მზეს მიფიცხებულ თოთო ბავშვივით


მზეს მიფიცხებულ თოთო ბავშვივით
დუმილით ვდგავარ სამარის კართან
უკვე გავმხდარვარ მიწის არჩივი
და მლოცველივით გულღია ვდგავარ.
გატკეპნილ გზებზე ბევრია გლოვა,
ჭკუის არევა, მორევა ბრაზის.
როგორც ხეების ნაყოფის მოსხმა
მაინც მახარებს რაღაც ამგვარი.
რაღაცა ილტვის საოცრებისთვის
რაღაცას გული ეთმობა მწარედ
ჩემში და მაინც მორევის ტკივილს
ვახშობ შიგნით და გავფანტავ გარეთ.
არ შემიხედავს ბარჩხალა მზისთვის
როგორც მე ვუმზერ სამარეს ახლა
ასე არასდროს სიმძიმის ტვირთი
არ აწეულა მხრებიდან მაღლა.
ვდგავარ და ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ისმის ჩემს გულში უკრავს ორგანი
თურმე იმდენი ხანი გასულა
რომ დაიცალა ქვიშა მომავლის.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი