რაც ითქვა მაშინ, ვის ახსოვს ახლა ..


რაც ითქვა მაშინ,ვის ახსოვს ახლა,
რას ვამბობ ახლა ვინ იტყვის მერე,
მე ავაშენე ოთახში სახლი
შეგიყვანე და თან შეგიფერე.
მენჯივით ტყდება ოცნება.ველი
გამოღვიძებას შუადღის ძილში
მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი
მიჭირავს შენი და ხომ არ გიშლი
ამაზე ვფიქრობ.ვდარდობ და რა დროს,
საუბარია რა იყო წინათ,
ითოვოს მაგრამ იქნება დადოს.
დათბეს და ისე არ მითხრა "მცივა"
გამივლის ქუჩა გვერდში და ნაწილ
ტკივილს წაიღებს და გზაში ფლანგავს,
შენ გინდა წვიმა,რომელიც არ ცრის
შენ გიყვარს ქარი რომელიც ჩადგა.
მე კი ვიხსენებ მომავლის ამბებს,
ჩვენ,რომ უჩვენოდ გადაგვხდეს უნდა,
იპოვის ვიღაც ჩემს ლექსებს სადმე
და მიიხუტებს ქალივით გულთან.
მერე და წერე,დახიე,დაწვი,
ყველა არ თქმული ლექსები შენზე
აათამაშე მხრებივით ღაწვი,
აიკაპიწე თითები ხელზე.
ფოთლები ხეებს თავზე დაცვივდა.
და რა შორა ხარ ახლოს მოსულო
ღრიალის ხმები ისმის ტაძრიდან
ვიღაც ამბობ,რომ მუნჯი ლოცულობს.
მე კი მოვდივარ და მომაქვს ლოგო-
სიმბოლო რაღაც სულ მთლად ახლისა,
და ჩემში ეჭვებს შეიტან როგორც,
წვერგაპარსული ღმერთის ნახვისას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი