შენ გენატრება


შენ გენატრება ნუში და ია
მე ალუბალი, ვარდები მწვანე,
როცა დილის მზე მინდვრებზე ცვრიანს
ჩამოაფარებს ვარდისფერ ფარდებს.
შენ გენატრება ბაღი, მესტია
სმენას მიანდობ ჩიტების ჭიკჭიკს,
მე გრილი სიო როცა ნესტიანს
სადმე ჭალაკზე იფეთქებს კვირტი.
შენ გენატრება, რომ თქვა ხმამაღლა
ო, რა კარგი ხარ ადამიანო.
მაგრამ, მე უკვე ბავშვი აღარ ვარ
მასზე ვდარდობ და ხან ვბრაზიანობ.
შენ გირჩევნია ოცნებას მიჰყვე
გწამდეს სიცოცხლის მშვენიერების,
ავი ზრახვები, მაგრამ ჩვენს მიზნებს
კვალში უდგანან, ვით მაძებრები.
შენ გენატრება ზღვა და თილისმა
ჩირაღდნები და პალმები ზღვაზე,
რაც დაგიბარა შენმა თბილისმა,
გინდა მის გულში მზესავით ჩანდე.
გინდა მის გულში ენძელას რგავდე
ყაყაჩოების ალში გახვიო,
მე ოცნებაში გავყვები სხვა გემს
ცეცხლმოკიდებულს, როგორც პაპიროსს.
მე გამომტაცებს შენი მშვენება
ზეფირად მქროლავ ცეცხლოვან ბურთებს,
შენ გენატრება ია, ენძელა,
სიცოცხლის მღერა, მერცხლების ბუდე.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი