მე არ ვიცი როგორ ..
მე არ ვიცი როგორ გრძნობს თავს კაცი, რომელიც ორ სართულიან მანქანაში ზის და მხოლოდ სახლში მსივლის დროს ახებს ტერფებს მიწას, მაგრამ ვიცი რას ფიქრობს კაცი, რომელიც დღედაღამ ფეხით დადის უმისამართოდ. არ ვიცი რა ესიზმრებათ მათ ვისაც კომფორტულ ლოგინში თბილად სძინავთ , მაგრამ მინახავს ბავშვი, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ტეხავს ღამეს იმიტომ, რომ შიმშილი არ აძინებს. მისი შუბლი პირჯვირსწერისგანაა გადატყავებული რადგან ხელები უკანკალებს შუბლთან მიტანისას. წარმოდგენაც არ მაქვს რას განიცდიან როცა ჯეკპოტს იგებენ ან მამის ქონებას ფლანგავენ , მაგრამ ზუსტად ვიცი რას გრძნობს ღამის სამ საათზე სიგარეტის სათხოვნელად გამოსული კაცი ცარიელ ქუჩაში, რომ ვიღაცას მოლანდავს. არ ვიცი რატომ სხედან შესანიშნავი გოგოები შესანიშნავ მანქანებში არაშესანიშნავ კაცებთან ერთად მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით მინახავს ისეთებიც, ხელჩაკიდებულნი თუნდაც არასწორ გზაზე სწორი ნაბიჯებით, სიკვდილამდე მიყვებოდნენ ერთმანეთს. წარმოდგენაც არ მაქვს რას განიცდიან დედები როცა გვაჩენენ, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, როგორ ამტვრევს გული შიგნიდან როცა იმედებს ვერ ვუმართლებთ.. გინდათ ცრემლებიიი? გადაშალეთ ხელები მამის და აბზაც აბზაც წაუკითხეთ ყველა ნაოჭი. ღრმად ჩაიხედე მის წარბცმულ თვალებში და მილიონი ნახე გოლგოთა. უყურე მის დამტვრეულ მაჯებს და ღმერთი ნახე ჯვარზე გაკრული.. ბევრჯერ მინახავს ცაში აფრენილი ბოინგები ძირს დანარცხებული, მაგრამ მინახავს ბავშვობაში გაშვებული ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც დღემდე მიფრინავს და მიაქვს ცაში ჩვენი ოცნებები და სურვილები. არ ვიცი და არც ვიცნობ პიარისთვის დაბადებულ, თმებ გადაწკეპილ, ტაშის პოეტებს, მაგრამ ვიცნობთ ცალი თითის ფალანგზე ჩამოსათვლელ პოეტებს, რომლებიც წერის დროს ტკივილებთან სისხლს ურევენ ნაწერებს. კითხეთ სხვებს და შენზე უკეთ გეტყვიან, როგორ ცხოვრობ, სად დადიხარ, რა გაცვია... მაგრამ ისინი ვერასოდეს წაიკითხავენ ჩვენს თვალებში ტკივილებს შინაარსიანად, და მე ერთი უბრალოდ მოკვდავი ამდენ ბრალიან უკვდავებს შორის ვამბობ, რომ არ ვიცი რას იტყვით თქვენ ჩემზე, მაგრამ მე ვიცი რას გეტყვით - ყველა მიყვარხართ, ვისაც სიყვარული შეგიძლიათ!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი