ტერენტი გრანელს


„MEMENTO MORI“,  სევდიანი შენი პროფილი,
შხამი შეგასვეს, შენ პოეტი წალენჯიხელი
იყავი, ქარი დაგედევნა ქუში-ორპირი,
მრავალთაგანი მოგეხვია ბუზი-ჯინჭველი.
მრავალ ვერაგთა ვერ შეიცნეს შენი სახელი
გახდი საწყისი ახლისა და ხარ რენესანსი.
არავის ახსოვს შენი მტერი, შენი მძრახველი
როს შეგნატრიან ქალი ტურფა და სეფექალნი.
შენ გიღალატეს სამყაროში. კაცის ბუნებამ
ფეხი გამოგდო, შურდულივით ქვას დაენარცხე,
ეს წყლული ნეტავ თუ ოდესმე განიკურნება,
ნეტავი მაშინ გამოხსნილი შენს დას ენახე,
გამარჯვებული ჩაეკარი გულში თამილას 1)
განცდით ახალით და ახალი თავგამოდებით,
მაგრამ ორგულმა თავის ჩენა გაიადვილა
როგორც არ მალავს თავს მათი გზა, მათი ცოდვები.
„MEMENTO MORI“, ვიმეორებ გულისწუხილით,
ცას მიბჯენილი თვალები მაქვს თან დასისხლული,
თან ნახშირივით ვინაცრები და ბედს ვუჩივი
ქვეყნის ტირანებს და ბნელ ღამეს მთვარე უყივის.
სული სულ მალე ამბოხდება და აყვირდება
სიაფთრეს კაცის შემართული შანთით დადაღავს.
რადგან მომნათლეს მიამიტად, ქვეყნის არიფად
მე ავფრინდები ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადაღმა.
„MEMENTO MORI“,  სევდიანი შენი პროფილი,
მინდა მოხვიდე, ჭადარივით გულს ჩაგეკონო.
შენ გენიოსი და პოეტი წალენჯიხელი
მე როგორც შენს მეტს ჩემი გული არვის მეგობრობს.
2021

1)თამარ მათიაშვილი, ტერენტი გრანელს ძლიერ მოსწონდა და მას თამილა შეარქვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი