პოეტი და მუზა
1. დაცემული მუზა მუზამ აიღო ქრთამი, სხვას მიეკედლა მუზა, მისწევდა მის ფრთათა ჩქამი, მტრის კართან აიტუზა. მუზამ იყარა ქოში, კალთები აიკეცა, ვაჭარ პოეტთა ბრბოში ცქრიალებს მატრაკვეცა. მუზამ გაუგო გემო პატივს ხალათს და ჩინსა: “ნურც გამიხსენებ ჩემო, დიდებულთ თვალის ჩინსა”, მითხრა და უცებ გაქრა, არც უდარდია ჩემზე, მუზა გამხდარა აფრა დიდ სოვდაგართა გემზე. გადაივიწყა ცრემლით, რარიგ თუთქავდა გულებს, მუზა გამხდარა გრდემლი, ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს. გასწირა ოქროს ვერძი, გახდა ღორების მწყემსი, გახდა პოეტი თერძის მაქო, ძაფი და ნემსი, გადაივიწყა გედი, გახდა ბატების ძიძა, ირჩია ხარჭის ბედი, ტრფიალი დაამიწა, ო, აღარ გალობს ქნარზე მზიურ ოცნების ნავში, მუზა მიადგა კარზე ვაჭარ პოეტთა კავშირს, მათ კი ქვესკნელის ურჩხულს მუზა მიჰგვარეს ხასად, უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს ქვეწარმავალი ნასად. დავჯექ და ცრემლი ვღვარე, ვჭამე პეშვებით მიწა. თავს მადგა შავი მთვარე და… უცებ გამეღვიძა. 2. ჭეშმარიტი მუზა აჰა, უეცრად გაქრა ეს საზარელი ხილვა, მუზამ ფრთის წვერი გამკრა, ნაზად დამიწყო კილვა: “რად დაიჯერე ჩმახი, ეგ სიზმარია კრული, დიდ პოეზიის ჭაღი, დიდ აღმაფრენის სული განა ჩაჰქრება ოდეს, თუნდ ჩამოიქცეს ზეცა, ავდარს სიამედ მოსდევს ბადრი მთვარე და მზეცა. იმად ვიცვალე სახე, აღარ გამოვჩნდი ცადა, რახან მიჯნურად გსახე, შენი გამოცდა მწადდა. არ შეორგულდი, ვიცი, არ ამედევნე თანა, არ შეგიბღალავს ფიცი და პოეზიის მანნა სასოწარკვეთილს, გულმწყრალს ცრემლი გდენია თქეშად, მაგრამ სინდისი ურცხვად შენ არ მიჰყიდე ეშმას და მის მსტოვართა ბრბოში არ გაერიე შენა, არ დაიჯერე როში, არ წაიბილწე ენა. ჩემის დაცემის მნახველს ცრემლის გდენია ღვარი, მაგრამ ჩემს წმინდა სახელს გიჩურჩულებდა ქარი. განა დაისის ღრუბლის ცის კაბადონზე ფენა. ჩემი ნათელი შუბლის შენთვის არ იყო ჩენა? განა ტალღათა ტაში, განა ნიავთა ნანა არ გიმღეროდა მაშინ, რომ დაგყვებოდი თანა? ამიერიდან შენთან იქნება შენი მუზა, შენთან ჩაუშვა ღუზა, შენს სულში ჩაიღვენთა”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი