ვინ იცის


ვინ იცის, როდის ასე გამზევდი
ზაფხული წითელ შროშანს გპირდება,
მე შემოგხედავ ოდნავ ამრეზით
და უცხოობა გაგიკვირდება.
რა დამიშავე ჯერ არნახული
ვინ იცის, იქნებ ფერიამ ცისამ
და როგორც ქრისტე ჯვარზე გაკრული
პატიებისთვის ძალა მაქვს ვფიცავ.
უცხო მინდვრები და უცხო გზები
თვალის გუგებში მენთო მარადის
თითქოს წარსულში ვიყავი „ღმერთი“
და გოლგოთამდე დავპატარავდი.
ახლა დანახვა ჩემი გაკვირვებს
ვით მაკვირვებდა მე ეს უდაბნო
პატარა ღილით იხსნი საკინძეს
და გაოცებას შენს გულს უამბობ.
ერთ დროს ვიყავი ლაღი სხვათაებრ
თითქოს ლერწმისგან გამონათალი
ამ სიმარტოვეს შენს თავს ვაბრალებ
და ყურში ისმის მწარე ლაქლაქი:
რატომ დამჩემდი, რაღად მახსოვხარ
ვინ იცის, იქნებ ამ ვარსკვლავებმა
რომლებიც ახლა ჩემთან ახლოა
მაგრამ ჩააქრო შენმა თვალებმა.
კაშკაშებ უფრო და ეცილები
ყველა მნათობი დღეს შენი ტყვეა
თითქოს მოპარე ღამეს ხილვები
და ვარსკვლავები და თვითონ მზე ხარ.
ვინ იცის, როდის ასე გამზევდი
ზაფხული წითელ შროშანს გპირდება,
მე შემოგხედავ ოდნავ ამრეზით
და უცხოობა გაგიკვირდება.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი