ქოლერიკული ფრაგმენტებიდან


მუჭანახევარ სიცოცხლეზე ნუღა ვიდავებთ,
ორი გრამია ეს ცხოვრება და კიდევ რაღაც,
შილინგი,გროში,სენტაო და ჩვენ კარ–მიდამოს
ოციოდ სუ–ში გვიყიდიან რომ იმის ნაცვლად..
გვკითხონ რა გვიჭირს?,ან რა გვინდა?ან რა გვაწუხებს?
ხვეტავენ სულს ამ ჭუჭყიანი ტროტუარივით,
მოდიან ახლო და ეკლიან ცოდვის მარწუხებს,
გვიჭერენ ყელზე,მაჯაზე და ჩვენ უარივით,
თავს ვაქნევთ მარცხნივ და უმალვე იმავ სინქრონით,
ვაბრუნებთ მარჯვნივ(რაც ნიშნავს რომ მორჩა არ გვინდა)
ამდენი ტანჯვა და არ გვახსოვს როგორ მივრბოდით
თოვლში და ქარში და ზეციდან როგორ გვაწვიმდა,
უფლის თვალიდან მოდინარი თეთრი მირონი,
რომელიც, სულში იღვრებოდა ლექსის ხელწერად,
მე ვიხსენებდი თუ ამ ქარში როგორ გარბოდით,
და რომ ამ წასვლას დაბრუნება აღარ ეწერა...
ვხვდებოდი კარგად,ვიღიმოდი,ვწერდი მაჯამას,
(ან რა აზრი აქვს,გახსენებას რაც ვწერე შავად)
ახლა წარსული აწმყოსთანაც ისე მაჯამებს
რომ,მომავალში მხოლოდ რაღაც წერტილად ვჩანვარ,
ყველა სტრიქონის,ყველა სტროფის,ყველა ტაეპის
ხმა ისმის რადგან ლექსისცემას ვიკავებ ვეღარ,
ჩვენ მებადურის იმ დაგებულ ბადეს გავებით,
სად თქვენ პირქვე ოკეანის სიღმეში წევხართ,
და ითხოვთ შველას,მაგრამ გზები ირევა ისევ
და მიდის არსად,არსაითკენ,არარაისკენ,
მე, კვლავ ვზივარ და ოკეანის სიჩუმეს ვისმენ
ვისმენ და დილა ტრიალდება ისევ ღამისკენ,
სადაც არცერთი საცალფეხო არ სჩანს ბილიკი,
არსიარულში იცვითება ნერვი და ქუსლი
დგება უფალი მე კი ალბათ დღესაც პირიქით,
ვეცემი,როგორც არშემდგარი მიჯნურის პულსი.
და მტკივა ყველა უტკივობა და არამც ფიცი,
თვალთაცეცება,გაღიმება და თავის დახრა,
თქვენ ღიმილიღა შემოგრჩებათ რომელსაც იციით?
ო,ღმერთო ჩემო რაოდენი ტკივილი ახლავს.
აჰა,გროშები და გვყიდიან, რომ იმის დაცვლად
გააღონ ზეცა და გაუშვან ყველა მდინარე,
ორი გრამია ეს ცხოვრება და გთხოვთ რომ რაღაც,
მუჭანახევარ სიცოცხლეზე ნუღარ ვიდავებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი