ილუზიების მჩხიბავი


ილუზიების მჩხიბავი
გაგდებს უხილავ ჰიპნოზში
თუ სიცხადისთვის ვერ გითქვამს
დროის დინებებს ვინ მოთვლის?!
გესვრის წყვეტილებს წარაფის
თავის ენაზე გამღერებს
და ამ გაყურსულ მარმაშში
ხედავ უხილავ სახელებს.
ხედავ სიცხადეს ანდაზის
ვით პირველყოფილ ქიმერებს
ვით ფარატინა ქაღალდი
მბზინავ წამწამებს ივერცხლებ.
დროის დინებას იხსენებ
სამყარო გიმზერს ცინიზმად
უსმენ მის საშიშ სიმღერებს
ცამაც უეცრივ იწვიმა.
ილუზიების მჩხიბავი
გიგებს გესლიან მახათებს
და დასასრული იგავის
წამოგეწევა აღმართზე.
წვიმამ დანისლა ივრისა
ლაფიანხევი, გომბორი
ცამაც უეცრივ იწვიმა
ცოდვებად სოდომ-გომორის.
დროის დინებებს ვინ მოთვლის?!
გიტევს წყვეტილად ექსტაზი
გაგდებს უხილავ ჰიპნოზში
ილუზიების მჩხიბავი.
2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი