რა მოგიყვე? ..


რა მოგიყვე? მოსაყოლი რაც კი
მქონდა,მაინც არ მიგქონდა გულთან
ეს გზა მიდის პირდაპირ და მარცხნივ
მე კი მაინც ვიყურები უკან.
სიყვარულზეც შემიძლია გითხრა
რამე სიტყვა, სამი თანხმოვანი
როცა ციდან გამოჟონავს წვიმა,
და ჩემს სახლში დუმილს ახმოვანებს.
მერე ტყდება ჩემი ძილის ძვალი,
ყველა ნეკნი ებზარება კედლებს
და საკუთარ თავში ვეძებ ძალებს,
შევარჩიო სწორი მხარე მედლის.
და რა ვიცი რა მოხდება"შარშან"
ან რა მოხდა მომავალში იქნებ,
დასათვლელი მეგობარი სად მყავს
ჰა,მაქსიმუმ ხელზე ვითვლი თითებს.
რაც ვიყავი ისეთივე დავრჩი,
სანაძლეოც ვერ მოვიგე წლებთან,
ლექსებივით წამიკითხე თვალში
ჩემი ყველა ტკივილი და სევდა.
პოეტი ხარ?ხოდა არ შეგშვენის
გადახვევა არჩეული გზიდან
კიდობანი თუ შექმენი შენით
მაშინ ნოე რა ჯანდაბად გინდა.
მიყვარხარზეც შემიძლია გითხრა,
რამე სიტყვა სამი თანხმოვანი
როცა ზიხარ და მიყურებ დიდხანს,
და ოთახში დუმილს ახმოვანებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი