ვიღაცა დადის ქალაქში ..
ვიღაცა დადის ქალაქში ისეთი (ცალ-ცალი ფეხსაცმლით - იდეისათვს) რომელმაც თავისი მრავალი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცხოვრება და ფიქრი ერთად ისეთივე უადგილო შეთანხმებაა, როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი, ისეთივე ბავშვური თამაში, როგორც ერთმანეთს წააჩხუბო შენივ ხელები და ისევ შეუძლებელი, როგორც უკან შემოქცევა ღრმა უფსკრულზე გადახტომისას. რადგან ორი წამი არის - ცხოვრება და გადახტომაც და ცხოვრება და ფიქრი - ერთად ლაბირინთში საბოლოოდ გამოკეტვაა. როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი ფიანდაზებსაც ოღროჩოღრო გზად გადააქცევს. თუმცაკი კაცი მავალია ცალ-ცალი წყვილით: ცალ-ცალი აზრით, ცალ_ცალი ტვინით, ცალ_ცალი მოსავს ხორცი და სული, ცალ_ცალი არის დედასთან, ცოლთან და მხოლოდ ცალ_ცალი ფეხსაცმელი გაუხდია თვალში საცემი. მაგრამ თუკი შენ მტკიცედ გჯერა, თუკი იხილე, რომ ფიქრის მიღმა არის - ფიქრი და ცხოვრების მიღმა - ცხოვრება, სადაც ეს ორი აღარ არის დროის შემყურე და თუ შენ იმათ, იმ ამაო ფიქრს და ცხოვრებას უეცრად კარი მიუხურე და გაეცალე - თუმც უცებ თვალხელილმა შენმა სხეულმა, ძალმიცემულმა თავხედობით კი არა, რწმენით, კლდეს მიჯაჭვული ამირანის მსგავსად კი არა, ამპარტავნობით შეპყრობილი ყინულიანმა ლაბირინთმა რომ შეიწირა - კარის მშვიდი მიცოცებით დასვი წერტილი. რადგან: ცხოვრებისთვის დედისტირება მუდამ იის ზურგსუკან ხდება ხოლო ფიქრსა და ცხოვრებას ვერასოდეს ვერ მოიპოვებ, თუ არა ხარ თავისუფალი. თანაც ეს პოვნა ისე კი არ შეგერგება, რომ ჩაიკრა და მიითვისო, ის იქნება ისეთივე უცნობი და მოულოდნელი, როგორც ქვაზე ფეხისწამოკვრა... განათდება და გაქრება და ტყუილად დაელოდები რადგან: თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს, ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს, ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი