მცვიოდა დილა მე თვალებიდან


მცვიოდა დილა მე თვალებიდან
და ჩატეხილი ხიდივით ვთრთოდი
ღამე წამწამზე თითქოს მეკიდა
იყო ზამთარი პირველი თოვლის.
მე არ ვიცოდი რა იყო თოვლი
ზამთარიც ისე მეუცნაურა
არ განმეცადა დრო თანალმობის
ვერ ვშორდებოდი მტირალ აურას.
სახეზე ფარად ამეკრა ბინდი
და თვითმკვლელობის ტაბლეტებს მასმევს
როცა ოცნებებს ცაში გავშლიდი
გული ტკიოდა ქარისგან ნარბევს.
როცა მესმოდა ნარნარი ხმები
ითიშებოდა ნატკენი ყინვით
იკარგებოდა ნემსად ცირცელში
წყდებოდა ხმები ნარნარად შლილი.
„მუსრის გავლება“ შემძაგდა მაშინ
მძაგდა ლახვარი, დანა და ხმალი.
ნაცვლად ქარბუქი სახეში მახლის
ბინდის ჩეროებს - მირქენს ფრთამალი.
წარსულს და აწმყოს ერთარსად ვსახავ
ჩემთვის ერთია დინება დროის
მესმის (ვაზს ვხედავ აჩეხილს ხარბად)
სისხლით ნაჟღენთი ტირილი გოდრის.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი