ღამის შეყრა


მზე იხრწნება, ღუპავს ღამე
ვით ავადმყოფს უზის თავთან,
სულს მოსტაცებს, არემარე
მოსჩანს როგორც შავი ბაფთა.
ქედის გაღმა სტვენს მესტვირე
ხმა გაისმის, ჯალათივით
ეფინება ქედებს, კირქვებს
და ღაღანებს გუდასტვირი.
ჯალათს უფრთხის მთა მტირალი,
მშვიდი ძილი სათაყვანო
გულს უვსებდა, ვით მზეს ქალი,
რომ უცქერდა, არვის ახსოვს.
მესტვირე ჭვრეტს გუდამაყარს
შავი ჯანღი შერევია
მწერებივით, ქედის გაღმა
სტვენს მესტვირე, მთები ძრწიან.
კრთის უშქარი ვარსკვლავები
ქედს გამოღმა ქალი ტირის
დარდიანად, ახლავს ცრემლი
მის ღაწვებს და გუდასტვირი
მღერის თვისით, მესტვირე სტვენს
საზარლად, ქალს ხმა ჩაესმა
მისი ცრემლი ერწყმის ხევებს
მინდორს ფარავს ასაკლებად.
ჰკითხავს, ვინ ხარ - ღამის ლანდი?!
მზეს ვჭვრეტდი და ლანდებს ვხედავ
გუდამაყარს შემეყარე
გზის პირ, ლუთხუმს ბევრი მევლა.
ცა განრისხდა, კაცს ვეძებდი
მოსაუბრეს, გამართობელს
ჩანს ველები შავ ქვევრებით
ლანდები ხრავს ველს და სოფელს
მესტვირე კი ღამის შეყრამ
ააღელვა, უნახავი
ქალის, უკვე მრავალ წელთა
და ეს შეყრაც ახსოვს არვის.
მრავალი წლის გაზაფხულზე
მზე იხრწნება, ღუპავს ღამე.
გუდასტვირი მხართან უდევს
მესტვირეს, კი ის ღაღანებს.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი