იმას ვიზოგავ, რაც ჯერ არა მაქვს


იმას ვიზოგავ, რაც ჯერ არა მაქვს.
და თუ მექნება,შენით მექნება
გინდ შემიძულოს მთელმა ქალაქმა,
თუ შემიყვარეს შენმა ნეკნებმა,
რომელიც ჩემგან გერგო.
მოვეშვი.
წარსულის ამბებს ფრეთი ვასრულებ,
და ამ მოგროვილ სიმყუდროვეში
პირაკუმული მიდგას წარსული.
გთხოვ დააკვირდე- ვბრიზი სტიქიად,
ჩემს ფანჯარასთან,როგორ იზრდება,
რომ გულს ცხრაათასჩანაფიქრიანს
ბასრი სიმშვიდით გადავისერავ.
აქ შენი მზერა, როგორც ბილბორდი
ყელმოღერებით მიდევს ხატებთან,
რომ სხვებს ვუყვები: როგორ მოვრბოდი,
შენსკენ
და ქუჩამ ყეფა ატეხა.
რომ მწამს სიტკბილე ყველა იარის
და მზე დამთუთქავს შემოდგომისას,
რომ ხემ ეზოში ვაშლი კი არა,
წყვილი ბეღურა უნდა მოისხას.
ვიწვე გველივით და კალორიებს
დიდი ცოდვების- ვწვავდე სისინით,
თვალი-სიცოცხლის ალეგორია,
ცხოვრობს მოწყენით, მაგრამ იცინის.
მითხრეს,რომ ფრთებმა ჟანგი მოიდეს,
ვისაც ვასწავლე ფრენა იმათმა.
შეეშვი კაცებს,ამ ანდროიდებს,
მათ კონკრეტულიც არ აქვთ მიმართვა.
შენ კი მადაამ.არა მადმუაზელ
უფრო თამამად,თ-ს გამოკლებით.
თუ ვერ ვიცხოვრეთ ასე ლამაზად,
მაშინ ლამაზად როგორ მოვკვდებით?
როგორ შევრჩებით გრძნობებს ყოფითებს?
მითხარი რომ შენც ჩემი ყავლის ხარ,
რომ როგორც სიცილს ისე მომითმენ
მიცვალებულთან წრეზე ჩავლისას.
რომ მოამზადე თავი ძილისთვის
და ჩემს სიზმრებში გადმოდე მენჯი.
რომ ვდგავარ შენს წინ როგორც სინდისი,
რომელსაც შენი ჭირდება ქენჯნა.
რადგან ცხოვრება მისას აგვარებს
ჩვენ ხელგაკრული გვქვია ნაწერი
და სული ჩვენი როგორც აკვანი
რომლსაც უკვე აღარ არწევენ.
რომ მოგდის ცრემლი, მაგრამ ვერ ტირი
დგას დრო თვალებში,როგორც ვაგონი,
რომ სააღდგომო წითელ კვერცხივით,
ჩემს გულს, შენს ტანზე გადავაგორებ.
რომ გარეთ წვიმის გვესმოდეს ტაში,
და არ წაგვლეკოს სხვათა ტაშებმა...
რომ მზე გვხიბლავდეს.
უწვერო ბავშვებს
როგორც ცხვირიდან ბოლის გაშვება.
ვინც სიგარეტის დამიტოვეთი,
იწყებენ უბნის ცნობილ დიალოგს,
ხოლო ქუჩა კი- დიდი პოეტი,
სულ სხვა ქუჩაზე დახეტიალობს.
მე კი არ ვიცი სად დავეთრევი,
ან ამ გზებისგან სულაც რა მინდა?
მოვდივარ შენთან როგორ ბეთლემში
გამოქცეული ქანაანიდან.
და შენ სისხლს, ჩემი სისხლის ნათესავს
ვუხსნი წითელი ლენტით კანაოს.
მერე ვჩერდები იორდანესთან,
მაგრამ
საკუთარ
ოფლში
ვბანაობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი