რაც არ ითამაშება, ის არც იცხოვრება


განა შეიძლება, იცხოვრო და თან შეეგუო,
რომ არ იყო გამორჩეული?
განა შეიძლება, არ იყო ლამაზი?!

კვირა დილას, ბაზრობა დღეს,
ჩემს მშობლიურ დაბა თიანეთში,
როცა ცხელი ზაფხულის დღე მელოდა მხოლოდ,
მე გამახსენდა
ჩვენი ძველი, გარდასული დროის წითელი მამალი,
რომლისთვისაც უნდა მიმებაძა.

გავიხსენე, როგორ მიდიოდნენ ბრძოლებში უწინ:
არა ჩამოძონძილ-ჩამოღვენთილნი -
როგორნიც მალევ შეიქმნებოდნენ,
არა რაგინდ მოსასხამით, რაგინდ მახვილით,
არამედ
საქორწინოდ გამოწყობილ სიძეებივით
და ქურუმებივით კოპებშეკრულნი,
რადგან მიდიოდნენ თავის გასაცხადებლად -
გულწრფელნი.

და... განა შეიძლება იყო გულწრფელი
და არ იყო წასაგებად გამზადებული?

რა ავი ძაღლი გვყოლოდა და რა ის მამალი,
სულ ღობეებს გარეთ იწევდა,
სულ ცერებზე იყო შემდგარი
და ცალი თვალით მუდამ ეზოს კარს ვდარაჯობდით
(შემოსულ კაცს ზედ აფრინდებოდა),
რომ არ გაგვქცეოდა.
ვიღაცას მაინც დარჩა კარი,
ან ვიღაცა ელდანაცემმა
თვისუნებურად გზა უტია და... დაგვეკარგა.

და... განა შეიძლება, იყო ლამაზი
და არ იყო დასაკარგად გამზადებული?

კვირა დილას, ბაზრობა დღეს,
ჩემს მშობლიურ დაბა თიანეთში,
როცა ცხელი ზაფხულის დღე მელოდა მხოლოდ,
მე გამახსენდა
ჩვენი ძველი, გარდასული დროის წითელი მამალი,
რომლისთვისაც უნდა მიმებაძა.

ჟინით აღვივსე, შევიმოსე ათას ატლასით,
გასაავებლად გადავკარი ერთი არაყი,
გავაღე კარი ეზოსი და...
წაველ ამაყი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი