ხელისგულებზე მზის სხივებს ვნამავ


ხელისგულებზე მზის სხივებს ვნამავ
ახლა ახლოა მზე არტანუჯის,
შავ-თეთრ დღეების მომყვება დრამა
და ახლოვდება საღამო ლურჯი.
შებინდებისას იქროლებს ქარიც
და წელიწადის ოთხივე დროში,
დღეები წარვლენ როგორც სიზმარნი
შენც შეიცვლები ისწავლი ლოდინს.
შენც გაგაოცებს მირაჟი ცაზე
და ვარსკვლავების უხმო დესანტი,
წვიმის წკარუნი ქარში, მინაზე
და გაგაკვირვებს როგორც პეგასი.
ხელისგულებზე მზის სხივებს ვნამავ
ზეცას შევყურებ როგორც პასკალი,
ცხოვრება არის პატარა დრამა
გამოგვატარებს ბედი მსახვრალი.
საღამოს ბინდი ზეცას შემოსავს
და შორეული გრიგალი,ურჩი,
აგეკიდება როგორც მინოტავრს
გადასაჩეხად უძირო კუპრში.
როდესაც ბინდიც დახუჭავს თვალებს
ალიონს მაცნედ შევეგებები
და გავიხსენებ შოთას და კარმელს
ჩუმი ლოცვით და ჩუმი ვედრებით
და ახლა როცა ასე ახლოა
მზე არტანუჯის, მზე შერიგების,
ეს მიწაც ჩემი სამოსახლოა
მწამს გრანელივით გარდავიცვლები.
ხელისგულებზე მზის სხივებს ვნამავ
ახლა ახლოა მზე არტანუჯის,
შავ-თეთრ დღეების მომყვება დრამა
და ახლოვდება საღამო ლურჯი.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი