ჩემი თავგადასავალი
პირველი ნაწილი
I ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება — კვდება!.. წყალი რა არის... წყალი!.. უბრალო მდინარეც კი ვერ ასცდენია ამ საყოველთაო წესსა და რიგს: დაიბადება თუ არა, ე.ი. თავს იჩენს თუ არა სადმე მივარდნილ მთის კალთაზე, მაშინვე იწყებს ჟონვას ნელ-ნელა, ახალფეხადგმულ ბავშვივით, დაუყვება დაღმართს, თანდათან იზრდება, ფეხს იკიდებს, სანამ წკრიალით არ ჩაცუნცულდება რომელსამე ხევში, სადაც, როგორც აღვირუსხმელი, სისხლჭარბი, თავმომწონე და შეუპოვარი, სანავარდოდ გამოსული ჭაბუკი, აღარავის ეკრძალვის, აღარაფერს ერიდება: მირბის და მიხტის ღრიალ-გრიალით!.. უძრავ ქვებს თავზე ევლება და კლდოვან კიდეებს თავგამეტებით აქეთ-იქით ეხლება, რომ გაგლიჯოს და გაიტანოს მისი მოწინააღმდეგე!.. მაგრამ, ვერ შემძლები ამისი, ზარითა და ზეიმით ჭალებისაკენ მიექანება. აქ კი გაგულდიდებული, ღრმა კალაპოტში ჩამჯდარი და გულსავსე, ვაჟკაცურ მედიდურობით, მშვიდობიანად ტალღებს ტალღებით მიაგორებს!.. მიდის, მიშხუის ზღვისაკენ თავმიცემული, შორის გზით მიმავალი, და, რაც უფრო და უფრო უახლოვდება აუცილებელ სავანეს, თანდათან იჩენს აუჩქარებლობას, როგორც მოხუცი, და ბოლოს კიდეც შეჩერდება ერთი შეჩერება... ტბორავს, თითქოს უნდა, რომ უკანასკნელად ერთი კიდევ მოიხედოს უკანვე, თვალი გადაავლოს თავის წარსულს, ფერადად გავლილ შორეულ გზას, და მერე კი საუკუნოდ ჩაინთქას, ჩაიღუპოს ზღვის უფსკრულში!.. მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები!.. ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე. სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე — ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. ნათქვამია: ადამის შვილი, გაჩნდება თუ არა ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედება, წინასწარის ზედწარწერითო! თუ ეს მართალია, ეჭვი არ არის, რომ ჩემს ვარსკვლავზედაც შემდეგი შაირი წერებულა: „ერთი რამ ცხოველი არის, ხმას აწვდენს შორით შორსაო, თავისთვის ჩოჩორს აკეთებს, სხვისთვის კი კაი ჯორსაო”. იმ თავითვე, დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულს მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე კი ბებიას მაშინვე გავულახავარ. აი, როგორ მოჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებულ „მამაო ჩვენო” - სავით ცხონებული გადიაჩემი: „ვენაცვალე ჩემ კაკოს! (ბავშვობისას კაკოს მეძახდენ) ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო: დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა და ისე გაეკმინდა სული, რომ კრინტს არა სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას-კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო!.. ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამის ტირილი? სულ იცინოდაო”. ამას სხვებიც ამბობენ. დიაღ, სულ თურმე ვიცინოდი, და ამ სიცილს ერთი კარგი უსიამოვნებაც მოუხდენია: ერთხელ ჩამოსულა ჩვენსა მეზობლის გამდელი და, მომცინარი რომ ვუნახავარ, უთქვამს: „ვუიმე!.. ჩემი გაზრდილი ნუ მომიკვდება, ეს ბავშვი ისე იცინის, რომ სწორედ სულელი გამოვაო!..” ჩემ გამდელს სწყენია ეს და უპასუხნია: „როგორ თუ სულელიო?! ანგელოზია და ანგელოზებს შესცინის!.. იმათ ეთამაშებაო!.. სულელები ზოგი თქვენკენ მოიკითხეო” და სხვანი!.. წალაპარაკებულან და სცემიან ერთმანეთს. ჩვენს გამდელს ჩვენი მოსამსახურეები მოხმარებიან, მეზობლისას - მათი; ბოლოს ქალბატონებიც ჩარეულან (რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვითა და მუქარით და არა საქმით). ამ ამბავს მიუწევია ვაჟბატონებამდისაც და ჩამოვარდნილა ორ ოჯახს შუა დიდი უსიამოვნობა. აღარც, თურმე, ეკარებოდენ ერთმანეთს და აღარც ხმასა სცემდენ!.. მხოლოდ თევდორობის კვირაში, ზიარების წინეთ, ოქროპირ მღვდლის რჩევით შერიგებულან და მაშინაც კიდევ მამაჩემს სოფელში კაცი გაუგზავნია და შეუთვლია ძიძისათვის: „აქ მომგვარე ჩემი ხითხითა ბიჭუნა, რომ მეზობლებმა ნახონ, და მტრებს თვალები დავუყენოვო!” გამოვუყვანივართ, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველას გაკვირვება, რომ „ხითხითა ბიჭს”, ჩვეულების წინააღმდეგ, ერთი ღიმილიც არ მომსვლია, ისე თურმე ვყოფილვარ გაბრუებულსავით. აქ ცხადია, რომ სოფელში ნამყოფ ათი თვის ბავშვს სასახლეში ყოლიფერი მეუცხოვებოდა და გაშტერებული ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ გაუგიათ და არ აუხსნიათ ჩვენებს!.. იმათ უფიქრიათ: სწორედ შურისა და სიხარბის საქმეა, თვალი ჰკრეს, გაღალესო და ისევ საჩქაროდ დავუბრუნებივართ სოფელში. ძიძასაც გზაზე ერთ ვიღაც მკითხავთან გაუვლია, გამოულოცვინებია... შეუბამთ ჩემთვის ყელზე ღინჭილა, მწარე-ბალი და მივუყვანივართ სოფელში — შინ. იქ, რასაკვირველია, მომბრუნებია გული და ისევ დამიწყია სიცილი. ჩემი ძიძა დარწმუნებულა, რომ სწორედ გასჭრა შელოცვამ, გამობრუნდა ყმაწვილი, ახლა აღარა უჭირს-რაო და მახარობელიც უფრენია სასახლისაკენ. „ძიძაობა” და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდენ და აზრდევინებდენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები — აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდენ. ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდეთ!.. აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას, გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლ-ხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არა თუ ძიძის შვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ ხალხს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრულ ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც. და კურთხეულიმც იყოს ეს ჩვეულება!.. არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი. საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოვო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე” ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც. თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრ-უსარკმლო, მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტლად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა. გლეხის ოჯახი დილიდან საღამომდე სულ მოძრაობაშია, საქმე არ გამოელევათ და ამიტომაც ბავშვების გრძნობა-გონება სუყოველთვის გართულია. კაცები დილითვე ადრე მიდიან სამუშაოდ ყანებში, თუ ტყეში, სადილი და სამხარიც იქ მიუდისთ და დაღამებამდე ძვირად ბრუნდებიან სახლში. ქალები კი საოჯახო საქმეზე ტრიალებენ. მათ ხელშია საქონლის მოვლა, ფრინველების პატრონობა, სახლის დაგვა-დასუფთავება, სადილ-ვახშმის მზადება და მრავალი სხვა საწვრილმანო რამეები. ბავშვი რომ თვალ-ყურს ადევნებს იმათ მუშაობას, თვითონაც ძალაუნებურად მონაწილე ხდება და სწავლობს. ხუთი-ექვსი წლისამ ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვის ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამადის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი, ასე რომ ჩემი შესაფერი ხელსაწყო რომ მქონოდა, ყველაფერს მოვახერხებდი. არ ვიცოდი მხოლოდ წინდა-პაიჭის ქსოვა და კერვა და ისიც იმიტომ, რომ ამბობდენ: „ქალის ხელსაქნარი კაცისთვის დიდი ცოდვა არისო” და მეც მეჯერა. მჯეროდა, მაგრამ ჩუმად მაინც გავტეხე ცოდვა და ვისწავლე მატყლის ჩეჩვა და ბამბის პენტვა. აი, როგორ მოხდა ეს: ჩემი ძიძიშვილი, რომელიც ჩემთან ძუძუშენაწოვარი და ჩემი კბილა იყო, არასოდეს არ მშორდებოდა, სულ ჩემთან იყო. ერთხელ ავდრიანი დღე იყო და, ქალებმა რომ ყანაში მუშებს სამხარი წაუღეს, ჩვენ შინ დაგვტოვეს, თან აღარ წაგვიყვანეს. გვეწყინა, მაგრამ რაღას ვიზამდით? დავრჩით მარტო. - მოგვეწყინა. ჯერ დანასობია ვითამაშეთ, მერე კენჭობია, მაგრამ მაინც ვერ გავერთეთ, რადგანაც ამგვარი სათამაშოები მოწყენილი და მობეზრებული გვქონდა. ძიძიშვილმა მითხრა: „მოდი, ერთი, ბაბუას წვერები დავუჩეჩოთო”! ჩამოიღო საჩეჩელი, მოიტანა მატყლი და დაუწყო ჩეჩვა, თანაც ასე იძახოდა: „ასე დაეჩეჩოს ბაბუას წვერებიო”. ეს ძალიან მომეწონა და მეც მივბაძე. დიდხანს ვერ ვახერხებდი ჩეჩვას; ორჯელ-სამჯელ საჩეჩელის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია. ვინ იყო ის ბაბუა, ან რას ვერჩოდით? ეს წარმოდგენილი არც ერთს არ გვქონდა, მაგრამ ძალიან აღტაცებაში მოვყავდით ამ ბაბუას წვერების ჩეჩვას, ასე რომ თითქმის დავიქანცეთ... ბოლოს ისევ ძიძიშვილმა სთქვა: „კმარა ამდენი ჩეჩვა, ახლა გავპენტოთ და ქარს გავატანოთ ბაბუას წვერებიო”. ჩამოიღო ლარი, მოიტანა ბამბა და დაუწყო პენტვა. თან პენტავდა და თანაც ლარის ბაგაბუგის ხმაზე ბუქნას უვლიდა. მეც, რასაკვირველია, გავიმეორე მისი ნამოძღვრალი და ისე შეგვიყვარდა ეს „ბაბუას წვერის” თამაში, რომ შემდეგში, როგორც კი გავიგულებდით სადმე ქალებს, სულ ამას ვთამაშობდით და ისე კარგადაც შევისწავლეთ საჩეჩლის და ლარის ხელი, რომ ქალებიც ვეღარა გვჯობნიდენ: ძალიან ვფრთხილობდით, რაც კი შეგვეძლო, მაგრამ ერთხელ მოგვასწრეს ქალებმა, და ჩემმა ძიძამაც ჩამოიკაწრა ლოყები: „ვუიმე, რა გიქნიათ ეგ, შვილებო? ეგ ხომ დიდი ცოდვა არის?.. ქალების ხელსაქნარი რა თქვენი საქმეაო?… და მერე ბატონებმაც თუ გაიგეს, სასახლეში რას იტყვიანო?” იმ დღიდან გვიმალავდენ ლარსაც და საჩეჩელსაც, მაგრამ გვიანღა იყო. ყმაწვილის გრძნობა-გონება მოუსვენარია, ყოველ წუთს მოძრაობაშია, მაგრამ ფეხმოუკიდებელი კი არის, დიდხანს ერთსადაიმავე საგანს ვერ შერჩება. ერთგვარობა და ერთფერობა მალე ჰბეზრდება და საგნიდან საგანზე გადადის: ამიტომ ოთახში ყოფნა ეზარება, რადგანაც, რაც კი ოთახში რამ არის, ყველაფერი ნაცნობია მისი, თვალი შეჩვეული აქვს და ვეღარ ართობს მის გრძნობა-გონებას: ის გარბის მინდვრად ცა და მიწას შუა, სადაც სანახაობა მრავალფერი და უთვალავია მისთვის. შინ დარჩენა ჩემთვისაც, რასაკვირველია, დასჯა იყო. მიყვარდა ხოლმე ყანებში სიარული, სადაც მუშები იმღეროდენ, მაგრამ დიდხნობით ვერც იქ ვრჩებოდი, რადგანაც მე თითქმის ყურადღებას არავინ მაქცევდა, თავის საქმეზე იდგენ. ვინ არ იცის, რომ ყმაწვილი ბუნება-თანაზიარია, ყოველთვის ჰსურს, რომ თვისი გულისპასუხი სხვებსაც გადასცეს, შეატყობინოს ხოლმე, და ეს მხოლოდ შეუძლია თავის ტოლ-ამხანაგებთან. ხშირად, როდესაც ყმაწვილი ვეღარ ჰხედავს ტოლ-ამხანაგს, უსულო საგნებს ესაუბრება ხოლმე… ქვას, ხეს, ყვავილს, ბალახს და სხვა, — პირუტყვებთან ხომ რაღა! ისე სიამოვნებით მუსაიფობს ხოლმე, რომ მეტი აღარ შეიძლება!… მხოლოდ დიდებთან ვერ ახერხებენ ყმაწვილები სიტყვა-პასუხს და გულს არ უხსნიან მათ!.. და ეს კი თვით უფროსების მედიდურობისა და აუყოლელობის ბრალია. ცხადია, რომ მეც ამიტომ ვერ ვრჩებოდი ყანაში მუშებთან. მაგიერად სამწყესურში წასვლა, მინდვრად და ტყეში, და იქ დარჩენა ჩემთვის სამოთხეში შესვლა იყო. გათენდებოდა თუ არა, უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქ ვრჩებოდი. ყმაწვილი, რომელიც კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია. ის არის მოკლებული უპირველეს ბედნიერებას. ქალაქში გაზდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით… სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება მისის სხვადასხვაფერობით, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, — ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ. რომელ მხატვრობას შეუძლია გადასცეს ბავშვს ის, რასაც სოფელში მყოფი თავის თვალით ჰხედავს? ავიღოთ, თუ გინდა, სულ უკანასკნელი: აი, მოდის, მოღრუჩუნებს დედაღორი და მას ცქრიალით უკან მოსდევენ პატარ-პატარა ჭყივილა გოჭები. ძუძუს ეხვეწებიან… დედა მიდის სადმე ჩრდილში და წამოგორდება მხარ-თეძოზე: მისცვივდებიან შვილები და მიეძაბრებიან ძუძუებს; სიამოვნების ნიშნად აქიცინებენ პატარა გადაპრეხილ კუდებს და დედაც თვალდახუჭული დაჰხარის, დაღრუჩუნებს მათ… აგერ, კრავები კუნტრუშობენ, თიკნები დახტიან… გოჭები ჭიდაობენ, კვიცები კოტრიალობენ და სხვანი — სულ მრავალფერობა და სხვადასხვა სანახაობა… უყურებს ბავშვი და თვითონაც გულშექნილი, ხტის და თამაშობს!.. ამაებს ყველას მოკლებულია ქალაქელი. „გიმნასტიკაო” — მეტყვით!.. მაგრამ გიმნასტიკა მხოლოდ ტანჯვაა ბავშვის და სხეულის ჯორჯვა. სხვადასხვა ნაწევრებს ადამიანის გვამისას განა ერთიდაიგივე მოთხოვნილება აქვს?.. მე ეგება მარტო ფეხი მინდა ვავარჯიშო და იმ დროს ხელი შევასვენო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ დროს თვითონ ბუნება უფრო უტყუვრად უჩვენებს. „გიმნასტიკის” დროს კი, წინააღმდეგ ჩემის მოთხოვნილებისა, უნდა მხოლოდ სხვის ბრძანებით ვიმოძრაო. მაგალითად, მე როცა სირბილი მინდა, ის გამაჩერებს ადგილზე, მომცემს ხელში მძიმე რკინებს და, გინდა თუ არა, ხელები ავარჯიშეო… ხელოვნებას შეუძლია, რომ დაიმორჩილოს, ე.ი. დაამახინჯოს ბუნება, მაგრამ რომ შესცვალოს და თავისი სურვილით ვითომ გააუკეთესოს, არა მჯერა. აბა, წარმოიდგინეთ ერთი მხრით თავისუფალი, შველივით მონავარდე, სოფლელი ბავშვი და მეორე მხრით „დაჩანჩურებული” ქალაქელი ყმაწვილი!.. ფეხსაცმელი უჭერს და მაზოლები სტანჯავს… გამოსუდრულა ტანთსაცმელში, საძრაობა აღარ აქვს, ეუბნებიან: ჭკვიანად იყავი, რაც ჩვენ გირჩიოთ, მხოლოდ ის იკისრე შენცო!.. იმ საბრალოს ერთი გაკოტრიალება ქვეყანას ურჩევნია, მაგრამ განა გაბედავს, რომ ტანისამოსი დასვაროს?.. იზრდება ბრძანებით მომავალი ჭლექი და მუმია. ქართველების ოდენი სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არ აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს. ყველას არ ჩამოგითვლით აქ, რადგანაც შემდეგ კიდევ მექნება მათზე მსჯელობა განსაკუთრებით, და დავასახელებ მხოლოდ „ბურთაობას”. აბა, რომელი „გიმნასტიკა” შეედრება მას? ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყოლიფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს. ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებენ, მაგალითად, ტაფა-რიკს თვითონ გამოსჭრიან ხოლმე, შვილდკოდალს იკეთებენ, ბურთს თავის ხელით ამზადებენ, და ეს შრომა კიდევ უფრო აყვარებს პატარა პატრონს თავის საკუთრებას! ნაყიდი სათამაშოები და მუქთად ნაშოვნი ტიკინები ქალაქებში მუქთახორობას აჩვევენ ყმაწვილებს და უფრო უფუჭებენ ხასიათს. ეს მე ჩემ თავზე გამომიცდია! სხვისი გაკეთებული და ნაყიდი სათამაშოები არაფრად არ მიმაჩნდა და ჩემსას კი ვუფრთხილდებოდი ხოლმე. პატარებს უყვართ დიდების მიბაძვა და, მეც რომ ხუხულა სახლებსა და ბაღ-სასიმინდე-წისქვილებს ავაშენებდი ხოლმე, ჩემს სიამოვნებას საზღვარი აღარ ჰქონდა. თავი მომქონდა, რომ მე თვითონ ვაკეთებდი. აბა, წარმოიდგინეთ სოფლელი ბავშვი, რომელსაც თავის ხელით გაკეთებული ბურთი ხელში უჭირავს და თავისუფლად გაჰკრავ-გამოჰკრავს ხოლმე ხტუნვითა და სირბილით, და შეუდარეთ ქალაქელს! იმ საცოდავს უჭირავს ხელში ძაფზე გამობმული ბუშტის ბურთი და შიშით ვეღარ ინძრევა, არ გამიფრინდესო... რომ სიტყვა აღარ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, რომ სოფელში გაზრდილ და ქალაქში მყოფ ბავშვებს შუა ისეთი განსხვავებაა, როგორიც ნამდვილსა და მის აჩრდილს შუა. ეს უბედურება ბედმა თავიდან ამაცდინა მე და ექვსი-შვიდი წლის ნამდვილი ბუნების შვილი ვიყავი: ტანმრთელი, მალხაზი, კეთილი, ყველას მოსიყვარულე და თავისუფალი, როგორც სამოთხის შვილი. დიაღ, სანამდი სოფელში ვიზრდებოდი, სრულიად ბედნიერიც ვიყავი, თუმცა ხანდახან, კვირაში ერთხელ თუ ორჯელ, ჩემს ბედნიერებას შეაფერხებდენ ხოლმე სასახლიდან ჩემს სანახავად გამოსულები! „დღეს ბატონები გამობრძანდებიანო!” — იტყოდა ხოლმე ჩემი ძიძა: გამწმენდდა, გამბანდა, მომრთავდა, თითქოს სადღესასწაულოდ, და აღარ გამიშვებდა გარეთ. მართლაც იმ დღეს გამოვიდოდენ ჩემ სანახავად დედ-მამა დიდის ამბითა და ამალით, ისე, როგორც კი შეშვენოდა ბატონყმობის დროს, და მთელი სოფელი ცქერად გადაიქცეოდა ხოლმე. იმათი გამოსვლა ჩემთვის მხოლოდ სასეირო და სათამაშო იყო. ვიცოდი, რომ ისინი ბატონები იყვენ და მე მათი შვილი ვიყავი. როგორც ისინი, ისე მათი მხლებლები მოწიწებითა და ალერსით მეპყრობოდენ: მკოცნიდენ, ხელში ამიყვანდენ ხოლმე, საჩუქრებს მაძლევდენ, მანებივრებდენ, მაგრამ მაინც მე მათი მობრძანება ბევრად არაფრად მეპიტნავებოდა, რადგანაც გული ტყე-მინდვრისა და სამწყესურისაკენ მქონდა. კიდევ ჩემი ბედი, რომ ისინი დიდხანს არ იცდიდენ სოფელში და მეც, გავიგულებდი ხოლმე თუ არა მათ ცოტა მოშორებით, ისევ გავრბოდი სამწყესურში. იქ სოფლის ბიჭები, ჩემი ამხანაგები, გამომკითხავდენ ხოლმე: „რა მოგიტანეს, რა გითხრეს ბატონებმა, როგორ იყვნენო?” და სხვა. ამის გამოკითხვის შემდეგ, ჩვენც მაშინვე „ბატონობიას” თამაშს დავიწყებდით ხოლმე: ზოგი ქალბატონს წარმოადგენდა, ზოგი ვითომ ვაჟბატონი იყო, ზოგიც მხლებლები!.. გადავჯდებოდით ჯოხის ცხენებზე და ჩვენს მხიარულებას საზღვარი არა ჰქონდა. ზემოთაც მოვიხსენიე, რომ ქართველებს ურიცხვი და უთვალავი სათამაშოები გვაქვს-მეთქი. ერთი მათგანი სამუდამოდ ჩამრჩა გრძნობა-გონებაში, თუმც ის თამაშობა თავისთავად სახალისო არ არის. ეს გახლავთ „ქორობია”. ერთი უფროსთაგანი კრუხობას იკისრებდა, სხვები წიწილები ვიყავით, გავაკეთებდით წრეს, ჩავაბამდით ფერხულს და ვტრიალებდით. ქორი მოდიოდა წიწილების მოსატაცებლად, კრუხი იგერებდა, სანამ ძალ-ღონე ჰქონდა. ბოლოს ქორი ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორე კუთხიდან მოვარდებოდა, გაჰგლეჯდა წრეს და გაიტაცებდა წიწილს; მაშინ წიწილები გაიფანტებოდენ, მიიმალებოდენ აქეთ-იქით და გამწარებული კრუხი კი, შვილებს რომ აქეთ-იქით მიმალულსა და მიხიზნულს დაინახავდა, თვითონ გამოუდგებოდა ქორს, დააგდებინებდა და დაიბრუნებდა ხოლმე გატაცებულ წიწილას. მაშინ ხელახლად იწყებდა ქოთქოთს, შეიკრებდა წიწილებს და გააბამდა წრეს. მართალია, გამარჯვებული კი ყოველთვის კრუხი რჩებოდა, მაგრამ იმ საბრალოს მოსვენება არ ჰქონდა და იტანჯებოდა. ეს თამაში მე არ მიყვარდა, თუმცა ყოველდღე სხვადასხვა თამაშობას ამითი ვაბოლოვებდით ხოლმე. მეცოდებოდა კრუხი და ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ძიძას: „რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს მეთქი?” — „ჭამა უნდაო!” — მიპასუხებდა ხოლმე ძიძა და დაიწყებდა სიცილს. არ ვიცი, ეს თამაშობა, რომელიც სავარჯიშოდ დიდი არა არის რა, განზრახ იყო გამოგონებული რაიმე სამნიშვნელოდ, თუ ისე შემთხვევით, უბრალოდ, მაგრამ დღეს რომ ვუკვირდები, ძალიან მაგონებს ჩვენი ქვეყნის ბედს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია სწორედ ქორობიას წარმოადგენდა: საქართველო კრუხი იყო სიცოცხლეგამწარებული, და სხვა მისი კუთხეები — წიწილები!.. მტრები ქორებივით ესეოდენ... იტაცებდენ ხან ერთს მხარესა და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოოდ კი საქართველო მაინც კიდევ იბრუნებდა ხოლმე დაკარგულ მხარეს და გაერთებული, ფერხულჩაბმული წრე ბოლოს იქნევდა ძლიერად. მაშინ მე ეს არ მესმოდა, რასაკვირველია, მაგრამ გულზე კი რაღაც უნებურად მკბენდა და მეჯავრებოდა „ქორობია”. თუმცა მისი თამაშობა ყველას კი უნდოდა, მაგრამ სიყვარულით კი არავის უყვარდა. ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშნა ძიძამ და მითხრა: „რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო”. — ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა-მეთქი! — ვუპასუხე სიცილით. ძიძამ ჩამიკრა გულში და დაიწყო ტირილი. მე გამიკვირდა და ვკითხე: „რა გატირებს-მეთქი?” — ის მატირებს, რომ ხვალ ჩემ წიწილასაც მოიტაცებენ და მომაშორებენო!.. წიწილას რა უჭირს, მაგრამ, როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისობით?” ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე თუმცა არა მესმოდა რა, მაგრამ მივხვდი, რომ აქ კარგი არა არის რა-მეთქი, და დავიწყე ტირილი... ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და წამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. სასახლეში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ, რომ გამომიყვანეს, მაინც ბევრი რამ მეუცხოვა. ჩვენებს თითქმის ყველას ვიცნობდი, და სტუმრებმა კი სწორედ გამაცეცეს. ხან ერთთან მივყავდით, ხან მეორესთან. მეალერსებოდენ და მკოცნიდენ. ისე მეხვეოდენ გარს, როგორც ჩხიკვები ბუს. „ეი, სოფლის ბიჭო!” — დაიძახა მამაჩემმა — „შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო; რაც გითხრან, დაიჯერე, თორემ, თუ ურჩობა დაიწყე, წაგიყვან და დაგამწყვდევ ისე, როგორც ის პატარა ბიჭი მყავს დამწყვდეული”; მომკიდა ხელი, მიმიყვანა და გამაჩერა სარკის წინ, სადაც თავიდან ფეხებამდე ნათლად გამოვჩნდი და სიცილი დავიწყე. — ხომ ხედავ? — მკითხა მამაჩემმა. — რატომ არა!.. ბრმა ხომ არა ვარ? — იცნობ? — მეკითხება მამა. — რა დიდი ცნობა უნდა? — ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო? — ვისა? — ამ პატარა ბიჭს. — ბიჭი კი არა, ის არ გინდა კიდე! ჩემი ლანდია! — რა იცი, რომ ლანდია? — რატომ არ ვიცი!.. განა ცოტა მინახავს წყალში? ამ სიტყვაზე სუყველამ სიცილი ასტეხა და გაიკვირვა — „შენი რისხვა ნუ მომეცემა, — წამოიძახა მოურავმა — შენი რისხვა ნუ მომეცემა, რო იტყვიან: კვიცი გვარზე წავაო, სწორედ მართალი ყოფილა. სოფლის ბავშვი რომ ყოფილიყო, რას მიხვდებოდა!.. მე რომ პირველად სარკეში ჩავიხედე, ჭაღარა მერია, მაგრამ მაინც კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიკვირდა!” ეტყობოდა, მოურავს კიდევ ბევრი რამ უნდა ეთქვა, მაგრამ დედაჩემმა გააწყვეტინა სიტყვა, დამიძახა და მკითხა: წყალში? როგორ თუ წყალში? — ისე, როცა სათევზაოდ დავდიოდი ხოლმე ან ყვირილაში, ან იზვარაში, წმინდა წყალში ყოველთვის გამოვჩნდებოდი ხოლმე. — მარტო შენ? — მარტო მე რათა? წყალში ყოველიფერი გამოჩნდება: ხარი, ძროხა, ცხენი, დღე ყველაფერი გამოჩნდება, ღამე კი მარტო ვარსკვლავები და მთვარე გამოჩნდება ხოლმე. — თევზს როგორღა იჭერდი? — პატარებს ჩქიფით და დიდებს კი ხელაობით. შევყოფდი ხოლმე ხელს ჯილეში, ქვებში, და, თუ შევხვდებოდი თევზს, დავიჭერდი და გამოვიყვანდი. — გველი რო შეგხვედროდა? — რა ვუყოთ მერე? განა არ შემხვედრია? შეჰყოფ ჯილეში ხელს, იქ ბევრი ღორჯო გგონია ერთად თავმოყრილი, გამოგაქ და თურმე გველია დახვეული. გაიშლება და შემოგეხვევა მკლავზე. — მერე... არ გეშინოდა? — შემომკივლა დედამ. — არა! დავასხვერტებდი ხოლმე რიყეზე. — რომ ეკბინა? — ნწუ, ამპა! წყალში როდი იკბინება, შხამი როდი აქ თან. წყალში ჩასვლას რომ დააპირებს, გველი მწვანე შხამს იქვე ქვაზე წამოანთხევს. წყლიდან რო ამოვა, მერე ისევ ალოკავს და გაუდგება გზას. მაშინ თუ ვისმეს შეხვდა და უკბინა, ძნელია: მზის ამოსვლისას თუ უკბინა, მზის ჩასვლამდის ვეღარ გაატანს, და მზის ჩასვლისას თუ უკბინა, მზის ამოსვლას ვეღარ მოესწრება კაცი, მოკვდება. — რო ვეღარ მიაგნოს თავისი შხამი? — თუ ვინმემ დაუმალა ან შხამიანი ქვა გადაუგდო, მაშინ წყლის პირზე დაიწყებს ძებნას გველი, ირბენს და, რომ ვეღარ ნახავს, ჯავრით დაუშენს თავს ქვაზე და მოკვდება. — შენ რა იცი ეგა? — შარშან ყვირილას პირზე ვნახეთ მაგრე მკვდარი გველი. არც თავი ჰქონდა გაჭეჭყილი და არც წელი მოწყვეტილი, ისე იყო მკვდარი და მეთევზეებმა სთქვეს: შხამი დაეკარგებოდა და თვითონ მოიკლავდა თავსაო. — რაზე იჭირვებს საქმეს, რატომ თან არ ჩაიტანს იმ შხამს წყალში? — დაწყევლილია!.. მერე-და, შხამი რო ჩაიტანოს წყალში, წყალს ხომ მთელი სოფელი სვამს და დიდი და პატარა სულ არ მოიწამლებოდენ ერთიანად? — ჩემ სიტყვა-პასუხზე დედას ეცინებოდა და თავზე მისვამდა ხელს და მეც, რაღაი კი სოფლის ამბავი მომაყოლეს, მზად ვიყავი, რომ საღამომდის მეტიტინა, მაგრამ სხვებმა გაგვაწყვეტინეს საუბარი. დასწყევლოს წმინდა გიორგიმო — დაიძახეს აქეთ-იქით — ტფუ! ტფუ! ვიღაც სწორედ ჩვენ ძვირში არისო და გადავიდენ სხვა საუბარზე. ამასობაში სადილობამაც მოატანა და გადასძახეს ბიჭებს აივანზე, რომ სადილი მოეტანათ. უცბად ოცი-ოცდაათი მეტი ფარეში შემოიჭრენ და გაჩერდენ შუა ოთახში. ბატონები მივიდენ, ჩამომწკრივდენ ტახტზე: პირდაპირ, მეორე ტახტზე აზნაურიშვილები დასხდენ და თავში მღვდელი დაუჯდათ. კიბეზე ვიღაცამ დაახველა, სთქვეს — მოურავიაო და მართლაც ის იყო, მოუძღოდა წინ სადილს, შემოვიდა და მიეყუდა სვეტს. იმას შემოჰყვენ სხვებიც. ხელოსნებს პური მოჰქონდათ ხელკალათებით, მზარეულებს კი ქოთნებით და ქვაბებით სხვადასხვა საჭმელები. მიდგეს კუთხეში და გაჩერდენ. „აბა, ჰე, ხელი დაგვაბანიეთო,” ბრძანეს ბატონებმა. ერთმა ფარეშმა ტაშტს დაავლო ხელი, მეორემ თუნგს და მესამემ ხელსაწმენდს. ჩამოუარეს რიგით და ყველას ხელი დააბანინეს. მერე ორმა ბიჭმა შემოიტანა გრძელი და ვიწრო ხის სუფრა, ოთხფეხიანი, რომელსაც ერთი ფეხი გამოვარდნილი ჰქონდა. „შეუყენეთ ფეხიო” — უბრძანა ბატონმა. ბიჭები სულ ერთიანად გაცვივდენ გარეთ და თვალის დახამხამებამდე ერთმა შემოარბენინა ქვა, სხვებიც ისევ უკან მოსდევდენ; გადააბრუნეს სუფრა და შეიქნა ერთი კაკაკუკი. გაუმაგრეს ფეხი, მაგრამ ცოტა მეტი მოუვიდათ, ფეხი დამოკლდა და სუფრამ ყანყალი დაიწყო. „შეუყენეთ ნაფოტიო” — ბრძანა ბატონმა. გაცვივდენ ბიჭები ნაფოტის მოსატანად. კიდევ ისევ ერთმა მოიტანა ნაფოტი და სხვები უკან მოსდევდენ; შეუყენეს სუფრას და გაამაგრეს. როგორც იქნა, ამ ჭირს გადარჩენ, მაგრამ მწუხარება ამით მაინც არ გათავებულა. დამშეულს ძაღლებს რომ სადილის სუნი ეცათ, დრო იხელეს, შემოცვივდენ ოთახში, შეძვრენ სუფრას ქვეშ და წამოწვენ. — „არიქა, დაგვიხსენით ამ ძაღლებისაგანაო”, დაიყვირა ბატონმა. ბიჭებმა დაავლეს ჯოხებს ხელი და დაუწყეს სუფრის ქვეშ ძაღლებს ცემა. ძაღლები იღრინებოდენ, იკბინებოდენ, დიდხანს არ უნდოდათ, რომ გამოსულიყვენ სუფრის ქვეშიდან, მაგრამ ბოლოს, ძალა რო დაატანეს, იკადრეს და გაცვივდენ გარეთ. ერთი-ორი ძაღლი აზნაურების სუფრის ქვეშაც შემძვრალიყო. ბიჭებმა რომ იმათ ჯოხით ცემა დაუწყეს, ერთმა აზნაურმა იყვირა: „ვაიმე, წვივი, წვივი მომტეხე, შე ოჯახდაქცეულო! ბატონი-ჩემის რისხვა ნუ მომეცემა, ჩემი ჯინი სჭირს და განგებ მიყო ეს საქმეო!” — მაგრამ ბიჭი დიდ უარზე იდგა და იძახოდა: „ღვთისა და ბატონის რისხვა მქონდეს, თუ უცაბედად არ მომსვლოდესო”. ამ შემთხვევამ დიდი სიცილი და ხარხარი გამოიწვია და ის აზნაურიშვილიც განგებ აზვიადებდა ტკივილს, ისვამდა წვივზე ხელს და იჭყანებოდა. ძაღლები რომ გარეკეს, რამდენიმე ბიჭი კარებზე დააყენეს ჯოხით, რომ აღარ შემოსულიყვენ. ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა და უკანასკნელი. არა თუ ჩვენ ოჯახში, სხვის ოჯახებშიაც ამგვარივე შემთხვევა იყო ხოლმე; თითქმის ყოველ იჯრაზე, ყოველ სადილ-ვახშამზე ამ სუფრის ფეხების ცოდვილი იყო და ძაღლების მოგერება, და აზრად არავის მოსდიოდა, რომ ერთხელვე გაემაგრებინათ სუფრის ფეხები, და ან ბიჭები სადილობამდე კარებზე დაეყენებინათ, რომ ძაღლები არ შემოსულიყვენ ხოლმე. ამ ახირებულობას ისე იყვენ მიჩვეული დიდი და პატარა, რომ უამისოდ ვერც კი შეეძლოთ წარმოედგინათ სადილ-ვახშმის ჭამა; თითქოს ეს ყველა აუცილებელი საჭიროება ყოფილიყოს, ისე, როგორც მღვდლისაგან სუფრის კურთხევა. ყოველიფერს რომ მორჩენ და დაალაგეს საჭმელები სუფრაზე, უცბად დედაჩემმა შეჰკივლა მამაჩემს: - „რას შვრები მაგას!” - თურმე მამაჩემს კარგი მოზრდილი ლუკმა ჩაედვა პირში ისე, რომ ჯერ მღვდელს „მამაო ჩვენო” არ ეთქვა და სუფრა არ ეკურთხებია. ახლა-კი გაახსენდა, წამოვარდა ზეზე და ხელით ანიშნა მღვდელს. მღვდელმაც სისწრაფით „მამაო ჩვენო” გადიკითხა, აკურთხა სუფრა, და მაშინ კი მამაჩემმაც გადაყლაპა და მიუბრუნდა მღვდელსა: “მამაო, კინაღამ არ დამახრჩვე, შიშით ვერ გადავყლაპე, სირცხვილით ვერ გადმოვაგდე და შენ კი ლოცვა გააჭიანურეო”. — „შენი რისხვა ნუ მომეცემა, ორჯერ გადავახტი, რამდენიც შევიძელი, ჩავაფუჩეჩე”. ამ სიტყვებზე დედაჩემი გაჯავრდა და უსაყვედურა მამაჩემს: „სულ შენი სულწასულობის ბრალია, რომ მღვდელსაც ცოდვაში აგდებ და გმობას ალაპარაკებ. ვის გაუგონია ლოცვის გადაფუჩეჩება და ღვთის მოტყუებაო?” მღვდელი გაწითლდა და თავის გასამართლებლად წაილუღლუღა: „არა უშავს რა, პური და ღვინო ისეც ნაკურთხია ღვთისაგანო; ცოტა რომ დააკლდეს, რა უშავსო”. — „რას ამბობ, მღვდელო, — სთქვა დედაჩემმა, — რაც კი არსებობს ქვეყანაზე, ღმერთს უკურთხებია, რო გაუჩენია; და მაშ რა საჭიროა კურთხევანი რო ყოველ დღე ხელში გიჭირავს?” ეს ბაასი, ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და რითი გათავდებოდა, რომ მამაჩემს არ დაეყვირა: „კარგია, ახლა რა დროს ეგ არის, მშიაო”. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეს და შეუდგენ გულმოდგინედ ჭამას. სუფრა სხვადასხვა თავი საჭმელებით აივსო, თავ-თავისი კერძი ყველას საყოფი ედვა წინ, მაგრამ მაინც მამაჩემს მოართვეს ხელგობით და დაუდგეს წინ ასო-ასოდ აქნილი რაჭული ხბო, რომელსაც მოსაკითხად უგზავნიდა ხან ერთს და ხან მეორეს. ისინიც თაყვანისცემით მოახსენებდენ ხოლმე: „ღმერთმა ნუ მოგვაკლოს თქვენი მოწყალებაო!” ამ დროს გავიხედე, შუა ოთახში რომ გამწკრივებული ბიჭები თავზე გვადგენ და ჩვენ ჭამას რომ უყურებდენ და ტუჩებს აცმაცურებდენ, მათ რიცხვში ჩემი ძიძიშვილიც იდგა. თვალი მიქნია, მივხვდი, რაც უნდოდა, გავაპარე ხელი, ვტაცე შუაძვალს და ელვასავით გადავუგდე. ბურთში გაჩვეულმა ბიჭმაც, რასაკვირველია, მიმინოსავით დაიჭირა და იგდო უბეში. ბევრმა თვალიც ვერ მოასწრო ამ ჩვენ ხორცით გაბურთავებას, მაგრამ დედაჩემმა შენიშნა და სიცილით მითხრა: “შვილო, მარტო მაგას რომ მოუკითხე, სხვებს ხომ გული დაწყდებათო! მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არისო! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო! მოუკითხე იმათაცო!” მე დიდი სიამოვნებით აღვასრულე დედის ბრძანება, და თითო ნაჭერი გადავუგდე სამივეს. ეტყობოდათ, რომ ბურთაობაში ისინიც გაწაფული იყვენ. ორმა მათგანმა თითები ისე გამოჰკრეს ჰაერში მოტრიალე ხორცს, როგორც მიმინომ ბრჭყალები მწყერს; მხოლოდ ერთ იმათგანს, რომელიც უფრო მოზრდილი იყო, გაუვარდა ძირს. „აი, დაგესხა თავსლაფიო!” მიაძახეს აქეთ-იქიდან, „ვერ ყოფილხარ ბატონის ერთგულიო!” შერცხვა ბიჭს, მაგრამ ხორცის ნაჭერი მარჯვედ მომუჭნა. „პაღური მაგასო!” ბრძანა ბატონმა; მისცვივდენ პატარა ბიჭები და ჰკრეს პაღური. საკვირველია! ეს პაღური არც მეპაღურეებს და არც საპაღურეს არა სწყენიათ. შეიქნა ერთი საზოგადო სიცილი და ხარხარი. პატარა ბიჭებს პურიც გადაუგდეს და ისინიც სიამოვნებით გაცვივდენ გარეთ, რომ პირი ჩაეგემრიელებიათ. სუფრაზე ღვინოს არავის არ აძლევდენ, მხოლოდ მერიქიფეებს ეჭირათ ხელში ღვინით სავსე დოქები და, დაიცლებოდა თუ არა ვისიმე ჭიქა, მაშინვე აავსებდენ. სადღეგრძელოები არ იცოდენ. პირველს ჭიქას რომ აიღებდენ, მაშინ კი პირჯვარს გამოისახავდენ და იტყოდენ: „დიდება ღმერთსა! მოწყალესა ერსა! ღმერთო გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა, მამაო!” — ეტყოდენ მღვდელსაც და გადაჰკრავდენ ღვინოს. მერე კი იმდენსა სვამდენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ. სადილი რაც უფრო გრძელდებოდა, უფრო და უფრო ეტყობოდა მხიარულება ყველას. იცინოდენ, ხუმრობდენ და სასაცილო ამბებს ამბობდენ. სიცილსა და მუსაიფში ხანდახან ფარეშებიც გამოერეოდენ, მაგრამ თავი კი ზრდილობიანად ეჭირათ. გათავდა სადილი, სუფრა აალაგეს, ფარეშებმა ხელი დააბანინეს ისევ ყველას და წავიდ-წამოვიდენ. სასახლეში დარჩენ მხოლოდ ბატონები. იმ დროში ნასადილევს ძილი ყველასათვის აუცილებელი საჭირო იყო და ამიტომ დედ-მამა საწოლ ოთახში დარჩა. მე კი სასტუმრო ოთახში შემიყვანეს და იქ დამტოვეს. „იყავი მანდო და, როცა ძილი მოგინდეს, წამოწევი ტახტზე, მუთაქა მანდერ არიო, მიიდევი და დაიძინეო. სანამდის არ აგრილდება, კარში არ გაგიშვებთ, ხომ ხედავ, რომ სიცხით დედამიწას ალმური ასდისო. ყოველი ცხოველი გაბოროტებულია, ან ბრაზიანმა ძაღლმა არ დაგგლიჯოს, ან გველმა არ დაგკბინოსო. რო აგრილდება, მაშინ კი პატარა ბიჭებიც გმოიღვიძებენ და იხტუნეთ ერთად ეზოში, რამდენიც გინდოდეთო”. მომიკეტეს კარები და დამტოვეს მარტო. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემ სიცოცხლეში, რომ მარტო დავრჩენილიყავი, და ისიც კარდაკეტილ ოთახში. დავღონდი და დავიწყე ფიქრი. მე გული ისევ ჩემი სოფლისაკენ მქონდა. „მართალია, ამისთანა სიცხეში, - ვიფიქრე გუნებაში, - მზეში ყოფნა და წანწალი არ ვარგა, მაგრამ მაგიერად რა სჯობია იმას, რომ ხის ქვეშ ჩეროში იჯდე და დანასობიას ან კენჭობიას თამაშობდე! და აქ კი, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო? ძილიო, რომ მეუბნებიან, განა ძილისგუდა ვარ, რომ დღეც ვიკოტრიალო?” ამგვარი ფიქრები სევდასავით მომაწვენ გულზე და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩარა. უცბად რაღამაც გრიალი დაიწყო, მივიხედე კედლისკენ და შევნიშნე (თურმე კედლის საათი იყო), თითქოს კოლოფის მზგავსი შეიძრაო, გაიღო კარები, გამოხტა გუგული, სამჯერ დაიძახა „გუგუ, გუგუო” და შეჰყო ისევ თავი, დაიმალა. წამოვვარდი ზეზე, დამავიწყდა ჯავრიც, მწუხარებაც, ვიფიქრე: „ეს გუგული სად შემოფრენილა-მეთქი”, ის სოფელშიაც ვიცოდი, რომ გუგული ბუდეს არ იკეთებდა და სხვის ბუდეში სდებდა კვერცხებს. ვსთქვი: „სწორედ მერცხლის ბუდეა აქა და იქ ზის მეთქი”! მოვინდომე, რომ მივპაროდი და ქუდი დამეხურა ზედ. მივეპარე ფეხაკრეფით, ნელ-ნელა, დავდგი სკამი და შევდექი ზედ, მაგრამ მაინც ვერ ავწვდი. საათი მაღლა იყო ჩამოკიდებული, სკამი სკამზე დავდგი და ისე ვაპირებდი მიპარვას, შევპოტინდი. მაგრამ ამ დროს გამომისხლტა სკამი, გადმოვვარდი და გამხდა ბრეგვა იატაკზე. ხმაურობაზე გამოცვივდენ მეორე ოთახიდან და, გაშხვართული რომ მნახეს იატაკზე, ჯერ შეეშინდათ, მაგრამ მერე კი, მნახეს არა მიჭირდა რა, სიცილი აიტეხეს. მე შემრცხვა და მოვრთე ტირილი. გული ამომიჯდა და ვეღარაფრით ვეღარ გამაჩერეს, სანამ ჩემმა უფროსმა დამ არ მომკიდა ხელი და არ წამიყვანა სამოახლოში, სადაც ჩემი ძიძაც სტუმრად იყო. დედაჩემი დიდი ძველებურ ოჯახის ასული იყო. 1820-ში, თეოფილაქტეს დროს, ქუთათელი და გენათელი რომ დააპატიმრეს და აჯანყება მოხდა, იმ აჯანყებულების მეთაურად ითვლებოდა დიდი ივანე აბაშიძე, ახალციხეს მოკლული. ეს ივანე დარეჯან ბატონიშვილის, პირველი სოლომონ მეფის ასულის, შვილი იყო და დედიჩემის მამა. აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს (უნდა მოგახსენოთ, მისთანა აჯანყება არ ყოფილა, რომ ხალხს რამე ძალადობა ეხმაროს, მხოლოდ უკმაყოფილებას აცხადებდენ პირდაპირ, დაუფარავად), აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმის ცოლშვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები, გარდა დარეჯან ბატონიშვილის ერთი უფროსი ვაჟისა, უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულისფიცარზე დაებეჭდა. აბაშიძის სახლობა დაბრუნდა, მაგრამ ყმა და მამული ჩამორთმეული დაუხვდა, ოჯახი აკლებული და განადგურებული. საზრდო რომ აღარ ჰქონდათ და პატრონიც აღარავინ ჰყავდათ, გურიის მთავარმა გადაიყვანა და ცდილობდა, რომ მათი მწუხარება მომავლის იმედებით როგორმე გაექარვებინა. ყველაზე უფრო დასევდიანდა თურმე დედაჩემი: ამას თურმე დარეჯან ბატონიშვილი აგონდებოდა, რომელიც შვილსავითა ზრდიდა და ანებივრებდა, როგორც შესანიშნავ ბავშვს. დარეჯან ბატონიშვილისა არ იყოს, გურიელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დედაჩემს. იმ დროს, როგორც სხვა ყოველ ქართველ დიდ-ოჯახებში, გურიელის სასახლეშიაც თითქმის შინაკაცებად ითვლებოდენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაც ჰქონდათ ოჯახებზე. ამ ევროპიულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულ მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა. რაც კი იმ დროში ქართველ-ქალის ხელიდან გამოვიდოდა, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა: იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთანაც კარგი აღმზრდელი. ცნობისმოყვარეობასთან შრომისმოყვარეობაც შეთვისებული ჰქონდა: დილას მამლის ყივილზე რომ წამოდგებოდა. დაღამებამდე ფეხზე იდგა და უსაქმურად კაცი ვერ ნახავდა. „სიზარმაცე და უსაქმურობა დედა არის ყოველგვარ ბოროტებისაო,” იტყოდა ხოლმე: „და კეთილი საქმე კი იგივე ლოცვა, ვედრებააო”. მოსამსახურეებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, რომ ცუდი არა ჩაედინათ-რა. უსაქმოდ არავის გააჩერებდა, ყოველგვარ ხელობას ასწავლიდა მათ და ზოგს წიგნსაც აკითხებდა. მაშინ, ბატონყმობის დროს, ამგვარი ქცევა საარაკო იყო და დედაჩემის მოქმედებაც ბევრს თვალში ეჩხირებოდა. მკაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა დავარდნილი, რადგანაც თავი მძიმედ ეჭირა. „თუ თავი გაუყადრე ბრბოს, პირს შეგაჩვევს, აღარად ჩაგაგდებს და, რაც უნდა ურჩიო, აღარ დაიჯერებსო” — ამბობდა. სასახლეში მისი ყველას ეშინოდა და დიდი ხათრიცა ჰქონდათ. მაშინ მეც ისე მეგონა, როგორც სხვებს, რომ დედაჩემი ცივგული და მრისხანე იყო, მაგრამ, გონებაში რომ ჩავხვდი, მაშინ კი გამოვიკვლიე სიმართლე: ის იყო ნამეტანი ჩვილი გულის მექონი და მოყვარული, მაგრამ დიდ-ოჯახში ნამყოფი, დარეჯან ბატონიშვილის გაზრდილი და პატრების ნამოწაფარი, განგებ პირბადეს იფარებდა, მხოლოდ კეთილის განზრახვით. უნდა გენახათ მაშინ, როდესაც სასახლეში ავად ვინმე გახდებოდა, გინდ უკანასკნელთაგანიცა!.. დღე და ღამ მოსვენება აღარ ჰქონდა და თავის ხელით უვლიდა, როგორც შვილს. გაჭირვებულის დახმარება რჯულად ჰქონდა დადგენილი, სულ სხვებზე ჰფიქრობდა და სხვებისთვის, თითქოს თავის საკუთარ პირადობაზე ხელაღებული ყოფილიყოს, მუდამ მწუხარებაში იყო, და ყოველ ფერიცვალობა დღეს მტირალი იჯდა ხოლმე. ამბობდენ: ამ დღეს რაღაც ძველებური ამბავი აგონდებაო. სულ სხვა ბუნების, მიმართულებისა და ხასიათის იყო მამაჩემი. უკანასკნელ დროში წერეთლები მძლავრობდენ და სახუცის ოჯახი-კი მთავრობისაგან ზურგმომაგრებული, ყველაზე ბატონობდა. იმ დროს მამაჩემი დედისერთა მცირეწლოვანი ობოლი ყოფილა; ბიძებიც გადავარდნილი ყოფილან, მეფე სოლომონს ჰხლებიან თან. ქვრივ-ობოლს ვინ არა სჩაგრავს, და, რასაკვირველია, შეძენის სურვილით გატაცებული სახუცესიც არ დააკლებდა ხელს. ერთხელ სახუცის მოურავი მოსულა ბებიაჩემთან და მოუხსენებია: „თქვენ რომ ეზოში ძელქვის პატარა სახლი გიდგათ, სახუცესს სურს, რომ დაუთმოთო”. პატრონს, რასაკვირველია, შორს დაუჭერია ეს ამბავი, მაგრამ მოურავს მაინც მოუყვანია მუშები, დაუნგრევია სახლი და გადაუტანია. გამწარებულ ბებიაჩემს სახუცისათვის წიგნი მიუწერია: „დიდო ზურაბ წერეთელო! გრცხვენოდეს უკადრისი საქციელისო. დაგვიმარტოხელე ქვრივ-ობოლი და სახლს თავზე გვანგრევო. ვინ იცის, დრო რას მოიტანს, თუ ღმერთმა ინება და ჩემი მაზლი შინ მშვიდობით დაბრუნდა, მაშინ დრო გადაბრუნდება და შენც ესევე საქმე მოგივაო”. პასუხად ზურაბ წერეთელს აი, რა მოეწერა: „აბაშიძის ქალო, ენა დაიმოკლე, თორემ, ხომ იცი, დროც ჩემ ხელთ არის და გასავალიცო. ჩაგწერ სიაში და შენი ობლიანა მოზდოკში ამოგაყოფინებ თავსო!” ამ მუქარით შეშინებული ქვრივი გაჩუმებულიყო, მეტი რა გზა ჰქონდა, და შვილსაც ისე უფრთხილდებოდა, რომ მუდამ გვერდში უჯდა და აღარსად უშვებდა. ამის ბრალი იყო, რომ მამაჩემი შინაკაცად იყო გაზრდილი და მხოლოდ ის იცოდა, რაც დედამისს ესწავლებია. მუდამ დედის კალთაში თავის დებას ისეთი ზედგავლენა ჰქონდა მამაჩემზე, რომ იმას მთელ მის სიცოცხლეში თვითნებობა და ახირებულობა ზნედ ჰქონდა გადაქცეული: სძულდა ნადირობა, რაც იმ დროში მებატონეების ჩვეულება იყო, ეჯავრებოდა აქეთ-იქით სიარული და სულ სახლში იჯდა; შინაც არას აკეთებდა; ამბობდა: „კაცი სიმშვიდისა და მოსვენებისათვის არის გაჩენილიო”. არც თვითონ შრომობდა, არც სხვას აწუხებდა. უყვარდა ძილი, აგრეთვე არ სწყინდა, როცა ხედავდა, რომ უსაქმური მოსამსახურეები მთელი დღე მხართეძოზე წამოწოლილი კოტრიალებდენ სახლში. პირის გემო იცოდა, უყვარდა კარგად ჭამა და სულ იმას იძახოდა: „არიქა, მშიერი არავინ დარჩეს სახლში, დიდსა და პატარას, ყველას სამყოფად აჭამეთო.” ბუნებითად ნამეტანი გულკეთილი იყო, შური და ბოროტება არ ესმოდა, რა იყო; მაგრამ ერთ უბრალო რამეზე უცბად იცოდა გულის მოსვლა, და მაშინ აღარ დაზოგავდა გინდ შორებელი ყოფილიყო და გინდ ახლობელი. ეს ზნე მოუვლიდა ხოლმე უფრო ხშირად მაშინ, როდესაც უნებურად გამოაღვიძებდა ვინმე, მაგრამ სიფიცხე დიდხანს არ გასტანდა. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ჩვენში, როგორც შობის წინ ალილოზე, ისე სააღდგომოდ ჭონაზე დადიოდენ ხოლმე მომღერლები. ერთხელ იმ დროს მოვიდენ ჩვენსა მეჭონეები და დაიწყეს „ჭონა”, როცა მამაჩემს ეძინა. „ალათასა, ბალათასა, ხელი ჩაჰკარ კალათასაო”, რომ შემოსძახეს, მაშინ გამოეღვიძა მამაჩემს და მიაშურა. მომღერლებმაც რომ დაინახეს ლომივით კაცი, პერანგისამარა, თავშიშველა მათკენ მუქარით მიმართული, დაფრთხენ, გადაცვივდენ ზოგი აქეთ, ზოგი იქით ყორეზე, თავს უშველეს, მაგრამ თითო-ოროლა აქა-იქ მოგროვებული კვერცხები კი სულ დაემტვრათ. მამაჩემი გამობრუნდა და უბრძანა მოურავს. „შემიტყვე, ვინ იყვენ ეგ მეჭონეები, რომ ცოცხალი არ გადავარჩინოო.” ამაზე დიდი ფიციც დასდვა. მაგრამ, რომ გამოიძინა და კაი გუნებაზე დადგა, ბევრი იცინა და თავის ბრძანებაც გამოსცვალა: „შეიტყვეთ ვინ იყვენ ის საცოდავები, რაც დამტვრევიათ კვერცხები, სასახლიდან უზღევით და, ამას გარდა, კარგადაც დაასაჩუქრეთო”. ეს ხასიათი რომ იცოდენ მისი, მძინარის ყველას ეშინოდა და ფხიზელს კი არავინ ერიდებოდა. ოჯახის საქმეში არ ერეოდა, სულ დედიჩემის ხელში იყო; მაგრამ მამაჩემის ახირებულობა ბევრჯელ ხელს უშლიდა და ამ ორს, სრულიად ერთმანეთის წინააღმდეგ ბუნების მექონ ადამიანთ, ხშირად ჰქონდათ ერთმანეთში საყვედური. დედაჩემს არ მოსწონდა მამაჩემის ყოფაქცევა, მაგრამ ბევრს უთმობდა. როგორც კი შეიქნებოდა შუადღე და გუგული თორმეტჯერ დაიძახებდა „გუგუს”, მამაჩემი მაშინვე სადილად დაჯდებოდა. ადრე რომ მონდომებოდა სადილი, მაინც არ სჭამდა. უცდიდა გუგულს და მოთმინებიდან გამოსული ყვიროდა: „რა არის, ეს რჯულძაღლი, რომ ასე აგვიანებს და სასადილოს არ დაუკრავსო?” ესეები ყველა დედას არ მოსწონდა და ხშირად ეტყოდა ხოლმე: „შენი ცოდვა მიეცეს, ვინც შენ აგრე გამოგზარდაო”. ამგვარი ახირებული ხასიათი ოჯახში მოსაწონარი არ არის, როგორც წესისა და რიგის ამრევი, მაგრამ სასახლეში კი ყველას ვაჟბატონი უფრო უყვარდათ, ვიდრე ქალბატონი. საკვირველია, მრისხანე დედაჩემს არ უყვარდა არავის დასჯა, მხოლოდ სიტყვითა და შეხედულობით იყო საშიში. ხშირად იპატივებდა ხოლმე მამაჩემისაგან გულმოსულობით გაწირულს, მაგრამ მაინც ყველა მრისხანედა თვლიდა. ერთხელ მოცლილი ფარეშები წასულიყვენ შეშის მოსატანად. ტყე იქვე ახლოს იყო; თითო კონის შეკვრას, რასაკვირველია, დიდხანს არ მოუნდებოდენ, მაგრამ დაღამებამდე მაინც რად დაბრუნდებოდენ სასახლეში? დარჩენილიყვენ სათამაშოდ და, სხვათა შორის, „ტირილობია” ეთამაშნათ: გადააფარებდენ თურმე ჩოხას შეშის კონას, დაახურავდენ ქუდს, ერთი მიუჩოქებდა, ორი იქით-აქეთ ხელს მოჰკიდებდა და სხვები ზარს ააყოლებდენ მოთქმით ტირილს, ვითომდა მკვდარიაო; ხან ერთმანეთს ტიროდენ, ხან თურმე მოურავს, ხან ხელოსნებს, მზარეულებს, ხან ვის და ხან ვის. ამ ხანად თურმე რიგი მოურავზე მიმდგარიყო. იმასაც გაეგო, გული მოსვლოდა და ბატონს დააბეზღა: „თქვენ გტიროდენო.” მამაჩემს გული მოუვიდა; მიაყვანია მომტირლები და მათი საქმე ცუდად იყო, რომ დედაჩემი არ გამოსარჩლებოდა: „როგორ გეკადრება აგრე გამოურკვევლად გარისხებაო? ტირილიც არის და ტირილიც არისო. ვინ იცის, რა სიტყვებს ამბობდენო? ეგებ მართლა წარმოიდგინეს, რომ ბატონი აღარა გვყავდეს, რა დღეში ჩავცვივდებოდითო და იმას მოსთქვამდენო!” ამის გამგონე ბიჭებმა გული მოიცეს და შეჰფიცეს: „შენი ხატი ნუ გაგვიწყრება, ჩვენ თქვენი ხსენება არ გაგვებედოს, და ღმერთმა ნუ მოგვასწროს მაგ დღესო. ჩვენ მხოლოდ მოურავი ვიტირეთო.” მამაჩემს გაეცინა და ბრძანა: „კარგი, აღარ დაგსჯით, მაგრამ გაიმეორეთ კი ახლავე, როგორ იტირეთ მოურავიო.” იმათაც, რასაკვირველია შემოიტანეს შეშის კონა, გადააფარეს ჩოხა და შეჰქნეს ღრიალი: „ვაიმე, მოურავო” და შეიქნა კომედია. სათითაოდ იტირეს სუყველამ. დიდმა, პატარამ, ვინც კი ოჯახში იყო, თავი მოიყარა, შეიქნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გაშინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდილობდა სიცილი შეეკავებია. ცუდ გუნებაზე იყო მხოლოდ მოურავი, და მეორე დღეს მოციქულიც მოუგზავნა მამაჩემს: „თუ შეიძლებოდეს, რამდენიმე ხნით დამითხოვეთ, რომ სახლში წავიდეო”. ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი საქმეების ჩამდენი და საქმეში აჩქარებული მამაჩემი მჩატე ჭკუის ყოფილიყოს. სრულიადაც არა, ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენამჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამათის ენა გამოჰყვათ, დახურდავებულიო”. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქნებოდა. მაგრამ ნამეტან გულკეთილობასთან შეერთებულ გულფიცხობას სულ სხვა ბეჭედი დაესვა, და, თუ დედაჩემი არ ყოფილიყო, ოჯახში ყველაფერი არეულ-დარეული იქნებოდა. ამას თვითონ მამაჩემიც გრძნობდა და დამშვიდების დროს, დიდი პატივისმცემელიც იყო ცოლის ნება-სურვილისა. მიუხედავად მისი ახირებულობისა, გარეშეებსაც ძალიან უყვარდათ მამაჩემი და მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა სიმართლისა და პირდაპირობისათვის, და ბევრ რამესაც უთმობდა. ერთხელ გენერალ-გუბერნატორმა გაგარინმა დაიბარა: „მოდი ახლავე ჩემთან, უნდა მოგილოცო ხელმწიფის წყალობაო”. ბზობა დღე იყო. მივიდა მამაჩემი. გაგარინმა მოულოცა და უთხრა: ხელმწიფის „ბლაღოვოლენიე” მოგივიდაო. მამაჩემს იამა და დაჯდა, დაუწყო ცდა, როდის ჩამაბარებენ „ბლაღოვოლენიესო”. იცადა, იცადა, სადილობა გადავიდა, მამაჩემმაც მოთმინება დაჰკარგა და მიაძახა: „თუ მიბოძებთ, მიბოძეთ, ეგ რაღაც „ბლაღოვოლენიე” არისო!” გუბერნიის მმართველს გაეცინა და უთხრა თარჯიმანის პირით: „ბლაღოვოლენიე” უმაღლესი მადლობა არისო”. მოთმინებიდან გამოსული მამაჩემი წამოვარდა ზეზე და მიაყვირა: „ღმერთმა უმადური გამყოფოს, უსადილოდ დამტოვეთ! დღეს ბზობაა, მაგას ერთი კარგი ზურგიელი მერჩიაო!” — სთქვა და გამოვარდა გარეთ. არ გაუვლია ნახევარ საათს, რომ ჩვენსა თარჯიმანი მოვიდა, გაგარინის გამოგზავნილი, თანაც ერთი წყვილი დიდრონი ზურგიელი მოიტანა: „ეს მიახლებია შენთვისო — შემოეთვალა გუბერნატორს, და „ბლაღოვოლენიეც” კიდევ სხვა იყოს ზედმეტადო”. რასაკვირველია, სრულიად დაკმაყოფილებულმა მამაჩემმაც დიდი მადლობა შესწირა. მამაჩემის ახირებული ხასიათის ასახსნელად ბევრი რამ სასაცილო შემთხვევა მახსოვს. ფოტოგრაფია რუსეთში ახალი შემოღებული იყო. ჩემ ძმას გადაეღო თავისი სახე და გამოეგზავნა. უწყება მოგვივიდა. მე გიმნაზიაში მიმეჩქარებოდა და დავიბარე შინ: რომ დავბრუნდები, ფოსტიდან გამოვიტან-თქო. მამაჩემს სულმა აღარ მოუთმინა და თურმე თვითონ წავიდა ფოსტაში. შევიდა, ნახა, რომ ყურადღება არავინ მიაქცია, მიიხედ-მოიხედა, სკამიც ვერსად დაინახა, რომ დამჯდარიყო: დგას ფეხზე სხვებთან ერთად და ჰფიქრობს გუნებაში: ეს რას ნიშნავს! სადაც შევდივარ, ყველგან დაბრძანდის მეუბნებიან და სკამს მიდგმენ, და ეს კი, ვიღაც არის, ბუზადაც არ მაგდებსო! ფოსტის უფროსი ახალი დანიშნული იყო და მამაჩემს არ იცნობდა. მამაჩემმა ერთხანს იცადა და ბოლოს, რომ მოთმინება დაჰკარგა, მივიდა და უთხრა: — კიდევ დიდხანს გინდა, რომ მაცდევინო? მომეცი ჩემი ილიკოს გამოგზავნილი, თუ რამე იყოს, და გამისტუმრე. — ილიკო ვინ არის? — ეკითხება გაკვირვებული ფოსტის უფროსი. — ილიკო ვინ არის? ვინ არის და ჩემი შვილი, ხელმწიფე იმპერატორის მოსამსახურე — კანვოი. — მე ვერ ვიცნობ. — ოხ, შენ თუ არ იცნობ, მაშ პური ვეღარ უჭამია! იმ კაცს სასახლეში იცნობენ და შენ აქ, გინდ იცანი და გინდ არა! — ყოველიფერი კარგი, მაგრამ თვითონ თქვენ ვინღა ბრძანდებით? — მე? თავადი როსტომ წერეთელი. — ვერც თქვენ გიცნობთ. — ახლა ხომ გეუბნები ვინცა ვარ! — ეგ არა კმარა. — მაშ, ხატზე ხომ არ გინდა, რომ შემოგფიცო? — ფიცი რა საჭიროა, წადით და მოწმობა მოიტანეთ. — მოწმობა? რისი მოწმობა? — მისი, რომ სწორედ თავადი როსტომ წერეთელ ხართ. — მერე-და ვის უნდა გამოვართვა ეგ მოწმობა? — პოლიციაში, კვარტალს. აქ მამაჩემმა მეტი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სტაცა კისერში ხელი... შეურაცხყოფილი ფოსტის უფროსი გაიქცა საჩივლელად პირდაპირ გუბერნატორთან. დაიბარეს მამაჩემი. შევიდა თუ არა ზალაში, მაშინვე საყვედურით მიმართა გუბერნატორს: მთელი ხმელეთი ხელში გიჭირავთ და კაცებს ვეღარ შოულობთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე, რომ ვიღაც გიჟებს და მასხარებს ნიშნავთ? — როგორ! რა ამბავი იყო? რა ჩაგიდენიათო? — ეკითხება გუბერნატორი. — როგორ თუ რა ჩამიდენია! დიდმა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დამამტკიცა თავად როსტომ წერეთლად, ნიკოლოზმა ხელი მოაწერა, ალექსანდრე მეორემ ბეჭედი დაუსვა, და ახლა, ეს ვიღაც ოხერია, სამი დიდი ხელმწიფის მონიჭებულ წყალობას ისე მართმევს და მხდის, თითქო მაგისი შეკერილი ჩოხა-ნაბადი იყოს! მეუბნება, რომ ეგ ყოლიფერი ჩალადაც არ ღირს, თუ პოლიციაში არ წახვედი და იქ ხელახლა კვარტალმა, მაქსიმე მგალობლიშვილმა, არ დაგამტკიცაო. — ეგ ყოველიფერი კარგი, მაგრამ თქვენ რაღა უპასუხეთ? — საპასუხო რა მქონდა?! რისიც ღირსი იყო, კიდევაც მივანიჭე. — მაშ, აღიარებ, რომ შეურაცხყოფა მიაყენე? — რას ამბობთ? როგორ თუ შეურაცხყოფა?! ჩემი საცინლად აგდება რომ კიდეც ამეტანა, რა ნება მქონდა, რომ მთავრობის შეურაცხყოფა დამეთმო მაგისთვის? — ხელი შეახეთ? — არა, ისე, კისერში წავავლე. — მეტი არაფერი? — როგორ არაფერი. გადმოვღუნე და სამიოდე ჯოხი ვზუზღე, ერთი ჩემი გაკიცხვისათვის და ორიც — მთავრობის შეურაცხყოფისთვისო. — ამას ისეთი გულმოსულობით ამბობდა, რომ ვერც თვითონ გუბერნატორმა და ვერც მისმა ჩინოვნიკებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. ბოლოს, როდესაც აუხსნეს მამაჩემს მისი შეცდომა, შეწუხდა, მიუბრუნდა იქვე მდგარ ფოსტის უფროსს და უთხრა: - „შე ცუდო კაცო, მე რა ვიცი ახალი რიგისა და წესებისა? რომ მნახე, შემოვედი ერთი უსწავლელი, ადამის ხნის კაცი, აგეხსნა ჩემთვის, რასაც ახალი კანონები გეუბნებიან, თვარა: მე შემოვდივარ ზრდილობიანად, შენ კი ისე მიბღვერ, თითქოს შენი მოსისხლე ვყოფილიყო! სხვა რომ არა იყოს რა, ყმაწვილი ხარ, ჩემი ჭაღარისათვის მაინც უნდა გეცა პატივიო”. ეს საქმე ბოდიშითა და მორიგებით გათავდა. შემდეგ დიდი მეგობრებიც იყვენ მამაჩემი და ის მისი მონათლული ჩინოვნიკი: ყოველ დღესასწაულების წინ, საშობოდ, საახალწლოდ, სააღდგომოდ, დიდ მოსაკითხებს, როგორც მეგობარს, უგზავნიდა ხოლმე მამაჩემი და ისიც დიდი მადლიერი იყო: მოუვიდოდა თუ არა მამაჩემს მისი შვილების წიგნები რუსეთიდან, თვითონ ფოსტის უფროსი მოარბენინებდა ხოლმე მამაჩემთან და აღარც კითხულობდა: „ქტო ტაკოი როსტომ წერეთელიო?”. კულებიაკინი ჭკუიანი და კეთილი კაცი იყო და ხალხსაც ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთი წუნი ჰქონდა: უცბად რაღაცა მოუვლიდა და აყვირდებოდა ხოლმე. მაშინ მის მრისხანებას საზღვარი აღარა ჰქონდა. ამ გუბერნატორს ჩვეულებად ჰქონდა, რომ სადმე წავიდოდა სოფლად, ამალას იახლებდა და წინ ბაირაღს გაიძღოლებდა. ერთხელ საჩხერეშიც ამგვარად მოვიდა. თითქმის მთელი საწერეთლო, დიდი და პატარა, თავად-აზნაურთაგანი, შუაგზაზე მიეგება და თან წამოჰყვა. კულებიაკინმა თავმომწონედ თავისი ბედაური შეათამაშა. ცხენს რაღაცა წასცდა. ერთმა ახალგაზრდათაგანმა თ. ა. მ. სიცილი აიტეხა. გუბერნატორმა შეჰყვირა თავისებურად. ახალგაზრდა უადგილო მხიარულებისათვის გაქაჩეს და სატუსაღოში ქუთაისისაკენ უპირებდენ გაგზავნას... ეს ყველას ეწყინა, მაგრამ კრინტი ვერავინ დასძრა. თავჩაღუნული მიჰყვებოდენ დიდხანს. ბოლოს შენიშნეს, შორს, რომ ერთი დონის ყაზახი რუსი მოდიოდა ცხენით. მამაჩემი დაწინაურდა და რომ დაუახლოვდა ყაზახ რუსს, ჩამოხტა ცხენიდან და მძიმედ თაყვანი სცა. ეს სუყველამ დაინახა. კულებიაკინმა წარბი შეიკრა და გამოიკითხა, თუ რად ჩაიდინა როსტომმა მაგისთანა უსაქციელობაო. მამაჩემმა უპასუხა: — რუსი გახლდათ და პატივი არ მეცაო? — კი, მაგრამ თავადიშვილს როგორ გეკადრება დონის ყაზახის წინ თავის მოხრაო. განა ვერ შეატყე, რომ უბრალო ვინმე იყოო? — როგორ არაო, მაგრამ შეიძლება ერთი ათი წლის იქით დიდი კაცი გახდეს და მეც მომადლიერებული მეყოლება, ხომ მოგეხსენებათ, წინწაძღოლილი საქმე ხანდახან კაცს კეთილად გამოადგებაო. კულებიაკინი დაფიქრდა, გაიცინა და ბრძანა, რომ სატუსაღოში გასაგზავნი უკანვე დაებრუნებინათ. მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა. განსაკუთრებით ღენერლის შტაბის ოფიცრები იყვენ მონდომებული, რომ როგორმე მოეგოთ, მაგრამ ვერას აწყობდენ. ერთხელ ღენერალ-გუბერნატორს, გ. ერისთავს, შემოეთვალა თბილისიდან: „ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი გვეწვია, შენთან თამაში სურს და თუ დრო გაქვს, მოდი, ჩემთან არისო. აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველობასო!” მამაჩემიც წავიდა და გაიმართა თამაშობა. პოლკოვნიკმა დაინახა, რომ მოპირდაპირე ახირებულად ეთამაშებოდა და ჰკითხა: თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო: კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო? — თეორია რა არის? — ეკითხება მამაჩემი. — სხვადასხვა სათამაშო კანონები. — ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო. — ეგ მართალია, მაგრამ უთეორიოდ არ შეიძლება. — არ ამიხსნით მაინც, რა არის თეორია? — სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა. — ჰო, ისემც კარგი დაგემართოს: ისინიც ხომ ჩემისთანა მიწიშვილები იქნებოდენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდენ? ახლა ჩემ თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონოთ, ჩაწერეთ და თეორია იქნებაო. პოლკოვნიკმა დაიწყო თამაში და არ გაუვლია დიდხანს, რომ კიდეც წააგო. შეწუხდა და სთქვა: „აშიბკაო”. ითამაშეს მეორე, კიდევ წააგო და სთქვა: „აშიბკაო”; მესამე, მეოთხე, მეხუთე... გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან იძახის: „აშიბკა, აშიბკაო”. მამაჩემს გაეცინა და უთხრა: „პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო! სანამ ეგ ვიღაც „აშიბკა” გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!” ეს ხუმრობა მის მოპირდაპირეს ეწყინა, შეურაცხყოფად მიიღო და ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემმა დამშვიდებით უპასუხა: „ნარდი, ჭადრაკი და სათამაშოები სასიამოვნოდ და დროს გასატარებლად გამიგონია ჩვენშიო. ხუმრობაც შეშვენის და მეც ჩემი ქვეყნის ჩვეულებაზე ვადგივარო, და თქვენში თუ საწყენი და გასაჯავრებელი ყოფილა, ჩემთან რა გინდა, ისევ თქვენებთან გეთამაშნაო?” გაჯავრებულმა დაავლო ქუდს ხელი და გამოვარდა გარეთ. აი, ამისთანა ხასიათის კაცი, რომელიც გარეთ, სხვაგანაც არ იშლიდა თავის ახირებულობას, რა უნდა ყოფილიყო შინაურობაში, სადაც დამოუკიდებელი ბატონი იყო? მართლაც, ბევრს ახირებულობას ჩადიოდა და ხელს უშლიდა დედაჩემის ყოველთვის წინდაწინ მოფიქრებულ და გონივრულ განკარგულებას. მახსოვს, ერთი გლეხი გადაგვიშენდა და ოჯახში არავინ დარჩენილა, გარდა ერთი ოთხმოცდაათი წლის მოხუცისა, რომელსაც აღარც მამულის მოვლა შეეძლო და აღარც თავის საკუთარი თავის რჩენა. რომ საგლეხო ადგილ-მამული არ გამცდარიყო, მამაჩემმა მოინდომა იმ ბერიკაცის სასახლეში გამოყვანა. მოხუცმა, რასაკვირველია, შორს დაიჭირა თავის სახლ-კარის თავისდანებება; იმას უნდოდა, რომ თავის სიცოცხლეში არ ენახა მის ქოხში გამქრალი ცეცხლი, იქვე მომკვდარიყო, სადაც მისიანები სცხოვრობდენ და ბოლოს იმათვე საფლავს ამოწოლოდა გვერდით. ნებით რომ ვეღარ დაიყოლიეს, ბატონმა ბრძანა, ძალით გამოეყვანათ და კიდეც გაუგზავნა კაცები. ეს ამბავი არ მოსწონდათ სასახლეში: მოსამსახურეები, ბიჭები, გოგოები, ყველანი ჩურჩულებდენ: ნამსახური კაცი თავისი სახლიდან რა გასაგდებიაო? ნაერთგულარს და ნამსახურს კაცი ძაღლსაც არ გაიმეტებსო. ამას მოვჰკარი მე ყური და გავიქეცი მამაჩემთან. ის ნიგოზ ქვეშ ჩეროში იყო მხართეძოზე წამოწოლილი; მივედი და ვკითხე: მამა-ბატონო, ჩვენი მურა რომ დაბერდეს, აღარაფერი არ შეეძლოს, აღარც ყეფა და აღარც ღრენა, მაშინ რაღა ვუყოთ-მეთქი? — რაში გეკითხება, შვილო? თუ მაგრე დაბერდება, მჭადს აჭმევენ და იქნება თავისთვინ, სანამ არ მოკვდებაო. — მაშ, თუ მაგრეა, კაცი უკეთესი არ არის ძაღლზე-მეთქი? ბერიკაცს რომ თავის სახლ-კარს აშორებ და გამოგყავს, ის კი არ გეცოდება-მეთქი? ამ სიტყვებმა ისე დააფიქრეს მამაჩემი, რომ ხელახალი განკარგულება მოახდინა: „თავი დაანებეთ იმ ბერიკაცს, დარჩეს თავის სახლში და საზრდოც მიუჩინეთო”. მასუკან ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემი დაუფიქრებლობით კინაღამ ცოდვაში ჩავვარდიო, მაგრამ ანგელოზმა მამხილა ბავშვის პირით, ვენაცვალე იმის ძლიერებასო! ხშირად მამაჩემს სახარების კითხვა უყვარდა, მაგრამ იმ კილოთი, რა კილოთიც წირვაზე კითხულობენ ხოლმე, და ისე გაიტაცებდა ხოლმე კითხვა, რომ სახარებაში გამოხატულ პირებს ემუსაიფებოდა. მაგალითად: „ჰი შენს მადლს”, „ვენაცვალე შენს სახელს”, „იცის ბიჭმა” და სხვანი და სხვანი; ამგვარ სიტყვებს ჩაურთავდა ხოლმე, მოსაწონს აზრს მოიწონებდა და საგმობელს ჰგმობდა. ერთხელ, სახარების კითხვის დროს, როდესაც მივიდა იმ ადგილამდი, სადაც ფარისევლები შეცდენას უპირებდენ ქრისტეს და ქრისტე უბრძანებდა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო”, მამაჩემმა ჩვეულებრივად წამოიძახა: „დაგესხათ თავს ლაფი, გინდოდათ, მოგეტყუებიათო? ჰოი, ახლა ნეტავი თქვენი თავი მომცა ხელში, რომ ეგ წვერები სულ ღერ-ღერად დაგაგლიჯოთო!” - ამ სიტყვებს დედაჩემმა მოჰკრა ყური, გამოვიდა მეორე ოთახიდან და ჰკითხა: „ბატონო, ვის უჯავრდები მაგრე გულითო?” — „ვისა და შეჩვენებულ ფარისევლებსო” — გულმოსულად უპასუხა მამაჩემმა. — შე დალოცვილო, მაგ სიშორეს რომ არ წაეპოტინო, - მიუგო დედაჩემმა, - შინ რომ საკუთარი ფარისეველი გყავს, რატომ იმას-კი არაფერს ეუბნებიო? შენმა მოურავმა მთელი ოჯახი აურ-დაურია, მაგის თავგასულობას საზღვარი აღარა აქვს. რამდენი ხანია გეხვეწები, რომ ამ ოჯახს ეგ როგორმე მოაშორო, მაგრამ ის ფარისევლობით თვალებს გიხვევს და ჩემი აღარა გჯერა-რაო! ამის თქმა და მამაჩემის ზეზე წამოვარდნა ერთი იყო: მომგვარეთ მოურავიო — დაიყვირა. მოიყვანეს ნამძინარევი მოურავი, მაგრამ სანამდი ის რასმე იტყოდა, მიაძახა ბატონმა ბიჭებს: „მე ფარისეველი სახლში აღარ მინდა, დააყოლეთ ეგ შეჩვენებული თავდაღმართზე და მიაყოლეთ პანღური, რომ სასახლისაკენ პირი აღარა ქნასო!” ეს მოურავი მართლა საძაგელი რამ იყო, მაგრამ მამაჩემი მაინც არ ელეოდა და დედაჩემმა, რომ იცოდა მამაჩემის ხასიათი, სახარების კითხვაში შეურჩია დრო და ძლივს გადაარჩინა ოჯახი იმ ცუდი მოურავისაგან. ამით ვათავებ მამაჩემზე საუბარს, თუმცა ბევრი რამ შემეძლო, რომ კიდევ მეთქვა. ჩვენი სახლის ზედა სართულს ოდა ერქვა, ქვედას — პალატი, და ორივეს საერთოდ კი — სასახლე, რომელსაც ირგვლივ, სამი კუთხით სხვადასხვა შენობა ერტყა: სამოახლო, საფარეშო, სახაბაზო, სამზარეულო, ბეღლები, საბძლები, სასიმინდეები, მარანი და სხვადასხვა ხულები. იმათზე ცოტა მოშორებით საჯალაბო იყო და იმ საჯალაბოს გარს ერტყა საჯინიბო, სათხებო, საღორე, საქათმე, საბატე, საინდოურე და სხვ. სამოახლოში ქალები იდგენ და სამ ხარისხოვანად იყოფებოდენ: გამდელებად, მოახლეებად და გოგოებად. გამდელი, როგორც ოჯახის ერთგული, ნამსახური და მოჭირნახულე, დიდ პატივში იყო, ხმა ჰქონდა საოჯახო საქმეში და ბატონიშვილების გამოზრდაც მის ხელში იყო. ეს ყოველ ოჯახში საზოგადოდ ძველთაგანვე მიღებული იყო, მაგრამ დედაჩემი კი ამ კანონს არ დასდევდა და უფრო თვითონ ზრდიდა შვილებს. მოახლე ქალბატონთან თანშეზრდილი და ნამზითვი, მისი ხელზე მოსამსახურე იყო; გოგო კი — ყველას მორჩილი და მოსამსახურე. იმათ გამდელები ადევნებდენ თვალყურს და სწრთვნიდენ; საქმე არ გამოელეოდათ ხოლმე: ჭრა, კერვა, ქსოვა, ქარგვა, რეცხვა, აბრეშუმის მოყვანა და სხვა ამგვარი რამ ხელსაქნარი — მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. კაცებს უფრო ცოტა საქმე ჰქონდათ სასახლეში. სახაბაზოში ხაბაზები იდგენ; დღეში ორჯელ გაახურებდენ თორნეს, გამოაცხობდენ საცხობს და სხვა საქმეს, რაც უნდა საჭირო ყოფილიყო, ხელს არ მოჰკიდებდენ. სამზარეულო მზარეულებს ეჭირათ ხელში და ისინიც ხაბაზების კვალობაზე მიდიოდენ. მარან-ბეღლები ხელოსნებს ებარა, სასიმინდე და ხულებიც მათი საქმე იყო; საბძლები კი მეჯინიბეებს ჰქონდათ მიჩენილი. მოჯალაბე და მწყემსები ცალკე წრეს შეადგენდენ. ყველას თავისი საკუთარი, ძველთაგანვე დაწესებული და გადაჭრილი საქმე ჰქონდა: სხვა საქმეს ხელს არ ჰკიდებდა, სხვების საქმეში არ გაერეოდა; იცოდა მხოლოდ ის, რაც მისი საქმე იყო და კიდეც ასრულებდა, თქმა აღარ უნდოდა. ეს ყველა ასე იყო, მაგრამ რადგანაც ამგვარი საქმის კეთება მაინცა და მაინც ბევრ დროს არ მოითხოვს, ბატონის მხლებლებიც უმეტეს ნაწილად უსაქმურად ბრძანდებოდენ და სიზარმაცით დათენთილი იყვენ. მხოლოდ ფარეშებმა არ იცოდენ, რა უნდა გაეკეთებიათ; თუ ბატონები არ მიუთითებდენ, ისე, თავისთავად, ხელს არაფერსა ჰკიდებდენ. ჩვენ სახლს წინ დიდი ეზო ჰქონდა, სადაც უზარმაზარი ნიგვზები, ანუ, როგორც ზოგან უწოდებენ, კაკლისხეები, საჩრდილებლად თავმომწონედ შლიდენ შტოებს. სახლის წინ კარის ეკლესია იყო აგებული, უკან საქალებოთი. ძველად, საქართველოში არც ერთი ეკლესია არ აშენდებოდა ისე, თუ უკან საქალებოც არ ექნებოდა მიდგმული. წირვა-ლოცვის დროს საყდარში წინ კაცები იდგენ და უკან საქალებოში კი ქალები. რასაკვირველია, არავის მამაკაცთაგან ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ზურგი მიექცია ხატებისაკენ და ქალებისათვის დაეწყო ცქერა! დღეს კი, როდესაც რუსულ წესზე აშენდა ჩვენი საყდრები და საქალებოს აღარ აკეთებენ, ქალები და კაცები არეულად შედიან საყდარში. ნახევრად ტიტველი ქალები თვალს იტაცებენ კაცებისას, და მლოცველებსაც ზეციური სასოება ქვეყნიურ იმედებზე გადააქვთ, სისხლი უღელავთ და გულისთქმა ებილწებათ. თითქმის ყოველ დიდ ოჯახს ჰყავდა ძველად საკუთარი მღვდელი; წირვა-ლოცვა გაუწყვეტელი იყო და ადრე მღვდელსაც უფრო პატივსა სცემდენ, ვიდრე დღეს. მეფე და მთავრებიც შენდობას სთხოვდენ მღვდელსა და ხელზე ეამბორებოდენ; მხოლოდ ბატონები თავის საკუთარ მღვდლებს, რადგანაც სულ ერთად იყვენ, არა ჰკოცნიდენ ხელზე. ამიტომაც დარჩენილა ჩვენში ანდაზა: „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”. აი, ვრცელი სახე, როგორც საზოგადოდ ყველა დიდ ოჯახებისა, ისე ჩვენი მოსახლკარობისაც. ეხლა ეგებ ვინმემ იკითხოს, თუ რათ უნდოდათ მაშინდელ ბატონებს ურიცხვი ფარეში სასახლეში, მაშინ, როდესაც საქმე არა იყო რაო? ამის მიზეზი იყო მაშინდელი ბატონყმობის წესი და რიგი, ძველთაგანვე ისე რჯულად დაკანონებული, რომ მისი გატეხა ცოდვად მიაჩნდათ. ბატონყმობა ჩვენში პირობით იყო და არა უსაზღვრო, როგორც სხვაგან. ყმებმა იცოდენ, რა უნდა გადაეხადათ, ბატონებმა - რა უნდა გადაეხდევინებინათ, და ორივე მხარე შეურყევლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სხვადასხვა გვარის და სხვადასხვა სოფლის გლეხები, სხვადასხვაგვარად იყვენ დაბეგრილი, ზოგს მეტი ემართა, ზოგს ნაკლები, ზოგს სულ ამოკვეთილი ჰქონდა ბეგარა და გააზატებული იყო. ერთ ჩვენ გლეხთაგანს, სხვათა შორის, ნახევარი კვერცხიც ემართა: ყველიერის დაურწყებას ჩამოვიდოდა სასახლეში, სამზარეულოში შეწვავდა კვერცხს, გაფცქვნიდა, მერე გაჰყოფდა ძუით შუაზე და ნახევარ კვერცხს მიართმევდა ბატონს, როგორც ბეგარას. ნახევარ კვერცხის ბეგარა ისე აწუხებდა იმ გლეხს, რომ რამდენჯერმე სთხოვა ბატონს: ამომიკვეთე და ერთს ძროხას მოგართმევო. მაგრამ პასუხად ამას ეუბნებოდა: საშვილიშვილო ვალდებულება რომ მე მოვსპო ძროხის გულისათვის, ეს ღორმუცლობა იქნება, და თუ სხვებ გამოიჩენ როგორმე თავს ერთგულობით, მაშინ კი შეიძლებაო. მართლაც, ჩვენს სამოახლოში სახადი გაჩნდა, ავადმყოფები გადახიზნეს. საორმოცომ ისე შეაშინა ყველა, რომ ავადმყოფებს არავინ ეკარებოდა; მაშინ ამ გლეხკაცმა იშოვა დრო, დაადგა თავზე ამ გადაწოლილებს და უპატრონა. ამ ერთგული სამსახურისათვის ამოუკვეთეს ნახევარი კვერცხის გადახდა. ერთ გლეხს წელიწადში ათი კოკა ღვინო ემართა; ერთ წელიწადს ღვინო აღარ მოუვიდა და ბატონმაც კოლოტებით ღვინის მაგიერ ათი კოკა წყალი გამოატანია და ჩაასხმევინა ჭურში. ღვინო რომ არ მოუვიდა, ის ღვთის ნება იყოო; გლეხკაცს მუშაობა და შრომა მაინც არ დაკლებიაო და, რაც არა აქვს, რა უნდა გადავახდევინოო. მაგრამ წყალი ხომ ზედ კარზე ჩამოუდისო, და მიტომ გამოვატანინე, რომ არ იფიქროს, ბეგარა ამოკვეთილი მაქვსო. რაც მამა-პაპიდან არ მართებს, იმაზე მეტს არას ვთხოვ, მაგრამ, რაც მართებს, იმას კი ვერ შევარჩენო, რადგანაც მამებს ასე გადმოუციათ ჩვენთვის და შვილებსაც ასე უნდა გადავცეთო. თვითონ გლეხებიც მტკიცედ იდგენ თავის პირობაზე და ნამეტანის გადახდას სიკვდილს არჩევდენ. როგორც სოფელი შროშა ქათმით, რაჭა ხბოთი და აგრეთვე ცხვრით, ისე თავასა ღორის სიკეთით იყო განთქმული. თავასელ გლეხებს ბეგარად ედვათ, რომ ყოველ წელიწადს, ნაშობევს, დაურწყების კვირაში, თითო ბურაკი გამოეტანათ სასახლეში. ჩვეულებადა ჰქონდათ, რომ მარჯვენა ფეხი უნდა მოეჭრათ გამოტანილ ბურაკისათვის და უკანვე წაეღოთ შინ. ამას ბედის დაბრუნებას ეძახიან. ერთხელ ერთ გლეხთაგანს გზაში დაგვიანებოდა და, რომ დამარხვდა, მეორე დღეს მოიტანა ბურაკი. ბატონი გაუწყრა და ის ბურაკი იქვე დაბმულ დათვს გადაუგდო. დათვმა, რასაკვირველია, მაშინვე დატორა. გამწარებულმა გლეხმა გაიმეტა თავი, შეეჭიდა დათვს, გამოგლიჯა ბურაკი, მოჭრა მარჯვენა ფეხი და დანარჩენი ისევ გადუგდო: „არა, შენი ჭირიმე, — მიაძახა, — როგორც დამნაშავეს, რაც გინდა ის მიყავითო, მაგრამ ჩემს ბედსა და მამა-პაპის ჩვეულებას დათვს ვერ შევაჭმევო!” გრიგოლ წერეთლის შვილი, ნესტორ წერეთლის მამა, დიმიტრი, რუსეთში იყო გამოზრდილი. დაბრუნდა თუ არა, ოფშკვითელი ნიჟარაძის ქალი შეირთო, მდიდარი მემკვიდრე. ჩაესახლა იქ და მეოჯახეობას მიჰყო ხელი. ერთ ღამეს ვიღაცამ თოფი ჰკრა და მძინარი მოჰკლა. მკვლელობა მიაწერეს ცოლის ნათესავებს, როგორც გარეშე მემკვიდრეებს, დაიჭირეს, ბევრი დასაჯეს, ზოგი ციხეში გამოახრჩვეს და ზოგიც ციმბირში გაგზავნეს. გაიარა ორმოცდაათმა წელიწადმა. ერთმა მოხუცებულმა სოფლელმა სიკვდილის წინათ აღიარა საჯაროდ შემდეგი: “მე ვიყავი დიმიტრი წერეთლის შინაყმა, ერთხელ კამბეჩები დარჩენილიყვენ ღამე საჩეხს გარეთ და ბატონმა გვიბრძანა, რომ შეგვერეკა საჩეხში; ჩვენ, რასაკვირველია, უარზე დავდექით, რადგანაც მწყემსები არ ვიყავით. მაგრამ ბატონი გაგვიწყრა და გვიბრძანა: „მე ეგეები არ ვიცი, რასაც გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთო!” ეს გვეუცხოვა ჩვენ, ფარეშებს, პირობა შევკარით, რომ მოგვეკლა. წილი ვყარეთ და მე მერგო. იმ ღამეს მივეპარე მძინარს ფანჯრიდან და თოფი ვკარიო”. ამ რამდენიმე მაგალითებიდან მკითხველი ცხადად დაინახავს, თუ რა მძიმედ იდგენ თავის მოვალეობაზე ბატონიცა და ყმებიც. აზატ გლეხებს არაფერი გადასახადი არ ემართათ და მიდიოდენ საბატონო აზნაურების კვალობაზე: გამოჰყავდათ სასახლეში თითო პატარა ბიჭი ხელზე მოსამსახურედ და იმით თავდებოდა მათი მოვალეობა. აი, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის გარემოება, რომ დიდ ოჯახებში ორმოც-სამოცობით ეყარენ ფარეშები და საქმეს-კი არაფერს აკეთებდენ. ბატონყმობის დროს მხოლოდ მოჯალაბეები იყვენ საზოგადო კანონს, რიგსა და ჩვეულებას მოკლებულნი. გლეხი, მიწაწყლის პატრონი, და მოჯალაბე, უმიწაწყლო, სულ სხვადასხვა იყო. მოჯალაბედ გახდებოდა მხოლოდ ნაყიდი, ანუ ტყვედ წაყვანილი და სრული მონაც იყო მისი პატრონისა. მოახლედაც მოჯალაბის შვილები უნდა გაეყვანათ და გლეხისას ვერ შეეხებოდენ, გინდ ობოლიც ყოფილიყო. სიკო წერეთელს ერთი გლეხი გადაუშენდა და უპატრონო ობოლი მოსამსახურედ გამოიყვანა. სოფელმა იწყინა და მოციქული მიუგზავნა: მიწაწყალი თქვენია, საკომლოს რაც გნებავთ, ის უყავით, მაგრამ ობოლზე კი ხელი არ გაქვთ და დაგვიბრუნეთ, რომ ჩვენვე ვუპატრონოთ და გავათხოვოთო. ბატონმა, რასაკვირველია, ყურადღება არ მიაქცია მათ თხოვნას. ერთ დღეს რაღაც უჩვეულო ხმაურობა მოისმა საჩხერეში. გაიხედეს და დაინახეს, რომ ყვირილის პირად ხვადაბუნები მოდებული იყო გლეხკაცებით, კალიასავით მოჰფენოდენ ჭალებს, შემოვიდენ საჩხერეში და შემოერტყენ ირგვლივ წერეთლის სახლს ყვირილით: ნუ ჩადიხართ უსამართლობას, გოგო დაგვიბრუნეთო. როდესაც ბატონი გაუძალდა, გლეხებმა შეუყარეს კეტები ხის სახლს და სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინი დააწყებინეს. შეშინებულმა ბატონმა დაუბრუნა გოგო და გლეხებმაც სულ მაყრულითა და ვარხალალოთი წაიყვანეს თავის სოფლისკენ. იმ დროს დიდი სვიმონ წერეთელი, სახუცის შვილი, მეფის სიძე, ღრმა მოხუცებული, კიდევ ცოცხალი იყო; იწყინა ეს შეურაცხყოფა გლეხებისაგან, შეაკაზმინა თავისი ლურჯი ბედაური (მთელ საწერეთლოში მისი ლურჯი ბედაური იმ დროს განთქმული იყო), შეჯდა და დაიძახა: „მდევარიო!” მაშინ ყველა მებატონეებს ბედაურებით საჯინიბოები გავსილი ჰქონდათ. თვალის დახამხამებამდე გამოეწყვენ, შეიკაზმენ წერეთლის შვილები, თან იახლეს დაიარაღებული აზნაურიშვილები და გამოუდგენ გლეხებს. ხვადაბუნებში, ყვირილის პირად, მოსწვდენ. გლეხებმა რომ დაინახეს მათზე მიმავალი ცხენოსანი ჯარი, მობრუნდენ, მოიმარჯვეს ხელკეტები და დაეწყვენ რაზმებად. წამოდგენ წინ მოხუცებული გლეხები, მიეგებენ ბატონებს, დაუჩოქეს და მოახსენეს: ნუ იზამთ მისთანა უსამართლობას, რომელიც არც თქვენს ძველებს და არც ჩვენს ძველებს არ ჩაუდენიათო, ნურც თქვენ თავს გაგვამეტებინებთ და ნურც ჩვენ ამოგვწყვეტთ ცუდუბრალოდო. ორივე მხარე მაგრად იდგა და, ვინ იცის რით გათავდებოდა საქმე! მაგრამ ამ დროს გაჩნდა მისი ჭაკი ცხენით ოქროპირ მღვდელი, წერეთელი, და ჩამოვარდა შუაკაცად: როგორ გეკადრებათ გლეხკაცების თავის გაყადრებაო! — მიუბრუნდა წერეთლებს, თავი დაანებეთ, მთავრობას შეატყობინეთ და ის გასცემს მაგათ თქვენ მაგიერ პასუხსო. მართლადაც, გლეხკაცები ძალიან დასაჯეს, ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაგზავნეს. საკვირველი ის იყო, რომ ეს ხალხი, რომელიც ჩხუბს უპირებდა შვენიერად დაიარაღებულ ცხენოსან ჯარს, სრულიად დაემორჩილა მხოლოდ ერთ „ზასედატელს” და ორ ყაზახ რუსს. „რა გაეწყობაო — ამბობდენ — ძალა აღმართს ჰხნავს, მტერმა, რაც უნდა, ის გვიყოს, მაგრამ შინაურობაში კი წესსა და რიგს ვერც ჩვენ გავტეხთ და ვერც სხვებს გავატეხინებთო!” ამგვარი მაგალითები ბევრი ყოფილა, მაგრამ სანიმუშოდ ესეც კმარა. ბატონყმობის დროს, ჩვენში ცემა-ტყეპა ძალიან იშვიათი რამ იყო! თუ გალახავდენ ხელით, ან მათრახით, ან ჯოხით, ისევ პატარა ახალგაზრდა ფარეშებს, თორემ დავაჟკაცებულს არა, ამათ შესარცხვენად საკმაო იყო პანღური და ცალი ულვაშის აწევა. „როზგი” ამ ბოლო დროს შემოიღეს, თორემ ადრე ქართველებმა მისი სახელიც არ იცოდენ. აი, რა გამიგონია მამაჩემისა და ბიძაჩემისაგან: 1830 წ. ქუთაისში შეჰკრიბეს იმერეთის თავად-აზნაურობა, რომ მარშალი აერჩიათ. იმ თავად-აზნაურებში ერთი თურმე კაპიტანი მიქელაძეც ერია, რომელსაც სუყველა ერიდებოდა. ზემოურებს თურმე გაუკვირდათ ეს და ჰკითხეს ქვემოურებს: რა მიზეზია, რომ მაგ დარბაისელ კაცს პირს არიდებთო? მეტი რაღა მიზეზი უნდაო, — უპასუხეს ქვემოურებმა, — ეგ დალოცვილი წამოაქცევინებს გლეხკაცებს, ჩაახდევინებს და სულ ისე აროზგვინებსო! ზემოურებმა რომ ეს გაიგონეს, იმათაც ზურგი უჩვენეს ათვალწუნებულ ვაჟბატონს. ჩვენ ოჯახში მახსოვს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, რომ კაცი დაესაჯოთ. და აი ერთი იმათგანი. ერთხელ სოფლიდან გამოვიდა მოხუცებული გლეხი და შეევედრა მამაჩემს: „შენი ჭირიმე, ეგებ მიშველოთ რამე, შვილი გამიმუტრუკდაო, ნაქართლი გახლავსო. როცა იქ მიდიოდა, გვარიანი ჭკუიანი ბავშვი გახლდათ, ახლა იქიდან რომ დაბრუნდა, ჭკუის ნიშანწყალიც აღარ ეტყობაო. ჩაუცვამს რაღაც ქაჯურად, იპრანჭება და სამუდამოდ ხელს აღარ ანძრევსო. ამან ყოველიფერმა კიდევ თქვენი ჭირი წაიღოს, მაგრამ ერთი მისთანა საქმე ჩაიდინა, რომ ოჯახსაც თავი მოსჭრა და ჩვენ სოფელსაცო: საჯაროდ ყბაში სილა გაარტყა დედაკაცსაო... საბრალო ჩემი რძალი წყალში გადავარდნას აპირებდა, რომ ჩვენ არ დაგვეჭირაო”. მამაჩემმა გამოაყვანინა ნაქართლი ბიჭი, რომელმაც რაღაც ახირებულად დაუწყო მუსაიფი ბატონს. „კნიაზს გაუმარჯოს” — უთხრა ბატონს. ბატონს გაუკვირდა და ცივად უპასუხა: „შენც ღმერთმა შეგარცხვინოს და შენი კნიაზიცა! ე, რას დამგვანებიხარ, რანაირად ჩაგიცვამს?” — როგორ თუ რანაირად, კნიაზ? ჩვენი ადათი ესე გახლავს. — როგორ თუ თქვენი? სადაური? — ქალაქური. მე გეურქ-აღასთან ვიყავ ქარვასლაში. იქ ყველანი ასე იცმენ! — კი, მაგრამ ეგ ქუდი რომ განზე მოგიქცევია და მარტო ნახევარზე გახურავს, ნახევარმა თავმა რაღა დააშავა? — ეს ანჩისხატური გახლავს. — ეგ კოპლებიანი ქამარიც ანჩისხატურია? წვეტიან ჩექმებზე რომ შემდგარხარ, თითო ტკაველა რიკი მიგიცია ქუსლებისათვის და, შენ საკუთარ სიმაღლეს რო აღარ სჯერდები, გინდა ცაც მოატყუო და დედამიწაც? — ესეც ადათი გახლავს, კნიაზჯან. — ადათი! ჰმ! მაშ, ისიც ადათი ყოფილა, რომ შენ დედაკაცი გაგილახავს? — ვისი დედაკაცი? მე ჩემს ცოლს ვცემე. ამ მუსაიფს მოსამსახურეები ყურს უგდებდენ, უკვირდათ და თავის ქნევით იღიმებოდენ. ერთხანს ბატონსაც ეცინებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აიტანა მისი უზრდელი სიტყვა-პასუხი და დაიღრიალა: „სტაცეთ ამ წუწკს ხელი, ბიჭებო! მოხადეთ ქუდი, გააძვრეთ ჩოხა, შემოხსენით ეშმაკის კოთხოებიანი ქამარი, გახადეთ ფეხს და მიაკარით ხეზეო!” მოსამსახურეები მიცვივდენ და სიამოვნებით აასრულეს ბატონის ბრძანება. ბოლოს ბრძანა ბატონმა, რომ სამოახლოდან გამოსულიყვენ გოგოები, სათითაოდ მისულიყვენ მასთან და ეთქვათ: „ფუი, შეგირცხვა წვერ-ულვაში, რომ დედაკაცსა სცემეო”. ეს რომ გაათავეს, ბრძანა, რომ ხელშეკრული გაეყვანათ წყალ-გაღმა, იქ გაეხსნათ მისთვის ხელები, პანღური ეკრათ და გაეგდოთ. ეს ამბავი ძალიან ეწყინა დედაჩემს, რომ გაიგო და უსაყვედურა ქმარს: „როგორ იქნება მაგრე გაკიცხვა კაცისა და შერცხვენაო! ცხადია, რომ სულელია და მაგითი ეგ ჭკუას მაინც ვერ ისწავლისო”. ამაზე მამაჩემმა ესა სთქვა: „მაგის ჭკუას მე რას დავეძებ, მაგრამ სამაგალითოდ დავსაჯე, რომ სხვებიც არ გაბრიყვდენ სოფელში და პრანჭიობა არ დაიწყონო”. აი, ასეთი იყო სახე იმ ოჯახისა, სადაც მე სოფლიდან მიმიყვანეს. სასახლეში რომ გამომიყვანეს, პირველ ხანებში ძალიან მოწყენილი ვიყავი. დედამ შემნიშნა ეს, მომიჩინა პატარა ბიჭები და მიმანება თავი. მე ამ ამხანაგებთან ერთად დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი; მხოლოდ სადილად დამიძახებდენ ხოლმე. თვითონ დედაჩემი, როგორც წინეთა ვსთქვი, მშრომელი იყო: დილიდან დაწყებული საღამომდე სულ ფეხზე იდგა: საღამოს შემობრუნდებოდა სახლში და მაშინ ჩვენც დაგვიძახებდენ ხოლმე. დაანთებდენ ბუხარში ცეცხლს, ბუხრის წინ გაგვიშლიდენ შვლის ტყავს და დაგვსვამდენ ზედ. ირგვლივ შემოგვეხვეოდენ ბიჭები და მოგვიყვებოდენ ხოლმე ზღაპრებს. ზღაპარი რომ მოგვწყინდებოდა, მაშინ გავშაირდებოდით ხოლმე ერთმანეთში: ან გამოცანებს ვამბობდით და ან სხვებ როგორმე ვიქცევდით თავს ვახშმობამდე. დედა იქვე ტახტზე იჯდა ფეხმოკეცილი, წიგნს ჰკითხულობდა თავისთვის, მაგრამ ჩუმად კი ყურს უგდებდა: ბიჭებს ურიგო არა წასცდეს-რა ყმაწვილებთანო. ჩემ ამხანაგ-ბიჭებში ერთი პატარა ბიჭი ერია, დიდი გამოეშმაკებული ყოველიფერში, მაგრამ გულისყური კი არა ჰქონდა. როცა დედა დაგვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ყველას საზეპირო ლოცვებს, ის ბიჭი ისე გამოშტერებული იყო, რომ სიტყვის განმეორებას ვერ ახერხებდა. დედაჩემს ეს ძალიან უკვირდა: „ისე ყოველიფერში მოხერხებული და ნიჭიერიაო და გულისყური კი დახშული აქვსო!” — „გაიკეთე სამი თითი — ეტყოდა ხოლმე გამოლენჩებულ ბიჭს: დაიდევი შუბლზე! სთქვი: „სახელითა მამისათა”. ახლა კიდევ ჭიპზე!.. სთქვი: „და ძისათა!” ახლა მარჯვენა მხარზე: „და სულისა წმინდისათა!” ახლა მარცხენაზე: „ამინ!” ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ თავისთავად კი ვერ ამბობდა. ბოლოს, რომ ვეღარ მოუხერხა-რა, სულ დაანებებინა თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედაც ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: „პეტრე იყო ბელატიო!” (მელოტი) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი. “წვერი ჰქონდა აქამდეო,” დაადებინა თითები ჭიპზე — „ულვაშები აქედან-აქამდეო” — გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი. ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდის წვერებითა და ულვაშებით. დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე. შედეგი ამის ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის-წერა ისწავლა და მეორე დღეს „სახელითა მამისათაც” გაიზეპირა. ჩვენ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. დედაც გამხიარულდა და მკითხა: „შენ არ იცი ჯერ ლოცვებიო?” — „როგორ არა, სოფელში მასწავლეს და თუ იმას არ მათქმევინებდენ, ისე არ დამაძინებდენ ხოლმე-მეთქი” და მოვჰყევი ზეპირად: „დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი თავითა დამესვენება!”.. “ჯვარი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს მაცდური!” — „კარგი ლოცვააო, - მითხრა დედამ, — მაგრამ ეგ სოფლურია და ჩვენ კი სულ სხვა ლოცვები გვაქვს, წმინდა მამებისაგან შედგენილიო, და ის უნდა ისწავლოო”. მეც, რასაკვირველია, დავეთანხმე და ერთი თვის განმავლობაში „მრწამსი”, „მიწყალე”, „მამაო ჩვენო”, „წმინდაო ღმერთო” და სხვანი სულ ზეპირად ვიცოდი. ისე გამიგემრიელდა საზეპიროები, რომ წერა-კითხვის სწავლაც მოვინდომე, მაგრამ დედამ მითხრა: “ჯერ ბრიყვი ხარ და არ შეგშვენის წერა-კითხვაო; როცა დაჭკვიანდები და ხასიათიც კარგი შეგექნება, მაშინ გასწავლი, თორემ ჯერ შენ რა ღირსი ხარო!” ამ სიტყვებმა სულ ცეცხლი მომიკიდეს და ვცდილობდი დაჭკვიანებას, რომ ჩემ ძმებსავით მეც წერა-კითხვის ღირსი გავმხდარიყავი. მეხარბებოდა, ესეები რომ კითხულობდენ, და ბოლოს ჩემმა ბედმაც გასჭრა. ერთხელ ჩემი ძმა, რომელიც რამდენიმე წლით ჩემზე უფროსი იყო, მღვდელს მოეხმარა და წირვაზე შვენიერად წაიკითხა „სამოციქულო”. ნაწირევს დიდი და პატარა ყველა მის ქებაში იყო. მე მეხარბებოდა და გული მწყდებოდა. ერთმა გლეხმა მკითხა: „შენ როდისღა წაიკითხავო?” ჩემ მაგიერად მეორემ მიუგო: „როდინობის კვირეშიო!” მივხვდი, რომ დამცინოდენ და მეწყინა. იმ დღეს ჩემ უფროს დას კალთა დავაგლიჯე ხვეწნით: „კითხვა მასწავლე-მეთქი”. იმანაც დამარიგა: „დედამ არ გაგიგოსო”, და ჩუმად დამაწყებინა კითხვა: მოკლე ხანში ანბანიც ვისწავლე და ამოსაღებიც დავიწყე. „თუ აგრე კარგად და გულმოდგინედ ისწავლი, მალე სამოციქულოსაც დაგასწავლი და საყდარში წაგაკითხვებო, — მეუბნებოდა ჩემი და, — დედას ძალიან გაუკვირდება და მოგიწონებსო; მე, ამ იმედით წახალისებულს, დღე-და-ღამე მეტი აღარა მეფიქრებოდა რა. რა ვიცოდი, თუ ეს სულ დედიჩემის ხერხი იყო, რომ წერა-კითხვა შემყვარებოდა! ამნაირმა წინდახედულობამ ძალიან შემაყვარა წიგნის კითხვა და ერთ წელიწადსაც არ გაუვლია, რომ მე მღვდელს ვეხმარებოდი. დედაჩემი არ გვაქალაჩუნებდა ჩვენ. „ნამეტანი ალერსი აფუჭებს ყმაწვილსო” — იტყოდა ხოლმე და მართლაც, თუმცა გალახვა არ იცოდა ჩვენი, მაგრამ შიშით მაინც კი ძალიან გვეშინოდა მისი. არც ერთ დანაშაულობას არ შეგვარჩენდა, რომ არ გადაეხდევინებია ჩვენთვის: მაგრამ სასჯელი კი ახირებული იცოდა! მაგალითად, წიგნის კითხვის ნებას არ მოგვცემდა. „ღირსი აღარ ხართ, როგორც დამნაშავეო!” და მაშინ უნდა გენახათ ჩვენი მწუხარება!.. “იიი! იიი!” დაგვცინოდენ ბიჭები და გოგოები სასახლეში: „უწიგნოდ დარჩით, უწიგნოდ დარჩითო!” და, მართლაც, ჩვენს სირცხვილსა და მწუხარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. რამდენისამე წლის განმავლობაში ხუცური ზედმიწევნით ვიცოდი; მხედრული ჩემით ვისწავლე, ანბანის წერა ბეჭზე დავიწყე. რუსული კითხვა დედაჩემმა მასწავლა, მაგრამ სიტყვები კი ბევრი არც დედას ესმოდა და არც მე. ერთი ძველი, მოსკოვში დაბეჭდილი, „რაზღოვორი” გვქონდა და იმას მაზეპირებინებდა ხოლმე. დედაჩემი სულ იმას ჰფიქრობდა, რომ ჩვენ უსაქმოდ არც ერთ წამს არ დავრჩენილიყავით და სწორედ რომ ახირებულად გვზრდიდა. სულ ფეხშიშველი და თავშიშველა დავრბოდით მინდორში, არც გაცივების გვეშინოდა და არც შიმშილის. „კაცი ისე უნდა იყოს დაჩვეული ბავშვობიდანვე, რომ ცხოვრებაში ყოველიფერი აიტანოსო,” - იტყოდა ხოლმე დედაჩემი, და, მართლაც, რომ მისი რჩევა ბოლოს გამოგვადგა. რომ უფრო დაწვრილებით გაიგოს მკითხველმა, თუ რანაირად გვზრდიდენ ჩვენ სოფელში, მე ავწერ წლიდან წლამდე რას ვაკეთებდით და ან დღეს როგორ ვაღამებდით! დილას, გამოვიღვიძებდით თუ არა, ქვეშაგებშივე უნდა გვეთქვა ეს ლოცვა: „გმადლობ შენ, უფალო, ყოველითა გულითა” და სხვ.; მერე ხელ-პირს დავიბანდით, ჩავიცვამდით, წავდგებოდით ხატების წინ, საზეპირო ლოცვებს ვიტყოდით და ზედაც დაუჯდომელს მოვაბამდით. ლოცვის შემდეგ პირს გავისველებდით, ე.ი. ცოტა რასმე ვისაუზმებდით, რომ იმ დღეს, გამოსვლის დროს, ჩვენთვის ჩიტს არ დაესწრო და არ ეჯობნა; მერე მივუჯდებოდით წიგნებს, ერთ ხანს ვკითხულობდით, ვსწავლობდით და, რომ მოვრჩებოდით, შემდეგ კი საღამომდე თავისუფალი ვიყავით. სადილად მოგვიკითხავდენ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, როცა „სტუმრობიას” თამაშს მოვინდომებდით ხოლმე, გარეთ ვრჩებოდით და ერთად პატარა ფარეშებთან სუფრას ხეს ქვეშ, სადმე ჩრდილში, გავშლიდით. იქ, ჩვენ კერძს გარდა, მოსაკითხიც მოგვდიოდა. მასპინძლებად ყოველთვის ყმაწვილები ვიყავით ხოლმე და სტუმრებად კი - პატარა ფარეშები. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენი სტუმრები ძალიან უბოდიშოდ გვექცეოდენ და გვაბრიყვებდენ: გვეტყოდენ ხოლმე: „დაგვახრჩვეო!” დაგვიღებდენ პირს და, რაც კი რამ გაგვაჩნდა, ვტენიდით პირში, განსაკუთრებით ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს. ისინი გააბამდენ ყვირილს: „ვაიმე, ვიხრჩობით, ვიხრჩობითო”. აიტეხდენ განგებ ხველას და დაიწყებდენ ფართხალს. ჩვენ სრული დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი იგონებდენ ყოველიფერს, მაგრამ ეს თვალთმაქცობა მაინც ძალიან მოგვწონდა, გვიხაროდა. საღამოს, შინ რომ დავბრუნდებოდით, დედა გვკითხავდა ხოლმე: „რა ქენით? რა გააკეთეთ? რა ითამაშეთ? რა ილაპარაკეთო?” და სხვანი... საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ სპარტანულად გვზდიდენ. არ გვარიდებდენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც დარს და არც ავდარს. დილ-დილობით ცვრიან ველზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, ფიფქზე რამდენჯერმე უნდა გაგვერბინ-გამოგვერბინა; დასოვლებული და სიცივისაგან გაჭარხლებული ფეხები ცეცხლზე უნდა შეგვეშრო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამით ტანმრთელობა მოგვემატებოდა. ახალგაზაფხულზე რომ წვიმა მოვიდოდა, ჩვენ სახლის ღარს თავს ვუშვერდით, რომ ოქროს ხუჭუჭი ამოგვსვლოდა. უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული. სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდენ. არა თუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც აკრძალული გვქონდა. თამაშის ნებაც არ გვეძლეოდა. ცისკარს როგორ დავაკლდებოდით? ესეები ყველა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო და, რასაკვირველია, დიდმარხვა რომ დადგება, მე ჩემს ქერქში აღარ ვარ და ვერც მოვიხდი სიკვდილამდე სიყმაწვილიდან დარჩენილ ზაფრას. საზოგადოდ დიდ ოჯახებში ყველგან ამაოდმორწმუნება იყო გავრცელებული: ყმაწვილებს ყველას სჯეროდათ, რომ ჭინკები, ქაჯები, კუდიანები და ეშმაკები ქვეყნად დადიან და ადამიანებს აშინებენო. ეს სენი ჩვენს ოჯახშიაც მოდებული იყო. ახლა, როგორც ვფიქრობ, ეს სულ მოსამსახურეების ბრალი იყო: იმათ, საზოგადოდ ბიჭსა და გოგოებს, აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და თამაშობა. დღე ვერ ბედავდენ და, ღამ-ღამობით რომ თავისუფალი ყოფილიყვენ და ვერავის დაენახათ, ბატონიშვილებს, ყმაწვილებს განზრახ აშინებდენ და ისინიც, დაღამდებოდა თუ არა, შიშით კარში ვეღარ გამოდიოდენ. არ მახსოვს, ისე შევსულიყო ან საფარეშოში და ან სამოახლოში, რომ ათასი უცნაური და საშიში არ ეთქვათ ჩემთვის. დედას რომ ვეტყოდი ხოლმე ამას, ის გაიღიმებდა და მიპასუხებდა ხოლმე: „არა, შვილო, ტყუილია! ვინც ცუდს არ იზამს და არც არას დააშავებს, იმას არაფერი არ მოეჩვენებაო”. ამგვარი სიტყვებით დაიმედებულს გული საგულეს მქონდა და უშიშარიც ვიყავი, მაგრამ ორმა შემთხვევამ გამიტეხა გული და ხასიათიც გამომეცვალა: ერთხელ, დღე-და-ღამის გაყრის დროს გადავიპარე ბოსტანში და ნესვის მოპარვას ვაპირებდი; დავუწყე ძებნა, გავწი-გადმოვწიე ბარდები და მივაგენი ერთ მწიფე ნესვს. მოწყვეტა რომ დავაპირე, გამევლო გულში: არავინ მიყურებდეს-თქო, დავანებე თავი, წამოვდექი ზეზე და მივიხედ-მოვიხედე. მეორედ რომ დავაპირე ნესვის მოწყვეტა, თურმე ხელი დავაცდინე ბარდებს და იქვე სხვა ალაგას გადავშალე ფოთლები; იქ თურმე კატა იწვა. წამოვარდა ზეზე ფრუტუნით და გაიქცა. მე მაშინვე მომაგონდა ჩვენი მოსამსახურეების სიტყვები, რომ „კუდიანები რადაც უნდათ, გადაიქცევიანო”; ამას გარდა, დედის სიტყვებიც მომაგონდა: „ვისაც არაფერი დაუშავებია, იმას არაფერი მოეჩვენებაო”; ვთქვი გუნებაში: „მეტი დამნაშაობა რაღა იქნება, რომ ჩუმად მინდოდა ნესვის მოწყვეტა-მეთქი? ალბად კუდიანი იწვა ნესვად და კატად გადაიქცა-თქო”. ერთი-ორი დავიკივლე და შემიწუხდა გული. არ გაუვლია ერთ კვირეს, რომ ამას მეორე შემთხვევაც დაერთო: ტალავერში მაღლა ყურძნის მტევნები იყო ჩამოკიდებული. მე პატარა ვიყავი და ვერ ავწვდებოდი, მაგრამ ჩემი უფროსი და კი ჰკრეფდა ხოლმე; ერთხელ მთვარიან ღამეში შევნიშნე, რომ ჩემი და ტალავერ ქვეშ იდგა და ყურძენს ჰკრეფდა. მივიჭერი და შევეხვეწე: „ანა, გენაცვალე, ერთი მტევანი მეც მომიწყვიტე-თქო!” ჯერ ხმა არ გამცა. მაგრამ, რომ აღარ მოვეშვი, მომიბრუნდა, უცბად რაღაც წაიბურტყულა და დამეჭყანა. მისთანა თქვენმა მტერმა ნახოს, მე იქ სანახავი ვნახე: ჩემი დის მაგიერად ვიღაც სხვა იყო! თურმე ჩემ უფროს ძმას, დავითს, რომელსაც კუჭის სისუსტის გამო ყურძნის ჭამა აკრძალული ჰქონდა, დის ტანისამოსი ჩაეცვა და ისე წასულიყო ყურძნის მოსაპარავად. მე ესეები არ ვიცოდი, ეშმაკად მივიღე და გული შემიწუხდა. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩემი შეცდომა თვალდათვალ დამიმტკიცეს, მაგრამ ისე გამიფუჭდა ხასიათი, რომ ბნელაში, კარში გამოვიდოდი კი არა, ოთახშიაც ვერ ვჩერდებოდი მარტო, თუმცა მერვე წელიწადში გადმომდგარი კი ვიყავი. ერთხელ, ზამთარი რომ დადგა, მე და ჩემმა პატარა ფარეშებმა შვილდ-კოდლების კეთება დავიწყეთ. ქორაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი, დავიცილე წალდი, დავიკარი კოჭში და შუა გავიპე. ტკივილს ისე არ შევუწუხებივარ, როგორც შიშს: „ვაი თუ გამიწყრენ-თქო”. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია. ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუნტდი. ბევრი მიაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისში სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებია ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებიეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდის ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გაიხსნა, ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა, აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი. რვა წლის ვიყავი, როდესაც სოფელს მომაშორეს და ქალაქ ქუთაისში გადამიყვანეს. აქ თავდება ჩემი ბავშვობის პირველი ხანა, ბედნიერი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი. აქედანვე იწყება მეორეც: მტანჯავი, დამჩაგვრელი და გამაუკუღმართებელი!.. მაგრამ სანამ ამ მეორე ხანაზე ვიტყოდე რასმე, დავუბრუნდები ისევ ჩვენს სოფელს და მაშინდელი ცხოვრებიდან სანიმუშოდ რამდენსამე სახასიათო შემთხვევებს გავიხსენებ. ზემოთ ვსთქვი, რომ სპარტანულად გვზრდიდენ მეთქი და მართლაც, რაც უფრო ვიზრდებოდით, წლიდან-წლობით, უფრო და უფრო გვეტყობოდა ამგვარი აღზრდა. თითქოს ისე აღარ გვაქცევდენ ყურადღებას, როგორც სულ პატარაობისას და უფრო თავმინებებული ვიყავით. ბევრჯელ, გაზაფხულის დამლევს, ტობობის დროს, როდესაც ღრუდოებიდან გამოსული თევზები ქარავნად აყვებოდენ დიდ მდინარეებს, რომ მერე იქიდან პატარ-პატარა ღელეებში შესულიყვენ ქვირითის დასაყრელად, გონჯურის პირად, სხვებთან ერთად მეც მთელი ღამე გამითევია; ფაცერსაც ბევრჯერ მოვდგომივარ და გარეთაც ბევრჯერ ვწოლილვარ, მაგრამ არავის უთქვამს, თუ ეგ საშიში, სახიფათო და ურიგო საქმეაო. ღამის თევის დროს, რომ ძილი არავის შემოგვპაროდა, მორიგად ზღაპრებს ამბობდენ ბიჭები: ხან შაირებს, ხან ანდაზებს, ხან გამოცანებს და კიდეც ეს იყო, რომ ამგვარი ადგილებისკენ ჩვენც მიგვიხაროდა. ბევრს აღარც ჭამა-სმას დასდევდენ ჩვენსას: ხან მეტსაც ვჭამდით, ხან მშიერიც ვიყავით, ხან ასე და ხან ისე: ხან ძვირფასად მოგვრთავდენ ხოლმე, ხან უბრალოდ; ხან ბუმბულში ვგორავდით და ხან ხმელეთზე ვკოტრიალობდით. თანასწორობა არ იყო. რიგსა და წესს ვინ დასდევდა: ავისაც და კარგისაც თანასწორად შეგვეძლო ატანა; ამას არც არას ჩვენ ვნაღვლობდით და არც უფროსები გვეკითხებოდენ, მაგრამ ეს-კი იყო, რომ ცუდს არაფერს გვაბედვინებდენ. მაგალითად, თავი რომ გაგვეტეხა, გვეტყოდენ: „აი, შეგირცხვა თავი! შენხელა ბავშვმა როგორ არ უნდა იცოდეს თავის მოვლაო! გასწი, გასწი, გაიზრდები და დაგავიწყდებაო!” ამგვარი ცივი ნუგეშებით გაგვისტუმრებდენ ხოლმე, მაგრამ სხვისთვის რომ უსამართლოდ წკიპარტი გვეკრა, არ შეგვარჩენდენ და უთუოდ გადაგვახდევინებდენ. ერთხელ, ტყაპა-ტყუპი რომ შემომესმა, მივირბინე სახაბაზოს კარებთან და ხაბაზს ცხელი თორნეული გამოვართვი. ჩემზე ადრე იმავე კარებს მიდგომოდა ჩვენი წუწკი წითელი ღორი და შეღრუჩუნებდა, მაგრამ ვინ გასცემდა ხმას! მე რომ დამინახა მჭადით ხელში, ამედევნა ჭყივილ-ჭყივილით, გავექეცი, გამომიდგა, წამოვკარი ქვას ფეხი და გავგორდი მიწაზე; იმანაც იხელთა დრო, მეძგერა და ზე ამაღლიტა მჭადი. მოვრთე ყვირილი და მივაშურე დედას. დედამ მომისმინა საჩივარი, შეკრა წარბები და მითხრა: „როგორ ამხელ სირცხვილით, შე ნაცარქექია, შენაო? ბაბუაშენმა გარეული ტახი დაიჭირა ყურით და შენ კი ერთი შინაური წუწკი ღორიც ვერ მოგიშორებია!.. ავიღებდი ჯოხს და დავკრავდი თავშიო! პატარა ხომ აღარა ხარ: დამდეგ თიბათვეს ექვსი წლის გახდიო”. ამ სიტყვებმა ისე შემარცხვინეს, რომ მჭადიც დამავიწყდა და ტირილიც, მთელი დღე ჩემ გონებაზე აღარ ვყოფილვარ, მით უფრო, რომ პატარა ბიჭები და გოგოები, რომ ჩამივლიდენ ხოლმე გვერდს, დაცინვით წაილაპარაკებდენ, ვითომ თავისთვის: „ღორის წაქცეულოო”. ამ დაცინებამ ისე გამამწარა და გამაგულადა, რომ მეორე დღეს ცალ ხელში მჭადი დავიჭირე და მეორეში ჯოხი და განგებ ავუარ-ჩავუარე გვერდი ჩემ მტერს. წართმევას დაჩვეულმა ღორმა შემომიტია, მაგრამ მე ვაჟკაცურად დავუხვდი და ვხეთქე თავში ჯოხი. ჩემი მტერი ალბათ ამას არ მოელოდა, რომ შეჩერდა და შემომიხორხოტა. მაგრამ, რომ მოვუნაცვლე მეორეცა და მესამეც, იკადრა და გაიქცა. ახლა მე დავედევნე გაგულადებული. წინ ის და უკან მე! ის მიჭყივის, რაც შეუძლია, და მე კი, რაც ძალი და ღონე მაქვს, კიჟინას ვაყრი. ვერ წამიხვალ, შე წუწკო, შე ფრთხალო-თქო! იმ დროს სწორედ ჩემი თავი პაპაჩემი მეგონა; შემოვარბენინე ღორს ორჯელ-სამჯელ სამოახლო, საფარეშო, თვითონ ჩვენი სასახლეც და აღარ მოვეშვი, სანამ საღორეში არ შემივარდა. არ იფიქროთ, რომ მე იმის მტერობა მჭირვებოდეს და შურისძიება მდომებოდეს! ეს ომი მისთვის გადავიხადე, შეეტყო სუყველას, რომ მე ღორის აღარ მეშინოდა. ღორზე ამ ძლევამოსილებამ ისე გამაგულადა და გამაუშიშრა, რომ, თუკი ჯოხი ხელში მექნებოდა, აღარაფრის აღარ მეშინოდა. საგმირო ზღაპრებმა, სავაჟკაცო შაირებმა და ამბებმა იმდენად გამიტაცეს თანდათან, რომ თავი გმირად დავისახე. ერთხელ პატარა შინდის ხეზე გავედი, რომელიც ზღაპრულ ალვის ხედ წარმოვიდგინე და იქით-აქეთ ყურება დავიწყე, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმწიფეების სარაიები დამენახა, მაგრამ გადმოვვარდი, გამხდა ბრეგვა მიწაზე და ზურგის ტკივილმა მაგრძნობინა, თუ რა ზღაპრული „ღვთისავარ გმირი” ვიყავი! საკვირველია, ამგვარი მარცხები ხანდახან გამომაფხიზლებდენ ხოლმე, მაგრამ მერე კი ისევე ოცნება მერეოდა და ისევ გამანაცარქექიავებდა ხოლმე. ერთ საღამოს „კურდღლობიას” ვთამაშობდით. ვისაც კარგი ხმა ჰქონდა და მოყეფა შეეძლო, ისინი ვითომ მეძებრები იყვენ ხოლმე; ვისაც მუხლს ერჩოდათ - მწევრები, სხვები კი უფრო ზანტები - კურძუალები და მონადირეები, კურდღელი კი მორიგისი ვინმე. იმ დროს, თუმცა მეძებრადაც კარგი ვიყავი, მაგრამ ზოგიერთებთან მწევრობაც მერგო. დაიმალა კურდღელი, ავუშვით მეძებრები, მოედვენ არემარეს, დასცეს კურძუალებმა კიჟინა; წაქეზებულმა მეძებრებმაც ვითომ სუნი იცეს და კვალი აიღეს, ასტეხეს ყეფა; ათი თუ თხუთმეტი ბავშვი სულ სხვადასხვა ხმაზე ყეფდა. ყურთა სმენა აღარ იყო; მწევრებმა ყურები დაცქვიტეს და აიჩოქენ. ამ დროს თურმე ჩვენს ბაღში ნამდვილი კურდღელი ყოფილიყო შეპარული და გამოვარდა. ჩვენ დაგვავიწყდა თამაშობა და გავედევნეთ დიდიან-პატარაიანა იმ კურდღელს. კურდღელს თვალი წაუხდა: ხან იქით ეცემოდა და ხან აქეთ, მაგრამ სუყოველი მხრიდან ჩვენი ორფეხი მეძებრები უყეფდენ და ისე აერია გზა და კვალი, რომ ხიმეში გაეკვეტა; მივასწარი და ვტაცე ხელი უკანა ფეხებში. რომ მაგრად არ ყოფილიყო გაჭედილი, რასაკვირველია, მე იმას ვერ დავიმაგრებდი, მაგრამ მაინც გავაბი ყვირილი: „მიშველეთ, დავიჭირე-მეთქი”. მოცვივდენ სუყველა, დიდი ბიჭებიც მოგვეხმარენ და ცოცხალი მივგვარეთ ბატონს. იმ დღეს ჩემი ვაჟკაცობის ამბავი ძალიან გაითქვა და მეც სწორედ დავრწმუნდი, რომ ფეხდაფეხ მივწვდი და დავიჭირე-თქო. მას უკან, ხშირად საღამ-საღამოობით ბოსტნის ბოლოზე ვიცდიდი ხოლმე: ეგებ კიდევ გამოვარდეს კურდღელი და დავიჭირო-მეთქი. ალბათ, ეს შემნიშნა დედამ, რომ ერთხელ მიმიხმო და მითხრა: „შენ ხომ ამისთანაებში ტოლი არა გყავს და ერთ-ერთი შინაური კურდღელი დამიჭირე, სხვისთვის მინდა გასაგზავნადო”. მეც, რასაკვირველია, ვიკისრე; საყდართან საქალებოს გვერდით საკურდღლე იყო მიშენებული და იქ შინაური თეთრი კურდღლები ბუდობდენ. დილიდან საღამომდის ვდიე ხან ერთს და ხან მეორეს, მაგრამ ვერ დავიჭირე, და საღამოს, დედამ რომ მკითხა, თავი მითი ვიმართლე, რომ ფეხები მტკივა-თქო. დედაჩემმა სიცილი დაიწყო და მითხრა: „პატარა კი აღარ ხარ, როგორ ვერ მიხვდი, კურდღლის დაჭერა ფეხდაფეხ შენ კი არა, კაცს არ შეუძლიაო! შინაური რომ ვერ დაიჭირე, გარეულ კურდღელს შენ როგორ დაეწეოდი, თუ უცაბედად ხიმეში არ გაკვეხებულიყო!” ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულში ჩამახედეს, ვიგრძენი ჩემი ნაცარქექიაობა, შემრცხვა და გავწითლდი. იმ დროში ჩაის არ სვამდენ, მხოლოდ სტუმრებისათვის მოადუღებდენ ხოლმე, მაგრამ ბავშვებს მაშინაც არ ასმევდენ: ცხელი წყალი შიგნეულს გაუფუჭებსო და შაქარიც კბილებს წაუხდენსო. მე, რასაკვირველია, სული მიმდიოდა შაქარზე, მაგრამ ვინ მაჭმევდა? მაგიერად, როდესაც შაქარს მტვრევას დაუწყებდენ ხოლმე, მე მივუცუცქდებოდი გვერდით შაქრის მმტვრეველს და იქით-აქეთ შორს გადაბნეულ ფხვნილს ქორივით მივჩერებოდი. მაგრამ მათი აღება ხელით მოუხერხებელი იყო; დასველებული თითები მზად მქონდა, დავაწებდი ზედ და ელვასავით ვიტკუცებდი პირში. ეს შემნიშნა ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ და მირჩია: — „მაგას ნუ შვრები, სიწუწკეაო!” ჩუმად თითო კვნიტ შაქარს მაძლევდა ხოლმე; მეც ეს მინდოდა და ღმერთს ვეხვეწებოდი: „ღმერთო, სტუმრებს ნუ გამოგვილევ-თქო”, რადგანაც უმისოდ, ვიცოდი, შაქარს არავინ დაამვტრევდა. ხშირად დავუხვდებოდი ხოლმე წინ ჩვენგან წამავალ სტუმრებს და ჩუმად ვეხვეწებოდი: „თქვენი ჭირიმე, ხშირად იარეთ-მეთქი”. იმათ ეგონათ, თუ მე ეს სტუმართმოყვარეობით მომდიოდა, მიწონებდენ და ამბობდენ: „რა კეთილია ეს ბავშვი და რა პურადი გამოვაო!“... რა იცოდენ, რომ მხოლოდ ჩემი „უსხის კუდი” მაგონდებოდა, ე.ი. შაქრის კვნიტი. პურადობის კი რა მოგახსენოთ, მაშინ რა პურადობა შემეტყობოდა, მაგრამ გულკეთილი კი მართლა ვიყავი: პირუტყვი რომ ჩემთან ვისმე გაელახა, ვიტირებდი. თუმცა ღორი მეც კი გავლახე ერთხელ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, მინდოდა მომეგერებია და ჭკუა მესწავლებია. ერთხელ ყანაში ღორი მოკლეს და მე მთელი დღე არაფერი მიჭამია; ისე მებრალებოდა, რომ სიახლოვესაც ვერ მივეკარე, დამეხედა, და ეს მით უფრო საკვირველი იყო, რომ, საკლავს რომ წამოაქცევდენ, სიამოვნებით თავზე დავსტრიალებდი და არც არაფერს სიბრალულსა ვგრძნობდი. საუფლო დღეებში, მაგალითად, შობის, აღდგომის და სხვა ამგვარ დღესასწაულების წინადღეს ძროხას რომ დაკლავდენ, ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა! ბუშტს გამოვართმევდი ხოლმე მზარეულს, დავზელდი ნაცარში, გადავაძრობდი ზედა კანს და გავბერავდი; მერე ვინმე ქალს ან გამდელს ვაჩუქებდი ხოლმე საუმარულედ, რადგანაც გაგონილი მქონდა, რომ უმარულის შესანახავად კარგიაო. ერთხელ მხოლოდ, შობის წინ დღეს აღარ მიყურებია ძროხის დაკვლისათვის, რადგანაც უფრო სასიხარულო შემთხვევამ გამიტაცა და ჩვეულება დამავიწყდა: სწორედ იმ საღამოს ქუთაისიდან მოგვივიდა მამიჩემის გამოგზავნილი კაცი და პატარა ჩექმები მომიტანა. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე. რაღა თქმა უნდა, რომ სიხარულმა ამიტაცა, ძროხა კი არა, თავიც დამავიწყდა. მამაჩემი იწერებოდა, სხვათა შორის: „ამ ჩექმებს ვაგლახად ნუ გააფუჭებინებთ ჩემ კაკოს! სირბილის ნებას ნუ მისცემთ, რომ ქუსლი არ მოაქციოს და უბრალოდ არ მოჩორთოსო!” ეს ბრძანება ჩვენს სახლში გადაჭარბებითაც აასრულეს: ჩამაცვეს მხოლოდ შობა-დღეს, ახალ-წელიწადს და შეინახეს; მე ისევ ფოსტლებზე გადამიყვანეს და აღდგომამდის აღარ მიპირებდენ ჩაცმევას. მომავალ აღდგომას, რასაკვირველია ორკეცი სიხარულით მოველოდი. ცისკრის რომ დარეკეს და ჩვეულებრივად ჩაცმა-დახურვა დაიწყეს, მეც მომიტანეს ჩემი საოცნებო ჩექმები, მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი უბედურება: ჩექმები გამხმარიყვენ, მეც ფეხები გამზრდოდა და შიგ აღარ ჩამეტია! ბევრი მაწვალეს, ქუსლზე კანი გადამაძვრეს, კოჭი კინაღამ ამომიგდეს, მაგრამ არა ეშველა-რა. დამმწარდა აღდგომა. იმ დღეს რაღა მოესწრებოდა, მაგრამ სწორამდის კი მომიტანეს ახალი, და იმ დღიდან დაწყებული, ქუთაისს წასვლამდე, თითქმის წელიწად-ნახევარს უჩექმოდ აღარ გამივლია. უკანასკნელ წელიწადს მით უფრო კარგად შევიშვნე ჩექმები, რომ ბევრს აღარ დავრბოდი, რადგანაც ადრინდელი თავშესაქცევარი ყოველგვარი თამაშობა მომწყინდა და უფრო სხვა საფიქრელს გადავჰყევი. ამის მიზეზი იყო „ვეფხისტყაოსანი”. წავიკითხე თავიდან ბოლომდე და, თუმც ზღაპრული მხარის მეტი არა გამიგია-რა, მაგრამ მაინც ძალიან გატაცებული ვიყავი. იმას მივაყოლე სხვა საკითხებიც და მთელი ქრესტომატია, ჩუბინაშვილისაგან პეტერბურგში გამოცემული, რამდენჯერმე გადავიკითხე. ამას გარდა, ერთხელ ქალაქიდან ჩამოგვიტანეს ამბავი, რომ „გლუხარიჩმა” კომედია დაწერაო და ვარანცოვის სასახლეში ითამაშესო. ამ ამბავს გულმოდგინედ ვუგდებდი მე ყურს და ბოლოს თვითონაც მოვინდომე, რომ იმგვარი რამ კითხვა-მიგებითი დამეწერა და მართლაც ავწერე ჩვენი შინაურობა, მაგალითად, როგორ აწვალებდა ჩვენი მოურავი ხალხს, მერე ბატონს აბეზღებდა; ბატონიც მოთმინებიდან გამოდიოდა და ჯავრობდა და სხვ. და სხვ. ეს ბავშვური სცენები სასახლეში სუყველას მოეწონა გარდა მოურავისა, რომელიც გულმოსული ამბობდა: „ჩემი დაცინება არაფერია, მაგრამ ვნახავ, თუ ამ ყმაწვილმა მთელი ქვეყანა არ გადიმტეროს, და ნუ აქეზებთო”. ეს ჩემი პირველი ნაწარმოები დედაჩემს თურმე შეენახა და, რუსეთიდან რომ დავბრუნდი, მიჩვენა. მე სიბრიყვემორეულმა ვიუკადრისე, გამოვართვი დედას, დავხიე და ცეცხლში ჩავყარე. დედაჩემს ეს ძალიან ეწყინა და მისაყვედურა, მაგრამ ხომ ვეღარ გავამთელებდი!... ამგვარი ბევრი რამ მაგონდება ჩემი სიყმაწვილიდან, მაგრამ, რომ მკითხველს თავი არ მოვაბეზრო, ამით ვათავებ. II გიმნაზიაში რომ შემიყვანეს, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემს დღეში არ მენახა. მოზრდილები სკამზე იჯდენ სულგანაბული და ახალმოსწავლე პატარები კი ჯგუფ-ჯგუფად კედლებთან იყვენ ატუზული. აქ კედელზე ირგვლივ ქაღალდის ფიცრები იყო ჩამოკიდებული, ზედ ანბანი და ამოსაღები ეწერა და იმას აკითხებდენ ყმაწვილებს. ჯგუფს ერთი უფროსი ჰყავდა და ის ასწავლიდა: ხელში ეჭირა წკეპლა და, შეეშლებოდა თუ არა ბავშვს კითხვა, უცხუნებდა და უცხუნებდა. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდენ და, როცა შემოუვლიდენ კედლებს, მერე კი ნება ჰქონდათ სხვებთან დამჯდარიყვნენ ისინიც სკამზე. ამ ყოფაში იყვენ, სანამ კითხვას ისწავლიდენ. უნდებოდენ ზოგჯერ წელიწადზე მეტს. წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვი დილის შვიდი საათიდან ნაშუადღევის ორ საათამდე მშიერ-მწყურვალი, და მაშინ იგრძნობთ, თუ რა ტანჯვაში იყვენ ის საწყლები. ზოგს გულს ეყრებოდა, ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ეცემოდენ ძირს, მაგრამ ყურადღებასაც არავინ აქცევდა. შესვლისთანავე პირველ კედელთან დამაყენეს „ანბან”-ზე, მაგრამ, რადგანაც მე ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიაც გატეხილი მქონდა თვალი დედიჩემის წყალობით, ერთ დღეს შემოვირბინე ყველა კედლები. მასწავლებელმა თავზე ხელი გადამისვა, მომიწონა და უფროსებთან დამსვა სკამზე. კითხვით კარგად ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი უბედურება ის იყო, რომ რუსული არ მესმოდა. იმ დროს შემოღებული იყო საზოგადოდ თუნუქის ფირფიტა, რომელსაც „მარკას” ეძახდენ. ვინც ქართულად ხმას ამოიღებდა, მიაჩეჩებდენ ხელში და თანაც გრძელ ფიცარს — სახაზავს დაჰკრავდენ ხელის გულზე. მერე ის უნდა ცდილიყო, რომ სხვისთვის გადაეცა როგორმე იმრიგადვე, ე. ი. ჩაბარების დროს „ლინეიკა” დაერტყმია ხელის გულზე. ამგვარად ეს საცოდაობის ფირფიტა გადადიოდა ხელიდან ხელში. სწავლის გათავების დროს ვინც ვერ მოასწრებდა იმ ფირფიტის თავიდან მოშორებას და შერჩებოდა ხელში, უნდა კლასში დარჩენილიყო მთელი დღით უსადილოდ. ვინც რუსული არ იცოდა ახალშემოსულობის დროს, ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ და მუნჯდებოდენ. ამ ჩვეულებას დიდი გამრყვნელი ხასიათი ჰქონდა: ყმაწვილები ცდილობდენ, რომ ერთმანეთი მოეტყუებიათ, გაებრიყვებიათ როგორმე და ცბიერობა-ფარისევლობას ეჩვეოდენ. სულ ერთი კვირის შესული არ ვიყავი, რომ მოვიდა ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი, ანგელოზის სახის მქონე, და ტკბილის ღიმილით, მეგობრულად მკითხა რაღაც ქართულად; მეც, რასაკვირველია, რადგანაც სხვა ენა არ ვიცოდი, ქართულად ვუპასუხე. ყმაწვილს მშვიდობიანი სახე გადაუსხვაფერდა და სიხარულით მომაჩეჩა ფირფიტა. ჩამოვართვი, მეტი რაღა გზა მქონდა, მაგრამ „ლინეიკაზე” ვერ დავეთანხმე. „რა გენაღვლება შენ, მე რომ „ლინეიკა” არ დავირტყა, მარტო ვართ და ვინ გაიგებს-მეთქი” - ვეხვეწებოდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?!” მე მაინც არ დავეთანხმე, გავუძალდი და იმანაც ჭუჭყუნი დაიწყო. მასწავლებელი რომ შემოვიდა, მივიდა და დამაბეზღა. დამიძახეს, გავედი შიშით და კანკალით. მასწავლებელმა წარბები შეიკრა და მკითხა: „როგორ ბედავ ურჩობასო? აქ შენი სახლი ხომ არ გგონიაო!” მე თავის გამართლება დავიწყე, მაგრამ აღარ გამივიდა! - „კარგი, მე გასწავლი ჭკუასო!” დაუძახა „სტოროჟებს” და უბრძანა: „როზგიო!” მე, ამის გამგონეს, თავში სისხლი ამივარდა და გაქცევა დავაპირე. — „ნუ გაუშვებთ, დაიჭირეთო!” — იყვირა მასწავლებელმა. იგრიალეს მოსწავლეებმა ჩემ დასაჭერად და გადამეღობენ კარებზე... მე მეორე ოთახში შევვარდი, სადაც მესამე კლასი იყო. აქაც ერთი ალიაქოთი მოვახდინე, მაგრამ შევხტი ფანჯარაზე, გავამტვრიე მინები, გადავხტი და მოვკურცხლე შინისაკენ. გამომიდგენ „სტოროჟები”. წინ მე გავრბოდი კურდღელივით და უკან ისინი მომდევდენ კიჟინით. გულგახეთქილი შევიჭერ შინ. დედ-მამამ რომ გაიგეს, რაც მოხდა, შეწუხდენ და ბევრიც მირჩიეს: „წადი, რა ვუყოთ, გაგროზგონ, ეგ მარტო შენ თავზე ხომ არ არის — ყველას როზგავენო. მოითმინე, მოიჭირვე, მიეჩვიე და ბოლოს კაცი გამოხვალო; მაგათში უმისოდ არ შეიძლებაო!”... მაგრამ მე შორს დავიჭირე და გამოტეხილი ვუთხარი დედას: — „თუ კიდევ გაგიგზავნივარ იმ დასაქცევ გიმნაზიაში, თავს დავიხრჩობ-მეთქი!” შეშინდენ და ჩამომეთხოვენ. ერთ კვირას აღარ წავსულვარ კლასში. იმ დროს დირექტორად კოცებუ იყო, ახალი დანიშნული. ქართული მაზრის უფროსობის დროს შეესწავლა, კარგად იცოდა და ქართველებიც ძალიან უყვარდა. მოვიდა ჩვენსა და გამომკითხა ყველაფერი. მეც დაუფარავად მოვახსენე, რაც გადამხდა და რასაც ვგრძნობდი. გაუკვირდა, გადააქნია თავი, მომეფერა და მითხრა: — „შენ ჩემი სახელი ახსენე და ნუღარავისი გეშინიაო! ხვალ ჩემთან მოდი პირდაპირ კანცელარიაში და მე წაგიყვან კლასშიო”. მეორე დღეს მართლა წამიყვანა და მიმიყვანა ჩვენს კლასში. გამოიკვლია ყოველიფერი და, „მარკის” ამბავი რომ გაიგო, გაოცდა. მოიხმო ინსპექტორი, ზედამხედველები, მასწავლებლები და გამოუცხადა ყველას, რომ დღეიდან ეგ საქციელი აღარ ჩაიდინოთო!... მოსპეთ „მარკა” და უმიზეზოდ ცემა-ტყეპაზედაც ხელი აიღეთო! მერე მიუბრუნდა ჩემ მასწავლებელს და უთხრა: - „განსაკუთრებით ყურადღება მიაქციე ამ ყმაწვილსაო!” მართლაც იმ დღიდან ცოდვის ფირფიტა გადააგდეს, მაგრამ ცემა-ტყეპაზე კი უცბად ვერ აიღეს ხელი. უიმისობა მაინც არ ეხერხებოდათ. ტყუილა კი არ არის ნათქვამი: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო!” იმ დროს მთელი რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ჭკუა და სიკარგე როზგის ნაყოფიაო. გიმნაზიებშიაც, რასაკვირველია, პირველი ადგილი ეჭირა... დღე არ იქნებოდა, რომ ყმაწვილების წივილ-კივილით იქაურობა არ ყოფილიყო გაყრუებული. „როტაში” არ უნდებოდათ იმდენი წკეპლა, რაც თვითეულ კლასში. „სტოროჟებს” ურმებით მოჰქონდათ ყოველ დღე ახალ-ახალი. მოსწავლის გალახვა ყველას შეეძლო დირექტორიდან დაწყებული, „სტოროჟამდე”. მიზეზს არავინ ჰკითხულობდა. ვინ იცის, რამდენი დასნეულებულა, რამდენი დამახინჯებულა, და რამდენს კიდევ ხასიათი გაფუჭებია საუკუნოდ!.. ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ ერთიდაიგივე ბავშვი ერთი დღის განმავლობაში სამჯერ-ოთხჯერ „გაროზგილიყოს” სხვადასხვა უფროსებისაგან. მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო - კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებრ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა”; იმ დღეს გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა “გააროზგვინა”; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა”: სახლში გიცელქნია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია — გიჩივლესო! ამითაც ვეღარ გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა”. ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა. კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში. რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს დიდი ყურები ჰქონდა. დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდენ ხელს და ხელახლა აგლეჯდენ... ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს — კლდიაშვილს — პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა” და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუ კი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად. ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედნიათ ხელის მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა” ხელში. თვითო-თვითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა: „კიდევ მოაწერო?” — ეკითხებოდა დაცინვით. მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში” ანიდან იწყება გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც, რასაკვირველია, მითხრა: „აბა, დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!” მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია, განგებ: მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი მარჯვენა ხელზედაც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა” დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თვითოთი გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!... ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა”: უკეთ დაწერეო! კლასის გათავებამდის ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ეს დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი. არ იქნა, ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე... ჩემი გალახვის ამბავი გაეგო დირექტორს და შენიშვნა მიეცა მასწავლებლისათვის. ის იყო და ის, ამ დღიდან ამომიჩემა მასწავლებელმა და ყურადღებასაც აღარ მაქცევდა, თითქო ერთი ჯირკი გდებულიყო იქ. არც მასწავლიდა და არც რამეს მკითხავდა. მე მაინც, ზოგს ამხანაგების შემწეობით, ზოგსაც ჩემით ვსწავლობდი, რაც ძალი და ღონე მქონდა. იმდენი ნიჭი არა მქონდა, რამდენიც სურვილი და ბეჯითობა. ვცდილობდი, დღე და ღამე გასწორებული მქონდა და სხვებს არა თუ არ ჩამოვრჩებოდი, მეტიც ვიცოდი მათზე. ეგზამენები მოახლოვდა, ხმა გავარდა, რომ „პოპეჩიტელის” თანაშემწე, მაქსიმოვიჩი, მოდის, იმან უნდა გამოგვცადოს მოსწავლეებიო. იმის სიფიცხეზე და გულქვაობაზე ბევრ საარაკო რამეს ლაპარაკობდენ. ყველა შიშის ქარმა აიტანა, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც. მაქსიმოვიჩი ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე ბრძანება გამოსცა, რომ, რადგანაც ყველას ვერ მოვასწრებ, თვითეული კლასიდან სამ-სამი მოწაფე გამომგვარეთო: პირველი, შუათანა და უკანასკნელი; იმათ გამოვცდი და მით მთელი გიმნაზიის გარემოებაც გათვალისწინებული და აწონილი მექნებაო. ეგზამენებმა კარგად ვერ ჩაიარა. წინდაწინვე დამფრთხალ ყმაწვილებს გონება ეკარგებოდათ. ჯერ იმ სამ მოწაფეთაგანს ჰკითხავდა რამე საპასუხოს და, თუ ვერ უპასუხებდენ, მერე მთელ კლასს მიუბრუნდებოდა. თუ აქაც აღარავინ აღმოჩნდებოდა, მასწავლებელს უნდა აეხსნა. ხშირად მასწავლებლებიც წაიბორძიკებდენ ხოლმე. მაშინ თვითონ ეგზამენატორი ახსნიდა და გაამეორებინებდა ხოლმე ყმაწვილებსაც. ეს ახალი მეთოდი იყო მისგან შემოღებული. იმ დროს გიმნაზიაში სწავლობდა ერთი შესანიშნავი და სახელგანთქმული ახალგაზრდა — ბესარიონ ღოღობერიძე. მასწავლებლებსაც დიდი ხათრი ჰქონდათ მისი და პედაგოგებსაც მისი იმედი ჰქონდათ: „თუ დაგვიხსნის, ის დაგვიხსნის და გვასახელებსო”. მათი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ სულ ისე მაინც არა, როგორც ეგონათ. ამბობდენ: „მარჯვედ იყო ბესარიონი, მაგრამ ბევრი ოფლი კი აწურვიესო”. ასე თუ ისე, თუ იმას არა, მაქსიმოვიჩი გულს ვეღარ მოიბრუნებდა ქუთაისის გიმნაზიასა და მის მასწავლებლებზე. შუა კლასებშიაც ზოგიერთებმა გვარიანად მიუგეს. ბოლოს ჯერი მიდგა უმცროს კლასებზე. ჩვენი კლასიდანაც, განკითხვის დღე რომ დადგა (ასე ვეძახოდით საზოგადოდ მაქსიმოვიჩის ეგზამენებს), სამი მოწაფე აიყვანეს და ჩააყენეს თორნეში. მესამე მოწაფედ, ესე იგი უკანასკნელ მაჩანჩალად, მე გამაყოლეს. ჩემი ამხანაგები ცახცახებდენ და მე კი უფრო სეირის საყურებლად გავედი, რადგანაც ვიცოდი, რომ როგორც უკანასკნელს, ბევრს არას მკითხავდენ და ყურადღებას არ მომაქცევდენ. ერთ ხანს მარჯვედ იყვენ მოწაფეები. საზეპირო როცა ჰკითხეს, იმათაც ჩააბულბულეს; მაგრამ ბოლოს, როცა აზრით გაგებაზე მიდგა საქმე, მაშინ კი აიბნენ. საკვირველი იყო: „პოპეჩიტლის” თანაშემწის საკითხავებმა, სასახლეში რომ ბავშვებმა თამაშობები ვიცოდით: „ბერი ჩამოხტა”, „აჩატი”, „ანზე ვისი ყმა ხარ” და სხვანი, სწორედ არ მომაგონა! გამიკვირდა: “ეს რა გიმნაზიის საკადრისია-მეთქი”, — ვამბობდი გუნებაში. მაგრამ მომაგონდა ჩვენი სახლი, დედა და ისე წავხალისდი, რომ ასე მეგონა, შინა ვარ-მეთქი და ორჯერ-სამჯერ, ჩემ ამხანაგებს რომ შეეშალა, მე უკმაყოფილოდ თავი გავაქნიე. მაქსიმოვიჩმა თვალი შემატანა და მომაყვირა: - “რას აქნევ თავს ქეციანი ცხენივითო!” შევშინდი და ენა ჩამივარდა. მასწავლებელი მომეშველა და მოახსენა: - „ალბად ბუზი აწუხებს და ხელს ვერ ხმარობსო”... „რა დროს ბუზებია!” მიუბრუნდა უკმაყოფილოდ მასწავლებელს: „და ან საჭიროების დროს ხელს ნუ გაანძრევო, ვინ ეუბნება? უშლიან მხოლოდ წარა-მარა ხელების აქეთ-იქით ქნევას. არა, აქ სხვა მიზეზიაო!” მიმიხმო სტოლთან. — მე შეგნიშნე, რომ, როცა იმათ ეშლებოდა, მაშინ აქნევდი თავს. მართალია თუ არა? ნუ გეშინია, მითხარი! — დიახ, უნებურად!… — მაგალითად, რა შეეშალათ? — აქლემი გაფრინდებაო, რომ მოგახსენეს, ეტყობათ, არ უნახავთ აქლემი! — შენ? შენ სად გინახავს? — შარშან თათრებმა ჩაატარეს მაედანში; ძლივს მიიფხორებოდენ. — მერე, რა იცი რომ ვერ გაფრინდება? — ფრთები არა აქვს. — რასაც ფრთები არა აქვს, ვერ გაფრინდება? მაგალითად, კაცი ვერ გაფრინდება? — ვერა. — არ გაგიგონია ძველად, რომ ვინმე გაფრენილიყოს? — ძველად — ენოქ და ილია, მაგრამ ისინი ურმით გაფრინდენ ღვთის ძალით. — ეგზამენატორმა თვალები დააჭყიტა და მკითხა: — ვინ გითხრა შენ ეგ? — დედამ. — კუდიანები რომ ფრენენ, იმათ ხომ ფრთები არა აქვთ? — კუდიანები არ ფრენენ. — მაშ როგორ შეუძლიათ, რომ არ ფრენდენ, ასე ჩქარა ყველგან როგორ მივლი-მოვლიან? — მგელზე ჯიან და ისე დადიან. — აქ გადიხარხარა და თავზე დამისვა ხელი. ამგვარ რამეებს მკითხავდა და თანდათან გახალისდა. მეც რომ შევატყვე, აღარ წყრება-მეთქი, გავთამამდი. ბოლოს დამიწყო გამოცდა. საზეპიროები მკითხა, — კარგად მივუგე. — აზრიც გესმის? მკითხა. — რასაკვირველია, მესმის! — შეგიძლია ქართულად გადაგვითარგმნო ეგ ლოცვები? — რაღად გადაგითარგმნით, ქართულად რომ უფრო ადრე ვიცოდი? — სად ისწავლე? — სახლში. — ეგებ რუსულადაც იქ ისწავლე? — არა, აქ. — მიუბრუნდა მასწავლებელს და ჰკითხა: — თქვენ ხომ არ შეგშლიათ, რომ ეგ ბავშვი უკანასკნელ მოწაფედ წარმომიდგინეთ? — არა, თქვენო აღმატებულებავ! ერთი რომ პატარაა, მერე კიდევ არც დიდი ხნის შემოსულია და ჯერჯერობით ყურადღებას აღარ ვაქცევდით, არასა ვკითხავდით, გაკვეთილებსაც არ ვაძლევდი: ჯერ მიეჩვიოს-თქო, — უპასუხა მასწავლებელმა ცოტა ფერმიხდილად. — მაშ თუ არ გკითხავდენ, შენ როგორღა სწავლობდი? — მითხრა მან. — სხვებს რომ აკითხებდენ და უხსნიდენ, მეც აქ არ ვიყავი? ყურს ვუგდებდი. ეს რომ გაიგონა, „ხედავთო?” დაეკითხა ჩემ ამხანაგებს: რომ მოგენდომებიათ, თქვენც ასე ისწავლიდითო. მასწავლებელი რომ კარგად გიხსნით, ეს ცხადად სჩანს”. ხელი ჩამოართვა მასწავლებელს და მადლობა უთხრა. მე შუბლზე მაკოცა, წამოდგა ზეზე და დაიშალა კლასიც. მივფრინდი თუ ფეხით მივედი სახლში, აღარ მახსოვს, სიხარულმა ისე ამიტაცა, რომ მთვრალივით ვეღარ გამოვერკვიე. შინ რომ მივედი, სტუმრები იყვენ სახლში და მამაჩემმა მომაძახა: რა ქენი, ჩემო კაჭუაო? მეც ყველაფერი მოვახსენე, რაც გადამხდა. „მე კი არ ვიცოდი?! — წამოიძახა მამამ — კვიცი ყოველთვის გვარზე მიდისო. პეტრე არხიმანდრიტს რომ ვებარე მონასტერში ბავშვობისას, ყველას ვჯობდიო, რასაც სხვები ათ-ათ წელიწადს უნდებოდენ, მე ორ-სამ წელიწადს გავიარე, გავათავე: ღრამატიკა, ანგარიში, ისტორია, ღეოღრაფია და სხვანიო. ბატებმა არ დამაცალეს, ყიყინით მაწუხებდენ, თვარა, რომ მომეცადა, არისტოტელის კათეღორიასა და ლოღიკას სულ ბდღვირს გავადენდიო. შენც, შვილო, ოჯახის შვილი რომ ხარ, სხვებზე უფრო მეტი უნდა ისწავლო და ვიგინდარები არ გაიტოლოვო!” სტუმრებმაც ამგვარივე დარიგება მომცეს. დედა კი თავისთვის იჯდა თავჩაღუნული, თითქო ამისათვის სულ ერთიაო და არც კი შეუმჩნევივარ. საღამოს, დასაძინებლად რომ ჩავწექ ლოგინში, მოვიდა დედა და შუბლზე დამადვა ხელი, ჩამოჯდა ლოგინზე. მე ვიფიქრე: „ვაი თუ ავად ვარ და მატყობს რამეს, თვარა ასე სხვიმის როდის მოსულა-მეთქი”. წინადაც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ საკვირველი ზნე სჭირდა დედას: თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი და ან ხანგრძლივ უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, და მაშინაც ისე, თითქო გული ნებას არ აძლევსო. ეს მეც მიკვირდა და ვერ ამეხსნა. ეს ხასიათი მთელს მის სიცოცხლეში შერჩა. შვილიშვილებსაც ასე ეპყრობოდა. ერთხელ, დაცოლშვილიანებული ვიყავი, შევესწარი, რომ ჩემ პატარა შვილს, მძინარს, მიდგომოდა და სიფრთხილით, არ გამოიღვიძოსო, ჰკოცნიდა და ეალერსებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ალბად ჩვენც ასე გვეალერსებოდა-მეთქი. ცხადად ვინ უშლიდაო-იფიქრებს კაცი, და ის თურმე იმ აზრის იყო, როგორც ერთხელ გამოაცხადა ლაპარაკში, რომ ხშირი მოფერება აფუჭებს ყმაწვილს და წარამარა კოცნასაც ფასი აღარ აქვს მის თვალშიო. არ ვიცი, საზოგადოდ ეს მართალია თუ არა, მაგრამ ჩემ თავზე როგორც გამოვცადე, მისი კოცნა რაღაც სასუფევლურ ნეტარებად მიმაჩნდა. იმ საღამოს ავფოფინდი, რომ გვერდში მომიჯდა და ალერსიანად მითხრა: ხომ ილოცეო?... — როგორ არა-მეთქი! — დღეს დილას, სანამ კლასში წახვიდოდი, დაუჯდომელი პარაკლისი ხომ არ დაგვიწყებია? — როგორ დამავიწყდებოდა!… და მერე მით უფრო, რომ განსაცდელში მივდიოდი. — ჰო, კიდეც მიტომ უხსნიხარ ღმერთს და გაგიმარჯვნია. უღმერთოდ, რაც უნდა იცოდე, მაინც ვერას გააწყობ! მამაშენმა რაც გითხრა დღეს, ის მართალი კი ნუ გგონია, იმან ისე იცის ხუმრობა. — რა? — რა-და, სხვებმა რომ გაჯობოს, სირცხვილიაო. აბა, სხვები რომ კარგები იყონ, შენი რა სირცხვილია? სირცხვილი ის არის, როცა შენ შენდა თავად არ ვარგხარ და არ ცდილობ სწავლას. შენ სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდე! შენ სრულიად შენთვის უნდა ცდილობდე ყოველგვარ სიკარგეზე და, თუ სხვებიც შენისთანები იქნებიან და კიდევ უკეთესიც, შენ იმითი რას დაჰკარგავ? შენ კიდეც უნდა გიხაროდეს მათი სიკეთე. შენ რომ კარგად დაგიჭერია დღეს ეგზამენი, აი, რა კარგ გუნებაზე ხარ! ისინი კი, შენი ამხანაგები, ვინ იცის, რა გულდაწყვეტილი არიან! — ტიროდენ, დედა! — მერე არ შეგეცოდა? — შემეცოდა კი არა, კინაღამ მეც ვიტირე… — ჰო-და, იმათაც რომ შენსავით გაემარჯვათ, ხომ გიამებოდა? — ნეტავ მართლა!… — ჰო, შვილო! სხვისი შური და სიხარბე გულში არ უნდა შეუშვა, - ესენი ორივე ეშმაკის კიბის საფეხური არიან. ეშმაკი ჯერ შეგიტყუებს ზედ ნელ-ნელა და მერე უცბად გკრავს ხელს და გადაგაგდებს. — მე პირჯვარი დავიწერე, დედამ მაკოცა მხურვალედ, ორჯერ-სამჯერ ჩამეკონა გულში, პირჯვარი გადამსახა და მომშორდა: „დაიძინეო”. ჩემს ნეტარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. დიდხანს თვალი ვეღარ დავხუჭე, და, რომ დამეძინა, სიზმრებმა წამიღეს: სულ ანგელოზებში დავფრინავდი და ვთამაშობდი. გათავდა ეგზამენები. წავიდა მაქსიმოვიჩი. მიწყნარ-მოწყნარდა ყოველიფერი და მეც პირველი საჩუქრით გადამიყვანეს მეორე კლასში. სულ სხვა თვალით მიყურებდენ ამხანაგებიცა და უფროსებიც. ამას მე კარგად ვხედავდი და ვცდილობდი, რომ არ შევრცხვენილიყავ. დღე და ღამე გაერთებული მქონდა, ისე მონდომებით ვსწავლობდი და იმ შრომასთან და ცოტა ნიჭთანაც რომ უკეთესი პატრონობა მქონოდა და უფრო სწორე გზაზე ვმდგარიყავ, კარგი რამ გამოვიდოდი, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ დროს პედაგოგია მეტად დაბალ საფეხურზე იდგა. ბავშვებს კაჭკაჭებსავით სწვრთნიდენ და არა ადამიანის შვილებად! ყოველი საგანი უნდა მხოლოდ ეზეპირებიათ მოსწავლეებს, და, აზრი ესმოდათ თუ არა, ამას არავინ ჰკითხავდა. ერთი რუსის შვილი იყო — ვოლკოვი — და იმას საღმრთო წერილიდან გაკვეთილი ჰკითხეს. საბრალომ ზეპირად არ იცოდა, მაგრამ თავისი სიტყვით მშვენივრად ახსნა. მასწავლებელმა უგდო, უგდო ყური და გაიცინა: — შენი სიტყვებით რომ ბრძანებ, განა სწუნობ მაგის დამწერის სიტყვებს?! გაუჯავრდა და გააგდო, ცუდი ნიშანიც დაუსვა. მერე მეორედ გაიყვანა, როდესაც გაეზეპირებია და სულმოუბრუნებლად, სულ სხაპასხუპით უთხრა, თუმცა კი არ ესმოდა, რას ამბობდა, მოუწონა: „აი როგორ უნდა დაისწავლოო!” და კარგი ნიშანიც დაუსვა. ასე იქცეოდენ ყველა მაშინდელი მასწავლებლები. მხოლოდ მათ რიცხვში ერთადერთი, გვარად ტროე, სულ სხვა იყო. მაქსიმოვიჩის მეთოდი შემოიღო: საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამოდენიმე პწკარს, მაგრამ მაგიერად, არა თუ აზრი, ყოველი სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და აგვეხსნა. მის კლასში ყველა — დიდი და პატარა — თანასწორად სმენად იყო გადაქცეული. ბუზი რომ გაფრენილიყო, გაიგებდა კაცი. მაშინ იცოდენ და დღესაც კიდევ, მასწავლებლები რიგ-რიგად ჰკითხვენ მოსწავლეებს, ასე რომ მოწაფემ იცის, როდის მოუწევს რიგი და იმ დღისთვის უკეთ ემზადება, ვიდრე სხვიმის, და მის სწავლაში თანასწორობა აღარ არის. ტროეს კლასში კი ყველა მზად უნდა ყოფილიყო. ერთს რომ ჰკითხავდა, უცებ, მოულოდნელად სხვას რომელიმეს „განაგრძეო” — მიუბრუნდებოდა. აგრეთვე არ იცოდა ძველი და ახალი გაკვეთილი; მოულოდნელად ძველიდანაც გვკითხავდა ხოლმე. თვითეულ სკამს მიუჩინა თითო უფროსი შეგირდი. ისინი ჰკითხავდენ ყოველდღე გაკვეთილს მოსწავლეებს და ნიშნებს უსვამდენ. იმ უფროსებისათვის მერე მე უნდა მეკითხა და დამესვა ნიშნები. ზოგიერთი მათი შეგირდებიც უნდა შემემოწმებია და ის ნიშნები მიმერთმია მასწავლებლისათვის. რომ შემოვიდოდა, ისიც გადაათვალიერებდა და დასამოწმებლად გამოიხმობდა ზოგიერთებს. ერთი გაბაშვილი იყო ჩვენს კლასში, რომელიც სოფლიდან დადიოდა სასწავლებელში და კლასის დაწყებას, რასაკვირველია, ვეღარ მოასწრებდა ხოლმე. ამისათვის აჩოქებდენ იმ საწყალს კუთხეში კლასების გათავებამდე. ასე რომ ფეხზე მდგარი ის სწავლის დროს ძვირად დაგვინახავს. ერთხელ დარჩენილიყო სადღაც და ქუთაისში ნათესავებში გაეთია ღამე. სამოსწავლო წიგნებიც ეშოვნა (მაშინ არამც თუ გარეშე წიგნი, სახელმძღვანელო წიგნებიც ცოტა იყო, სულ რამოდენიმე და ერთიმეორისაგან ვნათხოვრობდით) და გაკვეთილი კარგად დაესწავლა. ადრე მოვიდა, მაგრამ, რადგანაც დაჩვეული იყო, თავისთავად დაიჩოქა და ამისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. მის უფროს შეგირდს მისთვის კარგი ნიშანი დაესვა, მე შევამოწმე და მართალი გამოდგა. ტროემ რომ საზოგადოდ ყველას ნიშნები გადაათვალიერა, გაბაშვილის ოთხსაც მოჰკრა თვალი. ალბათ გაუკვირდა და გამოუძახა. ჰკითხა და მისთანა თქვენს მტერს! ერთი სიტყვაც ვერ მიუგო. გადააქნია თავი და გამიხმო: — ეს ნიშანი შენ დაუსვიო? — მკითხა, — დიახ, მე-მეთქი, — ვუპასუხე. — მერე რათა, რომ არაფერი იცის? — მე რომ ვკითხე — იცოდა. — იცოდა?! ასე მალე, ორ წუთში როგორ დაავიწყდებოდა? აქ რაღაც სხვა ამბავია — ბრძანა მრისხანედ. — შევიტყობ, რა არის, მაგრამ ჯერ არ მცალია. გაბაშვილო, წადი და შენ იქვე დაიჩოქე, სადაც იყავი და შენც, წერეთელო, მიდი მაგასთან და გვერდში ამოუდექი, სანამ ჩემი კლასი არ გათავდეს! მერე ორივეს ერთად დაგამოწმებთ. თუმცა ყველაზე მეტი ჩვენ ტროესი გვეშინოდა, მაგრამ მისგან დასჯილი არ გვინახავს, და ახლა, როგორ გამიბედეს მოტყუებაო, ზომას გადავიდა. — შე შეჩვენებულო, რა ჰქენი ეგა, აკი იცოდი? — დავეკითხე ჩუმად, კუთხეში რომ გავედით. — ახლაც ვიცი, — მიპასუხა ტირილით. — მაშ რატომ არ მოახსენე! — ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე. ეს რამდენი ხანია — სულ დაჩოქილი ვსწავლობ და პასუხსაც ისე ვაძლევ. აი, თუ არ ვიცი? — მოჰყვა ზეპირად — რომ ავდგე, დამებნევა! — მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა. — რას ჩურჩულებთო? მე გავედი და მოვახსენე ყოველიფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო, რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი დაანება და გასწია კანცელარიისაკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს. ერთხელ, სწავლა რომ გათავდა და შეგვასვენეს, მე, რადგანაც დილას არა მეჭამა რა, შევირბინე შინ, ვიგდე ახალუხის ჯიბეში ცხელი მჭადის კოკორი და მივაშურე ისე კლასს: არ დამაგვიანდეს მეთქი. ტროეს გაკვეთილი იწყებოდა. ფეხად შეესწრო ჩემთვის და ხუთი მოწაფე კიდეც გამოეხმო და გაემწკრივებია. შევყავ თავი თუ არა, მომაყვირა: — შენც აქ მობრძანდი და დადექ ამათთანაო! მივედი და გავჩერდი. ცხელი მჭადი მომედვა ბარძაყზე და მეცხუნა. მე შმაშური დავიწყე, ხელი მოვუსვი, ასე რომ ავტოკდი. მასწავლებელმა შემნიშნა და მკითხა: რა დაგემართაო? დაფარვა აღარ შეიძლებოდა… ამოაყოფინეს ჯიბიდან მჭადს თავი… შეგირდებმა გადიხარხარეს. მასწავლებელმა ულვაშებში ჩაიცინა, გამომართვა მჭადი და წინ სტოლზე დაიდვა. მე სირცხვილის ოფლი გადამსკდა. დაგვიწყო გაკვეთილების კითხვა. ამ დროს, ჩემდა საუბედუროდ, ინსპექტორი შემოვიდა. მაშინ კი ამიკანკალდა მუხლები. ეს ისეთი შეუბრალებელი ვინმე იყო, რომ ყმაწვილის “გაროზგვას” არა ერჩია რა. სულ უბრალო მიზეზი საკმაო იყო, რომ ოთხში ამოეღო. ერთხელ ერთსადაიმავე დროს ორი ბავშვი „გაროზგა”: ერთი იმიტომ, რომ თმა წამოგზრდიაო და მეორეც იმიტომ, რომ მეტად ძირში მიგიჭრიაო! ვიფიქრე: „ეს მჭადი მე ხეირს არ დამაყრის-მეთქი!”… მართლაც, მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა: — ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!.. ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანო. — რათ მოგიტანიაო?! — მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა: ახლავ გაიგებთო და მკითხა: ეს რა არისო? მჭადი-მეთქი — ვუპასუხე კნავილით. — რისგან კეთდება? — სიმინდისაგან. — როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: კარგიო! ხვალ ნუ დაგავიწყდება ბრინჯის მოტანაო; ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა: აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად. მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გამოიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. — ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასებში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი! გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატივებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი: რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო! ეს ჩვენი საყვარელი მოძღვარი მხოლოდ ოთხ კლასამდე ასწავლიდა; უფროს კლასებში ნება აღარ ჰქონდა, რადგან უმაღლესი სასწავლებელი არ ჰქონდა გათავებული. თუკი რამ ვისწავლეთ რუსული, მის ხელში; და მის შემდეგ კი, იმ უფროს კლასებში, მეოთხედან დაწყებული, თუ რამ დაგვაკლდა, თვარა არა შეგვიძენია რა. მეოთხე კლასი მეტად ძნელი კლასი იყო: სულ ახალ-ახალი საგნები და მასწავლებლები: ისტორია, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლათინური, სჯულის-კანონი, მეურნეობა, მინერალოგია და სხვა-და-სხვა — სულ ერთად მოგვაყარეს! თავ-ტანის რომ აღარა გაგვეგებოდა-რა, გავუსვით ზეპირობას ხელი, და, როგორც იქნა, კიდევ იოლად გავდიოდით, თუმცა სრულიადაც არა გვესმოდა რა იმ საგნების. სხვისი რა მოგახსენო და მე კი ასე ვიყავი, თუმცა პირველ მოწაფედ კი ვირიცხებოდი და ოქროს ფიცარზე ვეწერე. ამ მაღალ კლასში, ცოტა არ იყოს, დავთარი შემეშალა. ერთი ვიღაც რუსული ენის მასწავლებელი დაგვინიშნეს, გვარად საპეგა. იმისთანა ახირებული კაცი ძვირი იყო! სულ ჯავრობდა რაღაცაზე, ცხვირი ჩამოტიროდა და სხვაც რომ ვინმე დაენახა მომცინარი, გადაირეოდა. მე კი, ჩემდა საუბედუროდ, ისეთი მომცინარი სახე მქონდა, რომ ტირილის დროსაც კი მეღიმებოდა! ამითვალწუნა ამ კაცმა და საშველი აღარ მომცა. წინა სკამიდან სულ უკანასკნელზე გადამსვა: „თვალში ნუ მეჩხირებიო!” ერთხელ რაღაც კაი გუნებაზე იყო, გამიყვანა და მკითხა გაკვეთილი. კარგად მივუგე, მომიწონა: „ცოდნით კარგად იციო, მაგრამ რა მიზეზია, რომ სულ იღიმები? ნუ იცინი პირუტყვივითო!” მე მეგონა, მცდის-მეთქი, და ვუპასუხე: „პირუტყვები არ იღიმებიან და არც იცინიან-მეთქი”. ეგ რომ ვუთხარი, წამოხტა, მტაცა ხელი საყელოში და გამიძახა გარედ. უკანა სკამზე რომ ვიჯექი, მოწაფეები მოიბრუნებდენ ხელს და ზურგს უკანიდან მომაბზეკდენ ხოლმე თითს. წარმოიდგინეთ ორმოცი და ორმოცდაათი თითი ჩემკენ მოშვერილი, მაშინ დამეთანხმებით, რომ სიცილი ძნელი მოსაკავებელი იყო. მეც უეცრად გადვიხარხარებდი ხოლმე. მიზეზს ვერ ვამხელდი, და ის კი მიატოვებდა გაკვეთილებს და დაიწყებდა ხოლმე ერთ ამბავს. მოწაფეებსაც ის უნდოდათ. ბოლოს ამიკრძალა მის კლასში შესვლა და რჩევაში ითხოვა: ან მე აღარ ვიქნები, ან ის მოწაფე გააგდეთო. მის გარდა ყველა მასწავლებელს ვუყვარდი. პირველ მოწაფედაც მთვლიდენ და არ დაეთანხმენ. მიმიხმეს და მკითხეს: რა მიზეზია, რომ ასე გაგიჯავრებია ეს მასწავლებელიო? მე ტირილი დავიწყე და იქვე სიტყვის გათავებამდე გავიღიმე. დირექტორი წამოდგა და წავიდა საპეგას კლასში, რომ სხვებისთვისაც გამოეკითხა და შეეტყო ნამდვილი მიზეზი. ჩემდა ბედად მისთანა გარემოებას შეესწრო, რომ ხელი მომემართა. ერთი მოწაფე იყო ჩვენს კლასში კ... ლ... სამაგალითო რამ, აჩქარება არ უყვარდა. საპეგა კი, როცა გაკვეთილს ჰკითხავდა ვისმე, ამბობდა: ნუ ფიქრობ, ისე მითხარიო. ის გაუყვანია დაფაზე, რაღაც დაუწერინებია და ახსნას უცდის. კ... ლ... ფიქრობს, რომ კარგად მიუგოს. სულწასული პედაგოგი მიეპარა უკანიდან, ჰკრა თავში ხელი და ცხვირ-პირი დაფაზე მიახლევინა: „რას უცდიო?” შეშინებულსა და გაბრუებულ მოწაფეს ცხვირში სისხლი წასკდა, და სწორედ ამ დროს შეესწრო დირექტორიც. საპეგა მეორე დღეს თვალით აღარ გვინახავს, მის მაგიერ მეორე დაგვინიშნეს — პანიზოვსკი. მაგრამ ბევრით უკეთესი ვეღარც ის იყო. უკეთესი კი არა, ხმას არ იღებდა, სულ წითლდებოდა. კოშანსკის რიტორებას მოიტანდა ხოლმე და ისე უხმოდ, თითით გვაჩვენებდა: აქედან აქამდის გაიზეპირეთო, და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. იმას “ქალ-ბიჭას” ვეძახოდით, დავცინოდით, მაგრამ ის თვალს გვარიდებდა. არაფერი გარეშე წიგნი არ იყო, რომ წაგვეკითხა; და რომ კიდეც გვეშოვა სადმე, წაკითხვის ნებას არ მოგვცემდენ: „რაც კარგი რამეა — რიტორებაშია დაბეჭდილი, ის გეყოფათო”. ერთხელ ერთმა თამამმა მოწაფემ ჰკითხა: - „რაც აქ არ არის მოყვანილი ამ წიგნში, მის მეტი პუშკინს არა დაუწერია რაო?” — „ეგ რა შენი საქმეაო?” — მიუგო მასწავლებელმა. ყმაწვილი არ მოეშვა და კიდევ ჰკითხა: — „პუშკინი უკეთესი მწერალია, თუ გერცენიო?” წამოვარდა ზეზე შეშინებული, დაიცვა თითები ყურებში და გააბა ყვირილი: „აქ არ ვყოფილვარ, არა გამიგონია რა, არცა გითქვამს რაო”… და ამგვარად გავიდა კარში. არა ნაკლებ ახირებული იყო ლათინური ენის მასწავლებელიც — ძალიან კარგი, მშვიდობიანი და ბეჯითი მასწავლებელი; ბუზის ეშინოდა და, მახარობელას რომ ბზუილი დაეწყო, იმას გული უწუხდა. ეს რომ იცოდენ მოწაფეებმა, თუ რომელიმე მათგანმა გაკვეთილი არ იცოდა, მოიყვანდა უცბად მახარობელას და ჩუმად გაუშვებდა კლასში; მასწავლებელი დაფრთხებოდა, მოსწავლეები წამოვარდებოდენ ზეზე, ზოგი სტოლზე შეხტებოდა; ზოგი ამ ბუზს დაუწყებდა ვითომდა კლასიდან გამოდენას; ხან ერთ კუთხეში მიაგდებდენ, ხან მეორეში და ამასობაში კლასიც თავდებოდა. ცხადია, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული მოზარდი თაობა ვერას გამოიტანდა ბევრს გიმნაზიიდან, რომ ამ საზარელ ბნელში ერთი ნათელიც არ გამოგვჩენოდა. ეს იყო პოლონელი როდზიევიჩი, რომელიც ჯერ პროფესორად ყოფილიყო, მაგრამ ლოთობის გულისათვის დაეთხოვათ და სტავროპოლში ეშოვნა ინსპექტორობა. მერე იქიდანაც გაეგდოთ და ჩვენში გადმოიყვანეს მათემატიკის მასწავლებლად. ეს ლოთი მასწავლებელი ყურადღებასაც არ აქცევდა თავის საგნებს, არც ალგებრას, არც გეომეტრიას, არც ტრიგონომეტრიას და არც ფიზიკას; ჩვენს ნებაზე მოაგდო მათი სწავლა და ჩვენ, როცა გაგვიძნელდებოდა გაგება რამესი, მაშინ დავეკითხებოდით და მშვენიერადაც აგვიხსნიდა ხოლმე. საკვირველია, რომ მისი საგანი ყველაზე უკეთ ვიცოდით. რაღაი შეგვატყო, რომ გონებადახშული და განუვითარებელი არიანო, სულ სხვა რამეებზე გვესაუბრებოდა და ცდილობდა ჩვენს გამოფხიზლებას. იმ ხანებში გამოაცხადეს, რომ ვისაც უნდა რუსეთში წასვლა და უმაღლეს სასწავლებელში შესვლა, იმან ლათინური უნდა ისწავლოს, და ვისაც მხოლოდ გიმნაზიის გათავება უნდა, იმან სჯულის-კანონი შეისწავლოს, და, თუ პირველ შეგირდად გამოვა, ჩინსაც მიიღებსო. ჩინს მაშინ დიდი მომხიბლავი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ყველა ჩემმა ამხანაგებმა, თუმცა ზოგი მათგანი ვერცკი წავიდოდა რუსეთში სიღარიბის გამო, ლათინური ირჩიეს. ერთმა მათგანმა მხოლოდ და მეორემ მეც სჯულის-კანონის შესწავლა მოვინდომეთ, ჩინის სურვილით წარტაცებულებმა. იმ ხანებში რუსული ენის მასწავლებელმა გვიბრძანა: აიღეთ, რაც გინდათ, და თქვენდა თავად თხზულება დასწერეთ, მაგრამ დიალოგებად კიო. მე ავიღე და დავწერე ერთი ახირებული რამ. მასწავლებელმა რომ წაიკითხა, ინსპექტორს გადასცა და მას საპედაგოგიო რჩევაში წარედგინა და ეთქვა: „ამის დამწერი, თუ ახლავე არ აილაგმა, არ ივარგებსო!” რჩევაზე როდზიევიჩს გამოედვა თავი: მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო. მე ვთხოვულობ, რომ იმას ძალა დაატანოთ — ლათინური შეისწავლოს და მაღალ სასწავლებელში სადმე შევიდესო. მჭერმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლია ზოგიერთები სხვებიც და დირექტორმაც ბანი მისცა. შემიხმეს მეც. — ეს შენი დაწერილიაო? — მკითხა დირექტორმა. — დიახ, — ვუპასუხე ცოტა შემკრთალმა. — მერე როგორ გაბედე, რომ მთავრობის მოსამსახურე პირებს ასე ცუდად იხსენიებ? — ის გადამდგარი ჩინოვნიკია. — სულ ერთია, უპატიურად შეხება მაინც არ შეიძლება! ის დამსახურებული იქნებოდა და პენსიაც ექნებოდა, — დაუმატა მრისხანედ ინსპექტორმა. — წაიღე და გადაასწორე სხვანაირად! — თუ მხოლოდ ეგ არის წუნი, ეგ ადვილია: წავშლი სიტყვას „გადამდგარი” და დავწერ „გამოგდებულს”. „გამოგდებული” თუ კარგი ყოფილიყო, ისევ სამსახურში იქნებოდა. — დირექტორმა გაიცინა და გამიშვა. იმ დღიდან მეც ლათინურზე გადავედი, ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარა როდზიევიჩმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. საკვირველი იყო მისი საქმე: ისე გაჟღენთილი ჰქონდა გვამი არაყით, რომ ხანდახან, რომ კიდეც არ დაელია, ისე თავისთავად მოუვლიდა სიმთვრალე. ერთხელ მოუარა გაკვეთილების დროს და მოწაფეს, რომელიც დაფასთან იდგა და გეომეტრიულ სახეებსა ხატავდა, მიაყვირა: — „აბა, ჩამოუარე ლეკურიო!” და ტაშის კვრა დაიწყო. გაშეშდა მოწაფე. ჩვენც შევწუხდით, მაგრამ იმან მაინც თავისი არ დაიშალა: — „როგორ თუ შენ ნაციონალური ცეკვა გეზიზღებაო?! არ იცი, რომ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვაში მისი გული და სული იხატება? აი, ლეკურიც ხომ ქართულია, ცოცხალი რამ არისო!” დაუკრა ვითომ თვითონ ლეკური, მერე გადავიდა მაზურკაზე: „აი ესეც ჩვენი გამოგონილი თამაში და შეუპოვარი მაზურკაო! და ახლა ესეც ნახეთ, რასა ხატავსო” და დაუარა „ტრეპაკა”, უწმაწური გინებით შეკაზმული. ბოლოს შეჩერდა, დაავლო ქუდს ხელი და გავარდა კარში. ჩვენ ღმერთს მადლი შევწირეთ, რომ არც დირექტორი, არც ინსპექტორი და არც სხვა ვინმე არ შემოგვსწრებია. ისე შეგვებრალა, რომ არ ვიცოდით, გვეცინა თუ გვეტირა! მესამე დღეს ძალიან დარცხვენილი შემოვიდა. დიდ ხანს ხმას არ იღებდა და ბოლოს დაიწყო: — ყმაწვილებო! ძველ დროში საბერძნეთში განგებ დაათრობდენ ხოლმე მონებს და მათ უსაქციელობას თავის შვილებს აყურებინებდენ, რომ მათთვის თვალდათვალ დაენახვებიათ, თუ რა საძაგლობაა — კაცი რომ დათვრება, გონებას დაჰკარგავს და პირუტყვს დაემსგავსება. გუშინწინ დაგანახვეთ თქვენ ამგვარი რამ. ეცადეთ, რომ გაუმაგრდეთ ცხოვრებას, აიტანოთ გასაჭირი და ჩემსავით არ გაგაფუჭოსთ. რა ვარ ახლა მე? განა არ ვგრძნობ, რომ ფიზიკურად დამახინჯებული ვარ? მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს, ამ ფიზიკურმა დამახინჯებამ სული და გული წმინდად, შეუბღალავად შემინახა. კლასის გამოსვლამდე სულ ამნაირად გვემუსაიფა და მოგვშორდა. ჩვენ თითქმის ყველა ვტიროდით და იმ დღიდან კიდევ უფრო გვებრალებოდა. უკანასკნელ კლასში რომ გადავედით, მე ფრანგულის მასწავლებლის მუსიე ტურესის სახლში ვიდექი. ამ მუსიე ტურესს ყმაწვილები „მოსე ტურას” ეძახდენ. ერთხელ საღამოს სტუმრად შემოჰყვა როდზიევიჩი; დაჯდენ ორი მარტო და ჩაის დაუწყეს სმა. სტუმარმა რომი მოითხოვა, თვითონაც დაისხა და მასპინძელსაც დაუსხა. შეჰყვენ ნელ-ნელა მუსაიფს. შეზარხოშებულმა ფრანგმა დიდი რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი. სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უფრო, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შემნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გარდავიქეცი. ბოლოს სთქვა ამოოხვრით როდზიევიჩმა: — „ახლა რაღა დროს ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისათვის კონრადივით სამსახური გამეწია!”… ეს რომ ჩამეწვეთა ყურში, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: „რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნება სამხედრო სამსახური? ოდესმე სარდალი გავხდები! რაც ადრე შევუდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, — უკანასკნელს კლასში ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ, — და გამოვალ, არსად არ წავალ-მეთქი”. გადავწყვიტე და გამოვუცხადე მამაჩემს ჩემი სურვილი. მამას ძალიან იამა: — „შენი ნებაა, შვილო! მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო”. მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირვე და დილიდან საღამომდე როდზიევიჩს აღარ ვშორდებოდი. ოთხი თვე დავრჩი, მაგრამ ეს ოთხი თვე უფრო ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვიდრე რვა წელიწადი გიმნაზიაში მყოფობის დროს. დამდეგ მაისს გამოვეთხოვე დედ-მამას, იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს ცხოვრებაში, ბევრის არ მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი”-ში მოსამსახურედ. III ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებით გაბერილი, აპრილის დამლევს დავადექი რუსეთის გზას. ორპირამდე (მარნამდე) ცხენით ვიარე, იქ ნავში ჩავჯექ და მივანდვე თავი გადარეულ რიონს. ფოთამდე ორ დღეს მოვუნდი სიარულს; აქაც სამ დღეს დავრჩი, დავესწარ ფოთის კურთხევას და მერე კი სამხედრო ცეცხლის გემით გავეშურე ოდესისაკენ. პეტერბურგში პირდაპირ მიმავლისათვის, რასაკვირველია, ხმელეთით წასვლა უფრო მოხერხებული იყო და არც ისე საშიში, როგორც ზღვით, მაგრამ ამ გზით მიტომ გამისტუმრეს, რომ იქ ვარანცოვის ქვრივი ეგულებოდათ და მისი ნახვა დამავალეს. იმ დროს საზოგადოდ ქართველებს ისეთი სიყვარული და ხსოვნა ჰქონდათ ვარანცოვის, რომ, თუ რუსეთში მყოფი, ან მიმავალი ქართველი ვარანცოვის ქვრივს არ გაუვლიდა და არ ნახავდა, ვერც კი წარმოიდგენდენ. ჩვენმა მშობლებმაც მიტომ დამავალეს, რომ უთუოდ მივსულიყავ კნეინასთან და მათ მაგიერ მოკითხვა გადამეცა; ძღვნად — მისართმევადაც ერთი დიდი გიშრის ჯვარი, ზედ ჯვარცმაგამოსახული, გამატანეს. ჩემს ოცნებაში ზღვაცა და ხმელეთიც ნამდვილზე მეტად მქონდა წარმოდგენილი და მიტომაც აღარა გამკვირვებია რა!.. გართობით კი ისე გამართო ახალ-ახალ, უცხო სანახაობამ, რომ დროს ვეღარ ვგებულობდი. ჩემი პოეტური ოცნება ისე გაიზარდა მგზავრობის დროს, ისე აჭრელდა და აფერადდა, რომ გაბრუებულმა ცა და ქვეყანა, ზღვა და ხმელეთი საჭადრაკო ფიცრად გავიხადე და ჩემ ნება-სურვილზე ვახტუნებდი მეფესა და ლაზიერს. რას მივხვდებოდი მაშინ, რომ გამოუცდელობა მატყუარა ნატვრის თვალია?!. ვარანცოვის კნეინამ შვილივით მიმიღო და დედა-შვილურადაც მომექცა. გამომკითხა ყველას ამბავი და ბოლოს, გიშრის ჯვარი რომ გადავეცი, დიდი სიამოვნება დაიმჩნია. „ვახსოვართ ქართველებს და სჩანს, რომ ჩემ ქმარს მალე არ დაივიწყებენო!” — „სანამ საქართველოს სახსენებელი არ მოისპობა, ვარანცოვის სახელიც არ დაივიწყება-მეთქი”, - წამოვიკნავე მე ეს უფროსებისაგან ჩვენში ბევრჯერ ნათქვამი და ჩემგან გაგონილი და გულში ჩარჩენილი სიტყვები. მოხუც კნეინას ცრემლები მოერია, ღიმილით შემომხედა და მაკოცა. ჩემი მიტანილი ჯვარი სტუმრების ხელიდან ხელში გადადიოდა. ყურადღებით სინჯავდენ; გიშერი შავი ქარვა ეგონათ და მოსწონდათ, მაგრამ ჯვარზე გამოქანდაკებული ქრისტეს სახე, როგორც ეტყობოდა, ვერ აკმაყოფილებდა მათ ესთეტიკურ მოთხოვნილებას. ერთ სტუმარ ქალთაგანს მიუბრუნდა კნეინა და უთხრა: იტალიაში ხომ არ გგონიათ თავი? ნუ დაივიწყებთ, რომ ამისთანა რამეებს უბრალო მეგიშრეები აკეთებენ იმერეთში! ისინი გლეხები არიან და არსად რამე უნახავთ გარდა გარდამოხსნისა და ხატებისა ეკლესიებში: მათი სამხატვრო გალერია, მათი სკოლა — მარტო ბუნებაა საქართველოსი, მაგრამ ბუნება საოცნებო და აღტაცებაში მომყვანი. ეს უბრალო ხელოვნება განა არ ამტკიცებს, რომ იმათ, თუ გარემოებას ხელი არ შეეშალა მათთვის, თავისი საკუთარი რაფაელები და მიქელ-ანჯელოები ეყოლებოდათ? განსვენებულ თავადს აღტაცებით უყვარდა ქართველები, დიდ პატივსა სცემდა მათ წარსულს და მომავალზე იმედობდა. სულ იმას ამბობდა: ეს პატარა საქართველო დიდ რუსეთის ქარგაში უმშვენიერესი ფერადი და უმტკიცესი ოქროქსოვილი იქნებაო! მხოლოდ ჩვენ კი უნდა მივუშვათ ნებაზე, ვუწინამძღვროთ და გარედან ხელი შევუწყოთო. ერთი საათი მეტი ილაპარაკა სულ ქართველებზე და საქართველოზე. წასვლა რომ დავაპირე, გამოთხოვების დროს, ღიმილით მითხრა: აი, ახლა თქვენ, ახალგაზრდა ქართველებმა, უნდა გაამართლოთ ჩემი ქმრის იმედებიო! მერე მკითხა: რამდენ ხანს დარჩებით ოდესაშიო? და რომ მოვახსენე: რამდენიმე დღეს-მეთქი, მეორე დღისთვის სადილად დამპატიჟა. ორმოცი წელიწადი მეტია მას აქეთ, მაგრამ ისე მგონია, თუ ეს ყოველიფერი ახლა იყო-მეთქი, ისე ნათლად ჩამრჩა მისი ალერსიანი სახე გულში და სიტყვებიც ტკბილად ყურში მიწივიან. სასახლიდან დაბრუნებულმა მთელი დღე ოდესის დათვალიერებას მოვანდომე. ბევრი საუცხოვო რამ ვნახე, მაგრამ დიდად არ შემიმჩნევია: არც მრავალსართულიანი სახლები, არც განიერი ქუჩები და არც ზედმავალი ხალხის გაცეტებული მისვლა-მოსვლა. მე მხოლოდ ბოღოზში თავმოყრილმა გემებმა გამაოცეს!.. „ან რა მიაქვთ, ნეტავი, ამდენი და ან რა აქვთ წასაღები, რომ ზღვაზე ძლივს ეტევიან-მეთქი?” ვამბობდი გუნებაში და თანაც გულს ვაყოლებდი ზღვის ფრთვინვას. მეორე დღეს, ვარანცოვის კნეინასთან რომ ვეპირებოდი წასვლას, სწორედ იმ დროს, სასტუმროს მსახურმა შემომიტანა წერილი. ექიმი ანდრიევსკი მწერდა: კნეინა ავად გახდა, დღეს აღარავის მიღება არ შეუძლია და მის მაგიერ მე გთხოვთ, ჩემთან მოხვიდეთ სადილად. მით უმეტესად, რომ კნეინა ვარანცოვის დავალებით ერთი რამ უნდა გადმოგცეთო! მე მისი ადრესი არ ვიცოდი და შევწუხდი, მაგრამ გამოდგა, რომ თავისი საკუთარი კარეტა გამოეგზავნა ჩემთვის. მეც ჩავჯექი და ვეახელი. ანდრიევსკი ვარანცოვის სასახლის საკუთარი მკურნალი იყო, შინაური კაცი, და, სადაც უნდა ყოფილიყო ვარანცოვი, ყველგან თან ახლდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, თავად თუმანიშვილისა. ქართველები დიდ პატივსა სცემდენ და ისიც მათ სიყვარულს იჩენდა. უეჭველია, რომ ვარანცოვის დროსაც იქნებოდენ ქართველების მოძულარი რუსები, მაგრამ ვერ გაბედავდენ გამოცხადებას!.. საზოგადოდ ხელქვეითები უფროსის ნება-სურვილს უთანხმებენ თავის გრძნობა-გონებას... ფარისევლურად ხელში იჭერენ ორივეს რიკტაფელასავით და, დროს აყოლით, ხან მარჯვნით გაჰკვრენ, გააზუზუნებენ ხოლმე და ხან მარცხნით. ანდრიევსკი კი არ ეკუთვნოდა ამგვარ ხელქვეითთაგანს... ცოლ-შვილის მოყვარული და მოალერსე, ანდრიევსკი როგორც ყველგან, ისე ოდესაშიაც ხელგაშლილად ცხოვრობდა. იმ დღესაც, მე რომ ვეწვიე, სახლი სტუმრებით აევსო. ჩვეულებრივის მოსალმების შემდეგ, ანდრიევსკის მეუღლემ ბოდიში მოიხადა ვარანცოვის კნეინას მაგიერ და გადმომცა რაღაც ქაღალდში გრძლად გამოხვეული ლეღვის ჩირივით: „ეს იმან გამოგიგზავნათო!” ხელში რომ ავიღე, მემძიმა. ვნახე, რომ სულ ბაჯაღლო ოქროები იყო. გავწითლდი, ჭირის ოფლმა დამასხა და სხვებს კი უთუოდ ეგონათ, სიხარულმა აიტაცაო. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მადლი გადავუხადე და საჩუქარი უკანვე დავუბრუნე. „სწუნობო? — შეკრთომით მკითხა ანდრიევსკის მეუღლემ: — საჩუქრის მიუღებლობა ვის გაუგონიაო? ეს სახსოვრად გამოგიგზავნა კნეინამო”. დაწუნება რა ბრძანება არის მეთქი? — მოვახსენე — სახსოვრად რომ სხვა რამე ებოძებია, დიდი სიმდაბლით და მადლობით მივიღებდი, მაგრამ ფული კი სწორედ არ მეხერხება-მეთქი. — სტუმრებმაცა და მასპინძლებმაც გაოცებით დამიწყეს ყურება. ცხადია, უგნურ ბრიყვად ჩამაგდეს, მაგრამ თვითონ ანდრიევსკიმ კი სიცილით უთხრა ცოლს: — „ბაბალე, აკი გითხარ, რომ არ მიიღებდა?!” — „მაგას ჯერ ისევ საქართველოში ჰგონია თავი, ასე მალე მამა-პაპის წესსა და რიგს ვერ მოიშლისო”... მერე მოვიდა ჩემთან, ბეჭზე დამადვა ხელი და ღიმილით მითხრა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! ტყუილა ნუ დაგირცხვენია, აქ საწყენი არა არის რა! ჩვენში ეს მიღებულია და ხომ გაგიგონია თქვენებური ანდაზა: „რა ქვეყანაშიაც მიხვიდე, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო”. ისიც მართალია, ვინც გაჩუქა და შენც მართალი ხარ, რომ არ მიიღე ეს საჩუქარი. ამას მე უკანვე გადავცემ კნეინას, ვუამბობ ყოველიფერს და ბევრსაც ვაცინებ, მაგრამ მხოლოდ პირობით კი: ერთი წელიწადიც არ გაივლის, რომ შენ სულ სხვა თვალით შეხედავ ცხოვრებას, დღევანდელ შენს შეცდომას იგრძნობ და მაშინ სიტყვა მომეცი, რომ მომწერო და შემატყობინოო!.. მართლაც, წელიწადს კი არა, ოთხ თვესაც კი არ გაუვლია, რომ ვიგონებდი ამ შემთხვევას და გუნებაში ვამბობდი: „რა გამოუცდელი ვიყავ-მეთქი!?” გულიც კი მწყდებოდა, მაგრამ აღარ მიმიწერია-რა ანდრიევსკისათვის. სტუმრებში, იმ დღეს, იქ ერთი ვიღაც პუწკია ახალგაზრდა ერია, სულ საულვაშეზე ისვამდა ხელს. ის მოვიდა, მომიჯდა გვერდით და ჩამეკითხა: — გეტყობათ, თავადო, რომ ბევრი ფული მიგაქვთ თან? — რატომ არა?! — მაინც? ხუთასი ათასი? — ეს რომ მითხრა, მე გიჟი მეგონა და სკამი უკან დავაჩოჩე და საჩქაროდ მივაძახე, — ხუთასი მანეთი მეთქი. — ხუთასი მანეთი? — გამიტრიზავა — მერე და ეგ რას გეყოფათ? — გზაში მეტი არ მომინდება და მერე თვიურად გამომიგზავნიან სახლიდან. — რამდენს? — ხუთ-ხუთ თუმანს თვეში. — მერე ეგ განა კმარა? — საქეიფოდ კი არ მივდივარ!.. — მაშ კიდეც მოგრჩებათ!.. — მითხრა კიდევ დაცინვით და გადახედა სხვებს... ზოგიერთებმა ღრეჭა დაიწყეს. მივხვდი, რომ მე დამცინოდენ და ცეცხლი მომეკიდა. მეტი ვეღარა გავბედე რა, და მეც სიცილით ვუთხარი: — მე საქმეზე მივდივარ, საქეიფოდ დროც არ მექნება და, რასაკვირველია, მეყოფა თვეში ხუთი თუმანი. ნათქვამია: „კაცია და გუნებაო!” თქვენ თავს კი ნუ მადარებთ!.. თქვენ, როგორც გეტყობათ, სულ სხვა ბრძანდებით! როგორც ვხედავ, ხუთი თუმანი თვეში მარტო ულვაშებზე მოგინდებათ! — ამის თქმა და ზოგიერთი ქალების გადახარხარება ერთი იყო!.. ჩემი მოსაუბრე გაწითლდა, ხელები მოაშორა საულვაშეს, ზეზე წამოდგა, რაღაცას თქმას აპირებდა, მაგრამ სახლის პატრონმა აღარ აცალა, ჩაგვერია სიტყვაში: გრაფო, გრაფო! საზოგადოდ ქართველ კაცთან ფულზე ლაპარაკი უადგილოა. ეგენი ფულს სულ სხვა თვალით უყურებენ, ვიდრე ჩვენ, მაგათ თვალში ფულს ფასი არა აქვს. ცხოვრება უზრუნველი აქვსთ და მოთხოვნილება უფულოდაც დაკმაყოფილებული. ყოველივე საჭირო რამ თავის სახლშივე აქვსთ, გარეთ ფეხის გადგმა არ ეჭირვებათ: საჭმელი, სასმელი, ტანი, ფეხი, იარაღი, საქონელი, ნივთები და სხვანი… ასე გასინჯეთ, რომ კოლონიალური წვრილმანებიც უსასყიდლოდ მოუდისთ! გვარიშვილებს თავისი საკუთარი ვაჭრები ჰყავთ ყმებად, სომხები და ურიები. და ისინი იხდიან, რაც კი ბატონებს დასჭირდებათ: ჩაი, შაქარი, ყავა, ბრინჯი, სანთელი, ზეთი და სხვადასხვაგვარი სასმელები და სხვანი... თუმცა მაგათ საჩხერეში არა ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ წერეთლებს თავის საკუთარი ბაზარიცა აქვსთ. ფული ქართველს საზანდარისათვის საჩუქრად, ან ეკლესიების შესაწირავად თუ დასჭირდება, თვარა სხვად რად უნდა? ფულის საჭიროებას საიდან შეისწავლიდენ? ერთს საანეგდოტო, მაგრამ ნამდვილ ამბავს კი გეტყვით და ყური დამიგდეთ: ერთი ქართველი დიდიკაცი, გამოჩენილი გვარიშვილი, რომელიც თეირანშიაც ბევრჯელ ყოფილიყო და სტამბოლიც რამდენჯერმე ჰქონდა მოვლილი, რომ გარდაიცვალა, რასაკვირველია ყოველიფერი შვილებს დაუტოვა. ორი შვილი დარჩა. უფროსი უცოლშვილო იყო, უმემკვიდროდ უნდა გადასულიყო და გაყოფის დროს უმცროსს ძმას უთხრა: მე მაინც მარტოხელი კაცი ვარ, ყმა და მამული ღმერთმა შენ მოგახმაროსო. მე, ქალაქში რომ ქარვასლაა, ისიც მეყოფაო, თუ ფულებსაც, რაც დარჩა, დამასაკუთრებო. უმცროსიც, რასაკვირველია, დიდის სიამოვნებით დაეთანხმა. გაიყარნენ სიყვარულით, მშვიდობიანად. უფროსი გადავიდა ტფილისში, დადგა თავის ქარვასლაში, გახსნა ოქრო-ვერცხლით სავსე სკივრი და მიჰყო ხელი ცხოვრებას. ყოველ დილა-საღამოს გააღებდა ზანდუკს, დასჩერებოდა ფულებს და ამბობდა სიცილით: ვინ გამოლევს ამ ეშმაკის გაჭედილებსო!.. დახარჯვა არ უნდაო? გაიგეს ქალაქელმა ვაჭრებმა და მივიდენ, სთხოვეს: „ხელი გაგვიმართეო”. რასაკვირველია, უარს არავის ეტყოდა!.. ვისაც რამდენი უნდოდა, მიჰქონდა. ვაჭრები რომ ბაზრობიდან დაბრუნდებოდენ ხოლმე, საჩუქრები მიჰქონდათ თავადთან და ისიც ამბობდა თავის გუნებაში: ასე არა სჯობიაო? მე მადლი და საჩუქარი, და ისინი კი ხელს იმართავენო. როცა თავისი საკუთარი ექნებათ და ჩემი აღარა დასჭირდებათ-რა, ჩემსას მადლობით დამიბრუნებენო. ნუ დაივიწყებთ, რომ, ფულებს რომ აძლევდა, ცარიელ სიტყვას ენდობოდა, თვარა, არა თუ საბუთებს არ იჭერდა ხელში, მოწმეებსაც არ ისწრებდა!.. „ვინ გამიბედავს, რომ უარი შემკადროსო?” და მართლადაც ვინ გაუბედავდა? იმ დროს რომ ქართველს ვაჭარი ოთხში ამოეღო, ვინ რას ეტყოდა, და ან ვის გაუკვირდებოდა?.. ბოლოს, როცა ჩვენ ხელში გადმოვიდა საქართველოს სვე-ბედი და წესწყობილებაც შეიცვალა, ვაჭრებმა ყველაზე უმალ გამოახილეს თვალი და ქართველ თავადის მოვალეებმაც უარი სტკიცეს ფულის პატრონს: ჩვენ არა ვიცით რა, და თუ ვინმემ ისესხა თქვენგან, საბუთიც ხელში გეჭირებათ და წარმოგვიდგინეთო! განრისხდა თავადი, ეუცხოვა. მაგრამ ფულის დაკარგვას კი არ სწუხდა, უარის თქმა როგორ გამიბედესო! მიჰმართა მთავრობას, მაგრამ მათგანაც იგივე პასუხი მოისმინა! “დალახვროს ღმერთმაო, — სთქვა, — ვინ იფიქრებდა, რომ ამისთანა უპირობა შემოვიდოდა ჩვენშიო? კიდევ მადლობა ღმერთს, დანიბეგიშვილების საბუთი მაინც მიჭირავს ხელში... ის ცოტა პირგატეხილი კაცი იყო და უგირაოდ ვერ ვანდე ათასი ოქროო!” უჩივლა სასამართლოში დანიბეგიშვილებს. თვითონ მსესხებელი აღარ იყო ცოცხალი და, შვილებმა რომ დაინახეს — თავადი ჯიბეში იყოფს ხელს საბუთის ამოსაღებადო, მკვდრის ფერი დაედვათ!.. ქართველმა ამოიღო პატარა ქაღალდი ათასგვარად დაკუჭნული და დადვა მაგიდაზე. გახსნეს, ნახეს, და რა გამოდგა? ერთი ღერი ულვაშის!.. აი ეს მამითქვენის ულვაშის ღერია და გირაოდ მაქვსო. მსაჯულებმაც და მოპასუხეებმაც, რასაკვირველია, სიცილი აიტეხეს და ქართველი კი ბედსა სწყევლიდა: „ჰოი, ამისთანა დროს!.. ახლანდელ კანონს, სამართალს, ნამუსსა და პირისწყალსაო!..” ქალაქელი ვაჭრები დღესაც კიდევ სიცილით ამბობენ: „დანიბეგიშვილისთანა ძვირფასი კაცი ქვეყანაზე არ ყოფილაო: ერთი ღერი იმის ულვაში ათას ოქროდ გაიყიდაო!” — ეგ კარგია — გააწყვეტინა სიტყვა გრაფმა — მაგრამ არ ამტკიცებს, რომ იმ დროს ქართველები ველურ მდგომარეობაში ყოფილან და ცხოვრების არა გაგებიათ რა? — მართალია, გრაფო, — უპასუხა ნაღვლიანად ანდრიევსკიმ, — მაგრამ შემოტანილმა ცივილიზაციამ მალე გამოიყვანა იგინი მაგ მდგომარეობიდან და ბიჯი წინ წაადგმევინა შორს წასასვლელად... სწორედ იმ ახირებული ქართველის შვილისშვილმა გამოიჩინა ცივილიზაციის შვილობა და, ფოსტა რომ გასტეხეს ავაზაკებმა, ისიც შიგ ერია!.. განსვენებულმა ვარანცოვმა ცრემლები გადმოჰყარა: „ვინ ქართველი და ვინ ამისთანა უცნაური, უმაგალითო მათში საქმეო?”… სამაგალითოდაც დასაჯა დამნაშავენი: საუკუნოდ მადნებში მუშაობა მიუსაჯეს დიდსა და პატარას, ყველას. საზოგადოდ ქართველნი დიდად დარცხვენილები იყვნენ და ქალებმა ხომ თითქმის შავები ჩაიცვეს. დიდიკაცის ცოლები ერთხანად მგლოვიარედ იჯდენ, კარში აღარ გამოდიოდენ, ისე ეუცხოებოდათ ქართველისაგან ამგვარი საქციელი: „ვინ ქართველი და ვინ ავაზაკობაო? ვის გაუგონია დღემდე ჩვენში ამგვარი რამეო? - იძახოდენ საზოგადოდ — ვაი შერცხვენილს, ვაი თავმოჭრილს!.. მოგვეხადა ქუდი და შეგვირცხვა ულვაშებიო!” - და სხვანი. თავადმა ჰკითხა ერთხელ ქალებს: „ნუთუ მაგრე დაგენანათ რამდენიმე კაცის ციმბირში გაგზავნაო?” და კნეინა მანანა ორბელიანისამ ეს პასუხი მისცა ქართველ ქალების მაგივრად საზოგადოდ: „ისინი რომ სულაც არ გაეჩინა ღმერთს ჩვენ შესარცხვენად, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ის გვაწუხებს, რომ იმ შეჩვენებულებმა ქართველებს სახელი გაგვიტეხეს და სხვების სჯულზე და კვალზე წავიდენო!..” ვარანცოვმა ხელზე აკოცა მანანას და ღიმილით უპასუხა: „კნეინავ, ნუ შესწუხდებით, თვითო-ოროლა ცუდი ყველგან ურევიაო. თვით მაცხოვარმაც ვერ აირჩია ისე თორმეტი მოციქული, რომ ერთი იუდა მაინც არ გამორეოდაო!.. იმან ქრისტე გაყიდა, მაგრამ ქრისტიანობას მითი ჩირქი არა მოსცხებია რა!.. იმედია, რომ საზოგადოდ ქართველები თავის ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებას უფროც განამტკიცებენ მომავალშიო”. მერე მომიბრუნდა და მიბრძანა: „ერასტ ივანიჩ! საქართველო სულ სხვა ბაღია და მის ყვავილებსაც სხვაგვარი მებაღეობა ეჭირვებაო!” მასპინძელი დინჯად ლაპარაკობდა. მის გულიანად ნათქვამ ამბავს ყველა ყურს უგდებდა და მეც იმ პირველ ნახვისთანავე ისე შემაყვარა თავი, რომ მოშორება აღარ მინდოდა. მართლადაც, რაც ხანი კი დავრჩი ოდესაში, ყოველდღე იმასთან ვიყავი. როგორც ცხოვრებაში გამოუცდელს, დარიგებას მაძლევდა. მირჩევდა: „პეტერბურგში რომ ჩახვალ, ასე მოიქეცი და ამგვარადო”. მარტო რომ არ წავსულიყავ, ჩემის, ჩემსავითვე გამოუცდელ, მსახურის ანაბარად, თანამგზავრიც მიშოვა. ერთი მისი ნაცნობთაგანი მიდიოდა სწორედ იმ ხანებში მოსკოვს და იმას შემიამხანაგა, როგორც გამოცდილს, ჩააბარა ჩემი თავი და გამისტუმრა. ჩემი მსახური, რომელიც ლალად გამყვა რუსეთში, ერთხანად მეტად გართული იყო უცხო-უცხო სანახაობით, მაგრამ, ჩემი არ იყოს, გაკვირვებით არა გაჰკვირვებია რა!.. ერთხელ-ორჯელ კი ცოტა რამეზე შეკრთა გზაში, ეუცხოვა, მაგრამ ბოლოს იმასაც მიეჩვია და აღარას ამბობდა. - მაშინ რკინის გზა მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგ შუა იყო, სხვაგან კი რუსეთში ფოსტის გზით მიდი-მოდიოდენ. ჩვენც, რასაკვირველია, ფოსტის ცხენებით მივდიოდით. ერთხელ რაღაც უცნაური ჭყივილის ხმა შემოგვესმა: თითქო პირუტყვების ხროა სადმეო. რომ მივუახლოვდით, ერთი მინდორი გამოჩნდა, სადაც დამწკრივებულიყვენ რუსის დედაკაცები და ცელით ბალახს სთიბავდენ, თანაც უცნაურად გაჰკიოდენ... ის თურმე მათი მუშური იყო!.. იქაური ქალები მეტად ახირებულად იცმენ: გულ-მკერდი მოღეღილი აქვთ, კაბა მოკლეა, მუხლებამდეც ვერ უწევს და მუხლებ ქვეით შიშველ-ტიტვლებს სულ აღარა აცვიათ რა. ეს რომ დაინახა ჩემმა ივანემ, იკივლა: „არიქა, ბატონო, თვალები დახუჭეო!” თვითონ მიიფარა თვალებზე ხელი და დაიწყო ჭუჭყუნი: „დალახვროს ღმერთმა ამისთანა ქვეყანაო!” აქ სად წამოვსულვართ, ამ უნამუსო ქვეყანაშიო!” და სხვანი. — სწორედ მოგახსენოთ, მეც მეუცხოვა იმგვარი ჩაცმულობა, მაგრამ თვალებზე ხელი კი არ მიმიფარებია. ჩემმა მგზავრმა რომ გამომკითხა: „რა მოსდის შენს მსახურსო?” და ჩემგანაც პასუხი გაიგო, სიცილით კინაღამ მოკვდა; ჩააცივდა ჩემს ივანეს: „მაგრე ჩაცმული ცოლი რომ გყავდეს, არ გინდაო... მალე ბრძანება გამოვა, რომ თქვენმა ქალებმა მაგრე უნდა ჩაიცვან ხოლმეო!” — „მანამდე არაფერი სჭამოს თქვენმა გვერდებმა”, მიაწყევლა ქართულად და მერე რუსულად ჰკითხა: „ნეტავ ქალბატონებიც ასე იცმენო?”... - “ხანდახანო!” — უპასუხა სიცილით და მერე მე მითხრა: „ყოველ ქვეყანას თავისი ზნე და ჩვეულება აქვს და, ვისაც არ უნახავს და არ გამოუცდია, რასაკვირველია, გაუკვირდებაო!” თვითონ დიდ გამოცდილად მოჰქონდა თავი, მაგრამ ერთ რამეში კი ვერც იმან გამოიჩინა დიდი გამოცდილება: ტულაში რომ მივედით, რკინის ქარხანაში წავიდა ლოგინის საყიდლად და მეც მაყიდვინა, თითქო პეტერბურგში კი აღარ ყოფილიყოს, და გზაში თრევით თავი შეგვაწუხებინა. ქალებს გარდა იქაურმა ჩიტებმაც კი ჩააგდეს საგონებელში ჩემი მსახური: “ე ხე რომ არსად არის, რაზე ჯდებიან და სად სძინავთ ამ ჩიტებსო?” - ამბობდა გაოცებული. პეტერბურგში რომ მივედით და აღარ დაღამდა, ამანაც მეტად დააღონა. სწორედ ერთ თვეს მოვუნდით მგზავრობას. ჩემი ძმა პეტერბურგში არ დამიხვდა. კანვოები „ცარსკოე სელოში” გადაეყვანათ და მხოლოდ მეორე დღეს წავედი მის სანახავად. ჩემი ძმა თურმე უფრო ადრე მიმელოდა და, გზაში რომ დამაგვიანდა, შეშინებოდა: ვაი თუ რამე დაემართაო?! რომ მივედი, დიდად გაიხარა. იქ ჩემი ნაცნობი იმერლებიც ბევრი დამხვდა და შემომეხვიენ გარს. ზოგი რასა მკითხავდა და ზოგი კიდევ რას!.. ბოლოს ყველამ მირჩიეს: „რადგან სამხედრო სამსახურში აპირებ შესვლას, აქ დარჩი, ჩვენთან: კანვოობას არა სჯობია რაო! ჩვენი სამსახური, სამსახური კი არ არის, ლხინი და ქეიფიაო!” მართლადაც, საზოგადოდ კანვოების და განსაკუთრებით ქართველების მდგომარეობა უსაქმური კაცისათვის სანატრელი იყო. კარგად სვამდენ, კარგად სჭამდენ, კარგად ეცვათ, დღეში რამდენიმე საათს ცხენებს აჭენებდენ, ათამაშებდენ და დანარჩენ დროს აქეთ-იქით საქეიფოდ ინახავდენ. — როგორც კავკასიელებს, დიდ პატივსა სცემდენ საზოგადოდ, განსაკუთრებით ქალები. ბევრად უკეთესი მიღებული იყვნენ ყველაზე ქართველები, როგორც დიდი ოჯახის შვილები და თვალ-ტანადობითაც არჩეულები. ჩემს ძმას გამოვუტყდი, რომ მე, მართალია, სამხედრო სამსახური მსურს, მაგრამ მისთანა ადგილს მინდა შევიდე, სადაც სწავლის გაგრძელება შესაძლებელი იქნება, რომ ბოლოს ღენერლის შტაბში გამოვიდე, და თქვენი კანვოობა კი ხელს არ მომცემს მეთქი. ჩემმა ძმამ მომიწონა და მითხრა: „დღესვე, შადლუღიდან რომ დავბრუნდები, ჩვენს უფროსთან, პეტრე ბაგრატიონთან, წაგიყვან და ის მოგცემს რჩევასა და დარიგებასაო”. ორი საათი იყო ნაშუადღევის, რომ დაბრუნდა და წამიყვანა ბაგრატიონთან. სახლის პატრონმა ქართულად მომიკითხა, მე გავკვირდი და იმანაც სიცილით მითხრა: „განა ქართველი აღარა გგონივარო? დიდი ხანია რუსეთში ვარ და ცოტა დამავიწყდა, თვარა შენზე უკეთ ვიცოდი ქართული! შენც, როგორც იმერელი, უეჭველია, იმერულ კილოთი უკიდებ და მე კი წმინდა ქართლური ვიცოდი. ტფილისში სააზნაურო სასწავლებელში ვსწავლობდი ერთად ტატო ბარათაშვილთან, პოეტი რომ იყო, და ბრალიც იყო ჩემი რუსეთში წამოსვლა და კორპუსში გადასვლა: გამიგონია შაირებით დიდკაცების ლანძღვა? აგვიყოლია ჩვენც, მისი მეგობრები: ის სწერდა და ჩვენ ვაგზავნიდით: როცა ფოსტალიონი მოვიდოდა ხოლმე ჩვენს სასწავლებელში, ჩვენ შემოვეხვეოდით გარს, უცბად ავუწევდით ჩანთის თავს, სადაც წიგნები ელაგა, და ჩავუდებდით ხოლმე ჩუმად ჩვენს გალექსილ წერილებს. ის რას მოიფიქრებდა, რომ ნახავდა ჩანთაში წერილებს? მიჰქონდა ადრესისამებრ. ერთი ალიაქოთი ატყდა ტფილისში! გამოძიება დაინიშნა. ბოლოს გაგვიგეს, დაგვიჭირეს და ბარათაშვილს ჰონორარად ოცდახუთი როზგი მიანიჭეს; ჩვენც იმდენივე გადაგვიწყვიტეს, მაგრამ მე გავიქეცი, გამოვედი სასწავლებლიდან, კორპუსში გამომგზავნეს და მას აქეთ აქა ვარ სამსახურშიო”. ამას გარდაც ბევრი რამ გაიხსენა საქართველოში მყოფობის დროიდან. მხიარულ გუნებაზე იყო. ცოლმა რომ მხიარულად ნახა, ჰკითხა: „კარგ გუნებაზე ხარ და უთუოდ შადლუღს კარგად ჩაუვლიაო?” — სამაგალითოდ! — მიუგო სიცილით — ხელმწიფე-იმპერატორმა სამჯერ მიბრძანა მადლობა!... და ეს მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ქართველების მიზეზით მოხდა... — როგორ? — ძალიან ისახელეს თავი საზოგადოდ! და ბურთი და მოედანიც დღევანდელი დღის აბაშიძეს, ამილახორს და ანდრონიკაშვილს დარჩათ. გიორგი ნაკაშიძეც ხომ ვიცით რაც ცხენოსანია? ამხანაგები დასცინიან, მაგრამ მაინც კი სასწაული მოახდინა. უკანასკნელ ბურჯამდე რომ მივიდა და ცხენი უნდა გადაეხტუნებია, იმასაც სხვებსავით უეცრად ცხენი შეუჩერდა და თვითონ გადავარდა ბურჯს იქით. — ახ! — სულაც არა!.. ერთი კი გადატრიალდა ჰაერში და მერმე რაღაც უცაბედად ფეხზე დადგა კატასავით!… არ დაცემულა. მაყურებლებს ეგონათ, თუ განგებ ქნაო, და ქების ტაში დაუკრეს!… ხელმწიფემ ბრძანა, რომ აბაშიძე, ცხენზე მჯდომი, გადახატეთ და სურათი სასახლის გალერიაში ჩამოჰკიდეთო! — საკვირველია, პირველ ხანებში ვინ მოიფიქრებდა, რომ ქართველები მაგისთანა ცხენოსნები გამოდგებოდენ! ხომ გახსოვს, როგორ ვარდებოდენ ხოლმე წამდაუწუმ? — ყველაფერსა აქვს საზღვარი და ქართველის ვაჟკაცობასა და მხედრობას არც ჰქონია და არც ექნება! — ძველ დროში ქართველები განთქმული იყვენ ცხენოსნობითაც ყველგან. დღევანდელ ქართველებსაც სისხლში აქვთ მამა-პაპური ღირსება, მაგრამ, დრო რომ აღარა თხოულობს და უვარჯიშოდ არიან, ვეღარას ახერხებენ. აი ახლა: თათრები, ჩერქეზები, ჩაჩნები და ყაზახები რომ მოვიდენ, მაშინვე კარგი ცხენოსნები იყვენ, მაგრამ მერე ვარჯიშობით მეტი აღარა შეუძენიათ რა! რაც იყვენ, ისევ იმად დარჩენ. ქართველებმა კი, რომ ივარჯიშეს, გაუსწრეს მათ. თათრების რაზმში რომ სახელგანთქმული ცხენოსანი იყო, ჰასრიბეგი, დღეს იმას ბევრი სჯობია ქართველებში; ასე გასინჯე, რომ ესეც აღარ ჩამოუვარდება! — ჩემ ძმაზე მიათითა. — თქვენ?… თქვენ როგორიღა ცხენოსანი ხართ? — მომიბრუნდა მე. — დიდი არაფერი, — ვუპასუხე სიცილით. — რატომ? — მე ცხენებისათვის კი არ მიდევნია! წიგნები მეჭირა ხელში! — შენმა ძმამ მითხრა, რომ გიმნაზიაში ყოფილხარ, და მაშ რატომ უნივერსიტეტში არ შეხვალ? — სამხედრო სამსახური ამოვიჭერი გულში! — ძმასთან გინდა ერთად რომ იყო სამსახურში? — არა!.. კანვოიში სამსახური არ შემიძლია!.. აქ ჩემმა ძმამ გადასცა ყველაფერი ჩემი გულისპასუხი და ბაგრატიონმა მეორე დღისთვის დამიბარა. მეორე დღეს მარტო დამიხვდა თავის კაბინეტში. ჩუბინაშვილის ლექსიკონი გადაეშალა და სინჯავდა. მომისვა გვერდით და მკითხა: „გუშინ სხვებთან არ მინდოდა გამომეკითხა: რატომ არ გინდა, რომ ჩემთან შემოხვიდე კანვოიში და შენ ძმასთან ერთად იმსახურო? რას გაჩუმდი! მითხარი დაუფარავად, როგორც მამას”. — მე ისიც მწყინს, რომ ჩემი ძმა მანდ არის… მაგან თითქმის გაათავა გიმნაზია და მანდ კი მისთანა ქართველი უნდა შევიდეს, რომელმაც არა იცის-რა და სხვა გზა აღარა აქვს. მე რომ შევხედე, მანდ ცუღლუტობის მეტს ვერას ისწავლის კაცი. — ღენერალმა გაიცინა და ბეჭებზე დამადვა ხელი. — დრო ბევრი აქვთ და, ვისაც სწავლა უნდა, განა ვერ მოახერხებს? — კი, მაგრამ, სადაც სხვა ყველა ქეიფობს, იქ ერთი რას გააწყობს? ქვეყანა წამხედურობით კეთდება და წამხედურობითვე ირღვევა. — ოჰო, შენ ფილოსოფოსი ყოფილხარ, როგორც გატყობ, და უმჯობესი არ არის, რომ უნივერსიტეტში შეხვიდე და სამეცნიერო გზას დაადგე? — მითხრა ხუმრობით — სამხედრო სამსახური ასეთი რამ არის, რომ ბევრი მოცალება არ გექნება, სწავლა-მეცნიერებას გამოუდგე. აი მეც, მარიამ ნიკოლაევნას ქმარს, ლეიხტენბერგის პრინცს, ვახლდი ადიუტანტად; ის დიდი მეცნიერი კაცი იყო, ქიმიკოსიც იყო. მეც ვითომ შემიყვარდა მის ხელში მეცნიერება, მაგრამ მერე, დრო რომ აღარ დამრჩა, ჩამოვრჩი. — ეგ ყოველიფერი ცხადია, მაგრამ მე სულ სხვა განზრახვით მივდივარ სამხედროში!… აქ დაწვრილებით გავუზიარე მას, რა განზრახვა მქონდა სამხედრო სამსახურში შესვლის… რომ მომისმინა, გადამეხვია და მაკოცა: — „ღმერთმა ჰქნას, რომ სურვილი შეგსრულებოდეს. მე დღესვე წავალ ჩემ მეგობარ კნიაზ შეხავსკოისთან. ის გვარდიის მსროლელ ბათალიონს უფროსობს, იმას ჩავაბარებ შენს თავს. მამასავით გიპატრონებს და სხვა მაშინ შენ იციო!”… სადილად დამტოვა… ნასადილევსაც ბევრი რამ გამომკითხა… და წასვლის დროს მითხრა: „ახლა კრასნოე სელოში მიდის ჯარი, იქ შადლუღი იქნება, შემოდგომის დამდეგამდე აღარა იქნება რა... მაშინ მოდი ჩემთან, მე დაგაყენებ გზაზეო... მანამდე, ამ ორ-სამ თვეს-კი სხვაგან სადმე შეინახე თავიო”. ჩემმა ძმამაც, რადგანაც კანვოებიც წასასვლელები იყვენ, პეტერბურგს წამიყვანა და მიმიყვანა ქართველ სტუდენტებთან. მაშინდელი სტუდენტობა სულ სხვანაირი იყო საზოგადოდ და ქართველებსაც, მათთან ერთად, სხვა ფერი ედვა... მეც მათთან სტუმრობამ მალე გადამიგდო გულიდან სამხედრო სურვილები და ძალაუნებურად მათ წრეში ამოვყავი თავი.მეორე ნაწილი
I ყირიმის ომმა თვალი გამოახელინა რუსეთს. პეტრე დიდისაგან გამოჭრილი სარკმელი მაშინ აიხადა და, როგორც იქმნა, ძალაუნებურად შემოაშუქა განათლებამ ბნელეთში. თუ პარიზის ტრაქტატს არა, ბატონყმობა, ეგება, დღესაც არ ყოფილიყოს გადავარდნილი რუსეთში. იმ დროს, ესე იგი მესამოცე წლებში, იტალია და უნგრეთი სცდილობდენ განთავისუფლებას და ებრძოდენ ავსტრიას. გარიბალდი, მაძინი და კოშუტი გაუხდათ ყველა შეგნებულ მამულიშვილებს იდეალად. სწორედ იმ დროს გამოვიდა სარატოველი სემინარიელი ჩერნიშევსკი, ჩაუდგა სათავეში ჟურნალ „სოვრემენნიკს” და, დობროლიუბოვთან, ანტონოვიჩთან, ნეკრასოვთან, და სხვებთან ერთად, დასცა რუსეთს კიჟინა. ამოძრავდა რუსეთი. მაგრამ, როგორც ახალმა გამოღვიძებულმა, ჯერ კარგად გამოურკვეველმა, ბარბაცი დაიწყო. მისი ხელახლა დამონება შეუძლებელი იყო! დააგდო ძველი გზა, დაადგა ახალს და, რასაკვირველია, როგორც ყოველიფერს ახალს, ამასაც ზოგი რამ შეცდომა მოჰყვა. ტყვილად კი არ არის ნათქვამი: „ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიაო”. რაღაი კი ზურგი უჩვენა ახლად გამოღვიძებულმა ძველს, ყველაფერს თვალი აარიდა, აღარც კარგი და სასარგებლო რამ სწამდა ძველთაგანი, ყველაფერი ბოროტად ეჩვენებოდა, და წინ, მომავალი კი, ყოველიფერი გაურჩევლად კარგი ეგონა. და მაშინ გაჩნდა, ტურგენიევისაგან აღნიშნული, ნიღილისტობაც. ეს ნიღილისტობა ბევრ რამეს ჰგმობდა წარსულში, გაბედვით ებრძოდა და უშიშრად სდებდა თავს, მაგრამ გადააჭარბა და სამაგიეროდ უწმინდურობა, როგორც გარეგანი ისე შინაგანიც, შემოიღო: ქალებმა შენიშნეს, რომ ძველი დედები, უმეტესად, არას აკეთებდენ და მხოლოდ კოპწიობას უნდებოდენ, პროტესტი გამოუცხადეს და თვითონ ხელი აიღეს კოპწიობაზე, შეიკვეცეს თმები და გარეგან უყურადღებობით უწმინდურობამდე მივიდენ. მერე ამ გარემოებას შინაურობაც მოჰყვა და წაიტეხეს ფეხი. მართალია, ეს საზოგადოდ არ ითქმოდა, მაგრამ მე აქ უმეტესობაზე ვამბობ და მის შიშით, რომ ნამდვილ მარგალიტზე თაღლითი მეტია, ნამდვილი მარგალიტი ვის დაუგმია?.. კაცებმა, ზოგმა წამხედურობით და ზოგმაც „მგონიაობით”, მეტიც ჩაიდინეს ქალებზე. იმ ხანებში თავისი საკუთარი აზრით მოქმედება სახიფათო იყო და, რომ გამოჩენილ ტურგენიევს საზღვარგარეთ არ გაესწრო, ვინ იცის, რა მოუვიდოდა რუსეთში? ამ ახირებულობის დროს გამოსცა ჩერნიშევსკიმ თავისი პატარა კრიტიკული წიგნაკი: „ხელოვნება მარტო ხელოვნებისათვის, თუ ცხოვრებისათვის?” ამან დიდი გავლენა იქონია მკითხველებზე. ბევრს ააღებინა მუსიკაზე ხელი და მხატვრობა-ქანდაკებაც უარაყოფინა. მაშინ ლიტერატურაც ორად გაიყო: უმეტესობა სრულიად უარყოფდა მწერლობაში ხელოვნებას და მეორე ბევრად ნაკლები, ისე გადაჰყვა ხელოვნებას, რომ გარდა კეთილხმოვანებისა და მუსიკისა აღარა სწამდა რა მწერლობაში. მხოლოდ ერთი რუსის მგოსანი, გრაფი ალექსი ტოლსტოი გაუდგა ორივე მხარეს, არ ჩაიგდო თავი სხვებსავით უკიდურესობაში და მიტომაც, ორივე უბნისაგან დაგმობილი, დღესაც არ არის ღირსეულად აღსარებული. დანარჩენმა მწერლობამ კი გული ვეღარ მოიბრუნა და კერპად დაადგა არჩეულ გზას. როდესაც ნიჭიერი პისარევი და მყვირალა ზაიცევი დაუდგენ თავში ხელოვნების უარმყოფლებს, მთელი მკითხველი რუსეთი შეიძრა და მაშინ წარმოითქვა შესანიშნავი სისულელეც: „შექსპირს ანტონოვიჩის ჩექმები სჯობიაო” და იმავე დროსვე, რასაკვირველია, სცდილობდენ პუშკინის დედამიწასთან გასწორებას! იმ დროს ქართველი ახალგაზრდობა იზრდებოდა რუსეთის უნივერსიტეტში. მარტო პეტერბურგში იქნებოდა ოცდაათ სულზე მეტი, და, თუ მართლა „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს”, სტუდენტობაც ქართველებში იმ დროიდან იწყება. ჩვენ ყოველთვის, საუკუნის განმავლობაში, რუსეთის ნასუფრალით ვიკვებებოდით და, რაღა თქმა უნდა, რომ მაშინაც რუსეთის მიმართულება, დრო და ჟამის მიუხედავად, მისის ნიღილისტობით ჩვენშიაც გადმოვიდოდა! ტყუილი კი არ უთქვამს გ. წერეთელს: „ქართველი, ცოტა არ იყოს, კუდაბზიკააო!” გადაჭარბება გვიყვარს და რუსობანობამაც მისის ნიღილისტობით მაშინ მოიკიდა ჩვენში ფეხი. — სტუდენტების რიცხვში მეც ვიყავი. ჩემ ხანგრძლივ ცხოვრებაში საპირადო კერძოსა და წვრილმანებში უხასიათობა გამოვიჩინე, მაგრამ დიდისა და საზოგადოსათვის კი ჩემს დღეში არ მიღალატებია. მწერლობაშიაც შემეძლო, რომ, სხვების აყოლით დიდი სახელი მომეპოებია, მაგრამ ჩემს რწმუნებას ვერ ვუღალატე და, ტოლსტოისა არ იყოს, შუა ადგილი მეჭირა... სხვებსავით წამხედურობით უმეტესობის მიმდევარი არ ვყოფილვარ. ზაიცევს არად ვაგდებდი, ნიჭიერ პისარევს თუმცა ვაფასებდი, მაგრამ მისი ბევრი რამ არ მომწონდა და არც ის მეჯერა მეორე პარტიის, რომ მწერლობაში მხოლოდ მუსიკა და კეთილხმოვანება უნდა იყოს და კმარაო. ორთა შუა მყოფს, მე ჩემი გზა მქონდა არჩეული და მივდიოდი წყნარად. ეს იყო მიზეზი, რომ ჩემ მწერლობას პატივი ჰქონდა ახდილი და ამხანაგობა ჩამომშორდა. ერთ საღამოს შემოვიდენ ჩემთან მოციქულებად ვ. თუ — შვილი, გ. ჯავ — შვილი და მ. ჩო — შვილი და გადმომცეს ამხანაგობის მაგიერ: „შენის მწერლობით გვარცხვენ და ლექსების წერაზე აიღე ხელი და ან ჩვენს ნაცნობობაზეო”. მტრობა დღესაც არავისი მაქვს, რომ მაშინ ახალგაზრდას მქონოდა, და ეს მათი შემოთვლილი სიტყვა ისარივით მეცა გულზე. ბუნებათანაზიარს, ყველას მეგობრობა და განწყობილება მსურდა და ერთთავად მთელი ამხანაგობის მოშორება ჩემთვის სიკვდილი იყო. ჩავვარდი საგონებელში. დიდხანს ვყოყმობდი, მაგრამ იმ ხანებში, ჩემგან პირადად უცნობ, „ცისკრის” რედაქტორისაგან მივიღე შემდეგი წერილი: „ძმაო აკაკი წერეთელო! იმერლობას ნუ გამოიჩენ და ნუ გაფხუკიანდები, რომ შენი სამაგალითო ლექსი „საიდუმლო ბარათი” დავბეჭდე და უშენოდ შენი სახელი და გვარი მოვაწერე და არა მარტო უმნიშვნელო ორი ასო. აი რა იყო მიზეზი: ჩვენი პლატონი, ფილოსოფოსი, ასწავლის ბარიათინსკის ქართულს. იმას ეჩვენებია შენი ლექსი მისთვის და დიდად მოსწონებოდა; დამიბარა მე და, როდესაც გაიგო ჩემგან შენი ვინაობა, მიბრძანა, რომ მისი სახელი და გვარიც მოაწერეო. მეც რაღა გზა მქონდა?!.. მაინც რა არის ეგ იმერული სიფრთხილე, რომ შენს ლექსებს სახელს არ აწერ? ყველას ძალიან მოსწონს შენი ლექსები, განსაკუთრებით ქალებს. იმღერიან კიდეცა. აბა, შენ იცი, თუ მომეშველები მალ-მალე. შენი ივანე”. ამგვარ წერილს დღეს სულ სხვაგვარად გავიგებდი, მაგრამ მაშინ კი დავიჯერე და დიდი გავლენაც იქონია ჩემზე, მით უფრო, რომ პროფესორმა დ. ჩუბინაშვილმა, რომ წაიკითხა ჩემი სახელი, რომელსაც მანამდის არ ვამხელდი, მიმიხმო სახლში და კვერი დაჰკრა კერესელიძის სიტყვებს. იმ დღიდან კი გადავწყვიტე, რომ მწერლობას გამოვდგომოდი და, თუ ვინმე ჩამომშორდებოდა, ის კი მის ნებაზე მიმეშვა. ამის შემდეგ ძვირად თუ ვისმე შევხვდებოდი ხოლმე და იმასაც უნივერსიტეტში. თითქმის ყველას ჩამოვშორდი, გარდა ორისა. ისინი არ მიყურებდენ სხვებსავით ხმის აყოლით და, სხვებზე უფრო ნიჭიერად თუ მივაჩნდით, თვარა ნაკლებ არა. მაგრამ საოცარია ბრბოს ჰიპნოზი: გაბედვითა და გამორკვევით ისინიც ვერას ამბობდენ ჩემ სასარგებლოდ. ერთი მათგანი იყო კირილე ლორთქიფანიძე და მეორე — ნიკო ნიკოლაძე. იმ ხანებში ერთი ლექსი დავწერე. თუმც ნახევარი საუკუნე გასულია, მაგრამ დღესაც კიდევ წაიკითხება და ჩემმა ამხანაგებმა კი კიჟინა დასცეს მაშინ: „აი აქ აზრი არ ვარგა და ობროდობის მეტი არა არის რაო!” მხოლოდ კირილემა და ნ. ნიკოლაძემ კი სთქვეს, რომ კარგი რამ არის როგორც ხელოვნებაო, და მირჩიეს, ერთი რამ მისთანა მიმემატებია, რომ ცხოვრებაში გამოსადეგი ყოფილიყო. ის ლექსი იყო „სიმღერა მკის დროს”. მეც ავიღე და ბოლოში ერთი ხანა ჩავაკერე: „უხვად მოვიდა წელს პური, მაგრამ ბედს მაინც ვემდური, რომ პურს ბატონი წაიღებს და მე კი ოფლსა ტყვილად ვღვრი!” ეს რომ ნახეს მომიწონეს და კიდეც ამ მიკერებული, ნაძალადევი ლექსით დაიბეჭდა; მე კი უნდა გამოვტყდე, რომ არც მიწერის დროს და არც მერე არ მომწონებია და მიტომაც მოვშალე შემდეგში. ნ. ნიკოლაძე მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, მკვირცხლი, მოუსვენარი, ნიჭიერი და სულ სხვა მიმართულების, ვიდრე მე. იმას ყოველიფერში პირველობა უნდოდა; რასაკვირველია, პოეზიაშიც, რადგანაც კრიტიკოსობას ჩემულობდა, პირველობა უნდოდა. მე დიდად მაფასებდა, მაგრამ ის კი უნდოდა, მეც მის ნებაზე ვყოფილიყავ; მაგრამ მე ჩემი გზით მივდიოდი და, ვგონებ, ამის მიზეზი უნდა იყოს ის მტერ-მოყვარეობა, რომელიც აქამდისაც არ თავდება მე და იმის შუა, თუმც ის კი ძალიან გამოიცვალა. რაც შეეხება მეორეს, კირილე ლორთქიფანიძეს, ის ყველას საყვარელი იყო და კარგი რამაც, მაგრამ საოცარი ჟინიანი! ასე რომ მისი ჟინიანობა სიგიჟესა ჰგავდა ხოლმე. აი, ამ ორ ახალგაზრდასთან მოვიბრუნებდი ხოლმე სულს სტუდენტობის დროს და სხვებს კი ყველას ჩამოვშორდი. ამ ჩამოშორებით ბევრი არა წამიგია რა. პირიქით კიდევაც მოვიგე, რომ დროს არ ვკარგავდი ლაყბობაში და კეთილად ვხმარობდი. ერთ დილაზე შემოიჭრა ჩემთან ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა სტუდენტი გამბურცოვი და გადმომცა, რომ დღეს მეთორმეტე აუდიტორიაში ერთი ვიღაც ქართველი სტუდენტი უნდა გაასამართლონო: შეუტყვიათ, რომ შპიონი არისო!… მეუცხოვა!… არ მეჯერა, რომ ქართველი ვინმე მაგ ხელობას იკადრებდა. გულმა აღარ მომისვენა და წავედი აუდიტორიაში. რომ მივედი, ათასზე მეტი სტუდენტი დამხვდა შეგროვილი. ქართველი კი ერთიც არ ერია. ამბიონზე შემდგარიყო ნეკლიუდოვი, მერე რომ სენატის პროკურორად და მინისტრის ამხანაგად იყო; იმას ამოდგომოდა გვერდით ათანასიევი და ერთიც სხვა, სახელი არ მაგონდება, და სიცილით ეუბნებოდა სტუდენტებს: „ბატონებო, ეს შემთხვევა გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ფრთხილად მოვიქცეთ ხოლმე!… აი ახლაც, რომ ჩვენ პირადად არ ვიცნობდეთ იმ კაცს, ხომ უნდა დაგვეჯერებია და გაგვეწირა ის კაცი? და ის კაცი არის აკაკი წერეთელიო”. ჩამოვიდა ამბიონიდან, ხელი მომცა, მიამბო ყოველიფერი: თურმე ჩემზე ყოფილიყო ის ვაი-უშველებელი. რაღაი კი ღმერთმა იმ დღეს გადამარჩინა, რადგანაც ის მეთაურები, ნეკლიუდოვი და ათანასიევი, სხვებთან ერთად მიცნობდენ, მე სიცილადაც აღარ მყოფნია და აღარც არა მითქვამს რა. გაიარა ერთმა წელიწადმა. ერთხელ დ. ყიფიანი შემოვიდა ჩემთან და მთხოვა: „ამ საღამოს კ. აფხაზისას უნდა მოხვიდე უეჭველადო”. მე გამიკვირდა დ. ყიფიანის ჩემთან შემოსვლა, რომელიც მანამდის მერიდებოდა და სტუდენტებში გარევა კიდევ უფროც მეუცხოვა, მაგრამ სიტყვა მივეცი და კიდევაც ავასრულე. იმ საღამოს ქართველი სტუდენტობა, მართლა, შეყრილიყო აფხაზისას შინაური საქმეების გადასაწყვეტად და, სხვათა შორის, დ. ბ-ძეც უჩივოდა ამხანაგებთან ი. სერ-ვს: „ჩემ წერილებს იღებს, ხსნის, კითხულობს და მერე ჰხევსო”. ი. ს-ვი შეხტა და შებზრიალდა!... „დ. ნი-ძის რა დასაჯერებელიაო? — სთქვა — ეგ არ იყო, რომ შარშან ყველას ჩამოგვიარა და დაგვარწმუნა, რომ აკაკი წერეთელი შპიონი არისო?” ამ სიტყვებზე ყველამ თვალი გამოჭყიტა და განსაკუთრებით თვით დ. ნიკ-ძემ. „მართალია, — სთქვა, — მე გავაფრთხილე სუყველა, მაგრამ მე ეს ხომ ჩემით არ მიქნია? ნ. ღ-ძემ მიბრძანაო”. მაშინ წამოდგა ნ. ღ-ძეც და თავი იმართლა: „მე მეგონა და სხვებიც გავაფრთხილეო”. მხოლოდ დ. ყიფიანი მოვიდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მითხრა: „ნუ გეწყინება, რომ გერიდებოდიო! ჩვენ ქართველებმა რა ვიცოდით? და ჩვენც იმათ დავუჯერეთო!.. მოხარული ვარ, რომ ტყუილი გამოდგაო!”… მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ნ. ღ-ძე, რომელიც გავლენიანი იყო და მამაშვილურად გვეპყრობოდა ჩვენ, ნამეტანის სიფრთხილით შესცდა, თვარა არაფერი პირადობა არ ჰქონია ჩემთან, მხოლოდ მოვალედ სცნო თავი, რომ ყმაწვილები გაეფრთხილებია. ყურადღება არც ამ შემთხვევისათვის მიმიქცევია, მაგრამ, ცოტა არ იყოს კი, მომიწამლა სტუდენტობა, ის სანატრელი დრო, როცა ადამიანს ეკალიც კი ვარდად ეჩვენება. ამის შემდეგ სამი წელიწადი კიდევ დავრჩი უნივერსიტეტში. იმ ხანებში მოხდა არეულობა უნივერსიტეტში. ჩვენებმა მიიღეს მონაწილეობა და კიდევაც იგემეს ციხე. მე მათში არ ვრეულვარ!.. არა იმიტომ, რომ ციხის შემშინებოდეს!... მაშინაც ის რწმუნება მქონდა, რასაც დღესაც ვადგევარ და ვერ ვუღალატე: მოსწავლემ ჯერ უნდა ისწავლოს, დაასრულოს სწავლა და მერე კი აღარ დაერიდოს არავითარ მსხვერპლს. ჩვენში კი უკუღმა ხდება ეს!... ამან სრულიად ჩამომაშორა ამხანაგებს და მეც, მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წილიწადს დავცოლშვილიანდი. ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია! მოსკოვში ე-არ ერისთავისას გამეცნო მოხუცებული კნიაჟნა ენიკეევისა და, ვინაობა რომ გამომკითხა, გულითა მთხოვა: „მოდი ჩემსაო!” მეც ცოტა ხნის შემდეგ ვეახელი. ჩემი მისვლა მოხუცებულს ძალიან ეამა, დიასახლისი გამაცნო და მითხრა: „ეს ჩემი დისწულია: შვილობილადა მყავს აყვანილიო; ეს ორი უფროსი ქალი პირველ ქმრისაგან დარჩა და ეს სამი, ორი ქალი და ერთი ვაჟი, კი, ამ მეორე ქმრის ხელში ჰყავსო. ეს მეორე ქმარი ჯერ ორენბურგში იყო გუბერნიის პროკურორად და ახლა მოსკოვში გადმოვიდა და მიტროპოლიტის კანცელარიის დირექტორად არისო”. ამ ლაპარაკის დროს შემოვიდა თვითონ ისიც და გამეცნო. ლიტერატორი გამოდგა და ძალიანაც კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს... რამდენიმე დღე რომ დამეგვიანებია და არ მივსულიყავ, თვითონ მოიჭრებოდა ჩემთან და წამიყვანდა ხოლმე თავის სახლში, თითქოს უჩემოდ აღარ შეეძლო!.. სამი თვის განმავლობაში სულ ამ ყოფაში ვიყავი და ძალიანაც დავშინაურდი. უფროსს ქალს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი საზოგადოდ, მაგრამ, როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა. ის იყო დანიშნული და სრულწლოვანებას უცდიდა, რომ ტვერის გუბერნატორი კუდრიავცოვი შეერთო. ამ ქალს ის არ უყვარდა და მისიანებს კი არ ჰსურდათ სიტყვის გატეხა და მისთანა სასიძოს ხელიდან გაშვება. საცოლომ შემომჩივლა, რომ ქორწილის ღამეს თავს დავიხრჩობო, თუ შენ არ გადამარჩენო!.. მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე. დედა-მამინაცვალი დიდხანს მეხვეწენ: „მეორე დანიშნე! მაგას ჰყავს საქმროო”, მაგრამ მე გავჭირვეულდი და აღარც იმათ სწყენიათ, როგორც შევატყვე: სულიც აღარ მომათქმევინეს, ისე გადამწერეს ჯვარი. მეორე დღეს შემოვიდა ჩემთან ჩემი ცოლის მამინაცვალი და მითხრა: „ეს აქციები ხუთიათასი თუმნის, თუმცა ათი წლის კუპონები წაჭრილი აქვს, მაგრამ, როცა ვადა გავა, თავნად ეღირება; ეს შენი ცოლის არის, ნათლიამ დაანათლიავა, რო მონათლა, მაშინ; მიიღე და მე კი ხელწერილი მომეცი, რომ გასტუმრებული ხარ და ცოლის ყოველიფერი სრულად მიღებულიაო”. მაშინ მე ცხოვრების ბევრი არა ვიცოდი რა და ფულსაც დიდ მნიშვნელობას არ ვაძლევდი. ყოველიფერი მართალი მეგონა და ეკალიც ვარდისფრად მეჩვენებოდა; რაღა თქმა უნდა, რაც უნდა ყოფილიყო, მოვაწერდი ხელს, მაგრამ იმ დროს დამესწრო ერთი ქართველი სამ. აბ-ძე და ქართულად მომაყვირა: „არ გაგიწყრეს ღმერთი, აგრე არ მოაწერო ხელიო!.. რამდენიც არის, იმდენი დაწერეო!” და მეც ხუთიათას თუმანზე მოვაწერე ხელი, თუმცა ნამდვილად კი ორიათას ცხრაას თუმანზე მეტად არ ღირებულა. ეს ჩემი ხელის მოწერა მაინც არ იამა სიმამრს და წასვლის დროს სიტყვა ჩამომართვა, რომ ცოლს წავიყვანდი კავკასიას და იქ აღარ დავბრუნდებოდი. მეორე დღეს კნიაჟნა შემოვიდა ჩვენსას და გუშინდელი ამბავი, რაც გადამხდა, ვუამბე და ვკითხე: სიმამრი უკმაყოფილოდ რად დარჩა ჩემზე მეთქი? მანაც ჯერ ხატზე დამაფიცა: „ჩემად არსად წაგცდესო”, მერე მომიყვა საიდუმლოს: „ჩემი შვილობილის პირველი ქმარი, როგორც ადრეც მითქვამს, ბაზილევსკია, იმ ბაზილევსკის მკვიდრი ძმა, დღეს რომ სიმდიდრით არის განთქმული. ოქროს მადნებშიაც და იმ სიმდიდრეშიაც ნახევარი წილი უძევსო შენს ცოლსა და ცოლის დას, მაგრამ მაგათი მამა რომ მოკვდა, შენი ცოლი წლის დარჩა და ცოლისდა მუცლის; მაშინ იმ მეორე ძმამ, დღევანდელმა ბაზილევსკიმ, გამოძებნა ორენბურგის პროკურორი, მილიონი მისცა, ჩამოართვა ხელწერილი და სიმდიდრე კი დანარჩენი, რაც ამ ორ დას ერგებოდა, თვითონ მიისაკუთრა; ახლა შენ საჩივარი უნდა აუტეხო ბაზილევსკის და, როგორც შენს ცოლს, ისე ცოლისდასაც დაუბრუნო კუთვნილებაო”. ეს ამბავი გახმაურდა. კნიაჟნა ჩემთან გადმოვიდა და ცოლის მამინაცვალი კი გაგიჟდა. მართლა გაგიჟდა, თუ მოიგონა, არ ვიცი, მაგრამ სიგიჟეში კი მოკვდა. — დამრჩა, როგორც იმერელს, პროცესი ხელში, რომელიც დიდ ხარჯს მოითხოვდა. ვიღაც ტრუბეცკოიმ ორი მილიონი შემომაძლია იმ პროცესში: „მომყიდეო და მერე მე ვიციო”. მაგრამ მე რა ნება მქონდა დავთანხმებულიყავ, მით უფრო იქ ცოლისდაც ერია. ასე თუ ისე, კრედიტი დიდი მქონდა მოსკოვში: დავიწყე პროცესი და დიდ გაჭირვებაში ჩავვარდი, რადგანაც, რომ მეგონა, ისე ადრე არ გათავდა საქმე. იძულებული გავხდი, რომ დამენებებია თავი რუსეთისათვის და წამოვსულიყავ სამშობლოში ცოლშვილიანად. საქმე გადავეცი ჩემ ქვისლს, რადგანაც იმ ხანებში ჩემი ცოლისდაც გათხოვდა, ზოლოტარიევმა შეირთო, და მერე იმან დაიწყო საზოგადო საქმის წარმოება. ექვსი თვის შემდეგ ჩემი ცოლისდა დაქვრივდა და იმ თვეშივე შეირთო ქართველი თავადიშვილი, ელ. ერ-თავი, და საქმეც იმას ჩაუვარდა ხელში. მაშინ საქმე პალატაში იყო გადატანილი; რადგანაც ოლქის სასამართლოში ჩვენ მოვიგეთ, პალატაშიც ჩვენ სასარგებლოდ გათავდა და დარჩა მხოლოდ კასაცია. სიმდიდრე უნდა მიეღო ნახევარი ჩემს ცოლშვილსაც, მაგრამ წარმოიდგინეთ შემთხვევა: ჩამოვარდენ შუაკაცები და ელ. ერ - ვი სულ უბრალო რამეზე გარიგდა, რისაც სრული უფლება ჰქონდა ვექილობის ძალით. ადვოკატებმა, რომ მოარიგეს, გასამრიგლოდ მიიღეს: პასავერმა სამოცდახუთმეტიათასი მანეთი, პოტეხინმა ასიათასი და ქართველმა ადვოკატმა ვ. მაჩაბელმა კი ოცდაათიათასი. ჩემმა ცოლშვილმა კი არაფერი!.. თურმე ადვოკატებმა დაარწმუნეს, რომ ერ-ვმა თავის წილხვედრი მოიგო და, შენ ქმარს რომ ვადა არ დაეკარგა, შენც მოიგებდიო, მაგრამ ათი წელიწადი გაგიშვიათო! მე ეს ამბავი, საქმე რომ გათავდა, ორი თვის შემდეგ გავიგე და მივაშურე აქედან ცოლ-შვილს. მნახეს თუ არა, მისაყვედურეს: რატომ ყურადღება არ მიაქციე და დაგვიკარგე საქმეო? მაგრამ, როცა ავუხსენი, რომ ეს ყოველიფერი ტყუილია, - იმ დღიდან, რაღაი კი დას გადასცა ჩემმა ცოლმა უფლება და ვექილობა, ის, და, გახდებოდა მემკვიდრედ და იმას უნდა გადმოეცა ნახევარი, რასაც მოიგებდა, - მაშინ კი მიხვდენ და შემოიკრეს თავში ხელი. მაგრამ მზითვიდან კი მაინც არა რგებიათ რა: ასე რომ მე ცოლი წამოვიყვანე და მზითევი კი სხვებმა წაიღეს. ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, რომ აქ ჩემ შინაურობაზე ამდენს ვლაპარაკობ, მაგრამ იძულებული ვარ: ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო!... მაშინ როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში და სიკვდილის შემდეგ სხვების საგულისხმოდ არ მინდა სიმართლის დაკარგვა და მიტომ ვამბობ. ახლა გადავიდეთ საქართველოში. რუსეთი რომ მივატოვე და ცოლშვილით დავბრუნდი სამშობლოში, მაშინ ძალიან არეული და გამოურკვეველი დრო იყო. ბატონყმობა უნდა გადავარდნილიყო, ახალი რეფორმები შემოდიოდა და, რასაც ჩვენ ისე შევხაროდით, ისიც თავისთვის კუდს იტოვებდა. სახელით ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ სახრავად კი არ ვარგოდა. მაგალითად: რა ბატონყმობის მოსპობა იყო ის მოსპობა, როცა ბატონი და ყმა, ჯაჭვით ერთმანეთზე გადაბმული, ჩინოვნიკს ეჭირა ხელში და ორივეს აღრჩობდა -ღლეტდა? რაღა ნაყოფს გამოიტანდა ის სამსჯავრო, სადაც ხალხის ენა აკრძალული იყო და ენის უცოდნელობის გამო ხალხი უნდა გამღლეტ-გამცვეთელებს ჩავარდნოდა ხელში? ამაებს ყველას ვხედავდი და მიტომაც სრული ჩემი თანაგრძნობა ვერ მოიპოვეს რეფორმებმა და მაშინ დაიწერა: „ადვოკატი”, „კატა და ძაღლი”, „ვაის უნდა შევეყარო” და სხვანი. ვერც ერთ მხარეს ვერ ვხედავდი, რომ მიკედლება და გვერდში ამოდგომა შესაძლებელი ყოფილიყოს; ყველას ჩამოვშორდი და, როგორც იმედგაცრუებული, ახირებულად დავრჩი მარტოდ. ერთი მხრით მაღლიდან რისხვა, მეორე მხრით თავადაზნაურობის გაწყრომა და მესამე მხრით სტუდენტების (მაშინ ინტელიგენციას „სტუდენტობას” ეძახდენ) ენის წაგრძელება მოსვენებას არ მაძლევდა. იმ დროს ხმის აყოლა ისეთი ძლიერი რამ იყო, რომ ძვირად ნახავდი მისთანა ახალგაზრდას, რომ ჩემზე ძვირი არ ეთქვას და ცილი რამ არ შეეწამებიოს. რომ ჰკითხავდი: „შენის თვალით გინახავს ეგ ყველა, რასაც ამბობ? შენი ყურით გაგიგონია?” და სხვანი, - ისინი გულწრფელად ამბობდენ: „არა, მაგრამ გაგონებით ვიცითო!” დიახ, გამოდიოდა, რომ გამგონე ყველა იყო და დამსწრე კი არც ერთი!... მაგრამ ბრბო სიმართლეს დაეძებს? ის მხოლოდ წამხედურობით ბღავის ცხვარივით და, რად ბღავის და რას, თვითონაც არ იცის. ჰე, ასე იყო, თუ ისე, მე კი დიდ გასაჭირში ჩავვარდი; უნდა თავზე ხელი ამეღო და სხვების ნება-სურვილს ავყოლოდი, მაგრამ მე გავკერპდი და ვერ ვუღალატე ჩემს თავს. ცოლშვილი გავისტუმრე სოფელში და, ულუკმაპუროდ, შიშველი, უსახლკაროდ დარჩენილი, მაინც არავის ვეპუებოდი და ჩემსას არ ვიშლიდი. მაშინდელი ჩემი მდგომარეობა მშვენივრად გამოხატა გულმოსულმა ბეს. ღ-ძემ: „მაგასთან ბრძოლა შეუძლებელიაო! რა უნდა წაართვა და რა უნდა დააკლო, რომ არა აბადია რაო?!. ჭამა-სმას არ დაგიდევს და დასაწოლ-სახურავს!.. მარტო ჰყეფს და იღრინებაო!” მართალია, ვყეფდი და ვიღრინებოდი, მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ჩემ პირადობაზე მე ხელი გამენძრიოს! ყველასაგან მოძულებულს, ბევრჯელ კარგი ადგილი, ღირსი რომ არ ვიყავი მისთანა, მაძლია მთავრობამ, მაგრამ, რაღაი კი ერთხელვე სხვა გზა მქონდა ამორჩეული, არა ვქენი სამსახურში შესვლა და დავრჩი ოხრად, ანუ გიჟად, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდენ. რამდენიმე წელიწადი ვიყავი ამ ყოფაში და, როცა იქნებოდა, ეგება კიდეც გავტეხილიყავ, მაგრამ მართალი ნათქვამია: „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა სხვისგან განაწირსაო”. მეც გამომიჩნდენ თანამგრძნობნი და გამამხნევეს. იმ ხანებში სასტუმრო „კოლხიდა” ეჭირა გიორგი ჭელიძეს. ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შენს მდგომარეობას ვხედავ და მინდა, რომ დახმარება გაგიწიოვო! ერთი ოთახი მისი მოწყობილობით, საჭმლით და სასმლით მომირთმევია: გადმობრძანდით ჩემთან და იცხოვრეთ. არაფერსა გთხოვ! არ შეგაწუხებ, სანამ ცოცხალი ვარ, და როცა ღმერთი ინებებს და თქვენი გარემოება შეიცვლება, იმედი მაქვს, თვითონაც არ დამივიწყებო”. მე, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით მივიღე ეს თანაგრძნობა და დავდექი გიორგისთან. პირველ ხანებში ჩემი ავის მოსურნეები ძალიან აწუხებდენ იმასაც: „რად მიეცი ბინა და საზრდოო?” მაგრამ, რომ ვეღარა გააწყეს რა, მიწყნარდენ... ასე, ამგვარად მოვიპოვე საზრდო და ლუკმაპური აღარ მქონდა საძებრად. მაგრამ არა მარტო პურითა ცოცხალ არს კაცი: სულიერი საზრდოც, სულიერი თანაგრძნობაც იყო საჭირო და ისიც მალე მოვიპოვე იაკობ ნიკოლაძისა და ბესარიონ ხელთუფლიშვილის ოჯახებში. ეს ორი ოჯახი იყო, რომ მამხნევებდა, ხელს მიწყობდა, გულს მიკეთებდა და მეც უფრო შეუპოვრად და გაბედვით მივდიოდი ჩემი გზით მომავლის მოლოდინში... ვიბრძოდი და არც ერთი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ მეც ჩემებური მონაწილეობა არ მიმეღოს... პირადობაზე ხელაღებული ვიყავი, საპირადო არავისთან მქონია რა, მხოლოდ საზოგადო მახალისებდა, და მივდიოდი ჩემი გზით. რაც კი რამ გასაკეთებელი შემხვდებოდა, თუკი მოვახერხებდი, გინდ დიდი ყოფილიყოს და გინდ პატარა, ჩავკიდებდი ხოლმე ხელს; ეს გაურჩევლობა მე ისე გამიტაცებდა ხოლმე, რომ არც მტერ-მოყვრობა და არც სისხლ-ხორცობა აღარ ვიცოდი. ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა მაშინ: „სწორედ რომ ახირებული კაცი ხარ: შენიან-სხვისიანობა არ იცი. შენიანს არ არჩევ შენის მწარის ენით და სხვისიანს უდგები?.. რომ ვისმეს უნდოდეს შენთან დაახლოვება და დამოყვრება, ვერ ახერხებსო”. ეს მართალი მითხრა, მაგრამ არც მე მიპასუხნია ტყუილი: „ეგ ყველა მართალია, მაგრამ საზოგადო საქმეში მე არ მესმის მტერ-მოყვრობა!.. მე ჩემი გზით მივდივარ; ვინც გვერდით ამომიდგება, გინდა მტერი იყოს, გინდ მოყვარე, ჩემიანად მიმაჩნია და, ვინც წინ მეღობება, მტრად მეთქი”... აი, ასეთი იყო მაშინ ახალგაზრდობის ჩემი რწმენა და დღესაც შეძლებისდაგვარად ვერ ვყოფ უარს. იმ გაკერპებულ წინსვლაში დიდი ტანჯვაც გამოვიარე, მაგრამ, რადგანაც ღმერთმა იმდენს ხანს მაცოცხლა, რომ, რასაც მაშინ ვფიქრობდი, ასრულდა და მტრები მოყვრებად გადამექცენ, აღარას ვიტყვი აღარც ჩემ თავზე და აღარც მათზე. დღეს, რომ არ დამიმსახურებია, მისთანა პატივისცემაში და სიყვარულში ვარ საქართველოში!.. მართალია, მტრები დღესაცა მყავს, მაგრამ უმეტესობაზე ვამბობ და ღრმა მოხუცი სამარისაკენ მივდივარ ჩემის სამშობლოს ლოცვა-კურთხევით. 1894 — 1908 წ.წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი