რიონს


წამომქუხარდა ლაღი რიონი
სიპი ქვას ადნობს ტალღების შეხლით
მდინარის კენჭებს ვიღა იპოვნის
შორს დარჩენიათ თვალების ეშხი.
რიონსაც უცებ მზე ეხამუშა
ცის ქვეშეთს იწვის მანდილი მისი
იქნება იწვის შმაგი ტეხურაც
ღელავს და ერთად ორივე იწვის.
შმაგი ქარები ზმორებით არბევს,
შუშაბანდებზე ნაცეკვებ ტალღებს
შემოსწრებული სუფრაზე ღამე
ტალღებს დააფრთხობს ვითარცა ნამლევს.
ჰაერში ნისლი შემოფეთდება
რიონს გადუფრენს აეროპლანით
აახმაურებს ტალღებს ეჟვნებად
ნისლი მსუბუქი ჰაეროვანი.
აჰა,ტეხურაც წამომქუხარდა
ერთვის რიონსაც მისი წვეთები
ვქექოთ ნაცარი, წამო ბუხართან
და მე რიონზე გესაუბრები.
წამო მოვუსხდეთ, ცეცხლი ვახელოთ
და რიონივით ავამქუხაროთ
ტალღები მისი როგორც საყელო
ჯვარცმაა მისი და საგუშაგო.
ხან ახრჩობს,მაგრამ ხან ალამაზებს
რიონს ტალღები,როგორც ხოხბები
რომელი ქედი,კალთა ჩარაზეს
ღამის ნისლებმა ბრძოლით,ომებით.
მაგრამ რიონი მიიწევს მედგრად
მზეც ვეღარ ადნობს ცხელი,თაკარა
ეხმაურება ტეხურას ერთხანს
სანამ ამოვა მთვარე ნამგალაც.
წამო ჭიქები ავაჟღარუნოთ
ტალღებივით და ცეცხლს შემოვუსხდეთ
სტუმარო ჩემო და მეგობარო
თვალს რად მოსტაცებ შენ რიონს უცებ.
იმისი ზვირთთა ამქუხარება
დაგატყვევებს და მეც დამამუნჯებს
თან გავაბოლოთ,წამო ბუხართან
მთვარე მოგორავს იმ მთაზე უკვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი