მესხეთის გრიგალს ავედევნები


მესხეთის გრიგალს ავედევნები
და ტაბაწყური შემასმევს ნიავს,
გულს მომიფონებს ვრცელი ზეგნები
რომელთაც ჩემი სიყრმენი მიაქვს.
მომესალმება დინჯად მოლითი
უცებ მესხეთის გრიგალი დამკრავს,
შემაბანცალებს, ვაკეს მოვივლი
და ვრცელ ზეგნებზე დავიდგამ კარავს.
რომელთაც ჩემი სიყრმენი მიაქვს
მომესალმება სამცხის ველები,
როცა სხაპასხუპს გამართავს წვიმა
ყველანი ერთად ჩვენ დავსველდებით.
მაშინ შევიგრძნობთ მამულის სითბოს
მთები მტერთაგან ნაოხარები
გვესალმებიან გულღიად თითქოს
და მათ მობერილ სურნელს ვხარბდებით.
გვიღელავს გული, ტაბაწყურივით
ვმაღლდებით თითქოს დადგა ივნისი,
თვალთ ამოგვხედავს დაბა ურიცხვი
ნისლის ქულები მოჰქრის სიმძიმით.
გაშლილ მკლავებზე გვერკალებიან
დავდაბლდეთ თითქოს თებერვალია,
ოქროდ მოოჭვილ მთებს კავებიანს
ნისლის ქულები ტერფზე ავლია.
ვერ დაგვადაბლონ თივის ზვინივით
რომელთაც სარჩოდ ღეროს აცლიან,
მუდამ იქნება ჩვენთვის ივნისი
რადგან თებერვალს აღარ სცალია.
და ისევ გრიგალს ავედევნები
თუ ტაბაწყური შემასმევს ნიავს,
გულს მომიფონებს ვრცელი ზეგნები
რომელთაც ჩემი სიყრმენი მიაქვს.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი