თარიღები


იმახსოვრებდნენ ქუჩები ხეებს
და გარდაცვლილი დღეები რბოდნენ
რჩებოდა ხსოვნა, ქარები ხევდნენ
თარიღებს, ფურცლებს, წარსულის დოგმებს.
და თითო ხეზე ხსოვნა ეკიდა
მოწყდა ველურად ხსოვნა მტევნიდან
და მოწვეთავდა სისხლი ნეკიდან
და მოგონება მწარედ მდევნიდა.
ხეები მხოლოდ გარდაცვლილები
ქუჩები მისი ჭირისუფლები
შვილისშვილის და როგორც შვილების
მასზე კეთილად მოსაუბრენი.
კვირტის გამოსვლა ბავშვობას ჰგავდა
ოცნებას ჰგავდა შრიალი მუხის
თითქოს ქვევრიდან ტკბილ ბადაგს ხაპავს
პაპაჩემი და ვენახებს უვლის,
დილიდან გლეხის სამოსი ეცვა
დარდივით კლავდა ყანაში სათიბს
ის ერთი ჩუმი, პატარა სევდა
არ ასვენებდა მოხუცი ქალის,
ცოლმა დატოვა, დატოვა თოვლმაც
სიცხიან ზაფხულს ქენჯნიდა მწარედ
და გარდაცვლილი, ვით შემოდგომა
მეუღლის ხსოვნა ეწვინა მკლავზე.
იმახსოვრებდნენ ქუჩები ხეებს
კვდებოდა ხე და რჩებოდა ხსოვნა
თარიღებს, ფურცლებს ქარები ხევდნენ
აღმოხდებოდა ცას ჩუმი ოხვრა
ბებერი მუხის შრიალი მახსოვს
მისი დაცემა აისბერგივით
ეს მოგონება ჩემშია მარტო
ჩემშია ფართოდ გამოკვეთილი.
შერჩათ თარიღებს ეს მოგონება
ხსოვნაც თარიღებს ემახსოვრებათ
ჩემში სამსალა ისე გროვდება
აღემატება ქარის ღონესაც,
ახლა მიბმული ხბო ბღავის მხოლოდ
ღობის მესერზე ხტიან კატები
გამახსენდება და მწარედ ვგლოვობ
ვითომ მტერსაც არ მოენატრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი