წერილი ბარიდან


წერილს მიგზავნი მთაში ბარიდან
და მას აჩნია შენი ხელები,
ო, როგორ გითხრა წყურვილგავლილმა
მე მეშინია ბედნიერების.
ნუ შეშფოთდები ჩემო თილისმავ
მწერ, თითქოს ღამე უქარიშხლოა,
მე უკვე ახლა იმავ წვიმის ვარ,
რომ გადაღება მისთვის უცხოა.
არ მიმიკარა ცხელმა აგვისტომ
არც სექტემბერმა უფრო ნანატრმა,
თითქოს ლოყები ცრემლით დამილბო
სევდამ, გრძელდება როგორც გზა‒შარა.
არ უჩანს ბოლო ამ შემოდგომას
ალბათ მთაშიაც ვერ მოვისვენებ
მიქრები ახლა, ვით ძველი ხსოვნა
და ვეღარ ვამჩნევ წერილს შენს ხელებს.
მთასაც დაეტყო დღეს უშენობა
და უშენოა უფრო კი გული
როცა ფოთლები ხეებს შემოსავს
მე კიდევ უფრო ვიგრძნობ ამ წყურვილს.
შენს გამქრალ სახეს და გაღიმებას
ძველი ხსოვნებიც ვერ შეინახავს.
შენი ღიმილიც ამ წუთისოფლად
ერთია როგორც სიტყვა ― მიყვარხარ
და არ ერთდება ჩვენი გულები
ღამე მზის სითბოს როდი იკარებს
ფიქრები როგორც იდუმალები
ღამეს ათევენ ყოფის მიჯნაზე.
2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი