იისფერი საღამო


იისფერია ახლა საღამო
ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად
შემომენთები ჩემო მაყარო
და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა

მაშორებს მთვარეს კილომეტრები
ტირიან კარის ნათესავები
თუ სად ჩავქრები, ვერ ავენთები
მიაქვთ სიკეთე სავსე ნავებით

რეკენ ზარები მირზაანისა
ზარის კივილზე ყმუის ლეკვები
გაბრწყინებულა მთვარე აშიკად
გაჯერებული უცხო კერებით

მიირხევიან ხეთა ჩრდილები
სხივებს სთავაზობს გავსილი მთვარე
დაბუდებული სულში იჭვებით
ყავარჯენივით ვეყრდნობი კარებს

მონოტონური იწვება ღამე
რტოებს ეკვრიან აბლაბუდები
ისევ ვეყრდნობი სალოცავ კარებს
ის გავსილია ყარაულებით

ღამის ტარიგებს ახრჩობს ნიავი
სმენაშეკრული იკივლებს ჭოტი
მოიწევს ჩემკენ მსგავსი მირაჟის 
აყივლებული ტეხურა მორბის

იისფერ ღამეს გასდევს იჭვები
და ლერწამივით ვერ ავინთები
ღამე ამგვარი იყო პირველი
ცაში მფრინავი  თეთრი ქედნებით

იისფერია ახლა საღამო
ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად
შემომენთები ჩემო მაყარო
და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი