ბაში-აჩუკი
თავი პირველი
თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე მორევში რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო ქვემოატეხილ ჭალებისაკენ. იმ კლდოვან მთის თავზე, ღრუბლიდან გამოსულიყო უზარმაზარი ციხე-დარბაზი, შეუპოვრად გადმომდგარიყო და სანუგეშოდ გადაჰყურებდა არე-მარეს. ყოველ მხრით შეუვალ გალავნით შემოზღუდულ შენობას, მხოლოდ ერთის მხრით, აღმოსავლეთისაკენ, გულს უხსნიდა სიგრძით ჩაყოლებული აივანი. სამხრობა გადასული იყო. აივნის თავში ტახტზე იჯდა ფეხმორთხმით დარბაისელი მოხუცი, ზაალ ერისთავი, და კრიალოსანს ათამაშებდა. იქვე შორიახლოს, ზედ ხარიხასთან, მიედგა სკამი ზაალის მეუღლეს, მუხლებზე გადაეშალა დავითნი და „ჭირის კანონს“ ჰკითხულობდა; სკვნილი ეჭირა ხელში და რამდენჯერაც კი გაათავებდა იმ ერთსა და იმავე ფსალმუნს, დაიწერდა პირჯვარს, ჩააგდებდა სკვნილს და მიუბრუნდებოდა ისევ თავიდან!.. უნდა ორმოცჯერ წაეკითხა. „მიშველეთო!“ დაიკივლა უცბად და აქეთ-იქით კედლებს დაუწყო ყურება. ზაალიც წამოვარდა და მიაშურა: _ რა იყო, ბატონო? რა დაგემართა, მარიამ? _ არაფერი! – მიუგო, როგორც იქნა, გულდამშვიდებულმა მეუღლემ, - თავბრუ დამეხვა! სახლმა ქანება დაიწყო და მეგონა, თუ კედლები ინგრეოდნენ... მომეჩვენა... _ აგრე იცის მიჯინებულმა კითხვამ! თავბრუს ასხამს კაცს! _ მორევისაკენ გადავიხედე და წყალმა თვალი მომჭრა, - დარცხვენით წაილაპარაკა მარიამმა. _ ჰმ! მეც არა ვთქვი!... წყალს თელხი დაჰკრავდა, ჭევლი შეინძრეოდა, შეითამაშებდა და, რასაკვირველია, შიგ ჩასახული სახლიც დატორტმანდებოდა... როგორ ვერ მიხვდი? ღმერთმა ბავშვსაც ნუ აქნევინოს ეგ საქმე, - დაუმატა სიცილით. _ როცა კაცს გული საგულეს აღარა აქვს და შიშის ქარი უვლის ტანში, მაშინ რა არ წარმოუდგება?! იმ სიზმარმა სულ გადამრია და გადამშალა! _ სიზმარმა?! _ დიახ! იმ უცნაურმა სიზმარმა, წუხელი რომ უნახავს მოძღვარს. _ ვეჟო, რა არის მაგისთანა? _ ნეტავი არც კი გამეგონა, თვარა როგორ გავიმეორებ? _ ეე! ბიჭო, ბიჭო, რომელი ხართ მანდა! კირილეს დამიძახეთ, მომგვარეთ ახლავ! თუ ეძინოს – გააღვიძეთ! – დაიყვირა ერისთავმა და გასწორდა. კრიალოსანი მიაგდო გვერდზე, მუთაქა განზე გადადვა, ფეხები ძირს დაუშვა და აუჩქარებლად გაუყარა ფოსტლებში. შემოვიდა მღვდელი. _ მშვიდობა სახლსა ამას! – სთქვა და გაჩერდა. _ დაბრძანდი, მამაო! – უბრძანა ერისთავმა და მიუთითა სელზე. _ რაღაც უცნაური სიზმარი გინახავს? _ უფრო ჩვენება, ვიდრე სიზმარი, ჩემო ბატონო! _ ხალხი კი გადაგირევია და! _ არ მინდოდა გამხელა, მაგრამ, პარაკლისი რომ გადავიხადე, მიზეზი მკითხეს და ვეღარ დავფიცე. _ რა იყო მაინც მაგისთანა? _ მართლა რომ საოცარი რამ. – აქ ჩაახველა ხმის გასასწორებლად მოძღვარმა და ათრთოლებული ხმით მოჰყვა წყნარად. – ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას, უწმინდური დაჰპატრონებოდა! _ უწმინდური?! _ დიახ: გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს. სამჯერ რომ შემოგვერგვოდა, კუდი პირში ეჭირა და ერთი მტკაველი კიდევ იქით იყო გადაცილებული. ეძინა იმ წყეულს! მისი შიშით საყდარში ვეღარავინ შედიოდა. აღარც წირვა იყო და აღარც ლოცვა. ხალხი გარს შემოჰხვეოდა და ზარდაცემული შეჰყურებდა. ვეღარავინ ინძრეოდა!... ხანდახან გამოიღვიძებდა ხოლმე ის არაწმინდა, გაიშლებოდა და პირდაღებული, თვალების ბრიალით, წამოსრიალდებოდა ხოლმე ხალხისაკენ!... რომელ კუთხიდანაც კი მოადგებოდა, გაჰქონდა!... ჩასანსლავდა ზედიზედ, ერთიმეორეზე, იქვე უძრავად გაშეშებული ადამიანის შვილებს; გამოძღებოდა, გასისინდებოდა და მერე ისევ გარს ეხვეოდა ტაძარს. ყოველი მისი გამოღვიძება მუსრი იყო ქვეყნისათვის. ერთიც ვნახოთ, მოულოდნელად გამოჩნდა სამი მეომარი, ერთიმეორეზე უკეთესი; მათ ნახვას არა სჯობდა-რა!.. შუბ-ისრით შეჭურვილებს ხელში ფარ-ხმალი ეპყრათ და აელვებდნენ. ერთი მათგანი მიუბრუნდა ზარდაცემულ ხალხს და შეჰყვირა: „ვინ ქართველი და ვინ გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი„სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე კი ერთად ჯოჯოხეთიაო“. ამ სოფელს გამოთხოვებიხართ, დღეს თუ ხვალ აღარც ერთი აღარ იქნებით და ცხვრებსავით კი დაგიდვიათ თავი!... არ გიჯობსთ, რომ წინააღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ სული? განა ეს უფრო ვაჟკაცური არ იქნება და გულის მოსაოხებელი?..“ ამ სიტყვამ ელვასავით დაურბინა ხალხს და გამოაფხიზლა: შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, იგრიალა დიდმა და პატარამ: ზოგმა ფარ-ხმალს მოავლო ხელი, ზოგმა ცულს, ზოგმა წალდს, ზოგმა ნამგალს, ზოგმა ხელკეტს, ზოგმა რასა და ზოგმა კიდევ რასა! ვისაც რა ეხერხებოდა და ან რა ემარჯვებოდა – იმას მიმართა. წაუძღვენ წინ მეომრები, მიუახლოვდნენ მძინარს, ერთად გასტყორცნეს სამი ისარი; დალახვროს ღმერთმა, არცერთი გვამში არ გაერჭო იმ წყეულს! მისმა მაგარმა ქერტლმა სამიავე აირეკლა, გამოიღვიძა გველეშაპმა, მაღლა აიღო თავი, აიქოჩა, ერთი საზარლად იწივლა და მიაშურა. საოცარი სანახავი იყო: კუდით ირეკდა მეომრებს, ტოტსა სცემდა, ბრჭყალებით ჰგლეჯდა და კბილებით სწიწკნიდა. ცუდად იყო საქმე, თუ ის უცხო მეომრები სამივ მხრით არ მისდგომოდნენ და ბრძოლა არ დაეწყოთ! საარაკო იყო მათი ლახტის ცემა!.. მაგრამ რა გამოვიდა, რომ იმ უწმინდურს ყოევლ ახალ-ახალ ჭრილობაზე, ყოველ წყლულზე ძალი ემატებოდა! დაელეწათ ფარ-ხმალი გმირებს და ღონემიხდილნი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ; მაგრამ ამ დროს გამოჩნდა მთიდან მომავალი მხედარი, შუბით ხელში, თეთრ ცხენს მოაგელვებდა. მიეჭრა გათამამებულ გველეშაპს და უგმირა ლახვარი. უწმინდურმა იწივლა, დაიკლაკნა და სასიკვდილოდ გააღო პირი. შავი ოხშივარი კომლივით ამოუშვა და თან საზარელი სიმყრალის სული ამოატანა. ჩვენ ყველას გული შეგვიწუხდა და უგრძნობლად დავემხვეთ დედამიწაზე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით უგრძნობლად, მაგრამ ბოლოს, რომ გამოვფხიზლდით, თვალი გავახილეთ და მაღლა ავიხედეთ, აღარაფერი აღარ იყო! ყოველივე გამქრალიყო: აღარც გველეშაპი სჩანდა და აღარც მეომრები... თეთრცხენიანი მხედარიც წასულიყო. სიჩუმე იყო და მხოლოდ სალიტანიო ზარების რეკა ისმოდა, თუმცა სამრეკლოზე კი არავინ იდგა; ტაძარი განათებული იყო და კარები ღია იყო. იგრიალა ხალხმა, მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით. შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ... თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი. - „წმინდა არს, წმინდა არს, უფალი საბაო!“ სთქვა პირჯვრისწერით გაკვირვებულმა ერისთავმა. - „სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა“, - განაგრძნო მარიამმა. - „და საკვირველებითა!“ – დაუმატა მოძღვარმა და სამივე დადუმდნენ. დიდხანს ხმა აღარ ამოუღიათ, მაგრამ სახეზე კი ემჩნეოდათ, რომ უჩვეულო მღელვარებას შეეპყრო სამივე. ის ორი მხოლოდ სულზე ჰფიქრობდა, მაგრამ ზაალი კი ქვეყნიურ ზრახვებს ვეღარ აღწევდა თავს. უცბად დაიქუხა ერთი და გაგრძელდა ხმა, თითქოს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ეტლები გადაახრიგინესო. - „წმინდა არს, წმინდა არს!“ – სთქვა ერისთავმა და პირჯვარი გამოისახა. – ღრუბელთ წინამძღვარი მიბრძანდება მთაში! დაილოცოს მისი მადლი! ამ დროს ზედიზედ დაიჭექა სადღაც შორს და მთებმაც ბანი მისცეს. - ჰაა! გავარდა მეხი! კეკუჩ თავში ეშმაკს! – სთქვა სიხარულით ზაალმა და წამოდგა ზეზე. მსხვილმა წვიმამ შემოაშხაპუნა აივნისაკენ. ზაალ ოთახში შევიდა, მარიამმა სახატეს მიმართა, რომ სასანთლეები აენთო, კირილე კი იქვე დარჩა მარტო, მოიყარა მუხლები, ააპყრო ხელები და სასოებით წარმოსთქვა: „ღმერთო! მოხედე შეჭირვებულ საქრისტიანოს და სიზმარი კეთილად აგვიხდინეო!“ დიდხანს იდგა გაქვავებული, მხოლოდ ტუჩებს ანძრევდა და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ სპეტაკ წვერებზე.თავი მეორე
მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე და ჭალებს გადაჰყურებდა. შუახნის, ჭაღარაშერთული მოურავი, იქვე კედელზე ატუზულიყო, თვალებში შეჰყურებდა. - ესეც ჩვენი კირილეს სიზმარი!.. ახლა და მორჩა! მართლა გველეშაპივით არ მოიკლაკნება ეს არაგვი?! ამ ხნის კაცი ვარ და ამისთანა წყალდიდობას ჯერ არ მოვსწრებივარ, - სთქვა ერისთავმა. - არც მე, თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. ტყე და ველი კი მოაქვს და... ხიდები, სადაც იყო, დახვეტა. ქვიტკირის ხიდი დაუქცევია, გზა შეკრულია და ჩვენი მწყემსებიც გაღმა დარჩენილან! – მოახსენა მოურავმა. - რა უშავთ?.. იქაც ჩვენი არ არის?! სწორამდე ესეც დაიკლებს. მთის წყალია... მალე ჩამოვარდება. - უფრო ადრეც, მაგრამ მაინც ბიჭები გამიცდებიან ამ ორ-სამ დღეს და ძნელია. - განა იქ კი ვერ გაიჩენენ საქნარს? - კი, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ, თუ სულ არ ეჩიჩინები, თავისთავად არას მოიფიქრებენ. დღეს რომ აქა მყავდნენ, მივცემდი ხელში საგდებელს კავებით, დავაყენებდი წყლის პირად მოსახვევში და ვაჭერინებდი ჯირკებს... შეშას დავამზადებდი, ზედ კარზე მოყენებულს. - მართლა, სად იყო ამდენი ხე-ტყე, რაც ამ წყალს მოაქვს? აცდის, აცდის და ჩამოატარებს. - მთაში დამზადებულ მორებს დაშლიდა ნიაღვარი და ჩამოჰყრიდა წყალში. - აგრე იქნება... სხვა ბიჭები აღარ არიან, რომ მიაყენო? - გახლავან!.. როგორ არ გახლავან? მაგრამ ყველას თავთავისი საქმე აქვს, მოგეხსენებათ, და მწყემსების მოცდენა მარტო მიტომ მაწუხებს. - თუ გიყვარდე, რამდენიც შეიძლოთ, იმდენი დაამზადეთ!.. კირი გვაქვს დასაწვავი, რომ საყდარი შევაკეთოთ როგორმე. მოძღვარი აღარ მასვენებს და ქალბატონსაც დაუჟინია: უნდა შევლესოთო!.. კარგია! სულის საქმეა! წყლის მოტანილი შეშა წმინდა იქნება და წმინდა საქმესაც უნდა მოხმარდეს. - აგრე ვქნათ, შენი ჭირიმე!.. ამ საუბრის დროს, შორს, ხვადაბუნებაში, გამოჩნდა ერთი ვიღაც ცხენოსანი, პირდაპირ სასახლისაკენ მოაგელვებდა ცხენს. ზაალმა შენიშნა და სთქვა: - მოურავო! ის ცხენოსანი ვიღაცა არის, თუ ფათერაკს არას გადაჰკიდებია, სწორედ გიჟი უნდა იყო!.. თავშიშველა, უქუდოდ რომ კაცი მოგზაურობდეს, გაგონილა? მოურავი მიაჩერდა და ღიმილით მოახსენა: - იმერელი უნდა გახლავდეთ ვინმე! გაჩეჩილ თმაზე ფაფანაკი ედება და არ ეტყობა. - იმერელი?! იმერელს აქეთ რა უნდა? - რა მოგახსენოთ, მაგრამ, სწორედ იმერელი კი უნდა გახლდეთ – ცხენსაც ისე მოათამაშებს! ცხენოსანი ამასობაში პირდაპირ მოადგა არაგვს. ხიდი რომ წაღებული დახვდა, ფონს დაუწყო ძებნა: აატარ-ჩამოატარა წყლის პირად ცხენი და ბოლოს უკანვე გააბრუნა: „ვე პუ! შენ საქმეს. ნურას უკაცრავად, იმერელო, ხიდი ვერ დაგახვედრეთ! – სთქვა დაცინვით ზაალმა და მიუბრუნდა მოურავს: - იმერეთის ღელეები ეგონა, ბუჭულა წისქვილების საბრუნებელი... მგონია, ისე კი დაფრთხა, რომ ერთ წლამდე ღომიც ვეღარ იცნო!...“ - შენი რისხვა ნუ მომეცემა, თუ არ გამოალოცვინია, გული საგულეს აღარ შერჩეს – დაემოწმა ღრეჭით მოურავი. ცხენოსანმა თავისი ბედაური გააჭენ-გამოაჭენა ჭალებში, გაახურვა და წამოიყვანა პირდაპირ მდინარისაკენ. რომ მოადგა კიდეს, ჰკრა დეზი და გადაუშვა აზღვავებულ წყალში. ცხენმა და კაცმა, ორივემ, ძირი გაიარეს, თითქო ჩაინთქნენო. ცოტა ხნის შემდეგ ამოჰყო ცხენმა თავი და იწყო ცურვა გვერდელად; მხედარი ზურგზე ეკრა და თავს უჭერდა, რომ პირდაპირ მეორე კიდეზე გაეყვანა კლდის ზემოთ; მიუახლოვდა კიდეც, მაგრამ წყალმა დიდი ხე ჩამოატარა და მოხვდა ცხენს; ცხენი მოტრიალდა, მისცა თავი ქვემოთკენ წყალ-წყალ, რადგანაც გასასვლელ კიდეს ჩამოსცდა; მხედარმაც მიუშვა ლაგამი და თვალის დახამხამებამდე ტრიალ მორევში ამოჰყვეს თავი. - „არიქა, ვინ ხართ მამაცი?! მიეშველეთ! მცურავებს დაუძახეთ! უშველეთ!..“ ჰყვიროდა ერისთავი. მორევში ცხენი შეჩერდა, თითქოს თავს ანებებს ბრძოლას და ბედს ემორჩილებაო, მაგრამ თურმე მხოლოდ ისვენებდა. მოიკრიბა უკანასკნელი ღონე და მხედრის კიჟინით გამხნევებული, გადაეშვა საჩქეფზე. იქ კი რამდენიმეჯერ გადაატრიალა ადუღებულმა წყალმა. მხედარი ზედ აღარ იჯდა, ფაფარში ხელჩაკიდებული განზე მიჰყვებოდა ცურვით. დიდზე ადევნა თვალი ერისთავმა და ბოლოს, როცა მიეფარნენ და აღარ სჩანდნენ, მწუხარებით სთქვა: „ვაი, უბედური!.. აქ კიდევ შეიძლებოდა შველა, ამ მორევში, მაგრამ იქ, იმ უცნაურ ჩენჩქერში, ვინღა რას გააწყობს!..“ სთქვა და საჩქაროდ დააპირა წასვლა. ყვირილზე მარიამი შემოვარდა დაფეთებული. ქმარმა უამბო ყოველიფერი და, როდესაც მიაწია ბოლომდე, უთხრა: „იქ კი დაიღუპნენ, მგონია, საჩქეფშიო!“ მარიამმა მოუხშირა კივილს, ორჯერ-სამჯერ დაიკრა მუხლებზე ხელი და ერთხელ ყბაზედაც მოისვა, თითქო ჩამოიპოტნაო. ბევრი იწუწუნა: ვაი, დედამისის თვალების დადგომასო! და რომ მოიოხა გული, დავითნი გადაშალა... მიმართა ჩვეულებრივად ჭირის კანონს. შემოიტუზა მოურავი და ჩაახველა. – რა ჰქენი, მოურავო? ვერავინ მიაშველე? – ჰკითხა ზაალმა. - მივაშველე, შენი ჭირიმე, მაგრამ მცურავები შემიშინდნენ, ვეღარ შებედეს წყალში!.. ნამეტანი გადარეულია. - ჩაატარა? - შორს არ წაუღია! იქვე მოსახვევში, ხეებს რომ ხერგავს ხოლმე, ზედ მიაყარა... - ეგებ გამოატანინო როგორმე, მადლია! – სთქვა ქალბატონმა. - რაღა გამოსადეგი გახლავთ, შენი ჭირიმე? კაი რამე კი გახლდათ... ას ოქროდ მამა შვილს არ დაუთმობდა!.. - ხომ არ გადარეულხარ, მოურავო? – ბრძანა ვაჟბატონმა. – მირონცხებულზე მაგრე გაგონილა ლაპარაკი? - ვინ მირონცხებულია, შენი ჭირიმე? მე ცხენზე მოგახსენებთ, თვარა ის კაცი როდი დამხრჩვალა. - როგორ თუ არ დამხრჩვალა?! – მიაყვირეს ორივემ. - თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. აქ რომ ჩაჰყო თავი წყალში, ე, იქ ამოჰყო, ჰა, იხვივით!.. ცხენის დაღუპვას ჩივის: როგორ ვერ გადავარჩინეო, თვარა თვითონ, გინდ წყალიც არ გადასხმოდეს თავზე... გაწუწულა კი ძალიან და სახაბაზოში შევგზავნე თონეზე გასაშრობად!.. - მადლობა ღმერთს! სწორედ კაი მახარობელი ხარ!.. მიამა ჭეშმარიტად! ვინ არის და რა საქმე აქვს, ვერ გაიგე? - ჯერ არა უთქვამს რა, შენი ჭირიმე! თქვენ ნახვას კი ეჩქარება და, როგორც კი გაშრება, გიახლებათ, თუ უბრძანებთ! - ძალიან კარგი იქნება... შემომგვარე! – მოურავი გავიდა და ერისთავი კი გახარებული ეუბნებოდა თავის მეუღლეს: „არ ყოფილა უბრალო ვინმე! უკეთესი სიმარჯვე ღმერთმა შეარცხვინოს!.. ხომ გაიგონე, მცურავებმა ვერ შებედეს შეცურვაო, და იმან კი ეს აზღვავებული არაგვი სიგრძისად გამოივლო ლაჯებში!.. სწორე მოგახსენო, მეც გამიჭირდებოდა ჩემს სიყმაწვილეში მაგის გაბედვა!“ – მარიამმა ჩაიცინა და ჩაახველა. - რას იცინი? გაგახსენდა განა, შენ რომ თავს გაწონებდი და ალაზანში ჩავაგდე ცხენი? ეჰ, ყოველიფერს თავისი დრო აქვს, - დაამატა ხვნეშით. მოურავი შემოუძღვა ახალგაზრდა კაცს. ტანმაღალი, წელში წვრილი, მხარბეჭიანი, ფაფანაკ უკან გადაგდებული, გაჩეჩილი თმით და გაწკვერტილის ულვაშებით ტიტველა პირზე, სწორედ სასიამოვნო შესახედავი იყო. მოხდენილად გადაიჯვარედინა ფეხები და თაყვანი სცა ერისთავს. - გამარჯობა შენი! – უბრძანა ერისთავმა. - ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოსთ, ჩემო ხელმწიფევ! – მოახსენა მოსულმა და მეორედ სცა თაყვანი. - მადლობა ღმერთს, რომ გადარჩენილხარ!.. რა გაჭირვება გადგა მისთანა, რომ განსაცდელში იგდებდი თავს?.. - ჩემი განსაცდელი რაღა სახსენებელია, შენი ჭირიმე, მაშინ როდესაც მთელი საქრისტიანო განსაცდელშია ჩავარდნილი?! მასთანაც არ მეგონა, თუ ეს დღე დამადგებოდა... ცხენის იმედი მქონდა, ბევრჯერ შემიცურებია ჩემი „აფხაზურა“ აღელვებულ ზღვაში და არა გამჭირვებია რა, და დღეს კი ამ უბრალო წყალმა დაგვამარცხა. ალბათ წერა იყო! – სთქვა და ისეთი ამოიხვნეშა, თითქოს გულ-ღვიძლი ამოატანაო! თვალებზე ცრემლი მოადგა. - შენ, როგორც გატყობ, ძალიან გებრალება შენი „აფხაზურა“! - ძმასავით მყავდა, ჩემო ხელმწიფევ, თანაშეზრდილი და შეჩვეული. - თუ ზღვაში მისთანა არა იყო რა, ხმელეთზე ჩემს „არაბულას“ ვერავინ მისწვდება... სამაგიეროდ მიჩუქებია შენთვის! ჭაბუკმა რამდენიმე ბიჯი წინ წადგა, ცალი მუხლი მოიყარა და ჩოხის კალთაზე აკოცა. მოურავი შეიშმუშნა და შურით შეხედა დაჯილდოვებულს. - მოურავო, - ბრძანა ზაალმა, - ხომ გესმის?.. რას ყოყმანობ? ზედაც შენი მოჭედილი უნაგირი დაადგი: შენ ჯერ მაინც არ გინდა და მერე სხვას გაცუქებ. - არ ემჯობინება, შენი ჭირიმე, რომ წითელი ლაფშა უბოძოთ? - ვინა გკითხავს? შენ აასრულე, რასაც გიბრძანებენ! - კი, შენი ჭირიმე, მაგრამ რომ არ იკარებს უნაგირს ის შეჩვენებული?! - როგორ თუ არ იკარებს? - არ იდგამს!.. წელიწადია, ზედ აღარავინ შემჯდარა!.. ორ-ორ მეჯინიბეს ძლივს გამოჰყავს!.. გაურავებულია!.. - შენ ჯავრი ნუ გაქვს! ამან იცის და იმ ცხენმა. - თუკი ვერ შეჯდება, რად უნდა?.. - ჰმ! აჰა, ღმერთო, კიდევ თავისას ამბობს – სულელი არ მოჭკვიანდება, თორემ გიჟის მოთვინიერება ყოველთვის შეიძლება. შენ რას იტყვი, ყმაწვილო? - მოვიხმარ ღვთისა და თქვენის მოწყალებით! რაშებს ხედნიან და ცხენი მისთანა რა იქნება, რომ ვერ დაიმორჩილოს კაცმა? – მოახსენა ღიმილით. - მეც აგრე მგონია. ღმერთმა მოგახმაროს! – ახლა კი მიამბე, რისთვის გარჯილხარ და საიდან ხარ? - კახეთიდან გახლავარ! - კახეთიდან?! მერე და გზა შეკრული არ არის? - გახლავთ, მაგრამ მე კი ფირმანი მიჭირავს ხელში. - იმერელი უნდა იყო? - გახლავარ, მაგრამ დიდი ხანია, რაც მოვშორდი იქაურობას და კახეთში ვარ! თქვენმა სიძემ გაახლათ ჩემი თავი, ბიძინა ჩოლოყაშვილმა. - რა ამბავია? - წიგნი მოგართვათ და იქიდან გაიგებთ ყველაფერს, ჩემო ხელმწიფევ! – ამოიღო უბიდან წერილი და მიართვა... – ესეც ქალბატონმა მოართვა დიდ ქალბატონს... - რასაკვირველია, რომ არ დაგსველებია? - გასანთლულ ტილოში გახლდათ გახვეული! ფაცაფუცით გახსნა წიგნი ერისთავმა და დაუწყო კითხვა ჩუმად. მისმა მეუღლემ სათვალეებს დაუწყო ძებნა. მოურავი და იმერელი კი იდგნენ და შესჩერებოდნენ. კითხვის დროს ერისთავს აღელვება ეტყობოდა და რამდენჯერმე შეხედა იმერელს... - ხომ არ გადარეულა?! რა მოსაფიქრებელია!.. – ჰკითხა ზაალმა. იმერელმა მოურავს შეხედა და ხმა არ ამოუღია... ერისთავი მიხვდა და დაითხოვა მოურავი. მარიამიც სათვალეების მოსაძებნად წავიდა, დარჩნენ მარტო ორნი. - იწერება: „ქრისტიანობა ამოვარდაო, წირვა-ლოცვა აღარ არის, ზარების რეკა აღარ ისმის, ხატების შეურაცხყვეს და ტაძრები გააუპატიურესო“... ეს ჩვენც გაგონილი გვქონდა, მაგრამ რა ვქნათ, რომ თავზევით ღონე აღარ არის!.. ღვთის რისხვა მომდგარია და უნდა ავიტანოთ, ღვთის ნებასვე უნდა მივენდოთ! - მე რა მრჯის თქვენი სიტყვის შებრუნებას, შენი ჭირიმე, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: „ურია იხრჩობოდა და ღმერთი ახსენა: მიშველეო! ღმერთმაც უბრძანა: ხელი გააჩნიე და გიშველიო!“ - ეგ ანდაზა კარგია, მაგრამ უფრო სხვა დროს!.. მარტო ხელის განძრევა ვეღარა გვიშველის!.. მაინც რისი იმედი აქვს? - ჯერ ღვთისა და მერე თქვენი.., ხუთასი მეომარი თვითონ გამოჰყავს სულ დარჩეულები, ხუთას-ხუთასს ერისთავებიც ჰპირდებიან, - ეს ათას ხუთასი; ერთი ხუთასის იმედი თქვენგანაცა აქვს!.. - მერედა ორი ათასი კაცით სამოცი ათასზე გალაშქრება რა მოსაფიქრებელია? სხვა რომ არა იყოს რა, ისიც კმარა, რომ ალაზნის პირზე, გაღმა-გამოღმა, თხუთმეტი ათასი ულუსი სახლობს... დიდი და პატარა ყველა მეომარია. - ორი ათასი ქართველი ხუმრობა არ გახლავთ, შენი ჭირიმე, თუ აქედან შემწეობაც იქნება. ნათქვამი გახლავთ: „ცდა ბედის მონახევრეაო“. - ეგ ანდაზა ჩემისთანა ხნიერებზე აღარა სჭრის!.. ჩემი სიძე ჯერ კიდევ ყმაწვილია, გული საგულეს აქვს! მე მიკვირს ქსნის ერისთავისგან, როგორ დაეთანხმა?.. არ იცის, რომ მაგით იქ ყეენს აღაშფოთებს და აქ ქართლის მეფეს გაარისხებს? - გამარჯვებას რომ გაიგებს, ქართლის მეფეც აღარას იტყვის. მართალია, გათათრებულია, მაგრამ გული მაინც ჩვენსკენ უფრო აქვს და, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება ღვთით, ამაზე ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ. - აბა, ჩემო იმერელო! ყმაწვილი ხარ და წინდახედულობა გაკლია. მთელმა კახეთმა ვერა იყო რა და ახლა ორი ათასი კაცით უპირებთ გადენას? აბა რა სათქმელია! ციხეები ხელში უჭირავთ და ქალაქები!.. ვერც რა კახეთს ვუშველით და ქართლსაც საფრთხეში ჩავაგდებთ... გამძვინვებული ყეენი მიზეზს ეძებს, რომ ქართლსაც ის დღე დააყენოს, რაც კახეთს! დღეს თუ კიდევ სული გვიდგას, ბატონი მეფის წინდახედულობის ბრალია. ღმერთმა დიდი დღე მისცეს ვახტანგ მეფეს! - შაჰნავაზს? – ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა იმერელმა, და უნდოდა რაღაც მოეხსენებია, მაგრამ ამ დროს გიჟივით შემოვარდა კირილე მღვდელი და მოახსენა: - ქსნის ერისთავები გიახლენ, შენი ჭირიმე! - ქსნის ერისთავები?.. მობრძანდნენ. - ისინი გახლავან, შენი ჭირიმე! სწორედ ისინი, - იმეორებდა გულამოვარდნილი. – სწორედ ისინი ვნახე!.. დიდება შენს საკვირველებას, უფალო!.. - მღვდელო, შენ როგორღაც ვერა ხარ შენს გონებაზე! - თქვენი რისხვა ნუ მომეცემა, ისინი არიან, სწორედ ისინი! ვიცანი! - დიდი საქმე მომხდარა! რა ვქნათ მერე, რომ იცანი?.. ახა, ღმერთო! რას გაჩერებულხარ? წადი, სთხოვე მობრძანდნენ. შეუძეხი სასტუმროში და მეც ახლავე გამოვალ. ქალბატონს შეატყობინეთ!.. შენ, ჩემო იმერელო, მიდი მოურავთან, მოიცადე, სანამ პასუხს მივსწერდე ჩემს სიძეს... ეს ერისთავებიც უმიზეზოდ არ უნდა იყონ ჩემთან მოსული... – ჩაილაპარაკა თავისთვის და შევიდა ოთახში. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. ფარეშები გარბი-გამორბოდნენ აქეთ-იქით: მზარეულებმა ნებიერი წამოაქციეს, ხაბაზებმა თონეს ჩაუკიდეს, გამდელები დატრიალდნენ და შეიქნა ერთი ალიაქოთი. მოურავი დიდი გულმოდგინებით შეჰყვიროდა ხან ერთსა და ხან მეორეს: „არიქა, მიშველეთ!.. აბა, გაისარჯეთ! არ შემარცხვინოთ! აბა, თქვენ იცითო!“ და სხვანი. ამაებს ძალიან გულმოდგინებით იძახოდა, მაგრამ თვითონ კი ერთ ალაგას იდგა და არ ინძრეოდა, არც ის იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და ვინ რა საქმეზე მიდიოდა... ის მხოლოდ ისე, როგორც მოურავის რიგი და წესი მოითხოვდა, ისე იჩარჩებოდა, რომ მისი კიჟინა გაეგონათ და ერთგულებაში ჩამოერთმიათ. ცხვრები მოაბღავლეს, ქათმები ააკრიახეს, ბატ-ინდოური მორეკეს. იყო ერთი ფაცაფუცი და მზადება. მოურავი ხან იმას დაუხვდებოდა წინ და ხან ამას. სინჯავდა საკლავებს, სიმსუქნე ხომ არ აკლიათო, და ოფლს იწურავდა. ამ დროს ერისთავები, სტრუმრები და მასპინძელი, სამივე, ერთად იჯდნენ სასტუმრო ოთახში ტახტზე ფეხმორთხმით და გაცხარებული საუბარი ჰქონდათ. ერთი მათგანი, ახოვანი მოხუცებული, გაჩუმებული იყო და თავისქნევით ეთანხმებოდა ახალგაზრდა კაცს, გაცხარებით მოლაპარაკეს. - შალვა ჯერ ყმაწვილია და გულის აუყოლობა მაგისთვის ძნელია, ჩემი სიძე ბიძინაც არ არის დიდი ხნის... მასთანაც ყოველდღე უყურებს თავის თვალით ქვეყნის უბედურებას და თვითონაც თავს იმეტებს. მაგრამ შენ კი მიკვირს, ჩემო ელიზბარ, - მიუბრუნდა მოხუცს ზაალი, - ლხინი ბევრი გინახავს და ჭირი კიდევ მეტი აგიტანია!.. მადლობა ღმერთს, გამოცდილება არ გაკლია, და როგორ გაივლეთ გუნებაში მაგისთანა ძნელი საქმე? - რა ვქნა, ჩემო ზაალ?.. მეც ბევრი ვურჩიე ამ ჩემს ძმისწულსა და შვილობილს, მაგრამ რომ ვერა შევასმინე რა?.. დაუჟინია: მარტო წავალო!.. და მასთანაც, ღმერთთან სწორი სჯობს, მემიჯდება ჭკუაში ამ ყმაწვილების განზრახვა!.. ამისთანა სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია! საქრისტიანო უნდა იმხობოდეს და ჩვენ აქ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილი?.. „უგანგებოთ ვერას მიზმენ, გინდ შემაბან ხმელთა სპანიო!“ ჩვენც მივენდოთ განგებას! - კი, მაგრამ განგებას უნდა დავაცადოთ... დღეს ასეა, ხვალ ისე იქნება: აი, გუშინ რა ავდარი იყო და დღეს რა დარია! დროსაც შერჩევა უნდა. - უკეთეს დროს ჩვენ ვეღარ ჩავიგდებთ ხელში, - წამოიძახა ცხარედ შალვამ. – კახელების გულისგატეხა ქართლსაც გადაედება!.. ჯერ კიდევ, სანამ სასოება არ წარკვეთიათ და კიდევ რაღაც იმედი აქვს კახელებს, ჩვენც უნდა მივეშველოთ!.. თუ ვერ გავიმარჯვებთ, სახელოვნად მაინც დავიხოცებით: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო!“ - დიახ, კარგი კაცის ნათქვამია ეგ სიტყვები, მაგრამ არც იმას უმოძღვრებია ცუდად, ვინც სთქვა: „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“. - კი, მაგრამ ხანდახან სიფრთხილე სიფრთხილის განაყოფია! – ჩაილაპარაკა ღიმილით ელიზბარმა და სიამოვნებით შეხედა შალვას. - აგულიანებ? – სთქვა წყენით ზაალმა. – თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გასწიროღ, მაგრამ ქვეყანას რას ერჩით? იმას აღარას ჰკითხავთ?.. ორი ათასი მხედარი იქ გავწყვიტოთ... ჩAვკლათ! აქ ვინღა დავახვედროთ, როცა გარისხებული ჩვენზე მოვლენ?.. მაგ ურჩობით მეფეს გავიწყრომებთ და მეტი არა გამოვა რა... ჯერ, ასეა თუ ისე, თავის წინდახედულობით ბატონმა მეფემ ქართლი შეინახა. ყეენის გული მოგებული აქვს და ჩვენ რად გავუხდეთ მიზეზად, რომ ამდენი ხნის მეცადინეობამ ჩალად ჩაუაროს? - ავი, ამისთანა ქვეყნის შენახვას!.. – წამოიძახა ცხარედ კიდევ შალვამ. – კახეთი გათათრდა; ქართლის მეფე, მირონცხებული ვახტანგ, დაცვეთილ შაჰნავაზად გადაიქცა... სამოც ქალ-ვაჟს გარდა, დღეს კიდევ ორი იმდენს ვაგზავნით ხარკად ყოველწლობით... ქვეყანა გოდებით აივსო, - მეტი უნედურება რაღა დაადგება ქვეყანას?!.. დღეს თუ ხვალ, ქართლიც აღარ იქნება, ისიც კახეთივით აოხრდება. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ კახელებმა სახელი მაინც ნახეს, ხორცი გასწირეს და სული გადაირჩინეს, და ჩვენ კი სულსაც ვწყმენდავთ!.. - მართალია, - დაამატა ელიზბარმა. - „მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უარესიაო!“ – შაჰ-აბასის მელაკუდობა პირველი არ არის... მანამდე ეფერება შაჰნავაზს, სანამ ესაჭიროება და მერე კი უკუაგდებს! უნდა, რომ ჯერ კახეთი ჩაჰყლაპოს და მერე ქართლსაც მოსწვდება... მტერი პირდაპირი ისე საშიში არ არის, როგორც მოყვრულად შინ მელასავით შემოპარული. - ჭეშმარიტად მაკვირვებს თქვენი განზრახვა!.. მე ჩემი მხრით ვერც არას გავბედავ და უარს შევუთვლი იმ ჩემს სიძეს და თქვენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! არ ინანოთ ბოლოს კი!.. დიდხანს გასტანა მათმა საუბარმა: შალვა ცხარობდა, ზაალ მოთმინებიდან გამოდიოდა და ელიზბარი ორ ცეცხლშუა იყო, ორივე მხარეს აგონგროვებდა, რაც კი მოხერხდებოდა. ბოლოს იქამდე მიდგა საქმე, რომ ქსნის ერისთავები უსადილოდ აპირებდნენ წასვლას... უკმაყოფილოდ წამოდგენენ ზეზე, მაგრამ აკრი გაიღო და შემოვიდა მარიამი. ხელში წმინდა გიორგის ხატი ეჭირა: „ღმერთმა კეთილად დააგვირგვინოს ეგ თქვენი ქრისტიანული განზრახვა და ეს იყოს თქვენი წინამძღოლიო!“ – დაუსვენა ხატი. სამივე ზეზე წამოდგა გაკვირვებული. „ჩემო ბატონო! – მიუბრუნდა ქმარს, - ქვეყნიური გონება ცამდისაც რომ უწევდეს, მაინც ვერ მისწვდება ღვთის განგებას!.. ნუ ეწინააღმდეგები და ეურჩები ამათ სურვილს, რომელიც იქ თურმე, ცაში, დასკვნილა და აქ მხოლოდ საგულისხმოდ გადმოტანილა!.. შემოდი, მამაო, და ამხილე!“ – გასძახა მარიამმა, შემოვიდა კირილე და გაჩერდა. ერისთავები ერთმანეთს შესცქეროდნენ, თითქო ეკითხებოდნენ რა ამბავიაო? - „აბა, მამაო, რას იტყვი?“ – განაგრძო მარიამმა. - ეგენი გახლავან, შენი ჭირიმე, ვიცანი!.. - მღვდელო, რას დაგიჟინია: ვიცანიო? ეს მეორედ ამბობ... რა ვქნათ მერე, რომ იცანი?.. გამოცანა გერგება, თუ? – ჰკითხა გულმოსულმა ზაალმა. - აკი მოგახსენეთ, ბატონო, ისინი არიან-მეთქი!.. - ხომ არ გადარეულხარ?.. მეც ვიცი, ვინც ბრძანდებიან. - არა, ბატონო, მე ხომ მაგას არ მოგახსენებ!.. - რა დაგემართა? როგორ ვერ გაიგე? სიზმარში რომ ნახა... – გააწყვეტინა მარიამმა. - სიზ...მარ...ში?! – გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო. - დიახ, ჩემო ბატონო! – სთქვა კირილემ და მოჰყვა თავიდან სიზმარს... ერისთავები გაოცებით უგდებდნენ ყურს. როცა მივიდა კირილე იმ ადგილამდე, სადაც საყდარში შესულმა გმირები დახოცილი ნახა, ზაალმა უცბად გააწყვეტინა სიტყვა: - მესამე, მესამე ვინ იყო, ვეღარ იცანი?.. - ახლა ესენი რომ ვნახე, ისიც მომაგონდა... თქვენი სიძე გახლადთ, სწორედ ის იყო!.. - ბიძინა ჩოლოყაშვილი? მე ხომ არ გინახივარ? - არა, შენი ჭირიმე, თქვენ იქ არ ბრძანებულხართ!.. „და ის უცხო მხედარიც ეს იქნებოდა! – მიაშვირა ხელი მარიამმა წმინდა გიორგის: - გწყალობდეთ და გიწინამძღვდროსთო!..“ – ერისთავები გაქვავებულსავით იდგნენ საგონებელში ჩავარდნილი და ხმას ვეღარ იღებდნენ. ბოლოს ელიზბარი მოუბრუნდა ზაალს: „ახლა რაღას იტყვი?“ -იყავნ ნება უფლისა! რაღა მეთქმის?.. აქ წინდაწინვე სასწაულსა ვხედავთ... თქვენ სამიცა კმარიხართ! ხომ ხედავთ, მე ნამეტანი ვყოფილვარ... მე მეფის ურჩი ვერ გავხდები... მაგრა, თუ კირილე მოძღვრის შეგონებით ჩემი საყმოდან წამოგყვებათ ვინმე, არ დავუშლი, მით უფრო, რომ მე არა ვიცი რა! – გაიცინა და ჩაილაპარაკა: - მამაო კირილე, იმედია, შენ თუ შეაგონებ და ჯვრით ხელში წინ წაუძღვები, წაგყვებიან. - ღმერთო, შენით! – სთქვა კირილემ, გამოისახა პირჯვარი და ემთხვია ხატს. - ამინ! – გაიმეორეს ერისთავებმა და ემთხვივნენ ისინიც... მერე დასხდნენ და შეუდგნენ თათბირს: მოილაპარაკეს, დრო დანიშნეს, მაგრამ გააფრთხილეს კი ერთმანეთი, რომ ეს საქმე საიდუმლოდ ყოფილიყო. სპარსელების სახელიც არ უნდა ხსენებულიყო და მიზეზად იმერლები გამოეგონებიათ, რადგანაც ისინი იმ დროს დადიანზე ეპირებოდნენ გალაშქრებას. სიზმრით გამხნევებულსა და დაიმედებული ერისთავების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. გაიმართა ლხინი, როგორც არაგვის, ისე ქსნის ერისთავების საკადრისი. მზის გადახრამდე შეექცნენ და მერე გაუდგნენ გზას. მეორე დღეს იმერელმაც ჩაიდვა უბეში სადასტურო წერილი, ჩოლოყაშვილთან გატანებული, გააცურვა თავისი ახალი ბედაური „არაბულა“ და იმ გზითვე წავიდა, რა გზითაც მოდიოდა... მოურავი შესჩერებოდა გამოღმიდან და გულზე მუჭს ირტყამდა: „ვაი, შენს ტყავს!.. ბატონს იმისთანა ბედაური გამოალალა მის გახრეკილ ბახში და მე ზედაც აღარ შემომხედაო“ – წუწუნებდა გულდაწყვეტილი და აქეთ-იქით აქნევდა თავს.თავი მესამე
ერთ დროს საწერეთლოში ბევრი გამოჩენილი აზნაური იყო, მაგრამ ბაქარა ბაქრაძეს კი ვერავინ შეედრებოდა. მეფის ერთგულმა, ბატონის მორჩილმა და ქვეყნის მოყვარულმა გვარიც კი დააწინაურა, არათუ თავისი სახლი. წერეთლის მოურაობამ მაინც სულ ფეხზე დააყენა. ერთადერთი სამწუხარო მისი ის იყო, რომ შვილი არა რჩებოდა, მაგრამ, როცა მეზობლის რჩევით, ახალშობილს „გლახა“ დაარქვა და ღვთის სახელობაზე გაუშვა, ისიც მართლა ჩიტივით წაწმოეზარდა. ვაჟს კიდევ ორი ქალი თან მოჰყვა ტყუპად და ამან ხომ სულ მთლად დააგვირგვინა მისი ბედნიერება. მაგრამ „სოფელი განა დიდხანს ვისმეს ახარებსო?“ მართალი ნათქვამია: „ერთი ხიდან ჯვარიც გამოვა და ბარიცო!..“ სულ სხვანაირი კაცი იყო მისი უმცროსი ძმა კიკო!.. ოჯახზე გულავარდნილი და გარეწარი, ამბობდა გუნებაში: „სადაც კვამლი მაღალიო, მეც იმისი მაყარიო“ და ლხინი, ან დღეობა არსად გაუცდებოდა. აქეთ-იქით ხეტიალში სადღაც სახადს გადაეყარა და შინ საორმოცო სნება შემოიტანა. თვითონ მოიხადა, მაგრამ ძმა და რძალი კი, ორივე, ერთი კვირის განმავლობაში გამოათხოვა წუთისოფელს. დარჩნენ ობლები ბიძის საპატრონოდ. კიკო დააწვა სავსე ოჯახს თავზე და ნელ-ნელა გაუტკბა ბატონობა. პატარა ქალები გააბარა ღვიმის მონასტერში და ვაჟი კი მიუშვა ნებაზე, რომ ეგები ფეხი სადმე წაამტვრიოს, საფრთხეში ჩავარდეს და ოჯახი მე დამრჩეს საკუთრადო! მაგრამ ნათქვამია: „კვიცი გვარზე წავაო“; დღითი დღე პარატა გლახუკი სიკეთეში შედიოდა და თექვსმეტი წლისას იმ ახლომახლოში ვეღარავინ სჯობდა. ერთხელ, სასახლეში მიმავალმა შენიშნა, რომ დიდი და პატარა, ბატონ-ყმიანა, ყველა ერთად ეზოს ხეს გარს ეხვეოდნენ. ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, გადახტა, ცხენი ყორეზე მიაბა და ქვეითად ეახლა ბატონს. „ოჰ, გამარჯობა შენი, - მიაყვირა წერეთელმა, - სწორედ კაი დროს მოხვედი!.. გაქებენ და, თუ მართალია, ახლა გამოჩნდება: ქორი ჩამოეკიდა ხის წვეროზე და უნდა აუშვა როგორმე“. - ბატონი ბრძანდებით! ასვლიღ ავალ ხეზე, მაგრამ ი შტო რომ ვეღარ მიმაგრებს წვეროში? - ჰოდა, საქმეც ეგ არის, - მიაძახეს აქეთ-იქიდან კარისკაცებმა, - თვარა ასვლით განა ჩვენ კი ვერ ავიდოდით? - არა, სხვა რამე უნდა იფიქრო! – დაამატა ბატონმა. - მაშ, მეტი აღარ გაეწყობა რა, თოფით უნდა ავუშვათ, - მოახსენა გლახუკმა. - თოფით?! ქორი კი არ მომიკლა! - რა ბრძანებაა! – ღიმილით უთხრა ახალგაზრდა ბაქრაძემ და გამოიღო თოფი, რომელსაც, იმ დროის მიხედულობით, არ იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. გადგა განზე, წამოიჩოქა ცალ მუხლზე და ამოიღო ნიშანში. ყველამ სული გაიკმინდა. დაიჭექა თოფმა დაბლა და მაღლა ქორმა შეიფრთქიალა. - ეეჰ, წაგიხდა! – მიაყვირა წერეთელმა. - რათა, შენი ჭირიმე?.. ქორი ორივე ფეხებით გახლავთ ჩამოკიდებული, გაფაჩხულად, და ერთი ტყვია ორივე თასმას ხომ ვერ მიუდგებოდა? მარჯვენა შევწყვიტე და ახლა მარცხენას ვესვრი! – გატენა მეორედ თოფი და ესროლა. ქორი დაბლა დაეშვა, მაგრამ ჯერ შუამდისაც არ ჩამოსულიყო, რომ უცბად ჰაერშივე გადატრიალდა და ჰკრა ცაში კამარა. გაფრენილ ქორს ბაზიერები დაედევნენ. ყველას ძალიან გაუკვირდა ეს სიმარჯვე ახალგაზრდა მეთოფის, მაგრამ თვითონ იმას არც კი შეუმჩნევია, თოფს დაუწყო ფერვა. - გამომიტანეთ ჩემი ყირიმი! ნათქვამია: „თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო“. სწორედ შენი საკადრისი ყოფილა ის თოფი და ღმერთმაც შენ მოგახმაროს! – სთქვა წერეთელმა. გამოიტანეს წვრილლულიანი, სულ ოქროთი მოსალტული, გრძელი თოფი და გადასცეს მეთოფეს. სასახლეში ბევრს არავის დარჩენია სასიამოვნოდ ახალგაზრდა გლახუკის გამარჯვება, მაგრამ მაგიერად ერთი ვინმე კი სულ სხვა გუნებაზე დააყენა: კოშკიდან თურმე გადმომდგარიყო ახალგაზრდა წერეთლის ქალი და სარკმელში უყურებდა გულისფანცქალით ამ ამბავს. გაგონილი ჰქონდა ახალგაზრდა ბაქრაძის ქება გულში გასავლებად, მაგრამ დღევანდელმა ნანახმა კი ისე გაიტაცა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და სატრფიალოდ გადაუშალა გული. ტყუილად არ სჩიოდა ძველად სამღვდელოება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სახარებაზე უფრო გაუტკბა ქვეყანასაო; საუკუნეების განმავლობაში, დიდი და პატარა, ყველა იმას ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილსა ჰბაძავდნენ,ქალები ნესტან-თინათინობას სცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები – როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოხელე-გამდელები კი ასმათობას სჩემობდნენ. აქაც, ამ შემთხვევაში, წერეთლის ქალს გამოუჩნდა ასმათი და გაიმართა მიწერ-მოწერა. სიყვარულის უმეცარმა ახალგაზრდა ბაქრაძემ იგრძნო პირველად უცნაური რამ, გაიმსჭვალა სულიან-ხორციანად, მიჰყვა სიყვარულის მდინარეს, გადაჰყვა საჩქეფეს და შეტოპა მორევში, გუნება შეეცვალა, ჩვეულებრივ რამეებს თავი დაანება და მარტო ხილვას ეძლეოდა. „შორით ბნედა, შორით კვნესაო“, - ამბობდა გუნებაში და სატრფოს საიდუმლოდ ითვალისწინებდა. იმ დროს ქალები პირობას უდებდნენ საყვარლებს: „გვიჩვენეთ საქმენი საგმირონიო“. ეს პირობა ჩვეულებისამებრ ახალ შეყვარებულსაც დაუდეს, მაგრამ სად იყო იმ ახლომახლო მისი საასპარეზო? მაშინ კახეთში თათრობა იყო და დიდი პატარა იქ სპარსელების უღელს ეწეოდა, - განსაკუთრებით თავად-აზნაურობა. ეურჩებოდნენ მხოლოდ ზოგიერთები, აქა-იქ მათ რიცხვში ახმეტის ბატონი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ყველაზე უფრო შეუპოვარი იყო. იმის გმირობის ხმა იმერეთამდისაც უწევდა და, აი, ამას მიმართა ახალმა ავთანდილმა. მოემზადა საუცხოვოდ, გამოეწყო სამგზავროდ, შეიკაზმა „აფხაზურა“ და გაეშურა აღმოსავლეთისაკენ. გზაში სევდები შემოაწვა, სამშობლოს დატოვება გულსა სწყვეტდა და საყვარლის მოშორება ზედ ტანჯვის ცეცხლს ეკვესებდა. მიდიოდა და მიღიღინებდა: ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა-ო... შეჰკვესოდა მთვარეს და შესჩიოდა ვარსკვლავებს. თვალზე ცრემლი ადგებოდა, მაგრამ, რომ მოაგონდებოდა უკანასკნელი ლექსის ხანა: მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა-ო, იმედი აფრთოვანებდა და გაორკეცებული სურვილით მიაჩქარებდა თავის ბედაურს. მისი „აფხაზურაც“, გაიგონებდა თუ არა მათრახის ტკრციალს, თითქო მიუხვდა პატრონს გულისპასუხსო, ყურებდაცქვეტილი, გედივით მოიღერებდა კისერს, აქეთ-იქით ერთს შეიკუნტრუშ-შემოიკუნტრუშებდა და მერე გასწევდა პირდაპირ, თითქო უნდა, რომ გულმკერდით მთა და ველი გაიტანოსო.თავი მეოთხე
კახეთის მეფე, თეიმურაზ პირველი, დავით წინასწარმეტყველს ეტოლებოდა თავის გუნებაში: „ის ჩემი წინაპარი და მე მისი ჩამომავალი, ისიც გვირგვინოსანი-მგოსანი და მეცო“, - ჰფიქრობდა და ის კი ავიწყდებოდა, რომ დავით მეფობდა უმაღლესად ჩაგონებული და თეიმურაზი მხოლოდ ქვეშევრდომთან უმდაბლესად შეგონებული; ის იქ ებრძოდა „ამალეკთა“ და ეს აქ – თათარ-ლეკთა!.. პოლიტიკაში პოეტობდა, პოეზიაში პოლიტიკოსობდა ის დალოცვილი და მით საზარელ მომავალს უმზადებდა სამეფოს. ამას ატყობდნენ ზოგიერთები, მაგრამ ვინ გაბედავდა ცხადად მხილებას? – და ჩუმად კი აქა-იქ საყვედურები ისმოდა. ზამთრის პირი იყო. გამხიარულებული ბუხარი გუგუნებდა და კოპიტის შეშას ტკაცატკუცი გაჰქონდა... ერთი ყმაწვილი კაცი მისჯდომოდა ბუხარს და ნაკვერცხლებს დასშტერებოდა. იქვე, მახლობლად, ტახტზე მხარ-თეძოს წამოწოლილიყო მოხუცი და პირისახეს ათამაშებდა. – ეტყობოდა, რომ თავის გულში რაღაცას საუბრობდა. უცბად აიღო თავი ახალგაზრდამ და ჰკითხა მოხუცს: - რა ამბავია, რომ ეს ერთი ხანია ბატონი სადარბაზოდ აღარ დაბრძანდება?.. ჩაუკეტია კარები და ჩამწყვდეულა!.. - სტვირის გუდას თუ ჰბერავს?! – უპასუხა მოხუცმა ცივად. - გუდას?!. - ჰო! შარშან გაზაფხულზე ჩაიკეტა და „ლეილ-მეჯნუნიანი“ დაგვიწერა, ერთხელაც ზაფხულში - „შამი-ფარვანიანი“, მეორედ შემოდგომას - „ხილთა-ქება“ და ახლაც უთუოდ ზამთრის შესაფერსა სწერს რასმე... - მაგითი არა დაშავდება რა!.. სწეროს! მოცლის დროს ეგეც კარგია. - მოცლის დროს?! მერე და, მეფე და მოცლის დრო ვის გაუგონია?.. არა, შვილო!.. მეფე რომ „პიიპუუ-პიიპუს“ დაუკრავს, მაშინ მისი სამეფო „ვაი, ვაის“ იმღერებს. - დავით აღმაშენებლიც მწერალი იყო, მაგრამ სამეფოსთვის არა დაუკლია რა. - აღმაშენებელი წინასწარმეტყველსა ჰბაძავდა, ადიდებდა ყოვლის შემოქმედს; მისი იამბიკო ლოცვა იყო და ამისი შაირები კი ლაზღანდარობაა!.. - რუსთველს ეჯიბრება. - ჰმ! უკვდავების წყარო და ნაძალადევი ჭა ერთმანეთს ვინ შეადაროს?!. - აგრე ჰკითხა ერისკაცებს!.. მაგრამ არ არწმუნებენ. - კიდეც ეგ არის, შვილო, რომ პირფერობა ახდენს საქმეს! პირმოთნეობა და ფარისევლობა საზოგადოდ კარისკაცების ხელობაა, მაგრამ მეფისგან კი მიკვირს, რომ სტყუვდება. - ალბათ სნეულებაა, იმ ერთი ზღაპრული მზეთუნახავისა არ იყოს. - როგორ თუ მზეთუნახავის? - არ გაგიგონია, თუ აღარ გახსოვს? ერთი მზეთუნახავი თურმე ყოველ დილ-დილაობით მიდიოდა წყაროსთან და, პირს რომ დაიბანდა, ეკითხებოდა ხოლმე წყაროს: „წყაროვ! მე ვჯობივარ, მზე თუ მთვარეო?“ - „შენც კარგი ხარ, მზეც და მთვარეცო, მაგრამ ეთერი კი ყველას გჯობიათო!“ – ესმოდა პასუხად და ეყრებოდა გულს. ბატონ მეფესად სწორედ ისე ემართება: რომ რამეს დასწერს, ეკითხება თავის გულს: მე ვჯობივარ, ჩახრუხა თუ შავთელიო? „შენც კარგი ხარ, ჩახრუხაც და შავთელიცო, მაგრამ რუსთველი კი ყველას გჯობიათო“, - უჩურჩულებს გონება და რუსთველის მოქიშპეს შურით ევსება გული. - უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დასნეულდება! დიდი ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის მიმატება ეჭირვება? განსვენებული პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა, ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის გაუგონია საქართველოში, რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ თეიმურაზის მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო! სისხლი მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!.. – დაამატა ამოოხვრით მოხუცმა და გამოისახა პირჯვარი. - ღმერთმა შეუნდოს იმ ოჯახს და ნუ მოჰკითხოს მამა-პაპის ცოდვა ჩვენს ბატონ მეფეს! და თუ მოჰკითხოს მაინც, მის სამეფოს კი ააშოროს რისხვა! – სთქვა ახალგაზრდამ მწუხარებით და მოიხადა ქუდი. - ამინ! – დაამატა მოხუცმა და ხელებაპყრობით მაღლა ზეცისკენ აიხედა. სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა მარტოდმარტო, დიდ საგონებელში ჩავარდნილი, მაგრამ რუსთველზე არ ჰფიქრობდა. წინ ედვა ორი წერილი. ერთი ჩრდილოეთიდან და მეორე აღმოსავლეთიდან გამოგზავნილი. პირველი ტკბილი იყო, ალერსიანი და იმედით გამამხნევებელი, მეორე – რჩევა-საყვედურებითა და მუქარით სავსე; ერთი გულში უხიცინებდა, და მეორე კი გულზე ჰკბენდა: „თეიმურაზ-ხან, - სწერდა შაჰ-აბას პირველი, - შევიტყვე, რომ პაპაშენის კვალს შესდგომიხარ და გადამთიელი გინდა კარზე მომაყენო საჭირბოროტოდ, მაგრამ, სანამ მე მომადგებოდნენ, ხომ შენი სამეფო უნდა დაუდვა გზად და ხიდად! და მიკვირს, რომ, ჩემთან ერთად ძმასავით თანაშეზრდილს, ჭკუა-გონება დაგკარგვია! ჩვენი ძმური კავშირი უძველეს დროიდან დღემდე მტკიცედ შენახულა და ახლა რაღად უნდა გაწყდეს? მართალია, ჩვენი დიდი სახელი ადევს თქვენს პატარა სამეფოს, მაგრამ საქმით ხომ დამოუკიდებელი ხართ და არავინ ეხება თქვენს რჯულს, ენას, ეროვნებას, ზნე-ჩვეულებას და წეს-წყობილებას? მართალია, სპარსეთის „ვალად“ ითვლები, მაგრამ ესეც თქვენივე სასიკეთოდ: ასე რომ არ ყოფილიყო და ჩვენი დასახელებული არ ყოფილიყავით, ვინ იცის, აქამდის რამდენჯერ აგაოხრებდნენ თურქები, და დღეს კი, ჩვენი შიშითა და მორიდებით, ხვანთქარს თქვენი ბუზიც ვეღარ აუფრენია. ხარკს თუ იტყვი, აბა, რა სახსენებელია ხარკად სამოცი ზონა ახალგაზრდა ქართველი ქალი, მაშინ როდესაც სამაგიეროდ ჩვენგან ათასთუმნობით მიგაქვთ და ხალათი კიდევ ზედმეტია. თეიმურაზ-ხან! გადაიგდე გულიდან ეგ ორივესთვის მავნებელი სურვილი, თვარა, თავმან ჩემმან, ვეღარ გადაურჩეთ ჩემ სამართლიან რისხვას ვეღარც შენ და ვეღარც შენი სამეფო!..“ ეს წერილი რომ წაიკითხა, თეიმურაზმა თავი ჩაღუნა და ღრმად ჩაფიქრდა. ბოლოს, თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლაო, უცბად გასწორდა, დაიყვირა: არა! არა! გათავებული საქმეა... აქ ფეიღამბარია თავმდები და იქ კი ჯვარი და სახარება!.. პირველს რომ დავერწმუნო და მეორეს არ ვენდო, ეს ხომ რჯულის გმობა იქნება?! უნდა გადაწყდეს... რაც მოხდეს, მოხდეს!.. ეს პატარა კახეთიც ხომ ნაწილია იმ დიდი საქართველოსი, რომელიც წილად ჰხვდა ღვთისმშობელს, და დედაღვთისა განა ხელს იაღებს თავის საუფლისწულოზე? ცოდვაა აქ იჭვიანობა! არ ეკადრება საქრისტიანოს, რომ გულგრილად აიტანოს მაჰმადიანების მედიდურობა: წამიერმა ჭირმა, დროებითმა უბედურებამ როგორ უნდა გაუტეხოს გული მორწმუნეს?!. გამოცდა იგივე გამობრძმედაა; მისგან რჩეული ხალხი ღმერთმა არ ჩაჰყარა ეგვიპტის ტყვეობაში და მანვე არ დაუბრუნა აღთქმული მხარე და დაუჯინა სამეფო ტახტზე ჩამი წინაპარი დავით?! დღესაც შეურყეველი იქნებოდა მათი სამეფო, თუ რომ ღმერთი, ქრისტედ მოვლენილი, ეცნოთ ძედ ღვთისად და არ გასდგომოდნენ! შორს!.. შორს ჩემგან, იჭვიანობავ! მრწამს და აღვიარებ, რომ მომავალი ქრისტიანობისაა!.. დღესვე შევყრი დარბაზს და გადავაწყვეტინებ, რომ ორივემ თავთავისი საკადრისი პასუხი მიიღოს და, ღმერთო, შენით!.. – სთქვა, გამოისახა პირჯვარი და შეაჩერდა სახატეს. ამავე დღეს დარბაზმა ხმის უმეტესობით გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა კავშირი სპარსეთთან და მიჰკედლებოდა ჩრდილოეთს...თავი მეხუთე
მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და შებღალა. ვინც კი მთაში ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა. სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა... მძვინვარე შაჰმა, რაც გასწყვიტა, გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში გადაასახლა! ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს, მაგრამ თვითონ ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც უარესია, - ამბობდა გუნებაში. – აი სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი მთავარი ძალ-ღონე შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?.. მაშ მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ სპარსეთსაც უნდა გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს ხმელთაშუა კარები, ეს პატარა ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე უგალავნოდ, ადრე თუ გვიან ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის ნატვრისთვალია, რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი. ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს, სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო, სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი გმირული, პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა მისგან აოხრებულ ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას აკარგვინებენ... ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება, რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა, დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამრთალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად – მოლა-ყადები. ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს, ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა დაუძლურებულ ქვეყანას. საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ უბედურებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა ხმა. - „სულ არაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო“, - სთქვა თავის სანუგეშებლად და წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც ადრე ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას არად აგდებდა, დღეს იმათ ჩაფრობაც კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით გამწარებული თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე... ერთმანეთშიაც ისე აირ-დაირიენ, რომ სისხლ-ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე! თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ, „ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და სამშობლოს მოჭირისუფლე, თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ მუშა ხალხს, რომელიც ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე მსხვერპლად დათხეულს, პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი გაწყვეტილი... მზად იყო, რომ კვარივით ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს, საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო, სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს თათრებმა, ვერც რისხვითა და ვერც წყალობით. კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ... „გაგონილაო, - ამბობდნენ თავადები, - ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი ჭირვეულობს... შინ არ უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა... მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა თავს. ერთ დღეს ბიძამისი ჯანდიერი ესტუმრა. ეს ჯანდიერი ისეთ კაცთაგანი იყო, რომელიც აქეთაც არის და იქითაც: დროს შეჰყურებს!.. ხან წაღმა ჰხნავს და ხან უკუღმა ჰფარცხავს!.. თათრების წყალობით გადიდკაცებულს, დიდი გავლენა ჰქონდა კახეთზე. თითქმის პირველი ვეზირი იყო მთავარმართებლის!.. მის უკითხავად ფეიქარ-ხანი წყალსაც არ დააქცევდა და ახლაც თურმე იმას გამოეგზავნა მოციქულად ჩოლოყაშვილთან. სადილზე ნელ-ნელა სიტყვა შეაპარა მასპინძელს და გამოიწვია სალაპარაკოდ: „ჩემო დისწულო, - უთხრა სხვათა შორის, - მე მხოლოდ შენი ახირებულობა მაკვირვებს!.. ღვთის მოცემული ყოველიფერი ბევრი გაქვს... ჭკუა არ გაკლია და გონება! ბედიც გწყალობს, მაგრამ შენ კი შენი თავის მტერი ხარ!.. მითქვამს და კიდევ გეტყვი, რომ იქ, სასახლის კარზე, ბედნიერება მოგელის და შენ კი აქ მოგიკეცია ნაცარქექიასავით!.. რას ჩააკვდი ამ ახმეტას? სად გაგექცევა, შენი არ არის? კაცობა ის არის, რომ შორიდან მოიხვეჭო“. - კაცია და გუნება, ბიძაჩემო!.. მე აქაც კმაყოფილი ვარ!.. ცოტა წმინდა მირჩევნია ბევრ უწმინდურს!.. - უწმინდურს?! როგორ თუ უწმინდურს?!. მაშ ჩვენ სულ გასვრილები ვყოფილვართ, სასახლის კარზე ვინცა ვართ? - მე მხოლოდ ჩემ თავზე მოგახსენებ. - შემცდარი ხარ!.. შეხედე სხვებს, როგორ ხმარობენ დროს და რარიგადა ცხოვრობენ!.. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ყეენის თავის მზე!.. დღეს, მისი წყალობით, ავად თუ კარგად, ქვეყანა პურსა სჭამს. - ჰმ!.. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით. - რომ ეგეც აღარ გვექნეს, ხომ შიმშილით ამოვწყდებით?!. - უწმინდურ სიცოცხლეს მე წმინდა სიკვდილი მირჩევნია და, სანამ მოვკვდებოდე, მანამდე მაინც კიდევ ვეცდები, რომ ჩემი ლუკმა როგორმე დავიბრუნო. - გვიანღა არის, ჩემო დისწულო!.. ძალა აღმართს ხნავსო, არ გაგიგონია? ეგრე აღარ ჰფიქრობს ქვეყანა და შენ ერთი, მარტო, რას გააწყობ? ნათქვამია: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“. - გაზაფხულს ვერც ერთი მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს და ათასიც. ეგებ ჩვენი გაზაფხულიც მოდიოდეს!.. დღეს მე ვარ ერთი, ხვალ ათი იქნება და ზეგ ათასი!.. - კეთილი, მაგრამ ხშირად ადრე მოფრენილ მერცხალს სუსხი სცემს და სიცივე ჰკლავს. - მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის დროს სიკვდილი მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!.. ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა-გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი, ყველა ერთად ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცობას მათთან! ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს უცხოეთი?!. რად მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი შარბათები, მაგრამ ვერ გავცვლი იმ ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი ძველების ნაწილები ურევია... დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით არიან დაპოხიერებული!! მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს პირჯვარს იწერს და, პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა ჩვენთვის... და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო, არა!.. ისინი ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს არ შეუხორცებია, მისი შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!.. ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით სიარული... ჯანდიერმა გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ – სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას. დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის დროს, ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა არემარეს... თვალი სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა... ალაზნის შხუილი, ნიავისაგან მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!.. მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა... მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა, რომ შორს აღარც ის იყო... აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ. – დიდი ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!.. ტკბილი ჩანგური და სალამური ზურნა-ჭიანურმა ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა, „ოროველა“ და „მუმლი მუხასა“, კიდევ შერჩენია მუშა ხალხს... და, მადლობა ღმერთს, სანამ ესენიც არ მივიწყებულან, ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო გადაღმიდან მთვარემ... ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა სხივებიცა და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა, აბიბინდა მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს ბულბულებმაც!.. ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ ბიძინასაც გული დაუტკბა. – გზაზე გამოჩნდა ურემი... ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო... ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. – ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და ზეცას დაუწყო ყურება... დიდხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს – თითქო გამოერკვაო- წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ ჩამომბერა ეს საგულისხმო სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ ერთია... უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ ორმა სიტყვამ უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!! მაგრამ ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი განზრახვის და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე მორჩილებით მივმართავ ალი-ყული-ხანს.თავი მეექვსე
ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ, მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად, ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს! საბუეში ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა უცხო ვერას გახდებაო“, - ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში, ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა. თეირანში იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და მტარვალობის ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა. დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს. შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია, თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და პირველი ხალათი უბოძა. ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ, ალვანის მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი. ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო ფალავნობის და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული, რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი წვერები ტევრად ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები, საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ გულბოყვი გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა. - სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა. - უარზე დგას, ასე ამბობს: „მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო“, - მოახსენეს ქართველებმა. - მაშ კარგი, სირცხვილი თქვენიო! – ღიმილით სთქვა ხანმა და უბრძანა მოჭიდავეს მესამედ კიდევ წრეში შენავარდება და ისე გასვლა წრიდან. მოჭიდავემ აასრულა ხანის ბრძანება და მედიდურად დააპირა წრიდან გასვლა. თათრებმა კმაყოფილების ნიშნად წვერებზე მოისვეს ხელი და ულვაშებში ჩაიცინეს. ამ დროს ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: „დაუკარით, დაუკარითო!“ უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა, შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა; უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან. - არა, არა! ჯერ არ არის! მაგრე არ იქნებაო! – ჰყვიროდნენ თათრის მომხრეები, გაბრუებული აბდუშაჰილი წამოდგა ზეზე და სთქვა: „მე ჯერ სალამი არ გამეთავებინა და ის ღალატით მომვარდაო“. ძალით გამოათრიეს მეორედ ახალგაზრდა; ის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ იძროდა. - თათარო, სალამი რომ გაათავო, დამიძახე და მოვალო! – მიაყვირა ფალავანს. იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში, წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა გულაღმა დედამიწაზე... გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა ფაშვზე, გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა. - შაიტან, შაიტან! – დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა. - ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, - უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები. დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს, მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ აგრილდა, გამართეს ჯირითი. ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და, თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა მხედართმთავარმა თავისი ყარაბაღული და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები, როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით მანდიკურად გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე. ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო; ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა. გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ ცხენი, რომ ყაბახი ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს, დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი, ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა.თავი მეშვიდე
ამ ხანებში არეულობა მოხდა იმერეთში და ქართლის მეფე ვახტანგი, შაჰნავაზად წოდებული, გადაიწვიეს, რომ მისი შვილი არჩილი იმერეთის მეფედ დაესვათ. იმერეთის დიდკაცობა დიდი პატივისცემით და ძღვნით დაუხვდა დიდებულ სტუმარს. სიუხვით ყველას წერეთელმა გადააჭარბა, თუმცა მეფის გული კი აბაშიძემ უფრო მოიგო და ბევრიც არა დახარჯვია რა: მხოლოდ ათი ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმშვენიერესი, მიართვა: „ყეენისათვის საჩუქრად დაგჭიდებაო“. ამ მცირე ძღვნით ისე კმაყოფილი დარჩა მეფე, რომ სხვების განძი ჩალადაც აღარ ჩაუგდია. წერეთელი, როგორც მეტოქე და მოქიშპე აბაშიძისა, ყველაზე უფრო გულნატკენი დარჩა და დაღონდა. კიკო ბაქრაძემ შეურჩია დრო ბატონს და მოახსენა: - თქვენი ქება-დიდება – თქვენი ყმების ქება-დიდებაა, თქვენი ძლევამოსილობა – ჩვენი გამარჯვებაა, და ნუ გვიზამ მისთანა საქმეს, რომ აბაშიძის საყმოს სასაცილო გავხდეთ! მეფე რომ ქართლში გადაბრძანდეს და წერეთელზე აბაშიძე უფრო დიდი პატივით მოიხსენიოს, ეს ჩვენი სიკვდილი იქნება! - მეც მაგას ვწუხვარ, ჩემო კიკო, მაგრამ რა ვქნათ? – მიუგო ბატონმა დაღონებით. – ხარჯი არ დამიკლია, თავი არ დამიზოგავს, სალარო თითქმის დავაცალიერე და მეტი რაღა მექნა? - ჩემო ხელმწიფევ! თუ არ გამიწყრებით, ჩემი უგუნური ჭკუით ისეთ რამეს გირჩევთ, რომ მეფის გულიც თქვენ დაირჩინოთ და აბაშიძის ძღვენიც დაავიწყოთ; ისეთი რამე მიუძღვენით, რომ მართლა გასაკვირველი და საარაკოც იყოს! - თქმა ადვილია, მაგრამ რა გამოვძებოთ მაგისთანა? - ღმერთი მოწყალეა! რახან ლამაზ ქალებზე მივარდა საქმე, არა გვიჭირს რა, ბედი ჩვენკენ არის! მღვიმის მონასტერში ორი დები იზრდებიან, ტყუპის ცალები, ერთი მეორისაგან არ გაირჩევა და არც მათი მსგავსი რამ ნახულა ჯერ ჩვენში. - მერე-და ობლები არიან? უპატრონო? - თითქმის, ჩემო ხელმწიფევ! ჩემს მეტი აღარავინა ჰყავსთ და მე ან ჩემი თავი რად მინდა და ან ისინი, თუ არ თქვენი ჭირის სანაცვლოდ? დედა იმათ არა ჰყავთ და მამა, ერთი ძმა ჰყავდათ და ისიც დაიკარგა, ამდენი ხანია მისი ასავალ-დასავალი აღარა ვიცით რა; მეც ხომ უცოლშვილოდ გადავდივარ, ეს არის, და თქვენს გარდა პატრონი და ჭირისუფალი ვინ ეყოლებათ? გამოიყვანეთ ორივე და მიუძღვენით მეფეს. ისინი სადაც უნდა იყვნენ, სასახლის კარზე, საქრისტიანოში თუ საურჯულოში, მაინც არა უშავთ რა: მათი სილამაზე და მზეთუნახაობა არც ერთს გზას არ დააკარგვინებს. დიდხანს ყოყმანობდა წერეთელი: მისი ნაერთგულარი ბაქარას შვილები დასაკარგავად არ ემეტებოდა, მაგრამ აბაშიძის მეშურნეობამ დარია ხელი; გამოიყვანა ორივე დები და წასვლის დროს მიუძღვნა ვახტანგს. როგორც მეფე, ისე მთელი მისი ამალა გაოცებული იყვნენ ბაქრაძის ქალების სილამაზით, მით უფრო, რომ ერთს მეორისაგან ვერ არჩევდნენ. მეფემ აღარ იცოდა, როგორი მადლი გადაეხადა წერეთლისათვის და დიდძალი ყმა და მამული უბოძა ზემო-ქართლში. თვითონ კმაყოფილი დაბრუნდა ქართლისაკენ და დაიბარა, რომ როგორც ეს ორი მზეთუნახავი, ისე დანარჩენი ათი ქალიშვილიც, თორმეტივე ერთად გამოემგზავრებინათ. მისი ნება ასრულდა, მაგრამ შიგ შუაგულ ქართლში ერთი უცნაური და უჩვეულო რამ მოხდა: მეფის ბარგს დაესხნენ თავზე ავაზაკები მოულოდნელად და თორმეტივე ქალი მოიტაცეს; ნივთეულობისათვის კი ხელი არ უხლიათ. მეფე ვახტანგს რომ მოხსენდა ეს თავხედობა, გარისხდა, ბრძანა გზების გაკვრა, მთელი სამეფო შესძრა, იმერეთშიაც ბევრი ეძებეს, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. ხალხში ჩუმად კი ლაპარაკობდნენ აქა-იქ: „ეს ბიჭობა, კახეთში რომ გამოჩენილი ბაში-აჩუკია, მისი საქმე უნდა იყოსო“. დიდმა ხანმა გაიარა ამის შემდეგ. ჭიდაობის შემდეგ აბდუშაჰილი თავის ქერქში აღარ იყო; გულში ჩაიდვა ბაში-აჩუკის ჯავრი და სულ მარტოდმარტო აქეთ-იქით დაეხეტებოდა მთელი დღე; უდაბურ ტყეებშიაც კი დადიოდა, რომ ეგებ სადმე წავაწყდე ჩემს მძლეველს, სამაგიერო გადავუხადო და სირცხვილიდან გამოვიდეო. მარტო აბდუშაჰილი არა ჰფიქრობდა ბაში-აჩუკზე, სხვებსაც ბევრს ჰქონდა გატეხილი ძილი, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა იყო: პირველს ვაჟკაცური ჟინი აშფოთებდა და სხვებს კი ათასი ოქრო არ ასვენებდა. ამ უკანასკნელებში ყველაზე უფრო მეტად ჰქონდა საღერღელი აშლილი თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები, ტერტერას ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უამისოდ არც ჭირი და არც ლხინი არ იქნებოდა, ავშიაც გამოსადეგი იყო და კარგშიაც, და მასთანაც განთქმული მაჭანკალი. ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ეს მაშინვე, თითქოს ტრუსის სუნი ეცაო, იქ გაჩნდებოდა და დაატრიალებდა ჯარას; დიდსა და პატარას ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, ყველასათვის საჭირო და გამოსდეგი, მაგრამ არავის არ უყვარდა. გაიგო თუ არა ბაში-აჩუკის თავი ათას ოქროდ დააფასესო, ანგარებამ აიტანა და ამბობდა გუნებაში: „ხუმრობა არ არის ამდენი ფულიო! ჩემი ხერხი და ეს ერთად ქვეყანას, უნდა, წაღმა დაატრიალებენ და უნდა, უკუღმაო. ბაში-აჩუკი როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელშიო... როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა ხალხში არავინ იცოდესო? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდებიაო? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც ვინმე სოფლელებთან დამოკიდებულება არა ჰქონდესო?“ ეს რომ გადასწყვიტა გუნებაში, კიდეც შეუდგა საქმეს: სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ნაძრახი ქალი ვინმე არისო, იმდენს ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახებში ნათელმირონიც კი შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის მზადებას დაუჩქარა; ხელად გაშალა სუფრა, გვერდში ამოიდგა ერთი დოქი კახური და ზედიზედ უსხამდა სტუმარს, აძალებდა: „დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად დაგეძინებაო!“ თიმსალ-მაკო სიცილით ეუბნებოდა: „ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც ტკბილად დამეძინებაო. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, რომ გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავსაო; ერთხელ რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებო“. ეს რომ სთქვა, ამოიღო ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა: „ხაშხაშისაგან შეზავებული ძილის წამალიაო; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდებაო; მე კი, რომ დავეგდები რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებსო“. მოუკრა თავი პარკს და ჩაიდვა ისევ ჯიბეში. ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი... ძილი მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა. სტუმარი გაიშმუშნა, გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინი. მელანომ ღიმილით წაიჩურჩულა: „მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებიაო“ და გამოტრიალდა სუფრისკენ, მაგრამ ალაგების ნაცვლად ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან ცივად მოხარშული დამზადებული დედალი, ყველი, მრგვლად მოხარშული კვერცხები, ხელადით ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და კარებისკენ იწყო ყურება. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია ვ დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინერებულ თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ჩვენი ძველი ნაცნობი – გლახა ბაქრაძე, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა ყაბალახი, უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი წურბელასავით ჩამოეკიდა კისერზე; დიდხანს შეტყუბებულსავით იყვნენ თავდავიწყებული... ახალმოსულს უცბად ხვრინი შემოესმა და შეკრთა. - ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ნათლია არის, ტერტერას ქვრივი, ხაშხაშნაჭამია და სძინავს. შენს მტერს ნუ-რა გაუგია, მაგან ვერა გაიგოს რაო. – უამბო ყველაფერი, მაგრამ ვაჟი მაინც იჭვნეულად აქნევდა თავს. თავის სიმართლის დასამტკიცებლად მელანომ ჯინჯგალი დაუწყო მძინარს, ხან ფეხებში მოავლო ხელი, ხან თავი აუწია: ბევრი აცოდვილა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა. ერთხელ კი წაიჭუჭყუნა მძინარმა და ამოუშვა ისევ ხვრინი. - დაეხსენ, ნუ აწვალებ! – მიაძახა ბაქრაძემ. – სანამ ეგ გამოიღვიძებდეს, მე აქედან შორს ვიქნებიო! – მიუჯდა სუფრას და საყვარელიც გვერდში მოისვა. დიდხანს იჭიკჭიკეს ისე, როგორც შეყვარებულთა რიგია; სხვათა შორის, ქალმა ჰკითხა: „ბაში-აჩუკს რად გეძახიანო?“ და ვაჟმაც მიუგო: „ეს აქ დამარქვეს თათრებმაო: ფაფანაკით რომ მხედავენ, უქუდო ვგონივარ, თავმოხდილი, და მათებურად ბაში-აჩუკი თავმოხდილსა ნიშნავსო“. ამისთანა ამბები ილაპარაკეს ვახშამზე; ბაში-აჩუკმა ერთი კვირის, როგორც თავისი, ისე თავისი ამხანაგების თავგადასავალი დაწვრილებით უამბო მეგობარს; ნავახშმევს ცოტა მოიალერსეს... მეორე მამლის ყივილზე ვაჟი გამოესალმა ქალს, უთხრა: „დღეისწორამდის ნუღარ მელიო“ და გაუდგა გზას. ტერტერას ქვრივს ერთი სიტყვაც მათი ნალაპარაკევი არ გამოჰპარვია, მაგრამ დილას კარგაძალზე იყო ამოსული მზე, რომ გამოეღვიძა და ისე წამოდგა, თითქო წუხელი სიზმარიც არ ენახოსო, გამოეთხოვა ნათლიდედას და გაუდგა გზას.თავი მერვე
ალი-ყული-ხანმა იმ დღეებშივე დაიბარა აბდუშაჰილი და უთხრა: - ერთგულების გამომჩენი, როგორც ჩვენებში, ისე სხვისიანებშიაც, ბევრი მყავს, მაგრამ ამ საიდუმლოს შენს მეტს მაინც არავის მივანდობო! აბდუშაჰილმა მორჩილების ნიშნად შუბლზე მიიდვა ხელი და მოახსენა: „ბაშ უსტაო!“ მაშინ მოუყვა ყოველივეს, რაც თიმსალ-მაკოსაგან შეეტყო და დაავალა, რომ ცხენოსნები წამოიყვანე დანიშნულ დღეს, შემოარტყი გარს მელანოს სახლს და როგორც ის ქალი, ისე ბაში-აჩუკი დაჭერილი მომგვარეო. აბდუშაჰილს არ ეჭაშნიკა ეს საქმე. „მარტო რომ სადმე შევყროდი და სამაგიერო გადამეხდევინებინა, ის იქნებოდა კარგი, თვარა კაცს უდროოდ და უადგილოდ მივასწრო, ჯარი დავახვიო და დავიჭირო, ეს რა ვაჟკაცობაა და რა საკადრისიაო?“ მთელი დღე სულ ამაზე ფიქრობდა; დაღამდა თუ არა, გაუდგა გზას მარტოდმარტო და მიადგა კარზე თევდორაანთ მელანოს; მელანომ რომ უდროო დროს მოსული უცხო თათარი დაინახა, შიშის ქარმა აიტაცა, მაგრამ აბდუშაჰილმა უთხრა: - ნუ გეშინია! სამოყვროდა ვარ მოსული და არა სამტროდო. ქალმა რომ მშვენიერი ვაჟკაცი ტკბილად მომღიმარი ნახა, გული მოიბრუნა. - კურთხეულ იყოს თქვენი მობრძანებაო, - ყელმოღერებით უთხრა, მორცხვად კავები გაისწორა და სკამი დაუდგა. თათარმა მიიხედ-მოიხედა, კარები გადაუგდო შიგნიდან და ხანჯალი ამოიღო, ქალი შეკრთა და უთხრა: - რა საჭიროა იქ ძალადობა, სადაც ნებაყოფლობას წინ არა უდგას რაო? თათარმა, ვითომ ვერც კი გაიგონა ეს სიტყვები, ჩაიყო მეორე ხელი ჯიბეში და სავსე ქისა ამოიღო. - აი, ხომ ხედავ? ერთ ხელში ხანჯალი მიჭირავს, მეორეში ოქრო. რომელიც გინდა აირჩიე! თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ, თუ არა და – ამ ხანძალზე აგაგებ ახლავეო. ქალმა მორცხვად წაილაპარაკა: „ნურც ხანჯალს გარჯი და ნურც ოქროს დახარჯავ, მე შენს მარტო ვაჟკაცობასაც დავჯერდებიო“. აბდუშაჰილმა მკვახედ მიაძახა: - სცდები! შენ რომ ჰფიქრობ, მე იმ განზრახვით არ მოვსულვარ! მე ვიცი, რომ შენთან ბაში-აჩუკი დადის და ის როგორმე ხელში ჩამაგდებინეო. ამის გამგონე მელანო გაფითრდა და კანკალი აუვარდა: დიდ ფიცსა და უარზე დადგა; აბდუშაჰილმა სიამოვნებით შეხედა ქალს, მაგრამ ისევე უცბად შეიჭმუხნა სახე და ურჩია: - არა, ქა ფიცი აღარ გაგივა, დაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე: აჰა! წაიღე ამ თავით ეს ქისა და მერე, როცა იმას ხელში ჩამიგდებ, ის ათასი ოქროც შენთვის დამითმია, და არც მოღალატობას გაგამხელ, ალლაჰი მომიცია თავდებადო. – ამგვარი რამეები ბევრი უთხრა, დიდხანს ურჩევდა, მაგრამ გაკერპებულმა ქალმა გააქნია თავი. აბდუშაჰილი თანდათან აღტაცებაში მოდიოდა და გუნებაში ჰფიქრობდა: „აი, სად ყოფილა ქალი! კიდეც ეს არის, რომ ამდენი ხანია ქართველები გვიმკლავდებიანო!“ უკანასკნელად მიუბრუნდა ქალს და შესძახა: - მაშ, ახლა კი გამოეთხოვე სიცოცხლესო! – ქალი ჩაიკეცა და სიკვდილის მომლოდინემ თვალებზე ხელი მიიფარა; თათარმა ხელები მოავლო, წამოაყენა ზეზე და დამშვიდებით უთხრა: - გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი არა ხარ! აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდიო. მელანო მუხლებზე მოეხვია და დაუწყო კოცნა. - მე ვიცი, - განაგრძო აბდუშაჰილმა, - რომ ამა და ამ დღეს ბაში-აჩუკი შენთან იქნება; მეც ნაბრძანები მაქვს, რომ ჩემი ცხენოსნებით შემოვერტყა გარს შენს სახლსა და დავიჭირო, მაგრამ გააფრთხილე, რომ აქ არ დამიხვდესო! – გაოცებულმა მელანომ უცბად შეჰკივლა: - მაშ, შენ მეგობარი ყოფილხარ ბაში-აჩუკისო? - არა, მტერი, დაუძინებელი მტერი! ან ის უნდა იყოს და ან მე! ახნ უნდა მოვკლა, ან უნდა შევაკვდე, მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ უნდა მივიდეთ ერთიმეორეზე ისე, როგორც ვაჟკაცის წესია და არა ქურდულად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს!.. ხომ გესმის? ესეები ყველა გადაეცი ბაში-აჩუკს და ახლა კი მშვიდობით და გამარჯვებითო. გამოეთხოვა, გადაუგდო სავსე ქისა და გაიარა კარი. დანიშნულ ღამეს აბდუშაჰილი მართლა შემოერტყა გარს მელანოს სახლს, მაგრამ სახლში შეშინებული ქალისა და მძინარე ბავშვების მეტი ვერავინ ნახეს. იმავე დროს შიგ თელავში ავარდა ალი და თიმსალ-მაკოს სახლი ისე გადიბუგა, რომ ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩინეს, გარდა ადამიანებისა.თავი მეცხრე
ერთ დღეს, დილიდან საღამომდე, შუამთის უდაბურ ტყეში დადიოდა აბდუშაჰილი, რომ ეგებ ბაში-აჩუკს, ან მის ამხანაგთაგანს და ან მათ ბუდეს სადმე წავაწყდეო, მაგრამ მოუცდა განზრახვა. დაბრუნებულს წინ ერთი შველი შეეფეთა, შეჩერდა შორიახლოს და ისე დაუწყო ყურება, თითქოს შინაურიაო. აბდუშაჰილმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, სტყორცნა და გააგორა მიწაზე! რომ მივიდა ასაღებად, ნადირი უცბად წამოვარდა ზეზე და ბარბაცით გაუდგა გზას!.. მონადირე მიჰყვა კვალდაკვალ. შუაგულ ტყეში თურმე ერთი დიდი მინდორი იყო და იმას მიაშურა; მონადირეც რომ მიადგა ტყის პირს და მინდორს თვალი გადაავლო, შენიშნა, რომ მეორე მხრით ტყიდან გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი ჯერ მას არა ენახა რა; შეჩერდა და ამოეფარა ხეს. დაკოდილმა შველმა პირდაპირ ქალისაკენ მიმართა, შესწივლა ორჯერ-სამჯერ და მიადვა კალთაზე თავი. ქალი შეკრთა, მიიხედ-მოიხედა და, რომ ვერავინ დაინახა, თეძოში გარჭობილი ისარი ამოუღო, გადააგდო, მოჰკიდა შველს ნაყარ რქებში ხელი და იქვე, ახლოს, წყაროსთან მიიყვანა, სისხლი გაბანა და წყლული ამოუწმინდა. შველი ისე ემორცილებოდა, როგორც გრძნობიერი რამ: დაუწვა ფერხთით, ცალ გვერდზე და მიადო თავი; ქალმა მანდილს ყური მოჰხია და დაუცვა ჭრილობა. ამას ყოველივეს გაოცებით უყურებდა მონადირე და გუნებაში ამბობდა: „ნადირთა ღმერთს რომ იტყვიან, სწორედ ეს უნდა იყოსო!“ აღარ მოუთმინა გულმა, მიეპარა ფეხაკრეფით და წაადგა თავზე. შველმა იგრძნო, დაფრთხა, წამოვარდა ზეზე, ორჯერ-სამჯერ გადახტა განზე, მაგრამ უცბად შეჩერდა და მოიხედა უკანვე. ეტყობოდა, რომ მონადირეს ერიდებოდა და იმავე დროს ქალის მოშორებაც არ უნდოდა. ქალი წამოდგა ზეზე, მოიხედა უკან და, თათარი რომ დაინახა, ერთი საოცრად დაიკივლა, ჩაიკეცა და შემოეყარა გულს. აბდუშაჰილი მივიდა, მოჰკიდა ხელი, ბევრი აბრუნა აქეთ-იქით, ცხვირი მოუსრისა, ყურები აუწია, მაგრამ ვერ გამოაბრუნა; მივიდა მერე წყაროზე, პეშვი აივსო წყლით, გამობრუნდა, ასხურა გულწასულს. ქალმა თვალები გამოახილა. - ნუ გეშინია! შენ და და მე ძმაო! – მიაძახა აბდუშაჰილმა. – მითხარი მხოლოდ, ვინ ხარ და საიდან, რომ ჭირისუფალთან მიგიყვანოო! ქალმა ხმა ვერ გასცა, გაუშვირა თითი დასავლეთით ტყისაკენ და ხელახლა შეუწუხდა გული. თათარმა აიყვანა ხელში ბავშვივით, გადაიწვინა მკლავებზე, მიიყრდნო გულ-მკერდზე და ალალბედზე წაიღო იქით, საითკენაც ანიშნეს. შველი ძაღლივით აედევნა, წაუსწრო წინ; ერთ-ორს რომ გადახტებოდა, შეჩერდებოდა ხოლმე და მოიხედავდა უკან. თათარმა იფიქრა: „აქ რაღაც განგება არის, მივყვები ამ ნადირს და, სადაც მიმიყვანს, მიმიყვანსო“. გზაში, ქალმა რომ ვაჟკაცის გულ-მკერდის სითბო იგრძნო, გონზე მოვიდა: რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში; ჯერ გამოუცდელი სიტკბო იგრძნო, ვერ გამოერკვა; იფიქრა: „ეს სწორედ სიზმარიაო! ძილში ადრეც მინახავს ამგვარი რამ, მაგრამ ეს კი ყველაზე უძლიერესიაო“; დახუჭა თვალები და განაბა სული. ახალგაზრდა აბდუშაჰილსაც რაღაც უცნაური ემართებოდა; დასჩერებოდა სახეზე და ფიქრობდა გუნებაში: „ეს სწორედ მაჰმადის დაპირებული მზეთუნახავი უნდა იყოს და მეც ცოცხლად სამოთხეში მივდივარო“. ყოველ ბიჯის გადადგმაზე გულის ძგერა უხშირდებოდა და უმატებდა. ქალთან სიხლოვის უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ არაოდეს ეს არ უგრძვნია, რასაც ახლა ჰგრძნობდა; სხვიმის მხოლოდ ხორცი ჰგრძნობდა; ახლა კი ხორცი დადუნებულია, მხოლოდ სული იტაცებს და მიაფრენს სადღაც სანეტარო უფსკრულისაკენ. ამ ყოფით რომ მიდიოდა ნელ-ნელა, უცბად შუაგულ ტყეში შენობა გამოჩნდა და პირდაპირ მის გალავანს მიაწყდნენ. შველი მიადგა ჭიშკარს და წივილი დაიწყო. აბდუშაჰილმაც წიხლი ჰკრა, მაგრამ მაგრად დაკეტილი დაუხვდა; მიაყურა და ხმაურობა არა იყო რა. დასდვა თავისი ძვირფასი ტვირთი ძირს და მოინდომა გალავნის ირგვლივ შემოვლა და, იმავე ადგილს რომ მივიდა, აღარც ქალი დაუხვდა, აღარც შველი, კარები კი ისევ ისე დაკეტილი იყო შიგნიდან. აბდუშაჰილს თითქმის ელდა ეცა; დიდხანს იყურყუტა, ბევრი ათვალიერა აქეთ-იქით, გალავანსაც ორ-სამჯერ გარს შემოუარა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს ეტყობოდა. სთქვა: „რაც განგებას ჩემთვის დაუნიშნავს და ბედს ერთხელ უჩვენებია, ის, იმედია, აღარ ამცდება და კიდევ სადმე შევხვდებიო, მაგრამ საიდუმლოდ კი უნდა შევინახოო“. დაღონებული და ნეტარებით გაბრუებული დაბრუნდა თელავისაკენ. იმ დღიდან, რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა, უფრო და უფრო ეკიდებოდა მას სიყვარულის ცეცხლი, მოსვენება აღარ ჰქონდა; შუამთის მონასტრის ახლომახლო ტრიალებდა მოჯადოებულსავით; ბევრჯერ წყაროსთანაც გაუთენებია, მაგრამ აღარ იქნა, ვერ მიხვდა საწადელს. აღმოსავლეთურმა მიჯნურობამ შეიპყრო, გაახელა და მარტოობისათვის მიაცემინა თავი. მეგობრები სწუხდნენ, არეულად რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ მიზეზს, მაგრამ ის საიდუმლოს ჰფარავდა და უბრალო ავადმყოფიბას სდებდა ბრალს.თავი მეათე
ვახშმობა გადასული იყო. ტახტზე მხარ-თეძოზე წამოწოლილი ალი-ყული კრიალოსანს ათამაშებდა და მალ-მალე კარებისაკენ იხედებოდა. გაიჭრიჭინა კარმა, შემოჰყო თავი ტერტერას ქვრივმა, ფრთხილად შემოვიდა, დაბლად თაყვანი სცა ხანს და გაჩერდა. - ოჰ! შენა ხარ, თიმსალ? – უთხრა ხანმა. – სად არის? - მარტო გეახელი! – მიუგო მოწყენით ქვრივმა. - მარტო რაში მინდიხარ? – მიაძახა ცოტა გულმოსულმა და წამოჯდა. – ეგები საჩუქარი ეცოტავა? - რა ბრძანებაა, ჩემო ხელმწიფევ! მხოლოდ ვეღარ მიუსწარი. ეჭვი აუღიათ ჭირისუფლებს და გადაუხიზნავთ. - როგორ თუ გადაუხიზნავთ? - სადაც კი გამოჩნდება ლამაზი ქალი, სულ მონასტრებში მიჰყავთ, ვითომდა მოლოზნებად, და იქ კი მალავენ, რომ ან თქვენ დიდებულებას ან სხვა ვისმე გამოჩენილ ხორციელს ხელში არ ჩაუვარდეს. აი, ბატონო, რაღა შორს წავიდეთ, შუამთის მონასტერი ლამაზებით არის გატენილი! შარშან რომ დიდებული ყეენის საძღვნო თორმეტი ქალი მოსტაცეს ქართლის მეფეს, ისინიც იქ არიან თავშეფარებული. - იმათ მოტაცებას ხომ ბაში-აჩუკს აბრალებდნენ? - სულაც ეგ მინდოდა მომეხსენებია, ჩემო ხელმწიფევ! იმ მონასტერში ბევრი რამ თქვენი საწინააღმდეგო ხდება. რომ ისინი არ უწყობდნენ ხელს გადავარდნილებს, განა ამდენ ხანს ისინი თავს შეინახავდნენ უდაბურ ტყეში? მაგრამ ნათქვამია: „ციხე შიგნიდან გატყდებაო“, - კარისკაცები აფარებენ ხელს. - ვისზე გაქვს ეჭვი? – ჰკითხა სიჩქარით აღელვებულმა ხანმა. - ქართველები არცერთი სანდო არ არიან და ყველაზე უფრო მეტად ჩოლოყაშვილი. - გაქვს რამე საბუთი? - განა ის ისეთი კაცია, რომ სასაბუთოდ დაიჭიროს საქმე?! არა! მაგრამ გული კი მეუბნება და ხანდახან წინათგრძნობაც საბუთია. - შენ ბაში-აჩუკზედაც კი გეუბნებოდა გული, მაგრამ ტყუილი გამოდგა. - იქაც მართალი გახლდით, ჩემო ხელმწიფევ, მაგრამ, უეჭველია, გაგვთქვეს, თვარა ვინ ერჩოდა ჩემ საცოდავ სახლს? - მიჰქარავ! და და აბდუშაჰილის მეტმა არავინ იცოდა. შენ შენი სახლკარის გადაწვა გამწარებს და აღარავის ჰზოგავ!.. ქვეყანას ცილსა სწამებ; ჩოლოყაშვილი დილიდან საღამომდე გვერდში მიდგას, ჩვენს ერთგულებაში ათენ-აღამებს და შენ კი ორგულობასა სწამებ! თუ მაგრე მართალია მონასტრის საქმეც, ვაი შენს ტყავს! - არა, ჩემო ხელმწიფევ, მე თქვენი ერთგულება მაბედვინებს, თვარა რა მრჯის მაგისთანა საქმეებში გარევას?! – მიუგო ცახცახით დედაბერმა. – მონასტრის შესახებ კი რაც მოგახსენეთ, ის სულ მართალია, და, თუ მტყუანი გამოვდგე, თავი გამაგდებინეთ. - შენ როგორღა გაიგე? - კოჭი-ბროლამ გადმომცა. - ვინა?! - კოჭი-ბროლამ. აქ ერთი დერციკის ცოლი გახლავთ, ჩემი მამიდაშვილი, სილამაზით განთქმული... თქვენ სად მოგაგონდებათ, თორემ აქაც კი გხლებივართ ერთად... ის გადავკიდე ერთ ვინმე ახალგაზრდას, რომელზედაც ეჭვი მქონდა აღებული, და იმას გამოუტეხია. ამის გამგონი ხანი თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და ბრაზმორეულმა დაუღრიალა: „ეი, აბდუშაჰილ, აბდუშაჰილო!“ შეშინებული დედაბერი იქვე კუთხეში მიიკრუნჩხა. ყვირილზე ერთი შუახნის მხედარი შემოვარდა და მოახსენა: აბდუშაჰილი შეუძლოდ გახლავთ და დღეს მის მოადგილედ მე გახლავართ. - კეთილი, სულ ერთია! – ათრთოლებული ხმით უბრძანა ხანმა. – წადი ახლავ, ცხენოსანი ჯარი შემოარტყი შუამთის მონასტერს და ააოხრეთ! აიკელით! ნურავის დაზოგავთ: ნურც დიდს, ნურც პატარას, ნურც ბებერს, ნურც ყმაწვილს! ჯერ ყველა გააუპატიურეთ იქვე საჯაროდ!.. ნამუსი ახადეთ და მერე ნაკუწ-ნაკუწად აქციეთ ყველა! მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რომელიც სხვებზე ულამაზესი გამოდგეს, აქ წამომგვარეთ ხელუხლებლად; ნადავლი ჯარმა გაიყოს. გასწი, ნუღარ აგვიანებ! მხედარი აჩქარებით გამოვიდა ბრძანების ასასრულებლად. შეშინებული ბებერი უკან გაჰყვა და ხანმა კბილების ცახცახით წაილაპარაკა თავისთვის: „მე გაყურებინებთ, თუ როგორ უნდა ღალატი და მოტყუებაო!“ გათენებისას, ცოსკრის დროზე, მოულოდნელად, ერთი საოცარი ტირილისა და გოდების ხმა გაისმა შუამთაში. თათრები დაერიენ უმწეო დედაკაცებს უდაბნოში და მუსრი გაავლეს. ზოგი გალავანზე გადაცვივდა, ზოგი კლდეზე გადაიჭრა, რომ თავი საბილწავად არ მიეცა, ზეგმა თვითონ მოიკლა ნამუსახდილი თავი და სხვებს უმოწყალოდ გამძვინვარებული მტრები ჰკეპავდნენ. ამ დროს ჯარის უფროსმა გამოათრია გარეთ ერთი ახალგაზრდა, სრულიად გაწეწილ-გაგლეჯილი ქალი, და გულშეწუხებული დასვა ცაცხვქვეშ, ბრტყელ ქვაზე. - ნუ გეშინია, გული მოიბრუნე, შენ არავინ არას გერჩის! - რაღას აგვიანებ? ბარემ მომკალ და გაათავე! სადაც ამდენი უმანკო სული ამოგიწყვეტიათ. მე რაღა დასატოვებელი ვარ? – სასოწარკვეთილებით შესტირა ქალმა. - შენს სილამაზეს უმადლოდე! იმან გადაგარჩინა. ახლა უნდა წაგიყვანო, შენი თავი დიდებულ ხანს მიუძღვნა. ვინ იცის, რა ბედი მოგელის? ადვილად შესაძლებელია, შენი სილამაზის პატრონმა მზებრწყინვალე შაჰის ცოლობასაც კი გამოჰკრას ხელი. ამ სიტყვებზე შეჰკრთა ქალი და კანკალი აუვარდა. თათარმა ეს სიხარულის ნიშნად მიიღო და სიცილით უთხრა: „თუ ვინიცობაა, ჩემი სიტყვები გამართლდეს, ნუ დაგავიწყდებიო“. ქალმა ძალდატანებით ვითომ გული მოიბრუნა და დამშვიდებით უთხრა: - ჩემო კარგო, ეგ ახდება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ, დღეს რომ შენ სიკვდილს გადამარჩინე, მეც მინდა ეხლავ სამაგიერო გადაგიხადო! ისეთს ჯადოს მოგცემ, რომ ვერც ტყვია მოგეკაროს და ვერც რკინეულმა გაგჭრას. თათარმა ჯერ გაოცებით შეხედა და მერე ღიმილით უთხრა: - თუ მართლა მაგისთანა წამალი იცით ქართველებმა, რატომ არ იკეთებთ? თქვენმა თავმა ქვა გკრათ? - ვინ გითხრათ, რომ არ ვიკეთებთ? მაშ თუ არ ჯადოს წყალობით, რა გაგვაძლებინებდა აქამდე ამდენ ვაი-უშველებელში? მთელი ქვეყნის ხალხი უხსოვარი დროიდან გარს გვეხვევა მტრად ამ ერთი მუჭა ხალხს. ჩვენ, მადლობა ღმერთს, ვიგერიებთ და, სადაც ასი და ორასი მტერი წყდება, იქ თითო-ოროლა ქართველი თუ კვდება, მეტი არა, და ისიც მისთანები, რომლებზედაც ჯადო აღარა სჭრის. შენა გგონია, რომ დღეს ჩემმა სილამაზემ გადამარჩინა? არა! მხოლოდ ამ ჯადომ დამიხსნა! – ამოიღო უბიდან ტყავში გამოკრული, ნაწილებიანი ხატი, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა, და უჩვენა. თათარმა შეხედა და ერთი ბიჯი უკან გადადგა. ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა: „სხვებსაც ხომ ჰქონდათ ეგ ჯადო, რაღა მარტო შენზე გასჭრა?“ - უბრალო შემთხვევის ბრალია: მე უვახშმოდ დამეძინა, სხვაბი კი ვახშამნაჭამნი იყვნენ; და ამ ჯადოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა კაცი მარხულია. თათარმა იჭვნეულად გადააქნია თავი. - არა გჯერა? – დაბეჯითებით ჰკითხა ქალმა. – მაშ, ვცადოთ! მაგაზე ადვილი რაღა არის?! აი, ჩამოიკიდე გულზე, ეგ შენი ხმალი მომეცი, მე დაგკრავ, რაც ძალი და ღონე მაქვს, და ნახე თუ ან კანი გაგიჭრას!.. თათარმა გაიცინა: - ისემც კარგი დაგემართოს, მაგრამ, უცაბედად რომ გასჭრას, მერე რაღა ვქნათ?.. ჰმ!.. მით უფრო, რომ წუხელი კარგა ლაზათიანად შევექეცი ვახშამს... შენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოვიცვალე. - შენა გგონია, რომ გატყუებ? მაგას სიფრთხილე გალაპარაკებს; აბა ჩემზე სინჯე: რაც ძალი და ღონე გაქვს, ნუ დამზოგავ, და ნახავ, თუ კაბისა და პერანგის მეტი გამიჭრას რამე! – გადაღმა გულაღმა ქვაზე და გულზე დაიდვა ხატი; თათარმა გამოსაცდელად, თუ მართლა არ შეშინდესო, ამოიღო ხმალი და დაუქნია, მაგრამ ჰაერშივე შეაჩერა. ქალი არ განძრეულა და ღიმილით უთხრა: - არ გითხარი, რომ ვერას დამაკლებ-მეთქი? თათარი დარწმუნდა, რომ ეს აღარ ხუმრობსო; ჯადოს ხელში ჩაგდების სურვილმა წაიტყუა; მართლა მოუქნია ხმალი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. და შუაგაწყვეტილი ქალი ნახევარი იქით გადავარდა და ნახევარი აქეთ. შეკრთა მოტყუებული მხედარი, შემოიკრა თავში ხელი: „გამაბრიყვა ამ უბედურმაო!“ გადააქნია მწუხარებით თავი აქეთ-იქით, ერთი კიდევ დახედა დარცხვენით, ჩააგო ხმალი და გაშორდა. ამავე დროს იბრიალა და ავარდა საოცარი ალი აოხრებულ მონასტერს. გაიგეს თუ არა ეს სამწუხარო ამბავი თელავში, ახლომახლო სოფლები აღელდნენ, მაგრამ მწუხარების გამოცხადებას როგორ გაბედავდნენ? არ სწყენიათ მხოლოდ ქართველების მტრებს და სასიამოვნოდ მიიღეს ყველა თათრებმაც, გარდა ერთისა, რომელმაც, გაგონების უმალვე, გრძნობა-გონება დაბნეულმა, გააქანა ბედაური შუამთისაკენ. ეს ერთი იყო აბდუშაჰილი. რომ მივიდა, მონასტერი გადამწვარი დახვდა და სიჩუმე-არარაობას მოეცვა არემარე; დაღონდა და პირველად გაივლო გულში სალავათი: „ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი შენთვის მართლა საჭირო იყოს? ან რა ვაჟკაცობაა უიარაღო, უმწეო, სუსტი დედაკაცებისა და ბალღების ჟლეტა? ქრისტიანები ამგვარს არას სჩადიან!.. თვით ყაჩარებიც კი ერიდებიან ამ საქმეს. ამ ორ-სამ წელიწადში, ვინ იცის, რამდენი ოჯახი აიკლეს, როგორც თათრების, ისე თვით ქართველებისაც, მაგრამ, აბა თუ ერთი სადმე უკადრებიათ უიარაღო დედაკაცებისა და ბავშვების ხელის შეხება?“ – ამ ზრახვით გაიარა დიდი ეზო და განაკიდეს მიადგა ცაცხვს; იქ უცბად შეჩერდა, დახედა გაჩეხილ ქალს, ერთი საოცრად დაიყვირა, წაბარბაცდა და იქვე, ცაცხვს რომ არ მიჰყუდებოდა, წაიქცეოდა. დიდხანს იყო ისე ხმაამოუღებლად. ბოლოს შეიძრა, დააშტერდა მკვდარს და სასოწარკვეთილებით სთქვა: - რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ცხადი სიზმრად გადამიქციე? ამას ველოდი? გაჰქრა, წავიდა! ჩამიარა ოცნებამ! მაგრამ რაც ერთხელვე გულზე ისე ნათლად დამერჭო, იმას ვეღარა ამოშლის რა!.. თუ ცოცხალი დავკარგე, მკვდარი ხომ მაინც ჩემია! – დაავლო ხელი ორად გაჭრილს, მიიკრა გულზე და წაიღო იქითკენვე, საიდანაც ამ რამოდენიმე ხნის წინეთ ისეთ ნეტარებით მიჰქონდა, მაგრამ სულ სხვადასხვა კი იყო მაშინ და ახლა. მაშინ, ნეტარებით გაბრუებულს, მაღლით ცა ეხსნებოდა, და ახლა კი, უბედურებით სულშეხუთულს, დედამიწა უსკდებოდა! მოიტანა წყაროსთან და დადვა. დიდხანს დაჰყურებდა თავზე და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ წვერ-ულვაშზე. იმ დღესვე გასჭრა საფლავი წყაროსთან, მიაბარა საიდუმლოდ თავის დაუვიწყარი განძი სამარეს და საფლავის პირი მიასწორ-მოასწორა. იმ დღიდან ხშირად, ძალიან ხშირად, ამოიდიოდა ხოლმე და ძვირფას სამარესთან ღამეს ათევდა.თავი მეთერთმეტე
ერთხელ, მთვარიან ღამეში, აბდუშაჰილი მხარ-თეძოს წამოწოლილი რომ იყო და ჩვეულებრივად, ტკბილი მოგონებით გატაცებული, გაბრუებული ოცნებობდა, შრიალი მოესმა; მოიხედა, დაიყვირა, ზეზე წამოვარდა, რამდენიმე ბიჯი უკან გადადგა, მოისვა ხანჯალზე ხელი და გაშრა, თითქო ენა ჩაუვარდაო: მის წინ იდგა ის, ვისაც ის იგლოვდა და სტიროდა. - შორს ჩემგან! შეგაჩვენოს მაჰმადმა, თუ ფარსაგი სული არა ხარ! – მიაყვირა ხელის ქნევით. - ნუ გეშინია, მე ისა ვარ, ვისაც შენ იგლოვ და სტირი! – მიუგო დამშვიდებით ქალმა. - სული, ჩემ სანუგეშოდ და დასატკბობად საიქიოდან მობრუნებული? - სწორედ შენთვის და შენთან მოსული, მაგრამ სული კი არა, ხორცშესხმული, ცოცხალი ადამიანი, შენს სიყვარულზე დარწმუნებული და შენი მოყვარული. - როგორ! გაცოცხლდი? - მე მკვდარი არა ვყოფილვარ. - მაშ ეს? – მიუთითა გაოცებულმა საფლავზე. - შესცდი: ეგ და იყო, საბრალო პირმთვარისა, ჩემი ტყუპის ცალი და მგვანი; მე კი პირიმზისას მეძახიან. - დაილოცოს, ღმერთო, შენი განგება! – დაიღრიალა აბდუშაჰილმა, მივიდა და დაუჭირა ხელები. – მითხარი, მითხარი, სიზმარია თუ ცხადი?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამიხსენი, თვარა გონება მეკარგება! – მეტის აღელვებისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა და ჩაჯდა. ქალი მიუჯდა გვერდით ახლო და ალერსიანად უთხრა: - აი, ხომ ხედავ, რომ არ გერიდები? ამიტომ რომ და ვარ შენი. თუ გაგონდება, სწორედ ამ ადგილას, გულშემოყრილი რომ გამომაბრუნე, ძმობა მითხარი და ვიცი ვაჟკაცის სიტყვა არ გატყდება. იმ დღიდან მეც შენი სიყვარული ჩამივარდა გულში, მაგრამ როგორც უნაყოფო რამ და განუხორციელებელი. რადგანაც რჯულის სხვადასხვაობა ჩვენს ერთობას ხელს უშლიდა, ის გრძნობა გადავიტანე და-ძმურ სიყვარულზე და დავმორჩილდი ბედს. თათარი გაოცებული უსმენდა და ბოლოს ხმის კანკალით ჰკითხა: - დაო, მაგრამ დაზე უტკბესო! შემატყობინე, როგორ გადარჩი და ან აქ ვინ მოგიყვანა? - მონასტერი რომ აიკლეს, ჩვენ რამდენიმე აგვარჩიეს; ტყვედ ვუნდოდით წავეყვანეთ, მაგრამ იმ არეულობის დროს თვალსა და ხელს შუა გავეპარე და იქვე უცბად მივიმალე. მახლობლად ცარიელი ქვევრი მეგულებოდა და შიგ ჩავძვერი. როდესაც მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და წავიდნენ, გამოვედი, აქვე ტყეში დავიმალე, გიყურე, საცოდავ ჩემ დას რომ ჰგლოვდი და ან როცა დამარხე; ვიცოდი, რომ მე გეგონე და სიყვარულზე სიყვარული მემატებოდა. მას აქეთ აქ ვდგევარ ერთ გამოქვაბულში და ხშირად გხედავ ხოლმე ფარულად აქ მჯდომარეს. დღეს გულმა აღარ გამიძლო და გამოგეცხადე. ახლა ამის მეტს ვერაფერს გაიგებ ჩემგან და, თუ კიდევ მეტი გინდა შეიტყო, წამომყევი სადგურზე, მაგრამ იმ პირობით კი, რომ რაც უნდა ნახო, არ გაიკვირვო და არც იარაღი იხმარო. მენდობი? - გინდ ჯოჯოხეთშიაც წამიყვანო. - ფიცი?.. - ვფიცავ მაჰმადს! - რომელსაც ქრისტიანები ვერ ვენდობით! - მაშ თვით თქვენს ქრისტეს!.. - შენი რა არის?! არა! სხვა თავდები მომეცი. დაიფიცე ვაჟკაცის სიტყვა. - ვფიცავ და ზედაც დავამატებ იმ ჩემს უცნაურ სიყვარულს, რომლის გამოთქმაც არ შემიძლია!.. - ახლა კი მჯერა! – სთქვა ქალმა, წამოდგა, წამოაყენა კაციც და ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ უდაბურ ტყეში.თავი მეთორმეტე
შუაგულ ტყეში, ერთ თითქმის მიუვალ ნაპრალში, გამოქვაბულში, ისხდნენ ახალგაზრდა ბიჭები ცეცხლის წინ და მწვადებს აშიშხინებდნენ. იქვე გრძელი სუფრა ედგათ, მაგრამ ცარიელი, ზედ არც პურები ეწყო, არც ღვინო და არც შეჭამადი. გარედან ფეხის ხმა მოისმა და შემოვიდა ქალი მოზრდილი ხელკალათით. - ოჰ, მელანო, შენა ხარ? – ჰკითხა ერთმა, რომელსაც მეთაურობა ეტყობოდა. - მე ვარ, სანდო ვერავინ ვიშოვნე, რომ გამომეტანებინა და მეტი რაღა გზა მქონდა? მოვდიოდი, მაგრამ შიშით კი მუხლები მიკანკალებდა. მალე დამიცალეთ!.. მძინარი ბალღები მარტო დავყარე შინ! – სთქვა მელანომ და გადასცა ხელკალათი. - ჰა, ვახშამს გავათავებთ და კიდეც გაგატანთ ვისმე სამშვიდობომდის – უთხრა, უფროსს რომ ჰგავდა, იმანვე. მელანომ წყნარად გადიარა და მიჯდა კუთხეში თავისთვის. ხელკალათიდან პურები ამოალაგეს, ხელადით ღვინო, ქოთნით შეჭამანდი, დააწყვეს სუფრაზე. - „გაუმარჯოს მეძღვნეს!“ დაიძახა ერთმა იქ მყოფთაგანმა: „სამაგიეროდ ჩვენც ჩვენი დღევანდელი ნანადირევი ვუზიაროთო!“ დასთანხმდა ყველა და დიდძალი ასო-ასოდ აქნილი შვლის ხორცი ჩაუწყვეს კალათში. უცბად ზარნაშომ დაიკივლა; წამოცვივდნენ სუფრიდან, მოავლეს იარაღს ხელი და გავარდნას აპირებდნენ კარში, რომ ზარნაშოს ხმა არ შეწყვეტილიყო და ნაცვლად წრომს არ დაეწყო წივილი. შემობრუნდნენ ისევ. სთქვეს: „ალბათ მეთვალყურენი შესცდნენ, მაგრამ რა ხუმრობაა? ჩვენ კი გული გადაგვიტრიალდა და!“ შემოვიდა პირიმზისა და სიცილით სთქვა: - ვაითუ შეშინდით! მეთვალყურე შეცდა, კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში, ჩემი ტყვე მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. კიდევ კარგი, რომ მალე გავაგებინე და სამშვიდობოზე გადავიდა. - ტყვე? ტყვე? ტყვეო? – იკითხეს გაოცებით აქეთ-იქით. - დიახ! მოგიყვანეთ დამორჩილებული! იარაღიც არ ამიყრია, რომ ვაჟკაცისათვის სირცხვილი არ მეჭმია. მიიღეთ, როგორც სტუმარი! საწყენი არა ჰკადროთ-რა! ამ სიტყვაზე უცბად გავიდა გარეთ და შემოიყვანა აბდუშაჰილი. წამოცვივდნენ სუყველა ზეზე და შეაჩერდნენ. აბდუშაჰილი შემოსასვლელშივე შეჩერდა და გაოცებით დაიძახა: „ბაში-აჩუკ!“ - დიახ! აბდუშაჰილ, ეს ბაში-აჩუკია და მე ამისი და!.. კურთხეულ იყოს თქვენი შეყრა და ფეხბედნიერი აქ შემოსვლა! ჩამოვარდა სიჩუმე. ყველა გაოცებული უყურებდნენ ერთმანეთს. აბდუშაჰილმა ხელები ააპყრო მაღლა და სთქვა: „დაილოცა, ღმერთო, შენი უცნაური განგება! ვეძებდი, როგორც მტერი, და შევხვდი, როგორც მოყვარე“. ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა: - ჩემი სათქმელიც ეგ არის!.. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი! მივიდა, გადახვია ხელი, წამოიყვანა და მოისვა გვერდით. - მოულოდნელად ღვთის მოცემულო სტუმარო, ნუ დაგვიწუნებ სუფრას! ღარიბია, მაგრამ მხიარული, - უთხრა ბაში-აჩუკმა და შემოუსხდნენ სხვებიც გარს. გაიმართა ლხინი, მაგრამ სიმღერის მაგიერად საუბარი გააბეს დაბლის ხმით. გაგრძელდა ვახშამი; ბევრი რამ ითქვა, თითქმის ყველამ გამოამჟღავნა მოკლედ თავისი თავგადასავალი და ბოლოს, ჯერი რომ მიდგა, მოჰყვა აბდუშაჰილიც: - მე ერთი უთვისტომო კაცი ვარ: არ ვიცი, ვინ ყოფილა ჩემი მამა-პაპა და საიდან მოვხვდი არდალანში? ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედაჩემისაგან გამიგონია!.. ოდესმე, ერთ სოფელს, სადღაც ლეკები დასცემიან, აუკლიათ მთელი სოფელი, ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ, ასე რომ მე დავრჩენილვარ ძუძუმწოვარი და დედასთან ერთად ტყვედ წაუყვანივართ; მყოლია კიდევ ერთი უფროსი დაც, მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან და გადარჩენილა. ამის მეტი არა ვიცი რა... მელანო სულგანაბული უგდებდა ყურს; უცბად მიაყვირა: „ექვსი თითი ხომ არა გაქვს მარცხენა ფეხზეო?“ და, დასტური რომ მიიღო, მივარდა, გადაეხვია და დაიწყო ქვითინი: „ღმერთს არ სდომებია ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვაო“. მაყურებლები გაოცებული პირჯვარს იწერდნენ, ღმერთს მადლობას სწირავდნენ და ულოცავდნენ ახალშეყრილებს. აბდუშაჰილმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა! ჩამოვარდა სიჩუმე. პირიმზისა მიუბრუნდა და უთხრა აბდუშაჰილს: - მეც მომილოცავს!.. ახლა, რახან ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დაძმობილობა აღარაფერი საჭიროაო. აბდუშაჰილი შეკრთა და შეშინებულმა უთხრა: - როგორ! მაშ დღეიდან აღარაფერი ვიქნებით ერთმანეთისათვის? - ნაცნობები, ისე, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი! – მიუგო ქალმა. - არა! აქ მაჰმადიანი აღარ არის! ხომ გაიგონე, რომ ქრისტიანად ვყოფილვარ დაბადებული, და დღეს განგებამ მოინდომა, რომ გამოვბრუნებულიყავ! დღეიდან მეც თქვენი რჯულის აღმსარებელი და თაყვანისმცემელი ვარ. ბაში-აჩუკ! მიმიღეთ თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან მეც თქვენი ჭირი და ლხინი გავიზიაროო!.. ამ გულწრფელმა სიტყვებმა ყველა აღტაცებაში მოიყვანა და დიდი სიხარული შეექნათ. - აბდუშაჰილ! – ცოტა დაფიქრების შემდეგ უთხრა ბაში-აჩუკმა. – დიდია ღმერთი და განგება მისი მიუწვდომელი! შენ შეგიძლია, რომ ჩვენს ქრისტიანობას დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეცა ყოფილხარ და ნუ აჩქარდები!.. ეს, რაც მოხდა, დრომდე ყველაფერი უნდა საიდუმლოდ დაიმარხო გულში, მიხვიდე ისევ შენს ჯარში და ესე დაიჭირო თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობოდეს. დაარწმუნე ყველა, რომ ბაში-აჩუკი მოვკალი-თქო; ნიშნად წაიღე ეს ჩემი ფაფანაკი და სისხლში მოსვრილი მიართვი უფროსებს; დაგიჯერებენ და, ჩვენც აღარსად გამოვჩნდებით, გულდამშვიდებული ხანი წყალობით აგავსებს. დრომდე ეს ყოველიფერი საჭიროა ჩვენი საერთო ბედნიერებისათვის. ახლა მეტს აღარას გეტყვი. დაწვრილებით მაშინ გაიგებ ყოველიფერს, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად მოვილაპარაკებთო! – მივიდა, გადაეხვია და გადაჰკოცნა ძმურად. - ახლა ჩემი შვილებიც გებრალებოდეთ, მარტო დავყარე! – სთქვა მელანომ. – დროა ჩემი წასვლის! გამცილებელიც ხომ ღმერთმა მაშოვნინა, სხვა საჭირო აღარავინ არის, ჩემი ძმაც მიმიყვანსო! – სთქვა და ჩაჰკიდა ხელი აბდუშაჰილს. პირიმზისამ, თითქო შურით, გააყოლა თვალი, წარბშეჭმუხვნით შეხედა; მელანომ შენიშნა და ცბიერის ღიმილით უთხრა: - ღამე მშვიდობისა, ჩემო რძალო! და ძილი ნებისა, რომ ტკბილი სიზმრები აგხდენოდესო!.. – გავიდა სიჩქარით და თან გაიყვანა აბდუშაჰილიც.თავი მეცამეტე
სისხლიანი ფაფანაკი დიდხანს იყო გამოკიდებული მოედანზე, რომ ხალხს ენახა და დარწმუნებულიყო ბაში-აჩუკის სიკვდილზე. დიდი და პატარა ყველა ულოცავდა გამარჯვებას აბდუშაჰილს, მაგრამ მისი პასუხი კი ყოველთვის ეს იყო: - მე რა?! მადლიერი უნდა ვიყოთ ჩოლოყაშვილის. თუ იმას არა, მარტო მე რას გავაწყობდი? დღეს ბაში-აჩუკიც ცოცხალი იქნებოდა და მისი გუნდიც გაუფანტავიო. გავიდა ხანი, რამდენიმე თვემ გაიარა; დაწყნარდა ქვეყანა და გავარდნილების აღარა გაუგონიათ რა. დამშვიდდნენ თათრები. სიფრთხილეს თავი დაანებეს. ადრინდულადვე უშიშრად დაიწყეს ფარფაში. ამ ამბავმა ყეენის კარამდის მიაღწია. დაუფასეს ჩოლოყაშვილს სამსახური და ერთგულება, მაგრამ თვითონ ის კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ახმეტიდან ცუდი ხმები მოდიოდა... ამბობდნენ, რომ მისი გამობრუნება აღარ შეიძლება, დამბლას ორივე ხელ-ფეხი წაურთმევიაო. ფეიქარ-ხანი ხშირად კითხულობდა და პატივისცემის ნიშნად ორჯერ-სამჯერ აბდუშაჰილიც გაუგზავნა. ერთ საღამოს, ვიღაც შორიდან მომავალმა შემოაჭენა ოფლად გახეთქილი ცხენი ჩოლოყაშვილის ეზოში, გადახტა მარდად, მიაბა სვეტზე, როგორც შინაური, აიჭრა კიბეზე, და შევიდა პირდაპირ სახლის პატრონთან. ჩოლოყაშვილი ტახტზე იყო წამოწოლილი; დაინახა თუ არა მასთან შესული, უცბად წამოჯდა და მიაძახა: - ოო, ბაქრაძე?! ბაში-აჩუკმა მძიმედ თავი დაუკრა. - ასე მალე მოიარე? – ჰკითხა ჩოლოყაშვილმა. - მოვიარე, შენი ჭირიმე! – მოახსენა ბაქრაძემ და წერილები გადა??ილმა გახსნა სიჩქარით და კითხვა დაუწყო; სახე უღელავდა და თანდათან სიამოვნება ეტყობოდა. ბაში-აჩუკი უძრავად იდგა ადგილზე; რომ გაათავა კითხვა, მიუბრუნდა და ჰკითხა: - კაი სანუგეშო ამბავია! - ღმერთმა ნუ მოგიშალოს ნუგეში, შენი ჭირიმე! მაგ ამბავს უფრო ადრეც მოვიტანდი, რომ წყალდიდობას არ შევეჩერებინე. - მალე დასთანხმდნენ? - არაგვის ბატონი არა და ქსნის ერისთავები კი. - იციან ყოველიფერი ჩვენი საიდუმლო? - შალვას მეტს არავის გამოვტეხივარ. - მაშ ზაალ როგორ დასთანხმდა? - არ დასთანხმდებოდა, რომ მის კარის მღვდელს ჩვენება არ ენახა ჩემი მისვლის წინა დღეს. - ჩვენება? – გაკვირვებით შეხედა ბიძინამ. - დიახ, შენი ჭირიმე, - მიუგო მორჩილად და მოუყვა, რაც იცოდა გველეშაპის შესახებ; ისიც მოახსენა, რომ ერთი იმ გმირთაგანი თქვენ ბრძანებულხართო, მაგრამ სიკვდილის შესახებ კი არაფერი უთხრა. ბიძინამ სასოებით პირჯვარი გამოისახა და თქვა: - დაილოცოს ღვთის განგება და მისი სასწაული! მაშ მოგვეშველებიან? - დღეის თხუთმეტს უეჭველად გაჩნდებიან. - ჯარი მეცოტავება! ვაითუ ვერ გავწვდეთ ამდენ თათრებს!.. - რა ბრძანებაა?!. თუ ღვთის ნება იქნება, ათ იმდენსაც ვეყოფით. ფშავ-ხევსურები ბახტრიონს დაეცემიან დანიშნულ დროზე, ქსნის ერისთავები მთავარი ჯარით თქვენ შემოგიერთდებიან თათრის ჯართან საომრად და ულუსებს ჩვენც ვეყოფით. - სულ რამდენი ხართ? - საკუთრად ჩვენი დასი ას ოცი კაცია, ერთი ამდენი თევდორაძისაც იქნება. - ისინი ხომ აქეთ-იქით არიან დაფანტული?.. ზოგი თათრის ჯარშია და ზოგი კედევ, ვინ იცის, სად!.. - ისე, როგორც ჩვენი! მაგრამ იმ დროისთვის ყველა ერთად მოვიყრით თავს. - მაშ, კარგი, ნუღა აგვიანებ! დროა საქმეს შევუდგეთ! წადი, ცოტა შეისვენე, რომ ადრიანად ვეწიოთ საქმეს. ბაში-აჩუკი გავიდა. დარჩა მარტო ბიძინა. ხელახლა გადაიკითხა წერილები, გაიმეორა გუნებაში, რაც ბაში-აჩუკმა უთხრა სიზმრის თაობაზე, ადგა ნელა, მოიხადა ქუდი, მივიდა ხატის წინ და დაიჩოქა. დიდხანს ხელებაპყრობილი შესჩერებოდა უხმოდ ღვთისმშობელს და ევედრებოდა მის ძესთან შუამდგომლობას, რომ ქრისტიანობა გამოხსნა ურჯულოს ხელიდან, გადაერჩინა კახეთი და მით მისი მადიდებელი მთელი საქართველო გაეძლიერებინა. მკრთალი ნათელი, სახატიდან მინაშუქი, პარპალით ეცემოდა სასოებით აღტკინებულ მის ვაჟკაცურ სახეს და მდუღარე ცრემლები წურწურით ჩამოდიოდნენ წვერ-ულვაშზე.თავი მეთოთხმეტე
იკორთაში მღვდელმთავარმა გამოიყვანა წირვა, პარაკლისი გადაიხადა და აიაზმა ასხურა ჯარს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერისთავების ლაშქარი იმერეთში მიდიოდა, მაგრამ იმ ღამესვე ელიზბარმა და შალვამ მხარი უქციეს და საიდუმლოდ კახეთისაკენ მიემართნენ; გზაში არაგველები დაუხვდნენ, სულ დარჩეული ვაჟკაცები. წინ კირილე მღვდელი უძღოდათ წმინდა გიორგის ხატით და შეუერთდნენ. დიდის სიფრთხილითა და სისწრაფით გავლეს გზა, გადაიარეს მთა და ჩავიდნენ ახმეტაში, სადაც ბიძინა ჩოლოყაშვილი დაუხვდათ დიდძალი ჯარით. აქ ბიძინამ, როგორც მთავარსარდალმა, ორად გაჰყო შეერთებული ჯარი: ნახევარი თავისთან დაიტოვა, მეორე ნახევარი მრავალ გუნდებად დაჰყო და აქეთ-იქით, სხვადასხვა მხრისაკენ, გაისტუმრა, რომ ერთსა და იმავე დანიშნულ დროს ყველგან თავს დასხმოდნენ თათრებს მოულოდნელად. უმთვარო ღამე იყო. პირველ მამლის ყივილზე, როცა ქვეყანა მიწყნარებული იყო და მხოლოდ მდინარეების ერთნაირი შხუილი შორს და შორს უწევდა, ავარდა ალი მრავალი გაღმა-გამოღმა ალაზნის პირად, მოედვა ულუსების სახლკარობას და გააქათქათა არემარე. დასცეს კიჟინა და მას თანავე მოჰყვა საზარელი ვაი-უისა და გოდების ხმა. გავარდნილები ბაში-აჩუკის თაოსნობით დაესხნენ თავზე თათრებს და დაუწყეს ჟლეტა. იმავე დროს ბახტრიონს შემოერტყნენ არაგველები; ციხე-გალავანს გადაევლენ თავს ფშავ-ხევსურები და გაავლეს მუსრი. ესევე ამბავი მოხდა ბევრგან სხვაგანაც და დაიძრა ბიძინას წინამძღოლობით მთავრი ჯარიც. ალი-ყული-ხანს რომ სხვადასხვა კუთხეებიდან ცნობა მოუვიდა, შეშფოთდა და აბდუშაჰილის თაოსნობით მთელი მისი მხედრობა მიაგება წინ ქართველ ჯარს. მაგრამ ბევრ ხანს აღარ გაუვლია, რომ მოულოდნელი და ზარდამცემი ცნობა მოუვიდა: ერთ ვიწრო ხეობაში მოასწრეს თათრის ჯარს, შეიმწყვდიეს, იარაღი დააყრევინეს და აბდუშაჰილიც ტყვედ წაიყვანესო. ეს სულ იმან ჰქნა, რომ აბდუშაჰილმა არავისი რჩევა არ დაიჯერა და გზის სიმოკლის გულისათვის ისეთ ღრიანკელში შეიყვანა ჯარი, რომ გაშლა არ შეიძლებოდა და საძრაობა აღარ ჰქონდათო. იმავე დროს კი, თურმე, იქვე ახლო ჩასაფრებული ქართველი ჯარი შემოერტყა გარს, თვალის დახამხამებამდე გადაუჭრა უკან გასაბრუნებელი გზა და თითქმის დატყვევებულებს დაერიაო. ამის გამგონე ალი-ყული-ხანი შიშის ქარმა აიტანა და ათრთოლებული ხმით ბრძანა, რომ ჯანდიერისათვის შეეტყობინებიათ. მაგრამ სწორედ იმავე დროს მოიჭრა ერთი ცხენოსანი და აცნობა: „ჯანდიერმა გვიღალატა და მისი ქართველებით ჩოლოყაშვილისაკენ გადავიდაო“. თავზარდაცემულმა ფეიქარ-ხანმა დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღო და ბოლოს თითქო თავისთვის წაილაპარაკა: „აკი ჩოლოყაშვილი დამბლა იყო და ჯანდიერი კი ჩვენი ყურმოჭრილი ყმაო? ჰა, გიაურ! ახლა კი ვხედავ, რაც არის, მაგრამ რაღა დროს?“ – სთქვა კბილების ღრჭენით. - ცხენიო! – დაიძახა, მოაჯდა უნაგირს და ისეთი სისწრაფით გაუდგა გზას, რომ ორმა-სამმა მხლებელმა ძლივს მოასწრო გაყოლა. ის იმ ღამესვე ქურდულად გავიდა კახეთით და მეორე დღეს, სამშვიდობოზე გასული, სპარსეთისაკენ მიეშურებოდა მისი ორიოდე მხლებელით. დარჩენ თათრები კახეთში უსარდლოდ და უპატრონოდ, და აქ-იქ ციხე-სიმაგრეებში ჩაკეტილები, მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, თავი როგორმე გადაერჩინათ, მაგრამ წელგამართული და გაგულადებული კახელები მოსვენებას არ აძლევდნენ. ისინი, ვინც გუშინ თათრის ერთგულებასა და ქართველების მტრობას იჩენდნენ, დღეს პირველი თავდადებული ქართველები გახდნენ, და რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე გაიწმინდა კახეთი თათრებისაგან, რომ მათი ჭაჭანებაც აღარსად იყო. დახშული ეკლესიების კარები გაიღო და ხელახლა გაისმა ზარების რეკა; გულის სიღრმეში ჩაეჭრა დიდსა და პატარას, როგორც ნიშანი საქრისტიანო, ის ეკლესიის ენა და შეიქნა საერთო ლიტანიობა; ქალი და კაცი, მოხუცი და ყრმა, მაღალი და დაბალი, ყველა ერთხმად ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ გმირებს. ბიძინასი, შალვასი და ელიზბარის სახელი ყველას ტუჩებზე ეკერა აღტაცებით. კახეთის სიხარული ქართლელებსაც გადაედოთ და მათ თანაგრძნობას მათი მეფე ვახტანგიც გულში დასტურს აძლევდა, მაგრამ, როგორც შაჰნავაზი კი, ვითომ, ჯავრობდა და პირიდან ცეცხლსა ჰყრიდა: - „როგორ გაბედეს ერისთავებმა ჩემი ურჩობა და დიდებული შაჰ-აბაზის ღალატიო?!“ შაჰ-აბაზმა რომ ეს ამბავი გაიგო, ფილენჯის ქარმა მოუარა და ფიცხელი ბრძანება შეუთვალა განჯის ხანს: „კახეთი შენთვის მიბოძებია, წადი და ააოხრეო!“ ხანმაც წყალობისათვის მადლი მოახსენა დიდებულ შაჰს და გამოტეხილი შეუთვალა: „თუ მანდედან ჯარი არ მომაშველეთ, ახლა ისე გაგულადებული და გამაგრებული არიან კახელები, რომ ჩემი სახანო ერთიორადაც რომ უფრო მეტი იყოს და უფრო ძლიერი, მაშინაც ვერ გავბედავ კახეთზე საომრად მისვლას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერას გავხდები და თავს შევირცხვენო“. ამ მოხსენებამ უფრო მეტად დააღონა და დააფიქრა ყეენი. ბრაზი მოაწვა გულზე და სირცხვილის ოფლი ასკდებოდა. ამ დროს მოუვიდა ქართლიდან შაჰნავაზის წერილიც. სამძიმარს უთვლიდა და თანაც ატყობინებდა: „კახეთის გამარჯვებამ ქართლიც შეარყია; ერისთავები გამიდგენ, აღარას მიჯერიან და მოიღეთ წყალობა, თქვენი უძლეველი და ქვეყნის დამპყრობელი ჯარი მომაშველეთ, რომ ურჩები ისევ დავიმორჩილო და კახეთსაც საშვილიშვილოდ შევანანო თქვენი ორგულობაო. ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ: დღევანდელი გამარჯვებით იმდენად წელგამართულია ქვეყანა და გათამამებული, რომ, თუ არ დიდძალი ჯარი, ცოტათი ვერას გახდებითო“. შაჰ-აბაზმა გადაიკითხა წერილი, დაჭმუჭნა და დაახეთქა ძირს. - ესეც იმას იწერება! – სთქვა წარბებშეჭმუხვნით. – დიდძალი ჯარიო?! ჰმ... ასე ჰგონიათ, თუ მარტო მათთვის ვიყო მოცლილი და მეტი საქმე აღარა მქონდეს რა? არა, ახლა დრო არ არის! დროს შერჩევა უნდა და მე ვიცი, როგორ გადავიხდი მაშინო. – დასწერა პასუხი და მურთუზალ-ხანის ხელით გამოუგზავნა ქართლის მეფეს. საპირფერო და სამლიქვნელო სიტყვებით აავსო წერილი!.. მადლობას უთვლიდა ერთგულებისა და მორჩილებისათვის, მაგრამ ურჩევდა, რომ ასე გულფიცხად არ მოჰკიდებოდა საქმეს. „მართალია, ვერ უნდა გაებედნათ კახელებს ამისთანა საქმეო – იწერებოდა ვერაგი – მაგრამ, როგორც შევიტყვე, სულ მანდაური მმართველობის ბრალი ყოფილა: წინააღმდეგ ჩვენი სურვილისა, დიდ გაჭირვებაში თურმე ჩაუგდიათ ქვეყანა და კახელებიც იძულებული ყოფილან, რომ მაგრე მოქცეულიყვნენ. ველი შენგან ამ საქმის გამოკვლევას და დაწვრილებით მოხსენებას; ამასთანავე გავალებ, რომ ეგ გამოჩენილი ვაჟკაცები ჩემს კარზე გამოგზავნო; მე მინდა, რომ სამივე ჩემი თვალით ვნახო და, როგორც წინდაწინვე ჩემგან შენდობილებს, ჩემი პირით გამოვკითხო ყოველიფერი ტკბილად და არა მრისხანებით. ვფიცავ ჩემ მზეს და თვით მაჰმადის წვერებსაც, რომ ეგენი აქ საკადრისად მივიღო და გულდაწყვეტილ-მომდურავი არც ერთი არ დავაბრუნო; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ჩემი ტკბილი წყალობა არ დააფასეს და კიდევ ურჩობა გამიწიეს, მაშინ ვფიცავ ყოვლის შემძლებელს, რომ ამ ჩემს უკადრის შეურაცხყოფას არათუ მარტო კახეთს, მთლად საქრისტიანო საქართველოსაც ვაზღვევინებ და, მე რომ ვერ შევძლო, საშვილიშვილო ანდერძად დავაგდებ ამ სურვილსო“. ორჯერ-სამჯერ გადაიკითხა ვახტანგმა ეს წერილი და მუქარა, მწუხარედ გაიღიმა და სთქვა გუნებაში: „მეც ამას ველოდი ჩემი წერილის პასუხად! ჩვენ ორივე ერთ სოროში ვართ გაზრდილი! გიცნობ, რაც ხარ, შაჰ-აბაზ! ჯერჯერობით ლომობა რომ აღარ გაგიდის, მელიაობას ეპოტინები, მაგრამ, ღმერთი ყოვლის შემძლებელია, შეიძლება ისიც მოგიცდესო!“ ჩაფიქრდა ნაღვლიანად და ჩაჰკიდა თავი.თავი მეთხუთმეტე
დიდი ხანია ქართლ-კახეთი ისე მოსვენებით არ ყოფილა, როგორც 1659 წელში. შემოდგომა მიწურული იყო, ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც გაზაფხულის დღეები იდგა, თითქოს ქვეყნის დამშვიდებულ გულს ტაროსიც კი ეტკბილდასტურებაო. ვახტანგმა მთელი ქართლისა და კახეთის დიდებულები შეჰყარა სალხინო-სადარბაზოდ. თითქმის არავინ ჰკლებია და მათ რიცხვში კახეთის გმირებიც მოჰყვენ. მეფემ დარბაზი გამართა, შაჰ-აბაზის მოწერილი წიგნი წაიკითხა და რჩევა ჰკითხა დიდებულებს. უმრავლესობა უარზე დადგა. „როდის ჰქონდა სიმტკიცე მაჰმადის წვერებს სპარსელის პირში და ან ყეენის სიტყვა რა დასაჯერებელიაო? ცხადია, რომ მაგათი მიტყუება უნდა საღალატოდ და, ეს რომ მოხდეს, ჩვენი თავი ცოცხალი რაღად გვინდაო?!“ ზოგიერთები სულ სხვა აზრისა იყვნენ და მათ მხარი მისცა არაგვის ბატონმა ზაალ ერისთავმაც ამ სიტყვებით: - „მართალი არის!.. და ვინ არ იცის, რომ ყეენი ჩვენზე გულს ვერ გაიწმენდს და მოყვრობას არ დაუწყებს ერისთავებს, მაგრამ ჯერჯერობით გარემოება ნებას არ აძლევს, რომ თავისი გულის პასუხი გამოამჟღავნოს და მტრობა გამოგვიცხადოს. ან რა ანგარიშია, ახლა რომ შორიდან მუქარითა და წინდაუხედაობით საქმე გაიფუჭოს? მართალია, დღეს ქართლი სპარსეთის საკუთრებას არ შეადგენს, მაგრამ მისი ხელდებული მაინც არის. სიფრთხილე მართებს ყეენს, რო საზღვარს არ გადასცილდეს, თორემ ერთი კიდევ ამისთანა გამარჯვება, როგორიც კახელებმა ნახეს, და მაშინ იძულებული შეიქნება ქართლზედაც ხელი აიღოს. ეს კარგად ესმის შაჰ-აბაზს და, თუ არ სამოყვროს, სამტროს არას ჩაიდენს. უეჭველია, რომ კახეთის გმირებს საპირფეროდ პატივით მიიღებს და დიდებით გამოისტუმრებს; მერე კი, როცა დრო ხელს მოუმარჯვებს, მელასავით შემოგვეპარება და ეცდება გვაზღვევინოს; ეს უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ! მანამდე კი უნდა დრო მოვიხმაროთ და მივყვეთ მის დღევანდელ ნება-სურვილს, მით უფრო, რომ საშიში არა არის რა; და, თუ არა, მაშინ თავმოყვარეობა იმდენად გააბრაზებს, რომ ეცდება მუქარის გამართლებას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩემ სიძეს, ისე ერისთავებს სახიფათო არა ელით რა, თუ ღვთის ნება არ იქნება; და, თუ მისი ნებაა, მაშინ, აქაც რომ იყვნენ, მაინც ვერ ასცდებიან განგებასო!“ ამ სიტყვებმა ბევრს გამოაცვლევინა აზრი; მეფეც დაეთანხმა და ბოლოს ჯერი მიდგა თვით ყეენის მოთხოვნილებაზე. პასუხის ნაცვლად წამოდგა ზეზე მოხუცი ელიზბარი, მიდგა სარკმელთან, გაიხედა შიგ და დაფიქრდა. დარბაზი გაოცებით შეაჩერდა. - „ბატონო მეფევ! – მობრუნდა და სთქვა ერისთავმა. – ამ თქვენ ჭადარს რა დამართნია ეს, რომ ფოთლები გასცვენია?“ - როგორ თუ რა დამართნია?! – მიუგო გაკვირვებით მეფემ. – რაღა დროს ფოთლებია? ზამთარი დგება!.. - ვაითუ გახმეს უფოთლოდ? - როგორ თუ გახმეს?! გაზაფხულზე განა აღარ შეიფოთლება? - დიახ, შეიფოთლება, ჩემო ხელმწიფევ, და ჩემი პასუხიც ეს არის დღევანდელ სადარბაზო კითხვაზე. – როგორც მეფე, ისე დარბაისლები გაოცებული შეაჩერდნენ: ეგონათ, თავის გონებაზე აღარ არის და ბოდავსო, მაგრამ ერისთავმა ნაღვლიანი ღიმილით განაგრძო: - „დიდებულო ხელმწიფევ! რაც ფოთლებია ხისთვის, ჩვენ ისევე ვართ ჩვენი ქვეყნისათვის და, რაც წელიწადია ფოთლებისათვის, ის საუკუნეა ჩვენთვის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში არც ერთი აღარ ვიქნებით, სხვები დაიჭერენ ჩვენს ადგილს: „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსო“. საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი. სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს რა. ჩვენც ერთი ფოთოლთაგანი ვართ, ადრე თუ გვიან დასაცვენი, და ჩვენი მიზეზით რათ უნდა მიადგეს გაჭირვება სამეფოს? არა, ჩვენო დიდებულო მეფევ, ჩვენ, უეჭველია, უნდა ვეახლოთ ყეენს და, რაც მოსავალია, მოგვივიდეს!“ - ბატონო მეფევ! – წამოიძახა ჩოლოყაშვილმა, - ჩვენი სამივეს სათქმელი ერისთავმა მოგახსენათ და მე მხოლოდ დავამატებ, რომ ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!.. ამგვარი მსხვერპლის უჩვეულო არ არის ჩვენი ქვეყანა და დღეს, თუ განგებას ჩვენთვის წილად უხვედრებია სამსხვერპლო ზვარაკობა, სასოებით მივეგებებით და მორჩილებით თავს დავდებთ!.. საქართველოს ჭირიც წაგვიღიაო!.. – მივიდა და ამოუდგა ერისთავს გვერდში. „ამინო!“ დაიძახა შალვამ და გადადგა ბიჯი მათკენ. დარბაზს ჟრუანტელმა დაუარა. ჩამოვარდა ხანგრძლივი სიჩუმე. მივიდა მეფე ხმაამოუღებლად, გადაეხვია სამივეს და გადაკოცნა. რამდენიმე კურცხალი გადმოგორდა ინით შეღებილ წვერზე და დაეცა ძირს. ვახტანგმა მიუთითა ზედ სამივეს და უთხრა: „აი, ეს იყოს საწინდარი ჩემსა და თქვენს ოჯახებს შუაო!..“ ამ ამბის შემდე არ გაუვლია დიდ ხანს, რომ შალვა, ელიზბარი და ბიძინა აღმოსავლეთისაკენ გზას ადგენ და სპარსეთისკენ მიდიოდნენ. სწორედ იმავე დროს დასავლეთისაკენ გადაეშვნენ კორტოხს სამი ცხენოსანი: აბდუშაჰილი, პირიმზისა და ბაში-აჩუკი. ხმაამოუღებლივ მიაჩქარებდნენ ცხენებს სხვადასხვა ფიქრებით მოცულნი. აბდუშაჰილისათვის ყველგან ბაღდადი იყო, სადაც კი მისი სატრფო იქნებოდა; სიყვარულით გამსჭვალულ პირიმზისას ეჩქარებოდა, რომ სამშობლოში გადაეტანა თავისი ბედნიერება; და ბაში-აჩუკს კი მაინცდამაინც მაგდენად არაფრად ეპიტნავებოდა იმერეთი, რადგანაც გაიგო, რომ მისი კახეთისაკენ გადავარდნის მიზეზი რაჭის ერისთავისათვის მიუთხოვებიათო. იმერეთმა დედაშვილურად მიიღო ორივე ვაჟკაცი. ბაში-აჩუკი დაუბრუნდა თავის სახლკარობას და აბდუშაჰილიც ჩაესიძა. მართალია, დევი ყურით არ დაუჭერიათ სიძე-ცოლისძმას, მაგრამ ბევრჯერ კი კარგი სამსახური გაუწიეს იმერეთს თურქებთან ბრძოლის დროს და სამაგიეროდ ადგილ-მამულიც ბევრი შეიძინეს საწერეთლოში. ცხოვრობდნენ მყუდროდ და მხოლოდ ერთხელ კი შეშფოთდნენ. ეს მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ მათი საყვარელი კახეთის გმირები სპარსეთში უწამებიათო. ბევრს ეჭირა თვალი სასიძოდ ბაში-აჩუკისაკენ ანუ, როგორც შემოკლებით ეძახოდნენ, ბაჩუკისაკენ, მაგრამ გაუცრუვდათ იმედი: ის ცოლ-შვილის მოკიდებას არ აპირებდა, სანამდის წერეთელი არ მოკვდა და ერისთავიც არ მიიცვალა! მაშინ კი გადავიდა რაჭაში, მოიტაცა ქვრივი და ჯვარი დაიწერა. უშვილძიროდ არც სიძე და არც ცოლისძმა არ გადასულან: აბდუშაჰილის ჩამომავლობა დღესაც არიან ჩვენში – აბდუშელიშვილები და ეტყობათ კიდეც, რომ კარგი წინაპარი უნდა ჰყოლოდათ. რაც შეეხება ბაში-აჩუკის ან ბაჩუკას ნაშიერს, ისინი უფრო გამრავლებულიც არიან დღეს, მაგრამ ბაჩუკიშვილობას სწუნობენ და ბაქრაძეობაზე სდებენ თავს, და, დაუბრუნდებიან თუ არა ბაჩუკიშვილობას, ის ღმერთმა იცის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი