არხოტის ველი


არხოტის ველზე ნისლები წვანან
და გულანშაროს დუმან ვერხვები,
დუმან სამშვილდე და ქვათახევი
ვწუხვარ და წუხილს ვეღარ ვეშვები.
თვალს მიბნელებენ შავი ყორნები
ხელთ სააკაძის მიპყრია ხმალი,
ეკლესიები მოჩანს ვერანა
მიმობნეული ველებზე ავლი.
სადაც გმირების მარხია ძვლები
და არც მშვიდობის არის ოხჭანი,
ყველას მოელის ელეთმელეთი
ვერ დააბნელებს თვალებს ყორანი.
დაეპატრონა ბევრს ბელიერი
და დაატეხა თავს ექსორია,
შინმოუსვლელო ნეტავ სადა ხარ
დაიწერება კვლავ ისტორია.
ნეტავ სად გიდგას ახლა ფესვები
აზვირთებულა  მტკვარი-ენგური,
შენი სავანე ვინ მიითვისა
ვერც ციხე-კოშკებს იცავს ებგური.
ღრუბლებს მოდენის როკვით სამუმი
ნისლი ნამქერებს მიწაში მალავს,
ციხე-ტაძრები არის ოფაზი
კვლავ გადმოვაწვენ კოშკიდან ალამს.
არხოტის ველზე ნისლები წვანან
და გულანშაროს დუმან ვერხვები,
დუმან სამშვილდე და ქვათახევი
ვწუხვარ და წუხილს ვეღარ ვეშვები.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი