ურითმო ლექსები
* * * ამ გზის გაკვალვა ისე ძნელია ვით დაბუჟებულ ფეხით სირბილი, ეს გზა კი არის ადამიანობის, ჩვენი ცხოვრება ― წარმტაცი საწუთრო უდაბნოს შიგნით, სიცარიელის ლურჯი სამყარო და მით უგულო ყოფილა ბედი რადგან ჩვენ ვკვდებით დედამიწაზე და გასაქცევი დატკეპნილია ჩვენი ბავშვობის ნაფეხურებით. მომაკვდავები ჩვენ დავემხობით სინანულის სავალ მიწაზე და რას გეტყვიან ჩემი თვალები როცა ვერაფერს დაინახავენ?! ნათელ ცისაკენ თვალებს აღვაპყრობთ და ვიტყვი მწარედ შენც იტყვი მწარედ: მე გავიაზრებ ჩემს დანაშაულს და ეს იქნება ჩემი სიკვდილი, ჯერ მე მოვკვდები სიკვდილზე ადრე, შენ მერე ჩემით და ორჯერ ადრე. 2022 * * * მთვარემ ჭაობში რომ ჩაიხედა დაინახა შავ ძონძებში ჩაცმული ჭუჭყიანი ადამიანი, შემდეგ კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა და დაინახა მისი დაკოჟრილი ხელები, მან თქვა: სინათლეს სწორედ ასე უნდა ვასხივებდეთო. მან იგრძნო თავისი უმოქმედობა, შეებრალა თავი და დასწყევლა თავისი სიკაშკაშე, მას უნდოდა ჭუჭყი შეხებოდა, რომ ეგრძნო საკუთარი უნარიანობა, მართლაც აყვავილებულ უძრავ ხეს ჰგავდა მთვარე რომელიც ნაყოფს ისხამს, მხოლოდ იმიტომ რომ ნაყოფი გამოისხას და არაფრის კეთება არ შეუძლია, უნდოდა ესწავლა ადამიანისგან, როგორ გამხდარიყო ჭუჭყიანი, რადგან ადამიანი ყველაზე მეტ სინათლეს სწორედ მაშინ იღებს, როცა ის ჭუჭყიანია და მხოლოდ ჭუჭყს უჭვრეტს. მოინდომა მასთან დალაპარაკება, მაგრამ ჭაობი უკვე დამშრალიყო. ჩვენც ვანუგეშოთ ჩვენი თავები და მით უფრო მეტი სინათლე იქნება ჩვენში, როცა ჩვენი სულები მთვარის პირისპირ ამოანათებს. 2022 * * * ვარსკვლავები ჩემს სულში წერტილებად ამოზრდილან, როცა ქრებიან მე სამოთხისკენ გასასვლელს ვეძებ და შავი ღრუბელი როგორც სახაზავი მიხაზავს გზას. მე ვიფიტები, მალე კოსმოსი შთანმთქავს, მიწის ნაგლეჯი მაინც მიმქონდეს ზეცაში ჩემი თავის გასახსენებლად, რომ მე მინდა ისევ მიწად ვიქცე. არაფერს მაუწყებს ამინდი, ჩემი კომპასი დედამიწიდან გადახრილია, საკუთარ თავს ვხედავ როგორც შორ ტრამალზე მორბენალ კვიცს, რომელსაც სამხრეთის ქარი ჩრდილოეთისაკენ მიაქანებს და პირიქით, ეს გრძელდება განუწყვეტლივ, განუწყვეტლივ ვეცემი და ვდგები რომ დავეცე, რამეთუ ჩემს არსებაში ვარსკვლავები ქრებიან. 2021 * * * მე აღარ მინდა ვწერო ლექსები ჩემი ლექსები მხოლოდ მტვერია მე აღარ მინდა მქონდეს სხეული და მეც მტვერი ვარ, მინდა ვიყო სული რომელიც ეკლებზე დააბოტებს და ვერ გრძნობს ტკივილს, მე საზღვრებს იქით ჩასული მზე ვარ რომელშიც ადამიანები იხედება და შიგ ცივ ყინულს პოულობს პაკეტებად. სხეულს დავათრევ ამ უდაბნოში და ლექსები სხივებივით იბერტყებიან ჩემს მკლავებზე, ვიცლები გულის სითბოსგან და ველოდები ახალ აისებს, და მოლოდინი უსასრულოა, როგორც მწვერვალზე გაბმული ხიდი საშიშროებას მუდამ მოველი, მე მინდა ვიყო სული, მაშ ჩამინერგე ღრმა სიყვარული ნათელო ცაო, შენ შემოგწირავ დანაცრულ ლექსებს, ჩიტი არა სტვენს, მაშ დუმილია და მისი გული ჩემშიაც ფეთქავს, დილაც არ არის და რა თქმა უნდა არც მზე, რომელიც სადღაც დაკარგულია და ის მზე მე ვარ, ნუთუ ქარია, რატომ ვკანკალებ, ჩემს თავს ვუყურებ თუ მოჩვენებას, მინდა ვიყო სული და სხეულს დარჩეს ეს ტკივილები. 2021 * * * როგორც გაფანტულ ფურცლის შრიალი გული ქანაობს მიწისქვეშეთში, ჩაკირულ გულის შიშისფანცქალით მომკლავს სიჩუმე და მარტოობა. მოხვედი უძილოვ შენ ღამეებო დამსვი ცერებზე, ყოველ წუთს მლოშნე და წარიტაცე ჩემი იმედი. მინდა მიყვარდე ჯერაც უცნობო სადაც არავინ არ კლავს ჯაფარას, სადაც ილტვიან საუკუნენი ვერცხლში ნაბანნი. ისევ ქანაობს გული დავსილი ფურცლის შრიალით, მწყურია უფრო ღვთის ანგელოსი ვიდრე ღვთიური გამოსარჩლება, რომ იყოს წმინდა და არ ჩამესმას ხმა მანკიერი უფლისმიერი. ო, განვედ ჩემგან უძილოვ ჯერ კიდევ შენ ღამეებო, მე სამუდამოდ შენში ვბინადრობ, შენი სიმკაცრე ზვავის მოწოლას ვერც შეედრება, ნათელს აჩუქე შენ სიყვარული და ბნელი საკნიდან გული დამხსენი ღამევ. 2021 * * * მე ქვის ლოდი ვარ უმოძრაო, ვინმე მგზავრი მოვა, ჩამოჯდება და ჩემზე ისვენებს ქვეყნის სევდა‒დარდები, მათი ფიქრები მე დამტრიალებს ბუზებივით და აშმორებულ ჭაობს ვემსგავსები. სხვა გასართობად ვინ მესტუმრება გული მომფხანოს ცეკვა‒თამაშით, იქნება ვინმე ანეგდოტს იტყვის და ავივსები სიცილ‒ხარხარით, ან ვინმე ჩუმი მგზავრი მოვიდეს და მოისმინოს ჩემი ვარამიც, ეს არვის ესმის, მე უმოძრაო ლოდი ვარ მინდორზე მიგდებული, ზოგჯერ ყურს ვუგდებ ქარების როკვას, ისინი კი ცივად მპასუხობენ. ნეტავი შემეძლოს დაღლა, რომ დავისვენო სამარადისოდ ან წუთით მაინც. 2021 * * * უფერულია ისე დღეები მზიან დილას რომ ჩიტი მოკვდება, ჭიასავით რომ დაღოღავს ნისლი ასე ამგვარად ჩვენ გზას მივიკვლევთ, უსულო ფეხებზე მდგომები ვართ და მივჩანჩალებთ საწუთროსაკენ, წინ მარტო კლდეა და შიგ უფსკრული უფსკრულის შიგნით ჭინკები ცეკვავს. ავემარია ჩვენო ღვთისმშობელო! ავემარია დედაო ჩვენო! მაინც გრძელდება ჩვენი ბილიკი და მიგველიან შავი ყბები როგორც სიცარიელე. ჩვენ არ გველიან მონათესავე ჩვენი გულები, ჩვენ არ გველიან ელდორადოები. არ მიგვიღია სიგელ‒გუჯარი სიმამაცისთვის, შრომისთვის, დამსახურებისთვის და ჩვენთვისაც არ ლოცულობენ. მათი ლოცვაა მდიდრის სიმღერა, მათი ლოცვები ღვთისას არა ჰგავს, ჩვენთვის მხოლოდ სულთა თანას იგალობებენ, ჩვენთვის ნათელი დილაა ღამე და ღამე არის ვით ბნელი დილა, დღე-ღამის შუქსა სიბნელე მოსავს და სანთელივით ჰქრება ჩვენს გულში. უფერულია ისე დღეები მზიან დილას რომ ჩიტი მოკვდება. ავემარია ჩვენო ღვთისმშობელო! ავემარია დედაო ჩვენო! 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი