სადღეგრძელო


მზეზე ბრწყინავენ ჩალისღერები
გადაშლილია საძოვარები
მცოცავი ნისლი დადის ხევებში
ვით უკვდავება გულში ბაღების.
ავსებულია ღვინით მარნები
მევენახენი ავსებენ ყანწებს,
ჩემი გულით და ჩემი ანდერძით
ჯანის სიმრთელე მტკვარივით გაგყვეთ.
აგერ ადესა, ცოლიკაური
და ოჯალეში მზეზე ციაგებს
მთასავით მოწყდა აურზაური
და დაეკიდა ზეცის ჭიპლარზე.
ტაშივით ჩქარი ატყდა ქუხილი
წუთით დაგვცინა ცამაც ერთხელაც
ცას ოდნავ შავი ბაგე უღიმის
რომ გადაეკრა ჯანღი ჩვენფერად.
ინათა აქაც, ცასაც მოედო 
ვით ჯამი მზეზე ისე პრიალებს
რაა სინათლე ჩემო პოეტო?!
თუ არ უყვარდე, თუ არ გიყვარდეს.
მაშ, გაუმარჯოს ანკარა წყაროს
ბავშვივით სუფთას, ტკბილს და მშობლიურს
წყაროს კისკისი ჩიტივით მათრობს
მთით და სერებით ცამდე მოხიბლულს.
და დედასავით ჩვენ ისე ვხარობთ
ვით ქანდარაზე მოლაღურები
ბავშვივით სუფთა შემასვით წყარო
და მერცხალივით სერზე მოვკვდები.
მაშ, გაგიმარჯოთ ტკბილო დღეებო
ხოდაბუნებო, ზვრებო, ქედებო,
მთის ბულბულივით საკოცნელებო
მოგეალერსოთ, მინდა გეფეროთ.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი