კეთილშობილო ქუჩის ხეებო


კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
მე თქვენ ყველგან, ყველგან მიყვარხართ,
სადაც გინდათ იდგეთ თბილისში,
რუსთაველზეც, ვაჟაზეც და ბარათაშვილზეც,
რადგან თქვენ
იმ მანძილზე ხართ ყველგან ერთურთს დაცილებულნი,
რომ მიაცილოთ სახლამდე მთვრალი.

თქვენ შეაგებებთ ხოლმე მკლავებს
მის დაღლილ სხეულს,
გულში იხუტებთ, ხაოიან ენითა ლოკავთ
და რუდუნებით თქვენსავ მოძმეს გადააბარებთ.
და ასე... ვიდრე მთვრალი იგი
თავის სახლის ზარს არ დარეკავს.

კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
დაე ნურასდროს შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი,
რომ წინაპრები თქვენი უღრან ტყეში ცხოვრობდნენ;
ჩემი ძველებიც კოცონს ესხდნენ შემორკალულნი,
მე კი თქვენთან ვარ,
იმავ მტვრისთვის თავმიშვერილი,
ვხარობ, ვზეიმობ,
აი ახლაც, აი ამ წუთშიც
თასი მიჭირავს გადავსილი
და რაკი ვიცი,
რაკი გული მიგრძნობს ტიალი,
რომ სადაც არის, მასპინძელი გარეთ დამითხოვს,
დამათმობინებს თავის თბილ სახლს
და... ქუჩაში... ამ თებერვალში . . .
გამომისტუმრებს ცბიერი და ცრუმეცნიერი, -

ვდგები და ყველას გასაგონად, გამოსაწვევად,
თქვენ სადღეგრძელოს ვსვამ ხმაურით,
ქუჩის ხეებო !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი