მთებს


სამარესავით მოჩანან მთები
სადაც სიბნელე უწყვეტად ბუდობს
და მის წიაღში ველური გზნებით
იძვრიან ნელა, სიჩუმით უფრო.
სადაც სიბნელე მიაპობს ქედებს
სიჩუმე კვალავს გათელილ ბილიკს,
აქ ქარსაცავებს ნუ დაიმედებ
როდესაც ქარი ნაპრალებს ისვრის.
შავი ღრუბლებით სავსეა ზეცა
როგორც მოლურჯო ტბაზე თევზები,
შავი ღრუბლები ქამანდად ეცვა
მთებს, რომელთ ორთქლი სწვავდა შეხებით.
ღამის ურჩხულებს მოჰგავდა მთები
როგორც შესუდრულთ ღამის პერანგით,
ღრუბლების ჭერქვეშ და ცეცხლის ნთებით,
ცად გატყორცნილი, ვით ბუმერანგი.
ციხე-სიმაგრე, როგორც აკლდამა
აზიდულია მთები ცათამდის,
ვერ შთანთქა იგი, ვერც დრომ ახალმა
იდგა ვით ზღუდე და ბჭე მარადის.
დრო კი არა ცნობს, არც ერთ ქმედებას
მიედინება, როგორც მდინარე
და კაცს ერთი რამ ეიმედება
რომ ღმერთი იყო, მის უწინარეს.
და ჯოჯოხეთის კარიბჭეს მოჰგავს
ეს მთები, როგორც შავი გორები.
სადღაც უჩუმრად სინათლეც ბორგავს
როგორც ძვირფასი საფირონები.
აქ სამარეა ყოველთა კაცთა
აქ დაინთქმება ყველა ხვასტაგი,
ვერ გაჰკვეთს გული თუნდაც მამაცთა
ამ მთებს შესუდრულს, მოცულთ ხაფანგით.
სამარესავით მოჩანან მთები
სადაც სიბნელე უწყვეტად ბუდობს
და მის წიაღში, ველური გზნებით
იძვრიან ნელა, სიჩუმით უფრო.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი