ირმის დუელი


ქარბუქმა ხევში გაიჟრიალა
ღრუბლებს მორეკავს, როგორც ცხვრის ფარას
ქარისგან მძაფრად აყრილ იალაღს
გასდევს მზის შუქი და გზას იკვალავს.
მზემ გაჰკრა ასანთს, სხივმა იელვა 
იალაღებზე დაანთო ცეცხლი
ცას შეჰღაღადა მორცხვად მთიებმა 
მისი ჩურჩული მდინარეს ესმის.
გამოჩნდა მოყმე თოფი უელავს
ააციმციმა ლულაზე სხივი
მზემ, ყმის და ირმის შორის დუელმა
დუმილი იგრძნო საყანე მიწის.
თოფმა იჭექა მეხის გრიალით
ნაკადულებად დადინდა სისხლი
ირემს და ტყვია მოხვდა მიზანში
შორს ჰორიზონტზე ვარსკვლავი იწვის.
მზემ დასალიერს თავი ჩაჰკიდა
ჩამოწვა ნისლი კუშტი ზვავივით
ფერი იცვალა მაშინ აპრილმა
ცას დაეკიდა მყიფედ არწივი.
დარიალს ვნახე მზით დაბნელება
იცინოდა და ყეფდა ავდარი
გლეჯდა ხეობას და ღამე ეცვა
ხევში ყიოდა ჩხერეს ღიღინი.
მოყმე გაბრუნდა ბეჭზე ნადავლით
ზეცამ იტირა, დადინდა თქეში
ხეს დაეჯახა მეხი მფატრავი
და სული მუხას აღმოხდა ქშენით.
შველი გამოსხლტა ბუჩქიდან უმალ
დედა იტირა მქუხარ ცრემლებით
თავსხმამ გადიღო, იფეთქა ბუღმა
მზემ გაანათა ზეცის კერები.
ოცმა ავდარმა გადაიარა
ოცჯერ მზე ზეცას კალმად ეკიდა
ლანქერი ახლა ფარავს იალაღს
ღიღინი ისევ ისმის ჩხერიდან.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი