მორჩა და გათავდა


მორჩა და გათავდა,აქ დავსვათ წერტილი
რაც იყო ,იყო და არ გვინდა ხსენება
მომღიმარ ქალაქში ამინდებს შესტირი,
გიყურებ და თვალზე-ღიმილი მერევა.
მეასედ ვამრავლებ იდეებს, შედეგზე,
და მაინც პასუხი არაფრის ტოლია,
ჩურჩულით ვუთითებ მომავალს,შემდეგზე
შემდეგი რომელიც ჩემამდე შორია.
მე ახლა, ობოლი ბავშვივით მაციებს,
სიცხე მაქვს,დავკარგე გრძნობათა სისრულე,
დღეს ყველა ვარდები განცდებად ვაქციე
და ეხლა დაგიკრეფ რამდენსაც ისურვებ.
ოდესმე, თვალთანად აპრილებს მოგიტან,
ოდესმე,მინდა რომ წვიმებად მომესმე,
ოდესმე სამყაროს ღერძიდან მოღლიტავ
დარდივით დაჭკნები და ესეც ოდესმე.
სხეული, რომელიც შენიდან იწყება,
და ესე დიადი მთავრდება შენითვე
მე ყველა გრძნობათა ძაფები მიწყდება,
ძაფები,რომლითაც ცოდვები შემინდე,
გაგიმხელ სამყაროს სუყველა ჩანაფიქრს,
თუკი,ყურს დამიგდებ და თუკი მომისმენ
ოღონდაც არასდროს არ მითხრა ნახვამდის,
ოღონდ არ მასწავლო მე როგორ მოვიქცე.
დაგიკრეფ ხორციელ სიუხვეს მითიდან,
გაჩუქებ გაზაფხულს,მე ერთი პირობით
ოღონდაც ნურასდროს ნუ მეტყვი მივდივარ,
ოღონდაც ნურასდროს ნუ მეტყვი მშვიდობით.
ჰოდა,თუ შევთანხმდით ჩვენ აზრთა ყაიმზე,
დამღალე ,ამდენი უაზრო კითხვებით
მთრთოლვარე ბაგეზე ჩურჩულით გაგიმხელ
მშვიდობით,ძვირფასო მე აღარ მჭირდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი