ხშირად მომხდარა, რომ ქუჩაში ..
ხშირად მომხდარა, რომ ქუჩაში ვიღაც მამაკაცს დიდხანს უყურებ - ხედავ, გეცნო და ვერ იხსენებ... და არის ერთი თეორია, რომლის თანახმად სახლში მისული მთელი ღამე ვერ მოისვენებ. ფიქრში იმაზე, თუ ვინ იყო, გეცნო საიდან, მოგაქვს ალბომი, კარადიდან გვერდით თარო ჩანს... ათვალიერებ სურათებს და მერე თავიდან თვალს გადაავლებ იმ ეჭვით, რომ ხომ არ გამოგრჩა ვინმე ისეთი მეგობარი ძველი ნაცნობი, ოცის წლის წინათ რომ იცნობდი, მერე საერთოდ აღარც გინახავს, არც გსმენია მისი კაცობის რაიმე ფაქტი, რომელზედაც გინდა დაეყრდნო, ხეიბარივით მიგიყვანოს ხელით წარსულთან, ათვალიერებ სკოლის ფოტოს... აი, ბიჭები კლასელ გოგოებს რომ დასდევდით, რა დრო გასულა... ამბობ გულში და გეტირება, თან ვერ იჯერებ, რომ შეიძლება მეგობრები ასე უკვალოდ იკარგებოდნენ გულებიდან, ერთმანეთიდან, ახლა კი ერთი საფიქრალი გრჩება უბრალოდ ის ვიღაც კაცი გაიხსენო, წინ კი მაგიდა გიდგას და ზედვე გილაგია მთელი ბავშვობა, აქ უკვე ნახე, სტუდენტი ხარ, დიდი წვერი გაქვს... ათვალიერებ სურათებს და ხედავ, გაშორებს სულ ათიოდე სანტიმეტრი მამაშენიდან და გივარდება ღრიალი თუ, როგორ ვერ მიხვდი, რომ იმ ვიღაცას კი არ იცნობ, გეცნო, არამედ ძლიერ ჩამოგავს სავსე მხრით და სახით ფერმიხდილ უცხო მიწაზე გადახვეწილ ძვირფას მამაშენს, იმ კაცს, რომელიც გახსენდება მკრთალად, ბუნდოვნად, მხოლოდ ფოტოში იკვეთება მისი სიცივე... მამას, რომელსაც ყველაფერი შენთვის უნდოდა და თურმე შენვე ბავშვობაში გააციმბირეს... არადა, მამას გამსგავსებდნენ, ხშირად, ამბობდი, რომ მისგან დაგყვა თვალებიც და სახის სიფითრეც, და სულ იმიტომ გადაქექე მთელი ალბომი, ერთხელ სარკეში ჩახედვა რომ ვერ მოიფიქრე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი