ნახე, ეს წყალი კატასავით, რომ გაგვირბენს ..


ნახე,ეს წყალი კატასავით,რომ გაგვირბენს
ხოლმე და გააყოლებს ხელს,გულის
ჯიბეში შენახულ ფოტოს,სახელად „მოგონებას“.
დაფიქრებულხარ ერთხელ მაინც
რას ნიშნავს შენი ღიმილი სხვისთვის?
ანდა შუა დღით ამოსულ მთვარეს რისი თქმა
უნდა შენ ფანჯარასთან?
დაცემინებისას,რომ "სიცოცხლეს"მომძახებელი
არავინ გყავს,ამაზე მეტი
მარტოობა რა გინდა?
და არ არსებობს იმაზე მრუდი სარკე,ვიდრე
ცრემლიანი თვალებია.
ცნობისმოყვარე მეზობელივით ,მალულად ვუსმენ 
შენს გულისცემას.
რა გითხრა ახლა?
შალაშინივით ამ ბასრ ენაზე ყველა მტკივანი
სიტყვა გამეჭრა.
და ახლა წვეთავს ენიდან ზანტად სიტყვა "მჭირდები"
რომელიც ვერ ვთქვი.
ახლოა ღმერთი,სამი მთის იქით,
მაგრამ ვერ ვხედავ ფეხებს რომელიც მიმიყვანს მასთან,
რომ ერთიანად შევუნდო რა ვერ შესცოდა.
მე დავამთავრე შენი აკრეფა იმ ლოგინოდან
სადაც შენ დიდხანს გეძინა მშვიდად და უსიზმრებოდ.
და ვინაიდან უსიზმრო ძილი
მრევლის გარეშე მაგონებს ტაძარს,
მე ვანთებ სულში პატარა კოცონს და ხმელ ფიჩხებად
ჩემს თითებს ვუნთებ.
იცი ცხოვრება როგორია?
ერთხელ შეიძლება გითხრან სიტყვა „მიყვარხარ“
და მთელი სიცოცხლე გახსოვდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი