უსათაურო ლექსები


* * *
მე უმეგზურო მოგზაური ვარ
ნავში ვზივარ და ვარსკვლავებს ვთესავ
და ნიჩბებს მისდევს ჩემი ხელები.
მე მარტოსული მეთევზე ვარ
გამოვცდი ტრამალს,
ჩამოვიტოვე დილა და შუადღე
ახლა ის საღამოა რომელიც ნუგეშს აღვიძებს თითქოსდა ჩემში
მე ვარ საკუთარ გალიაში გამომწყვდეული მეთევზე,
რომელიც ვერ აგნებს კარის გასაღებს.
იჭექებს ელვა, თითქოს ირმები ბღავიან
და კეკლუცია საღამო ისე
როგორც გადაჭრილ მორზე ამოსული ვარდი,
უცხო ალაგას და უცხო მხარეს გატაცებული საღამო
მეღვრება სულში როგორც წყლით სავსე დოქი
და გუბდება ჩემში მცირეოდენი ზღვა,
ზღვა მონატრებისა.
ეს ის მონატრებაა რომელსაც მახვედრებს მე ეს საღამო,
ამ უსაზღვრო და ცასავით ვრცელ ოკეანეში.

* * *
ჩემს სიკვდილსაც ქონია ბოლო,
ბოლო რომელიც ეკალივით გსუსხავს
და გაიძულებს ეკამათო
ცხოვრებას ავ ტკივილებზე,
ცხოვრებას რომელიც სიკვდილივით
უკან დაგყვება,
ცხოვრება, რომელიც სიკვდილია.

* * *
მე ჩემს სიზმრებში გამოგიგლოვე
მოვწყდი რეალურს,
შეხედე როგორ მოუკაზმავს
ცას ტახტრევანი.
თვალს ვერ ვუსწორებ ამ სინამდვილეს -
ჩემსკენ მოვარდნილ ჯოგს კამეჩების.
ასეთი დიდია და შემზარავი ეს რეალობა,
ცის სეფექალები-ვარსკვლავები 
კი განცდილ ტკივილებზე მასლაათობენ.
თუ რამდენი სიზმარი დავხარჯე -
კენჭები ზღვაში ნასროლი
ტყუილუბრალოდ, არავინ იცის.
ახლა გოდებამ სული დალია
და მიაღწია თავის საწადელს ჩემმა მცდელობამ
დაეხია ის ტკივილები, რომლებსაც ჯიბით ვატარებდი, როგორც -
სიგიჟის დამადასტურებელი მოწმობა.
და შევიძინე ახალი საბუთი, ბედნიერების დასტა აუარებელი.
ჩემი სიზმრის დამსახურებაა ეს ყოველივე
მზად თუ ვიქნები მისი ხარკის გადასახდელად
რომელიც ბორკავს ჩემში ტკივილებს,
ტკივილებს, რომელიც ადამიანის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა,
ბედნიერებას შევცქერივარ ცალი თვალით
და ცალს მივაპყრობ მოსალოდნელ უბედურებას
მე ჩემს სიზმრებში გამოგიგლოვე
თუ რამდენი სიზმარი დავხარჯე
არავინ იცის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი