭების სიყვარულით... - არმივატოვებ! - გაიფიქრა, - ამვაჟკაცბიჭებსვერმივატოვებ, ამასობაში , იქნებ, საერთოენაცგამოინახოსდაშეწყდესესუაზროხოცვა-ჟლეტა! - ინატრადაპირჯვარიგადაიწერა, კიდევერთხელგადაიკითხა - „მინდადადგესისეთიჟამი, როდესაცყველასსახეზეღიმილიიქნებააღბეჭდილიდაროგორცადრეიყო, საქართველოსყველაკუთხეშეერთდება!“ - ფრთხილადგადაკეცადაგულისჯიბეშისათუთადშეინახა. თავი XI „ДШВ“-ს ბატალონმა წარმატებით ჩაატარა ატარა აფხაზსკაიას აღების ოპერაცია. ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ სოფელი მოწინააღმდეგისაგან გაწმინდეს (უკვე მერამდენედ!) და მიტოვებულ სახლებში დაბინავდნენ. როგორც ყოველთვის, აქტიურები იყვნენ ლადო კეპულაძე და თენგო წულაძე, „თეთრი არწივის“ სამედიცინო ბატალიონის წევრები, რომლებიც თითქმის ყველა შეტაკებაში „ДШВ“-ს ბატალიონთან არიან მიმაგრებულნი თავიანთი სამედიცინო ჩანთებით, მედიკამენტებით, შესახვევი მასალით და ყველაფერს აკეთებენ დაჭრილთა გადასარჩენად. გოჩა ხიზანბარელმა, ოპერაციის მეთაურმა, პოზიციები შეარჩია და ცვლები დაანაწილა. - დილისთვის დამატებით ძალას ველოდებით, რომ შემოსასვლელი გზა ბოლომდე გავწმინდოთ! - გამოუცხადა მებრძოლებს და სიფხიზლისაკენ და მაქსიმალური ყურადღებისაკენ მოუწოდა. შებინდებისას ბიჭებთან სამედიცინო ბატალიონის მეთაური, ლაშა ქოიავა და მასთან ერთად გიორგი მიროტაძე მივიდნენ, საბაზო ბანაკიდან მედიკამენტებისა და შესახვევი მასალის მარაგი ამოუტანეს. მოსულებს დამხვდურები ოვაციებით შეხვდნენ, ისეთი მონატრებით მოიკითხეს ერთ-ურთი, ვითომც დიდი ხნის უნახავები იყვნენ. - შენ კიდევ აქ ხარ, ჩვენებურო? - ჩაიკრა გიორგი თამაზ შეროზიამ გულში, სოხუმელმა ვაჟკაცმა, ყველასათვის საყვარელმა და სამაგალითო მებრძოლმა, რომელიც მუდამ ფრონტის წინა ხაზზეა, ისეთი სტრატეგიული და ტაქტიკური ნიჭი გამოავლინა ბრძოლაში ამ ექიმმა კაცმა, თითქოს მთელი ცხოვრება ბრძოლის ველზე გაეტარებინოს. ამიტომაც გახდა იგი სარდლისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და უახლოესი პიროვნება და ხშირად ითვალისწინებდნენ შტაბში მის აზრს საომარი ოპერაციების დაგეგმარებისას, - არ მიდიხარ საახალწლოდ თბილისისაკენ? - არა, თამაზ, დღეს ველაპარეკე ჩემებს ტელეფონით, შევპირდი, ხუთი იანვრისათვის ჩამოვალ-მეთქი, - უპასუხა, - ჩვენი ბიჭები ყველანი აქ არიან, მეც მათ გვერდით უნდა ვიყო, ბოლოსდაბოლოს, მასპინძელი ვარ და მოვალე ვარ, ბიჭებს ვუმასპინძლო ახალ წელს, ცოტათი მაინც ოჯახური გარემო შევუქმნა და რაღაცით ვასიამოვნო! - კაციც შენა ხარ, ძმაო, და ქუდიც კაცურად გხურავს! - კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გულში თამაზმა და თავისი ვაჟკაცური ტორები ზურგზე დაუტყაპუნა. - მოვიახალწლოთ და ცოტა ხნით მეც წამოვალ თბილისში, მეც გავახარებ მშობლებს და ჩემს დებს! - გაექცა მზერა ჰორიზონტისკენ თამაზს, ეტყობა, წარმოიდგინა, როგორ შეჩერებიან გზას მისიანები და ყოველ ცისმარე დღე მის გამოჩენას ელიან! - წავიდეთ, გიორგი, სხვა პოზიციაზეც გადასასვლელბი ვართ! - მოემზადა ლაშა წასასვლელად. გიორგი ფეხს ითრევს, არ უნდა ბიჭებთან თუნდაც დროებით განშორება, მით უმეტეს, საბაზო ბანაკში დაბრუნება, ყოველთვის გრძნობს, რომ რატომღაც ყველა ცდილობს, მოარიდონ წინა ხაზს და ფრონტის ხაზიდან მოშორებით ამყოფონ! - ლადოს ხომ შემცვლელი ჭირდება! - მოუყვანა „მყარი“ არგუმენტი. საქმე ისაა, რომ ლადო წიქარიშვილი, ასევე სამედიცინო ბატალიონის მებრძოლი, გიორგის კურსელი და მეგობარი, საჩქაროდ თბილისში გაემგზავრა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელევიზიით გადმოსცეს მამამისის, მარატ წიქარიშვილის დაღუპვის ამბავი (საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა). კარგა ხნის ჯიჯღინისა და ხვეწნის შემდეგ, გიორგიმ თავისი გაიტანა და ატარა აფხაზსკაიაში დარჩა მეგობრებთან ერთად. ბიჭები კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს და მოემზადნენ კიდევ ერთი გრძელი სუსხიანი ღამის გადასაგორებლად. ისეთი სიცივე, დეკემბრის ბოლოს რომ დაიჭირა, დიდი ხანია არ ახსოვს აფხაზეთს. თერმომეტრი 2-3 გრადუსს უჩვენებს ნულს ქვემოთ, რაც, აქაური სინესტის გათვალისწინებით, საკმაოდ ძნელი ასატანია, მით უმეტეს, პოსტებზე ღია ცის ქვეშ მდგომი მეომრებისთვის. გიორგიმ თავისი ცვლა მოილია და სახლში შევიდა, ავტომატი კედელთან მიაყუდა და თვითონაც იქვე ჩაიმუხლა. ფეხზე ჩექმა გაიხადა, პარტიანკები იქვე მიაფინა, იქნებ ოდნავ მაინც გაშრესო, გაიფიქრა, ფეხის თითებზე ხელი გაისვ-გამოისვა, მოისრისა. თითები ისე მოჰყინვოდა, ძლივს გრძნობდა. თვალები მილულა და ფიქრებმა წაიღო... - ძნელია ასეთ პირობებში გაძლება, ყველა ამას ვერ გაუძლებს, - გაიფიქრა. აკი ვერც გაუძლო ბევრმა, სწრაფადვე დაბრუნდა უკან. კიდევ უფრო ძნელი გასაძლები ის დამოკიდებულება და ცინიზმი აღმოჩნდა მეომარი ბიჭებისთვის, მთავრობა და ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი დამხობის გზით მოსული სისხლიანი ხელისუფალნი რომ იჩენდნენ ამ ომისადმი. თავისი ინტერვიუ გაახსენდა, ტელევიზიის ჟურნალისტმა რომ ჩაწერა ამ ცოტა ხნის წინ. „აქ სისხლისმღვრელი შეტაკებები მიდის, იქ, თბილისში ყველაფერს ისე უყურებენ, ვითომც ეს ყველაფერი სადღაც სხვა ქვეყანაში, ცხრა მთას იქით ხდებოდეს! ბიჭები იღუპებიან, ტელევიზიით კი გასართობი გადაცემები მიდის და ხალხს დუბაიში, სტამბულსა და ქაიროში ეპატიჟებიან. ვინც ომის შეწყვეტაზე, ორი მოძმე ხალხის შერიგებაზე უნდა ფიქრობდეს და მშვიდობის დამყარების გზების ძიებაში უნდა ათენ-აღამებდეს, ერთმანეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლას და ინტრიგებს ჰყვება და აფხაზეთიც და მეომარი ბიჭებიც ფეხებზე ჰკიდია! მთელი ძალისხმევა კი მიმართული აქვთ ხალხის თვალში კანონიერი ხელისუფლების და უმწიკვლო და ერსა და რწმენაზე, ქვეყანაზე შეყვარებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციისაკენ!“... -აღარ გააგრძელა, ოპერატორს კამერის გამორთვა სთხოვა და ამის შემდეგღა დაამატა: „ჩემი აზრით, უნდა აღსდგეს კანონიერი ხელისუფლება, საკუთარი ხალხის სისხლში ხელგასვრილი ხუნტა უნდა მოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს, დაბრუნდეს ხალხის მიერ ერთხმად არჩეული პრეზიდენტი და დაიწყოს მოლაპარაკებები ქართველებსა და აფხაზებს შორის ომის შეწყვეტისა და უპირობო შერიგების თაობაზე. მე დარწმუნებული ვარ, ესაა ერთადერთი სწორი გზა, მხოლოდ ამ გზით მივალთ ტაძრამდე და ეს გზა გადაგვარჩენს ქართველებსაც და აფხაზებსაც!“... მამის სიტყვები წამოუტივტივდა თავში, წამოსვლის წინ რომ უთხრა, ჭაობი და განუკითხაობაა ამ ომშიო. თუმცა უკან დაბრუნება არც უფიქრია, ბიჭების ღალატად მიაჩნდა ახლა გაქცევა, თუნდაც იმ გადარჩენილი ბიჭების ღალატად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ გამოჰყავდა დაჭრილნი ბრძოლის ველიდან. თანაც ელოდა, სულმოუთქმელად ელოდა მომენტს, როდის შეხვდებოდა პირისპირ აფხაზ თანამოძმეებს და მათაც ეტყოდა ხმამაღლა იგივეს, რასაც არაერთგზის ამბობდა - „ჩვენ შეგვაცდინეს, ძმებო, ჩვენ ერთმანეთი არ უნდა ვხოცოთ მესამე ძალის გასახარად! ჩვენ არ უნდა ვახარხაროთ ისინი, ვისაც ქართველთა და აფხაზთა ამოძირკვა უნდა ამ წალკოტიდან, რათა ამ ხვავრიელ მიწას, ჩვენი სისხლით მორწყულ მიწას დაეპატრონოს და იპარპარშოს ჩვენი თანამოძმეების ძვლებით მოფენილ ჩვენს ნასახლარებზე!“ სწამდა, რომ ეს დრო, დიდი შერიგების დრო მალე, სულ მალე დადგებოდა. ეს იყო მისი ოცნება და უპირველესი ნატვრა ომის დაწყების პირველი წუთიდან. ...სიცივე ძვალშა და რბილში გაუჯდა. წამოდგა. ფეხი გამართა, პარტიანკები დაიხვია, ჩექმა ამოიცვა, ოთახში ფრთხილად გაიარ-გამოიარა, რათა ძლივს ჩაძინებული ბიჭები არ გაეღვიძებინა. ნათია მოენატრა. ოჰ, როგორ უნდა, ბედნიერი იყოს, რომ ნათია და ნიკა გახარებულნი ნახოს თავიანთი სიყვარულით, მათი ბედნიერებისათვის ხომ მან საკუთარ სიყვარულსა და ბედნიერებაზე თქვა უარი, თუმცა, სულ ეჩვენება, რომ მათ ბედნიერებას რაღაც აკლია, რაღაც ვერ ეწყობა, რაღაც ისე არ არის... წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა ნათია, თვალებში ის ნაპერწკალი ჩაქრობოდა, მუდამ რომ დახტოდნენ ეშმაკუნებივით, აღარც თავისი განუყრელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რომელიც იმ საავდრო ღრუბელივით მოქუფრულიყო, საცაა წვიმის ნიაღვარს რომ დაატეხავს თავს დედამიწას. ხმას არ იღებდა, თუმცა რამდენჯერმე ისეთი ტკივილითა და მუდარით შემოხედა, თითქოს ეხვეწებოდა, არ წახვიდე, გიორგი, არ მომიშხამო ისედაც კოშმარად ქცეული სიცოცხლე, აქ, შორიახლოს იყავი, ეს ბედნიერება მაინც მაჩუქეო! მაშინ პირველად ინანა გიორგიმ, დროზე რომ არ გაუღო კარი გულში შემოჭრილ სიყვარულს, ალბათ ჩვენზე ბედნიერი წყვილი არ იქნებოდა ქვეყანაზეო, გაიფიქრა. თუმცა, წუთიერ სისუსტეს დროულად მოერია და ნათიასაც ისეთი მეგობრული ჩახუტებით და ამბორით დაემშვიდობა, როგორც სხვა ჯგუფელ გოგონებს. ... სოხუმში გამოფრენის წინა დღეს ბიჭებს თბილისის ზღვაზე, „თეთრი არწივის“ შტაბში, სამხედრო ფორმები დაურიგეს. გიორგის ფორმა ძალიან მოუხდა. მეგობრებთან, მიშა პაპოშვილთნ და ვაჟა სეხნიაშვილთან ერთად ჯგუფელ გოგონებს, ლიკა მეგრელიძესა და ია ნინიძეს გაუარეს. გოგონები გიორგის გაკვირვებით ათვალიერებდნენ. - რა იყო, - თვითონაც გაუკვირდა გიორგის, - რამე ხომ არ მაცხია სადმე? - ჰკითხა. იმდენად ბავშვური და მიამიტი, ალალი და რომანტიული იყო ეს ოცდაორი წლის ახმახი ბიჭი, სამხედრო ფორმაში დანახული ვაჟკაცი, ომში წასასვლელად შემართული მამაკაცი ეუცნაურათ გოგონებს. სახელდახელო სუფრას ლიკას მამა უძღვებოდა, თუმცა ბიჭები ოჯახს მალევე დაემშვიდობნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, ხვალ ომში მიდიან! „რატომ მიდისო ეს ბიჭი ომში, - უკითხავს მაშინ ლიკას მამას მაინცდამაინც გიორგიზე, - ეგ იქ არ უნდა წავიდეს, უკან ვეღარ დაბრუნდებაო!“ - უთქვამს თავისდაუნებურად ენაზე მომდგარი სიტყვები... ...გიორგიმ მედიკამენტების ჩანთა გადაამოწმა, შესახვევი მასალა და გამაყუჩებლები დაამატა და იქვე, კუთხეში დადო, თვითონაც გვერდზე მიუწვა. გაახსენდა, როგორ ღელავდა პირველი დაჭრილების დახმარებისას ძველი კინდღის აღების ოპერაციის დროს, თუმცა უკვე აქვს იმდენი გამოცდილება, ყველაფერი დროულად და თანმიმდევრულად გაუკეთოს თითოეულ დაჭრილს, არც ტყვიების წვიმიდან ან თუნდაც, დამინული მინდვრიდან თანამებრძოლების გამოყვანას უშინდება. „მამიკა“ გაახსენდა, „თეთრი გიორგს“ მებრძოლი დათო კიკნაძე, რომელსაც მინამ ფეხი მოაგლიჯა, მისი სიტყვები ეხლაც ყურში ესმის, როგორ ცდილობდა, გადარჩენისთვის რაღაც მადლობისმაგვარი ეთქვა, თუმცა მისი თვალები ისედაც ყველაფერს ამბობდნენ. კიდევ რომელი ერთის მადლიერი გამოხედვა გაიხსენოს, გვარ-სახელები ყველასი არც ახსოვს, თუმცა ყველა ეპიზოდი, თითოეული მის მიერ გადარჩენილი დაჭრილი თვალწინ უდგას და ღმერთს მადლობას სწირავს იმ სიკეთისა და დახმარებისთვის, რასაც ღვთის მადლით და ძალით აკეთებს ბიჭების გადასარჩენად. ამ ფიქრებში ჩაეძინა. დედა ესიზმრა, ყველა დედაზე სათნო და ლამაზი, თავზე ხელს უსვამდა და გულში იხუტებდა. მთელ სხეულში სითბო ეღვრებოდა და ისე ათბობდა, ყინვა და სუსხი ვეღარაფერს აკლებდა. ...მოწინააღმდეგის შემოტევა მოულოდნელად, დილის რვის ნახევარზე დაიწყო. ბიჭები სახლებიდან გამოცვივდნენ და პოზიციები დაიკავეს. ცეცხლს ცეცხლი შეაგებეს. იმ სახლებში, სადაც ორიოდე წუთის წინ ჩვენი მებრძოლები იყვნენ გამაგრებულნი, ტყვიები ისე დანავარდობდნენ, როგორც დეკემბრის სუსხიანი ქარი თოვლით გადათეთრებულ მინდორზე. - დაჭრილია! - გადაირბინა მებრძოლებში, - გია თოიძე დაიჭრა! - გია „თეთრი არწივის“ გამორჩეული მებრძოლია, შეუპოვრობით და უტეხი ხასიათით გამორჩეული. გიორგი მიროტაძე წამოიმართა. - მოიცა, დაწექი! - უყვირეს ბიჭებმა, მაგრამ გიორგის ცხოვრებაში სწორედ ის წამი დამდგარიყო, რომელსაც ჩვეულებრივი, უბრალო პატარა ბიჭი, ქართველთა და აფხაზთა ღირსეული ძე, გმირად უნდა ექცია! გიორგი დაჭრილისკენ გავარდა, მაგრამ დარტყმის ძალამ ჰაერში შეაგდო და მოწყვეტით დაეცა. თვალი გაახილა, თავს ბიჭები დასტრიალებდნენ. მედიკამენტებიანი ჩანთა მოიძიეს - სიჩქარეში სახლში დარჩენოდათ! არადა, ვინ იცის, იქნებ ერთი ნემსი, ერთი ნახვევი წყვეტდეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს! ახლა თენგო წულაძე აღიმართა ფეხზე, არაფერზე არ ფიქრობს, განსაცდელი არ ადარდებს, თავში მხოლოდ ერთი უტრიალებს - გიორგი უნდა გადაარჩინოს! სახლში შევარდა, ტყვიები წეღანდელივით გადი-გამოდიოდნენ სახლის კედლებში... გადის მტანჯველი წამი, მეორეც, აი, ისიც, ზიგზაგებით გამორბის, ხელში ჩანთა უჭირავს. ჭრილობები შეუხვიეს გიორგის, გამაყუჩებლები გაუკეთეს. გიორგი ცდილობს, გაიღიმოს, ბიჭები იქეთ ანუგეშოს... მუცლის ჭრილობიდან სისხლი მოჟონავს, ნახვევი სწრაფად სველდება, სტკივა, ძალიან სტკივა, ჭრილობები ეწვის, მთელი ორგანიზმი უხურს... - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! - სცადეს გამხნევება თამაზიმ და თენგომ, თან „პლაშპალატკაზე“ გადააწვინეს. სროლები ნელ-ნელა მიწყნარდა. მოწინააღმდეგე მოგერიებულია. საჩქარო ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, თუმცა ახლო-მახლო არანაირი მოძრავი საშუალება არაა! ეგეც არ იყოს, სოფელში მისასვლელი გზა არაა ბოლომდე გაწმენდილი მოწინააღმდეგისაგან. არადა, უმოკლესი გზით ცენტრალურ ტრასამდე ექვსი კილომეტრია! დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. - აბა, ბიჭებო, წინ! იქუხა შეროზიამ, ვასო კილაძემ და კიდევ სამმა გიორგი აიტაცა, სამიც, ლადო კეპულაძის მეთაურობით, შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში დამცველებად აეფარნენ, თითქმის სირბილით გასწიეს ტყე-ტყე. ...გზა უსაშველოდ გაიწელა... უჭირს, უსაშველოდ უჭირს, თუმცა ხმას არ იღებს, მამის სიტყვები გაახსენდა, ამ გზას თუ ირჩევ, ყველაფერს უნდა გაუძლო ჩვენი გმირი წინაპრებივითო! ამ ტყესავით თმადათოვლილი ზინა ბებო წარმოუდგა თვალწინ, იგრძნო, რომ უსაშველოდ მონატრებოდა მისი სითბო და ალერსი... ბებია ეთერი გაახსენდა, უწმინდესი და უტკბესი ადამიანი, უზომოდ შეყვარებული გიორგიზე, რკინიგზის საავადმყოფოს წამყვანი ექიმი, ღირსების ორდენის კავალერი. გაახსენდა, როგორ გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა იგი აფხაზეთში შვილიშვილის წასვლას, გამომგზავრების წინა დღეებში კი ანგინიან გიორგის სასთუმალთან ჩამოუჯდა, ფილტვებზე მოუსმინა და კატეგორიულად გამოუცხადა: „არაფრით არ შეიძლება შენი წასვლა, ფილტვების ანთება გაქვს, თანაც სამმხრივი!“ უმცროსი დაიკო, თავისი განუყრელი მეგობარი და მესაიდუმლე, თავისი ნინიკო ინატრა გვერდით. გაახსენდა, როგორი უკარება იყო ბავშვობაში და როგორ აშინებდა, თუ არ ჩამეხუტები, გუდიანი კაცი წაგიყვანსო, ისიც გულში ეკვროდა თავის ძამიკოს და ეხვეწებოდა, მარტო არ დამტოვო, მეშინიაო! ბაბუა სოკრატე, უსაყვარლესი და უსათნოესი მოხუცი, ქართველთა და ფხაზთა შორის გადებული ერთობის ხიდი, რომ ეცოცხლა, იქნებ ეს ხიდი აღარ ჩატეხილიყო, იქნებ მის სიტყვას ფასი ჰქონოდა... ნათია, გაუმხელელი სიყვარული, ნეტავ ერთხელ, თუნდაც ერთი წუთით, ერთი წამით დაანახვა! ის სიზმარი გაახსენდა, ნათიასთან ერთად ყვავილნარში რომ ტკბებოდნენ ყვავილთა დამათრობელი სურნელებით და სიყვარულის შარბათით... - აღარ მოვედით? - უნდა, რომ იკითხოს, თუმცა ძალა აღარ აქვს, საშინელ სისუსტეს გრძნობს, თავს ვერ წევს... ტრასაზე გამოაღწიეს, პირველსავე შემხვედრ მანქანაში გადააწვინეს... თვალები ებინდება, ვეღარაფერს ხედავს, ალბათ, ღამდება, ფიქრობს... უცებ დედა დაინახა, ყველა დედაზე სათნო და ლამაზი. თავზე ხელი გადაუსვა, გულში ჩაიხუტა, ზუსტად ისე, როგორც წუხანდელ სიზმარში, მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა წუხანდელივით, ყინვა და სუსხი ვეღარაფერს აკლებს... საავადმყოფოს შესასვლელთან თითქოს ძალა მიეცა, უკანასკნელად ახედა აფხაზეთის ზეცას, უხვად რომ აყრიდა შუბლზე უზარმაზარ ფანტელებს, ვაი, დედაო, წაიჩურჩულა და სამუდამოდ დახუჭა ერსა და რწმენაზე შეყვარებული თვალები, სახეზე კი ის უმანკო ღიმილი შეჰყინვოდა, მშობელი დედის გამოცხადებისას რომ მოეფინა ნუგეშად... პოზიციაზე დარჩენილმა ბიჭებმა კი გიორგის ავტომატი დაშალეს გასაწმენდად, თუმცა ამაოდ, ავტომატის ლულას ლაპლაპი გაუდიოდა - აქედან არც ერთი ტყვია არ გასროლილა! თავი XII ...ორმოცი დღე-ღამე გასულა გიორგის სიკვდილიდან, ორმოცი მტანჯველი და მომქანცველი დღე და ღამე... რამდენი რამ გადაიტანა ამ ორმოც დღეში ნათიამ, რამხელა ტკივილი და მწუხარება, იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება, ვერაფრით შეეგუა გიორგის სიკვდილს, ცხოვრებამ დაკარგა მისთვის აზრი და ინტერესი. აღარაფერი ახალისებს, აღარაფერი ახარებს... სანამ ცოცხალი ეგულებოდა, ის ოცნება მაინც ჰქონდა, გიორგი კარგად ყოფილიყო, ღმერთს ავედრებდა მის თავს, ახლა ეს ოცნებაც წაართვა განგებამ... საფლავზე გვიან გავიდა, დაიცადა, სანამ ახლობლები წავიდოდნენ. მარტოს უნდოდა გიორგის გვერდზე ყოფნა, საუბარი, მოსიყვარულება... უჭირს ნათიას, ძალიან უჭირს, ისეთი კი არავინ ჰყავს, თავის ტკივილს რომ გაუზიარებს... მას შემდეგ, რაც ნიკას ცოლად გაჰყვა, ცხოვრება სატანჯველად ექცა. არა, განა ნიკა ცუდი ბიჭია, თავს ევლება, ჩიტის რძეს არ აკლებს, ყველანაირად ეცადა ნათიას გულის მოგებას, მაგრამ ვერ შეძლო ნათიამ მისი შეყვარება ვერაფრით, ვერა და ვერ მოერია იმ უთქმელ გრძნობას, გიორგის მიმართ რომ განიცდიდა. ნათიას უმანკო და ალალი ცრემლი ნაკადად დაედინა საფლავზე, თვითონ გიორგის სურათს ეფერება და ხმამაღლა უყვება თავის გასაჭირს. არა, გიორგის მისთვის არასოდეს მიუცია იმის საბაბი, რომ ასე ჩაფლულიყო მის სიყვარულში, მაგრამ ქალური ინტუიციით გრძნობდა, რომ გიორგი არ იყო მის მიმართ გულგრილი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის და-ძმობას ეფიცებოდა თავისი ალალი გულით და სიწრფელით, მისი თვალები მაინც სხვას ამბობდნენ... რამდენჯერ ღრმად ჩაუხედავს გიორგისთვის თვალებში, იქნებ ჩემს თვალებში დაინახოს თავისი თავი და მიხვდეს, რომ ეს სიყვარული და-ძმობაზე და მეგობრობაზე უფრო მეტიაო, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ხავსზე მოჭიდებას ჰგავდა შეყვარებული გულისას... ხვდებოდა, გიორგი არასოდეს გადავიდოდა და-ძმობის ზღვარს, არც ნიკას ჩასცემდა მოღალატის ლახვარს! მაინც ელოდა, ელოდა, ელოდა... დღესაც ელოდება, რომ გიორგის სული გამოეცხადება და სიყვარულში გამოუტყდება! თებერვლის სუსხმა წამოუბერა, ზამთრის მწუხრიც შემოიპარა... დრო ისე გასულიყო, მოგონებებში გართულს არაფერი გაუგია. კაბა ჩამოიფერთხა, ერთხელ კიდევ მიეფერა საფლავს. არა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თვითონ ხომ იტანჯება, ნიკაც დატანჯა, ვერ უპასუხა მის სიყვარულს, ვერც თამაში და მსახიობობა შეძლო. მთელი წელია, ნიკაც დაღალა, თანდათან გაცივდა, მისი სიყვარულიც გაცვდა... გიორგის სიკვდილმა კიდევ უფრო გააუცხოვა მისთვის ქმარი, ვერ აპატია ის სიყვარული, რომელმა სიყვარულმაც გიორგი დააკარგვინა. დარწმუნებული იყო, რომ არა ნიკა, გიორგი ოდესმე აუცილებლად დაინახავდა მის თავდავიწყებას და ალალ სიყვარულს, არც საკუთარ თავს აუკრძალავდა სიყვარულში გამოტყდომას და ერთ ბედნიერ დღესაც ეტყოდა: „ნათია, ჩემო ერთავ, ჩემო პატარავ, ჩემო სიციცხლევ, მე შენ მიყვარხარ!“ მტკიცე ნაბიჯით გამოემართა საფლავიდან, სახლში მივიდა, აუცილებელი ნივთები მოკრიბა, ნიკას დაურეკა: „მაპატიე, მე მივდივარ!“ და წავიდა მისგან თავისი ტკივილით, სიყვარულით, მოგონებით, აუხდენელი და წართმეული ოცნებით... თავი XIII 1993 წელი, თექვსმეტი ნოემბერი... პირველი დაბადების დღე გიორგის გარეშე... უახლოესი მეგობრები მდუმარედ უსხედან სუფრას, ტკივილით იხსენებენ გიორგისთან დაკავშირებულ თითოეულ წამს. გიორგი აღარაა, აფხაზეთიც ჩაბარებულია. ქალბატონი მარინა, გიორგის დედა, თვალცრემლიანი იგონებს საშინელ დღეებს. წინა დღით ახლობლის გასვენებაში იყო დედასთან ერთად, მალევე წამოვიდნენ. თბილისის თავზე თვითმფრინავს მოჰკრა თვალი, ჩემი ბიჭი იქნებ ჩამოფრინდესო, ინატრა, სახლში უნდა დავხვდეო. კი დარეკა და უთხრა, ხუთ იანვარს ჩამოვალო, მაგრამ იქნებ ჩემმა ძმამ, მამულიმ დაიყოლია და საახალწლოდ ჩამოდიან, ამიტომაც უთხრა დედას, ქალბატონ ზინას, გული მიგრძნობს, დღეს-ხვალ ჩამოვაო. მამული ყოველ დღე რეკავს, ამბებს აგებინებს, უნდა თბილისში წამოსვლა, მაგრამ გიორგის ხომ არ დატოვებს. სიგიჟემდე უყვარს გიორგის ბიძა, მამული არშბა, უყვარს და სჯერა მისი. აკი, მისი სიყვარულით აპირებდა, მის მსგავსად არქიტექტორი გამხდარიყო, თუმცა, ბაბუის სიკვდილის შემდეგ, მედიცინის სიყვარულმა გადაწონა. ვერც მამულიმ დაითანხმა საყვარელი დისშვილი თბილისში გამომგზავრებაზე... გული ცუდს არ უთქვამდა დედას, იქნებ ამიტომაც იყო, ღამის სამ-ოთხ საათამდე გაოგნებული და დამუნჯებული რომ იყო! ის ცოცხალ შვილს ელოდა, არ დაუშვა დედის გულმა და გონებამ გიორგის სიკვდილი, გვიან-გვიან გაიაზრა უბედურება მთელი თავისი საშინელებით... მამას სამსახურში დაურეკეს, დარეკავს ერთი, მოიკითხავს, ყურმილს დაკიდებს, შემდეგ მეორე, მესამე... რა მოკითხვები აუტყდათო, ფიქრობს. შემდეგ შემოდის მეგობარი სასმელით ხელში, თვითონ უკვე ნასვამი, დალიეს, არ მიდის, არ ჯდება, გადი-გამოდის... ბოლოს ამოღერღა, გავიგე, გიორგი ფეხში დაუჭრიათო! ეცა ლევანი ტელეფონს, სახლში რეკავს, ხმას არავინ სცემს, გიჟივით გავარდა, ეზოში უამრავი ხალხია, ყველა სახეს არიდებს, - ხომ არ დავიღუპეო! - ამოიგმინა ერთი დაჭრილი მხეცივით და მუხლებში ძალა წაერთვა. ხუთ იანვარს გიორგის მთელი თბილისი და საქართველო ეთხოვებოდა, აფხაზებიც გადმოსცემდნენ, ჩვენი ბიჭი დაიღუპაო. მართლაც, გიორგი ორივე ერმა დაკარგა. გასვენებაში უამრავი ხალხი იყო, ყველანი გიორგის სიყვარულმა მოიყვანა. თოვლი იყო საშინელი, მანქანაც ვერ მოძრაობდა, ხელით ატარეს ბიჭებმა საბურთალოს სასაფლაომდე. ამაგდარი ბაბუის გვერდით დაიდო სამუდამო ბინა ბაბუაზე უზომოდ შეყვარებულმა ვაჟკაცმა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების წმინდა ოცნება საფლავში ჩაიტანა. საფლავზე მუხლმოყრილი ორასამდე მებრძოლი ეთხოვებოდა სხვებთან ერთად გიორგის. სუფრაზე პირი არაფერს დააკარეს, ოთხი სადღეგრძელო, ოთხი ტკივილიანი მოსაგონარი შესვეს და როგორც ერთი კაცი, ისე წამოდგნენ და წავიდნენ უტყვად. - არ წახვიდეთო, ომში, ბიჭებო, აღარ დაბრუნდეთო ამ უსამართლო ომში! - დააწია მუდარიანი სიტყვა მიშა ჩხენკელმა, სუფრის თამადამ. მთელი წელი მოტრიალდა მას შემდეგ, ტკივილი კი არ ნელდება. უფრო და უფრო მძაფრად იგრძნობა უგიორგობა. ქალბატონი მარინა გულში იკრავს გიორგის მეგობრებს, მადლობას უხდის ყველაფრისათვის. – „წლები გაივლის, ცხოვრება თავისას ითხოვს, - მიმართავს იგი, - თქვენც მიმოიფანტებით და, ვინძლო, ერთმანეთისთვის აღარც გეცალოთ! მოდით, ამ ერთ დღეს წელიწადში, გიორგის დაბადების დღეს, მოვიყაროთ ხოლმე თავი, ამით გიორგის ხსოვნასაც პატივს მიაგებთ და ერთმანეთსაც მოესიყვარულებით!“ მართლაც, ამ დღეს, ყოველი წლის თექვსმეტ ნოემბერს, უახლოესი სამეგობრო წრე გადის გიორგის საფლავზე, შემდეგ მიდის ოჯახში და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ვერცხლის ფიალებით სიამაყით სვამს უდიდესი ვაჟკაცის და პატრიოტის, ორი ერის უსპეტაკესი და უსათნოესი შვილის სადღეგრძელოს - გაუმარჯოს გიორგი მიროტაძეს! თავი XIV ...შუაღმე კარგა ხნის გადასულია, სუფრაც შეთხელებულია, თუმცა მამა დავითი და სუფრას შემორჩენილი თუშები გულისყურით ისმენენ გიორგის მეგობრების მონაყოლს. ალეკო ხუსკივაძე, დათო ჭაბაშვილი, ვახო ხოდაშნელი, გოგი ხაზანიშვილი, ირაკლი აბაშიძე, გიორგი ომაიძე და დათო ქრისტესიაშვილი მონაცვლეობით იგონებენ ყველაფერს, რაც უნახავთ და სმენიათ გიორგის შესახებ. მთა-თუშეთსა და ხევსურეთში ლაშქრობაც გაიხსენეს. სწორედ იმ წელს, აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, გიორგიც ამ ბიჭებთან ერთად იყო ამ მოგზაურობაში. საქართველო თავისი წარმტაცი ბუნებით ყოველთვის იყო გიორგის მუზა და აღმაფრენის წყარო, - აფხაზეთი ხომ სულ ფეხით ჰქონდა მოვლილი, ეხლა დანარჩენ საქართველოს უვლიდა გარს, არ დატოვა გელათი და მოწამეთა, ბახმარო და შემოქმედი, სიონი და ალავერდი, ვარძია და უფლისციხე. სვანეთში უშბამ და ცადაზიდულმა კოშკებმა აღაფრთოვანა, აქ - აწუნტას უღელტეხილის მწვერვალებიდან, 3600 მეტრის სიმაღლიდან დანახულმა აქეთ მთა-თუშეთმა, იქეთ - ხევსურეთმა, ამბობდა, ფანტაზიაც არ ეყოფა, სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენსო ასეთ სილამაზეს! გაიხსენეს, როგორ გადაიარეს ფეხით მთები და ველები, ტყეები და უღელტეხილები... არაქათი გამოეცალათ, საკვები გაუთავდათ, წყლის მაგივრად ფერდობებზე შემორჩენილ გაშავებულ თოვლს ადნობდნენ და იმას სვამდნენ... ძაღლების ყეფა მოესმათ, ახლო-მახლო მწყემსებიც იქნებიანო, წინ გიორგი და ალეკო ხუსკივაძე გავარდნენ, სხვებს სიარულის თავიც აღარ ჰქონდათ, საკმაოდ ჩამორჩნენ. სიჩუმე ჩამოვარდა, ჩამორჩენილმა ბიჭებმა ერთი გორაკიც გადაიარეს რას ხედავენ: ჩაცუცქულან გიორგი და ალეკო შუაგულ ტალახში, გარშემო ხუთი-ექვსი უზარმაზარი ქოფაკი შემოხვევიათ ალყად და ადგილიდან ფეხს არ ადგმევინებენ, კბილებდაკრეჭილნი უღრენენ და პატრონს ელოდებიან. გიორგი და ალეკო ერთმანეთს ეკვრიან და რატომღაც გულიანად ხითხითებენ. ბოლოს, როგორც იქნა, მწყემსებიც გამოჩნდნენ, ძაღლები გაყარეს და ბიჭები „ტყვეობიდან“ გაათავისუფლეს. მოლაშქრეები თავიანთ სადგომში შეიპატიჟეს, დააპურეს, მოასვენეს... რა გაცინებდათო, ჰკითხეს ალეკოს და გიორგის ბიჭებმა. მესაათის ამბავს მიყვებოდაო გიორგი, დაიწყო ალეკომ: ესენტუკში გიორგი ერთ ნაცნობ თბილისელ გოგონას შეხვედრია, მაგარი „ნაშა“ იყო, ფეხები კისრიდან ეწყებოდა. მკერდი ლამის ზედ შემოსკდომოდა. თბილისში ბუზს არ ისვამდა თავზე, ვერსაიდან მიუდგებოდი, ვერც დაელაპარაკებოდი. ჰოდა, ამ გოგოს ხვდება გიორგი პარკში, კაფეში დაპატიჟა, ყავა და ნაყინი შეუკვეთა. უცებ, მუცელში საშინელმა ტკივილმა წამოუარა, ეტყობა, რაღაცამ აწყინა. ფეხისადგილი იქვე იყო, მაგრამ მოერიდა გიორგის მის დასანახად შესვლა. უცებ წამოხტა: - თორმეტ საათზე პარკის ბოლოში მესაათეს უნდა შევხვედროდი, საათი დავუტოვე გასაკეთებლად, საჩქაროდ უნდა გავიქცე! - ყავა დავლიოთ და ერთად წავიდეთ, - შესციცინა გოგონამ. - არა, არა, ხედავ, კიდეც დამაგვიანდა! - თან საათს აჩვენებს. - საათი ხელზე გიკეთია და მესაათე რა საათს გიკეთებსო, - აიჩეჩა მხრები მან. - რას ამბობ, ეს საათი არაა, უფრო სწორად, რაც დავუტოვე, იმასთან შედარებით არაფერია, ის ძალიან მაგარი საათია! - და გაქუსლა პარკის ბოლოსკენ. უკან დაბრუნებულს, რა თქმა უნდა, თავისი შებმული „ნაშოჩკა“ აღარსად დახვდა. ბიჭებმა გულიანად იცინეს. მწყემსებსაც მუცელი ხელით ეჭირათ. - შე კაცო, სხვა რამე ვერ მოიგონე, მესაათე რამ გაგახსენაო, - ჰკითხეს. - რას ამბობთ, ისე უცებ რა მომეფიქრებინა, მას მერე ამდენი წელია ვფიქრობ და ვერაფერი მომიფიქრებია! - უპასუხა. სწორედ ამ ლაშქრობის დროს მოიხიბლა გიორგი სონეხის მთით. მისი დალაშქვრა გადაწყვიტეს ბიჭებმა, მაგრამ მოიხსნა ცამ პირი და აღარ გამოიდარა, ეგრეც ვერ აისრულა სურვილი. მომავალ წელს აუცილებლად ავიდეთო, ჩამოართვა პირობა მეგობრებს გიორგიმ. მომავალ წელს მისმა მეგობრებმა გიორგი მიროტაძის ხსოვნის კვარცხლბეკი აღმართეს სონეხის მთაზე... სხვაც ბევრი გაიხსენეს მეგობრებმა, ბევრიც იცინეს, ხანაც ცრემლით უსველდებოდათ ღამისტეხით დაღლილი თვალები, ალალად იტირეს ვაჟკაცებმა და გოროზ თუშებსაც ალალი ცრემლი ადინეს... ამასობაში რიჟრაჟიც შემოიპარა. მამა დავითი წამოდგა: „თქვენ, ჩემო შვილებო, - მიმართა სტუმრებს, - დიდ საქმეს ემსახურებით! დიდია თქვენი დამსახურება თქვენი მეგობრის ხსოვნის წინაშე, თუმცა, თავისთავად, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია ბედნიერი მომავლის ასაშენებლად. მე მჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება, რომ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენით და ღმერთის და ქვეყნის სიყვარულით, ავმაღლდებით და ძირს დავცემთ სატანას! მე მჯერა, რომ საქართველო გაზრდის გიორგისნაირ, თქვენებრ ვაჟკაცებს და ერსა და რწმენაზე შეყვარებულ ქართველებს! ჩემთვის ცნობილია გიორგის ბაბუის, ბუმბერაზი ადამიანის, სოკრატე არშბას დიდი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე, ქართველი და აფხაზი ხალხის წინაშე და ის სიყვარული, რომლითაც მას, ქართველთა და აფხაზთა შვილს, თავისი თანამოძმენი უყვარდა. მე მსმენია გიორგი მიროტაძის სიყვარულზე სამშობლოსადმი, ერისადმი, რწმენისადმი, თავისი ბაბუისადმი, თავისი მშობლიური ქართველი და აფხაზი ხალხისადმი! მე მსმენია, რომ მას ამ ომში ერთი ტყვიაც არ უსვრია და მხოლოდ პროფესიული ვალის მოხდა და შერიგების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. საქართველოს უკიდურეს დასავლეთში დაცემულ ვაჟკაცს ხსოვნის ქვა აქ, ჩვენთან - უკიდურეს აღმოსავლეთში აღუმართეთ მეგობრებმა, ეს მე ქვეყნის გაძლიერების, ერთიანობის, გამთლიანების სიმბოლოდ მიმაჩნია! დარწმუნებული ვარ, ჩვენც და აფხაზებიც ვხვდებით, რომ ჩვენი უერთმანეთოდ ცხოვრება შეცდომაა, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი გვაქვს საქართველო და მხოლოდ ერთად გადავრჩებით და ვიქნებით ბედნიერნი! თქვენ კი ამ გადარჩენის და გაერთიანების გზაზე დიდი ძეგლი აღგიმართავთ გიორგის ხსოვნის ქვის სახით! ღმერთი გფარავდეთ, შვილებო, გვისმინოს უფალმა და სიყვარულით გვაშენებინოს მტრობით დანგრეული ქვეყანა, ამინ!“ ეპილოგის მაგიერ „არა მინდა რა, მიჭირს თუ მილხინს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით, ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების!“ სოკრატე არშბა, XX საუკუნის უდიდესი ექიმი და მეცნიერი, საქართველოს საამაყო შვილი, მრავალი თაობის ექიმის აღმზრდელი, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი, მრავალთა სათაყვანებელი კერპი, აფხაზთა და ქართველთა ერთიანობის სიმბოლო... არ ახდა მისი ოცნება, რომ გვყოფნოდა ქართველებს და აფხაზებს იმის ძალა და შეგნება, არ ავყოლოდით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და შინაური მელიების მიერ ჩაგდებულ შუღლსა და ბოროტებას. აღარ დასცალდა ოთხმოცი წლის ამაგდარ მოხუცს, რათა თვითონ ჩამდგარიყო დაბრმავებულ ძმათა შორის, რომ თავისი ხელით ეკაფა ღვარძლიან მარცვალზე აღმოცენებული სიძულვილი... ... გიორგი მიროტაძე, ბუმბერაზი ბაბუის ღირსეული ბადიში, სიყვარულით, სიკეთით, სათნოებით აღსავსე ოცდაორი წლის ვაჟკაცი, თანაბრად შემკული ბავშვური სიწრფელით და უმანკოებით, კაცური სიმართლით და შეუპოვრობით! დიდი წინაპრების მსგავსად, ისიც სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი, მებრძოლი ძმათა შორის სამარცხვინოდ გაჩაღებულ ბრძოლებში... სხვის გადასარჩენად გაფრენილს მიეწია მუხანათი ტყვია და დაახუჭვინა სამშობლოზე, ქართველ და აფხაზ თანამემამულეებზე შეყვარებული თვალები, წაართვა და საფლავში ჩაატანინა ყველაზე დიდი ოცნება - ოცნება ქართველთა და აფხაზთა შერიგებისა. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო თოვლით გადაპენტილ და გადათეთრებულ დედაქალაქში და ერთნაირად დაიტირა სოხუმმა და თბილისმა, აფხაზმა და ქართველმა... მოდით, ძმანო აფხაზნო და ძმანო ქართველნო, ნუღარ გავიხდით სატირლად საქმეს, ნუღარ გავახარებთ უამრავ მოშურნეს შიგნით და გარეთ, მოდით, გავითავისოთ, რომ ჩვენ ისეთივე სისხლნი და ხორცნი ვართ, როგორც ურთიერთისათვის და თანამოძმეთათვის იყვნენ სოკრატე არშბა და გიორგი მიროტაძე: მოდით, დავფიქრდეთ ჩვენს განვლილ გზაზე, წინაც სავალი არის რამდენი, ნუთუ არ გვეყო ნგრევა და ცეცხლი, სისხლის წვიმები, ცრემლი ამდენი... ნუღარ ავყვებით „გარეშე ძალებს,“ ნუღარ ვიცეკვებთ სხვის დაკრულ დოლზე, შინაამრევნიც ჩავქოლოთ მყისვე, ბოლოსდაბოლოს, მოვიდეთ გონზე! მოდით, ჩავაგოთ დაშნა ქარქაშში, ვაშენოთ ერთად ქვეყანა მშვიდი, მოვინანიოთ ძველი ცოდვანი, სიყვარულისაც ვაშენოთ ხიდი! მოდით, ჩავიკრათ ერთურთი გულში, ყველას ვაჩვენოთ შენდობის ნიჭიც, მოდით, შევრიგდეთ სოკრატეს ხათრით, მოდით, შევრიგდეთ გიორგის რიდით! თავს მოვერიოთ, ისევ ვიაროთ ძველი ერთობის და ძმობის გზაზე, შემოგვიერთდით, ძმანო აფხაზნო,- ერთდ ავიდეთ სონეხის მთაზე! თბილისი, 2005 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი